ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, December 30, 2017

ცისფერი ღამეები

ეს ცისფერი ღამეები
ჩემთვის გათენებულა
და სიბნელეც უკუნითი
ჩემთვის გათეთრებულა.

ეს ღრუბლები ავბედითი,
სადღაც როგორ გამქრალან
და ჩიტებიც არსაიდან
ცაზე გამოჩენილან.

ღამეს დარჩა ფიქრის გორა,
გუნდა ზვავად ქცეული,
დაიწმინდა ეს გუნებაც
წარსულში წახდენილი.

თუკი რამე სევდა იყო,
ყოველივე გამქრალა,
ახლა მხოლოდ სიხარულით
გული ჩემი აღვსილა.

ფანჯრის მიღმა აღარ მოჩანს
უკუნითი წყდიადი,
დრო დამდგარა მეტად უცხო,
დრო მეტადრე დიადი.

ღამის ორზეც ნათელია
ზეცა უფლის წყალობით
და დამდგარა ახლა ჟამი,
რომ ველოდი თვეობით.

გამითენდა ლურჯი დილა,
ღამე კიდევ ცისფერი
და აღმიდგა ძველებურად
დარღვეული მესერი.

ო, ცისფერო ღამეებო,
ასე როგორ ანათებთ,
რომ ციალით თქვენებურით
დღეს და ღამეს ასწორებთ.

მაინც მიყვარს თქვენი ცქერა
ფანჯრის რაფას დაყრდნობილს,
თქვენ ხართ ჩემი ღამეები
სულს მინათებთ შენდობილს.

გიორგი ჩაჩხიანი

ჩხაპვნა საახალწლოდ

   ხანდახან მინდა, რომ უბრალოდ ავდგე და ყველა გაგინოთ, თქვენი დედაც, აი ასე, დაე, მთელი საზოგადოების, უბადრუკი კაცობრიობის დედაც, მაგრამ მერე მახსენდება, რომ მეც ამ კაცობრიობის ნაწილი ვარ, მასთან შეზრდილი და მისგან განუყოფელი. აი მაშინ ვაცნობიერებ თუ რამხელა „პიზდეცში“ ვარ, არა მხოლოდ მე, არამედ ყველანი, ყველანი სადღაც არმატურის მილში ვართ გაკვეხებულები. ძილის წინ სულ ვამბობ:
-ღმერთო, შენ გვიშველე, - და მერე, იმ ღამით შანსი არაა სიზმარი რომ არ ვნახო, გრძელწვერება კაცი მუბნება ხოლმე:
„მაგრამ ვაი, რომ ვერ გიშველით“-ო, - მერე კადრი იცვლება და წითელსახიანი, რქებიანი ბიძია, ჩაშავებული კიჭებით, მაგრად დაგვცინის.
  ახალი წელი მოდის, აეეეე... ყველა ვგუგუნებთ. ახალი წელი მაგრად მევასება, ამ დღეს მაგრად გამოტყვრომა მოსული პონტია, უბრალოდ ერთი ეგაა, რომ მერე არაფერი არ მახსოვს ხოლმე და ყოველ დილით საათობით მჭირდება ტვინის ჭყლეტა, თუ ვის პირში შევაცურე ენა და ვისთან ერთად ვიცეკვე ენატანგო, ან ენავალსი, თუმცა თუ არ მემახსოვრება ეგეც მოსული პონტია, ეს ხომ ახალი წელია, მთავარია კაცი არ იყოს, „დალშე“ უბრალოდ თვალები და ყურები დავხუჭოთ.
   ახალი წელი კარგი იმიტომაა, რომ ბნელა, ჰო, ღამე სულ ბნელა და სწორედ მაშინ ჩანს ჩვენი რეალური სახე, რომ მაგარი ბნელები ვართ. და მე მაქვს კითხვა, რომელიც გამუდმებით მტანჯავს და ტვინს მიდუღებს ხოლმე, საიდან მოვდივართ ასეთი ბნელები? ოჯახებიდანო, - გამოხტება და მეტყვის ვიღაც ტვინშერყეული, ალბათ, ის მართლაც ოჯახიდან მოდის, ასეთივე ბნელი და გამოლაყებული ოჯახიდან, ისე, ამ ლაყეს რას ვერჩი, ლაყე კვერცხი მაგრად მევასება, მეზობელ ნინჩოს გადავასხამდი თავზე და მერე ამაზე მაგრად ვღადაობდით ხოლმე, განა მარტო მე, ნინჩოც, ისიც ისეთი ბნელი იყო, რომ საკუთარ თავზე თავად ღადაობდა, ეს რა მოხარშული კომბოსტოს სუნი ამდისო, არადა, მე თუ მკითხავთ, კუანა ქათმების სუნი უფრო ასდიოდა. როგორი სუნი აქვთ კუანა ქათმებს? თმაში შეიზილეთ ლაყე კვერცხი, გაჩერდით 1-2 წთ, დაელოდეთ და გაიგებთ, არ გამიკვირდება ეგ მართლა რომ ქნათ, ვიდეოს თუ გადაიღებთ „ვოობშემ“ ღადაობა იქნება, (თვალისჩაკვრა).
   ახალ წელზე მეტად ერთადერთი რაც მიყვარს, ზანგებზე ღადაობაა. იმ დღეს ვანიჩკა მესტუმრა, ტრადიციულად დაბოლილი იყო, დივანზე გადაწვა და ტელეფონი დააძრო, სექსტინგობდა ბიჭი. „აე, ვანეჩ, რას შვრები?“-მეთქი, - ვკითხე და „kik”-ი მომიშვირა.
-ეგ რაღაა?
-აუ შენ რა ჭურში ზიხარ, ძმაო.
-დავაი, რა.
-გადმოწერ, დააყენებ ფოტკას და დაიწყებ სექსტინგს, იმენა ღადოა,რა.
-ვა,ვა, მოიტა აბა ერთი, - გამოვართვი, ვანიჩკას პროფაილზე ვიღაცის ტაკუცუნები ეყენა, - ეს ვისია,ვანეჩ?
-რავი, ძმაო, ინტერნეტში ვნახე, გუგლი და მისი ჯანი, მარა რა გინდა, კაი ხოშიანი ტაკოა.
   ე.წ. „სერჩი“ ვიპოვე და დიდი ასოებით ჩავწერე ბ.ბ.ც. თავი ატლანტაში მეგონა, მონათა ბაზარზე. ავირჩიე ზანგულაი-ზანგულაი 1 და მივწერე:
-ჰეი, - იმ შეჩვენებულმა კი თავისი ფალოსის ფოტო არ გამომიგზავნა?! თან წარწერაც მოაყოლა: - ჰეი, ბეიბ, ვეარ არ იუ სთეინგო. „ჯორჯია“-მეთქი, - ვუპასუხე. „აი სთეი ინ ფლორიდა,თუ“-ო. „აი მინ ქანთრი, ნოთ ზი სთეით“-მეთქი, მერე იმან ნევერ ჰეარდ ოფ ითო, ხოდა რომ გადამეკეტა „ვსიო“. ეგრევე დამარტყა, რომ სადღაც წავიკითხე ეს წელი ჩუნესკომ რომ რუსთაველის წლად გამოაცხადა და ზანგულაის შევუშვი: „ზის იარ ვოს შოთა რუსთაველი’ს იარ, გუგლე ჰიმ. გუგლე დავიდ ზი ბილდერ, ჰი ვოს ვან ოფ ზი გრეათესთ ქომანდერს, გუგლე ენდ იუ ვილ სი, გუგლე გია სურამელაშვილი ენდ გია ჯაჯანიძე, ითს ე შეიმ, დუდ, ჰევინ ე ბიგ დიქ ის ნაის, ბუთ ჰევინ ე ნოლიჯ ის ბეთერ“, - ამისთანები და ამისთანები შევუშვი. ეგრევე დაგვბლოკა, ხოდა ამაზე ვანეჩმა აგინა და აგინა, წერდა და წერდა, დაბლოკილი ვყავდით და არ მიუვიდოდა, მარა „ზატო“ ხო აგინა, სულ ფაქ იურ გუდსები უძახა, გუდს კეთილების პონტში რა, კვირიკას მოუსმინა იმ დღეს და მაქედან დაამუღამა.
  კიდე გოგირდები დამევასა ამ ბოლო დროს, კაი თუხთუხა წყალია. ჰო, მაგ გოგირდებს ცალკე მაგარი ისტორია აქვს, უნდა მოგიყვეთ. ბირჟაზე ვიყავით და ერთი „ბრატია“, მეგატვინა, იმან იბაზრა.
-ძმებო, იცით, აღა-მაჰმათ-ხანი რატო გამოექანა ასეთი გაშმაგებითა და შემართებით?
-არა, საიდან, აბა გვითხარი.
-რატო და ჭუჭუები უნდოდა, - დააბრეხვა მეგატვინამ.
-ჰაჰ, ეს ჩემისა გვეღადავება, ხო? - ჩაიცინა გოგიტამ.
-არა, რას გეღადავებით, სერიოზულად, ეგ ხო საჭურისი იყო.
-ეგეც ჭურში იჯდა?
-არა, კაცო.
-აბა ჭურებს რეცხავდა?
-არა, ბიჭო, არ იცი საჭურისი რა არის, არც თქვენ არ იცით, არეცრთმა არ იცით? - სამივე ტემპში ვაქნევდით თავს, - საჭურისი ისაა, ვისაც იმას მოაჭრიან რა.
-რას?
-იმას რა, - მეგატვინა ფრიად ზრდილობიანი ბიჭია, ერთ ცუდ სიტყვას ვერ ათქმევინებ.
-რაც აბია?
-ჰო.
-მერე?
-მერე აღა-მაჰმად-ხანს უთხრეს, რომ თბილისში იყო გოგირდის აბანოები, რომლებიც იმას ზრდიდნენ და არიქა მეშველაო და ეგრევე აქეთ გამოექანა.
-ეგ მართალია, ბიჭო? - გოგიტას თვალები გაუბრწყინდა.
-ჰო, აბა, კვირაში სამჯერ ორ-ორი საათი სამი-ოთხი თვის განმავლობაში და მინიმუმ ხუთი სანტიმეტრი გარანტირებულია.
-მეღადავები, ხო?
-არა, შენ ძმობას ვფიცავარ, სოსია ხო იცი, ეგ დადიოდა თურმე თავის ახალგაზრდობაში, იმისგან ვიცი, ნაღდი ამბავია.
-აუ, ზუკიტ, არ წავიდეთ, ბიჭო?
-რა ჯანდაბად მინდა, მე ეგ არ მჭირდება, - ამაყად, თავმომწონედ, ნიშნისმოგებით თქვა ზუკიტომ.
-კაი, ძმაო, ისე ვთქვი.
   მივდივარ სახლში და „ფეისბუქს“ ვხსნი, ჰოდა ეგრევე გოგიტას პოსტი მეჩითება, გოგირდებში ვინ წამოხვალთო. მარტო ხო არ გავუშვებდი, ძმაკაცია მაინც, ჰოდა მივყვები ხოლმე, ერთად დავდივართ, კაი პონტია. ეტყობა ნაღდი ამბავია, სოსია სულ მაგაზე ბაზრობს, ეგ კი არა იმ დღეს ჩემი ყურით გავიგონე უბნის გოგოებს როგორ არიგებდა, იცოდეთ მაინც, რამე რომ იყოს და თქვენი ქმრები არ მოგეწონოთ გოგირდებში წაიყვანეთ და კარგად აყურყუმელავეთ, მერე იადონებივით აჟღურტულდებიან და არწივებივით გაშლიან ფრთებსო.
   კიდე, კიდე, რაღაც უნდა მივჩხაპნო, თორე ახალი წელი მოდის და მერე რომ დაიწყება ბოლომდე ზვიო, ბოლომდეო, არაფრის თავი აღარ მექნება, ჩხაპნის კი არა უნიტაზს თუ დავუმიზნე ეგეც კაი საქმე იქნება.
   ჰო მართლა, გუშინ მამაოსთან ვიყავი, პირველად. მამაოების ყოველთვის მეშინოდა, მაგრად მეშინოდა, სულ მეგონა, რომ ისეთი ცოდვილი ვიყავი მომვარდებოდა უცებ და თავში დიდ, ვერცხლისფერ ჯვარს ჩამარტყამდა, მაგრამ მაგარი ჯიგრები ყოფილან. მივედი და ვეუბნები:
 „მამაო, შევცოდე“- მეთქი.
 „რა შეცოდე?“-ო.
 „არ მახოვს“ -მეთქი.
 „რომ გაიხსენებ, მერე მოდი“-ო.
 „არასდროს რომ არ გამახსენდეს?“
„არცოდნა არცოდვაა“-ო.
ჰოდა, „ჯიგარი ხარ“-მეთქი, - ვუთხარი, შესაწირის პონტში ასლარიანი ჩავუკუჭე და წამოვედი, მანამდე გავიგე, როგორ მომაძახა:
„ამას ლოცვებში მოვიხსენიებ“-ო, ეგ იყო და ეგ, სულ არ ჩაურტყამს ჩემთვის თავისი ჯვარი, თურმე სულ ტყუილად მეშინოდა.
   კიდე ცოტა დრო დაგვრჩა, ზუსტად 9წთ და 36 წმ, უკვე 35, მერე წავა ცაში ბახა-ბუხი და ქალაქიც აგუგუნდება. ამ წელს ყველაფერი კარგად გამოვიდა, რომ იტყვიან კამფეტივით მოგვარდა. თავიდან ცოტა კი შემაშინეს, ჯერ იყო და ეკუნამ შენგან ორსულად ვარო, მერე იქით თამთუსიმ ბავშვს ველოდები და შენიაო, ჰოდა, ორივემ გინდა თუ არა ცოლად მოგვიყვანეო, თამთუსი რომ არ გამოჩენილიყო კი მოვიყვანდი ეკუნას, მარა გამოჩნდა და რა მექნა, ის რომ მომეყვანა მერე ამას ეწყინებოდა, ამაზე რომ მექორწინა, იმას გაუტყდებოდა, ჰოდა, „დავაი“ ორივეს ერთად მოგიყვანთ-მეთქი, ეგრევე გაიბუსნენ, აუ, ეგრე არ გვინდაო, აბა რა ვქნა, არც გაფრინდი, არც მოფრინდია-მეთქი, ჰოდა, არცერთი აღარ მოვიყვანე, აი ეგრე, არ უნდათ, ნუ უნდათ, ორად ნაღდად ვერ გავიჭრებოდი და ვერც ჩემი ბალღუნიების დედებს ვაწყენინებდი და გავუტეხავდი რაიმეს. ან ორივესი, ან არავისი ვიქნები-მეთქი, კაიო. კაიო და კაიო, რა ვქნა, წავიდა გულავი „და კანცაააა“.
   გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ თუხთუხს, გუგუნს, ტანცებს, მანცებსა და დიმპიტაურებს... სინათლეს, განათებას, განათლებას, გამოფხიზლებას...მესამე თვალს, რეალობის თვალს, სიტუაციის სწორად დანახვისა და აღქმის უნარს... ბედნიერებას, ულევ, გაუსრულებელ და ნამდვილ, არა მოჩვენებით, ბედნიერებას!


Sunday, December 10, 2017

ნანული ლიპარტელიანი - უდროოდ ჩამქრალი სანთელი, რომელიც კვლავაც ანათებს

  ცალკეულ კულტურებსა და ერებში არსებული ტრადიციების მიხედვით ადამიანის გარდაცვალების შემდეგ არ იღვრება არცერთი წვეთი ცრემლი, შავი სამოსის მაგიერ იცვამენ თეთრს და იწყებენ სიცილს. განა ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან აღვსილნი დანაკლისის უზადო განცდით? არა, საქმე იმაშია, რომ ისინი ბედნიერები არიან იმით, რომ ეს ადამიანი არსებობდა, მათ ჰქონდათ ამ ადამიანთან ურთიერთობის, მისი გაცნობის,შეყვარებისა და მასთან მეგობრობის საშუალება. ისინი არიან მადლიერები და გამოხატავენ თავიანთ მადლიერებასა და სიხარულს, იხსენებ განვლილ გზას და უაღრესად დიდი დანაკლისის მიუხედავად არიან კმაყოფილნი იმით, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთ საყვარელ ადამაიანთან ერთად გაეარათ ცხოვრების გზა, ცხოვრების გარკვეული ეტაპი.
  იმ დიდი დანაკლისისა და სიცარიელის მიუხედავად, რაც ქ-ნი ნანული ლიპარტელიანის ნაადრევმა გარდაცვალებამ დაგვიტოვა, შევეცდები ყოველგვარი სევდა განვარიდო ჩემს მოგონებებს და დღეს ვისაუბრებ მხოლოდ მასზე, რაც ერთი შეხედვით სრულიად ალოგიკური და მეტ-ნაკლებად სახუმაროა, ვინაიდან მე ვარ ბედნიერი და მიხარია, რომ მქონდა პატივი ახლოს გამეცნო ეს ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ყველას, თითოეულ მოსწავლესა თუ მასწავლებელს გამუდმებით ედგა მხარში, მუდამ გააფთრებული ძუ ლომივით იცავდა ჭეშმარიტებას, იბრძოდა სამართლიანობისთვის ისე, რომ ხშირად შედეგზე არც კი ფიქრობდა. ისე ჩაერეოდა თუნდაც ახალგაზრდების ქუჩის დავაში და გამოექომაგებოდა და დაიცავდა მას, ვისაც ჩაგრავდნენ, თუნდაც სრულიად უცხო ყოფილიყო, რომ სულაც არ იფიქრებდა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა დამართნოდა, რომ მართლაც თავზეხელაღებული ნაძირლებითაა სავსე ჩვენი ქვეყანა. უბრალოდ ეს იყო მისი ბუნების, მისი ადამიანობის ნაწილი, ქ-ნ ნანულის თავის მოვალეობად მიაჩნდა ყოველგვარ უსამართლობას შეწინააღმდეგებოდა და შებრძოლებოდა. ის იყო ყველას ბებია, ყველას კეთილმოსურვე. არასდროს დამავიწყდება ის სითბო, რომელსაც ჩემ მიმართ იჩენდა. მის მიერ მოცემული რჩევები სამარადჟამოდ გამყვება და გამიძღვება ცხოვრების გზაზე. დღეს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ იმ უამრავი მოგონებიდან, რომელიც მასთან მაკავშირებს.
    ერთ ჩემს მეგობარს ერთი გოგო უყვარდა, ისიც ჩვენი თანაკლასელი იყო. ვინაიდან, ამჟამად არცერთი აღარ სწავლობს ჩვენთან, გავკადნიერდები და მათ ამბავს მოვყვები. ბიჭი სიყვარულს შეეპყრო, ჩვეული ხალისი და სილაღე დაეკარგა, მთელი დღე უგუნებოდ იყო, სკამები შეეტყუპებინა და უკან მათზე გადაწოლილიყო. მაშინ სწორედ რომ ქ-ნი ნანულის გაკვეთილი გვქონდა. გამოცდილი პედაგოგი რა თქმა უნდა კარგა ხნის წინ მიმხვდარიყო ყველაფერს. მივიდა ბიჭთან და ეუბნება: - „ბებია, დავიტანჯე შენი საცოდაობით, მართლა კარტოფილისჭამია ხომ არა ხარ, მიდი და უთხარი“-ო, თანაც წამოდგომა და გასწორება სთხოვა. ბიჭმა კი მხოლოდ უპასუხა: „გთხოვთ, ვიწვები რა“-ო. ქ-ნმა ნანულიმ არაფერი უთხრა, უხმოდ გაშორდა და გოგოსთან მოვიდა. გვარით მიმართა:
- გაიგონე, ბიჭმა რა თქვა, ვიწვებიო... - მეც იქ ვიყავი, თავიდან ვერ მივხვდით რას გულისხმობდა, ცოტა ხანი შეიცადა და დაუმატა, - ვიწვებიო, სიყვარულით ვიწვებიო, - თქვა და მაშინვე გაგვშორდა.
   ასეთი კომიკური, ცოტათი უხერხულიც, მაგრამ დასამახსოვრებელი და გონივრული სიტუაციები ხშირი იყო. კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ, რომლის მონაწილეც უშუალოდ მე გახლავართ. ერთ დღეს, მგონი სამშაბათი იყო, ზუსტად არ მახსოვს, ცოტანი ვიყავით და გაკვეთილი არ ჩაატარა, თავისუფალი დრო მქონდა და ერთი ლექსი დავწერე - „გოეთეს “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანის” წაკითხვის შემდეგ“, რომელიც სწორედ ამ რომანის სიუჟეტს მიუყვებოდა და თემატურად ანალოგიური იყო, მოზღვავებული სიყვარულისაგან ჩადენილი თვითმკვლელობა. ლექსი ქ-ონ ნანულის წავუკითხე, ფრიად მოეწონა, შემდეგ კი ცოტა გოეთესა და მის შემოქმედებაზეც ვისაუბრეთ. იმავე დღეს რაღაც კონკურსი გვქონდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ფართო ნაცნობობა ჰქონდა და კონკურსის დასრულების შემდეგ რესურსცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა. ამ დროს გამოვიარე, დამინახა და დამიძახა. მეც მათთან მივედი. ჩემზე ელაპარაკებოდა, ზუსტი სიტყვები აღარ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნებოდა: -„თქვენ არ იცით ეს რა ნიჭიერი ბიჭია, წერს, უკვე გაზეთებშიც იბეჭდება მისი ნაშრომები, დღეს კი გოეთე მითარგმნა“-ო, ჩემთვის ჩამეღიმა, უბრალოდ ლექსი დავწერე, გოეთეს მთარგმნელი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ რესურსცენტრის წარმომადგენლებმაც დიდი ამბით ჩამომართვეს ხელი. როცა გავშორდით მითხრა: „კარგია, გიცნობდნენ მაინც, რაღაც პროექტს აკეთებენ თურმე და მერე ამათთან ითანამშრომლე, მომავლისთვის გამოგადგება“-ო.
   ქ-ნმა ნანულიმ ჩვენი მრავალწლიანი ნაცნობობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისაყვედურა, ეს 2016 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც „ლიტერატურულ საქართველოში“ პირველად დამბეჭდეს. მახსოვს, გაზეთი მხოლოდ დამრიგებელს მივუტანე, როცა ეს გაიგო, ეწყინა და მითხრა: - „მე რატომ არ მაჩვენე?“-ო, მაშინ არ ვიცოდი რა მეთქვა, როდესაც, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი სწორედ ის იყო, მახსოვს მთელი კვირა ჩანთით როგორ დაატარებდა ამ გაზეთს, იმის შემდეგ ჩემი ყოველი სტატია თუ მოთხრობა მიმქონდა, კითხულობდა, მოსწონდა, ზოგჯერ, მაგალითად „ბაბუზე“ ატირდა კიდეც და მითხრა: „რა გინდოდა, რას მერჩოდი“-ო.ზუსტად ხვდებოდა იმ სათქმელს, რისი თქმაც მსურდა. ერთ-ერთ მოთხრობაზე ღიმილით მკითხა კიდეც, „-ნიკი შენ ხარ?“-ო, დავფიქრდი და ვუპასუხე: „ვიყავი“-მეთქი. სწორედ ესაა, სიტყვებით ერთი შეხედვით უაზრო და კონტექსტიდან ამოვარდნილი ეპიზოდი, მაგრამ სწორედ რომ მისი მეტყველი მზერა და ღიმილი ამბობდა ყველაფერს. ამის შემდეგ მხოლოდ ერთი რამ მითხრა, რაც უამრავ ფილოსოფიურ მოძღვრებასაც კი აღემატებოდა. ეს იყო რიტორიკული შეკითხვა : „რატომ არ ბრძოლობ?“ სწორედ ასეთ კითხვებში იმალებოდა რჩევები, შეხედულებები, ზუსტად იცოდა რა და როგორ უნდა ეთქვა, მოკლედ, ზედმეტი და ყოველგვარი ჩაძიებების გარეშე. იტყოდა ლაკონურად, პირდაპირ და, როგორც იტყვიან, ზუსტად მიზანში მოარტყამდა. რთული იყო მისთვის თვალებში გეყურებინა და თუნდაც წამიერად მაინც არ აგერიდებინა მზერა, მაგრამ ერთი შეხედვით მისი ამ სიმკაცრის მიღმა იმალებოდა უდიდესი სამყარო, კეთილშობილი, მოსიყვარულე, თბილი და თავისი ოჯახის, მეგობრებისა და სამშობლოს ერთგული, უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ქალბატონი.
   გასახსენებელი კიდევ ბევრია, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც ყველას ეხმარებოდა და ყველას დახმარება სურდა, რის გამოც ხშირად იქმნებოდა კომიკური სიტუაციები. კიდევ ერთი ეპიზოდი რომ გავიხსენოთ, ჩვენი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს სხვა სკოლის მოსწავლე ორი ძმიდან ერთ-ერთი მოეწონა,ქ-ნმა ნანულიმ ეს გაიგო, წავიდა, მეორე ბიჭს თავისი ძმის ნომერი გამოართვა და გოგონას მოუტანა, მაშინ ამაზე ბევრი ვიცინეთ. თავს მეტით აღარ შეგაწყენთ, რადგან ასეთი ისტორიების გახსენება დაუსრულებლადაა შესაძლებელი. ერთადერთი, რის გამოც გული არ მწყდება არის ის, რომ ნანული ლიპარტელიანი არ იყო ადამიანი, რომელსაც უარსებია, არამედ ის არის ადამიანი, რომელსაც უცხოვრია. ცხოვრება ხომ ისაა, რაც გახსოვს, დანარჩენი კი უბრალოდ არსებობაა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქ-ნი ნანული თითოეულ ჩვენგანს სამარადჟამოდ ეხსომება და ჩვენ მას არასდროს დავივიწყებთ, უბრალოდ, რომც მოგვინდეს, ვერ შევძლებთ მისნაირი სამაგალითო და ღირსეული ადამიანის დავიწყებას. მისი ცხოვრების წესი და გზა ნამდვილად არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, როგორ უნდა დაიცვას სუსტი და ჩაგრული, იბრძოლოს ჭეშმარიტებისთვის და ყოველი ცისმარე დღე დაიხარჯოს სამშობლოს უკეთესი მომავლის შენებისა და უკეთესი თაობების აღზრდისათვის. მე ვარ ბედნიერი, რომ ვიცნობდი ასეთ ადამიანს, რომლის სანთელიც უდროოდ ჩაქრა, მაგრამ ამ სანთლის გიზგიზისგან გამოწვეული სინათლე და სითბო არასდროს დაიკარგება და არასდროს მიეცემა დავიწყებას.


გიორგი ჩაჩხიანი

Saturday, December 9, 2017

ქალი და მამაკაცი - ინი და იანი



   ხშირად დავობენ საკითხზე, იმისთვის, რომ ქალმა და მამაკაცმა სრულყოფილებას მიაღწიონ, უნდა იყვნენ ისინი ერთმანეთის მსგავსნი, თუ განსხვავებულნი? ამ თემაზე ჩემთვის აზრიც ხშირად უკითხავთ, მაშინ მხოლოდ მარტივად ვუპასუხებდი კის, ან არას, მაგრამ ეს საკითხი ასეთი მარტივიც არ არის, ამიტომ შევეცდები გამოვიწვიო საკუთარი თავი და დავადგინო, რა არის უფრო მართებული, რადგან აბსოლუტური ჭეშმარიტება ხომ თავისთავად არ არსებობს.
  საიდან უნდა დავიწყოთ, თუ არა ადამიანის არსებობის სათავეებიდან. ბიბლიური მოძღვრების მიხედვით ქალი- ევა - შეიქმნა კაცის- ადამის - ნეკნისგან, რაც ამტკიცებს იმას, რომ ქალი და მამაკაცი ერთი სხეულის ნაწილნი არიან. სწორედ ამ შეხედულებას იზიარებს ანტიკური მოძღვრებაც, კერძოდ, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ზევსმა ელვის დაკვრით არსება ორად გააპო და შექმნა ქალი და კაცი. ამიერიდან თითოეულს უნდა მოეძებნა დაკარგული მეორე ნახევარი და მასთან შეერთებით დაებრუნებინა უწინდელი ძალა, თუ მოძებნიდა და იპოვნიდა მხოლოდ მაშინ მიაღწევდა სრულქმნილებას. ამავე მოსაზრებას იზიარებს შოთა რუსთაველიც.
ის კარგად იცნობს ხეთურ კულტურას, სადაც ვეფხვი ქალის სიმბოლოა. რაინდს ვეფხის ტყავი ჰმოსავს, ესაა კაცისა და ქალის ერთობა, ერთი მთლიანი, სრულყოფილი, „იდიალური“ ადამიანი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება, სწორედ ამიტომაა დამკვიდრებული გამოთქმა, რომ მამაკაცის მეორე ნახევარი მისი მეუღლე - ქალია, და პირიქით.
   ყოველი მოძღვრება ამტკიცებს, რომ ქალი და მამაკაცი ეს არის ერთი გონი, ერთი სხეული, მთლიანობა და ჭეშმარიტება, ზევსის მიერ განცალკევებული უზენაესი, სრულყოფილი არსება. ჩინური ფუნდამენტალური აზროვნების მიხედვით, ბუნებაში ყველაფერი გაწონასწორებულია, თითოეულ ინს ჰყავს თავისი იანი, სრულყოფილებისთვის საჭიროა ერთ სხეულში იყოს არა მხოლოდ სიკეთე, არამედ ბოროტებაც, სწორედ ასეთ წონასწორეობას შეუძლია შექმნას სრულყოფილი სახე. თუ კაცი ინია, მას სჭირდება მისგან განსხვავებული იანი, რათა ერთმანეთთან შერწყმის შედეგად მივიღოთ სრულყოფილება. რა შემთხვევაში შეავსებს ქალი კაცს, ან პირიქით? როდესაც ის მისცემს იმას, რაც თავად კაცს აკლია, თუ ქალმა უბოძა ის, რაც თავადაც ისედაც აქვს, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ აბსოლუტურ წონასწორობას და ვერც სრულქმნილებას, ამ შემთხვევაში ქალი და მამაკაცი ვერ შეავსებენ ერთმანეთს. თუმცაღა ისიც მართალია, რომ, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობის შესახებ ვმსჯელობთ, აბსოლუტური წონასწორობა არ არსებობს. პირობითად ორი განსხვავებული „ელემენტი“ ერთმანეთს ვერც მიეკარება და შესაბამისად ვერც შეერთდება თუ მათ რაიმე, თუნდაც მცირედი ნაწილაკი მაინც არ აქვთ საერთო, არ მიისწრაფვიან ერთი საერთო წერტილისკენ, მაშინ ისინი უბრალოდ აცდებიან ერთმანეთს. აბსოლუტური განსხვავება სრულებით არ წარმოადგენს წონასწორობას, რადგან ამ შემთხვევაში უბრალოდ არ გვაქვს ღერძი, რომელზეც ეს ორი სხეული გაწონასწორდება. რა შეიძლება იყოს ასეთი ღერძი? თუნდაც საერთო ინტერესები, საერთო ჰობი, საერთო შეხედულებები, საერთო საქმე და სხვ.  თუ ეს არ იქნება, მაშინ ქალი და კაცი ერთმანეთს ვერც გაუგებენ, ვერანაირი ბალანსი ვერ დამყარდება, რადგან მათ შორის „ქიმიაც“ არ შედგება და ყველაფერი შესაძლოა კრახით დასრულდეს, რისი მაგალითიც თუნდაც პრინცესა დაიანას ტრაგიკული სიკვდილია.
  სრულიად შესაძლებელია მოგეწონოს შენი მსგავსი, რადგან ყველაფერი საერთოა, მაგრამ მაშინ ადამიანის ცხოვრებაში არ იქნება სიახლეები, დაუგეგმავი, სპონტანური მოვლენები, რაც კიდევ უფრო ახალისებს და საინტერესოს ხდის ურთიერთობას. ქართველებს გავქვს გამოთქმა - „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“-ო, მაგრამ ეს ხომ აღარ არის ინისა და იანის ბალანსი, ერთი სხეულის ორი სახე, არამედ ესაა ორი სხეულის ერთი სახე. მე არ ვამბობ იმას, რომ ერთმანეთის მსგავსნი ბედნიერები ვერ იქნებიან, ადამიანი ინდივიდია და თითოეულ მათგანს სწორედ რომ ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, მაგრამ რას ნიშნავს ერთმანეთის შევსება? მსგავსნი ვერასდროს ავსებენ ერთმანეთს, ერთი მთლიანობისთვის პლუსს ყოველთვის სჭირდება მინუსი, თუნდაც ფოტოაპარატში ე.წ. ბატარეების განლაგებას შევხედოთ. ერთი პლუსიანი მაღლაა, მეორე ქვევით,მეორე ბატარეა მინუსით დაბლაა, პლუსით კი მაღლა, სწორედ ეს ამუშავებს აპარატსაც. თუ ქალს არ აქვს თავდაჯერება სწორედ მამაკაცმა უნდა მისცეს იგი, თუ კაცი მოღუშულია, სწორედ ქალმა უნდა შეძლოს მისი გამხიარულება. ორივე რომ ჭკუამხიარული იყოს ასე ქვეყანა ნამდვილად ვერ აშენდება, მაგრამ ვერც ის იქნება სახარბიელო ორივე რომ მუდამ სერიოზული იყოს, ცხოვრებას სჭირდება ბალანსი.
  რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული თვისებები და ღირებულებები, რომელსაც პოტენციურ მეორე ნახევარში ვეძებთ, რომლებიც მოგვწონს და ჩვენც გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ურთიერთობაში აბსოლუტური განსხვავებულობა დაუშვებელია. თუ ინი და იანი ყველაფერშია, მაშინ მსგავსება-გასხვავებაც დაბალანსებული უნდა იყოს. უნდა მივიღოთ ორი სრულყოფა, მამაკაცში არსებული ინი და იანი ზუსტად უნდა ერწყმოდეს ქალის იანსა და ინს. შესაძლოა, მათი ერთი ბუნება იყოს რაღაცით მსგავსი, მაგრამ მათი მეორე ბუნება უნდა იყოს განსხვავებული, თუნდაც ერთი სრულყოფის მისაღებად და ეს უკვე ჭეშმარიტად რომ სრულქმნილებაა.
   ცხოვრება მრავალფეროვანია და ადამიანს სწორედ რომ მრავალფეროვნად, სხვადასხვა კუთხით უნდა შეეძლოს ხედვა და აზროვნება. კაცი და ქალი კი ერთად აზროვნებენ, საერთო შეხედულებებით იღებენ გადაწყვეტილებებს, სწორედ ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა, თუ ორივეს საერთო ხედვა აქვს, მაშინ ხედვის გარეთ გვრჩება ძალიან ბევრი ალტერნატივა, რომელსაც ვინ იცის, იქნებ შეეძლო უკეთეს შედეგზეც კი გავეყვანეთ. საერთო კომპრომისისა და კონსესუსის ხარჯზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. პარტნიორმა უნდა დაგვანახოს საკითხის განსხვავებული მხარე, პერსპექტივა და ამას არათუ მსგავსი, არამედ მხოლოდ განსხვავებული ადამიანი შეძლებს. ჰარმონია არ ნიშნავს მხოლოდ ერთს, ჰარმონია ნიშნავს ორს, ერთმანეთის საპირისპიროს წონასწორობაში. ამიტომ ნუ ეძებთ მსგავსს, ეძიეთ განსხვავებული და ნუ შეგეშინდებათ განსხვავების, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით ინი უფრთხის და უპირისპირდება იანს, ჰარმონიას სწორედ რომ მხოლოდ მასთან ერთად მიაღწევს.

გიორგი ჩაჩხიანი 

რუსთაველის კვალდაკვალ

რუსთველის კვალდაკვალ

ვარაუდები რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ

  რუსთაველი - მე-12 საუკუნის უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე, გენიალური პოეტი და იაპონელთა აღიარებით ადამიანია, ვისგანაც იწყება რენესანსი. რუსთაველის შესახებ დანამდვილებით არაფერი ვიცით, ამ პიროვნებაზე მხოლოდ ვარაუდებითა და ჰიპოთეზებით ვსაუბრობთ, ამიტომ დღესაც გამოვიჩენ მცირეოდენ თავხედობას და პირად დაკვირვებებსა და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით გიჩვენებთ ჩემეულ ვერსიას თუ ვინ იყო რეალურად რუსთაველი, ერქვა თუ არა მას შოთა და მოგვითხრობს თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ მართლაც ისეთ იდეალურ სამყაროზე, როგორიც ერთი შეხედვით პოემაში იკითხება.
  დავიწყოთ იმით, რომ ისტორიამ შემოგვინახა რუსთაველის მხოლოდ ორი პორტრეტი: ახალგაზრდობის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია XII-XIII საუკუნეებში უცნობი მხატვრის მიერ, მეორე კი ფრესკული პორტრეტია. ის დაცულია იერუსალმის ჯვრის მონასტერში. რუსთაველის ახალგაზრდობის პორტრეტი მე-17 საუკუნის ზაზა ციციშვილისეულ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერს ჰქონია დართული, რომელიც XII-XIII საუკუნის უცნობი მხატვრის მიერ შექმნილი პორტრეტიდან გადმოუხატავთ. როგორც პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე თავის წიგნში "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ" წერს: "ვეფხისტყაოსნის" ზაზა ციციშვილის ხელნაწერი პირველად 1870 წელს მიმოიხილა პლატონ იოსელიანმა, რომლის ცნობითაც, ამ ხელნაწერს ჰკუთნებია შოთა რუსთაველის პორტრეტი, სადაც პოეტი წარმოდგენილია ფეხმორთხმით მჯდომარე აღმოსავლურ ყაიდაზე ერისკაცის ტანსაცმელში. სურათი 1927 წელს გადაეცა უნივერსიტეტის ქართული ხელოვნების მუზეუმს, რომელიც შემდეგ გახდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და რუსთაველის პორტრეტი ახლაც იქ ინახება. რაც შეეხება შოთა რუსთაველის ფრესკულ პორტრეტს, ძველი წყაროების მიხედვით, იერუსალიმში ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე გამოსახული უნდა ყოფილიყო შოთა რუსთაველის პორტრეტი. მის მოსაძიებლად 1960 წელს იერუსალიმში გაემგზავრა ჯვრის მონასტრის ქართულ სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია, რომელშიც შედიოდნენ: ირაკლი აბაშიძე, გიორგი წერეთელი და აკაკი შანიძე. მათ მართლაც მიაგნეს სვეტს, მაგრამ ის შავი საღებავით დაფარული აღმოჩნდა. საღებავის ზედა ფენის მოშორების შემდეგ ფრესკა გამოჩნდა. წმინდა იოანე დამასკელისა და წმინდა მაქსიმე აღმსარებლის წინაშე მუხლმოდრეკილი და ხელებაპყრობილი ლოცულობს შოთა რუსთაველი. პოეტის გამოსახულებას ქვეშ აქვს წარწერა:
„ამის დამხატველსა შოთას
შეუნდოს ღმერთმა, ამინ.
რუსთაველი."
   ერქვა თუ არა რუსთაველს შოთა? გავყვეთ ქართულ ენას, „ვეფხისტყაოსანია“ ძირითადი და მთავარი წყარო იმისა, რომ დიდ პოეტს რუსთაველი ეწოდება, მაგრამ თავად პოემაში არსად არ ჩანს მისი სახელი. შოთასთან დაკავშირებით ყველაზე საიმედო და დასაყრდენი წყარო სწორედ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაა, სადაც ერთად გვხვდება ორი სახელი- შოთა და რუსთაველი. ამ წარწერის გაშიფვრა ორნაირად შეიძლება: 1 - ამ ფრესკის დამკვეთ შოთა რუსთაველს შეუნდოს ღმერთმა; 2 - უშუალოდ ამ ფრესკის დამხატველ შოთას შეუნდოს ღმერთმა, რომელმაც დახატა რუსთაველი. საეჭვოა, რომ თუ რუსთველი დაუკვეთდა ფრესკას მაშინ წარწერაზე არ დაურთავდნენ დამხატველ შოთას, არამედ მაშინდელ ქართულში არსებულ მეტად შესაფერის სიტყვას - დამკვეთს ან შემკვეთს. შესაბამისად, ვფიქრობ, დამხატველი შოთა არის ადამიანი, ვინც უშუალოდ დახატა რუსთველის ფრესკა. წარწერაც ისეა დატანებული, რომ სიტყვა „რუსთაველი“ წერია ქვედა ხაზზე, შესაბამისად ესაა მინიშნება და ერთგვარი განმარტება იმისა, თუ ვინაა ფრესკაზე გამოსახული.
  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე გამოსახული პორტრეტი რომ უდავოდ რუსთველს ეკუთვნის ეს დასტურდება მონასტერში აღმოჩენილი სააღაპე წიგნითაც, რომლის მიხედვითაც ვინმე მეჭურჭლეთუხუცესს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი. აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მყარდება ის ვარაუდი, რომ შოთა რუსთაველი დიდ პოეტთან ერთად დიდი, მაგრამ დევნილი პოლიტიკოსიც იყო.  სანამ უშუალოდ ამ საკითხზე ვისაუბრებ, მოდით, ვარაუდიც გამოვთქვათ მის წარმომავლობაზე. რუსთაველი სინამდვილეში თორელია. რუსთაველის მესხობის (თორელობის)  ვერსიას ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. ის მომდინარეობდა არჩილ მეფისაგან (,,გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“) . ამ აზრს იზიარებდნენ დავით ჩუბინაშვილი და ალექსანდრე ხახანაშვილი. ,,ვეფხისტყაოსნის“ ენობრივი ანალიზის საფუძველზე რუსთაველის მესხობის დასაბუთება სცადა ნიკო მარმა. საგულისხმო მოსაზრებანი წამოაყენა იმავე საკითხებზე დოცენტმა ნოდარ(ნუკრი) შოშიაშვილმა.  მკვლევარი სწორედ თორელთა საგვარეულო სახელს უკავშირებს “ვეფხისტყაოსნის” ავტორს, რადგან თამარ მეფის დროს მეჭურჭლეთუხუცესობა თორელებს ეპყრათ. მეჭურჭლეთუხუცესის სახელო თამარის დროიდან ეკავათ სამხრეთ საქართველოს ორ დიდ საგვარეულოს: თორელებსა და ჯაყელებს. შოთა თორელს მეჭურჭლეთუხუცესობის გარდა ადრევე შეეძლო მიეღო ზედწოდებად რუსთველობა. შესაძლოა მას სამამულედ ადრევე მისცემოდა მესხეთის ციხე-ქალაქი რუსთავი. აქედან კი, ბუნებრივია, წარმოდგა მისი ახალი ზედწოდება ­ რუსთაველი. არც ის არის გამორიცხული, რომ თბილისში სამეფო კარზე სამსახურში მყოფ შოთას თბილისთან ახლოს მდებარე რუსთავის მფლობელობა მიეღო და ამიტომ ეწოდა შოთა თორელს რუსთაველი, მაგრამ წყაროებით ამ ხანებში თბილისის რუსთავი ეკუთვნოდა ზაქარია მხარგრძელს. ამრიგად ეს მეორე ვარაუდი ჯერჯერობით უფრო სათუოა. უფრო რეალური ჩანს იმის დაშვება, რომ შოთა თორელმა, შემდეგში მეჭურჭლეთუხუცესმა, რუსთველობა მიიღო თორშივე შემავალ რუსთავისგან. ამ მოსაზრებით: “ვეფხისტყაოსნის” ავტორი არის თამარის დროის დიდი პოლიტიკური მოღვაწე შოთა რუსთაველი. თამარის დროსვე მომხდარა მისი აღზევება. მას ეკავა ერთ­ერთი დიდვეზირის სახელო ­ მეჭურჭლეთუხუცესობა. შოთა უაღრესად განსწავლული პიროვნებაა, როგორც ჩანს, მან ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ – ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმესა და სხვა, ასახულია მის პოემაში.
   და მაინც, რატომ უწევს ასეთ დიდ მოხელეს საქართველოდან წასვლა? რატომ არცერთ წყაროსა და ნაშრომში არ ვხვდებით მის სახელს? რატომ არ გვაქვს შემონახული რუსთაველის სხვა ნაშრომები?(უთუოა, რომ მას სხვა ლექსებიც ექნებოდა, თუმცაღა ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.) თამარ მეფეს ორი ისტორიკოსი ჰყავდა. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ — საქართველოს მეფის - თამარის ე.წ. პირველი ისტორიკოსის თხზულებაა( XIII ს.), „ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“ — კი თამარის ე. წ. მეორე ისტორიკოსს ეკუთვნის (XIII საუკუნე). ორივე თხზულებაში დეტალურადაა აღწერილი თამარისა და გიორგი მესამის მმართველობა, თითოეული დეტალი, ყოველი ეპიზოდი - თუ ვის მოეწონა თამარი, ვინ რა შესათავაზა, ვინ რა უთხრა და ა.შ. რატომ არცერთ ნაშრომში არ ჩანს ისეთი დიდებული პიროვნება, გავლენიანი მეჭურჭლეთუხუცესი, როგორიც შოთა იყო? ეს და სხვა ფაქტები გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შოთა დევნილი პოლიტიკოსია, თუ რატომ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.პოეტი  „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში წერს:
„მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა“
  ამ ტაეპებში ნათლად ჩანს,რომ შოთას „ვეფხისტყაოსნის“ დაწერა დაუკვეთეს და ეს თამარის საქებლად, სავარაუდოდ, გიორგი მესამემ გააკეთა. შოთას არ სურდა ამის დაწერა, მაგრამ მას აიძულეს, მაგარი ქვაც კი გასტეხეს, შესაბამისად პოეტმა „საჭოჭმანები საქმე ქნა“. „ვეფხისტყაოსანი“ არ არის თამარის საქებარი პოემა, ამიტომ შოთას ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუხდა, რის შედეგადაც დაიწერა პროლოგი, რომელიც სინამდვილეში პოემის მერეა დაწერილი. ფაქტი,რომ შოთას „ვეფხისტყაოსანი“ დაუკვეთეს უტყუარია, რაც იმას ადასტურებს, რომ შოთა თავის ეპოქაშიც პოპულალური და გავლენიანი პოეტია. მისი სიტყვა იმდენად ფასობს, რომ მას თამარის გამეფების  გამართლება თავისი სურვილის მიუხედავად დაევალა. თუ ასეთი საქმე დაავალეს, მაშინ ის მართლაც დიდი პოეტი უნდა ყოფილიყო, რომელსაც უთუოდ ექნებოდა წინარე ნაშრომები, სხვა პოემები, ლექსები, მაგრამ როდესაც ერჩიან ადამიანს წვავენ და ანადგურებენ მის ხელნაწერებს, ეს ნათლად ჩანს ჩვენს უახლეს ისტორიაშიც, როდესაც ზვიად გამსახურდიას ებრძოდნენ, მისი სახლიც გადაწვეს, რასაც დიდი მწერლის -  კონსტანტინე გამსახურდიას ხელნაწერებიც შეეწირა. სავარაუდოა, რომ ასე გაანადგურებდნენ შოთას ნაშრომებსაც, რომლებიც ხელნაწერების სახით იქნებოდა არსებული. სწორედ ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ შოთას შესახებ არსად არ არის ინფორმაცია დაცული და შემონახული და რომ არც მისი სხვა ნაშრომების შესახებ ვიცით რაიმე.
   საზოგადოებაში გავრცელებულია ვარაუდი,რომ შოთას თამარი უყვარდა. ის აქებს თამარის სილამაზეს, ეს ფაქტია, რადგან თამარი მართლაც ლამაზი, ცისფერთვალება შავგვრემანი ქალი იყო, მაგრამ სავარაუდოა,რომ შოთას ის მაინცდამაინც დიდად გულზე არ ეხატებოდა. თამარის სახე ჩანს ნესტანშიც, ესაა ქალი, რომელიც სასიძოს მოკვლას შეუკვეთს. რა გახდა რუსთაველსა და სამეფო კარს შორის დაპირისპირების მიზეზი? საქართველოს უგვირგვინო მეფის - დემნა ბატონიშვილის - მოკვლა, მისთვის ტახტის წართმევა და თამარის უკანონო გამეფება. გიორგი მესამე პოემაში მეფე ფარსადანის სახედ გვევლინება, რომელიც ტარიელს - დემნა უფლისწულს სამეფოდ ზრდის. ბავშვობიდან თქმულა,რომ მომავალი მეფე სწორედ ის უნდა გახდეს, შემდეგ კი მის ჩამოცილებას გადაწყვეტს და ტახტზე თავისი ქალიშვილი აჰყავს. საქართველოს ისტორია ინდოეთის ისტორიაა, არაბეთის ამბავი და ავთანდილის ხაზი კი უბრალოდ თვალის ასახვევად და შესანიღბვადაა საჭირო. გიორგი მეფე როდი იყო უჭკუო კაცი, უთუოდ მიუხვდებოდა შოთას ჩანაფიქრს, ის კი თავის გასამართლებლად როსტევან მეფეს უჩვენებდა, რომელიც ერთი შეხედვით იდეალურ მეფედ გვევლინება, გულმოწყალე თინათინი კი თითქოს თამარია, მაგრამ თინათინი სულაც არაა „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირი, მას მხოლოდ დასაწყისში ვხვდებით და ბოლოს, როდესაც ყველაფერი დასრულდება და ავთანდილს თავისი სატრფო მოაგონდება. „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი მოქმედი პერსონაჟი ტარიელია - იგივე დემნა ბატონიშვილი, თხზულების სათაურიც ამასვე ადასტურებს, თამარი არსად არ ჩანს, სწორედ ამიტომ მოუწევდა რუსთაველს განმარტებების გაკეთება და პროლოგის დაწერა. რადგან უშუალოდ სათაურზე დავიწყე საუბარი, აქვე ვიტყვი, რომ მისი მხატვრული განხილვისას „ვეფხისტყაოსანში“ არ მოიაზრება მხოლოდ მამაკაცი - ტარიელი, არამედ ქალი და კაცი. რუსთველს კონსტანტინოპოლური განათლებაც უნდა ჰქონდეს, ის კარგად იცნობს ხეთურ კულტურას, სადაც ვეფხვი ქალის სიმბოლოა. რაინდს ვეფხის ტყავი ჰმოსავს, ესაა კაცისა და ქალის ერთობა, ერთი მთლიანი, სრულყოფილი ადამიანი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება, სწორედ ამიტომაა დამკვიდრებული გამოთქმა, რომ მამაკაცის მეორე ნახევარი მისი მეუღლე - ქალია, და პირიქით. თუმცა არის კი ის ნამდვილად ვეფხვის ტყავი, რაც ტარიელს მოსავს? ეს უფრო პანტერა უნდა იყოს, ლამაზი, მოხდენილი, ველური ბუნების, რომელიც ძველად საქართველოშიც კი ბინადრობდა. მას დაწინწკლული სხეული აქვს, სწორედ ასეთი „ვეფხი“ მიიჩნევა ქალის სიმბოლოდ უძველეს ხეთურ კულტურაში და ამას თავად რუსთველიც ადასტურებს, რომელიც ჯერ ტარიელის პირით უწოდებს ნესტანს - ქალს- ვეფხვს, ხოლო შემდეგ კი იმავეს ფატმანს ამეორებინებს.
   პოემა ქრისტიანულია, ის ჭეშმარიტად ქრისტიანი პოეტის მიერაა დაწერილი, რაზეც შემდეგი მეტყველებს:
„სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან,
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან,
მტერ-დაცემული ვეგონე,არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.“
  რომელი მაჰმადიანი პოეტი უწოდებდა ყურანის კითხვასა და მოლების ქადაგებას ჩმახვას? სწორედ აქ დასტურდება ის ფაქტი, რომ ავტორის მაჰმადიანობა არარსებული ფაქტია და პოემა სრულაც არ არის სპარსულიდან ნათარგმნი, არამედ ის ქრისტიანი რუსთველის დაწერილია.  რადგან ჩემი მიზანი არ არის „ვეფხისტყაოსნის“ სიღრმისეული მხატვრული ანალიზი, ამიტომ რიგით დეტალებს აღარ ჩავეძიები და პოემას ემპირიულად გავარჩევ.
   ინდოთა ისტორია საქართველოს ისტორიაა. ამაში კიდევ რამდენიმე ფაქტი გვარწმუნებს, კერძოდ: ფარსადანი მემკვიდრედ ტარიელს ისე ზრდიდა, როგორც დემნა უფლისწული იზრდებოდა, შემდეგ მან თავისი მხოლოდშობილი ქალიშვილის გამეფება გადაწყვიტა, რაც სრული ანალოგია თამარის მეფედ კურთხევისა. გიორგი მესამეს ჰყავდა ძმა დავითი, იგივე დავით მეხუთე, მისი წინამორბედი მეფე და დემნა უფლისწულის მამა, მაგრამ ამასთანავე მას ჰყავდა დაც. რუსთველმა პოემაში ფარსადანს მხოლოდ და დაუტოვა, რადგან სხვა ყველაფერი უკვე ზედმეტად საეჭვო და აშკარა იქნებოდა, მაგრამ საყურადღებოა მისი სახელი - ესაა დავარ. რომელიც ორგვარად იშიფრება: 1 - ფარსადანი საკუთარი ოჯახის წევრის, სისხლისა და ხორცის, დის მოკვლით იმუქრება და ამაზეც წამსვლელი კია, დავარ ასე გავშიფროთ - რას შვრები, „და ვარ“ შენი. გიორგი მესამემ დაღვარა საკუთარი ოჯახის წევრის, ძმისწულის სისხლი, მან იგი უმოწყალოდ მოკლა. 2 - დავ-არ ში იკითხება თავად საქართველოს მეფე დავით მეხუთე. შოთამ ერთ პერსონაჟში მთელი ისტორია დამალა. ამ გმირში გაერთიანებულია გიორგი მეხუთეს დაც, ვისი რეალური პროტოტიპიც დავარია, და მათი ძმა დავით მეხუთეც.  მორიგი ფაქტი ისაა, რომ თამარიც ისევე, როგორც ნესტანი გიორგი მესამის დის, მამიდის აღზრდილია. თამარის გათხოვების შესახებ თათბირსაც 5-6 კაცი ესწრებოდა, როგორც ეს ნესტანის შემთხვევაში მოხდა. ეს ისტორია ჭეშმარიტი ანარეკლია საქართველოს უგვირგვინო მეფის ტრაგიკული ისტორიისა, როდესაც მას წაართვეს ტახტი, მოუწყვეს შეთქმულება ისევე, როგორც ფარსადანი ტარიელს მოექცა, სწორედ ამიტომაა ეს ხელმწიფე გიორგი მესამის ზუსტი პროტოტიპი. ტარიელი კი სწორედ რომ დემნა ბატონიშვილია, უბრალოდ რადგანაც იგი რეალურ ისტორიაში კვდება, ხოლო შოთა ამ ყველაფერს არ ემხრობა, ის აპროტესტებს მემკვიდრეობის კანონის დარღვევას, ჭეშმარიტების უგულვებელყოფას, მხატვრულ პოემაში ჭეშმარიტ მემკვიდრეს -ტარიელს მაინც უტოვებს ტახტს, საიდანაც ჩანს, რომ რუსთველი მომხრეა დემნა უფლისწულის, მისი გამეფებისა და ის თამარის მმართველობას არ ეთანხმება, მას ლეგიტიმურად არ ცნობს. აქედან კი აშკარაა ის ფაქტიც, რომ დაუშვებელია შოთას თამარი ჰყვარებოდა. მეორე საკითხი, სადაც მეჭურჭლეთუხუცესის შეხედულებები ეწინააღმდეგება სამეფო კარის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს საქართველოში გიორგი რუსის ჩამოყვანა და თამარისთვის დაქორწინებაა. ეს ისტორია იკითხება ხვარაზმშას შვილის - სასიძოს - მკვლელობაში, ანუ „ქმნა მართლისა სამართლისა.“
   პოემაში ნათლად ჩანს რუსთველის პოზიცია ქვეყანაში უცხოტომელთა გაბატონებასთან დაკავშირებით:
„მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდნენ,
ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდნენ.“
   სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ შოთა ეწინააღმდეგებოდა საქართველოში გიორგი რუსის ჩამოყვანას და მას ეს ფაქტი სავსებით არ მოსწონდა. მეორე მხრივ, გიორგი მესამისთვის, ალბათ, უფრო ხელსაყრელი იყო უცხოელი სასიძო, რომელიც სხვის ქვეყანაში მაინცდამიანც კარგად ვერ „იპარპაშებდა“ და ნაკლები იყო იმის ალბათობაც, რომ იგი გიორგი მესამეს განუდგებოდა და მის წინააღმდეგ აჯანყდებოდა, მაგრამ შოთა რუსთაველი ამ საკითხშიც მართალი აღმოჩნდა, გიორგი რუსი არ გამოდგა და ის რეალურ ისტორიაში მართალია არ კვდება, მაგრამ მას თავიდან იშორებენ და ქვეყნიდან აძევებენ. „ვეფხისტყაოსანი“ ხომ მაინც მხატვრული თხზულებაა, აქ ყველაფერი ისე ხდება, როგორც შოთას სურდა, რომ რეალურად მომხდარიყო. დემნა(ტარიელი) ცოცხალი რჩება და კუთვნილ ადგილს იკავებს საქართველოს(ინდოთა) ტახტზე, ვინაიდან მას ის მემკვიდრეობით მამისგან ეკუთვნოდა ისევე, როგორც ტარიელს სარიდანისგან; გიორგი რუსი კი ვერასდროს ჩამოდის საქართველოში, ხორეზმშას შვილიც ხომ ქვეყნის საზღვრებთან კვდება, ის შიგნით შემოსვლას ვერც კი ახერხებს. რადგანაც სასიძოს თემას შევეხე, აქვე მოვიხსენიებ დავით სოსლანსაც, რომელსაც შოთა პროლოგში ლომს უწოდებს და ხოტბას ასხამს, მის მოღვაწეობას რუსთველი დადებითად აფასებს, სწორედ დავითის გამოჩენის შემდეგ იწყებს საქართველო აღმასვლას.
  ამ ეპიზოდის შემდეგ ნაწარმოები ძირითადად მხატვრული გზით გრძელდება. გვხვდება ფრიდონის,ფატმანის, უსენის, მელიქისა და სხვათა პერსონაჟები, ბოლოს კი ჩნდებიან ქაჯები, რომლებიც სრულაც არ არიან არარეალური სამყაროს წარმომადგენლები, ცოტა მოგვიანებით გამოვთქვამ მოსაზრებას ქაჯების წარმომავლობასთან დაკავშირებით, მანამდე კი პოემაში უშუალოდ მათ დანიშნულებაზე ვისაუბრებ. სამყარო ქაოსია, ეს ქაოსი კი სიკეთისა და ბოროტების ჭიდილითაა გამოწვეული. ბოროტება ხშირას სჯაბნის სიკეთეს. რუსთველი რეალისტია, ის არ ამბობს, რომ ბოროტების სამუდამოდ განადგურება შესაძლებელია, ასე რომ იყოს, მაშინ ჩვენი რაინდები მთელ ქაჯეთს გაანადგურებდნენ, მაგრამ ასე არ ხდება. ისევ რჩება ის ციხესიმაგრე, ისევ მობრუნდება როშაქი და ახალ ბოროტებას ჩაიდენს, მაგრამ ბოროტების დამარცხება კი შესაძლებელია. შესაფერის დროს ბოროტებაც კი სუსტდება, ეს პოემაში ბევრგან ჩანს, ჯერ ფატმანიც, შემდეგ კი ფრიდონიც რაინდებს სიჩქარისკენ მოუწოდებს, რადგან თუ ქაჯები მოუსწრებდნენ, მაშინ ისინი ვერაფერს გახდებოდნენ. ნესტანის გამოხსნა და ბოროტებაზე თუნდაც წამიერად გამარჯვება შეძლეს იმიტომ, რომ ქაჯები იქ არ იყვნენ, თავად ბოროტებამაც მოხუჭა თვალი, მოდუნდა და სწორედ ამ დროს შეძლეს გამარჯვების მოპოვებაც.მრავალსაუკოვანი ისტორიის განმავლობაში დამპყრობლებს ქვეყნიდან ვერ განვდნევნივდით თუ ისინი არ შესუსტდებოდნენ, ხოლო როცა ბოროტებაც აღარ იქნება ძველებურად ძლიერი, მაშინ შესაძლებელია მისი დამარცხება, თუნდაც დროებით. ჩვენ ვიგერიებთ ისრებს, მაგრამ მშვილდი კი მაინც ადგილზე რჩება და მზადაა ახალი ისრები გამოსტყორცნოს. რუსთველი ემხრობა იმ აზრს, რომ საზოგადოდ ბოროტება დაუმარცხებელია და ამის სახე სწორედ რომ ქაჯეთია. რადგანაც უკვე გავიგეთ თუ რას წარმოადგენს ქაჯეთი, რომ ის ფანტასტიკური სამყარო სულაც არაა, ახლა დავსვათ კითხვა, ვინ არიან თავად ქაჯები? საკმაოდ დამაჯერებელია ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ქაჯები ასასინების ალეგორიული სახეა. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ისე შედიოდნენ და გამოდიოდნენ, რომ მათ ვერავინ ამჩნევდა, სწორედ ასე იქცევა ფატმანის მონაც, როდესაც ნესტანთან ციხესიმაგრეში შეიპარება. გარდა ამისა მისი ჩაცმულობაც ძალიან ჰგავს ასასინების სტილს:
„ციხისა კარი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,
შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გძელი, ტან-ნაბდიანი.“
  ასასინების ეპოქა რუსთაველის ეპოქაა. შოთას უაღრესად დიდი განათლება ჰქონდა, ის მეჭურჭლეთუხუცესი იყო, უეჭველად ეცოდინებოდა, თუ რა ხდებოდა მეზობელ სახელმწიფოებში და როგორი ვითარება იყო. ასასინები 1256 წელს ჯერ მონღოლების მიერ, 1273 წელს კი მამლუქების მიერ საბოლოოდ ნადგურდებიან. სულაც არაა საკვირველი, რომ შოთამ სწორედ ისინი გამოიყენა ქაჯების სახის შესაქმნელად.
   პროლოგი პოემის დაწერის შემდეგაა დაწერილი, ამიტომ მას ბოლოსთვის მოვიტოვებ, მანამდე კი ერთი-ორი სიტყვა ეპილოგზეც ვთქვათ, რომელიც სხვათაშორისდა, რუსთველის დაწერილი არ გახლავთ და ის ვინმე მესხ მელექსეს ეკუთვნის. ამის დასტური მრავალადაა, ეპილოგში ვკითხულობთ:
„ვწერ ვინმე მესხი მელექსე,მე, რუსთველისად ამისა.“
  ანუ ვიღაც მელექსე, პოეტი წარმოშობით მესხეთიდან ვწერ ამას რუსთაველის მსგავსად.
„ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხომელსა,
აბდულ-მესია - შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
დილარგეთ - სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშვრემელსა,
ტარიელ - მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრობელსა.“
  ტარიელი მისმა რუსთველმა შექმნა და არა მეო, ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ეპილოგი შოთას არ ეკუთვნის და, სავარაუდოდ, მისი პოემა ეპიკურად, ქაჯეთის აღებით უნდა მთავრდებოდეს, ხოლო ქორწილები და სხვა ეპიზოდები ან ამ მესხი მელექსეს დაწერილია, ან ნანუჩასი.
  ორიოდე სიტყვას პროლოგზეც მოგახსენებთ და იმ ეჭვზეც, თუ რატომ მიიჩნევა, რომ შოთას თამარი უყვარდა. მანამდე კი, არსებობდა მოსაზრება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულა აღმოსავლური ამბავი უნდა ყოფილიყო, რომელიც შოთამ ლექსად ააწყო:
„ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები“
  უდიდესი ენათმეცნიერი ნიკო მარი იყო ამ ფაქტით დაინტერესებული. ის იკვლევდა აღმოსავლურ ლიტერატურას, წყაროებს და თუ ვინმეს შეეძლო მათი წაკითხვა, ეს სწორედ რომ ნიკო მარი იყო, მაგრამ მსგავსს ვერაფერს მიაგნო. სპარსული ამბის რამდენიმე გაშიფვრა არსებობს: 1 - სპარსული ანუ აღმოსავლური - მოქმედება ხომ პირობით არაბეთსა და ინდოეთში ვითარდება - აზიაში, აღმოსავლეთში. 2 - თითქოს ესაა სპარსული ზღაპარი და რუსთველი მას არა ეპიკურ პოემად, არამედ რიგით ამბად, სპარსულ ზღაპრად მიიჩნევს.
  პოემის მეცხრე სტროფი ერთ-ერთი საკვანძო სტროფია, რომელშიც ვკითხულობთ:
„მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი;
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი.
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი;
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი!“
   სწორედ ამ სტროფიდან ვიგებთ, რომ პოეტი რუსთაველია და გარდა ამისა ბოლო სტრიქონში იკითხება სამარი - თამარი, ჟღერადობა ერთია, თამარს ჯარი ემორჩილება, სწორედ ესაა შოთას სიყვარულის ერთადერთ მტკიცებულებად მიჩნეული, მაგრამ ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება პოემის მეცხრამეტე სტროფი:
„ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე,უწყალო,ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს,მიქია.“
  პოეტი თავად წერს, რომ თავისი სატრფოს სახელი შეფარვით, პოემაში დამალულად უქია, თამარს კი ის სააშკარაოზე აქებს:
„თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული.“
  გარდა ამისა, თუ მართლა თამარს ასხამდა ხოტბას იქ სრულიად უადგილო იქნებოდა მისი მეუღლის - დავით სოსლანის - ქება-დიდებაც, ქალზე შეყვარებული კაცი სატრფოს ქმრის ქებას ნამდვილად არ დაიწყებდა. თავად შოთას სიტყვებიდან გამომდინარე ჩანს, რომ სატრფოს სახელი დამალულია და ის სულაც არ არის ხმამაღლა წარმოთქმული თამარი. პოემის ფაბულაც არ იძლევა იმის დასტურს, რომ შოთას თამარი უყვარდა, პირიქით. თუ ვინ უყვარდა შოთა რუსთაველს ეს არავინ იცის, ეს ცოდნა უდიდეს სიყვარულთან ერთად პოეტმა საფლავში წაიღო, მაგრამ, ვეჭვობ, რომ შოთას პოლიტიკური ქორწინება ჰქონდა, რაც სრულებით არ არის გასაკვირი მე-12 საუკუნეში, ის ხომ თორელი დიდებული, მეჭურჭლეთუხუცესი იყო. შესაძლოა, არ უყვარდა თავისი ცოლი და მალულად საყვარელიც ჰყოლოდა, ვისაც „ვეფხისტყაოსანი“ მიუძღვნა. ფატმანის პერსონაჟი, მისი განცდები ძალიან ჰგავს პოლიტიკური ქორწინებით დაღდასმულ ადამიანს, პოემაში ჩანს, რომ შოთამ ზუსტად იცის რას გრძნობს ეს ადამიანი, თუ რაოდენ რთულია ამ ყველაფერთან შეგუება, რომ გამუდმებით უყურებ შორეთს, ჰორიზონტს და მაინც ვერაფერს ხდები, ჩარჩოებსა და მარყუჟებში ხარ მოქცეული, ამიტომ იძულებული ხარ ამქვეყნიურ სიამეებში - სასმელში, გართობასა და საყვარლებში ჰპოვო შვება. შესაძლოა, რუსთველმა უბრალოდ იცოდა ასეთი „სიყვარულის“ შესახებ და ეს ვინმეს ისტორიაა, მაგრამ უფრო სავარაუდოა ის, რომ შოთამ თავად თავის სიყვარულზე დაწერა. მისი საყვარელი კი არ იყო დიდგვაროვანი, პოეტს მასთან ყოფნას უკრძალავდნენ, ამიტომ ამბობს, რომ თავი არ გაუქიქია - ანუ დაუმცირებია და სააშკარაოზე არ გამოუტანია მისი რჩეულის სახელი, ქალის, რომელსაც მსოფლიო დონის ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ეძღვნება.

გიორგი ჩაჩხიანი

Wednesday, November 29, 2017

ელი


  ელის მთელი ცხოვრება ვუყვარდი. ეს იყო უპირობო, მხურვალე, დაუცხრომელი სიყვარული, რომელსაც მის ყოველ გამოხედვაში, მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის ბგერებში,მის სუნთქვაში ვგრძნობდი.
  სულ ვიცოდი, რომ ელის ძლიერ ვუყვარდი, მაგრამ მე არ მიყვარდა ელი.
  ელი არ იყო ლამაზი გოგო. 
  ელი არ იყო ჭკვიანი, მაგრამ არც სულელი იყო.
  ელი არ იყო მიზანსწრაფული.
  ელი არ იყო მებრძოლი.
  ელი მალე დამავიწყდა.
  დავამთავრეთ ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი. დამთავრებიდან პირველ წელს ვიცნობდი ქუჩაში შემხვედრ ელის, მეორე წელს გამიჭირდებოდა, მესამე წელს კიდევ უფრო გამიჭირდებოდა, მეოთხე წელს კი, ალბათ, ვეღარც ვიცნობდი.
  გადიოდა დრო და იცვლებოდნენ გოგონები. დაბადებიდან ოცდამეთერთმეტე წელს კი ყველაფერი შეიცვალა. გავიცანი ნინო და თითქოს აქამდე რაც კი წარსულში ჩასახული არაერთი სიყვარულის ნაშთი არსებულა ჩემში, ყოველი მათგანი გაერთიანდა და სიყვარულის მთელი უნარითა და მთელი ძალით შემიყვარდა ნინო. მასაც შევუყვარდი. ეს ის იყო ორმხრივი უპირობო, მხურვალე, დაუცხრომელი სიყვარული.შევიცვალე, ერთმა პაწაწინა გოგომ შეძლო და უბრალოდ თავისი გამოჩენით მთელი ჩემი სამყარო გადაატრიალა. არ მეგონა ოდესმე ვინმე თუ მეყვარებოდა საკუთარ თავზე მეტად, ვინმეს სურვილებს თუ დავაყენებდი საკუთარზე წინ, ვინმეს ოცნებები თუ გახდებოდა ჩემს მისწრაფებებზე მნიშვნელოვანი, ბევრად მნიშვნელოვანი, ვინმეს კეთილდღეობისთვის თუ გავირჯებოდი დღენიადაგ და მისი კეთილდღეობა იქნებოდა ჩემი უსაზღვრო ბედნიერების დასაბამი. ეს ყოველივე უეცრად, თვალისდახამხამებაში მოხდა და იმას, რასაც ნინოს დანახვისას განვიცდიდი სრულებით არ ჰქონდა საერთო ნებისმიერ გოგოსთან აქამდე განცდილთან. ნინოს თუნდაც ერთი დანახვით გამოწვეულ ჟრუანტელთან ახლოსაც კი ვერ მივიდოდა ის, რასაც სხვა გოგოს კოცნისა და ჩახუტებისას ვგრძნობდი.
  ნინო არ იყო მაინცდამიანც ლამაზი.
  ნინო იყო ძალზედ განათლებული. ერთი სიამოვნება იყო მისთვის მოგესმინა, როდესაც თავდავიწყებითა და გატაცებით საუბრობდა ანტიკურ აზროვნებასა და შეხედულებებზე; რენესანსის ეპოქის შემოქმედებსა და სამყაროს არსებობის თეორიებზე.
  ნინო იყო თავდაჯერებული, მიზანსწრაფული; იცოდა რა უნდოდა ამ სამყაროში და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თავისი კუთვნილი ადგილი დაეკავებინა.
  ნინო ხვდებოდა, რომ მომწონდა, ძალიან მომწონდა. ალბათ იმიტომ,რომ მასთან სხვანაირი ვიყავი, ბევრად უკეთესი ვიდრე ჩვეულებრივ. თავდაჭერილი, სერიოზული, სანდომიანი, ვსაუბრობდი ყველაფერზე, რაც კი ვიცოდი, რაც მაინტერესებდა ან არ მაინტერესებდა, მაგრამ ნინოს მოსწონდა ამ თემაზე საუბარი. ვეცნობოდი უამრავ სულელურ ნაშრომს, ვკითხულობდი ერთი შეხედვით სრულიად ალოგიკურ და გაუგებარ მოხსენებებს, შემდეგ კი ვცდილობდი ამ ყველაფერზე ისე მესაუბრა, თითქოს ეს იდიოტიზმი ჩემი სპეციალობა ყოფილიყო. ზოგჯერ ნინო დამცინოდა, ჩემს მჭერმეტყველებაზე ეცინებოდა და მეც სულ არ მანაღვლებდა ჩემი მონოლოგები სასაცილოდ რომ მიაჩნდა, მას ღიმილს ვანიჭებდი, როცა იღიმოდა განსაკუთრებით ლამაზი იყო. მეტი რა მინდოდა, მხოლოდ ის,რომ ბედნიერი ყოფილიყო, გაეღიმა, ხშირად გაეღიმა და მეც გავეხარებინე თავისი ენითაუწერელი მშვენიერებით. მეც ვაგრძელებდი და ვაგრძელებდი, კიდევ უფრო აფორიაქებული, კიდევ უფრო აღტკინებული იმით,რომ მოსწონდა ის, რასაც ვეუბნებოდი, ვახალისებდი, ვართობდი და ნებას არ ვრთავდი ჩემს კამპანიაში მოეწყინა. თავს ყოველთვის ვუვლიდი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, ვცდილობდი ყოველთვის კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, სუფთა და შეხამებული ტანისამოსი მეტარებინა, თმაც საგულდაგულოდ მქონოდა დავარცხნილი და წვერიც პირწმინდად გაპარსული. კომპლიმენტს ბევრი მეუბნებოდა, მაგრამ არცერთის აზრს არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა. მადლობას გადავუხდიდი და დავემშვიდობებოდი. ვეღარავის ვხედავდი, ვეღარავის ვამჩნევდი, თითქოს უეცრად ყველა გოგო შეუხედავი და შეუფერებელი გამხდარიყო. ვადარებდი ნინოს და ვერცერთი მათგანი მასთან ახლოსაც კი ვერ მიდიოდა. ეს იყო ტანჯვა. აქამდე სიყვარული ყოველთვის მომწონდა - დაპატიჟებდი გოგოს კაფეში, გადახვევდი ხელს, ჩაიკრავდი გულში, ეალერსებოდი, დაუკოცნიდი ქუთუთოებს, ყელს, ტუჩებს. ჩახედავდი თვალებში და მის მოციმციმე, გაბრწყინებულ გუგებში დაინახავდი საკუთარ ანარეკლს, მასავით ბედნიერსა და უზომოდ შეყვარებულს, სიყვარულისგან ასევე გაბრწყინებულს. ახლა კი, როდესაც ჭეშმარიტად შევიგრძენი სიყვარული ყველაფერი სხვაგვარად იყო, მიყვარდა და ეს არ მანიჭებდა ბედნიერებას. ის ფაქტი მტანჯავდა, რომ ჩემი ბედნიერება სრულიად უცხო ადამიანის ბედნიერებაზე იყო მიჯაჭვული, ვერ ვხდებოდი რატომ მახარებდა მისი ღიმილი, მისი სიხარული. მას ხომ არაფერი გაუკეთებია საამისოდ, უბრალოდ გავიცანი, მოვუსმინე, რამდენჯერმე შევხვდი, ერთად ჩამოვისეირნეთ ავტობუსის გაჩერებამდე და ასე უბრალოდ ვიქეცი პატარა ბიჭად გამუდმებით ლოყები რომ უწითლდება ხოლმე.
   შემიყვარდა და პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიგრძენი შიში. გოგოებთან ურთიერთობა არასდროს მიჭირდა, ყოველთვის მარტივი იყო ჩემთვის დამეპატიჟებინა გოგონა კაფეში, მიმეწერა და დამერეკა ისე, სასხვათაშორისოდ, მაგრამ ახლა გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი რა მიზეზით მიმეწერა ნინოსთვის, საათობით ტვინის ჭყლეტვის მერე ხან რას მოვიფიქრებდი, ხან რას. არ ვიცოდი მასაც მოვწონდი თუ არა. არ ჰგავდა გოგოს, რომელსაც მარტივად მოეწონებოდა ვინმე, მარტივად გაუყადრებდა თავს, თითქოს უკარება და მიუწვდომელი იყო. მეშინოდა, რომ უარით გამომისტუმრებდა და იდეურ დონეზეც კიდევ უფრო მიუწვდენელი გახდებოდა.
   რესტორანში ვიყავით შეკრებილები. ნინოც იქ იყო, მოპირდაპირე მხარეს სამი კაცის მოშორებით იჯდა. თვალს ვერ ვწყვეტდი, თუმცაღა კი ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა, თვალი ამერიდებინა, რომ რამე არ შემტყობოდა, არ გავწითლებულიყავი და საკუთარი გრძნობები არ გამეცა, თუმცაღა კი ვეჭვობდი,რომ ნინო რაღაცას მაინც ხვდებოდა. ბევრი არ დამილევია, სულ ორიოდე ჭიქა, დალევის არც ხალისი მქონდა და არც თავი, არ ვიყავი იმ ტიპის ადამიანი, ხსნას სასმელში რომ ხედავს ხოლმე.
-გიყვარს, არა? - მოულოდნელად ყურში ჩამჩურჩულეს. ერთბაშად შევცბი და მაშინვე ანას გადავხედე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახლო მეგობრები ვიყავით, მისთვისაც არ მეთქვა ჩემი გრძნობების შესახებ, ვინმესთან უნდა მელაპარაკა, აღარ ვუარვყვე.
-ჰო, ეს ასე აშკარაა? - გაეცინა და ეშმაკური ღიმილით გამომხედა, - რას წარმოვიდგენდი როდესმე თვით შოთა წერედიანი თუ გახდებოდა ჭეშმარიტი სიყვარულის მონა. რა დრო დაგვიდგა, არადა ადრე აქეთ გოგოები ისერავდნენ ვენებს შენ გამო.
-კარგი რა.
-რა კარგი რა, რამდენ გოგოს უყვარდი.
-მაინც ვის?
-ვის? აი, თუნდაც... -დაფიქრდა, შემდეგ კი სახე გაუნათდა, - ელი გახსოვს?
-ელი?
-ჰო, ელი დედიქაძე, - ანას სტუდენტობიდან ვიცნობდი, მთელი სიჭაბუკე ერთად გავატარეთ. კარგად მიცნობდა და ჩემი ყოველი სასიყვარულო ისტორიაც იცოდა.
-კარგი რა, ეგ რამ გაგახსენა.
-შენზე გიჟდებოდა.
-ნუ შეიძლება ცოტათი მოვწონდი, მერე რა?
-მოსწონდი? რას ამბობ, უყვარდი, ერთი შეგეხედა როგორ გიყურებდა ხოლმე, ყოველთვის შენ გაქებდა, მუდამ გიცავდა, მისი გმირი იყავი, ჭეშმარიტი, თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი, - გაგვეცინა, ორივეს გაგვეცინა.
-წესიერად არც ვიცნობდი.
-ჰო, არც მე, რაღაცნაირი გოგო იყო, - თქვა და მხრები აიჩეჩა. ისევ ნინოს გავხედე, ვიღაცას ელაპარაკებოდა და იღიმოდა, ვიგრძენი როგორ დაფარა ჩემი სხეული ათი ათასობით ჭიანჭველამ. წამიერად ჩვენი მზერა ერთმანეთისას შეერწყა, თავის გატრიალება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, თითქოს ადგილზევე გაგვეშებულიყავი და რაღაც ძალა ნებას არ მაძლევდა მისთვის თვალი მომეშორებინა. გამიღიმა და ხელი ოდნავ შესამჩნევნად ამიწია, მეც გავუღიმე.
-უთხარი, რატომ არ ეუბნები? - მკითხა ანამ.
-არ ვიცი.
-შენი ახლაც არაა. თუ არ ეტყვი, რომ გიყვარს, შენი ვერასდროს გახდება.
-სამუდამოდ რომ დავკარგო?
-შეიძლება, მაგრამ თუ არ ეტყვი ასი პროცენტია იმისი შანსი, რომ ისედაც დაკარგავ. თქმით ეს შანსები ორმოცდაათ პროცენტამდე მცირდება, -სიმწრით ჩამეღიმა.
-ამან უნდა მანუგეშოს?
-იდიოტი ხარ. მიდი, გაბედე.
-არ ვიცი, ანა, მეშინია. სული მეხუთება, რომ იცოდე ახლა როგორი საშინელი ტაქიკარდია მაქვს, მაშინვე სასწრაფოში დარეკავდი.
-დროს ნუ წელავ, მითხარი, მაგით რას მოიგებ? მაინც შენი სათქმელია, თუ გგონია,რომ თავისი ფეხით მოვა და თვითონ გეტყვის, ვაიმე, შოთა, ძვირფასო, ვგიჟდები შენზეო, ძალიან ცდები. სჯობს მანამ უთხრა, სანამ კიდევ უფრო შეგყვარებია.
-ვერაფერს ვხვდები, ხომ უნდა ხვდებოდე ცოტათი მაინც შენც მოსწონხარ თუ არა, ასე უბრალოდ ხომ ვერ მიახტები და ეტყვი - მიყვარხარო.
-ისე ამბობ ვითომ აქამდე ეგ არ გიქნია.
-მაშინ სხვაგვარად იყო, დასაკარგი არაფერი არ მქონდა.
-და ახლა რა გაქვს?
-ბედნიერება. თითქოს ასე ახლოა და თან ამავედროს ძალიანაც შორს.
-შეიგნე მაგ შენს გასიებულ თავში, რომ ეს გოგო შენი არ არის, რომ დაკარგო. იმას ვერ დაკარგავ, რაც შენი არ არის. იცი რა, მე თუ მკითხავ მაგასაც მოსწონხარ.
-მართლა? - ანას გამომცდელად შევაცქერდი.
-ჰო, მაგრამ დიდი უტვინოც კი ყოფილა.
-რატომ?!
-აბა ვინმეს შენ რომ მოეწონები, ტვინი როგორ უნდა ჰქონდეს.
-ჩემს გახალისებას ცდილობ?
-დავიტანჯე შენი საცოდაობით, ან წახვალ და თავად ეტყვი, ან მე მოვახსენებ, რომ მისი ტრფობით იწვი და დნები, ხომ იცი, მაგის გამკეთებელი ვარ, - წამიერად ანას თვალებში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი, ყოვლისშემძლე, მებრძოლ, მიზანსწრაფულ შოთა წერედიანს, - შენ ამას შეძლებ, ეგ გოგო შენი იქნება.
-ნინო ჩემი გახდება, - გავიმეორე და ანას შევხედე, - გმადლობ.
-რაც არ უნდა მოხდეს, მე აქ ვარ, შენ მარტო არ ხარ, - ხელი მომიჭირა, თავი დავუქნიე და წამოვდექი. დღემდე არ მახსოვს როგორ გავიარე ის გზა, წარმომიდგენია თუ როგორ მიძგერდა გული, სუნთქვა მეკვროდა.დიდი ძალისხმევის ფასად გადავდგი ნაბიჯები და ნინოსთან მივედი.
-მეცეკვები? - ვკითხე და ხელი გავუწოდე. თითქოს დაბნეული, შეცბუნებული და გახარებული იყო. წარბები შეჭმუხნა და თავისი ხელი ჩემსაზე მსუბუქად დაასვენა.
-კარგი, - მისი შეხებისას ჟრუანტელმა დამიარა. ეს იყო ენითაუწერელი, წარმოუდგენელი, ჯადოსნური წამი, როცა შემეძლო მისთვის თვალებში მეყურებინა და ამის გამო არ შემრცხვენოდა, არ შემშინებოდა, რომ ჩემს მზერას დაიჭერდა და არ გავწითლებულიყავი. მეორე ხელი მხარზე დამადო და საცეკვაო მოედანზე ნაზად დავიწყეთ რხევა, ზუსტად ისე, როგორც მინდვრის ყვავილები ირხევიან მსუბუქი, სასიამოვნო სიოს დროს.
   ნინოზე კიდევ ერთი რამ უნდა გითხრათ, წარმოშობით მეგრელი იყო. დედის მხრიდან კი გურული ფესვები ჰქონდა. ამის გამო ხშირად ვეხუმრებოდი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მეგრელი მეგობარიც მყავდა, რატომღაც მეგრელები მაინცდამაინც გულზე დიდად არ მეხატებოდნენ. ბავშვობიდან ვიყავი იმ სტერეოტიპული აზროვნების მსხვერპლი, რომ ისინი დახელოვნებული მლიქვნელები, პირფერები და ეგოისტები არიან. რას ვიფიქრებდი, მეგრელი გოგო თუ შემიყვარდებოდა, თავიდან ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, ამიტომ ნინოს წარმომავლებობაზე ხშირად ვეხუმრებოდი ხოლმე და მანაც კარგად იცოდა ჩემი დამოკიდებულების შესახებ. მის გვერდით ყოფნა ნამდვილი ნეტარება იყო, თითქოს ერთად ჩვენ დროც კი შევაჩერეთ, მაგრამ ვიცოდი, დაუსრულებლად ვერ ვიცეკვებდი მასთან ერთად თუ არ ვეტყოდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი ოცნება, სამუდამოდ მასთან ერთად ვალსის ცეკვა. ნინო თვალებში შემომცქეროდა და თავისი ეშმაკური, კეკლუცური, იდუმალი ღიმილით მიღიმოდა. ძალა მოვიკრიბე.
-იცი... - წამიერად უხერხულმა დუმილმა დაისადგურა, - მგონი ბედი დამცინის.
-რატომ? - მკითხა თავისი ნარნარა, ანგელოსთა დასიდან ნაბოძები ხმით.
-იმიტომ, რომ...ბოლოს...მაინც მეგრელი შემიყვარდა, - ვუთხარი და თვალებში ჩავაცქერდი, დავინახე თუ როგორ გაბრწყინდა რაღაც მის მზერაში, ჯერ ერთი ნაპერწკალი გაკრთა, შემდეგ მეორე. ხელები კისერზე შემომაჭდო და ნაზად მომეხვია. გაუთვიცნობრიებლად ხელი თავზე მოვკიდე და ნაზად ვაკოცე. გულზე მივიხუტე და ცეკვა განვაგრძეთ. ვგრძნობდი როგორ უგდებდა ყურს ჩემს გულისცემას და მაშინ, როდესაც ყველაზე ძლიერი ბაგუნი ვიგრძენი, ნინომ ხელები კიდევ უფრო ძლიერად შემომხვია. მძიმედ, გახშირებულად ვსუნთქავდი, მაგრამ ამ წამს თითქოს რაღაც განუზომელი შვება ვიგრძენი. მაშინვე უთქმელად მივხვდი, რომ მასაც მოვწონდი, მეტიც, შეიძლება ვუყვარდი კიდეც. თავი ასწია და შემომაცქერდა. ბედნიერებისგან ღიმილს ვერ ვიკავებდი, მანაც გამიღიმა და შუბლი მომადო. ჩვენს მზერაში ყველაფერი აშკარა და ნათელი იყო. მასაც ვუყვარდი, მასაც ძლიერ ვუყვარდი, მე ჩემს ნინოს ვუყვარდი, ამის გაცნობიერება და მოზღვავებული, უდიდესი სიხარულის განცდა ერთი იყო, წამიერადვე ვიგრძენი როგორ დამეპატრონა ეს განცდა და მთელი ჩემი თითოეული უჯრედი როგორ აავსო, ააციმციმა და გააბრწყინა. მაინც მინდოდა, რომ ეს მისგან გამეგო, რომ თავადაც დაედასტურებინა, თუმცაღა კი შეკითხვის მეშინოდა, მისი მზერით შეგულიანებულმა მაინც ვკითხე:
-აბა? - გამიღიმა და თავი დამიქნია.
-გაძლევ იმის უფლებას, რომ გიყვარდე, - და მეც მთელი გულით შევიყვარე.
   ოქტომბერში ვიქორწინეთ.
   ცხოვრებას არას ვუჩიოდი, გვერდით მყავდა უმშვენიერესი ქალი, რომელსაც ვუყვარდი და მეც ვაღმერთებდი. უბრალოდ, რაც გულს მწყვეტდა იყო ის, რომ შვილი არ გვეყოლა. ბევრი ცრემლიანი ღამე გავათენეთ ამის გამო, მაგრამ ერთმანეთის მხურვალე, უპირობო სიყვარულმა გაგვაძლებინა. დიდი ძალისხმევის ფასად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბავშვი აგვეყვანა და ავიყვანეთ კიდეც. პატარა, ახალდაბადებულ, შავთვალება ბიჭს ნიკა დავარქვით. პირველი დანახვისთანავე შეგვიყვარდა. ნიკა ჩვენი შვილი გახდა.
  გავიდა ხანი. წლები ისე მიფრინავდა და ცვლიდა ერთიმეორეს, როგორც საათის ისრები ციფერბლატზე. ავად გავხდი. ჩემი გადარჩენის ერთადერთი საშუალება ტრანსპლანტაცია იყო. ნიკა ჩვენთან შეუთანხმებლად დათანხმდა დონორობას. აიღეს ანალიზები, რომლის შედეგიც შემდეგში იყო - დონორი და რეციპიენტი სისხლის ჯგუფითაც კი ერთმანეთის შეუთავსებელნი აღმოჩნდნენ.
  მე და ნინო პალატაში ვიყავით, როდესაც კარი გაიღო და ნიკა აჩქარებით შემოვარდა. თვალები გასწითლებოდა და დასიებოდა.
-დედი, რა მოგივიდა? - ნინო მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და ვაჟთან მივიდა. ფურცლები საწოლზე, ზედ ფეხებთან დამაყარა.
-ეს რა არის? - ვკითხე ჩუმად, ერთგვარი შიშით. თავი გააქნია, შეძრული და გატეხილი იყო.
-არ ვარ მე თქვენი შვილი.
-რას ამბობ, ნიკა, - ნინო ვაჟს მოეხვია, მაგრამ თავად ბიჭმა აღარ შემოჰხვია ხელები, - გთხოვ, შვილო, აბა ვისი შვილი ხარ, ნუ იტყვი მაგას, ნუ გვატკენ გულს,ოჰ, ნიკა, - ვაჟის მხარს მიეკრა და ცხარედ აქვითინდა. გული დამეწვა, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც დასუსტებული ვიყავი და თითოეული სიტყვის გამოთქმა მიჭირდა, მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე.
-ნიკა, შვილო, მომისმინე, - მდუმარედ, არაფრისმეტყველი თვალებით მიმზერდა, - უკვე დიდი კაცი ხარ, გთხოვ, დავილაპარაკოთ.
-რა არის აქ სალაპარაკო?! მატყუებდით, მთელი ცხოვრება მატყუებდით!
-ასე შენ გამო ვიქცეოდით, აბა რა გინდოდა, ბავშვობიდან გვეჩიჩინებინა, შენი ბიოლოგიური მშობლები არ ვართ-მეთქი, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ნიკა, ერთი კვირისაც არ იყავი მამაშენი რომ გავხდი. ჩვენ გაგზარდეთ, ჩვენ გივლიდით, ჩვენ გვიყვარდი, ჩვენ ვზრუნავდით შენზე და ეს ასე იქნება მანამდის, სანამ მაღალი ღმერთი მომცემს ამის გაკეთების საშუალებას. შეხედე დედაშენს შენი სისულელით როგორ ტკენ გულს, მითხარი ეს გინდა? ეს დაიმსახურა იმიტომ, რომ შენზე ზრუნავდა და შენ გაგზარდა, იმიტომ ტკენ გულს, რომ შენ უყვარდი და დედას გეძახდა? ამდენი წლის შემდეგ ეს დავიმსახურეთ, ნიკა? რომ მოგვიბრუნდე და გვითხრა, რადგან ნინომ მუცლით არ გატარა, ამიტომ შენი მშობლები აღარ ვართ, რომ შენ ჩვენი შვილი არ ხარ? მითხარი, ნიკა, ესაა ჭეშმარიტება, ესაა კაცობა?! - ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა და თვალები დახუჭა. ვხედავდი როგორ უჭირდა, თითქოს ვერც სუნთქავდა. მესმოდა, ეს ძალიან რთული იყო მისთვის და კიდევ უფრო რთული ჩვენთვის, ჩემთვის და ნინოსთვის.
-ნიკა, შვილო, - ნინომ ხელი სახეზე შეახო და თვალები გაახელინა, - მითხარი რომ ეს არ არის მზერა, რომლითაც ნამდვილი დედა უმზერს თავის შვილს. ჰო, შეიძლება არ უნდა დაგვემალა, ცოტა ადრე უნდა გვეთქვა, მაგრამ...გაიგე ჩვენიც, გვეშინოდა, გვაპატიე, გთხოვ, შვილო, გვაპატიე, განა შენი პატიება არ დავიმსახურეთ? - ეუბნებოდა გაბზარული, ცრემლნარევი ხმით.
-იცი, რა რთული პერიოდიც გვიდგას. ჩვენ ვერაფერს გაიძულებთ, ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი, როგორც სწორად მიგაჩნია, მაგრამ იცოდე, რომ ჩვენ ვართ შენი ოჯახი და მე არ ვიცი ვინაა სხვა შვილი, შენ გარდა. შენ მასწავლე მამობა, შენ მომანიჭე ეს სიხარული, შეგიძლია გაიმეორო და თქვა, რომ შენ ჩემი შვილი არ ხარ, მაგრამ ეს ასე არაა, მე ვიცი, რომ შენ ჩემი შვილი ხარ, ნიკა, ჩემი ნამდვილი და ერთადერთი შვილი.
ცხარედ ატირდა. ხელი სახეზე აიფარა, შემდეგ კი დედას ჩაეხუტა და მის მხარზე ჰპოვა შვება.
-მაპატიეთ, გთხოვთ, მაპატიეთ, - თქვა და ნინოს მთელი პირსახე დაუკოცნა, მხურვალედ მოეხვია. შემდეგ ჩემთან მოვიდა, საწოლთან ჩაიმუხლა, ჩემი ხელი აიღო და ნაზად ეამბორა, შუბლზე მიიდო. ვიგრძენი როგორ დამისველა მტევანი მისმა ცხარე, მდუღარე ცრემლებმა.
   მომდევნო დღეს ჩემი მდგომარეობა კიდევ გაუარესდა. ხმა გავარდა, რომ ცუდად ვიყავი და შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ბოლო დღეებსაც კი ვითვლიდი. ჩემს სანახავად ბევრი მოდიოდა, ჩემი არცთუ ისე ახალგაზრდა მეგობრები თითქმის ყოველდღე მაკითხავდნენ, ზოგი მოსაკითხად, ზოგი გასამხნევებლად, ზოგიც კი გამოსამშვიდობებლად. დონორი კი არსად ჩანდა. ჩემს ოჯახის წევრებს ისედაც აღარ შეეძლოთ, ზოგს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, ზოგს ასაკი. ყოველგვარი იმედი გადამეწურა და მაინც, ამ უიმედობის ჟამს ნინო არ მაძლევდა დანებებისა და ხელის ჩაქნევის საშუალებას.
-რამე გამოჩნდება, აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება.
-უკვე აღარ მჯერა ამის,ნინო, - სევდიანად გავუღიმებდი და ხელზე ვაკოცებდი ხოლმე. მის ხელს ხელს არასდროს ვუშვებდი, მუდამ ჩემსაში მეჭირა. ძალას მაძლევდა, იმედის უკანასკნელ, ბოლო მარცვალს ვეჭიდებოდი და ეს იყო ნინოს სათუთი ხელი, მისი შეხება, მისი კოცნა, მისი უსაზღვრო, გულწრფელი სიყვარული.
  მაისი ილეოდა. ვიცოდი, რომ თუ უახლოეს დღეებში ტრანსპლანტაციას არ გავიკეთებდი, სულ რამდენიმე დღის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი. ამას ვგრძნობდი კიდეც, როგორ ნებდებოდა ჩემი სხეული, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მინდოდა, მზად ვიყავი კიდეც ამისთვის, მაინც ვერაფერს ვხდებოდი, სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი, დასუსტებულ და ამყრალებულ ლეშად ქცეულიყო. მისი გამოცოცხლება აღარ შემეძლო. სიკვდილი არ მინდოდა, მაგრამ სიცოცხლეც რომ აღარ შემეძლო? უბრალოდ არ მქონდა უნარი ამ ფაქტს შევრიგებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ნინოსა და ნიკას გვერდით მხნეობას ვინარჩუნებდი, როცა მარტო დავრჩებოდი საშინელი სევდა მომეძალებოდა და გულამოსკვნილ ქვითინს ვიწყებდი ხოლმე. ვიცოდი როგორ განიცდიდნენ ჩემი საყვარელი ადამიანებიც, არ იტყობდნენ, არ იმჩნევდნენ, არ უნდოდათ, რომ მე ეს დამენახა, მაგრამ მათ ჩაშავებულ, დასიებულ უპეებზე ყველაფერს ნათლად ვხედავდი. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა, არ მინდოდა, რომ მათთვის ტკივილი მიმეყენებინა, იმაზე ვდარდობდი ნინო როგორ გაძლებდა უჩემოდ, როგორ იქნებოდა, ვიცოდი,რომ საიმედო ხელში ვტოვებდი და ნიკა მას აუცილებლად მიხედავდა, მოუვლიდა, იზრუნებდა, მაგრამ იმისი მეშინოდა და ის მაფიქრიანებდა თუ როგორ გადაიტანდა ჩემი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. საკუთარ თავზე სულ არ ვფიქრობდი, ის ფაქტი მზარავდა, რომ ნინოს ვეღარ ვნახავდი, მის გვერდით ვეღარ დავდგებოდი, მას ვერ ვანუგეშებდი, ვერ გავახალისებდი, ვერ გავაღიმებდი, პირიქით, მე მას მალე, ძალიან მალე აუცილებლად დავამწუხრებდი და გულს ვატკენდი, ამის გამო მძულდა საკუთარი თავი, როგორ მინდოდა, რომ მთელი ცხოვრება გამებედნიერებინა, ბოლოს კი, ბოლოს მაინც მე მივანიჭებდი ენითაუწერელი, უსაშინლესი ტკივილის განცდას.  
ამ ფაქტს ვერ ვურიგდებოდი, მაგრამ შესაგუებელიც აღარაფერი იყო. ცხოვრებას ისედაც ყველაფერი თავად გადაეწყვიტა. უნდა დავკმაყოფილებულიყავი იმით, რაც მქონდა, რაც გამოვიარე და რაც გამაჩნდა, ეს უძვირფასესი რამ იყო ჩემთვის, რომლისთვისაც მთელ სიცოცხლესაც დავთმობდი. მეტი მინდოდა, მსურდა უფრო დიდხანს მეცხოვრა, კიდევ ბევრჯერ დავმტკბარიყავი ჩემი ოჯახის კამპანიით, კიდევ ბევრჯერ მეცეკვა ვალსი ნინოსთან, მაგრამ ცხოვრებასთან მაინც არ ვიყავი მწყრალად, რადგან მან საშუალება მომცა, რომ ოდესღაც მეცეკვა ჩემს მშვენიერ მეუღლესთან ერთად, ყოველ დილით დავმტკბარიყავი მის გვერდით გაღვიძებით და მეცქირა ჩემი უზენაესი მშვენიერებისათვის.
   მაისის ბოლო ხუთშაბათს რაღაც შეიცვალა. მოულოდნელად ექიმმა მითხრა, რომ დონორი გამოჩენილიყო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მისი ნახვა და გაცნობა მინდოდა,მაგრამ თავად ჩრდილში დარჩენა ერჩია. ექიმს არც შევკამათებივარ, ამას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, მთავარი იყო,რომ ისევ ვიცოცხლებდი.
  ოპერაცია სასწრაფოდ, შაბათ დილით გამიკეთეს. ნარკოზიდან გვიან გამოვედი. ფანჯარაში უკუნითი ღამე ჩამოწილილიყო. პირველი რაც დავინახე, ჩემს სასთუმალთან, სავარძელში მჯდომი ნინო იყო. თავი საზურგისთვის მიეყრდნო, დაღლილობისა და დაქანცულობისგან ჩასძინებოდა, მაგრამ როგორც კი ხელი ავამოძრავე, მაშინვე თვალი გაახილა.შემომხედა, გაღიმება ვცადე. თავისი ხელი ჩემსას ნაზად შეახო.
-როგორ ხარ?
-კარგად, - თითქოს შვებისაგან ამოისუნთქა. თავზე ხელი გადამისვა და ცერით ლოყაზე მომეალერსა.
-ასე აღარ მანერვიულო, კარგი?
-კარგი, - თავი დავუქნიე, - გპირდები.
-არ ვიცი უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვრო.
-არც მე, - გადმოიხარა და მსუბუქად მაკოცა. ოპერაციის შემდგომმა ყრუ ტკივილმაც წამში გამიარა.
   მომდევნო საათში ექიმმა შემოიარა. გამსინჯა. ჩანაწერები გააკეთა და მკითხა:
-თავს როგორ გრძნობთ?
-არა მიშავს, კარგად ვიქნები? - თავი დახარა და მითხრა:
-დიახ, გართულებებს არ მოველი.
-ყველაფერი რიგზეა?
-ოპერაციის დროს გართულებებმა იჩინა თავი. თქვენი დონორი აპარატზეა მიერთებული, კრიტიკული სიტუაციაა.
-ღმერთო, შეიძლება რომ ვნახო?
-ოპერაცია ახლახან გაიკეთეთ, თქვენთვის მკვეთრი მოძრაობებიც კი არ შეიძლება, წამოდგომა მითუმეტეს.
-ვინ არის? მისი სახელი მაინც მითხარით.
-თავს გაუფრთხილდით და მაქსიმალურად დაისვეეთ, ეცადეთ არ გადაიღალოთ.
-ექიმო! - გაბრუნდა და პალატიდან გავიდა. მარტო დავრჩი. ნინო ცოტა ხნით გასულიყო. ექიმის ნათქვამმა დამასევდიანა, ღმერთს შევსთხოვდი, რომ ის კაცი გამომძვრალიყო. ინტერესი გულს მიღრღნიდა, ისე მაინტერესებდა თუ ვინ იყო ჩემი დონორი, ვინ შეუქმნა საფრთხე საკუთარ სიცოცხლეს ჩემს გადასარჩენად და რატომ არ სურდა თავისი ვინაობის გამხელა. სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი ჩაკარგული, ნინო რომ დაბრუნდა. შეწუხებული სახე ჰქონდა.
-რა მოხდა?
-არაფერი, - მიპასუხა, მაგრამ მისი გამომეტყველება სხვა რამეს მიუთითებდა.
-არ გეტყობა, რომ არაფერი მომხდარიყო. მითხარი.
-ახლა ნერვიულობა ნამდვილად არ გჭირდება. ეს ჩვენ არ გვეხება, - დაჟინებული მზერით შევაცქერდი, თვალს არ ვარიდებდი, - კარგი რა, შოთა, - ამოიოხრა.
-მითხარი, გთხოვ,- ტუჩი მოიკვნიტა, ყოყმანით მიმზერდა, თითქოს უნდოდა თქმა, ვიცოდი,რომ უნდოდა, მაგრამ მაინც თავს იკავებდა, - ნინო.
-ექთნისგან გავიგე, რომ ოპერაციის დროს სირთულეები ყოფილა, სულ ეგ არის.
-ვიცი.
-რა იცი? - დაეჭვებით შემომხედა.
-ის კაცი ცუდადაა.
-ვინ კაცი?
-ჩემი დონორი.
-საიდან მოიტანე რომ კაცია?
-აბა?
-ქალია, - წარბები შევჭმუხნე.
-ქალი?
-ჰო, ექთნმა მითხრა. მისი ვინაობაც გავიგე, - გული ამიძგერდა და საჩქაროდ ვკითხე:
-რა ჰქვია?
-ელი.
-ელი? - ეს სახელი მეცნო, თითქოს საიდანღაც, შორეული წარსულის მოგონებებიდან იფეთქა.
-ჰო, ელი დედიქაძე, - გამახსენდა. ნინოს შეცბუნებულმა შევხედე, - რა გჭირს, კარგად ხარ? ექიმს ხომ არ დავუძახო? - ის-ის იყო უნდა წამომდგარიყო, რომ მაჯაში ხელი ჩავავლე.
-არა.
-რა მოგივიდა, ფერი არ გადევს.
ვეღარ ვუპასუხე, ვეღარაფრის თქმა ვეღარ შევძელი. ჩემი სიტყვები ყრუ ბგერებად გაისმა. ელი... მახსოვდა, რა თქმა უნდა მახსოვდა. გონებაში მაშინვე ამომიტივტივდა გამხდარი, შავგრემანი, ფერმკრთალი გოგონა, მუდამ დიდ სათვალეს რომ დაატარებდა. თითქოს საწოლი გამომეცალა და უსასრულობაში დავიწყე ვარდნა.
-შოთა, შოთა, ხელი, ძალიან მტკენ, - ამან გამომაფხიზლა და ნინოს შევხედე,ხელი მისი მაჯისთვის ჩამებღუჯა, მაშინვე გავუშვი, საბრალოს მაჯა სულ გასწითლებოდა.
-ბოდიში.
-საყვარელო, რა მოგივიდა, ეს იმ ქალის გამოა?
-ვერ ვსუნთქავ.
-რა?
-წყალი...
-ახლავე, - მაშინვე გარეთ გავარდა და ერთჯერადი ჭიქით წყალი შემომიტანა, - ექიმს მაინც დავუძახებ.
-არ გინდა, კარგად ვიქნები, - ჭიქა პირთან მომიტანა და წყალი ყლუპ-ყლუპად დამალევინა. სული მოვითქვი. ნინოს სახეზე დაუმალავი ზაფრა და შიში აღბეჭდვოდა.
-იცნობდი?
-ჰო, ვიცნობდი, - თვალს მომდგარი ცრემლის შესაჩერებლად თვალები ძლიერად დავხუჭე, მაგრამ მაინც ვიგრძენი როგორ ამემღვრა ისინი და თვალის კუთხეც ოდნავ დამისველდა.
-ვინ არის?
-კურსელები ვიყავით, მაგრამ არც მაინცდამიანც ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, უბრალოდ... უბრალოდ, მგონი, ვუყვარდი.
-უყვარდი?
-ჰო, ეს არასდროს უთქვამს, მაგრამ ამას ყოველთვის ვგრძნობდი, სხვებიც ამჩნევდნენ. მე კი... მე ზედაც არ ვუყურებდი. გამარჯობასაც მაშინ ვეტყოდი, როცა კიბეზე ასვლისას ან სადმე ქუჩაში შემხვდებოდა. სულ ეს იყო, ერთი უბრალო გამარჯობა.
  ნინოს სახეზე თითქოს რაღაც შეიცვალა. არაფერი უთქვამს, უბრალოდ მისმენდა.
-ნანობ? - ბოლოს დასევდიანებული ხმით ესღა მკითხა.
-რას?
-არაფერი, დაივიწყე. ნიკას დავურეკავ, - მითხრა და პალატიდან გავიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობდი. არ ვფიქრობდი, რომ ელის არასწორად ვექცეოდი, მისთვის არასდროს მიმიმართავს უხეშად, არასდროს მიმეყენებია შეურაცხყოფა, არასდროს დამიცინია, უბრალოდ ელი არ მაინტერესებდა და არც ყურადღებას ვიჩენდი მის მიმართ, განა ეს დანაშაულია? მე არც ის მითხოვია, რომ ჩემი დონორი გამხდარიყო. ეს თავისი სურვილით გააკეთა. თავისი სურვილით წავიდა რისკზე,საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და ეს ჩემთვის გააკეთა...
   გადიოდა დღეები. თავს უფრო და უფრო უკეთესად ვგრძნობდი. ნინო გვერდიდან არ მცილდებოდა, ნიკაც უნივერსიტეტის მერე სულ ჩემთან იყო. ძველებურად მამას მეძახდა და გაუცხოების ის მცირედი განცდაც აღმოფხვრილიყო. ელის შესახებ ექიმს ყოველდღე ვეკითხებოდი. ექიმი ვერაფერს ამბობდა, მეტყოდა მძიმე მდგომარეობააო და პალატიდან გავიდოდა. პალატაში გავლის ნება მომცა, მაგრამ ელის სანახავად წასვლას მაინც მიკრძალავდა. მეც ველოდი, ყოველ დილით იმის იმედით ვიღვიძებდი, რომ ერთხელაც მეტყოდა - შეგიძლია გახვიდე და ნახოო და მეც კიდევ ერთხელ ვნახავდი ელის, მაგრამ ეს დღე არა და არ დგებოდა. 11 ივნისს, ბოლოს და ბოლოს დამრთო მისი ნახვის ნება და მეც დილითვე, დაუყოვნებლივ მასთან წავედი.
    პალატაში შესვლის უფლება არ მქონდა, თუმცა კარში დატანებული პატარა ფანჯრიდან დავინახე. შეცვლილიყო, ალბათ, ქუჩაში რომ შემხვედროდა ვერც ვიცნობდი. ასაკი კი დასტყობოდა, მაგრამ სიყმაწვილის მერე გალამაზებულიყო. ახლა მომხიბვლელი ქალიც ეთქმოდა და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის ძალიან უცხო იყო. შუშას შუბლი მივადე, მინა დაიორთქლა. თვალს ვერ ვწყვეტდი და საკუთარ თავს გაუჩერებლივ ვუმეორებდი, „- რატომ, ელი, ეს რატომ გააკეთე?“ - თითქოს მას ვეკითხებოდი, ესმოდა კიდეც, მაგრამ პასუხს არ მცემდა, უბრალოდ მიღიმოდა, მიღიმოდა თავისი ძველი, გაუბედავი ღიმილით.
-უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? - მომესმა უკნიდან. შევბრუნდი. ჩემ წინ ახალგაზრდა კაცი იდგა, დაღონებული სახე ჰქონდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ პალატის წინ ჩამწკრივებულ სკამებზე ორი ქალი და ერთი ასაკოვანი კაცი ისხდა. მივხვდი, რომ მისი ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. დავიბენი, თავი დავხარე, არ ვიცოდი რა მეთქვა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ვგრძნობდი ახალგაზრდის დაჟინებულ მზერას, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
-მე...მე...შოთა.
-შოთა, შოთა წერედიანი? - ხმაზე აღელვება დაეტყო.
-დიახ, - ვუთხარი თავჩაქინდრულმა. არ შემეძლო რომელიმესთვის შემეხედა და მათთვის მზერა გამესწორებინა.
-შე ნაბიჭვარო!.. შენ გამოა დედაჩემი ასეთ დღეში! - მიყვირა და ხელი მკრა, კედელს მივენარცხე.
-დათო, რას აკეთებ?! - ერთ-ერთი ქალი წამოხტა და ჩვენ შორის ჩადგა, - ჯერ კიდევ ახალნაოპერაციებია, რამე რომ მოუვიდეს, ეს გინდა? ეს ენდომებოდა დედაჩვენს, ამისთვის გაწირა თავი და ამხელა რისკზე ამის გამო წავიდა? - ქალმა თავი გააქნია და ძმას შეხედა.
-არ ვიცი რას ვაკეთებ, მაპატიეთ, - ხელები სახეზე აიფარა და ამოიხვნეშა. გაგვშორდა და გრძელ დერეფანს გაუყვა. მას ასაკოვანი კაციც გაჰყვა.
-კარგად ხართ? - მკითხა ქალმა. მთელ ტანში ყრუ, გაუსაძლისმა ტკივილმა დამიარა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, ახლა ჩემი ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო მათ სულიერ ტანჯვასთან შედარებით.
-დიახ, გმადლობთ, - თავი დავუქნიე და წამიერად შევხედე. ნამდვილად ელის შვილი იყო, მის ახალგაზრდობას მაგონებდა, დედას საოცრად ჰგავდა, სწორედ ეს ვუთხარი: - დედას საოცრად ჰგავხართ.
-ვიცი, ამას ხშირად მეუბნებიან. არ ვიცოდი დედას თუ იცნობდით, თქვენზე არასდროს საუბრობდა, არცერთხელ არ უხსენებიხართ.
-კურსელები ვიყავით.
-ეს რატომ გააკეთა, ასეთ რისკზე რატომ წავიდა?
-არ ვიცი, ნეტავ ვიცოდე. არაფერი ვიცოდი, რომ მცოდნოდა აუცილებლად შევაჩერებდი, ამას არ გავაკეთებინებდი, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი. ექიმმა მითხრა, რომ დონორს ჩრდილში დარჩენა უნდოდა.
-მესმის, ასეთი იყო დედა... ასეთია დედაჩემი. ვერადროს გაიგებდი რა უნდოდა, რას გრძნობდა, თავად კი ამას არასდროს ამბობდა.
-ცხოვრებით... ცხოვრებით ბედნიერი იყო?
-კი, - თავი დამიქნია, - სულ ამბობდა, რომ ცხოვრებით კმაყოფილი იყო, მშვენიერი შვილები და მოსიყვარულე, კარგი ქმარი ჰყავდა.
-შეიძლება მის სანახავად რომ მოვიდე ხოლმე?
-დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი ძმის გამო ბოდიშს გიხდით, ასეთი არაა, უბრალოდ მძიმე პერიოდი გვაქვს.
-ექიმი რას ამბობს?
-მძიმე მდგომარეობაა, არ ვიცით გადარჩება თუ არა.
-იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მისნაირ ადამიანს უფალი არ გაწირავს, მე ამის მჯერა.
-ღმერთმაც ქნას, არ ვიცით მის გარეშე როგორ ვიქნებით, - მინდოდა მენუგეშებინა და მეჩვენებინა, რომ მარტო არ იყო, ხელი დავადე, თავი დავუქნიე და იმ პირობით დავემშვიდობე, რომ კიდევ მოვიდოდი, ელის ყოველდღე ვინახულებდი.
   ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უკეთესობისკენ იცვლებოდა. გამოკვლევებზეც საკუთარი ფეხით გავდიოდი. ვიცოდი მალე გამწერდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ წასვლა არ მინდოდა, ელის დატოვება არ მსურდა, ელის, რომლის მდგომარეობაც ისევ ისეთივე მძიმე იყო.
   ასეთივე გამოკვლევიდან პალატაში ვბრუნდებოდი, როცა წყლის აპარატთან ჭაღარა კაცი დავინახე. ვიცანი, ელის ქმარი იყო. შემომხედა.
-წყალს დალევთ? - მკითხა, თავი დავუქნიე. ერთჯერად ჭიქაში დამისხა და მომაწოდა.
-გმადლობთ, - მერე თავადაც ჩამოისხა. კუთხეში მდგარ დივანზე ჩამოჯდა, მეც გვერდით მივუჯექი. საუბრის დაწყებას არცერთი არ ვჩქარობდით. არ ვიცოდი რა მეთქვა და, ალბათ, მანაც არ იცოდა, უბრალოდ თავის ჭიქას დასცქეროდა. მაღალი, სიმპატიური კაცი იყო, შეიძლება ჩემზე დახვეწილიც კი.
-ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, - თითქოს ამას ჭიქას ეუბნებოდა, მის ზედაპირს ცერს ნაზად უსვამდა, აშკარად მე მესაუბრებოდა, მაგრამ არ მიყურებდა: - ვუყვარდი, ვუყვარდი, მაგრამ ყოველთვის მქონდა რაღაც დანაკლისის განცდა, მის მზერაში ვხედავდი მზრუნველობას, სიყვარულს, მაგრამ არა ბრწყინვალებას, არა იმ ნაპერწკლებს, უზომოდ შეყვარებულ ადამიანს რომ აქვს თვალებში. ამაზე არასდროს გვილაპარაკია, ყოველთვის ვეჭვობდი, რომ სადღაც ღრმად მის გულში იყო ადამიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ უყვარდა. ახლა უკვე ამაში დავრწმუნდი.
-არ ვიცი რა გითხრათ, მე და ელი ერთად არასდროს ვყოფილვართ.
-ვიცი, მაგრამ განა ამას აქვს რამე მნიშვნელობა? მას თქვენთან უდიდესი, განუზომელი სიყვარული აკავშირებდა, შეიძლება ისეთიც მე რომ არ მღირსებია. თუნდაც ეს გრძნობა ცალმხრივი ყოფილიყო, განა ცალმხრივი სიყვარული სიყვარული არ არის? ხშირად ის ორმხრივ სიყვარულზე უფრო ძლიერია, ადამიანს სიგიჟეებს რომ ჩაადენინებს. ამდენი წლის შემდეგ... არც კი მითხრა რას აპირებდა, არავის უთხრა, - დანანებით თავი გააქნია, - იცოდა, რომ ამის ნებას არ დავრთავდით, ასე არ გავარისკინებდით, ამიტომაც არ გვითხრა, ასეთია ის, მუდამ ასეთი იყო.
-მეც არაფერი ვიცოდი, გაოგნებული ვიყავი როცა გავიგე.
-ყოველდღე ვცდილობდი მისთვის თავი კიდევ უფრო მეტად შემეყვარებინა, თუნდაც ერთხელ მაინც შემოეხედა ჩემთვის ისე, როგორც მას ვუყურებდი. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო და რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის, თქვენ კი... თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ და მას მაინც თქვენ უყვარდით. ამდენი წელი გულში მალავდა და ინახავდა ამ გრძნობას, მითხარით ეს როგორ მოახერხეთ?
-არ ვიცი, - თავი გავაქნიე, - ნეტავ ვიცოდე, მართლა არ ვიცი. არც საბაბი მიმიცია, არც თავის მოწონებას ვცდილობდი, არც განსაკუთრებულად ვექცეოდი. მეც მერე გავიგე, რომ მოვწონდი, როცა ამაზე ლაპარაკი დაიწყეს, მაგრამ არაფერი მითქვამს, თავადაც არაფერს მეუბნებოდა. ელის მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი ვიცნობდი, ნეტავ უფრო ახლოს გამეცნო, ნეტავ შემძლებოდა თუნდაც მასთან მეგობრობა, მაგრამ ასე არ იყო.
-საიდან იცნობდით?
-ერთად ვსწავლობდით, - თავი დამიქნია, - ძალიან ვწუხვარ, სიტყვებით ვერ აგიწერთ რას ვგრძნობ. ამას მერჩივნა საერთოდ არ გადავრჩენილიყავი და ამას გულწრფელად ვამბობ.  თქვენი შვილი მართალი იყო, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.
-თქვენ არაფერ შუაში ხართ, ეს ელის სურვილი და მისი გადაწყვეტილება იყო, სულელი ქალი არ არის, კარგად იცოდა რაზეც მიდიოდა და ეს მაინც გააკეთა.
-ახსნას ვერ ვუძებნი, უბრალოდ ახალგაზრდობაში მოვწონდი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მასთან არც მისაუბრია.
-უყვარდით, - თქვა და ამოიოხრა, - ახლაც უყვარხართ.
-ის ხომ ბედნიერი იყო?
-კი, იყო, მაგრამ... შეიძლება გყავდეს ოჯახი, იყო შენი მეუღლის ერთგული, მოსიყვარულე, მზრუნველი ცოლი, მთელი ცხოვრება გალიო მასთან ერთად, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სხვა გიყვარდეს. შეიძლება არ იყო მასთან, არ გათქვა ეს სიყვარული, მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება ატარო გულით. ამაზე მხოლოდ მსმენოდა, მაგრამ ახლა უკვე ჩემი თვალით ვნახე. იცით, რთულია, ძალიან რთულია ამ ყველაფერთან შეგუება. თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ თურმე შენი ცოლის გული მხოლოდ შენ არ გეკუთვნოდა, რომ მის სიყვარულში მოწილე გყოლია, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი იცოდი.
-ბოდიშს გიხდით... - სიმწრით ჩაეცინა.
-პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, ელი მთელი გულით მიყვარს, დაე, იყოს ისე, როგორც მას სურდა. ეს მისთვის არავის დაუძალებია, ასე მან თავად მოისურვა, დაე, ასე იყოს. მან თქვენ სიცოცხლე შეგინარჩუნათ, შეიძლება ვერ აცნობიერებთ, მაგრამ მისთვის რაღაც მაინც უნდა გქონოდათ გაკეებული, თუნდაც თქვენთვის სრულიად უმნიშვნელო და შეუცნობელი, მაგრამ ელისთვის კი ძალზედ ძვირფასი და შეუფასებელი, რომ ამისთვის მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც კი დაეთმო.
-რას გულისხმობთ?
-თქვენ მას სიყვარული ასწავლეთ, - კაცს დაბნეულმა შევხედე, - თქვენ შეაცანით ეს ჯადოსნური მდგომარეობა, - წამოდგა და მხარზე ხელი დამადო, - თავს გაუფრთხილდით და ბედნიერი იყავით, რადგან ელის სურდა, რომ ბედნიერი ყოფილიყავით, რაც მას სურდა, ის მეც მსურს. ალბათ, რაღაც განსაკუთრებული მართლაც უნდა გქონდეთ, თუ პასუხს იპოვნით, მეც გამაგებინეთ, მაინტერესებს რა არის ის, რითაც ჩემი ცოლის თავგანწირული, უანგარო სიყვარული დაიმსახურეთ, - ნელი, მძიმე ნაბიჯებით გამშორდა, ჭიქა სანაგვე ურნაში გადააგდო და დერეფნის ბოლოს გაუჩინარდა.
   საავადმყოფოდან გამომწერეს, მაგრამ იქაურობა მაინც არ დამიტოვებია. ელისთან ყოველდღე მივდიოდი. უბრალოდ დავჯდებოდი მისი პალატის წინ და პატარა, მართკუთხედის ფორმის ფანჯარაში მის სახეს ვუყურებდი. ვიჯდებოდი საღამომდე, შემდეგ კი ავდგებოდი და სახლში ვბრუნდებოდი. ნინოს ეს ყველაფერი არ მოსწონდა და ამის დამალვას არც ცდილობდა. ერთხელ, როცა საღამოს 9-ზე შინ დავბრუნდი, მითხრა:
-მეგონა დღეს აღარც მოხვიდოდი.
-რას გულისხმობ?
-სახლში საერთოდ არ ხარ, სიკვდილს ძლივს გადარჩი, იმის მაგიერ, რომ დაისვენო ისევ იმ წყეულ საავადმყოფოში დადიხარ, იღლები, შოთა, ასე თუ გააგრძელებ, უთუოდ რამე მოგივა, მითხარი ეს გინდა, განა საკმარისად არ დავიტანჯეთ?!
-ნინო...
-თან რისთვის, უბრალოდ იმ ქალის მომაკვდავ სახეს რომ უყურო!
-ნინო! დაფიქრდი რას ამბობ, ის რომ არა დღეს აქ არ ვიდგებოდი, დღეს ცოცხალიც არ ვიქნებოდი.
-და ამის გამო მთელი ცხოვრება მისი მოვალე უნდა იყო და დღე და ღამე გაუთენო?
-წარმოუდგენელია!
-რა არის წარმოუდგენელი, შოთა?!
-როგორც იქცევი, - გაოგნებული ვიყავი, ასეთი არასდროს მენახა, ასეთი არავის მიმართ  არ ყოფილა, ყოველთვის მზრუნველი და ყველას კეთილმოსურვე იყო, მხოლოდ ელი იყო მისთვის სულერთი, მხოლოდ იმ ქალის მიმართ იყო გულგრილი, რომელმაც თავი ჩემ გამო გაწირა, საკუთარი სიცოცხლე სასწორზე ჩემს გადასარჩენად დადო და რომელსაც გულწრფელად, უანგარო სიყვარულით ვუყვარდი.
ნინოსთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ვიცოდი, როდესაც გაბრაზებული იყო უნდა გავცლოდი, უნდა დამეთმო, ამდენი წლის განმავლობაში სწორედ ასე შევინარჩუნეთ
ჰარმონია და ნამდვილი იდილია, მაგრამ ახლა ვერ დავუთმობდი, ვერა ელის შემთხვევაში.
-სხვა თუ არაფერი, ადამიანობა მაინც გამოიჩინე, ნინო, ის ასე სხვისი - შენი ქმარისთვის მოიქცა. ეს მაინც დააფასე, - ვუთხარი და საძინებელში გავედი. ვიცოდი ძილი მაინც არ მომეკარებოდა, უბრალოდ, წამიერად თვალების დახუჭვა და ყველაფრის დავიწყება მომინდა.
   მომდევნო დღეს საავადმყოფოში ჩვეულებრივ მივედი. ელის ოჯახის წევრები ფოიეში არ დამხვდნენ. პალატაში შევიხედე, მათ თავი საწოლის გარშემო მოეყარათ. მისმა ქალიშვილმა დამინახა და გარეთ გამოვიდა.
-ყველაფერი რიგზეა? - ვკითხე აღელვებულმა.
-კი, - თავი დამიქნია, - დღეს დილით დედა გონს მოვიდა.
-ღმერთო ჩემო, ეს ხომ ძალიან კარგია.
-ჰო, მაგრამ მიუხედავად ამისა ექიმი დამაიმედებელს მაინც ვერაფერს ამბობს, ძალიან სუსტადაა.
-შეიძლება რომ ვნახო?
-ახლა სძინავს, ენერგია თითქმის სულ არ აქვს. დაელოდებით? რომ გაიღვიძებს დაგიძახებთ.
-რა თქმა უნდა, ფოიეში ვიქნები.
-კარგი, - თავი დამიქნია და პალატაში დაბრუნდა. მცირედი იმედი მაინც მომეცა და გული სიხარულით ამიძგერდა. ნეტავ გადარჩენილიყო, გამომძვრალიყო, ამისთვის ყოველდღე ვლოცულობდი. მჯეროდა, რომ ღმერთი მას არ გაწირავდა. დერეფნის ბოლოში მდგარ სავარძელში ჩავჯექი, იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი და სახე ხელებში ჩავრგე. არ ვიცოდი მინდოდა თუ არა მისი ნახვა, უფრო სწორედ, შევძლებდი თუ არა ამას. ან კი რა უნდა მეთქვა, მას არც ვიცნობდი, მის შესახებ სრულებით არაფერი ვიცოდი იმის გარდა, რომ ელი ერქვა. არ ვიცოდი რა მოსწონდა, რა ახალისებდა, რაზე გიჟდებოდა, რომელი იყო მისი საყვარელი სიმღერა, ფილმი, როგორ სამოს ატარებდა, ეს არც მახსოვდა და ამას არც არასდროს დავკვირვებივარ, ელი ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. მხოლოდ ახლა მეძლეოდა მისი გაცნობის საშუალება და ეს გულით მინდოდა, მაგრამ ამ სურვილს უდიდესი შიშიც ახლავდა, მეშინოდა, რომ ვერაფრის თქმას ვერ მოვახერხებდი და ჩვენ შორის საშინელი უხერხულობის განცდა ჩამოწვებოდა. მამაკაცისთვის ყველაზე ცუდი ეს არის, როდესაც ქალთანაა და არ იცის რა თქვას, სიჩუმეს მათ შორის დასადგურების ნებას აძლევს და შექმნილი უხერხულობის განცდაც სწორედ ამის შედეგია. ელისთან პირისპირ მარტო დარჩენის მეშინოდა, არ ვიცოდი მის მზერას თუ გავუძლებდი, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, არა მხოლოდ იმიტომ,რომ ის ასეთ დღეში ჩემ გამო იყო, არამედ იმიტომაც, რომ ვერ ვხედავდი და ვერ ვაფასებდი იმ უდიდეს გრძნობას, რომელიც ჩემთან აკავშირებდა, რომ მას ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, ასეთი ძვირფასი ვიყავი მისთვის და მე მას ზედაც კი არ ვუყურებდი. ცუდად არასდროს მოვქცევივარ, უბრალოდ მის მიმართ გულგრილი ვიყავი და ის ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო იყო. ყელში ბურთი მეჩხირებოდა იმის გახსენებისას, რომ როცა მეუბნებოდნენ, შოთა, ელის, მგონი, მაგრად უყვარხარო, მართალია მის ზურგს უკან, ჩემს მეგობრების წრეში, მაგრამ მაინც გამეცინებოდა და ვიტყოდი: - „კარგი რა, რა ელი“-მეთქი.
   ხშირადაა, რომ ვერ ვაფასებთ იმას, ვისაც მართლა უანგაროდ ვუყვარვართ. არ ვიცით რატომ, ზოგჯერ ეს ჩვენც კი გვიკვირს, მაგრამ ეს უბრალოდ ასეა. სხვის გრძნობებს სრულებით არ ვანიჭებთ მნიშვნელობას, თუნდაც ვინმეს მიერ ნათქვამი „მიყვარხარ“ უბრალო სიტყვებად გვეჩვენება. ვიტყვით ხოლმე, მე რა შესაყვარებელი ვარ, გავა დრო და გადაუვლის, როგორც შევუყვარდი, ისევე გადავუყვარდებიო. ხშირად ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ, მაშინ, როდესაც სიყვარული, თუნდაც ცალმხრივი ნამდვილი და ჭეშმარიტია, რომელსაც ადამიანი მთელი თავისი არსით მოუცავს, მაშინ ეს სიყვარული არ გაქარწყლდება, არასდროს გაცივდება და არასდროს დაკარგავს თავის მხურვალებას შეყვარებული ადამიანის გულში. ელის ეს სიყვარული ოცდაათი წელიწადი უღვივოდა გულში და ამოძრავებდა. ის იმ ადამიანით სუნთქავდა და ცოცხლობდა, რომელსაც წესიერად არც კი იცნობდა, მისთვის უძგერდა გული და სუნთქვაც ეკვროდა. სწორედ ამ სიყვარულმა ჩაადენინა ის სიგიჟე, რაც მან გააკეთა, ასეთმა სიყვარულმა გააწირინა თავი საყვარელი ადამიანის გამო, რომელსაც ის არც კი ადარდებდა, ელიმ საკუთარი თავი შეწირა ამ სიყვარულს. როგორია ეს სიყვარული? მარადიული, მტანჯველი, დაუცხრომელი, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო დაგავს ადამიანის გულს, ასნეულებს და ბოლოს იმ ზღვარამდეც მიჰყავს, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია, რომელიც საკუთარ თავს და საღად აზროვნების უნარს გაკარგვინებს, სიფრთხილის შეგრძნებას აქრობს და რომელსაც სიგიჟე ჰქვია.
    ვერც შიმშილს ვგრძნობდი და ვერც წყურვილს, ვერც სხეულს, ვერც სიცოცხლეს. მხოლოდ გონი დამრჩენოდა, გონი, რომელიც ელით იყო შეპყრობილი, მისი შეცნობის წადილით.
    შუადღე იქნებოდა, როდესაც ელის ქალიშვილი ჩემთან მოვიდა. ვერც დავინახე, როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი, მხოლოდ მაშინ მავაქციე ყურადღება.
-დედამ გაიღვიძა, ექიმს ვკითხე და თქვენი შეშვების ნებართვა მოგვცა, იქნებ ამან მასზე დადებითადაც იმოქმედოსო, უბრალოდ, გთხოვთ, ძალიან ნუ გადაღლით, მაქსიმალურად უნდა დაისვენოს, ისედაც მძიმედაა.
-დიახ, რასაკვირველია.
   წამოვდექი და პალატისკენ გავემართე. ეს გზა ძალიან გაიწელა, თითქოს ფეხები მეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ პალატისკენ მაინც მივდიოდი ნელი, მძიმე ნაბიჯებით. ელის ნათესავები უკვე გარეთ გამოსულიყვნენ. კარებთან მისი ქმარი იდგა. წამიერად ჩემი მზერა სწორედ მასზე შეჩერდა. თავი დამიქნია, მეც დავუქნიე, ღრმად ჩავისუნთქე და პალატაში შევედი.
   ელის უხმოდ მივუახლოვდი და საწოლის გვერდით, სკამზე ჩამოვჯექი. თავიდან მისთვის შეხედვას ვერ ვბედავდი, შემდეგ კი ძლივსძლივობით შევძელი შემეხედა და ჩვენი მზერა ერთმანეთისას შეერწყა. სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული და ცხვირ-პირზე სასუნთქი ნიღაბი ეკეთა, მისი ტუჩების მოძრაობა არ დამინახავს, ვერ მივხვდი გაიღიმა თუ მოიღუშა, გაუხარდა თუ ეწყინა ჩემი დანახვა, მაგრამ მისი თვალები ყველაფერს მეტყველებდა. ისინი მალევე აიმღვრა და წამის შემდეგ ელის სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. საბნის ქვეშაც ვხედავდი გულ-მკერდი რიტმულად როგორ აუდ-ჩაუდიოდა. ნეტავ მეც მეგრძნო ის, რასაც ახლა განიცდიდა და მისთვის გამეგო, მაგრამ ის, რასაც ვგრძნობდი სრულებით არ იყო კარგი და ოდნავ მაინც მიახლოებული იმასთან, რასაც ელი განიცდიდა. ეს იყო საშინელი სირცხვილის, სინანულისა და საცოდაობის მიზერული განცდა და ახლოსაც ვერ მივიდოდა ელის ამაღელვებელ მდგომარეობასთან. საბანზე ხელი აამოძრავა, თითქოს ჩემკენ იწვდიდა. მაშინვე ხელი დავადე და ოდნავ, მსუბუქად მოვუჭირე. რაიმეს თქმა მინდოდა, მაგრამ ყელში ბურთი გამეჩხირა. ელიმ თვალები დახუჭა და მის სახეზე ნათლად დავინახე ნეტარებისა და ბედნიერების გამკრთალი განცდა. არაფერი გვითქვამს, უბრალოდ ასე ხელიხელჩაკიდებულები ვისხედით და ერთმანეთს ვუცქერდით. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი შიგნით, უბრალოდ ბოლოს მეტის გაძლება აღარ შემეძლო, საშინელ თავბრუსხვევას ვგრძნობდა, სუნთქვა მეკვროდა და თითქოს გულისრევის შეგრძნებაც არ მასვენებდა, მაგრამ ხელის აღებას მაინც ვერ ვახერხებდი. არ ვიცი ელი მიხვდა თუ არა, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ ხელი თავად გაწია. თვალები ნელა დაახამხამა, თითქოს მადლობას მიხდისო. ისე გამოვედი მისი პალატიდან, რომ არაფერი მითქვამს, არცერთი სიტყვა, მადლობის თქმაც ვერ შევძელი, ეს ყველაზე რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა, მაგრამ, ვფიქრობ, უსიტყვოდაც ყველაფერი ნათელი იყო.
   თითქოს მომდევნო დღეს ელის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამჯერად ცოტა მოგვიანებით, სადღაც ხუთი საათისთვის ვნახე და სულ რაღაც რამდენიმე წინადადებით შემივიფარგლე. ოთხი დღის განმავლობაში ელის ყოველდღე ვაკითხავდი. ცოტას თავადაც ლაპარაკობდა, უჭირდა და დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, ამიტომ ყველანი ვცდილობდით ზედმეტად არ გადაგვეღალა, მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავე და მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ისედაც კარგად ვიცოდი, ვკითხე:
-ეს რატომ გააკეთე, ელი? მე ამას არ ვიმსახურებდი, არა შენგან, - უხმოდ მიყურებდა, შემდეგ სასუნთქი ნიღაბი მოიხსნა და ჩუმად მითხრა:
-იცი რატომაც.
-ნეტავ დროის დაბრუნება შემეძლოს, ძალიან ვნანობ, რომ...
-არ მინდა დროის დაბრუნება. ბედნიერი ვარ, მე მიყვარს ჩემი ოჯახი,ჩემი ქმარი და ჩემი შვილები.
-და მიუხედავად ამისა, ამაზე მაინც წახვედი, ახალგაზრდები და ჯან-ღონით აღსავსენი აღარა ვართ.
-უბრალოდ ვერ დავუშვებდი მომკვდარიყავი, შემძლებოდა შენი გადარჩენა და არ დაგხმარებოდი. ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი. ნუ გეშინია, კარგად ვიქნები, სიკვდილს არ ვაპირებ, ჯერ არა.
-მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-ჰო, იქნება, - წუთით სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ კი ელიმ მითხრა: - შოთა, შეიძლება რაღაც გთხოვო?
-კი, რაც გინდა.
-უბრალოდ... ვიცი, რომ ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც... მაინტერესებს ეს როგორი იქნებოდა, უბრალოდ, შეგიძლია რომ მითხრა? მინდა გავიგო ამას როგორ ამბობ, - მაშინვე მივხვდი რასაც გულისხმობდა. თავი დავუქნიე.
-რა თქმა უნდა, შემიძლია. მე შენ მიყვარხარ, ელი, - მანაც თავი დამიქნია და ღრმად ამოისუნთქა.
-მადლობა, - მისი ხელი ავიღე და ნაზად ვეამბორე.
    ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ უცებ ვითარება შეიცვალა. ელი ცუდად გახდა, ძალიან ცუდად. ექიმებმა იმ საღამოს მისი გადარჩენა სასწაულებრივად შეძლეს, მაგრამ თითქმის ყოველგვარი იმედი გადაიწურა. არავინ იცოდა კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებდა, ერთ საათს, ერთ დღეს, ერთ კვირასა თუ ერთ თვეს, ეს მაქსიმუმი იყო, როდემდეც სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ. ნაკლულმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო, მართალია მოხუცი არ იყო, მაგრამ მაინც ასაკში შესულიყო, ალბათ, ამანაც იმოქმედა. ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი რასაც გრძნობდა, მეც ზუსტად რამდენიმე კვირის წინ ვიყავი მის ადგილზე, იმის გაცნობიერება, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე გაქვს დარჩენილი და მალე უბრალოდ აღარ იქნები, წარმოუდგენლად მძიმე და საშინელია. ეს მიწიერი ჯოჯოხეთია, რომლის გავლაც ელის ჩემ გამო მოუხდა, თანაც მეორედ. ბოლო დღეებში ძალიან დასუსტებულიყო, თვალსაც კი ვეღარ ახელდა, თითქმის სულ ეძინა. ყოველდღე გვეგონა, რომ აი ახლა უბრალოდ აღარ გაიღვიძებდა, მის თვალის ყოველ დახუჭვაზე გვძაფრავდა შიშის აუტანელი განცდა. ვიცოდი რა რთულიც იყო ეს და როგორი შეუძლებელიც იყო უკანასკნელი წუთების გაძლება, ელი კი თავს ისე გვაჩვენებდა, თითქოს, ეს არაფერია და ყველაფერი რიგზე ყოფილიყოს. უჭირდა, უჭირდა და ამას მის თვალებში ვხედავდი, მაგრამ არაფერს ამბობდა. შველას არ ითხოვდა, ან იმიტომ, რომ იცოდა მაინც ვერავინ უშველიდა, ან იმიტომ, რომ საკუთარი თავი ჰყავდა მშველელად. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, სიკვდილის გზაზე ადამიანები ტყდებიან ხოლმე, ეს მეც დამემართა, ელიმ კი ამას გაუძლო, ის არ გამტყდარა, მისი სული არ დამახინჯებულა, სიკვდილმაც კი ვერ გაბედა მისი გულისთვის ჩირქი მოეცხო, სიყვარულით და მაშასადამე სინათლითა და სიწმინდით, სიკეთითა და ღვთით აღვსილ გულს არანაირი ბოროტება და სიბნელე არ გაჰკარებია. ელი ბედნიერი იყო, რადგან მისი საყვარელი ადამიანები ცოცხლები და საღსალამათები იყვნენ. გარდაცვალებამდე რაღაც მითხრა, რაც, ალბათ, არასდროს არ დამავიწყდება.
- შენს გულში ვერ ვიცოცხლე, მაგრამ სამაგიეროდ შენში ვიცოცხლებ, - ეს ჩემთვის ნათქვამი ელის ბოლო სიტყვები იყო. ამან შემძრა და ვეღარ გავუძელი. ცხარედ ავტირდი.
-მაპატიე, მაპატიე, - ვუთხარი და პალატიდან საჩქაროდ გამოვვარდი. ტირილი ვერ შევწყვიტე, საპირფარეშოს კარებს მუშტებს ვურტყამდი, კანიც გადამძვრა, მაგრამ ეს სრულებით არ მადარდებდა. მაშინ ელი უკანასკნელად ვნახე და ბოლო, რაც მას ვუთხარი სწორედ ეს იყო - მაპატიე, პატიებას ყველაფრისთვის ვთხოვდი, მაგრამ მე ამის ღირსი არ ვიყავი. ბრმა და დაუნახავი ადამიანი არაფრის ღირსი არ არის, ელისთვის იმაზე მეტს ვნიშნავდი და მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიყავი, ვიდრე თავად საკუთარი თავისთვის. ვინ იცის, იქნებ, ცოტა რომ დავფიქრებულიყავი, ცოტათი რომ მაინც ამეხილა თვალები, იქნებ, მაშინ ისევე შემყვარებოდა ელი, როგორც მას ვუყვარდი. იქნებ, მაშინ ის ცოცხალი ყოფილიყო. იქნებ, მყოლოდა შვილი, რომელიც გახდებოდა ჩემი დონორი და ელის არ მოუწევდა ამ მსხვერპლის გაღება. იქნებ, დამეფასებინა ელისთვის ეს უპირობო, უანგარო, მარადიული და თავგანწირული სიყვარული და თუნდაც წუთიერად მაინც გამეხადა ბედნიერი და ეს ყველაფერი მხოლოდ, უბრალოდ მის გვერდით ყოფნით შემეძლო, მაგრამ მე არ ვიყავი ელის გვერდით, არასდროს, არცერთი წამით. ვინ იცის, უბრალოდ ჩემი ერთი გაღიმება ან თუნდაც უბრალო მოკითხვა რამხელა სიხარულს ანიჭებდა, მე კი მისგან თავს ყოველთვის შორს ვიჭერდი, ვაიგნორებდი, თითქოს არც არსებობდა, ზოგჯერ გვერდით ისე ჩავუვლიდი, რომ წესიერად არც მივესალმებოდი. ახლა ყველაფერი გამახსენდა, ყოველი ცისმარე დღე, რომელიც ჩემს გონებაში დამარხულიყო. გამახსენდა ის ყვითელი კაბა ელის რომ ეცვა ხოლმე, ის ზოლებიანი ჯემპრიც, ის წითელი მანტოც, ის შავი ჩექმებიც გამახსენდა, ყველაფერი, ყოველი დეტალი, ყოველი აქსესუარი. მე ელი გამახსენდა.
    საღამოს შვიდი საათისთვის ძალიან ცუდად გახდა. მის პალატაში ექიმი ექთნების თანხლებით დეფიბრილატორით შეიჭრა. ყველა დაძაბული ვიყავით. ელის შვილები ერთმანეთს მიკვროდნენ. მის ქალიშვილს თავი თავისი ძმის მკერდისთვის მიედო, პალატაში შეხედვას ვერ ბედავდა. ელის ქმარი კი ადგილზე გაქვავებულიყო, მთელი სახე გაჰყინვოდა, მხოლოდ მის მღვრიე თვალებში ჩამდგარი სევდა ირეკლავდა მისი სულის აუტანელ მწუხარებას, სიცივესა და სიცარიელეს. გარეთაც კი გვესმოდა ექიმის გადაძახილები, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ელის გადასარჩენად. მთელი ეს დრო საშინლად გაიწელა და ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ბოლოს ექიმი გამოვიდა:
-როგორაა? - ჰკითხა ქალმა.
-ვითარების სტაბილირება დროებით მოვახერხეთ, მაგრამ...თუ გამომშვიდობება გინდათ, ამის დრო კიდევაა. თქვენ გთხოულობთ, - მე და ელის ქმარი გვერდიგვერდ ვიდექით, ამიტომ ვერ გავიგეთ ექიმი რომელ ჩვენგანს მოგვმართავდა, - პირი გამიშრა, მაგრამ მაინც ამოვილუღლუღე:
-მ...მე?
-არა, თქვენ არა, ქალბატონი თავის ქმარს ითხოვს.  
   კაცი მაშინვე პალატაში შევიდა. საწოლთან მიიჭრა და ელის ხელი თავისაში მოიქცია, ნაზად აკოცა და ლოყაზე მიიხუტა. შემდეგ კი ცოლს შუბლზეც ეამბორა. პალატის ღია კარიდან კარგად ვხედავდი ნელ-ნელა როგორ ეფინებოდა ბინდი ელის თვალებს. სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო, დავინახე როგორ ამოძრავდა უკანასკნელად ელის ტუჩები და გავიგონე, როგორ უთხრა ქმარს:
-მიყვარხარ.
-მეც, მეც მიყვარხარ, - კაცი ცხარედ აქვითინდა და ცოლის ხელი კვლავაც ჩაიხუტა. სანამ ელის მზერა საბოლოოდ გაიყინებოდა, მისი თვალიდან უკანასკნელად ჩამოგორდა ცრემლის ბოლო წვეთი, რომელიც ელის ცხვირს ჩაჰყვა და მის ბაგეებს შეაშრა. როდესაც ელი გარდაიცვალა, ქმარს მისი ხელი კვლავაც ხელში ეჭირა და მას ნაზად კოცნიდა.
    თავდაპირველად ნინოს ელის დაკრძალვაზე წამოსვლა არ სურდა, ცუდად ყოფნას იმიზეზებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდა. დაკრძალვაზე ბევრი ხალხი იყო. ძალიან ცოტას ვიცნობდი, ერთი-ორი უნივერსიტეტიდანაც მახსოვდა, შეიძლება სწორედ მათ უთხრეს ელის ჩემ შესახებ, ეს არ იყო მნიშველოვანი და არც მადარდებდა. ვგრძნობდი, როგორი ზიზღით მიმზერდნენ ელის შვილები, ქმრისათვის კი ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. უბრალოდ ჰორიზონტს, შორეთს გაჰყურებდა და მის მზერაში საშინელი სევდა და სიცარიელე სუფევდა. ელის დაკრძალვის დღეს შესანიშნავი ამინდი იყო, ივნისი გახლდათ, მაგრამ მზე უჩვეულოდ ასხივებდა, განსაკუთრებით თბილოდა და თითქოს ცაზე არა მხოლოდ ყვითელ დისკოს, არამედ მის მოკაშკაშე სხივებსაც ხედავდი. ზემოთ ჩიტები კამარას კრავდნენ და საამურად ჟღურტულებდნენ. ბუნებამ ისევე გააცილა ელი, როგორიც თავად იყო, წმინდა და უმწიკვლო.