პირველი, რასაც შეყვარებულ
ადამიანს ეკითხებიან, ესაა - ლამაზია? „საერთოდ ელენეზე ვერ იტყოდი არნახული სილამაზის პატრონიაო, მაგრამ
ნოესთვის ის სიჭაბუკის ჟამს ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ პლანეტაზე.“* სიყვარული
ხომ იმ სილამაზეს გაყვარებს, რომელსაც გთავაზობენ, შემდეგ კი სწორედ ასეთ
სილამაზეს დაეძებ: ხალს ტუჩის ზემოთ, წაწვეტებულ ცხვირს, ფერკრმთალ სახეს,
აღაჟღაჟებულ ტუჩებს, თხელ წარბებსა და თუნდაც უბრალოდ ბავშვობის დროინდელ შრამს,
რომელიც გასაოცარ ეშხს ჰმატებს საყვარელი ადამიანის სახეს. ვიღაცისთვის სწორედ
ესაა ჭეშმარიტი სილამაზე, ვიღაცისთვის კი არა. ამ ცნებას განსაზღვრება არ აქვს,
მას ჩარჩოებში ვერ მოაქცევ, რადგან თავად ადამიანის გონება ვერ ჯდება ჩარჩოებში,
სილამაზის აღქმა კი გონებასა და მის თავისებურებაზეა დამოკიდებული. სილამაზეს
ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს, ის,რაც ერთისთვის ლამაზია, მეორესთვის ნამდვილი
საშინელებაა. სიყვარული უზენაეს გრძნობადაა აღიარებული, მხოლოდ მას და სხვა
არაფერს შეუძლია გონებაზე გაბატონება, კრისტალიზაციის მოხდენა* და რეალობის
შეცვლა, ნახატის გაფერადება და უბრალოების არნახულ მშვენიერებად გადაქცევა. ამიტომ
იყო ნოესთვის ელენე ულამაზესი გოგო. მას ის უყვარდა და მაშასადამე უყვარდა ის
სილამაზეც, რომლითაც ელენე შემკობილიყო, რომელიც ჭაბუკისთვის შეუცვლელი იყო და
მისი დარი არსად არ არსებობდა. სწორედ ამიტომაა, რომ ჭეშმარიტად შეყვარებული
ადამიანი ვერავის და ვერაფერს ხედავს თავისი სატრფოს გარდა, მისთვის სხვა, თუნდაც
ბევრად უფრო ლამაზი და მომხიბვლელი ადამიანი უბრალოდ შეუმჩნეველია, რადგან მას უკვე
ნაპოვნი აქვს უზენაესი მშვენიერება.
ადამიანში სილამაზის აღმოჩენა ურთულესია. პირველ შთაბეჭდილებას ყოველთვის მაინც
დანახული გვიქმნის. ახალ ადამიანს გაცნობისას უმალვე იმ რენტგენის აპარატში
გავატარებთ, რომელსაც თვალი ჰქვია და ვაი იმას, ვინც გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას
ხშირად ამრეზითაც კი შევხედავთ ხოლმე. მაშასადამე გარეგნული სილამაზე
უმნიშვნელოვანესია. თანამედროვე სამყაროში კი ასეთი სილამაზის შეძენა ძალზედ
მარტივია. სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა ლამაზი და ძვირადღირებული ტანისამოსით,
აქსესუარებით,კარგი მაკიაჟით, ვარცხნილობითა და ათასგვარი პლასტიკური ოპერაციითაა
შესაძლებელი, მაგრამ ხელოვნურ სილამაზესთან ერთად არსებობს ბუნებრივი სილამაზეც,
რომელიც გარეგანის ერთ-ერთი სახეა და ჭეშმარიტ სილამაზეში არ აგერიოთ. რაში
გვარგია ასეთი სილამაზე? ზოგისთვის ის წყევლაც კია. „კასი, თავის ოთხ დასთან
შედარებით, ყველაზე უმცროსი და ყველაზე ლამაზი იყო. საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი
გოგო იყო მთელ ქალაქში“,მაგრამ მისთვის ეს სილამაზე ერთგვარი წყევლა გამხდარიყო.
ამბობდა: „ -ადამიანებს ჰგონიათ, ყველაფერი მხოლოდ ეს არის, რაც მაქვს. სილამაზე
სისულელეა. წავა და გაქრება. შენ არც კი იცი, რა ბედნიერი ხარ, მახინჯად რომ
გაჩნდი. თუ ადამიანებს მოსწონხარ, ესე იგი, ხვდები, ლამაზი თვალებისთვის არ
გამოგარჩიეს“.* გარეგანი სილამაზე მართლაც წარმავალია და რა რჩება მაშინ, როდესაც
ის მიდის? როგორც ტრაგიკოსთა ბრწყინვალე სამეულის ერთ-ერთი წევრი, „მედეას“
ავტორი, ევრიპიდე ამბობდა: „სილამაზე, ესაა დედოფალი, რომელიც ცოტა ხნით
ბატონობს.“ და ამ ხანმოკლე ბატონობისას სრულიად ცვლის ადამიანების აზროვნებას,
შეხედულებებსა და მათ ცხოვრებას.
ბევრი მთელი ცხოვრების განმავლობაში სულიერ სილამაზეს დაეძებს. საინტერესო
კი ისაა, თუ სად ეძებენ მას. თვალები სულის ანარეკლია, როგორც პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს
ქალად აღიარებული მსახიობი და მოდელი ოდრი ჰეპბერნი ამბობდა:
„ქალის სილამაზე არ განისაზღვრება მისი ტანსაცმელებით. ქალის სილამაზე არ
მდგომარეობს იმაში თუ როგორი ფიგურა აქვს ან როგორ ივარცხნის თმებს. ქალის
სილამაზე ჩანს მის თვალებში, რადგან ეს არის მისი გულის გასაღები, ადგილი, სადაც
სიყვარული იბადება.“ მისი სიტყვების მიხედვით, მაინც იქ ვბრუნდებით, საიდანაც
დავიწყეთ, რენტგენის აპარატთან. შესაყვარებლად სილამაზე მაინცაა საჭირო და თუ არ
არსებობს მშვენიერების თუნდაც მცირედი დოზა აღსაქმელად, მაშინ ვერც სიყვარული
დაიბადება. მაგრამ ყოველ ადამიანს აქვს საკუთრივ დამახასიათებელი შარმი, ერთგვარი
აურა, რითიც სხვებს თავისკენ იზიდავს, ან განიზიდავს კიდეც და ზოგჯერ ასეთ
მომენტში თუნდაც წამიერად რაღაც შეიცვლება, გაიელვებს მისი სილამაზე და თუ ამ
მომენტის მომსწრე გავხდებით და მას აღვიქვამთ არ არის გასაკვირი თუ ეს ადამიანი
შეგვიყვარდება, სიყვარულის აღმაფრენი განცდა გვეწვევა, რის შემდეგადაც
კრისტალიზაციის წყალობით გვეცვლება რეალობის აღქმა და ესა თუ ის ადამიანი
სილამაზის ჩვენეული გაგების საზომი ხდება.ჩემ მიერ ზემოთ აღწერილ მოვლენას
ადასტურებს კონსტანტინე გამსახურდიაც, როდესაც ამბობს: „ყოველ ადამიანს აქვს ისეთი
მომენტი, როცა მისი სილამაზე მოულოდნელად
გაიელვებს ხოლმე.“ სწორედ ასეთი გაელვებაა სიყვარულისა და მასთან შეზრდილი
სილამაზის საწყისი.
ხშირად მსმენია რომელიმე პოეტის მუზაზე უთქვამთ,ასეთ ხოტბას რომ ასხამდა,
ნეტავ მართლა ასეთი ლამაზი თუ იყოო. აქაც საქმე სიყვარულს ეხება, პოეტი ყველაზე
მძაფრად ექცევა ამ გრძნობის გავლენის ქვეშ, რადგან ის ხომ ყველაფერს ღრმა და
მძაფრი გაცდებითა და ემოციებით აღიქვამს, შეიგრძნობს. მასაც უყვარდება და ეტრფის
იმ სილამაზეს, რომელსაც სთავაზობენ და როგორც რუსული ლიტერატურული რეალიზმის
ერთ-ერთი ფუძემდებელი ნიკოლოზ გოგოლი ამბობს: „თვით წყარო პოეზიის არის სილამაზე.“ სწორედ ამიტომ სისულელედ მიმაჩნია ჰკითხო
პოეტს, ლამაზია თუ არა მისი სატრფო, რადგან ის აუცილებლად გეტყვის, რომ საკმარისია
ჩახედოთ მის პოეზიასა და ლექსებს, უთუოდ დაინახავთ ანარეკლს მისი სათაყვანებელი
ქალისას და მაშინვე მიხვდებით ლამაზია თუ არა იგი, თუმცა პოეტს და მხოლოდ პოეტს,
სხვებისგან განსხვავებით, აქვს ძალაუფლება იმისა, რომ თავად თქვენც დაგარწმუნოთ თავისი სატრფოს არნახულ სილამაზესა და მშვენიერებაში.
და ბოლოს, ამ თემაზე საუბარს
ისე ვერ მოვრჩები, სტენდალი რომ არ მოვიგონო, ის გარეგნულად ლამაზ ქალზე წერს: „მისი
მშვენიერება ყველასთვის თვალსაჩინოა და მოსართავის შთაბეჭდილებას ახდენს. ის
განსაკუთრებით ბრიყვებს ხიბლავს.“* ბედნიერებაა, როდესაც საყვარელ ქალში
გამუდმებით დაეძებ სილამაზეს, პოულობ
კიდეც და ამას დღითიდღე უფრო და უფრო აღტაცებაში მოყავხარ, უფრო გაყვარებს ამ ქალს
და ჭეშმარიტი მშვენიერების აღქმით თრობასაც კი მიეცემი. სილამაზეა მისი თითოეული
გამოხედვა, ყოველი მზერის დროს ახალ-ახალ აღმოჩენას აკეთებ, აკვირდები დეტალებს და
მომსწრე ხდები არნახული მშვენიერების. მისი ღიმილი თითქოს თავიდან გბადებს, ეს
არის ჭეშმარიტი სილამაზე, სიხარულისგან დაჩნეული ნაოჭები, რომლებიც თავდაპირველად
მხოლოდ ღიმილისა და სიცილის დროს აისახება მის სახეზე, ხოლო შემდეგ კი დროსთან ერთად
სამუდამოდ დარჩება კვალად და სილამაზე, რომლის აღქმაც მომენტებში შეგეძლო უკვე
სამუდამოდ აღიბეჭდება და მაშინ, როდესაც გონება იმდენად დაუძლურდება, რომ
კრისტალიზაცია ვეღარ მოახდინოს, თვალნათლივ სააშკარაოზე გახდები მომსწრე იმ
არნახული სილამაზისა, რომელსაც ასე ეტრფოდი ოდეს.
მაშასადამე, თავად სილამაზე შეიძლება იყოს
წარმავალი, მაგრამ აღქმა სილამაზისა კი ნამდვილად წარუვალია.
გიორგი ჩაჩხიანი
* „ჩემი გრძნობა“ - გიორგი ჩაჩხიანი.
* კრისტალიზაცია - სტენდალისეული გაგება სიყვარულის ჩასახვისა და
განვითარების სხვადასხვა ეტაპის მიმართ.
* „ყველაზე ლამაზი გოგო“ - ჩარლზ ბუკოვსკი.
* „სიყვარულის შესახებ“ - სტენდალი.