ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, July 30, 2017

უკან, ახალგაზრდობაში


უკან, ახალგაზრდობაში

გამგზავრება

   გურამი იმ დილით განსაკუთრებით აღტაცებული იყო, პატარა ბიჭივით ცქმუტავდა. ადგილსა და მოსვენებას ვერ პოულობდა. სახლში ოთახიდან ოთახში დადიოდა, განჯინაში შეწყობილ ფაიფურის ჭურჭელს გამოიღებდა, შეათვალიერებდა და ისევ უკან დააბრუნებდა, შემდეგ პიანინოს თავზე დადებულ სურათებს დააცქერდებოდა, მერე სამზარეულოში გავიდოდა.
-დღეს რა გჭირს? - ქმრის უჩვეულო საქციელით შეცბუნებულმა ჰკითხა ცოლმა. ორმოცწლიანი თანაცხოვრების მანძილზე ქმარი ასე მოუსვენრად არასდროს ენახა, მხოლოდ იმ დღეებში ჯერ კიდევ ყმაწვილი მისთვის თავის მოწონებას რომ ცდილობდა და ქალის გვერდით ადგილს ვერ პოულობდა, მის განებივრებას ცდილობდა და ყოველგვარ კომფორტს უქმნიდა, განსაკუთრებით ქორწინების პირველ დღეებში, პირველ წლებში, სანამ შვილები შეეძინებოდათ. ახლა უკვე სამი შვილიშვილიც ჰყავდათ, საკმაოდ დაბერებულიყვნენ და კარგა ხანი იყო, რაც ძველებური ხალისიც დაჰკარგვოდათ. გურამი 67 წლის იყო, ანასტასიას კი რამდენიმე კვირაში 60 წელი უსრულდებოდა, მიუხედავად ამისა, ძალზედ მოვლილი ქალი იყო, ლამაზი, ჯერ კიდევ თვალისმომჭრელი. ვიწრო წელი და ჩამოქნილი კიდურები ჰქონდა, ფიგურას უფრთხილდებოდა, ფრჩხილებიც ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონდა, მუდამ გაქლიბული და ვერც მის ლაქს უპოვნიდი რაიმე წუნს, მაგრამ ნაოჭები მაინც თავისას შვრებოდა, სიბერე ნელ-ნელა ეპარებოდა და ასაკიც ეტყობოდა. გურამიც არ იყო მოუვლელი, ცოლი მასზე მუდამ ზრუნავდა და ქმარს ცივ ნიავს არ აკარებდა. დილით ამდგარს ყოველთვის ხვდებოდა გაუთოვებული პერანგი და ახალმომზადებული საუზმე. სამსახურში წასვლამდე ანასტასია ჰალსტუხსაც გაუკეთებდა და სავარცხლით თმასაც გადავარცხნიდა ხოლმე, ასე უკვე წლები გრძელდებოდა. თუმცა უკვე ხუთი თვე გავიდოდა, რაც გურამმა მუშაობას თავი დაანება და თავისი ადგილი ვაჟს გადაულოცა, წარმატებული ნოტარიუსი იყო, ოცდათხუთმეტწლიანი დაუღალავი შრომით თანხაც კარგად დაეგროვებინა და პენსიასაც გულდამშვიდებული მოელოდა. ზოგადად ძალზედ მშვიდი და გაწონასწორებული კაცი იყო, სწორედ ამიტომ უკვირდა ანასტასიას მისი ასეთი უჩვეულო მოუსვენრობა.
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს.
-რაღაც უცნაურად იქცევი.
-უბრალოდ ბედნიერი ვარ.
-ოჰ, მაინც რამ გაგაბედნიერა?
-შენ, ჩემო ძვირფასო, - ღიმილით მიუგო კაცმა. ქალს გაეცინა.
-მოდი მაგას ჯობია ეს წვნიანი გამისინჯო, - გურამი მიუახლოვდა, ქალმა კოვზი პირთან მიუტანა და ქმარმაც დააგემოვნა, - წიწაკა ხომ არ დავამატო?
-ცოტა მოუხდებოდა.
-მარილი?
-საკმარისად აქვს.
ანასტასიამ წინასწარ დაჭრილი და გამზადებული წიწაკა დაფიდან ქვაბში ჩაყარა და დიდი ხის კოვზით მოურია.
-მალე იქნება, - თქვა და მაგიდის გაშლას შეუდგა.
-მოგეხმარები, - უთხრა გურამმა და თეფშების დალაგება დაიწყო. ქალმა გაიღიმა,ქმარს შეაცქერდა:
-დღეს რა გჭირს?
-უბრალოდ თეფშებს ვალაგებ,- ანასტასიას გაეცინა და საქმე განაგრძო.
   ორი საათისთვის მაღაზიიდან ირაკლი თავის ცოლ-შვილთან ერთად დაბრუნდა, ყველამ ერთად ისადილა. მოულოდნელად გურამმა თქვა:
-რაღაცის თქმა მინდა.
-გისმენთ, - მიუგო ვაჟმა.
-თუ დაბადების დღეზე დედაშენისთვის რამის ჩუქებას აპირებ აჯობებს ეს მალევე გააკეთო.
-რა...რატომ? - კაცს ყველა ინტერესით მიაცქერდა.
-იმიტომ, რომ აქ არ ვიქნებით,- დაბნეულ ანასტასიას გაეცინა.
-აბა სად ვიქნებით?
-შვეიცარიაში, საყვარელო, სამოგზაუროდ მივდივართ, - თქვა და სადილობა განაგრძო.
-მოიცადე, სერიოზულად ამბობ? - ჰკითხა ცოლმა.
-რა თქმა უნდა.
-ხუმრობ, არა? - ახლა ვაჟი შეეკითხა.
-არა, - სრული სერიოზულობით განუცხადა გურამმა.
-ღმერთო, რა დროს ჩვენი მოგზაურობაა.
-ევროპაში ხალხი მოგზაურობაში მაშინ მიდის, როდესაც პენსიაზე გავლენ. საერთოდ, მეგონა გაგიხარდებოდა, შენ ხომ საზღვარგარეთ არასდროს ყოფილხარ.
-ჰო, მაგრამ, ჯერ ეს ერთი, ეს ჩემთან არ უნდა შეგეთანხმებინა?
-სიურპრიზის გაკეთება მინდოდა.
-და ფული, ფული საიდან გაქვს?
-ვაგროვებდი, დანაზოგი მაქვს, ამაზე ნუ იდარდებ.
-პირდაპირ სასაცილოა, - თქვა ქალმა და ჩანგალი ხელიდან გააგდო.
-არ გაგიხარდა? - იმედგაცრუებულმა ჰკითხა ქმარმა.
-არ ვიცი რა გითხრა, ძალიან მოულოდნელი იყო.
-მამა, დარწმუნებული ხარ რომ ეს კარგი აზრია?
-რა თქმა უნდა, შვილო, ამდენხნიანი მუშაობის შემდეგ მგონი ეს დავიმსახურე, ორივემ დავიმსახურეთ.
-აბა რას იზამ?- ახლა დედას ჰკითხა.
-ეს სისულელე მგონია.
-რატომ არის ჩვენი სამოგზაუროდ წასვლა სისულელე, ანასტასია?
-ამისთვის ძალიან მოხუცები ვართ.
-მე თავს არ ვგრძნობ მოხუცად, შენ კი ჩემზე ახალგაზრდა ხარ.
-კარგი რა.
-წადით, დამიჯერეთ, ძალიან მოგეწონებათ, - დედამთილი შეაგულიანა რძალმაც.
-დაუჯერე, ჭკვიანი გოგოა, - ღიმილით შენიშნა გურამმა.
-კარგი, - სიცილით თქვა ხანმოკლე პაუზის შემდეგ, - წავიდეთ, თუ ასე გინდა.
-ძალიან კარგი, დამიჯერე დაუვიწყარ ერთ კვირას გაჩუქებ, - შეჰპირდა ქმარი.
   მთელი კვირა წასავლელად ემზადებოდნენ და ზუსტად ერთ კვირაში უკვე თვითმფრინავში ისხდნენ. ღვედების შეკვრისკენ მოუწოდეს, მალე აფრინდებოდნენ.
ანასტასიას სახე დაძაბვოდა, ხელები გაოფლიანებოდა, გურამმა დაძაბულობა ცოლს მაშინვე შეატყო.
-გეშინია?
-ცოტა, - გამოუტყდა ქალი.
-ხელი მომეცი, - ქმარმა ხელი ჩასჭიდა და თითებით ნაზად მიუალერსა. თვითმფრინავი დაიძრა. ქალს სუნთქვა შეეკრა. აფრენის პირველი წუთები რთული აღმოჩნდა, ყველაფერი საშინლად ირყეოდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გეცლებაო. ხელი ქმარს ძლიერად მოუჭირა, თითებიც კი გაუთეთრა, მაგრამ გურამს არაფერი უთქვამს, ცოლს ჩვეული სიმშვიდით თვალებში უმზერდა. მალე კაცის სიმშვიდე ქალსაც გადაედო და ნელ-ნელა მოეშვა, ამოისუნთქა, ფერი დაუბრუნდა და კაცს ხელი გაუშვა.
-გმადლობ.
-კარგი გოგო ხარ, - ღიმილით უთხრა კაცმა.
-გოგო? - ანასტასიამ სიცილი ვერ შეიკავა.
-ჰო, გოგო, ჩემი გოგო, - გურამმა მისი ხელი აიღო და ნაზად ეამბორა, თავის კალთაში ჩაიდო და თითებით ალერსი დაუწყო.
   რამდენიმე საათში უკვე შვეიცარიის ქუჩებს ტაქსით მიუყვებოდნენ. ანასტასია ყველაფერს გაოცებით ათვალიერებდა, ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს, შენობებს, რომელთა არქიტექტურაც თანამედროვე ხედვას ძველებურ სტილთან ასინთეზებდა. რეტრო სტილი აბსტრაქციზმს ერწყმოდა. ლამაზი იყო, შვეიცარია ძალზედ ლამაზი იყო. სიმწვანეში ჩაფლული პატარა ქვეყანა ევროპის შუაგულში, თავისი დიდებული მთებითა და წყალვარდნილებით. ერთ პატარა ქალაქში შევიდნენ, ანასტასიამ აბრა კი დალანდა, მაგრამ სახელი ვერ ამოიკითხა. არც ქმრისთვის უკითხავს.
-ღმერთო, რა ლამაზია, - ბედნიერი გურამს შესცქეროდა, ისიც მის ხელს იპოვნიდა, მოუჭერდა, ნაზად აკოცებდა და გულზე მიიხუტებდა.
    ხუთი საათისთვის სასტუმროში მივიდნენ. დიდებული სასტუმრო იყო, ისეთი, მუდამ მდიდარი ხალხი რომ სტუმრობს ხოლმე. გურამს ნომერი წინასწარ დაეჯავშნა. პორტიემ ჩანთები გამოართვა და ლიფტით მესამე სართულზე აუძღვა. ნომერი გაუღო და ბარგი შიგნით შეიტანა. დამახინჯებული ინგლისურით გურამმა მადლობა გადაუხადა და ფეხის ქირად რამდენიმე შვეიცარიული ფრანკიც გაატანა.
-როგორ მოგწონს? - ჰკითხა ცოლს. ანასტასია აღფრთოვანებას ვერ მალავდა. აღტაცებული აქეთ-იქით იყურებოდა. ოთახში ერთი დიდი საწოლი იდგა, რომლისთვისაც გვერდით თეთრი მუხის კარადა მიედგათ. იქვე იყო სააბაზანოში გასასვლელი პატარა კარიც. ნომრის ძირითად ნაწილს მისაღები იკავებდა, სადაც რბილი თეთრი დივანი და მუხის მაგიდა იდგა. კედელზე დიდი პლაზმური ტელევიზორი ჩამოეკიდათ, იქვე იყო დატანებული ბარიც, რომელშიც კონიაკის სავსე ბოთლი ორიოდე ჭიქის თანხლებით იდო. ოთახის სამხრეთით ვერანდაზე გასასვლელი კარი იყო, რომელზედაც თხელი თეთრი ფარდები ჩამოეფარებინათ. ანასტასია სიფრიფინა ქსოვილს ნაზად შეეხო. კარები გამოაღო და ნომერიც შვეიცარიის სუფთა ჰაერმა აავსო. მზე ჯერაც არ ჩასულიყო და სხივებიც შიგნით მაშინვე შემოიჭრნენ. აღტაცებულმა ქმარს შეხედა, რომელიც უკვე დივანზე მოკალათებულიყო და ცოლს დაჟინებული მზერით უმზერდა.
-გურამ...- ქალს აღტაცებისგან ენა დაება, - არ მესმის, ეს ხომ ძალიან ძვირი იქნება, სად გქონდა ამის ფული?
-შენ ამაზე არ იღელვო, არც მისესხებია და კრედიტიც არ ამიღია.
-მაოცებ, გურამ, - ქალს გაეცინა. კაცი თვალს ვერ წყვეტდა, ახლა განსაკუთრებით ლამაზი ეჩვენებოდა. წელში გამოყვანილი კოპლებიანი საგაზაფხულო კაბა ეცვა. თმა აეწია და უკან კუდივით შეეკრა, მაგრამ ახლა, სასტუმროში შემოსვლის შემდეგ სამაგრი მოიხსნა და გაიშალა. ჭაღარას მოყავისფრო ფერის საღებავი უფარავდა, რომელიც მუქ ბორდოსფერშიც გადადიოდა.
-მოდი ჩემთან,- უთხრა კაცმა და ხელი გაუწოდა. ანასტასია ყოყმანობდა, გურამს ეჭვისთვალით უყურებდა. - ჩემი გეშინია? - სიცილით ჰკითხა კაცმა. ხელი ქალმაც გაუწოდა. გურამმა მოქაჩა. ანასტასიამ შეკივლა, ინერციით წინ წავიდა, მაგრამ კაცმა მკლავი წელზე მოჰხვია და თავის მუხლებზე ჩამოასკუპა.
-ოჰ, გურამ, - ხელი გულზე მიიდო, საშინლად აძგერებოდა. ამოისუნთქა. კაცი კვლავაც დაჟინებით უმზერდა. მათი მზერა ერთმანეთისას შეერწყა. - დიდი ხანია ასე აღარ შემოგიხედავს, - შენიშნა ქალმა.
-როგორ ასე?
-ისე, როგორც ახალგაზრდობაში მიყურებდი.
  კაცმა აკოცა. ანასტასია შეკრთა, წამით ფაიფურის ქანდაკებას დაემსგავსა, რომელიც თითქოს კაცს საცაა ხელში შემოატყდებაო, მაგრამ შემდეგ მანაც გახსნა ბაგეები და ქმარს კოცნითვე უპასუხა. წამოწითლდა, დაიმორცხვა და გურამისთვის მზერის გასწორება ვერ გაბედა.
-რა იყო? - ჰკითხა ქმარმა.
-დიდი ხანია ჩემთვის აღარ გიკოცნია, მხოლოდ ლოყაზე ან შუბლზე.
  გურამი ანასტასიას მცირედ დანაოჭებულ სახეს შეაცქერდა, მის ყელს, ოჰ, როგორ უყვარდა ქალის თითოეული ნაოჭი, ყოველი მათგანი სათითაოდ დაუკოცნა. ქალი მოეხვია, ხელები კისერზე ძლიერად შემოაჭდო და ქმარს მიეკრა. მოულოდნელად აქვითინდა, მისმა ცრემლებმა გურამს სახე დაუნამა. უკან ჩაიწია და ცოლის სახე ხელებში მოიქცია.
-შენ რა, ტირი? - ჰკითხა და იმ ადგილზე აკოცა, სადაც ლოყაზე ცრემლი ჩამოჰგორებოდა.
-მაპატიე, - უთხრა ქალმა, - უბრალოდ ჩამეხუტე, გთხოვ. - გურამიც ჩაეხუტა. ძლიერად ჩაიკრა გულში. თავზე აკოცა და თითებით ნაზად მიეალერსა.
    დრო გადიოდა, მაგრამ დროის შეგრძნება ორივეს დაჰკარგვოდა. რამდენი ხანი იყვნენ ერთმანეთს ჩახუტებულები, წუთები, საათები? დანამდვილებით ვერც ერთი ვერ იტყოდა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი უნდა გასულიყო. ანასტასიას ქმრის მკლავებში ჩაეძინა. გურამმა ქალი ფრთხილად და მსუბუქად აწია და ლოგინზე დააწვინა. გადასაფარებლის მეორე ბოლო გადმოკეცა და ცოლს გადააფარა. ძალიან მსუბუქი და ფერმკრთალი ეჩვენა, მიუხედავად ამისა სახეზე სიმშვიდის ლანდი მაინც ჩამოჰკრავდა. კაცი გვერდით მიუჯდა. თავისი ცოლის მშვენიერების ცქერით ტკბებოდა. გვერდი თ მიუწვა, სახეზე მისი სუნთქვა ელამუნებოდა. მგზავრობას ისიც დაეღალა, წამით თვალები მინაბა და მალე მასაც ჩაეძინა.
    როცა გაეღვიძა, ანასტასია ტანსაცმელს ალაგებდა. გურამი წამოიწია და თვალები მოიფშვნიტა.
-მე ხომ არ გაგაღვიძე? - უარის ნიშნად თავი გააქნია. ქალს ყველაფერი დაეხარისხებინა. თავისი ტანსაცმელი პირველ და მეორე თაროებზე განალაგა, გურამისი კი მესამესა და მეოთხეზე. - თითქმის მოვრჩი, - თქვა და კბილის ჯაგრისებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების დასალაგებლად სააბაზანოში გავიდა.
გურამს პერანგი დაჰკუჭვოდა, გამოიცვალა. მუქი მწვანე ფანელის პერანგი ჩაიცვა, თმა გადაივარცხნა და თავისი ჩანთიდან პატარა სუნამოც გამოაძვრინა. კარადაზე მიმაგრებულ სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა. პატარა ღიპი ჰქონდა და ცოტა ღაბაბიც დასდებოდა, სახლში ჯდომამ გაასუქა, თუმცა მსუქანი მაინც არ ეთქმოდა.
-რას ათვალიერებ? - ჰკითხა უკან დაბრუნებულმა მეუღლემ.
-ძალიან დავბერდი? - სევდანარევი ხმით ჰკითხა კაცმა. ანასტასია გვერდით მიუდგა, სარკეში ორივეს ანარეკლი შეათვალიერა. „დავბერდით, ორივე დავბერდით, ჩემო გურამ“, - გაიფიქრა,მაგრამ მხოლოდ ესღა უთხრა:
-ძალიან არა, სულ ცოტათი, - კაცმა გაიღიმა.
-წავიდეთ?
-სად?
-გავისეირნოთ, ქალაქი დავათვალიეროთ.
-კარგი, გამოვიცვლი, - ის იყო უნდა წასულიყო, რომ სახე ქმართან მიიტანა და კისერზე დაყნოსა. - ეს რა არის, სუნამო დაისხი?
-ჰო, რა მოხდა?
-ერთი ამას უყურეთ, - წამოიძახა გახარებულმა და კაბის ასარჩევად კარადა გამოაღო.
     შავი, მოხდენილი წვივებამდე კაბა ჩაიცვა. მოშიშვლებულ ბეჭებზე კი შარფი მოიდო. ზურგის ელვაშესაკრავის შეკვრაში გურამი დაეხმარა, მერე კი ბეჭებზე ნაზად აკოცა. სანამ გავიდოდნენ ცოლი დაკვირვებით შეათვალიერა.
-ეს რომელი კაბაა, არ ვიცი.
-იცი, - ეშმაკური ღიმილით მიუგო ქალმა.
-ახალია? - ანასტასიამ თავი გააქნია, - როდესმე გეცვა?
-კი, ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, მას შემდეგ აღარ ჩამიცვამს, განსაკუთრებულ მომენტს ველოდებოდი. - გურამი ჩაფიქრდა.
-აბა დატრიალდი, - უთხრა და ისიც სიცილით პატარა გოგოსავით დაბზრიალდა.
-მახსოვს.
-მართლა, მართლა გახსოვს?
-იმ დღეს გეცვა ხელი რომ გთხოვე, - ქალმა გაუღიმა.
-ჰო, ეგ კაბაა.
-რამდენი წელი გავიდა?
-ორმოცი.
-ისევ ისეთივე ხარ, ჰაეროვანი, ფაფუკი, როგორც ციდან მოვლენილი ნამდვილი ანგელოზი.
-დიდი ხანია ასეთი რამ აღარ გითქვამს, მომენატრა, ის დრო მომენატრა ასეთ რაღაცებს რომ მეუბნებოდი.
-მეც, - უთხრა გურამმა და ცოლს კარი გაუღო.
   მოსაღამოვებულიყო. უკვე შვიდი სრულდებოდა, თუმცა ოდნავადაც არ შებინდებულიყო. ხელკავგამოდებულები გაუყვნენ ქვაფენილიან გზას.
-ხვალ ცერმატში გავემგზავრებით, - მოულოდნელად უთხრა გურამმა.
-კარგი, - ანასტასია ქმარს უფრო მჭიდროდ მიეკრა. მიაბიჯებდნენ შვეიცარიის ქუჩებში, ათვალიერებდნენ, იკვლევდნენ, იცინოდნენ ისე,როგორც ძველად, ახალგაზრდობაში.
   უეცრად გურამმა რაღაც შენიშნა. ორი წუთით მომიცადეო, - უთხრა ცოლს და ქუჩის კუთხეში შეიმალა. ანასტასია ღრმა ცნობისმოყვარეობით უცდიდა. მალე გურამიც გამოჩნდა. სახეგაბადრული ახალგაზრდა ჭაბუკივით სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა, ხელები ზურგსუკან წაეღო.
-ახლა რაღა ჩაიფიქრე? - ირონიით ჰკითხა ქალმა, მაგრამ გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა, როდესაც კაცმა ხელები გამოაჩინა და ქალს წითელი ვარდების ულამაზესი თაიგული გაუწოდა. - ოჰ, გურამ, - გამოართვა და ქმარს გადაეხვია. გული აუჩუყდა, ცრემლები ძლივს შეიკავა. - ძალიან ლამაზია, - უთხრა და ცხვირი შიგნით ჩარგო. შეამჩნია ახალგაზრდა გოგოებმა ვითომ შეუმჩნევლად ფოტო რომ გადაუღეს, - მგონი იმ ბავშვებმა გადაგვიღეს.
-მერე რა, შენზე უკეთესს მაინც ვის გადაიღებენ, წამოდი. - ცოლს კვლავ ხელკავი გამოსდო, ანასტასიამ თაიგული მკერდზე მიიკრა და ქმარს გაცისკროვნებული გაჰყვა.
იმ საღამოს ბევრი იარეს, ისე ჩამოუბნელდათ ვერც გაიგეს. ასაკის მიუხედავად არც ფეხები დაღლიათ და არც წელი ასტკივებიათ, ვერაფერს გრძნობდნენ და არაფერი ადარდებდათ, არც თავიანთი სიბერე.
-ხომ არ დაიღალე? - ანასტასიას ჰკითხა გურამმა, როდესაც შეატყო, რომ მზის სინათლე საბოლოოდ გამქრალიყო და ახლა შუქს მხოლოდ ქუჩის ლამპიონები ასხივებდნენ.
-არა, შენ?
-მე რა დამღლის, - გამარჯვებულის ზეიმით თქვა კაცმა, თუმცაღა ცოტათი კი ქოშინებდა, ამიტომ ცოლს შესთავაზა: - რას იტყვი სავახშმოდ რამე კარგი რესტორანი რომ გვენახა?
-ამდენ სიარულში ძალიან მომშივდა.
-მეც.
  იქვე ახლოს კარგი რესტორანი იპოვნეს, მყუდრო და წყნარი ადგილი იყო, ტურისტებს არ გადაეჭედათ. გურამმა მენიუს დახმარებით მიმტანებს აუხსნა რასაც შეუკვეთავდნენ და მოლოდინის რეჟიმში გაინაბა. გაუკვირდა როცა ყველაფერი ადრიანად მოუტანეს, მადლობა გადაუხადა და ღვინო ანასტასიას თავად დაუსხა.
-გმადლობ, - მოკრძალებულად დაუკრა თავი და ჭიქა ასწია.
-ჩვენ გაგვიმარჯოს, - გურამმა ჩიქა მიუჭახუნა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს. - ოდნავ მოსვეს, - კარგი ღვინოა, - შენიშნა ქალმა.
-ნამდვილად, ეტყობა ქართულია, - თქვა და ბოთლს დახედა, ქართული ნამდვილად არ იყოს, - როგორც ჩანს, აქაც იციან ღვინის დაყენება.
  ქალი კაცს აღტაცებული შესცქეროდა. გურამმაც იმ მზერით შეხედა, რომელიც უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა. ანასტასია ასეთი მომხიბვლელი არსდროს ენახა. თვალები უბრწყინავდა, თითქოს მათში პაწაწინა ვარსკვლავები აციმციმებულიყვნენ. სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. ქალი შეცვლილიყო, მისი მზერა შეცვლილიყო. ამდენი წლის შემდეგ გურამმა იგრძნო ის, რაც კარგა ხანი აკლდა, რომ თავის ცოლს ისევე ძლიერ უყვარდა, როგორც უწინ, მათ ახალგაზრდობაში. მიხვდა, რომ ამ ქალისთვის არაფერი დაენანებოდა, რომ ყურებამდე იყო შეყვარებული. ანასტასია ანცვიფრებდა, აღტაცებაში მოჰყავდა, აკვირვებდა თუ რა ნახა ასეთმა ქალმა მისნაირ კაცში, როგორ უყვარდა ეს მუცელგამობერილი, მოხუცი გურამიკო, როგორც ახალგაზრდობაში ეძახდა. ამ უპირობო სიყვარულისთვის უზომოდ მადლიერი იყო, ამ ქალისა და მისი ბედნიერებისთვის არაფერს დაიშურებდა. სინდისი ქენჯნიდა და ნანობდა, რომ ამდენი წელი ასე უქმად გალია, რომ მთელი ეს დრო ეს ქალი გვერდით ჰყავდა და ვერ აფასებდა; ვერ აფასებდა თუ რამხელა განძის პატრონი იყო და რამოდენა სიყვარული ჩატეოდა თავის პატარა გულში. ძალა მოიკრიბა, ის, რის თქმასაც აპირებდა არ იყო ადვილი, არც ახსოვდა ბოლოს როდის უთხრა, მაგრამ როცა კი უნდა ყოფილიყო ეს, დარწმუნებული იყო,რომ ისე ეტყოდა, უბრალოდ, როგორ მარტივადაც ამბობენ ხოლმე, მაგრამ არა ახლა, ახლა ამ სიტყვების თქმა ძალზედ რთული იყო თვალს მომდგარი ცრემლებისა და გულის გამალებით აძგერების გარეშე. გული უკვე ბაგაბუგს გაუდიოდა, ისე, როგორც მაშინ, წლების წინ, როდესაც ახალგაზრდამ სათაყვანებელ ქალს პირველად უთხრა, პირველად გამოუტყდა სიყვარულში. ხელები აუცახცახდა, თუმცა ძალა მოიკრიბა, თავის თავს შემოუძახა, ანასტასიას შეხედა და უთხრა:
-მიყვარხარ, - მართლაც არ ჰგავდა ის უბრალო, მონოტორულ ფრაზას ასე ხშირად რომ ამბობენ ხოლმე, ეს იმ პირველ - მიყვარხარს ჰგავდა, ორმოცი წლის წინ რომ უთხრა. დამაჯერებელი, ემოციური, გულიდან ამოსული, დიდი მგრძნობელობითა და სინაზით, უდიდესი სიყვარულით გაჟღენთილი მიყვარხარ. პასუხის მოლოდინში, თუმცაღა კი ამჯერად უკვე იცოდა, თუ რა პასუხი ექნებოდა ქალს, ვინაიდან ამას მის თვალებში ხედავდა, გაირინდა, სუნთქვა შეეკრა და თითქოს გულიც გაუჩერდა მანამ, სანამ ქალმაც ათრთოლებული ხმით არ გაუმეორა:
-მიყვარხარ, მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ, გურამ. - ადგა და ცოლს მოეხვია. ქალმაც მკლავებზე შემოაჭდო ხელები. გურამმა მისი ხელი აიღო და ყოველი თითი სათითაოდ დაუკოცნა. რესტორნის ბენდი დასაკრავად ემზადებოდა, როდესაც მომხდარი დაინახეს, ღიმილით ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და მაშინვე რომანტიულმა მელოდიურმა ჰანგებმა აავსო პატარა შვეიცარიული რესტორანი.
-პატივს დამდებთ, ქალიშვილო, და მეცეკვებით? - ჰკითხა, როგორც ძველად.
-თუ ფეხზე არ დამაბიჯებთ.
-როგორ გეკადრებათ, ეგ დიდი ხნის წინ იყო. - ღიმილით მოაგონდა თავისი პირველი მარცხი, ოფლად გაიწურა და კინაღამ ინფარქტი მოუვიდა, სანამ ანასტასიას საცეკვაოდ დაპატიჟებდა. გოგონას უარი არ უთქვამს. დიდი ამბით გაიყვანა საცეკვაო მოედანზე, მაგრამ სიამოვნების ნაცვლად, მთელი ჯოჯოხეთი გამოიარა, ისე დაიტანჯა. მთელი სხეული დაძაბვოდა. ფეხი ოთხჯერ დააბიჯა, მთელი საღამო ბოდიშებს უხდიდა, ის კი იცინოდა და ეხუმრებოდა, რომ თავისი ფეხსაცმელი უკვე აღარაფრად ვარგოდა და ახალი ჰქონდა საყიდელი. ხუმრობდა, მაგრამ გურამმა მართლაც უყიდა ძალიან ლამაზი და მოხდენილი ფეხსაცმელი.
-ამას ვერ მივიღებ, - კატეგორიული უარი განუცხადა ქალმა, მაგრამ კაცი არ მოეშვა, ძალით მაინც დაატოვებინა. იმის შემდეგ მათ ყოველ შეხვედრაზე ქალს მუდამ ის ფეხსაცმელი ეცვა. შიშველი კოჭები მოუჩანდა, ძალიან ლამაზი იყო, თითქოს ზუსტად მისთვის შეეკერათ. გურამს ცეკვა არ უყვარდა, არც გამოსდიოდა. ქორწილამდე აღარ უცეკვიათ, ქორწილისთვის კი საგანგებოდ მოემზადა და მგონი, გამოცდაც მეტნაკლებად წარმატებით ჩააბარა. ფეხი არ დაუბიჯებია, მაგრამ მთელი ცეკვა არც იატაკისთვის მოუშორებია თვალი. ანასტასია უწყრებოდა სულ იატაკს მისჩერებოდი, მე ზედაც არ მიყურებდიო. ჰოდა, იმის შემდეგ აღარც უცეკვიათ. ახლა მესამედ ცეკვავდნენ ერთად.
    საცეკვაო მოედანი გაუთავისუფლეს. მიმტანებმა უთქმელად გასწი-გამოსწიეს მაგიდები. ქალმა ხელები კისერზე შემოჰხვია და იდაყვებით ბეჭებზე ჩამოეყრდნო, გურამმა წელზე მოჰხვია ხელები. ნაზად ირხევოდნენ, ჰაეროვნად. ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ, მზერა წამითაც არ მოუშორებიათ და ამ მზერით გურამი ანასტასიაში, ანასტასია კი გურამში ჩაიკარგა. არ ანაღვლებდათ უამრავი ადამიანი რომ უყურებდათ და ყველას ყურადღება მათზე რომ იყო მიპყრობილი. ერთმანეთის თვალებში ისევ ახალგაზრდები იყვნენ, ისევ სიცოცხლითა და სიყვარულით აღსავსენი. ტკბილი ზღაპარი ეგონათ, ჯადოსნური ოცნება, მაგრამ ეს სინამდვილე იყო. მათი თვალები შეცვლილიყო, ნაცრისფერი ბინდი გადაცრეცილიყო და მათში ძველებური ჟინი და სიცოცხლე დაბრუნებულიყო. ფეხი ერთხელაც არ დაუბიჯებია, არც კი შეჰხებია.
-ცეკვა ისწავლე? - ჰკითხა ქალმა.
-ჰო, ვისწავლე, - ღიმილით მიუგო კაცმა და მეუღლეს ნაზად აკოცა. ოვაციები და შეძახილები გაისმა, ნამდვილი აპლოდისმენტები დაიმსახურეს. მაშინღა გააცნობიერეს, რომ ყველა მათ შესცქეროდა. ანასტასიას შერცხვა და თავი დაბლა დახარა, გურამმა კი ეს უხერხულობა რომ დაეფარა, რევერანსი გააკეთა და შეკრებილ საზოგადოებას თავი დაუკრა.
   რესტორნიდან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ, ბავშვური სილაღითა და ბედნიერებით აღსავსენი. ცოტათი ღვინოც მოჰკიდებოდათ.
-ვერ ვიჯერებ, რომ ამდენი ხალხი გვიყურებდა და შენ ასე მაკოცე, - სინანულით თქვა ქალმა.
-როგორ...ასე? - კაცმა მოულოდნელად კიდევ აკოცა. ანასტასიამ მაშინვე მოიშორა.
-გაგიჟდი, რას აკეთებ?! მთვრალი ხარ!
-არა, არ ვარ. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! - ხელები გაშალა და ყვირილი დაიწყო,- მინდა, რომ მთელმა სამყარომ გაიგოს, მიყვარხარ, ანასტასია!
-ღმერთო, რას აკეთებ, რა სირცხვილია, - დატუქსა ქალმა და სასწრაფოდ სასტუმროსკენ სწრაფი ნაბიჯებით წაიყვანა.
   აღშფოთებული იყო, ვერ ცხრებოდა, სასტუმროში მისულმა ქმარს მთელი მორალური ლექციები წაუკითხა, გურამი კი გაღიმებული, ბედნიერი უსმენდა.
-რა მოხდა ცოლს თუ ვაკოცე შვეიცარიის ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაში, ვინ უნდა გაიგოს, თუნდაც გაიგონ, მერე რა, ეგ სრულაც არ მანაღვლებს.
-მე მანაღვლებს, ხალხი რას იფიქრებდა?!
-რა უნდა ეფიქრათ?
-არ ვიცი, ორი მოხუცი ქუჩაში კოცნაობს, გურამ ახალგაზრდები მაინც ვიყოთ, რა ამაზრზენობაა.
-ეს ვართ შენთვის, ამაზრზენობა? - გული ეტკინა და გაბრაზება ხმაზეც დაეტყო.
-არა, რა თქმა უნდა, არა. ეს არ უნდა მეთქვა, არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ, სწორად ვერ ვაზროვნებ, გთხოვ მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა. - ქმართან მივიდა და ძლიერად მოეხვია. გურამიც მოლბა, წყენა სრულიად დაავიწყდა. ქალმა ხელები თმაში შეუცურა, თავი დივანზე გადაუწია და ნაზად აკოცა. უდიდესი ვნებითა და ჟინით ეფერებოდა. ყელზე კოცნიდა, პერანგის ღილი შეუხსნა.
-მოიცადე, - გააჩერა კაცმა, - ამისთვის მგონი უკვე ძალიან ბებერი ვარ, - ხმაში იმედგაცრუება გამოსჭვალოდა. ქალს თითქოს არც გაუგია, მისი კოცნა მაინც განაგრძო. შემდეგ შეხედა და უთხრა:
-მაინც მიყვარხარ, გურამიკო. - ერთმანეთს კიდევ აკოცეს, გაიხადეს და საწოლში ჩაწვნენ, მანამდე ანასტასიამ თხელი ღამის პერანგი გადაიცვა. წლებია, რაც ერთ საბანში არ წოლილან. ერთმანეთის სითბო მონატრებოდათ. გურამი ზურგიდან მოეხვია და ხელები წელზე შემოაჭდო, ანასტასიამ ფეხები მის წვივებს მიადო, ერთგვარი კოვზის ფორმა მიიღეს. ქალს კაცის სუნთქვა ყელზე ნაზად ელამუნებოდა და ეს მთელ მის სხეულს სიცოცხლით ავსებდა. ასე ჩახუტებულებს ჩაეძინათ და მთელი ღამე ასევე ჩახვეულებს ეძინათ.


ცერმატი

  გაღვიძებულმა საწოლზე ხელი მოაფათურა, ცარიელი იყო. იდაყვებს დაეყრდნო და წამოიწია. ანასტასია კედელთან იდგა, ხელში ელექტრომადუღარა ეჭირა.
-რას აკეთებ? - ჰკითხა კაცმა.
-ჩაის ვადუღებ. ცოტა გავისეირნე, შენი გაღვიძება არ მინდოდა. კრუასანები ვიყიდე, ვისაუზმებთ.
-ვიფიქრე სადმე კაფეში ვისაუზმებდით.
-არ არის საჭირო, თანხას გაუფრთხილდი.
-შეგიძლია ამაზე წამით მაინც არ იფიქრო?
-შევეცდები, - ღიმილით მიუგო ცოლმა, - უკვე ადუღდა, ადექი.
  გურამი წამოდგა, თავი მოიწესრიგა, შემდეგ ისაუზმეს. გემრიელი კრუასანები იყო ალუბლის ჯემის შიგთავსით.
-დღეს რა გეგმები გვაქვს?
-ცერმატში მივდივართ.
-ქალაქია თუ რამე დაწესებულება?
-არ გაგიგია? - გაოცებით ჰკითხა კაცმა.
-არა, რა მოხდა, ისე ნუ მიყურებ, თითქოს უკანასკნელი უვიცი ვიყო,- კაცს გაეცინა.
-შვეიცარიის ალპებში მდებარე ყველაზე ცნობილი კურორტია, მატერჰორნის ძირას.
-საიდან უნდა ვიცოდე შვეიცარიის გეოგრაფია.
-ჩათვალე, რომ შვეიცარიული მესტიაა. ღამეს იქ გავათევთ, კოტეჯი დავჯავშნე, მაგრამ ბევრი რამ არ წამოიღო.
   საჭირო ნივთები საგანგებოდ გურამის მიერ ნაყიდ ზურგჩანთებში ჩააწყვეს, სალაშქროდ გამოეწყვნენ და სადგურზე წავიდნენ. ცერმატში მატარებლით ჩავიდნენ. მგზავრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. ჰორიზონტი უფრო და უფრო ლამაზდებოდა, მწვერვალები ულამაზეს ჩანჩქერებს, აყვავებული მთა-გორები კი მწვანედ მობიბინე ველებს ცვლიდა.
-გურამ, შეხედე, რა ლამაზია.
-ჰო, ლამაზია, საქართველოც ასეთივე ლამაზია, მაგრამ უკვე შეჩვეულები ვართ. აქ რომ ვცხოვრობდეთ არც ეს პეიზაჟები მოგვეჩვენებოდა ლამაზად.
  ცერმატი მართლაც რომ მესტიას ჰგავდა. სიმწვანეში ჩაფლული, მწვერვალებითა და ქედებით შემოსაზღვრული პატარა ევროპული თემი იყო. მოსახლეობის ძირითად შემოსავალს აუარებელი სასტუმროები და რესტორნები წარმოადგენდა. პატარა, ვიწრო ქუჩებში უამრავი ტურისტი ირეოდა. ყური რომ დაგეგდო ამ პატარა თემში,  ალბათ, ნახევარი მსოფლიოს ენებს გაიგონებდი. კოტეჯში დაბინავდნენ, ცოტა ხანი დაყვეს და ცერმატის დასათვალიერებლად გაეშურნენ. ჯერ კიდევ მაისი იყო, მაგრამ მაინც ცხელოდა.
-უჰ, დაცხა, - თქვა გურამმა და ოფლით დაცვარული შუბლი ცხვირსახოცით მოიწმინდა, - რას იტყვი ცოტა რომ გავგრილდეთ? - ქალმა ეჭვისთვალით შეხედა.
-ამჯერად რაღა ჩაიფიქრე?
-აქვე ლეისის ტბაა, ცერმატის სანაპიროსაც კი უწოდებენ. მშვენიერი საპიკნიკე ადგილია, ხალხი საბანაოდ დადის.
-საბანაოდ? - გულიანად გაეცინა.
-ჰო, რა მოხდა, წავიკითხე, რომ ღრმა არ არის.
-ჯერ ეს ერთი, ცურვა არ ვიცი, ხომ არ დაგავიწყდა?
-გასწავლი.
-60 წლის ასაკში?
-ჯერ 60-ის არ ხარ, ისედაც, მერე რა, სწავლა სიბერემდეო.
-სიბერემდე და არა სიბერეშიო, მეორეც, ამ ტანსაცმლით ხომ არ ვიცურავებთ?
-ეგ პრობლემა არ არის.
-შენთვის არაფერი არ არის პრობლემა, გურამ.
-ის ვიგულისხმე, რომ საცურაო კოსტიუმები გვაქვს.
-რა?
-აი ამ ჩანთაში მიდევს, - ბეჭებზე მოგდებული ზურგჩანთა შეათამაშა, - ჩემიც და შენიც.
-ახლა ისიც არ მითხრა, რომ ქუჩაში აპირებ გამოცვლას.
-ნუ გეშინია, მოფარებული იქნება, წამოდი. - ცოლს ხელი მოჰხვია და აბრის მიმართულების მიხედვით ლეისისკენ გაუძღვა.
   გამოიცვალეს. ანასტასიას ამდენი წლის შემდეგ საცურაო კოსტიუმში პირველად ხედავდა. ისეთივე მკვრივი სხეული არ ჰქონდა, მაგრამ ვერც იმას იტყოდი, რომ რამდენიმე დღეში 60 წლის გახდებოდა, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. დახურული კოსტიუმი ეცვა, მხოლოდ ზურგი მოშიშვლებოდა. თავიანთი ტანისამოსი ჩანთებში ჩააწყვეს და ნაპირთან დადეს.
-აქ დავტოვოთ, რომ მოიპარონ?
-ღმერთო დიდებულო, ვინ უნდა მოიპაროს, ანასტასია, შეხედე სად ვართ, ან ვის რად უნდა ჩვენი ტანსაცმელი.
-ფული?
-ნუ გეშინია, ვუყურებ, არავინ არაფერს არ მოიპარავს. მოდი, ფეხი იდგმება.  - ანასტასიამაც ქმარს ხელი გაუწოდა და ნელ-ნელა წყალში უფრო ღრმად შევიდა. თითქმის მკერდამდე სწვდებოდა. წყალი მაინცდამაინც ცივი არ იყო, სასიამოვნო იყო გრილი წყლის შეხება, შეგრძნება თუ როგორ უსველებდნენ სხეულს წყლის წვეთები, თითქოს სიცოცხლით ავსებდნენ. მზის შუქზე ანასტასიას სხეული წყლის წვეთებს ირეკლავდა და თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. ქალმა ხელი წყალში აათამაშა და გურამი ერთიანად გაწუწა.
-რას აკეთებ? - სიცილით ჰკითხა კაცმა. ანასტასია კი იცინოდა, ისე გულიანად, ისე ნამდვილად, როგორც არასდროს. მისი კისკისის ხმა კაცს ჟრუანტელს ჰგვრიდა. არ უწყრებოდა, უბრალოდ ამ ჯადოსნურ წამს, რაც არ უნდა ექნა, ანასტასიას მაინც ვერ გაუბრაზდებოდა, ამ წამს ამ ქალის უსაზღვრო სიყვარულის გარდა არაფერი შეეძლო. ეს სიყვარული უძგერებდა გულს, ასაზრდოებდა და სიცოცხლის ხალისს სძენდა.
-ეგრე, არა? - უთხრა და ქალი ხელში აიტაცა, უფრო ღრმად შეცურა.
-გურამ, რას აკეთებ?! ცურვა არ ვიცი! - შეკივლა ქალმა, მაგრამ რა წამს კი ქმარს თვალებში ჩახედა, წარმოუდგენელი შვება იგრძნო, თავს მის მკლავებში ისე უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდა, როგორც არასდროს.
-გიჭერ, გიჭერ, - ჩუმად უთხრა გურამმა, ხელებზე დაისვენა და წყალზე ტივტივის საშუალება მისცა. ანასტასიამ ხელები გაშალა, თავი უკან გადაწია, იგრძნო თუ როგორ დაუსველდა თმა, მოდუნდა და დაძაბული სხეული მოეშვა. ცის თაღზე გამოკიდულ მზეს შეაცქერდა, თვალს სჭრიდა, მაგრამ მაინც, ასეთი ლამაზი ზეცა არასდროს ენახა. ასე მშვიდად თავი არასდროს ეგრძნო. გურამს შეხედა. თითქოს ამ ბოლო დღეებში შეცვლილიყო, უფრო ენერგიული და გაახალგაზრდავებული ეჩვენა. თავის ცოლს თვალს ვერ აშორებდა. მის ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა გოგო ჭყუმპალაობდა მომდგარი, ვიწრო ბიკინებით, მაგრამ წამითაც არ შეუხედავს არცერთისთვის, ანასტასიას გარდა არავინ აინტერესებდა. ხედავდა, რომ თავისი უძვირფასესი მეუღლე ბედნიერი იყო და სწორედ ეს გამხდარიყო მისი უდიდესი ბედნიერების დასაბამიც.
   ტბაზე შებინდებამდე შემორჩნენ. გურამი აჩვენებდა, ასწავლიდა, ეხმარებოდა, უდიდესი ენთუზიაზმით უხსნიდა და ანასტასიაც ყველაფერს ითვისებდა. ქმრის დახმარებით 59 წლის ასაკში ცურვა ისწავლა.
    შემდეგ ცოტა ფეხით გაისეირნეს. საბაგიროთი ავიდნენ იქ, საიდანაც ზამთრობით სათხილამური ტრასები იწყებოდა. მატერჰორნი ყველაზე კარგად იქიდან მოჩანდა. შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე მდებარე გიგანტური პირამიდის ფორმის მქონე მწვერვალმა ორივე აღტაცებაში მოიყვანა. განათებული ქალაქის ფონზე სიბნლეში კიდევ უფრო ბუმბერაზი და დიდებული ჩანდა.
-ცოტა უფრო ახალგაზრდები რომ ვიყოთ, მასზე ავიდოდით, - თქვა გურამმა. ქალს გაეცინა.
-რას ვიზამდით?
-ავცოცდებოდით, მწვერვალს დავიპყრობდით.
-ამ დღეებში ისედაც უამრავი მწვერვალი დაიპყარი, გურამ, საკმარისია. - კაცმა გაიღიმა და ცოლს ლოყაზე ნაზად აკოცა.
-ჯერ სად ხარ.
-კიდევ რა გაქვს ჩაფიქრებული?
-ხვალ გაიგებ, დამიჯერე, ეს არასდროს დაგავიწყდება.
-ახლავე მითხარი.
-არა.
-გთხოვ, - თითები ყელზე მიიჭდო, პატარა გოგოს ჰგავდა, მეგობარს საიდუმლოს გამხელას რომ სთხოვს.
-ხვალ, - დამარცვლით უთხრა კაცმა და დასახლებისკენ ბილიკებს დაუყვნენ. რამდენიმე კილომეტრი გაიარეს, თუმცა დაღლა საერთოდ არ უგრძვნიათ. როცა ცერმატის ცენტრში აღმოჩნდნენ გვარიანად ჩამობნელებულიყო. გურამმა საათს დახედა. ათი ხდებოდა. სავახშმოდ ერთი რესტორანი შეარჩიეს. თუ მცირედ ლანჩს არ ჩავთვლით საბაგირომდე რომ მიირთვეს, თითქმის მთელი დღე არაფერი ეჭამათ. სტეიკი და ტრადიციული სალათი შეუკვეთეს. ღვინო ჭიქებით მოატანინა. რესტორანი ტურისტებით იყო გადავსებული, მაგრამ ადგილი მაინც იპოვნეს.  
-გმადლობ, - უთხრა ანასტასიამ.
-მადლობას რისთვის მიხდი?
-იმისთვის, რომ ეს არაჩვეულებრივი წამები განმაცდევინე და ეს დაუვიწყარი დღეები მაჩუქე.
-ეს მცირედია,რასაც იმსახურებ. ვწუხვარ, რომ მეტის გაკეთება არ შემიძლია. - ქალმა ხელზე მოუჭირა.
-ეს საკმარისზეც მეტია,გურამ, ვერასდროს ვიფიქრებდი ეს მე თუ დამემართებოდა, თავი სიზმარში მგონია.  - კაცმა მისი ხელი აიღო და ნაზად აკოცა. გვერდითა მაგიდიდან ხმა მოესმათ. ახალგაზრდა წყვილი მათ გაბადრულები შესცქეროდათ. კაცი დიდ წვერს ატარებდა, რაც ასაკს ჰმატებდა, მაგრამ 35-ზე მეტის მაინც არ იქნებოდა, ქალი კიდევ უფრო ახალგაზრდა ჩანდა, 30 წლამდე.
-buon pomeriggio, - მიუგო კაცმა.
-რა თქვა? - ცოლს ჰკითხა გურამმა.
-არ ვიცი, მგონი იტალიურია.
- ჰელოუ, - გურამმა ხელი დაუქნია.
-Hello, I’m Mario Napolitano, this is my wife, Danielle.
-გურამი, - ხელი მკერდზე მიიდო, შემდეგ კი ცოლზე მიუთითა, - ანასტასია.
- Nice to meet you, where are you from? - მარიომ ხელი ჩამოართვა.
-ფრომ, ფრომ, - გაიმეორა გურამმა და დაფიქრდა, სიტყვის მნიშვნელობას იხსენებდა. უეცრად სახე გაუნათდა და წამოიძახა: - ჯორჯია.
-oh, you american?
-ნო, ნო, ნო ამერიკან, ჯორჯია, საქართველო, - ხელებით უხსნიდა, საუბარში მთლიანად იყო ჩართული, ჰაერში დიდი წრე დახატა, - მორე, მორე კი არადა, სი, სი, ბლაქ სი, ღვინო,ხინკალი, ხაჭაპური. - ანასტასია სიცილს ვერ იკავებდა, ხელი პირზე აეფარებინა და თავისთვის ხითხითებდა, თუმცა კაცს ეს არ შეუნიშნავს.
-Khachapuri, -აღტაცებით წამოიძახა იტალიელამა, - i have been to Georgia, i love your country, it’s very beautiful, just like Switzerland. – მისი ნათქვამი აშკარად ვერ გაიგო, მისმა თვალებმა დასახმარებლად ანასტასია მოძებნა, თუმცა ქალიც დაბნეული უყურებდა. ბოლოს, მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრა, უთხრა:
-სენქ იუ.  - ანასტასიას კვლავ გაეცინა.
-დამცინი? - ჰკითხა გურამმა.
-არა, უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ.
-so,how long have you been together?
-ღმერთო დიდებულო, რას გადამეკიდა, - ამოიოხრა გურამმა, პირი რამდენჯერმე გააღო, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.ბოლოს კი ხელი ყურთან მიიტანა: - ინგლიშ ნო გუდ, სორი.
-okay, okay, it’s all right, -კაცმა გაუღიმა და ხელი აუწია. შემდეგ კი დანიელას შეხედა და გადაულაპარაკა: - che bella coppia.
-ნეტა რა ჯანდაბა უთხრა, იტალიურის ლექსიკონი უნდა წამომეღო. - ბუზღუნებდა გურამი, ანასტასია კი თავს აქნევდა,სახეზე თავისი ულამაზესი ღიმილი გამოსახვოდა.
-ღმერთო, რა გეშველება.
-რა იყო?
-ინგლისური საერთოდ არ იცოდი, რაღაც გისწავლია.
-რა თქმა უნდა, გინდა შენც გასწავლო?
-კარგი, - კეკლუცურად უთხრა ქალმა.
-აბა, გაიმეორე, აი ლავ იუ, - და ქალმაც გაუმეორა:
-აი ლავ იუ.
   ღამე კოტეჯში გაათიეს. დაღლილ-დაქანცულებს ღრმად ჩასძინებოდათ, მაღვიძარამ გააღვიძათ. გურამი უჩვეულოდ აღტკინებული იყო და დიდ ენთუზიაზმსაც მოეცვა, ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს გამგზავრების შესახებ რომ გამოუცხადა. იქვე ახლოს პატარა კაფეში ისაუზმეს. ალუბლის ჯემგადასმული ბლინები ყავასთან ერთად დააგემოვნეს.
-უმ, გემრიელია, - შენიშნა გურამმა.
-დიდი არაფერი, მე უკეთესს ვაცხობ, - კაცს გაეღიმა, -რა,არა?
-რა თქმა უნდა, შენ ვერავინ შეგედრება.
   ცერმატის ქუჩებში ცოტა კიდევ ისეირნეს, რამდენიმე სუვენირი შეიძინეს. თორმეტი საათი ხდებოდა, როცა გურამმა გამოუცხადა, რომ მისთვის სურპრიზი ჰქონდა და სადღაც უნდა წაეყვანა. ანასტასიაც გაჰყვა. მოშიშვლებულ ველზე მივიდნენ, იქიდან მხოლოდ ლამაზი ხედი იშლებოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ცერმატის სხვა ნებისმიერი ადგილიდან ვერ დაინახავდი.
-აქ რა გვინდა? - ჰკითხა ქალმა. გურამი კი აღელვებული საათს უყურებდა.
-უკვე აქ უნდა ყოფილიყო, რა უპასუხისმგებლობაა, - საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
-გურამ, რა ხდება? - კაცის ღელვა ქალსაც გადაედო.
-აი ისიც! - აღტაცებულმა წამოიძახა კაცმა და ქალს თითით ვერტმფრენზე მიუთითა, რომელიც ცის თაღიდან ნელ-ნელა ქვემოთ ეშვებოდა.
-ეს რა არის? - მოუთმენლად ჰკითხა ანასტასიამ და გურამს შეაცქერდა.
-ეს ჩვენი ჩიტია, საყვარელო.
-უნდა გავფრინდეთ? - აღტაცებით ჰკითხა ქალმა.
-ასეც შეიძლება ითქვას, მაგრამ უფრო უნდა გადმოვხტეთ.
-რა? - გურამს თავი დაეხარა და ჩუმად იღიმოდა იმ ბავშვივით, უვნებელ დანაშაულში რომ გამოიჭერენ.
-პარაშუტით ხომ არასდროს გადმომხტარხარ...
-არა, სულ გაგიჟდი?! ამას არ გავაკეთებ, ღმერთო, გურამ, სულ შეიშალე! ძალიან ცდები თუ გგონია, რომ პარაშუტით გადმოვხტები. გეყოფა თავის მოტყუება, შემოგვხედე, არც ჯანმრთელობა არ გვიწყობს ხელს, არც ასაკი, სად გინახავს 67 წლის კაცი პარაშუტით ხტებოდეს.
-ბრაისონ ჰეიესი 101 წლის იყო, როდესაც პარაშუტით გადმოხტა.
-ვინ არის ბრაისონ ჰეიესი?
-ყველაზე ასაკოვანი კაცი, რომელიც პარაშუტით გადმოხტა.
-ეს თვითმკვლელობაა, გურამ!
-რატომ, არ მესმის, ეს ისაა, რასაც შვილიშვილებს მოვუყვებით, რაც სიკვდილამდე გვემახსოვრება. უკვე აღარ ვართ იმ ასაკში, რომ მომავლის გვეშინოდეს. ერთად გადმოვხტებით, შენ უკან ვიქნები, მოგეხვევი, ხელს არ გაგიშვებ, არ მითხრა, რომ ჩემთან ერთად რამის გეშინია.
-რომ არ გაიხსნას?
-რატომ არ უნდა გაიხსნას?
-არ ვიცი, მეშინია, გურამ.
-მენდობი?
-ჰო, ჰო, გენდობი, მაგრამ...
-ჩემი ხომ გჯერა?
-რა თქმა უნდა მჯერა, გურამ.
-მაშინ ამაშიც მენდე, კარგი? - ცოლთან მივიდა და ნაზად მოეხვია. ვერტმფრენი ჯდებოდა, საშინელმა ქარმა დაუბერა. ყურებში პროპერელის გამაყრუებელი ხმა ჩაესმოდათ. კარები გაიღო, შიგნით პილოტთან ერთად ერთი კაცი იჯდა, რომელმაც უთხრა:
-Извините за опоздание.
-Нет проблем, все в порядке, - მიუგო გურამმა და ვერტმფრენში ავიდა. ანასტასიას ხელი გამოუწოდა, ქალი ყოყმანობდა, მეუღლის გამოწვდილ ხელს ეჭვით უყურებდა.
-ამას სერიოზულად აპირებ? - ჰკითხა შეშინებულმა.
-რა თქმა უნდა, - გურამს ძალზედ დამაჯერებელი ხმა ჰქონდა, შიში საერთოდ არ ეტყობოდა. ქმარს თვალებში ჩახედა, მისი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის სწამდა.
-ვიცი, რომ ამას ვინანებ.
-ერთხელ მაინც გარისკე ცხოვრებაში, ჩემთან ერთად. მიყვარხარ, ანასტასია, არ დავუშვებ, რომ რამე მოგივიდეს, შენზე ძვირფასი არავინ მყავს, სახიფათო რომ იყოს არ გავრისკავდი, საფრთხეში არაფრისდიდებით არ ჩაგაგდებდი.
   ანასტასიას გული გამალებით აუძგერდა, სუნთქვა გაუხშირდა, ზუსტად ისე, როდესაც გურამს პირველად აკოცა. სწრაფი, მოულოდნელი კოცნა იყო და სულ რაღაც ერთ წამს გაგრძელდა, ტუჩები ნაზად შეახო, მაგრამ მთელი დღე, მთელი კვირა ამ კოცნაზე ფიქრობდა. თავის თავს სჯიდა, რცხვენოდა, იცოდა, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ ამავე დროს ეს ისეთი ამაღელვებელი იყო. მან ხომ დაწესებულ, არსებულ ჩარჩოებს გადააბიჯა, ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც ვერ იფიქრებდა, რომ როდესმე გააკეთებდა, ეს ისეთი ტკბილი იყო, აკრძალული ხილის ნაყოფივით, ნანობდა, მაგრამ მომავალში რომ უფიქრდებოდა, ალბათ, მაინც იგივენაირად მოიქცეოდა, ეს წამიერი თავდავიწყება ნამდვილად ღირდა მთელი თვის გვალვად. ასეთ სიგიჟეებს მხოლოდ ამ კაცთან ჩადიოდა, მასთან კარგავდა საკუთარ თავს და მორალური კლიშეებიც ავიწყდებოდა, ასეთ დროს კი სიცოცხლეს მთელი სხეულით გრძნობდა, არა მხოლოდ არსებობდა, არამედ ცხოვრობდა, იმუხტებოდა, თმის ძირებიდან ფეხის თითებამდე სასიამოვნო მსუსხავ ჟრუანტელს გრძნობდა. ასე იყო ახალგაზრდობაში და ასე ხდებოდა ახლაც, ამ წამს. ენერგიის მოზღვავება იგრძნო. მეუღლის თავდაჯერების სჯეროდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენის იქნებოდა გურამი, 27-ის, 40-ის თუ 67-ის, მისი მაინც ყოველთვის სწამდა და ქმარი ჰეროიკულ გმირად ეჩვენებოდა. მასთან არაფრის არ ეშინოდა, რადგან თავად გურამს არ გააჩნდა არაფრის შიში მაშინ, როდესაც ანასტასიასთან ერთად იყო. უბრალო ყმაწვილი, რომელსაც ღამით სიბნელეში გასვლის ეშინოდა, ანასტასიას გვერდით ნამდვილ ჰერკულესად გადაიქცეოდა. არ ეშინოდა, რადგან საკუთარ თავსა და შიშებზე არ ფიქრობდა,ანასტასიას ამ ყველაფერზე მაღლა აყენებდა, მისთვის ყოველთვის ანასტასია იყო მთავარი, ის უნდა ყოფილიყო უსაფრთხოდ და კომფორტულად, სწორედ ქალის შიში ასაზრდოებდა და წარმოუდგენელ ძალას ჰმატებდა, თავდაჯერებას სძენდა, უფლებას არ აძლევდა როდესმე ლაჩრულად მოქცეულიყო და თავადაც შეშინებოდა. იცოდა, რომ საკუთარი სიმამაცე ქალსაც ავიწყებდა შიშს და მის სახეზე სიხარულსაც დაბადებდა. გურამის სწამდა, მისი სიტყვების სწამდა, თვალები დახუჭა და ხელი მოჰკიდა. კაცმა მოქაჩა და ისიც წამიერად ვერტმფრენში გაჩნდა. ჟილეტი ჩააცვეს, ერთმანეთს მიამაგრეს. ღრმად სუნთქავდა და არცერთი სიტყვა არ გაუგია, რომელსაც ინსტრუქტორი გურამს ეუბნებოდა. ვერც ვერტმფრენის ფანჯრებიდან დანახულ სილამაზეს აღიქვამდა. სიმაღლეზე მწვერვალებიც აღარ ჩანდნენ ისე თვალუწვდენელნი, ცერმატი პატარა, მაკეტის ქალაქს ჰგავდა, ულამაზესი ხედები იშლებოდა. ნელ-ნელა მწვერვალებსაც შორდებოდნენ და იქით მიფრინავდნენ, სადაც გაშლილი ველები იწყებოდა. დროის აღქმის შეგრძნებაც დაჰკარგვოდა, გურამმა რაღაც ჰკითხა და მანაც თავი მექანიკურად დაუქნია. მაშინ დამშვიდდა, როდესაც წელზე თავისი ქმრის მკლავები იგრძნო.
-მზად ხარ? - ჰკითხა კაცმა, როდესაც ვაკეს გაუსწორდნენ.
-რა? - კარები გააღეს და გურამმაც იქითკენ მიჩოჩდა, - მოიცადე.
-რა იყო?
-გული რომ გაგვისკდეს?
-გული რატომ უნდა გაგვისკდეს?
-არ ვიცი.
-ჰოდა მაშინ გადავხტეთ, - თქვა და ცოლს ხელი ჰკრა. ერთმანეთზე მიბმულნი გადახტნენ. ანასტასიამ შეკივლა, ყურს უკან გურამის სიცილი ესმოდა, - მივფრინავთ, საყვარელო. - შიშმა გაუარა, როდესაც ეს საოცარი სიამოვნება შეიგრძნო. როდესაც პირველად ეკვეთა სახეში ჰაერის ნაკადი ადრენალინის განუსაზღვრელი რაოდენობა გამოეყო, რამაც შიში სრულებით გადაავიწყა, ხელები გაშალა.
-ჰო, გურამ, მივფრინავთ, - თქვა ბედნიერმა.
-მივფრინავთ.
-მივფრინავთ, - ყვიროდნენ, იცინოდნენ და ჩიტებივით იქნევდნენ ხელებს. როცა მიწამდე რამდენიმე მეტრი აშორებდათ გურამმა პარაშუტს მოქაჩა და ისიც ახლად აყვავებული კოკორივით გაიფურჩქნა, იგრძნეს თუ როგორ შეაქანა რაღაც ძალამ და თითქოს ზემოთ აისროლეს, გასწორდნენ, ვარდნის სიჩქარე შემცირდა. კაცის თავისუფალი მარცხენა ხელი მოძებნა და სანამ გურამი მასაც დააკავებდა წამით ხელი მოუჭირა. იგრძნო თუ როგორ შეტოკდნენ კაცის თითები მის ხელში.
-მიყვარხარ, - ჩასჩურჩულა კაცმა.
-მეც მიყვარხარ, - უთხრა და შემდეგ დაამატა: - ნეტავ, მთელი ცხოვრების მანძილზე თუ მაინც გექნება იმდენჯერ ნათქვამი ეს სიტყვა ამ ბოლო დღეებში რომ მითხარი.
კაცმა არაფერი უპასუხა, თავისთვის ჩაიღიმა და რამდენიმე წამში მიწაზე მსუბუქად დაეშვნენ.
   რეტრო სტილში გაწყობილ რესტორანში ისადილეს, გურამი ცოლს თვალს ვერ წყვეტდა.
-ნანობ,რომ გადმოხტი?
-არა, გმადლობ,რომ დამაძალე, შენ გარეშე ამას ვერ გავაკეთებდი.
-მოგეწონა?-ღიმილით ჰკითხა კაცმა.
-ეს ყველაზე მაგარი რამ იყო, რაც გამიკეთებია. წარმოუდგენელია, 60 წლის ასაკში პარაშუტით გადმოხტომა? ვინმეს რომ ეთქვა ამას გააკეთებდიო, ალბათ სასაცილოდ არ მეყოფოდა.  - ჭამდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა ისე, როგორც უწინ. ბედნიერი იყო, ქალები კი როდესაც ბედნიერები არიან გაუთავებლად ლაპარაკობენ, თუ გაჩუმდნენ მაშინაა საქმე ცუდად. გურამმა ეს იცოდა,კარგა ხანია ასეთი ხალისიანი არ ენახა. ათას თემას მოედო, თითქმის ყველაფერზე ლაპარაკობდა. კაცს რაღაცას ჰკითხავდა და პასუხის გაცემასაც არ აცდიდა, ისევ თავისას იწყებდა. თვალები უბრწყინავდა. კაცი კი დუმდა და ცოლს ღიმილით შესცქეროდა.
-ბევრს ვლაპარაკობ, არა? - უცებ ჰკითხა ანასტასიამ.
-არა, - მიუგო კაცმა.
-ნუ მატყუებ, ალბათ, თავი მოგაბეზრე.
-როგორც არ უნდა მოინდომო, შენ თავს ვერასდროს მომაბეზრებ. - ქალმა გაუღიმა, შემდეგ კი თავი ოდნავ დახარა, ტუჩები მოკუმა, ღიმილის შეკავებას ცდილობდა, მაგრამ აშკარად არ გამოდიოდა და პირი სასაცილოდ მოექცა.
-კიდევ მითხარი, - თავი არ აუწევია, ქვემოდან ახედა. გურამს გაეცინა და კიდევ  ერთხელ უთხრა:
-მიყვარხარ.
   ნაშუადღევს მატარებელში ჩასხდნენ და სასტუმროში დაბრუნდნენ. დარჩენილი საღამო იქ გაატარეს, დივანზე ჩამომსხდრებს თავები ერთმანეთისთვის მიედოთ, გურამს მის მხრებზე ხელი მოეხვია. წარსულს იხსენებდნენ და ერთმანეთს მათთვის მნიშვნელოვან და დაუვიწყარ მოგონებებს უყვებოდნენ. უმეტესობა კი საერთო ისტორიები იყო.


You Are My Sunshine

  გურამს დილით ადრიანად გამოეღვიძა, რა დააძინებდა, დღეს ხომ თავის უსაყვარლეს მეუღლეს დაბადების დღე ჰქონდა. საათს დახედა 06:00 იყო. ფეხაკრეფით წამოდგა. ძალიან ფრთხილობდა. პირველივე პერანგი შემოიცვა და საფულე აიღო. სანამ გავიდოდა ანასტასიას დააცქერდა. სხვანაირი ეჩვენა, თითქოს უფრო გაახალგაზრდავებული, დამშვიდებული, აღარც სახის ყვრიმალები გამოკვეთოდა მკვეთრად, თითქოს ის მცირედი ნაოჭებიც, რომლებიც ჰქონდა, სადღაც გამქრალიყვნენ. მშვიდად სუნთქავდა, გულ-მკერდი ნაზად აუდ-ჩაუდიოდა. მიწაზე მოვლენილ ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა. საბანი მხრებზე ჩამოცილებოდა. გურამმა ფრთხილად დააფარა. თავი ძლივს შეიკავა მძინარესთვის რომ არ ეკოცნა, მაგრამ მისი გაღვიძების შეეშინდა. ნომრიდან ფეხაკრეფით გავიდა. ლიფტი გამოიძახა და ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად გაემართა.
   ქალი მზის სხივებმა გამოაღვიძეს, რომლებიც სახეზე ნაზად ელამუნებოდნენ. შეიშმუშნა და საწოლში გაიზმორა. ხელში რაღაც მოხვდა, მაშინვე თვალი გაახილა. მთელი საწოლი ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი. გაოგნებულმა ოთახში მიმოიხედა და გაოცებისგან პირი დააღო. ნომერი ათასნაირი თაიგულით იყო სავსე. უამრავი ყვავილი სხვადასხვა ლარნაკში ეწყო. გაიცინა და ხელები პირზე აიფარა, თვალები დაახამხამა, ეგონა კვლავაც ეძინა და ეს ყველაფერი ესიზმრებოდა, ხელზეც კი იბრწკინა, ეღვიძა და ყოველივეს ცხადად ხედავდა. წამოდგა და ხალათი მოიცვა. ფეხშიშველმა დაიწყო სიარული. ყოველ თაიგულს შიგნით ბარათი ედო, სადაც ეწერა: „ამქვეყნად შენ ყველაზე მშვენიერი ქალი ხარ“; „ასაკი ისაა,რაც ყველასა და ყველაფერს სპობს, შენ კი კიდევ უფრო გალამაზებს“; „ბედნიერებაა დილით გაღვიძებული ისეთი მშვენიერების მომსწრე გახდე, როგორიც შენ ხარ“... ყოველი ბარათი მოკლე სასიყვარული ტექსტით იყო შემკული. ანასტასია თითოეულ მათგანს აღელვებული კითხულობდა. გული აუჩუყდა და მეშვიდე ბარათი კი სიხარულით გამოწვეულმა ცრემლებმა დაუნამეს. სწორედ ამ დროს ვერანდიდან გურამი შემოვიდა. მაშინვე მისკენ გაექანა და უთქმელად ჩაეხუტა. ცოლს ხელები კაცმაც მოჰხვია, ყურის ძირში ეამბორა.
-დაბადების დღეს გილოცავ, სტასია, - ქალმა მაშინვე შეხედა, თვალს მომდგარი ცრემლები გაბრწყინებოდნენ, მისი მზერის წიაღში თითქოს ალმასის უდიდესი საბადო იმალებაო. ხელი პირზე აიფარა და წამწამებს კიდევ რამდენიმე წვეთი მოსწყდა.
-დიდი ხანია ჩემთვის ეს არ დაგიძახია, მას შემდეგ, რაც ცოლად გამოგყევი.
 -ვიცი, მაპატიე.
-არა, - ხელი ლოყაზე შეახო და ნაზად მიუალერსა, - ბოდიშს ნუ მიხდი, გთხოვ, - თავი მკერდზე მიადო, გურამმაც ხელი ნაზად გადაუსვა და თავზე აკოცა. ყოველთვის სტასია იყო, მისი პატარა სტასია. ასე მხოლოდ ის ეძახდა. მოსწონდა ეს სახელი, მოსწონდა თუ როგორ გამოთქვამდა მას გურამი, ხელიც სწორედ ასე სთხოვა, სტასია, გამომყვები ცოლადო, - ჰკითხა. იმის შემდეგ სტასია არასდროს დაუძახებია, მხოლოდ ანასტასია. უნდოდა ეკითხა სტასიას რატომ აღარ მეძახიო, მაგრამ ვერ გაბედა, კაცის პასუხის შეეშინდა. სტასია ხომ თავად ნიშნავდა სიყვარულს, გულწრფელ, მგზნებარე, უპირობო სიყვარულს. სანამ სტასია იყო, იცოდა, რომ სიყვარულის მარადიული ცეცხლიც ენთებოდა მათ შორის, ეშინოდა, რომ ეს ცეცხლი ჩაქრებოდა და მათი სიყვარული უბრალო მოვალეობად იქცეოდა. პრინციპში ასეც მოხდა და ასეც იყო მრავალი წლის განმავლობაში სანამ ერთმანეთი თავიდან არ იპოვნეს და აღმოაჩინეს, სანამ ერთმანეთი თავიდან არ შეუყვარდათ შვეიცარიაში.
   მთელი დღე ხელჩაკიდებულები, ჩახუტებულები დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში. ახალგაზრდა შეყვარებულებს ჰგავდნენ. მუზეუმებს და ღირსშესანიშნავ ობიექტებს სტუმრობდნენ. საღამოს შვიდ საათზე გურამმა ოპერაში წაიყვანა. ერთად არასდროს ყოფილან, ახალგაზრდობაში კინოში ან თეატრში თუ წავიდოდნენ, ოპერაში არასდროს. ანასტასია პირველად იყო, აღფრთოვანებული გამოვიდა. ემოციებს ვერ მალავდა და ქმარს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებდა. სასტუმროში დაბრუნებამდე ერთ-ერთ ბარში შეიარეს. ცოტა დალიეს, ახალგაზრდობა გაიხსენეს. ასაკის მიუხედავად ჯანმრთელობას არცერთი არ უჩიოდა. სასმელი მეტისმეტად მაგარი გამოდგა, ბარმენმა უცნაური სახელის მქონე კოკტეილი შესთავაზა და მათაც გემო გაუსინჯეს. მალე მოეკიდათ. ბარის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კარაოკე განეთავსებინათ. ვიღაც გოგო მღეროდა, მუსიკალური მონაცემები აშკარად არ ჰქონდა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ადარდებდა.
-უნდა გიმღერო, - მოულოდნელად გამოუცხადა გურამმა.
-რა უნდა ქნა?
-უნდა გიმღერო, - ხელები საზეიმოდ გაშალა და სცენისკენ გაემართა.
-ღმერთო, გურამ, - ანასტასია დაედევნა, თუმცა ვერ მოასწრო, კაცი უკვე სცენაზე ასულიყო, - შენ ხომ არ მღერი, - ჩაილაპარაკა თავისთვის და კედელს მიეყრდნო.
-ჰელოუ, - გურამმა მიკროფონში გამოაცხადა. სცენაზე ასული მოხუცის დანახვაზე ხალხი გახალისდა და მას ოვაციებით შეხვდნენ. - თუდეი, ბირზდეი მაი ვაიფ, - ანასტასიაზე მიუთითა, ხალხმა ტაში დაუკრა. ქალმა დოინჯი შემოირტყა და გამკიცხველად თავი გააქნია,- მუზიკ, - შემოსძახა გურამმა. ერთი ახალგაზრდა მაშინვე მასთან გაჩნდა და შესაფერისი სიმღერა შეურჩია. ბარი მელოდიის ჰანგებმა აავსო. გურამი ეკრანს მისჩერებოდა, წარწერებს არჩევდა, თუმცაღა თითქმის ყველა სიტყვას ამახინჯებდა.
-„იუ არ მაი სანშან, მაი ონლი სანშან... იუ მაიქ მი ჰეპი ვჰენ სკის არ გრეი...იუ ნევერ კნოუ,დეარ,ჰოუ მაჩ აი ლავ იუ... ფლეას, დონტ თაიქ მაი სანშან ავაი...“ - სიმღერის ნიჭით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, თითქმის უბრალოდ ტექსტს კითხულობდა, მხოლოდ ბოლოში აგრძელებდა ხმოვნებს. ანასტასიას ხელი სახეზე აეფარებინა, თავს ისევ აქეთ-იქით აქნევდა, ლოყები აღაჟღაჟებოდა, თან რცხვენოდა, თან უხაროდა. „ღმერთო, რას იფიქრებენ ამ სულელზე, თავს როგორ ირცხვენს“, - ეუბნებოდა საკუთარ თავს, მაგრამ პუბლიკა საპირისპიროს უმტკიცებდა. გურამი ყველას მოსწონდა, ტაშს უკრავდნენ, ამხნევებდნენ, მასთან ერთად მღეროდნენ. ალბათ ესაა სიბერის ერთადერთი უპირატესობა, მოხუცი პატარა ბავშვივით საყვარელია. ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, ალბათ, იქიდან კინწისკვრით გამოაგდებდნენ, წადი და სხვაგან იბღავლეო, მაგრამ ახლა ის ყველას მოსწონდა. ერთგვარი შურითაც კი უყურებდნენ თუ როგორ უმღერდა ასაკოვანი მამაკაცი თავის მეუღლეს. მოულოდნელად ცეკვა დაიწყო. ანასტასიასკენ მიდიოდა, მაგრამ ქალმა უარით გამოისტუმრა.
-არ ვაპირებ მაგ სცენაზე ამოსვლას, გეყოფა, - უთხრა სიცილით და კაციც ბედს დამორჩილდა.
   როდესაც სიმღერა დაასრულა, საყოველთაო აპლოდისმენტები დაიმსახურა. მოეწონა, იმდენად მოეწონა, რომ ახალგაზრდას გამოუცხადა:
-როკ ენ როლ! - ხალხმა ყიჟინა დასცა და შესაბამისი სიმღერაც შეურჩიეს. არ უმღერია, მიკროფონი დააგდო და ცეკვა დაიწყო. ხელებს და ფეხებს იქნევდა, ენერგიულად მოძრაობდა, სახეს მანჭავდა.
-Bravo! - ისმოდა დარბაზიდან, ორი ქერათმიანი გოგონა მასთან ავიდა და ცეკვა დაიწყეს. ჰაერში ხელს ისე იქნევდა თითქოს კოვბოი ყოფილიყო და მეტოქის გასაბმელად თოკი უნდა ესროლა. ანასტასია სიცილს ვერ იკავებდა, გულიანად იცინოდა, სული ძლივს მოითქვა. უკვირდა ასეთი გურამის დანახვა, ასეთი რამ ახალგაზრდობაშიც კი არ ექნა, მუდამ სერიოზული იყო. როდესაც ცეკვას მორჩა, კვლავ მიკროფონი აიღო და ანასტასიას ინგლისურად მიმართა:
-ჰეპი ბირზდეი, დარლინგ, აი ლავ იუ! - მასთან მივიდა და აკოცა, ქალი არ შეწინააღმდეგებია, კოცნას მსუბუქი კოცნითვე ოვაციებისა და შეძახილების ფონზე უპასუხა. გურამს ბარმენიც მოხიბლული შესცქეროდა.კაცის წინააღმდეგობის მიუხედავად სასმლის ფული არ გამოართვა. მადლობა გადაუხადეს და ბარიდან გამოვიდნენ.
-ამხელა კაცს როგორ არ შეგრცხვა? - დატუქსა ანასტასიამ.
-რისი უნდა შემრცხვენოდა, ჩემზე უკეთეს ბარიტონს მთელ ევროპაში ვერ ნახავენ, ლუჩიანო პავაროტის თუ არ ჩავთვლით.
-ბავშვივით იქცევი, მგონი სამსახურს ტვინიც გააყოლე, - გურამმა ხმამაღლა გაიცინა.
-შენ... - ქუჩაში შექანდა, საშინელი თავბრუსხვევა იგრძნო, თითქოს თვალებზე ბინდი ჩამოუწვა და ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ქვაფენილზე გაიშოტა.
-გურამ, გურამ! - შეყვირა ანასტასიამ და ქმარს მივარდა, - Помогите, позвоните в скорую! - გამვლელები დასახმარებლად მაშინვე მიიჭრნენ. მალე სასწრაფო დახმარების სირენების ხმაც გაისმა.



ჰოსპიტალი და ისევ სასტუმრო

  თვალი როცა გაახილა ვერ მიხვდა სად იყო. სასტუმროში ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. ფანჯრებზე სქელი სალათისფერი ფარდები ჩამოეფარებინათ. კედელზე არც საათი ეკიდა. ვერც იმას მიხვდა დღის რომელი მონაკვეთი იყო. ანასტასია გვერდით სავარძელში ეჯდა. თავად საწოლში ჩაეწვინათ და წვეთოვანით რაღაცას უსხამდნენ. პალატაში იყო. ქალს არ გამოჰპარვია თვალი რომ გაახილა. წამოიწია, შუბლზე ხელი მოუსვა, დედობრივი მზრუნველობით მიუალერსა.
-როგორ ხარ? - გურამმა თავი დაუქნია.
-კარგად, რა მომივიდა?
-გონება დაკარგე, გული წაგივიდა. ვაზოვაგალური სინკოპე ჰქვია.
-რამე საშიშია?
-არა, არა, ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი გჭირს, უბრალოდ დაბერდი, - უთხრა სევდანარევი ღიმილით, - პატარა ბიჭი აღარა ხარ, გურამ, გუშინ ზედმეტი მოგივიდა. შენი ასაკისთვის ეს არ შეიძლება. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაც იყავი, ლამის სხეულიდანაც ამოხტი, მთელი ორი დღეა გაუჩერებლივ დავდივართ, გადაიღალე, ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.
-არადა დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
-ვერც მე, ახლა ვიგრძენი.
-ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი.
-რა?
-სიყვარულის ექსტაზის, - კაცმა გაიცინა, ანასტასიამ შვებით ამოისუნთქა.
-გუშინდელის მერე შენგან აღარაფერი გამიკვირდება.
-დაბადების დღე ჩაგიმწარე,არა?
-არა, რას ამბობ. ყველაზე საუცხოო დაბადების დღე იყო, რაც მქონია.
-წარმომიდგენია როგორ შეგაშინებდი, მაპატიე.
-ასე აღარ მოიქცე, კარგი? შენი სიყვარულის დასამტკიცებლად ასეთ სისულეებს ნუღარ გააკეთებ.
-ასე აღარ მოვიქცევი, გპირდები, - ქალის ხელი აიღო და საკუთარში მოიქცია, - არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ მართლა დავბერდი. შენ ხომ ჯერ ისეთი ახალგაზრდა ხარ.
-მე? - ქალს გაეცინა, - ახალგაზრდა ვარ, გურამ? ახლახან 60 წლის გავხდი.
-არ გეტყობა.
-მადლობა, - ეშმაკური ღიმილით მიუგო ანასტასიამ.
-რომელი საათია?
-ახლა თენდება.
-აქედან მალე გამწერენ?
-კი, დღესვე. ანალიზები აგიღეს, არაფერი გჭირს. ძალების აღსადგენად წვეთოვანი დაგიდგეს, სულ ესაა. ჰო, ფული შენი საფულიდან ავიღე, - კაცმა თავი დაუქნია.
-სწორად მოიქეცი. ბავშვებს ამაზე არ უთხრა, კარგი?
-ნუ გეშინია, არ ვეტყვი.
-შეიძლება რაღაც გთხოვო?
-რა თქმა უნდა, რაც გინდა, გურამ.
-ჩამეხუტები? - ქალს გაეღიმა. ადგა და საწოლის კიდეზე, გურამის გვერდით მიწვა.
მარცხენა ხელი გულმკერდზე მოჰხვია, მისი თავი მკერდზე მიიკრა, მარჯვენა ჯერ კიდევ გაუცვენელ თმაში შეუცურა და მეუღლის გათეთრებულ თმას დაუწყო თამაში.
    სასტუმროში იმავე დღეს ტაქსით დაბრუნდნენ. „თავს გაუფრთხილდით, ეცადეთ არ გადაიღალოთ და ერთი-ორი დღე მაქსიმალურად დაისვენეთო“, - უთხრა ექიმმა. გურამი უეცრად ჭირვეულ ბავშვს დაემგვანა. საწოლში დარჩენა არ უნდოდა, შვეიცარიაში ამისთვის ხომ არ ჩამოვედიო, მაგრამ ანასტასიამ მისი დაყოლიება მაინც მოახერხა. მაღაზიაში ხილის წვენები და მზა კერძები უყიდა. საკუთარი ხელით აჭმევდა. ქმარს განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა. შუბლზე კოცნიდა, თმებს უბურდავდა, ეხუმრებოდა, ართობდა.
-აქამდე სად იყავი? - ჰკითხავდა გურამი.
-საჭმელებს გიკეთებდით შენ და შენს შვილს, - პასუხობდა ანასტასია.
  მომდევნო დღეც სასტუმროში გაატარეს. გურამი ჯიუტი კაცი იყო, მაგრამ ცოლის წინაშე უჩვეულოდ მოლბებოდა ხოლმე და თავისი სიჯიუტეც ავიწყდებოდა.
-შენი ფერი არ მომწონს, ჯერ კიდევ ფერმკრთალი ხარ, - ეუბნებოდა ანასტასია და წამოდგომის უფლებას არ აძლევდა. ბუზღუნებდა, მაგრამ მაინც მეუღლის ნებას ემორჩილებოდა, თანაც გარეთ საშინლად წვიმდა. ვერც ვერანდაზე დასხდებოდნენ, ფანჯრებსაც კი ვერ აღებდნენ. წვიმის დროს ცხოვრება მოსაწყენი ხდება, დასველებისა და გაციების შიშით ვერსად გადიხარ. სახლში უნდა იჯდე და ან ტელევიზორს უყურო, ან წიგნი წაიკითხო. ანასტასიას მოთხრობების კრებული წამოეღო და გურამს უკითხავდა, შემდეგ კი მსჯელობდნენ და მოთხრობას განიხილავდნენ, პერსონაჟების ქმედებებს აფასებდნენ. საკმაოდ საინტერესო და ინტელექტუალური საუბრები ჰქონდათ, გურამს ამიტომაც უყვარდა ეს ქალი, ანასტასიას ყველა თემაზე შეეძლო საუბარი, თანაც არა უბრალოდ, გაბნეულად, არამედ სიღრმისეულად, არგუმენტირებული და დასაბუთებული მსჯელობა სჩვევოდა. საკმაოდ ნაკითხი და განათლებული ქალი იყო. გაოცდნენ კიდეც იმდენი რამ აღმოაჩინეს ერთმანეთზე, 40 წელი საკმარისი არ ყოფილა ერთმანეთის სავსებით გასაცნობად, მაგრამ ერთი სრული წვიმიანი დღე კი სრულებით საკმარისი აღმოჩნდა.


დღე მეშვიდე

    მთელი კვირა წარმოუდგენლად მალე გავიდა, თითქოს სიზმარი ყოფილიყო. მათდა საბედნიეროდ, მეშვიდე დღეს გამოიდარა. გურამიც უკეთ გრძნობდა თავს, სახეზე ფერიც დაბრუნებოდა.
-დღეს ბოლო დღეა, - გაღვიძებისას უთხრა ცოლს.
-ჰო, - დაუდასტურა დამწუხრებულმა. აქედან წასვლა არცერთს არ უნდოდა, თითქოს ზღაპარში იყვნენ და რეალობაში დაბრუნება არ სურდათ. მოსწონდათ შვეიცარია, ეს ქვეყანა სიყმაწვილეს ახსენებდათ. აქ თავს გაცილებით ახალგაზრდებად გრძნობდნენ, და საქართველოსგან განსხვავებით აქ იცოდნენ, რომ ერთმანეთი ძალიან ძლიერ უყვარდათ. შეირთო ცოლი და დარჩე შეყვარებულად, ნამდვილ შეყვარებულად, ეს ყველაზე რთულია, მითუმეტეს მაშინ, თუ ქორწინება უკვე ორმოცი წელი გრძელდება. აქ კი თავს ზუსტად ისე გრძნობდნენ, როგორც შეყვარებულები, რომელთა გულშიც ჯერ კიდევ გიზგიზებს ახლადდანთებული ვნების, ურთიერთლტოლვისა და სიყვარულის კოცონი. ევროპის ამ პატარა ქვეყანაში ისევ ახალგაზრდები იყვნენ, ერთმანეთზე ყურებამდე შეყვარებული გოგო-ბიჭი.
-მინდა, რომ ჩვენი შვეიცარიაში ყოფნის უკანასკნელი დღე გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს, - უთხრა გურამმა, - დღეს ლუცერნში გავემგზავრებით, ტბაზე ნავით გავისეირნებთ, ერთგვარ კრუიზს მოვაწყობთ.
-საინტერესოდ ჟღერს, - უპასუხა ქალმა.
  ლუცერნში გაემგზავრნენ. კაპელაპბრიუკის ხიდი ნახეს, შემდეგ კი ნავსადგურს ეწვივნენ.საშუალო ზომის საკრუიზო ნავით ტბაზე გავიდნენ. სანახაობას მოჯადოვებულები შესცქეროდნენ. ულამაზესი ხედი იშლებოდა. ფირვალდშტეტის ტბის ნაპირები, შვეიცარიის ალპების პილატუსი და რიგის მთები გასაოცარ პეიზაჟს ქმნიდნენ. გემბანზე იდგნენ და ხელები ერთმანეთისთვის მოეხვიათ. საამური ნიავი ქროდა, ანასტასიას სიო თმას ნაზად ურხევდა, სასიამოვნო იყო შვეიცარიული ალპური ჰავის შეგრძნობა და სუფთა ჰაერით ფილტვების ავსება. საკრუიზო ნავის მსუბუქი გუგუნი და წყლის საამური ჩუხჩუხი ისმოდა.
-არ მეგონა სიბერეს რამე ასე თუ გამიხალისებდა, - წყლის სარკისებური ზედაპირისგან თვალმოუშორებლად თქვა ანასტასიამ.
-გუშინ ერთ რამეს მივხვდი, - წამოიწყო გურამმა და ცოლს შეხედა, - არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით, გინდ აქ შვეიცარიაში, გინდ ჩვენს საქართველოში. ყველგან შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, თუ ერთად ვიქნებით. ამ სასტუმროს მდიდრულ ნომერშიც და ჩვენს პატარა კვადრატულ ოთახშიც. ადამიანი როცა ბერდება მერე ხვდება თუ რამდენს კარგავდა ცხოვრებაში, როგორ შეეძლო დრო გაეტარებინა და უბრალო წუთები, რომლებსაც დივანზე წამომჯდარი გაზეთის კითხვაში ან ტელევიზორის ყურებაში ატარებდა, დაუვიწყარ მოგონებებად ექცია. ასეთი ჯადოსნური მოგონებებისთვის არც ფულია საჭირო და არც მდიდრული ფუფუნების საგნები, ამისთვის საჭირო თავად ადამიანებია, შენთვის ძვირფასი ადამიანები. სამწუხაროა, რომ ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ქვიშის საათი თითქმის სრულად ჩამოცლილა. ადამიანებს სიბერეში არაფერი რჩებათ. შვილები? ისინი დაოჯახდებიან და თავიანთი საზრუნავი ექნებათ. კარიერა? როგორი კარგი და წარმატებულიც არ უნდა იყოს, დაბერდები და ისიც აუცილებლად დასრულდება. სიბერეში ყველაფერი სრულდება, მხოლოდ სიყვარულია მარადიული, ჩვენი სიყვარული, ანასტასია.
-ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, თითქმის მთელი ორმოცი წელიწადი, - სინანულით თქვა ქალმა.
-ჰო, მაგრამ შესანიშნავი ვაჟი აღვზარდეთ, უმშვენიერესი შვილიშვილები გვყავს და ყოველ დილით შენ გვერდით ვიღვიძებდი, უკმაყოფილო მაინც არ ვარ.
-ეტყობა სიყვარულია თავად ასეთი. დასაწყისში ყველაზე ტკბილია, შემდეგ ნელ-ნელა ფერმკრთალდება, ალი ნელდება, ბოლოს კი დარჩენილი ნაკვერჩხალი თავიდან ღვივდება და უფრო დიდი კოცონის გაჩაღებაც კია შესაძლებელი.
-დროის ბრალია, ახალგაზრდას არ გცალია, საქმე, საქმე, სამსახური, რომ ოჯახი არჩინო და ამ გაუთავებელ გადარბენებში გავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მერე ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, სიყვარულისთვის დრო არ გრჩება.
-ეგეც მართალია.
-ახლა კი დრო თავზე საყრელად გვაქვს, - ანასტასიამ გაუღიმა და ქმარს მიეკრა. გურამმა ხელი მხრებზე მოჰხვია და თავზე ნაზად აკოცა.
   ლუცერნის პატარა, მოკრძალებულ რესტორანში ისადილეს, შემდეგ კი ქალაქში გაისეირნეს.
-რამდენი რამეა სანახავი და რა ცოტა დრო გვაქვს, - თავისთვის ჩაილაპარაკა გურამმა, - ჟენევა, ბერნი, ბაზელი, ციურიხი.
-არა უშავს, სხვა დროს ვნახავთ.
-სხვა დროს? - სიცილით ჰკითხა გურამმა.
-შვეიცარიაში კიდევ დავბრუნდებით, 100 წლის აღსანიშნავად.
-როგორ გგონია, ას წლამდე ვიცოცხლებთ?
-რა თქმა უნდა, მე მანამდე სიკვდილს არ ვაპირებ, არც შენ მოგცემ ამის უფლებას.
-ჰო, ამას კი ნამდვილად გააკეთებ.
   საღამოს აგრილდა. ჯერ კიდევ გაზაფხული იდგა. ვერანდაზე ისხდნენ, მხრებზე თხელი პლედები მოეხურათ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესცქეროდნენ.
-ნახე რა ლამაზია, - უთხრა ანასტასიამ და მოციმციმე ვარსკვლავების წყობისკენ გაახედა, შვიდი ვარსკვლავი რკალისებულად ერთ რიგზე ჩაწყობილიყო და ზეცაზე კიაფობდნენ.
-იცი რას მაგონებს?
-რას? - ინტერესით ჰკითხა ქალმა.
-შენს ღიმილს, ისიც ასეთივე ლამაზია, - ქალს გაეღიმა და გურამიც სიამოვნებით შეაცქერდა მის მშვენიერ ღიმილს. სიბნელეში, მოკიაფე ცის ფონზე მათი ბაგეები მსუბუქად კიდევ ერთხელ შეერწყა ერთმანეთს.
   ჩანთები ღამითვე ჩაელაგებინათ. ნომერშივე ისაუზმეს და აეროპორტში მისასვლელად ტაქსი გამოიძახეს. სანამ გავიდოდნენ ოთახს სევდიანად მოავლეს თვალი, მისი და შვეიცარიის დატოვება ენანებოდათ. გზაში ორივე დუმდა. მანქანის ფანჯრებიდან ქალაქს ათვალიერებდნენ. რამდენი უცხო შენობა დაინახეს, რომელიც მანამდე არ ენახათ. ორივე თავის ფიქრებში ჩაძირულიყო. როდესაც აეროპორტს უახლოვდებოდნენ მხოლოდ მაშინ მოძებნა გურამის ხელმა ანასტასიას ხელი და თავისაში მოიქცია. რეგისტრაცია გაიარეს, ბარგი ჩააბარეს და ბორტზე ავიდნენ. თვითმფრინავი რამდენიმე წუთში დაიძრა.
-ისევ გეშინია? - ჰკითხა ქმარმა.
-ცოტა.
-შენ ხომ პარაშუტით ვერტმფრენიდან გადმოხტი.
-მაგას რა დამავიწყებს, - ქალს გაეღიმა და შვებით ამოისუნთქა, - ვფიქრობ აღარ მეშინია. - გურამმა მისი ხელი აიღო და ნაზად ეამბორა. ილუმინატორიდან გადმოიხედეს. შვეიცარია ნელ-ნელა ბურუსში ეხვევოდა. მთები და მწვერვალები სულ უფრო პატარავდებოდნენ და უფრო შორიდანაც ესახებოდათ მათი ხატება. მალე კი თვალსაწიერიდან სრულიად გაუჩინარდნენ. მხოლოდ ღრუბლები დარჩა, ფითქინა, ფაფუკი ღრუბლები.
-სახლში დაბრუნება მაინც კარგია, - თბილისის აეროპორტიდან გამოსვლის დროს თქვა გურამმა.
-პატარები მომენატრნენ, - უპასუხა ანასტასიამ.
-ჰო,მეც.
ტაქსების სადგომთან მივიდნენ.
-რომელი გადის? - იკითხა გურამმა და ულვაშიანი მელოტი კაციც სასწრაფოდ მათკენ დაიძრა. საბარგული გახსნა, - ეგ ჩანთა მომაწოდე, სტასია, - ცოლს უთხრა გურამმა. ქალს გაეღიმა.
-ახლავე, გურამიკო, - უპასუხა და ჩანთაც მიაწოდა.