ელის მთელი ცხოვრება
ვუყვარდი. ეს იყო უპირობო, მხურვალე, დაუცხრომელი სიყვარული, რომელსაც მის ყოველ
გამოხედვაში, მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის ბგერებში,მის სუნთქვაში ვგრძნობდი.
სულ ვიცოდი, რომ ელის ძლიერ
ვუყვარდი, მაგრამ მე არ მიყვარდა ელი.
ელი არ იყო ლამაზი
გოგო.
ელი არ იყო ჭკვიანი, მაგრამ
არც სულელი იყო.
ელი არ იყო მიზანსწრაფული.
ელი არ იყო მებრძოლი.
ელი მალე დამავიწყდა.
დავამთავრეთ ერთი
უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი. დამთავრებიდან პირველ წელს ვიცნობდი ქუჩაში
შემხვედრ ელის, მეორე წელს გამიჭირდებოდა, მესამე წელს კიდევ უფრო გამიჭირდებოდა,
მეოთხე წელს კი, ალბათ, ვეღარც ვიცნობდი.
გადიოდა დრო და იცვლებოდნენ
გოგონები. დაბადებიდან ოცდამეთერთმეტე წელს კი ყველაფერი შეიცვალა. გავიცანი ნინო
და თითქოს აქამდე რაც კი წარსულში ჩასახული არაერთი სიყვარულის ნაშთი არსებულა
ჩემში, ყოველი მათგანი გაერთიანდა და სიყვარულის მთელი უნარითა და მთელი ძალით
შემიყვარდა ნინო. მასაც შევუყვარდი. ეს ის იყო ორმხრივი უპირობო, მხურვალე,
დაუცხრომელი სიყვარული.შევიცვალე, ერთმა პაწაწინა გოგომ შეძლო და უბრალოდ თავისი
გამოჩენით მთელი ჩემი სამყარო გადაატრიალა. არ მეგონა ოდესმე ვინმე თუ მეყვარებოდა
საკუთარ თავზე მეტად, ვინმეს სურვილებს თუ დავაყენებდი საკუთარზე წინ, ვინმეს
ოცნებები თუ გახდებოდა ჩემს მისწრაფებებზე მნიშვნელოვანი, ბევრად მნიშვნელოვანი,
ვინმეს კეთილდღეობისთვის თუ გავირჯებოდი დღენიადაგ და მისი კეთილდღეობა იქნებოდა ჩემი
უსაზღვრო ბედნიერების დასაბამი. ეს ყოველივე უეცრად, თვალისდახამხამებაში მოხდა და
იმას, რასაც ნინოს დანახვისას განვიცდიდი სრულებით არ ჰქონდა საერთო ნებისმიერ
გოგოსთან აქამდე განცდილთან. ნინოს თუნდაც ერთი დანახვით გამოწვეულ ჟრუანტელთან
ახლოსაც კი ვერ მივიდოდა ის, რასაც სხვა გოგოს კოცნისა და ჩახუტებისას ვგრძნობდი.
ნინო არ იყო მაინცდამიანც
ლამაზი.
ნინო იყო ძალზედ
განათლებული. ერთი სიამოვნება იყო მისთვის მოგესმინა, როდესაც თავდავიწყებითა და
გატაცებით საუბრობდა ანტიკურ აზროვნებასა და შეხედულებებზე; რენესანსის ეპოქის
შემოქმედებსა და სამყაროს არსებობის თეორიებზე.
ნინო იყო თავდაჯერებული,
მიზანსწრაფული; იცოდა რა უნდოდა ამ სამყაროში და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ
თავისი კუთვნილი ადგილი დაეკავებინა.
ნინო ხვდებოდა, რომ
მომწონდა, ძალიან მომწონდა. ალბათ იმიტომ,რომ მასთან სხვანაირი ვიყავი, ბევრად
უკეთესი ვიდრე ჩვეულებრივ. თავდაჭერილი, სერიოზული, სანდომიანი, ვსაუბრობდი
ყველაფერზე, რაც კი ვიცოდი, რაც მაინტერესებდა ან არ მაინტერესებდა, მაგრამ ნინოს
მოსწონდა ამ თემაზე საუბარი. ვეცნობოდი უამრავ სულელურ ნაშრომს, ვკითხულობდი ერთი
შეხედვით სრულიად ალოგიკურ და გაუგებარ მოხსენებებს, შემდეგ კი ვცდილობდი ამ
ყველაფერზე ისე მესაუბრა, თითქოს ეს იდიოტიზმი ჩემი სპეციალობა ყოფილიყო. ზოგჯერ
ნინო დამცინოდა, ჩემს მჭერმეტყველებაზე ეცინებოდა და მეც სულ არ მანაღვლებდა ჩემი
მონოლოგები სასაცილოდ რომ მიაჩნდა, მას ღიმილს ვანიჭებდი, როცა იღიმოდა
განსაკუთრებით ლამაზი იყო. მეტი რა მინდოდა, მხოლოდ ის,რომ ბედნიერი ყოფილიყო,
გაეღიმა, ხშირად გაეღიმა და მეც გავეხარებინე თავისი ენითაუწერელი მშვენიერებით.
მეც ვაგრძელებდი და ვაგრძელებდი, კიდევ უფრო აფორიაქებული, კიდევ უფრო აღტკინებული
იმით,რომ მოსწონდა ის, რასაც ვეუბნებოდი, ვახალისებდი, ვართობდი და ნებას არ
ვრთავდი ჩემს კამპანიაში მოეწყინა. თავს ყოველთვის ვუვლიდი, მაგრამ ახლა
განსაკუთრებით, ვცდილობდი ყოველთვის კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, სუფთა და
შეხამებული ტანისამოსი მეტარებინა, თმაც საგულდაგულოდ მქონოდა დავარცხნილი და
წვერიც პირწმინდად გაპარსული. კომპლიმენტს ბევრი მეუბნებოდა, მაგრამ არცერთის აზრს
არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა. მადლობას გადავუხდიდი და დავემშვიდობებოდი.
ვეღარავის ვხედავდი, ვეღარავის ვამჩნევდი, თითქოს უეცრად ყველა გოგო შეუხედავი და
შეუფერებელი გამხდარიყო. ვადარებდი ნინოს და ვერცერთი მათგანი მასთან ახლოსაც კი
ვერ მიდიოდა. ეს იყო ტანჯვა. აქამდე სიყვარული ყოველთვის მომწონდა - დაპატიჟებდი
გოგოს კაფეში, გადახვევდი ხელს, ჩაიკრავდი გულში, ეალერსებოდი, დაუკოცნიდი
ქუთუთოებს, ყელს, ტუჩებს. ჩახედავდი თვალებში და მის მოციმციმე, გაბრწყინებულ
გუგებში დაინახავდი საკუთარ ანარეკლს, მასავით ბედნიერსა და უზომოდ შეყვარებულს,
სიყვარულისგან ასევე გაბრწყინებულს. ახლა კი, როდესაც ჭეშმარიტად შევიგრძენი
სიყვარული ყველაფერი სხვაგვარად იყო, მიყვარდა და ეს არ მანიჭებდა ბედნიერებას. ის
ფაქტი მტანჯავდა, რომ ჩემი ბედნიერება სრულიად უცხო ადამიანის ბედნიერებაზე იყო
მიჯაჭვული, ვერ ვხდებოდი რატომ მახარებდა მისი ღიმილი, მისი სიხარული. მას ხომ
არაფერი გაუკეთებია საამისოდ, უბრალოდ გავიცანი, მოვუსმინე, რამდენჯერმე შევხვდი,
ერთად ჩამოვისეირნეთ ავტობუსის გაჩერებამდე და ასე უბრალოდ ვიქეცი პატარა ბიჭად
გამუდმებით ლოყები რომ უწითლდება ხოლმე.
შემიყვარდა და პირველად
ჩემს ცხოვრებაში ვიგრძენი შიში. გოგოებთან ურთიერთობა არასდროს მიჭირდა, ყოველთვის
მარტივი იყო ჩემთვის დამეპატიჟებინა გოგონა კაფეში, მიმეწერა და დამერეკა ისე,
სასხვათაშორისოდ, მაგრამ ახლა გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი რა მიზეზით მიმეწერა
ნინოსთვის, საათობით ტვინის ჭყლეტვის მერე ხან რას მოვიფიქრებდი, ხან რას. არ
ვიცოდი მასაც მოვწონდი თუ არა. არ ჰგავდა გოგოს, რომელსაც მარტივად მოეწონებოდა
ვინმე, მარტივად გაუყადრებდა თავს, თითქოს უკარება და მიუწვდომელი იყო. მეშინოდა,
რომ უარით გამომისტუმრებდა და იდეურ დონეზეც კიდევ უფრო მიუწვდენელი გახდებოდა.
რესტორანში ვიყავით
შეკრებილები. ნინოც იქ იყო, მოპირდაპირე მხარეს სამი კაცის მოშორებით იჯდა. თვალს
ვერ ვწყვეტდი, თუმცაღა კი ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა, თვალი ამერიდებინა, რომ
რამე არ შემტყობოდა, არ გავწითლებულიყავი და საკუთარი გრძნობები არ გამეცა,
თუმცაღა კი ვეჭვობდი,რომ ნინო რაღაცას მაინც ხვდებოდა. ბევრი არ დამილევია, სულ
ორიოდე ჭიქა, დალევის არც ხალისი მქონდა და არც თავი, არ ვიყავი იმ ტიპის
ადამიანი, ხსნას სასმელში რომ ხედავს ხოლმე.
-გიყვარს, არა? - მოულოდნელად ყურში ჩამჩურჩულეს. ერთბაშად შევცბი და
მაშინვე ანას გადავხედე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახლო მეგობრები ვიყავით,
მისთვისაც არ მეთქვა ჩემი გრძნობების შესახებ, ვინმესთან უნდა მელაპარაკა, აღარ
ვუარვყვე.
-ჰო, ეს ასე აშკარაა? - გაეცინა და ეშმაკური ღიმილით გამომხედა, - რას
წარმოვიდგენდი როდესმე თვით შოთა წერედიანი თუ გახდებოდა ჭეშმარიტი სიყვარულის
მონა. რა დრო დაგვიდგა, არადა ადრე აქეთ გოგოები ისერავდნენ ვენებს შენ გამო.
-კარგი რა.
-რა კარგი რა, რამდენ გოგოს უყვარდი.
-მაინც ვის?
-ვის? აი, თუნდაც... -დაფიქრდა, შემდეგ კი სახე გაუნათდა, - ელი
გახსოვს?
-ელი?
-ჰო, ელი დედიქაძე, - ანას სტუდენტობიდან ვიცნობდი, მთელი სიჭაბუკე
ერთად გავატარეთ. კარგად მიცნობდა და ჩემი ყოველი სასიყვარულო ისტორიაც იცოდა.
-კარგი რა, ეგ რამ გაგახსენა.
-შენზე გიჟდებოდა.
-ნუ შეიძლება ცოტათი მოვწონდი, მერე რა?
-მოსწონდი? რას ამბობ, უყვარდი, ერთი შეგეხედა როგორ გიყურებდა ხოლმე,
ყოველთვის შენ გაქებდა, მუდამ გიცავდა, მისი გმირი იყავი, ჭეშმარიტი, თეთრ რაშზე
ამხედრებული რაინდი, - გაგვეცინა, ორივეს გაგვეცინა.
-წესიერად არც ვიცნობდი.
-ჰო, არც მე, რაღაცნაირი გოგო იყო, - თქვა და მხრები აიჩეჩა. ისევ
ნინოს გავხედე, ვიღაცას ელაპარაკებოდა და იღიმოდა, ვიგრძენი როგორ დაფარა ჩემი
სხეული ათი ათასობით ჭიანჭველამ. წამიერად ჩვენი მზერა ერთმანეთისას შეერწყა,
თავის გატრიალება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, თითქოს ადგილზევე გაგვეშებულიყავი და
რაღაც ძალა ნებას არ მაძლევდა მისთვის თვალი მომეშორებინა. გამიღიმა და ხელი ოდნავ
შესამჩნევნად ამიწია, მეც გავუღიმე.
-უთხარი, რატომ არ ეუბნები? - მკითხა ანამ.
-არ ვიცი.
-შენი ახლაც არაა. თუ არ ეტყვი, რომ გიყვარს, შენი ვერასდროს გახდება.
-სამუდამოდ რომ დავკარგო?
-შეიძლება, მაგრამ თუ არ ეტყვი ასი პროცენტია იმისი შანსი, რომ ისედაც
დაკარგავ. თქმით ეს შანსები
ორმოცდაათ პროცენტამდე მცირდება, -სიმწრით ჩამეღიმა.
-ამან უნდა მანუგეშოს?
-იდიოტი ხარ. მიდი, გაბედე.
-არ ვიცი, ანა, მეშინია. სული
მეხუთება, რომ იცოდე ახლა როგორი საშინელი ტაქიკარდია მაქვს, მაშინვე სასწრაფოში
დარეკავდი.
-დროს ნუ წელავ, მითხარი, მაგით რას
მოიგებ? მაინც შენი სათქმელია, თუ გგონია,რომ თავისი ფეხით მოვა და თვითონ
გეტყვის, ვაიმე, შოთა, ძვირფასო, ვგიჟდები შენზეო, ძალიან ცდები. სჯობს მანამ
უთხრა, სანამ კიდევ უფრო შეგყვარებია.
-ვერაფერს ვხვდები, ხომ უნდა ხვდებოდე
ცოტათი მაინც შენც მოსწონხარ თუ არა, ასე უბრალოდ ხომ ვერ მიახტები და ეტყვი -
მიყვარხარო.
-ისე ამბობ ვითომ აქამდე ეგ არ გიქნია.
-მაშინ სხვაგვარად იყო, დასაკარგი
არაფერი არ მქონდა.
-და ახლა რა გაქვს?
-ბედნიერება. თითქოს ასე ახლოა და თან
ამავედროს ძალიანაც შორს.
-შეიგნე მაგ შენს გასიებულ თავში, რომ
ეს გოგო შენი არ არის, რომ დაკარგო. იმას ვერ დაკარგავ, რაც შენი არ არის. იცი რა,
მე თუ მკითხავ მაგასაც მოსწონხარ.
-მართლა? - ანას გამომცდელად შევაცქერდი.
-ჰო, მაგრამ დიდი უტვინოც კი ყოფილა.
-რატომ?!
-აბა ვინმეს შენ რომ მოეწონები, ტვინი
როგორ უნდა ჰქონდეს.
-ჩემს გახალისებას ცდილობ?
-დავიტანჯე შენი საცოდაობით, ან წახვალ
და თავად ეტყვი, ან მე მოვახსენებ, რომ მისი ტრფობით იწვი და დნები, ხომ იცი,
მაგის გამკეთებელი ვარ, - წამიერად ანას თვალებში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი,
ყოვლისშემძლე, მებრძოლ, მიზანსწრაფულ შოთა წერედიანს, - შენ ამას შეძლებ, ეგ გოგო
შენი იქნება.
-ნინო ჩემი გახდება, - გავიმეორე და
ანას შევხედე, - გმადლობ.
-რაც არ უნდა მოხდეს, მე აქ ვარ, შენ
მარტო არ ხარ, - ხელი მომიჭირა, თავი დავუქნიე და წამოვდექი. დღემდე არ მახსოვს
როგორ გავიარე ის გზა, წარმომიდგენია თუ როგორ მიძგერდა გული, სუნთქვა მეკვროდა.დიდი
ძალისხმევის ფასად გადავდგი ნაბიჯები და ნინოსთან მივედი.
-მეცეკვები? - ვკითხე და ხელი გავუწოდე.
თითქოს დაბნეული, შეცბუნებული და გახარებული იყო. წარბები შეჭმუხნა და თავისი ხელი
ჩემსაზე მსუბუქად დაასვენა.
-კარგი, - მისი შეხებისას ჟრუანტელმა
დამიარა. ეს იყო ენითაუწერელი, წარმოუდგენელი, ჯადოსნური წამი, როცა შემეძლო
მისთვის თვალებში მეყურებინა და ამის გამო არ შემრცხვენოდა, არ შემშინებოდა, რომ
ჩემს მზერას დაიჭერდა და არ გავწითლებულიყავი. მეორე ხელი მხარზე დამადო და
საცეკვაო მოედანზე ნაზად დავიწყეთ რხევა, ზუსტად ისე, როგორც მინდვრის ყვავილები
ირხევიან მსუბუქი, სასიამოვნო სიოს დროს.
ნინოზე კიდევ ერთი რამ უნდა
გითხრათ, წარმოშობით მეგრელი იყო. დედის მხრიდან კი გურული ფესვები ჰქონდა. ამის
გამო ხშირად ვეხუმრებოდი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მეგრელი მეგობარიც
მყავდა, რატომღაც მეგრელები მაინცდამაინც გულზე დიდად არ მეხატებოდნენ.
ბავშვობიდან ვიყავი იმ სტერეოტიპული აზროვნების მსხვერპლი, რომ ისინი
დახელოვნებული მლიქვნელები, პირფერები და ეგოისტები არიან. რას ვიფიქრებდი,
მეგრელი გოგო თუ შემიყვარდებოდა, თავიდან ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, ამიტომ
ნინოს წარმომავლებობაზე ხშირად ვეხუმრებოდი ხოლმე და მანაც კარგად იცოდა ჩემი
დამოკიდებულების შესახებ. მის გვერდით ყოფნა ნამდვილი ნეტარება იყო, თითქოს ერთად
ჩვენ დროც კი შევაჩერეთ, მაგრამ ვიცოდი, დაუსრულებლად ვერ ვიცეკვებდი მასთან ერთად
თუ არ ვეტყოდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი ოცნება, სამუდამოდ მასთან ერთად ვალსის
ცეკვა. ნინო თვალებში შემომცქეროდა და თავისი ეშმაკური, კეკლუცური, იდუმალი
ღიმილით მიღიმოდა. ძალა მოვიკრიბე.
-იცი... - წამიერად უხერხულმა დუმილმა დაისადგურა, - მგონი ბედი
დამცინის.
-რატომ? - მკითხა თავისი ნარნარა, ანგელოსთა დასიდან ნაბოძები ხმით.
-იმიტომ, რომ...ბოლოს...მაინც მეგრელი შემიყვარდა, - ვუთხარი და
თვალებში ჩავაცქერდი, დავინახე თუ როგორ გაბრწყინდა რაღაც მის მზერაში, ჯერ ერთი
ნაპერწკალი გაკრთა, შემდეგ მეორე. ხელები კისერზე შემომაჭდო და ნაზად მომეხვია.
გაუთვიცნობრიებლად ხელი თავზე მოვკიდე და ნაზად ვაკოცე. გულზე მივიხუტე და ცეკვა
განვაგრძეთ. ვგრძნობდი როგორ უგდებდა ყურს ჩემს გულისცემას და მაშინ, როდესაც
ყველაზე ძლიერი ბაგუნი ვიგრძენი, ნინომ ხელები კიდევ უფრო ძლიერად შემომხვია.
მძიმედ, გახშირებულად ვსუნთქავდი, მაგრამ ამ წამს თითქოს რაღაც განუზომელი შვება
ვიგრძენი. მაშინვე უთქმელად მივხვდი, რომ მასაც მოვწონდი, მეტიც, შეიძლება
ვუყვარდი კიდეც. თავი ასწია და შემომაცქერდა. ბედნიერებისგან ღიმილს ვერ
ვიკავებდი, მანაც გამიღიმა და შუბლი მომადო. ჩვენს მზერაში ყველაფერი აშკარა და
ნათელი იყო. მასაც ვუყვარდი, მასაც ძლიერ ვუყვარდი, მე ჩემს ნინოს ვუყვარდი, ამის
გაცნობიერება და მოზღვავებული, უდიდესი სიხარულის განცდა ერთი იყო, წამიერადვე
ვიგრძენი როგორ დამეპატრონა ეს განცდა და მთელი ჩემი თითოეული უჯრედი როგორ აავსო,
ააციმციმა და გააბრწყინა. მაინც მინდოდა, რომ ეს მისგან გამეგო, რომ თავადაც
დაედასტურებინა, თუმცაღა კი შეკითხვის მეშინოდა, მისი მზერით შეგულიანებულმა მაინც
ვკითხე:
-აბა? - გამიღიმა და თავი დამიქნია.
-გაძლევ იმის უფლებას, რომ გიყვარდე, - და მეც მთელი გულით შევიყვარე.
ოქტომბერში ვიქორწინეთ.
ცხოვრებას არას ვუჩიოდი, გვერდით
მყავდა უმშვენიერესი ქალი, რომელსაც ვუყვარდი და მეც ვაღმერთებდი. უბრალოდ, რაც
გულს მწყვეტდა იყო ის, რომ შვილი არ გვეყოლა. ბევრი ცრემლიანი ღამე გავათენეთ ამის
გამო, მაგრამ ერთმანეთის მხურვალე, უპირობო სიყვარულმა გაგვაძლებინა. დიდი
ძალისხმევის ფასად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბავშვი აგვეყვანა და
ავიყვანეთ კიდეც. პატარა, ახალდაბადებულ, შავთვალება ბიჭს ნიკა დავარქვით. პირველი
დანახვისთანავე შეგვიყვარდა. ნიკა ჩვენი შვილი გახდა.
გავიდა ხანი. წლები ისე
მიფრინავდა და ცვლიდა ერთიმეორეს, როგორც საათის ისრები ციფერბლატზე. ავად გავხდი.
ჩემი გადარჩენის ერთადერთი საშუალება ტრანსპლანტაცია იყო. ნიკა ჩვენთან
შეუთანხმებლად დათანხმდა დონორობას. აიღეს ანალიზები, რომლის შედეგიც შემდეგში იყო
- დონორი და რეციპიენტი სისხლის ჯგუფითაც კი ერთმანეთის შეუთავსებელნი აღმოჩნდნენ.
მე და ნინო პალატაში
ვიყავით, როდესაც კარი გაიღო და ნიკა აჩქარებით შემოვარდა. თვალები გასწითლებოდა
და დასიებოდა.
-დედი, რა მოგივიდა? - ნინო მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და ვაჟთან მივიდა.
ფურცლები საწოლზე, ზედ ფეხებთან დამაყარა.
-ეს რა არის? - ვკითხე ჩუმად, ერთგვარი შიშით. თავი გააქნია, შეძრული
და გატეხილი იყო.
-არ ვარ მე თქვენი შვილი.
-რას ამბობ, ნიკა, - ნინო ვაჟს მოეხვია, მაგრამ თავად ბიჭმა აღარ შემოჰხვია
ხელები, - გთხოვ, შვილო, აბა ვისი შვილი ხარ, ნუ იტყვი მაგას, ნუ გვატკენ გულს,ოჰ,
ნიკა, - ვაჟის მხარს მიეკრა და ცხარედ აქვითინდა. გული დამეწვა, მიუხედავად იმისა,
რომ ისედაც დასუსტებული ვიყავი და თითოეული სიტყვის გამოთქმა მიჭირდა, მთელი
ძალ-ღონე მოვიკრიბე.
-ნიკა, შვილო, მომისმინე, - მდუმარედ, არაფრისმეტყველი თვალებით
მიმზერდა, - უკვე დიდი კაცი ხარ, გთხოვ, დავილაპარაკოთ.
-რა არის აქ სალაპარაკო?! მატყუებდით, მთელი ცხოვრება მატყუებდით!
-ასე შენ გამო ვიქცეოდით, აბა რა გინდოდა, ბავშვობიდან გვეჩიჩინებინა,
შენი ბიოლოგიური მშობლები არ ვართ-მეთქი, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ნიკა, ერთი
კვირისაც არ იყავი მამაშენი რომ გავხდი. ჩვენ გაგზარდეთ, ჩვენ გივლიდით, ჩვენ გვიყვარდი, ჩვენ ვზრუნავდით შენზე და ეს ასე იქნება მანამდის,
სანამ მაღალი ღმერთი მომცემს ამის გაკეთების საშუალებას. შეხედე დედაშენს შენი
სისულელით როგორ ტკენ გულს, მითხარი ეს გინდა? ეს დაიმსახურა იმიტომ, რომ შენზე
ზრუნავდა და შენ გაგზარდა, იმიტომ ტკენ გულს, რომ შენ უყვარდი და დედას გეძახდა?
ამდენი წლის შემდეგ ეს დავიმსახურეთ, ნიკა? რომ მოგვიბრუნდე და გვითხრა, რადგან
ნინომ მუცლით არ გატარა, ამიტომ შენი მშობლები აღარ ვართ, რომ შენ ჩვენი შვილი არ
ხარ? მითხარი, ნიკა, ესაა ჭეშმარიტება, ესაა კაცობა?! - ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა
და თვალები დახუჭა. ვხედავდი როგორ უჭირდა, თითქოს ვერც სუნთქავდა. მესმოდა, ეს
ძალიან რთული იყო მისთვის და კიდევ უფრო რთული ჩვენთვის, ჩემთვის და ნინოსთვის.
-ნიკა, შვილო, - ნინომ ხელი სახეზე შეახო და თვალები გაახელინა, -
მითხარი რომ ეს არ არის მზერა, რომლითაც ნამდვილი დედა უმზერს თავის შვილს. ჰო,
შეიძლება არ უნდა დაგვემალა, ცოტა ადრე უნდა გვეთქვა, მაგრამ...გაიგე ჩვენიც,
გვეშინოდა, გვაპატიე, გთხოვ, შვილო, გვაპატიე, განა შენი პატიება არ დავიმსახურეთ?
- ეუბნებოდა გაბზარული, ცრემლნარევი ხმით.
-იცი, რა რთული პერიოდიც გვიდგას. ჩვენ ვერაფერს გაიძულებთ, ისე
მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი, როგორც სწორად მიგაჩნია, მაგრამ იცოდე, რომ ჩვენ
ვართ შენი ოჯახი და მე არ ვიცი ვინაა სხვა შვილი, შენ გარდა. შენ მასწავლე მამობა,
შენ მომანიჭე ეს სიხარული, შეგიძლია გაიმეორო და თქვა, რომ შენ ჩემი შვილი არ ხარ,
მაგრამ ეს ასე არაა, მე ვიცი, რომ შენ ჩემი შვილი ხარ, ნიკა, ჩემი ნამდვილი და
ერთადერთი შვილი.
ცხარედ ატირდა. ხელი სახეზე აიფარა, შემდეგ კი დედას ჩაეხუტა და მის
მხარზე ჰპოვა შვება.
-მაპატიეთ, გთხოვთ, მაპატიეთ, - თქვა და ნინოს მთელი პირსახე
დაუკოცნა, მხურვალედ მოეხვია. შემდეგ ჩემთან მოვიდა, საწოლთან ჩაიმუხლა, ჩემი ხელი
აიღო და ნაზად ეამბორა, შუბლზე მიიდო. ვიგრძენი როგორ დამისველა მტევანი მისმა
ცხარე, მდუღარე ცრემლებმა.
მომდევნო დღეს ჩემი
მდგომარეობა კიდევ გაუარესდა. ხმა გავარდა, რომ ცუდად ვიყავი და შესაძლოა, ჩემი
ცხოვრების ბოლო დღეებსაც კი ვითვლიდი. ჩემს სანახავად ბევრი მოდიოდა, ჩემი არცთუ
ისე ახალგაზრდა მეგობრები თითქმის ყოველდღე მაკითხავდნენ, ზოგი მოსაკითხად, ზოგი
გასამხნევებლად, ზოგიც კი გამოსამშვიდობებლად. დონორი კი არსად ჩანდა. ჩემს ოჯახის
წევრებს ისედაც აღარ შეეძლოთ, ზოგს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, ზოგს ასაკი. ყოველგვარი
იმედი გადამეწურა და მაინც, ამ უიმედობის ჟამს ნინო არ მაძლევდა დანებებისა და ხელის
ჩაქნევის საშუალებას.
-რამე გამოჩნდება, აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება.
-უკვე აღარ მჯერა ამის,ნინო, - სევდიანად გავუღიმებდი და ხელზე
ვაკოცებდი ხოლმე. მის ხელს ხელს არასდროს ვუშვებდი, მუდამ ჩემსაში მეჭირა. ძალას
მაძლევდა, იმედის უკანასკნელ, ბოლო მარცვალს ვეჭიდებოდი და ეს იყო ნინოს სათუთი
ხელი, მისი შეხება, მისი კოცნა, მისი უსაზღვრო, გულწრფელი სიყვარული.
მაისი ილეოდა. ვიცოდი, რომ
თუ უახლოეს დღეებში ტრანსპლანტაციას არ გავიკეთებდი, სულ რამდენიმე დღის სიცოცხლე
მქონდა დარჩენილი. ამას ვგრძნობდი კიდეც, როგორ ნებდებოდა ჩემი სხეული, მიუხედავად
იმისა, რომ ბრძოლა მინდოდა, მზად ვიყავი კიდეც ამისთვის, მაინც ვერაფერს ვხდებოდი,
სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი, დასუსტებულ და ამყრალებულ ლეშად ქცეულიყო. მისი
გამოცოცხლება აღარ შემეძლო. სიკვდილი არ მინდოდა, მაგრამ სიცოცხლეც რომ აღარ
შემეძლო? უბრალოდ არ მქონდა უნარი ამ ფაქტს შევრიგებოდი. მიუხედავად იმისა, რომ
ნინოსა და ნიკას გვერდით მხნეობას ვინარჩუნებდი, როცა მარტო დავრჩებოდი საშინელი
სევდა მომეძალებოდა და გულამოსკვნილ ქვითინს ვიწყებდი ხოლმე. ვიცოდი როგორ
განიცდიდნენ ჩემი საყვარელი ადამიანებიც, არ იტყობდნენ, არ იმჩნევდნენ, არ
უნდოდათ, რომ მე ეს დამენახა, მაგრამ მათ ჩაშავებულ, დასიებულ უპეებზე ყველაფერს
ნათლად ვხედავდი. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა, არ მინდოდა, რომ მათთვის ტკივილი
მიმეყენებინა, იმაზე ვდარდობდი ნინო როგორ გაძლებდა უჩემოდ, როგორ იქნებოდა,
ვიცოდი,რომ საიმედო ხელში ვტოვებდი და ნიკა მას აუცილებლად მიხედავდა, მოუვლიდა,
იზრუნებდა, მაგრამ იმისი მეშინოდა და ის მაფიქრიანებდა თუ როგორ გადაიტანდა ჩემი
დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. საკუთარ თავზე სულ არ ვფიქრობდი, ის ფაქტი მზარავდა,
რომ ნინოს ვეღარ ვნახავდი, მის გვერდით ვეღარ დავდგებოდი, მას ვერ ვანუგეშებდი,
ვერ გავახალისებდი, ვერ გავაღიმებდი, პირიქით, მე მას მალე, ძალიან მალე
აუცილებლად დავამწუხრებდი და გულს ვატკენდი, ამის გამო მძულდა საკუთარი თავი,
როგორ მინდოდა, რომ მთელი ცხოვრება გამებედნიერებინა, ბოლოს კი, ბოლოს მაინც მე
მივანიჭებდი ენითაუწერელი, უსაშინლესი ტკივილის განცდას.
ამ ფაქტს ვერ ვურიგდებოდი, მაგრამ შესაგუებელიც აღარაფერი იყო.
ცხოვრებას ისედაც ყველაფერი თავად გადაეწყვიტა. უნდა დავკმაყოფილებულიყავი იმით,
რაც მქონდა, რაც გამოვიარე და რაც გამაჩნდა, ეს უძვირფასესი რამ იყო ჩემთვის,
რომლისთვისაც მთელ სიცოცხლესაც დავთმობდი. მეტი მინდოდა, მსურდა უფრო დიდხანს
მეცხოვრა, კიდევ ბევრჯერ დავმტკბარიყავი ჩემი ოჯახის კამპანიით, კიდევ ბევრჯერ
მეცეკვა ვალსი ნინოსთან, მაგრამ ცხოვრებასთან მაინც არ ვიყავი მწყრალად, რადგან მან
საშუალება მომცა, რომ ოდესღაც მეცეკვა ჩემს მშვენიერ მეუღლესთან ერთად, ყოველ
დილით დავმტკბარიყავი მის გვერდით გაღვიძებით და მეცქირა ჩემი უზენაესი
მშვენიერებისათვის.
მაისის ბოლო ხუთშაბათს
რაღაც შეიცვალა. მოულოდნელად ექიმმა მითხრა, რომ დონორი გამოჩენილიყო. ჩემს
სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მისი ნახვა და გაცნობა მინდოდა,მაგრამ თავად ჩრდილში
დარჩენა ერჩია. ექიმს არც შევკამათებივარ, ამას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა,
მთავარი იყო,რომ ისევ ვიცოცხლებდი.
ოპერაცია სასწრაფოდ, შაბათ
დილით გამიკეთეს. ნარკოზიდან გვიან გამოვედი. ფანჯარაში უკუნითი ღამე
ჩამოწილილიყო. პირველი რაც დავინახე, ჩემს სასთუმალთან, სავარძელში მჯდომი ნინო
იყო. თავი საზურგისთვის მიეყრდნო, დაღლილობისა და დაქანცულობისგან ჩასძინებოდა,
მაგრამ როგორც კი ხელი ავამოძრავე, მაშინვე თვალი გაახილა.შემომხედა, გაღიმება
ვცადე. თავისი ხელი ჩემსას ნაზად შეახო.
-როგორ ხარ?
-კარგად, - თითქოს შვებისაგან ამოისუნთქა. თავზე ხელი გადამისვა და
ცერით ლოყაზე მომეალერსა.
-ასე აღარ მანერვიულო, კარგი?
-კარგი, - თავი დავუქნიე, - გპირდები.
-არ ვიცი უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვრო.
-არც მე, - გადმოიხარა და მსუბუქად მაკოცა. ოპერაციის შემდგომმა ყრუ
ტკივილმაც წამში გამიარა.
მომდევნო საათში ექიმმა
შემოიარა. გამსინჯა. ჩანაწერები გააკეთა და მკითხა:
-თავს როგორ გრძნობთ?
-არა მიშავს, კარგად ვიქნები? - თავი დახარა და მითხრა:
-დიახ, გართულებებს არ მოველი.
-ყველაფერი რიგზეა?
-ოპერაციის დროს გართულებებმა იჩინა თავი. თქვენი დონორი აპარატზეა
მიერთებული, კრიტიკული სიტუაციაა.
-ღმერთო, შეიძლება რომ ვნახო?
-ოპერაცია ახლახან გაიკეთეთ, თქვენთვის მკვეთრი მოძრაობებიც კი არ
შეიძლება, წამოდგომა მითუმეტეს.
-ვინ არის? მისი სახელი მაინც მითხარით.
-თავს გაუფრთხილდით და მაქსიმალურად დაისვეეთ, ეცადეთ არ გადაიღალოთ.
-ექიმო! - გაბრუნდა და პალატიდან გავიდა. მარტო დავრჩი. ნინო ცოტა
ხნით გასულიყო. ექიმის ნათქვამმა დამასევდიანა, ღმერთს შევსთხოვდი, რომ ის კაცი
გამომძვრალიყო. ინტერესი გულს მიღრღნიდა, ისე მაინტერესებდა თუ ვინ იყო ჩემი
დონორი, ვინ შეუქმნა საფრთხე საკუთარ სიცოცხლეს ჩემს გადასარჩენად და რატომ არ
სურდა თავისი ვინაობის გამხელა. სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი ჩაკარგული, ნინო რომ
დაბრუნდა. შეწუხებული სახე ჰქონდა.
-რა მოხდა?
-არაფერი, - მიპასუხა, მაგრამ მისი გამომეტყველება სხვა რამეს
მიუთითებდა.
-არ გეტყობა, რომ არაფერი მომხდარიყო. მითხარი.
-ახლა ნერვიულობა ნამდვილად არ გჭირდება. ეს ჩვენ არ გვეხება, -
დაჟინებული მზერით შევაცქერდი, თვალს არ ვარიდებდი, - კარგი რა, შოთა, - ამოიოხრა.
-მითხარი, გთხოვ,- ტუჩი მოიკვნიტა, ყოყმანით მიმზერდა, თითქოს უნდოდა
თქმა, ვიცოდი,რომ უნდოდა, მაგრამ მაინც თავს იკავებდა, - ნინო.
-ექთნისგან გავიგე, რომ ოპერაციის დროს სირთულეები ყოფილა, სულ ეგ
არის.
-ვიცი.
-რა იცი? - დაეჭვებით შემომხედა.
-ის კაცი ცუდადაა.
-ვინ კაცი?
-ჩემი დონორი.
-საიდან მოიტანე რომ კაცია?
-აბა?
-ქალია, - წარბები შევჭმუხნე.
-ქალი?
-ჰო, ექთნმა მითხრა. მისი ვინაობაც გავიგე, - გული ამიძგერდა და
საჩქაროდ ვკითხე:
-რა ჰქვია?
-ელი.
-ელი? - ეს სახელი მეცნო, თითქოს საიდანღაც, შორეული წარსულის
მოგონებებიდან იფეთქა.
-ჰო, ელი დედიქაძე, - გამახსენდა. ნინოს შეცბუნებულმა შევხედე, - რა
გჭირს, კარგად ხარ? ექიმს ხომ არ დავუძახო? - ის-ის იყო უნდა წამომდგარიყო, რომ
მაჯაში ხელი ჩავავლე.
-არა.
-რა მოგივიდა, ფერი არ გადევს.
ვეღარ ვუპასუხე, ვეღარაფრის თქმა ვეღარ შევძელი. ჩემი სიტყვები ყრუ
ბგერებად გაისმა. ელი... მახსოვდა, რა თქმა უნდა მახსოვდა. გონებაში მაშინვე
ამომიტივტივდა გამხდარი, შავგრემანი, ფერმკრთალი გოგონა, მუდამ დიდ სათვალეს რომ
დაატარებდა. თითქოს საწოლი გამომეცალა და უსასრულობაში დავიწყე ვარდნა.
-შოთა, შოთა, ხელი, ძალიან მტკენ, - ამან გამომაფხიზლა და ნინოს
შევხედე,ხელი მისი მაჯისთვის ჩამებღუჯა, მაშინვე გავუშვი, საბრალოს მაჯა სულ
გასწითლებოდა.
-ბოდიში.
-საყვარელო, რა მოგივიდა, ეს იმ ქალის გამოა?
-ვერ ვსუნთქავ.
-რა?
-წყალი...
-ახლავე, - მაშინვე გარეთ გავარდა და ერთჯერადი ჭიქით წყალი
შემომიტანა, - ექიმს მაინც დავუძახებ.
-არ გინდა, კარგად ვიქნები, - ჭიქა პირთან მომიტანა და წყალი ყლუპ-ყლუპად დამალევინა. სული
მოვითქვი. ნინოს სახეზე დაუმალავი ზაფრა და შიში აღბეჭდვოდა.
-იცნობდი?
-ჰო, ვიცნობდი, - თვალს მომდგარი
ცრემლის შესაჩერებლად თვალები ძლიერად დავხუჭე, მაგრამ მაინც ვიგრძენი როგორ
ამემღვრა ისინი და თვალის კუთხეც ოდნავ დამისველდა.
-ვინ არის?
-კურსელები ვიყავით, მაგრამ არც
მაინცდამიანც ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, უბრალოდ... უბრალოდ, მგონი, ვუყვარდი.
-უყვარდი?
-ჰო, ეს არასდროს უთქვამს, მაგრამ ამას
ყოველთვის ვგრძნობდი, სხვებიც ამჩნევდნენ. მე კი... მე ზედაც არ ვუყურებდი.
გამარჯობასაც მაშინ ვეტყოდი, როცა კიბეზე ასვლისას ან სადმე ქუჩაში შემხვდებოდა.
სულ ეს იყო, ერთი უბრალო გამარჯობა.
ნინოს სახეზე თითქოს რაღაც
შეიცვალა. არაფერი უთქვამს, უბრალოდ მისმენდა.
-ნანობ? - ბოლოს დასევდიანებული ხმით ესღა მკითხა.
-რას?
-არაფერი, დაივიწყე. ნიკას დავურეკავ, - მითხრა და პალატიდან გავიდა. არ
ვიცი რატომ, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობდი. არ ვფიქრობდი, რომ ელის არასწორად
ვექცეოდი, მისთვის არასდროს მიმიმართავს უხეშად, არასდროს მიმეყენებია
შეურაცხყოფა, არასდროს დამიცინია, უბრალოდ ელი არ მაინტერესებდა და არც ყურადღებას
ვიჩენდი მის მიმართ, განა ეს დანაშაულია? მე არც ის მითხოვია, რომ ჩემი დონორი
გამხდარიყო. ეს თავისი სურვილით გააკეთა. თავისი სურვილით წავიდა რისკზე,საკუთარ
სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და ეს ჩემთვის გააკეთა...
გადიოდა დღეები. თავს უფრო
და უფრო უკეთესად ვგრძნობდი. ნინო გვერდიდან არ მცილდებოდა, ნიკაც უნივერსიტეტის
მერე სულ ჩემთან იყო. ძველებურად მამას მეძახდა და გაუცხოების ის მცირედი განცდაც
აღმოფხვრილიყო. ელის შესახებ ექიმს ყოველდღე ვეკითხებოდი. ექიმი ვერაფერს ამბობდა, მეტყოდა მძიმე მდგომარეობააო და
პალატიდან გავიდოდა. პალატაში გავლის ნება მომცა, მაგრამ ელის სანახავად წასვლას
მაინც მიკრძალავდა. მეც ველოდი, ყოველ დილით იმის იმედით ვიღვიძებდი, რომ ერთხელაც
მეტყოდა - შეგიძლია გახვიდე და ნახოო და მეც კიდევ ერთხელ ვნახავდი ელის, მაგრამ
ეს დღე არა და არ დგებოდა. 11 ივნისს, ბოლოს და ბოლოს დამრთო მისი ნახვის ნება და
მეც დილითვე, დაუყოვნებლივ მასთან წავედი.
პალატაში შესვლის უფლება
არ მქონდა, თუმცა კარში დატანებული პატარა ფანჯრიდან დავინახე. შეცვლილიყო, ალბათ,
ქუჩაში რომ შემხვედროდა ვერც ვიცნობდი. ასაკი კი დასტყობოდა, მაგრამ სიყმაწვილის
მერე გალამაზებულიყო. ახლა მომხიბვლელი ქალიც ეთქმოდა და მაინც, მიუხედავად
ყველაფრისა, ჩემთვის ძალიან უცხო იყო. შუშას შუბლი მივადე, მინა დაიორთქლა. თვალს
ვერ ვწყვეტდი და საკუთარ თავს გაუჩერებლივ ვუმეორებდი, „- რატომ, ელი, ეს რატომ
გააკეთე?“ - თითქოს მას ვეკითხებოდი, ესმოდა კიდეც, მაგრამ პასუხს არ მცემდა,
უბრალოდ მიღიმოდა, მიღიმოდა თავისი ძველი, გაუბედავი ღიმილით.
-უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? - მომესმა უკნიდან. შევბრუნდი. ჩემ
წინ ახალგაზრდა კაცი იდგა, დაღონებული სახე ჰქონდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ
პალატის წინ ჩამწკრივებულ სკამებზე ორი ქალი და ერთი ასაკოვანი კაცი ისხდა.
მივხვდი, რომ მისი ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. დავიბენი, თავი დავხარე, არ
ვიცოდი რა მეთქვა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ვგრძნობდი ახალგაზრდის დაჟინებულ
მზერას, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
-მე...მე...შოთა.
-შოთა, შოთა წერედიანი? - ხმაზე აღელვება დაეტყო.
-დიახ, - ვუთხარი თავჩაქინდრულმა. არ შემეძლო რომელიმესთვის შემეხედა
და მათთვის მზერა გამესწორებინა.
-შე ნაბიჭვარო!.. შენ გამოა დედაჩემი ასეთ დღეში! - მიყვირა და ხელი
მკრა, კედელს მივენარცხე.
-დათო, რას აკეთებ?! - ერთ-ერთი ქალი წამოხტა და ჩვენ შორის ჩადგა, -
ჯერ კიდევ ახალნაოპერაციებია, რამე რომ მოუვიდეს, ეს გინდა? ეს ენდომებოდა
დედაჩვენს, ამისთვის გაწირა თავი და ამხელა რისკზე ამის გამო წავიდა? - ქალმა
თავი გააქნია და ძმას შეხედა.
-არ ვიცი რას ვაკეთებ, მაპატიეთ, -
ხელები სახეზე აიფარა და ამოიხვნეშა. გაგვშორდა და გრძელ დერეფანს გაუყვა. მას
ასაკოვანი კაციც გაჰყვა.
-კარგად ხართ? - მკითხა ქალმა. მთელ
ტანში ყრუ, გაუსაძლისმა ტკივილმა დამიარა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, ახლა ჩემი
ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო მათ სულიერ ტანჯვასთან შედარებით.
-დიახ, გმადლობთ, - თავი დავუქნიე და
წამიერად შევხედე. ნამდვილად ელის შვილი იყო, მის ახალგაზრდობას მაგონებდა, დედას
საოცრად ჰგავდა, სწორედ ეს ვუთხარი: - დედას საოცრად ჰგავხართ.
-ვიცი, ამას ხშირად მეუბნებიან. არ
ვიცოდი დედას თუ იცნობდით, თქვენზე არასდროს საუბრობდა, არცერთხელ არ
უხსენებიხართ.
-კურსელები ვიყავით.
-ეს რატომ გააკეთა, ასეთ რისკზე რატომ
წავიდა?
-არ ვიცი, ნეტავ ვიცოდე. არაფერი
ვიცოდი, რომ მცოდნოდა აუცილებლად შევაჩერებდი, ამას არ გავაკეთებინებდი, მაგრამ მე
არაფერი ვიცოდი. ექიმმა მითხრა, რომ დონორს ჩრდილში დარჩენა უნდოდა.
-მესმის, ასეთი იყო დედა... ასეთია
დედაჩემი. ვერადროს გაიგებდი რა უნდოდა, რას გრძნობდა, თავად კი ამას არასდროს
ამბობდა.
-ცხოვრებით... ცხოვრებით ბედნიერი იყო?
-კი, - თავი დამიქნია, - სულ ამბობდა,
რომ ცხოვრებით კმაყოფილი იყო, მშვენიერი შვილები და მოსიყვარულე, კარგი ქმარი
ჰყავდა.
-შეიძლება მის სანახავად რომ მოვიდე
ხოლმე?
-დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი ძმის გამო
ბოდიშს გიხდით, ასეთი არაა, უბრალოდ მძიმე პერიოდი გვაქვს.
-ექიმი რას ამბობს?
-მძიმე მდგომარეობაა, არ ვიცით
გადარჩება თუ არა.
-იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
მისნაირ ადამიანს უფალი არ გაწირავს, მე ამის მჯერა.
-ღმერთმაც ქნას, არ ვიცით მის გარეშე
როგორ ვიქნებით, - მინდოდა მენუგეშებინა და მეჩვენებინა, რომ მარტო არ იყო, ხელი
დავადე, თავი დავუქნიე და იმ პირობით დავემშვიდობე, რომ კიდევ მოვიდოდი, ელის
ყოველდღე ვინახულებდი.
ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უკეთესობისკენ იცვლებოდა. გამოკვლევებზეც
საკუთარი ფეხით გავდიოდი. ვიცოდი მალე გამწერდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ წასვლა
არ მინდოდა, ელის დატოვება არ მსურდა, ელის, რომლის მდგომარეობაც ისევ ისეთივე
მძიმე იყო.
ასეთივე გამოკვლევიდან პალატაში ვბრუნდებოდი, როცა წყლის აპარატთან ჭაღარა
კაცი დავინახე. ვიცანი, ელის ქმარი იყო. შემომხედა.
-წყალს დალევთ? - მკითხა, თავი
დავუქნიე. ერთჯერად ჭიქაში დამისხა და მომაწოდა.
-გმადლობთ, - მერე თავადაც ჩამოისხა.
კუთხეში მდგარ დივანზე ჩამოჯდა, მეც გვერდით მივუჯექი. საუბრის დაწყებას არცერთი
არ ვჩქარობდით. არ ვიცოდი რა მეთქვა და, ალბათ, მანაც არ იცოდა, უბრალოდ თავის
ჭიქას დასცქეროდა. მაღალი, სიმპატიური კაცი იყო, შეიძლება ჩემზე დახვეწილიც კი.
-ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც ვერ
იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, - თითქოს ამას ჭიქას ეუბნებოდა, მის ზედაპირს ცერს
ნაზად უსვამდა, აშკარად მე მესაუბრებოდა, მაგრამ არ მიყურებდა: - ვუყვარდი,
ვუყვარდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა რაღაც დანაკლისის განცდა, მის მზერაში ვხედავდი
მზრუნველობას, სიყვარულს, მაგრამ არა ბრწყინვალებას, არა იმ ნაპერწკლებს, უზომოდ
შეყვარებულ ადამიანს რომ აქვს თვალებში. ამაზე არასდროს გვილაპარაკია, ყოველთვის
ვეჭვობდი, რომ სადღაც ღრმად მის გულში იყო ადამიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ უყვარდა.
ახლა უკვე ამაში დავრწმუნდი.
-არ ვიცი რა გითხრათ, მე და ელი ერთად
არასდროს ვყოფილვართ.
-ვიცი, მაგრამ განა ამას აქვს რამე
მნიშვნელობა? მას თქვენთან უდიდესი, განუზომელი სიყვარული აკავშირებდა, შეიძლება
ისეთიც მე რომ არ მღირსებია. თუნდაც ეს გრძნობა ცალმხრივი ყოფილიყო, განა
ცალმხრივი სიყვარული სიყვარული არ არის? ხშირად ის ორმხრივ სიყვარულზე უფრო
ძლიერია, ადამიანს სიგიჟეებს რომ ჩაადენინებს. ამდენი წლის შემდეგ... არც კი
მითხრა რას აპირებდა, არავის უთხრა, - დანანებით თავი გააქნია, - იცოდა, რომ ამის
ნებას არ დავრთავდით, ასე არ გავარისკინებდით, ამიტომაც არ გვითხრა, ასეთია ის,
მუდამ ასეთი იყო.
-მეც არაფერი ვიცოდი, გაოგნებული
ვიყავი როცა გავიგე.
-ყოველდღე ვცდილობდი მისთვის თავი
კიდევ უფრო მეტად შემეყვარებინა, თუნდაც ერთხელ მაინც შემოეხედა ჩემთვის ისე,
როგორც მას ვუყურებდი. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო და რაც შემეძლო, ყველაფერს
ვაკეთებდი ამისთვის, თქვენ კი... თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ და მას
მაინც თქვენ უყვარდით. ამდენი წელი გულში მალავდა და ინახავდა ამ გრძნობას,
მითხარით ეს როგორ მოახერხეთ?
-არ ვიცი, - თავი გავაქნიე, - ნეტავ
ვიცოდე, მართლა არ ვიცი. არც საბაბი მიმიცია, არც თავის მოწონებას ვცდილობდი, არც
განსაკუთრებულად ვექცეოდი. მეც მერე გავიგე, რომ მოვწონდი, როცა ამაზე ლაპარაკი
დაიწყეს, მაგრამ არაფერი მითქვამს, თავადაც არაფერს მეუბნებოდა. ელის მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი
ვიცნობდი, ნეტავ უფრო ახლოს გამეცნო, ნეტავ შემძლებოდა თუნდაც მასთან მეგობრობა,
მაგრამ ასე არ იყო.
-საიდან იცნობდით?
-ერთად ვსწავლობდით, - თავი დამიქნია,
- ძალიან ვწუხვარ, სიტყვებით ვერ აგიწერთ რას ვგრძნობ. ამას მერჩივნა საერთოდ არ
გადავრჩენილიყავი და ამას გულწრფელად ვამბობ. თქვენი შვილი მართალი იყო, ყველაფერში მე ვარ
დამნაშავე.
-თქვენ არაფერ შუაში ხართ, ეს ელის
სურვილი და მისი გადაწყვეტილება იყო, სულელი ქალი არ არის, კარგად იცოდა რაზეც
მიდიოდა და ეს მაინც გააკეთა.
-ახსნას ვერ ვუძებნი, უბრალოდ
ახალგაზრდობაში მოვწონდი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მასთან არც მისაუბრია.
-უყვარდით, - თქვა და ამოიოხრა, -
ახლაც უყვარხართ.
-ის ხომ ბედნიერი იყო?
-კი, იყო, მაგრამ... შეიძლება გყავდეს
ოჯახი, იყო შენი მეუღლის ერთგული, მოსიყვარულე, მზრუნველი ცოლი, მთელი ცხოვრება
გალიო მასთან ერთად, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სხვა გიყვარდეს. შეიძლება არ იყო
მასთან, არ გათქვა ეს სიყვარული, მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება ატარო გულით. ამაზე
მხოლოდ მსმენოდა, მაგრამ ახლა უკვე ჩემი თვალით ვნახე. იცით, რთულია, ძალიან რთულია
ამ ყველაფერთან შეგუება. თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ თურმე შენი ცოლის გული
მხოლოდ შენ არ გეკუთვნოდა, რომ მის სიყვარულში მოწილე გყოლია, რომლის არსებობის
შესახებაც არაფერი იცოდი.
-ბოდიშს გიხდით... - სიმწრით ჩაეცინა.
-პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, ელი
მთელი გულით მიყვარს, დაე, იყოს ისე, როგორც მას სურდა. ეს მისთვის არავის
დაუძალებია, ასე მან თავად მოისურვა, დაე, ასე იყოს. მან თქვენ სიცოცხლე
შეგინარჩუნათ, შეიძლება ვერ აცნობიერებთ, მაგრამ მისთვის რაღაც მაინც უნდა
გქონოდათ გაკეთებული, თუნდაც თქვენთვის სრულიად უმნიშვნელო და
შეუცნობელი, მაგრამ ელისთვის კი ძალზედ ძვირფასი და შეუფასებელი, რომ ამისთვის
მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც კი დაეთმო.
-რას გულისხმობთ?
-თქვენ მას სიყვარული ასწავლეთ, - კაცს
დაბნეულმა შევხედე, - თქვენ შეაცანით ეს ჯადოსნური მდგომარეობა, - წამოდგა და
მხარზე ხელი დამადო, - თავს გაუფრთხილდით და ბედნიერი იყავით, რადგან ელის სურდა,
რომ ბედნიერი ყოფილიყავით, რაც მას სურდა, ის მეც მსურს. ალბათ, რაღაც
განსაკუთრებული მართლაც უნდა გქონდეთ, თუ პასუხს იპოვნით, მეც გამაგებინეთ,
მაინტერესებს რა არის ის, რითაც ჩემი ცოლის თავგანწირული, უანგარო სიყვარული
დაიმსახურეთ, - ნელი, მძიმე ნაბიჯებით გამშორდა, ჭიქა სანაგვე ურნაში გადააგდო და
დერეფნის ბოლოს გაუჩინარდა.
საავადმყოფოდან გამომწერეს, მაგრამ იქაურობა მაინც არ დამიტოვებია. ელისთან
ყოველდღე მივდიოდი. უბრალოდ დავჯდებოდი მისი პალატის წინ და პატარა, მართკუთხედის
ფორმის ფანჯარაში მის სახეს ვუყურებდი. ვიჯდებოდი საღამომდე, შემდეგ კი ავდგებოდი
და სახლში ვბრუნდებოდი. ნინოს ეს ყველაფერი არ მოსწონდა და ამის დამალვას არც
ცდილობდა. ერთხელ, როცა საღამოს 9-ზე შინ დავბრუნდი, მითხრა:
-მეგონა დღეს აღარც მოხვიდოდი.
-რას გულისხმობ?
-სახლში საერთოდ არ ხარ, სიკვდილს
ძლივს გადარჩი, იმის მაგიერ, რომ დაისვენო ისევ იმ წყეულ საავადმყოფოში დადიხარ,
იღლები, შოთა, ასე თუ გააგრძელებ, უთუოდ რამე მოგივა, მითხარი ეს გინდა, განა
საკმარისად არ დავიტანჯეთ?!
-ნინო...
-თან რისთვის, უბრალოდ იმ ქალის
მომაკვდავ სახეს რომ უყურო!
-ნინო! დაფიქრდი რას ამბობ, ის რომ არა
დღეს აქ არ ვიდგებოდი, დღეს ცოცხალიც არ ვიქნებოდი.
-და ამის გამო მთელი ცხოვრება მისი
მოვალე უნდა იყო და დღე და ღამე გაუთენო?
-წარმოუდგენელია!
-რა არის წარმოუდგენელი, შოთა?!
-როგორც იქცევი, - გაოგნებული ვიყავი,
ასეთი არასდროს მენახა, ასეთი არავის მიმართ არ ყოფილა, ყოველთვის მზრუნველი და ყველას
კეთილმოსურვე იყო, მხოლოდ ელი იყო მისთვის სულერთი, მხოლოდ იმ ქალის მიმართ იყო
გულგრილი, რომელმაც თავი ჩემ გამო გაწირა, საკუთარი სიცოცხლე სასწორზე ჩემს
გადასარჩენად დადო და რომელსაც გულწრფელად, უანგარო სიყვარულით ვუყვარდი.
ნინოსთან საუბარს აზრი არ ჰქონდა.
ვიცოდი, როდესაც გაბრაზებული იყო უნდა გავცლოდი, უნდა დამეთმო, ამდენი წლის
განმავლობაში სწორედ ასე შევინარჩუნეთ
ჰარმონია და ნამდვილი იდილია, მაგრამ ახლა ვერ დავუთმობდი, ვერა ელის
შემთხვევაში.
-სხვა თუ არაფერი, ადამიანობა მაინც გამოიჩინე, ნინო, ის ასე სხვისი -
შენი ქმარისთვის მოიქცა. ეს მაინც დააფასე, - ვუთხარი და საძინებელში გავედი.
ვიცოდი ძილი მაინც არ მომეკარებოდა, უბრალოდ, წამიერად თვალების დახუჭვა და
ყველაფრის დავიწყება მომინდა.
მომდევნო დღეს
საავადმყოფოში ჩვეულებრივ მივედი. ელის ოჯახის წევრები ფოიეში არ დამხვდნენ.
პალატაში შევიხედე, მათ თავი საწოლის გარშემო მოეყარათ. მისმა ქალიშვილმა დამინახა
და გარეთ გამოვიდა.
-ყველაფერი რიგზეა? - ვკითხე აღელვებულმა.
-კი, - თავი დამიქნია, - დღეს დილით დედა გონს მოვიდა.
-ღმერთო ჩემო, ეს ხომ ძალიან კარგია.
-ჰო, მაგრამ მიუხედავად ამისა ექიმი დამაიმედებელს მაინც ვერაფერს
ამბობს, ძალიან სუსტადაა.
-შეიძლება რომ ვნახო?
-ახლა სძინავს, ენერგია თითქმის სულ არ აქვს. დაელოდებით? რომ
გაიღვიძებს დაგიძახებთ.
-რა თქმა უნდა, ფოიეში ვიქნები.
-კარგი, - თავი დამიქნია და პალატაში დაბრუნდა. მცირედი იმედი მაინც მომეცა
და გული სიხარულით ამიძგერდა.
ნეტავ გადარჩენილიყო, გამომძვრალიყო, ამისთვის ყოველდღე ვლოცულობდი. მჯეროდა, რომ
ღმერთი მას არ გაწირავდა. დერეფნის ბოლოში მდგარ სავარძელში ჩავჯექი, იდაყვებით
მუხლებს დავეყრდენი და სახე ხელებში ჩავრგე. არ ვიცოდი მინდოდა თუ არა მისი ნახვა,
უფრო სწორედ, შევძლებდი თუ არა ამას. ან კი რა უნდა მეთქვა, მას არც ვიცნობდი, მის
შესახებ სრულებით არაფერი ვიცოდი იმის გარდა, რომ ელი ერქვა. არ ვიცოდი რა
მოსწონდა, რა ახალისებდა, რაზე გიჟდებოდა, რომელი იყო მისი საყვარელი სიმღერა,
ფილმი, როგორ სამოს ატარებდა, ეს არც მახსოვდა და ამას არც არასდროს
დავკვირვებივარ, ელი ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. მხოლოდ ახლა მეძლეოდა მისი
გაცნობის საშუალება და ეს გულით მინდოდა, მაგრამ ამ სურვილს უდიდესი შიშიც
ახლავდა, მეშინოდა, რომ ვერაფრის თქმას ვერ მოვახერხებდი და ჩვენ შორის საშინელი
უხერხულობის განცდა ჩამოწვებოდა. მამაკაცისთვის ყველაზე ცუდი ეს არის, როდესაც
ქალთანაა და არ იცის რა თქვას, სიჩუმეს მათ შორის დასადგურების ნებას აძლევს და შექმნილი
უხერხულობის განცდაც სწორედ ამის შედეგია. ელისთან პირისპირ მარტო დარჩენის
მეშინოდა, არ ვიცოდი მის მზერას თუ გავუძლებდი, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, არა
მხოლოდ იმიტომ,რომ ის ასეთ დღეში ჩემ გამო იყო, არამედ იმიტომაც, რომ ვერ ვხედავდი
და ვერ ვაფასებდი იმ უდიდეს გრძნობას, რომელიც ჩემთან აკავშირებდა, რომ მას
ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, ასეთი ძვირფასი ვიყავი მისთვის და მე მას ზედაც კი
არ ვუყურებდი. ცუდად არასდროს მოვქცევივარ, უბრალოდ მის მიმართ გულგრილი ვიყავი და
ის ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო იყო. ყელში ბურთი მეჩხირებოდა იმის გახსენებისას,
რომ როცა მეუბნებოდნენ, შოთა, ელის, მგონი, მაგრად უყვარხარო, მართალია მის ზურგს
უკან, ჩემს მეგობრების წრეში, მაგრამ მაინც გამეცინებოდა და ვიტყოდი: - „კარგი რა,
რა ელი“-მეთქი.
ხშირადაა, რომ ვერ ვაფასებთ იმას, ვისაც მართლა უანგაროდ ვუყვარვართ. არ
ვიცით რატომ, ზოგჯერ ეს ჩვენც კი გვიკვირს, მაგრამ ეს უბრალოდ ასეა. სხვის
გრძნობებს სრულებით არ ვანიჭებთ მნიშვნელობას, თუნდაც ვინმეს მიერ ნათქვამი
„მიყვარხარ“ უბრალო სიტყვებად გვეჩვენება. ვიტყვით ხოლმე, მე რა შესაყვარებელი
ვარ, გავა დრო და გადაუვლის, როგორც შევუყვარდი, ისევე გადავუყვარდებიო. ხშირად
ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ, მაშინ, როდესაც სიყვარული, თუნდაც ცალმხრივი
ნამდვილი და ჭეშმარიტია, რომელსაც ადამიანი მთელი თავისი არსით მოუცავს, მაშინ ეს
სიყვარული არ გაქარწყლდება, არასდროს გაცივდება და არასდროს დაკარგავს თავის
მხურვალებას შეყვარებული ადამიანის გულში. ელის ეს სიყვარული ოცდაათი წელიწადი
უღვივოდა გულში და ამოძრავებდა. ის იმ ადამიანით სუნთქავდა და ცოცხლობდა, რომელსაც
წესიერად არც კი იცნობდა, მისთვის უძგერდა გული და სუნთქვაც ეკვროდა. სწორედ ამ
სიყვარულმა ჩაადენინა ის სიგიჟე, რაც მან გააკეთა, ასეთმა სიყვარულმა გააწირინა
თავი საყვარელი ადამიანის გამო, რომელსაც ის არც კი ადარდებდა, ელიმ საკუთარი თავი
შეწირა ამ სიყვარულს. როგორია ეს სიყვარული? მარადიული, მტანჯველი, დაუცხრომელი,
რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო დაგავს ადამიანის გულს, ასნეულებს და ბოლოს იმ
ზღვარამდეც მიჰყავს, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია, რომელიც საკუთარ თავს და საღად
აზროვნების უნარს გაკარგვინებს, სიფრთხილის შეგრძნებას აქრობს და რომელსაც სიგიჟე
ჰქვია.
ვერც შიმშილს ვგრძნობდი და
ვერც წყურვილს, ვერც სხეულს, ვერც სიცოცხლეს. მხოლოდ გონი დამრჩენოდა, გონი,
რომელიც ელით იყო შეპყრობილი, მისი შეცნობის წადილით.
შუადღე იქნებოდა, როდესაც
ელის ქალიშვილი ჩემთან მოვიდა. ვერც დავინახე, როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი,
მხოლოდ მაშინ მავაქციე ყურადღება.
-დედამ გაიღვიძა, ექიმს ვკითხე და თქვენი შეშვების ნებართვა მოგვცა,
იქნებ ამან მასზე დადებითადაც იმოქმედოსო, უბრალოდ, გთხოვთ, ძალიან ნუ გადაღლით,
მაქსიმალურად უნდა დაისვენოს, ისედაც მძიმედაა.
-დიახ, რასაკვირველია.
წამოვდექი და პალატისკენ
გავემართე. ეს გზა ძალიან გაიწელა, თითქოს ფეხები მეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ
პალატისკენ მაინც მივდიოდი ნელი, მძიმე ნაბიჯებით. ელის ნათესავები უკვე გარეთ
გამოსულიყვნენ. კარებთან მისი ქმარი იდგა. წამიერად ჩემი მზერა სწორედ მასზე
შეჩერდა. თავი დამიქნია, მეც დავუქნიე, ღრმად ჩავისუნთქე და პალატაში შევედი.
ელის უხმოდ მივუახლოვდი და
საწოლის გვერდით, სკამზე ჩამოვჯექი. თავიდან მისთვის შეხედვას ვერ ვბედავდი,
შემდეგ კი ძლივსძლივობით შევძელი შემეხედა და ჩვენი მზერა ერთმანეთისას შეერწყა.
სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული და ცხვირ-პირზე სასუნთქი ნიღაბი ეკეთა, მისი
ტუჩების მოძრაობა არ დამინახავს, ვერ მივხვდი გაიღიმა თუ მოიღუშა, გაუხარდა თუ
ეწყინა ჩემი დანახვა, მაგრამ მისი თვალები ყველაფერს მეტყველებდა. ისინი მალევე
აიმღვრა და წამის შემდეგ ელის სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. საბნის ქვეშაც ვხედავდი
გულ-მკერდი რიტმულად როგორ აუდ-ჩაუდიოდა. ნეტავ მეც მეგრძნო ის, რასაც ახლა
განიცდიდა და მისთვის გამეგო, მაგრამ ის, რასაც ვგრძნობდი სრულებით არ იყო კარგი
და ოდნავ მაინც მიახლოებული იმასთან, რასაც ელი განიცდიდა. ეს იყო საშინელი
სირცხვილის, სინანულისა და საცოდაობის მიზერული განცდა და ახლოსაც ვერ მივიდოდა
ელის ამაღელვებელ მდგომარეობასთან. საბანზე ხელი აამოძრავა, თითქოს ჩემკენ იწვდიდა.
მაშინვე ხელი დავადე და ოდნავ, მსუბუქად მოვუჭირე. რაიმეს თქმა მინდოდა, მაგრამ
ყელში ბურთი გამეჩხირა. ელიმ თვალები დახუჭა და მის სახეზე ნათლად დავინახე
ნეტარებისა და ბედნიერების გამკრთალი განცდა. არაფერი გვითქვამს, უბრალოდ ასე
ხელიხელჩაკიდებულები ვისხედით და ერთმანეთს ვუცქერდით. არ ვიცი რამდენი ხანი
ვიყავი შიგნით, უბრალოდ ბოლოს მეტის გაძლება აღარ შემეძლო, საშინელ თავბრუსხვევას
ვგრძნობდა, სუნთქვა მეკვროდა და თითქოს გულისრევის შეგრძნებაც არ მასვენებდა,
მაგრამ ხელის აღებას მაინც ვერ ვახერხებდი. არ ვიცი ელი მიხვდა თუ არა, რომ თავს
ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ ხელი თავად გაწია. თვალები ნელა დაახამხამა, თითქოს
მადლობას მიხდისო. ისე გამოვედი მისი პალატიდან, რომ არაფერი მითქვამს, არცერთი
სიტყვა, მადლობის თქმაც ვერ შევძელი, ეს ყველაზე რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა,
მაგრამ, ვფიქრობ, უსიტყვოდაც ყველაფერი ნათელი იყო.
თითქოს მომდევნო დღეს ელის
მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამჯერად ცოტა მოგვიანებით, სადღაც ხუთი საათისთვის ვნახე
და სულ რაღაც რამდენიმე წინადადებით შემივიფარგლე. ოთხი დღის განმავლობაში ელის
ყოველდღე ვაკითხავდი. ცოტას თავადაც ლაპარაკობდა, უჭირდა და დიდი ძალისხმევა
სჭირდებოდა, ამიტომ ყველანი ვცდილობდით ზედმეტად არ გადაგვეღალა, მაგრამ თავი
მაინც ვერ შევიკავე და მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ისედაც კარგად ვიცოდი,
ვკითხე:
-ეს რატომ გააკეთე, ელი? მე ამას არ ვიმსახურებდი, არა შენგან, -
უხმოდ მიყურებდა, შემდეგ სასუნთქი ნიღაბი მოიხსნა და ჩუმად მითხრა:
-იცი რატომაც.
-ნეტავ დროის დაბრუნება შემეძლოს, ძალიან ვნანობ, რომ...
-არ მინდა დროის დაბრუნება. ბედნიერი ვარ, მე მიყვარს ჩემი ოჯახი,ჩემი
ქმარი და ჩემი შვილები.
-და მიუხედავად ამისა, ამაზე მაინც წახვედი, ახალგაზრდები და
ჯან-ღონით აღსავსენი აღარა ვართ.
-უბრალოდ ვერ დავუშვებდი მომკვდარიყავი, შემძლებოდა შენი გადარჩენა და
არ დაგხმარებოდი. ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი. ნუ გეშინია, კარგად
ვიქნები, სიკვდილს არ ვაპირებ, ჯერ არა.
-მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-ჰო, იქნება, - წუთით სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ კი ელიმ მითხრა: -
შოთა, შეიძლება რაღაც გთხოვო?
-კი, რაც გინდა.
-უბრალოდ... ვიცი, რომ ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, მაგრამ
მაინც... მაინტერესებს ეს როგორი იქნებოდა, უბრალოდ, შეგიძლია რომ მითხრა? მინდა
გავიგო ამას როგორ ამბობ, - მაშინვე მივხვდი რასაც გულისხმობდა. თავი დავუქნიე.
-რა თქმა უნდა, შემიძლია. მე შენ მიყვარხარ, ელი, - მანაც თავი
დამიქნია და ღრმად ამოისუნთქა.
-მადლობა, - მისი ხელი ავიღე და ნაზად ვეამბორე.
ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა,
მაგრამ უცებ ვითარება შეიცვალა. ელი ცუდად გახდა, ძალიან ცუდად. ექიმებმა იმ
საღამოს მისი გადარჩენა სასწაულებრივად შეძლეს, მაგრამ თითქმის ყოველგვარი იმედი
გადაიწურა. არავინ იცოდა კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებდა, ერთ საათს, ერთ დღეს, ერთ
კვირასა თუ ერთ თვეს, ეს მაქსიმუმი იყო,
როდემდეც სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ. ნაკლულმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო,
მართალია მოხუცი არ იყო, მაგრამ მაინც ასაკში შესულიყო, ალბათ, ამანაც იმოქმედა.
ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი რასაც გრძნობდა, მეც ზუსტად რამდენიმე კვირის წინ ვიყავი
მის ადგილზე, იმის გაცნობიერება, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე გაქვს დარჩენილი და
მალე უბრალოდ აღარ იქნები, წარმოუდგენლად მძიმე და საშინელია. ეს მიწიერი
ჯოჯოხეთია, რომლის გავლაც ელის ჩემ გამო მოუხდა, თანაც მეორედ. ბოლო დღეებში ძალიან
დასუსტებულიყო, თვალსაც კი ვეღარ ახელდა, თითქმის სულ ეძინა. ყოველდღე გვეგონა,
რომ აი ახლა უბრალოდ აღარ გაიღვიძებდა, მის თვალის ყოველ დახუჭვაზე გვძაფრავდა
შიშის აუტანელი განცდა. ვიცოდი რა რთულიც იყო ეს და როგორი შეუძლებელიც იყო
უკანასკნელი წუთების გაძლება, ელი კი თავს ისე გვაჩვენებდა, თითქოს, ეს არაფერია
და ყველაფერი რიგზე ყოფილიყოს. უჭირდა, უჭირდა და ამას მის თვალებში ვხედავდი,
მაგრამ არაფერს ამბობდა. შველას არ ითხოვდა, ან იმიტომ, რომ იცოდა მაინც ვერავინ
უშველიდა, ან იმიტომ, რომ საკუთარი თავი ჰყავდა მშველელად. სიცოცხლის უკანასკნელ
წუთებში, სიკვდილის გზაზე ადამიანები ტყდებიან ხოლმე, ეს მეც დამემართა, ელიმ კი
ამას გაუძლო, ის არ გამტყდარა, მისი სული არ დამახინჯებულა, სიკვდილმაც კი ვერ
გაბედა მისი გულისთვის ჩირქი მოეცხო, სიყვარულით და მაშასადამე სინათლითა და სიწმინდით,
სიკეთითა და ღვთით აღვსილ გულს არანაირი ბოროტება და სიბნელე არ გაჰკარებია. ელი
ბედნიერი იყო, რადგან მისი საყვარელი ადამიანები ცოცხლები და საღსალამათები
იყვნენ. გარდაცვალებამდე რაღაც მითხრა, რაც, ალბათ, არასდროს არ დამავიწყდება.
- შენს გულში ვერ ვიცოცხლე,
მაგრამ სამაგიეროდ შენში ვიცოცხლებ, - ეს ჩემთვის ნათქვამი ელის ბოლო სიტყვები
იყო. ამან შემძრა და ვეღარ გავუძელი. ცხარედ ავტირდი.
-მაპატიე, მაპატიე, - ვუთხარი და პალატიდან საჩქაროდ გამოვვარდი. ტირილი ვერ შევწყვიტე,
საპირფარეშოს კარებს მუშტებს ვურტყამდი, კანიც გადამძვრა, მაგრამ ეს სრულებით არ
მადარდებდა. მაშინ ელი უკანასკნელად ვნახე და ბოლო, რაც მას ვუთხარი სწორედ ეს იყო
- მაპატიე, პატიებას ყველაფრისთვის ვთხოვდი, მაგრამ მე ამის ღირსი არ ვიყავი. ბრმა
და დაუნახავი ადამიანი არაფრის ღირსი არ არის, ელისთვის იმაზე მეტს ვნიშნავდი და
მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიყავი, ვიდრე თავად საკუთარი თავისთვის. ვინ იცის,
იქნებ, ცოტა რომ დავფიქრებულიყავი, ცოტათი რომ მაინც ამეხილა თვალები, იქნებ,
მაშინ ისევე შემყვარებოდა ელი, როგორც მას ვუყვარდი. იქნებ, მაშინ ის ცოცხალი ყოფილიყო.
იქნებ, მყოლოდა შვილი, რომელიც გახდებოდა ჩემი დონორი და ელის არ მოუწევდა ამ
მსხვერპლის გაღება. იქნებ, დამეფასებინა ელისთვის ეს უპირობო, უანგარო, მარადიული
და თავგანწირული სიყვარული და თუნდაც წუთიერად მაინც გამეხადა ბედნიერი და ეს
ყველაფერი მხოლოდ, უბრალოდ მის გვერდით ყოფნით შემეძლო, მაგრამ მე არ ვიყავი ელის
გვერდით, არასდროს, არცერთი წამით. ვინ იცის, უბრალოდ ჩემი ერთი გაღიმება ან
თუნდაც უბრალო მოკითხვა რამხელა სიხარულს ანიჭებდა, მე კი მისგან თავს ყოველთვის
შორს ვიჭერდი, ვაიგნორებდი, თითქოს არც არსებობდა, ზოგჯერ გვერდით ისე ჩავუვლიდი,
რომ წესიერად არც მივესალმებოდი. ახლა ყველაფერი გამახსენდა, ყოველი ცისმარე დღე,
რომელიც ჩემს გონებაში დამარხულიყო. გამახსენდა ის ყვითელი კაბა ელის რომ ეცვა
ხოლმე, ის ზოლებიანი ჯემპრიც, ის წითელი მანტოც, ის შავი ჩექმებიც გამახსენდა,
ყველაფერი, ყოველი დეტალი, ყოველი აქსესუარი. მე ელი გამახსენდა.
საღამოს შვიდი საათისთვის ძალიან ცუდად გახდა. მის პალატაში ექიმი ექთნების
თანხლებით დეფიბრილატორით შეიჭრა. ყველა დაძაბული ვიყავით. ელის შვილები ერთმანეთს
მიკვროდნენ. მის ქალიშვილს თავი თავისი ძმის მკერდისთვის მიედო, პალატაში შეხედვას
ვერ ბედავდა. ელის ქმარი კი ადგილზე გაქვავებულიყო, მთელი სახე გაჰყინვოდა, მხოლოდ
მის მღვრიე თვალებში ჩამდგარი სევდა ირეკლავდა მისი სულის აუტანელ მწუხარებას,
სიცივესა და სიცარიელეს. გარეთაც კი გვესმოდა ექიმის გადაძახილები, ისინი
ყველაფერს აკეთებდნენ ელის გადასარჩენად. მთელი ეს დრო საშინლად გაიწელა და
ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ბოლოს ექიმი გამოვიდა:
-როგორაა? - ჰკითხა ქალმა.
-ვითარების სტაბილირება დროებით
მოვახერხეთ, მაგრამ...თუ გამომშვიდობება გინდათ, ამის დრო კიდევაა. თქვენ
გთხოულობთ, - მე და ელის ქმარი გვერდიგვერდ ვიდექით, ამიტომ ვერ გავიგეთ ექიმი
რომელ ჩვენგანს მოგვმართავდა, - პირი გამიშრა, მაგრამ მაინც ამოვილუღლუღე:
-მ...მე?
-არა, თქვენ არა, ქალბატონი თავის
ქმარს ითხოვს.
კაცი მაშინვე პალატაში შევიდა. საწოლთან მიიჭრა და ელის ხელი თავისაში
მოიქცია, ნაზად აკოცა და ლოყაზე მიიხუტა. შემდეგ კი ცოლს შუბლზეც ეამბორა. პალატის
ღია კარიდან კარგად ვხედავდი ნელ-ნელა როგორ ეფინებოდა ბინდი ელის თვალებს.
სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო, დავინახე როგორ ამოძრავდა უკანასკნელად ელის
ტუჩები და გავიგონე, როგორ უთხრა ქმარს:
-მიყვარხარ.
-მეც, მეც მიყვარხარ, - კაცი ცხარედ
აქვითინდა და ცოლის ხელი კვლავაც ჩაიხუტა. სანამ ელის მზერა საბოლოოდ გაიყინებოდა,
მისი თვალიდან უკანასკნელად ჩამოგორდა ცრემლის ბოლო წვეთი, რომელიც ელის ცხვირს
ჩაჰყვა და მის ბაგეებს შეაშრა. როდესაც ელი გარდაიცვალა, ქმარს მისი ხელი კვლავაც
ხელში ეჭირა და მას ნაზად კოცნიდა.
თავდაპირველად ნინოს ელის დაკრძალვაზე წამოსვლა არ სურდა, ცუდად ყოფნას
იმიზეზებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდა. დაკრძალვაზე ბევრი ხალხი იყო. ძალიან
ცოტას ვიცნობდი, ერთი-ორი უნივერსიტეტიდანაც მახსოვდა, შეიძლება სწორედ მათ უთხრეს
ელის ჩემ შესახებ, ეს არ იყო მნიშველოვანი და არც მადარდებდა. ვგრძნობდი, როგორი
ზიზღით მიმზერდნენ ელის შვილები, ქმრისათვის კი ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა.
უბრალოდ ჰორიზონტს, შორეთს გაჰყურებდა და მის მზერაში საშინელი სევდა და სიცარიელე
სუფევდა. ელის დაკრძალვის დღეს შესანიშნავი ამინდი იყო, ივნისი გახლდათ, მაგრამ
მზე უჩვეულოდ ასხივებდა, განსაკუთრებით თბილოდა და თითქოს ცაზე არა მხოლოდ ყვითელ
დისკოს, არამედ მის მოკაშკაშე სხივებსაც ხედავდი. ზემოთ ჩიტები კამარას კრავდნენ
და საამურად ჟღურტულებდნენ. ბუნებამ ისევე გააცილა ელი, როგორიც თავად იყო, წმინდა
და უმწიკვლო.
No comments:
Post a Comment