ქვეყანას დიდი ადამიანები
ტოვებენ... განსაკუთრებით ახლა, როდესაც 21-ე საუკუნის ლამის მეხუთედი გალეულია და
ის ადამიანებიც, რომლებმაც შექმნეს ქართული კულტურა, თავად ეპოქა და მე-20 საუკუნე
მხრებით მოგვიტანეს, ზეციურ საქართველოში მიემგზავრებიან. ამიტომაც, ამ ბოლო დროს
ხშირად გვესმის ხოლმე, რომ საქართველოს მორიგი გამოჩენილი და ცნობილი პიროვნება
დაეღუპა, თუმცა იშვიათია ითქვას, სამშობლომ დაკარგა დიდი მამულიშვილი. ბ-ნი თამაზ
წივწივაძის გარდაცვალებამ ბევრს მოგგვარა სევდა და თვალზე ცრემლიც მოგვადინა,
თუმცა ეს არა მხოლოდ ტკივილისა და წუხილის, არამედ სიამაყისა და ბედნიერების
ცრემლიც იყო, ეს დიდი ადამიანი ხომ ჩვენ გვერდით ცხოვრობდა, დიახ, ცხოვრობდა,
რადგან მის განვლილ გზას ნამდვილად ერქვა დიდი ცხოვრება და არა უბრალო არსებობა,
და თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა პატივი მასთან საუბრისა და ურთიერთობისა. ბ-ნი თამაზი
გახლდათ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო კურთხეულია იყოს მშობელი დედა
სამართლიანი, ნიჭიერი და ღირსეული ადამიანებისა.
თამაზ წივწივაძე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი
ყველაზე მწვავე კრიტიკოსი იყო, რომლის კალამსაც არაერთი ადამიანი „დაუსჯია“ მათივე
უნიათობის გამო. ბ-ნი თამაზის თითოეული წერილი ნამდვილად იყო მკაცრი, მაგრამ
ამავედროს იყო სამართლიანიც. ყველაზე რთული კი ამ სამყაროში სიმართლის თქმა და
უგვანთათვის აფარებული ნიღბის ჩამოგლეჯაა, თავად დავით გურამიშვილიც ხომ წუხდა
იმის გამო, რომ სიმართლის თქმის გამო შესაძლოა, დასაკარგავიც კი გამხდარიყო.
უბადლო იმერულ იუმორს ამოფარებული მწარე რეალობა - აი რა იკითხება თამაზ
წივწივაძის თითოეულ წერილში. ის მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში კალმით
იბრძოდა საკუთარი სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის, მისი სატირა მიმართული იყო
იქითკენ, რომ თითოეულ მკითხველს დაენახა და აღექვა ჩვენი სამწუხარო რეალობა, წამით
მაინც დაფიქრებულიყო და დაესვა კითხვა - განა ეს არის ჩვენი დიდებული, სანაქებო
საქართველო?!
პირველად ბ-ნ თამაზს ორი
წლის წინ შევხვდი, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გავბედე და პირველად შევაბიჯე „ლიტერატურული საქართველოს“
რედაქციაში. ჩემს ნაწერებს დახედა და თქვა: - აქ მწერალს გამოვაჩენთო. იმის შემდეგ
დაიწყო ჩემი თანამშრომლობა „ლიტერატურულ საქართველოსთან“. დღეს კი სამწუხაროდ
იმაზე მიწევს წერა, რაზეც ვისურვებდი, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხანი არ დამეწერა,
თუმცა მინდა, რომ ჩემი ამ ერთი უბრალო წერილით პატივი მივაგო მართლაც ამ დიდი
მამულიშვილის ხსოვნას. მჯერა, რომ მოვა დრო და შთამომავლობა დააფასებს მის
ნაღვაწს, ის ხომ ქართული სიტყვის მოჭირნახულე და ამაგდარი იყო, სიცოცხლის ბოლომდე
ერთგულად და ღირსეულად მსახურობდა მას. როგორც იმავე გურამიშვილმა თქვა: „სჯობს
ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო“, - თამაზ წივწივაძეც ამა წლის თორმეტ
ივლისს ზეცისაკენ გაეშურა და საკუთარი სიმართლითა და ჭეშმარიტებით მოსილი
სასუფეველში გადაბარგდა; იმედია, მისი სული აუცილებლად მოიპოვებს სიმშვიდეს ზეციურ
საქართველოში და იქ მაინც იხილავს იმ გაბრწყინებულ ივერიას, რომლისათვის ბრძოლაც
მისი აქაური ცხოვრების მიზანი იყო.
გიორგი ჩაჩხიანი