ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Thursday, April 28, 2016

ოცნებებს შორის

  გუშინ საოცრაოდ ციოდა, ქარი თამამად დათარეშობდა ქუჩებში, თითქოს ახალი ამბები მოჰქონდა,რომლებიც ახალ ფიქრებსა და აზრებს ბადებდნენ. მე და ჩემი მეგობარი მტკვრის სანაპიროს მოვუყვებოდით, სახეში ქარისაგან მოტანილი მტვერი გვეყრებოდა და ხელით მის მოგერიებას ვცდილობდით, მაგრამ ამ ორთაბრძოლაშიც კი დავინახეთ ერთი გოგონა,რომელიც ხიდზე ჩამოყრდნობილიყო, მდინარის დინებას შესცქეროდა და სულ არ აინტერესებდა ასეთი ქარიანი ამინდი რომ იყო.
- ეს გიჟი ხომ არაა, ამ ქარში აქ რას აკეთებს?-მკითხა გაკვირვებულმა მეგობარმა. გოგოს დავაკვირდი, გავუღიმე და მივუგე:
-ფიქრობს, ოცნებობს.
   რა არის ოცნება? ალბათ, ყველა ჩვენგანი წარმოიდგენს ხოლმე სასურველ უზრუნველყოფილ მომავალს, საოცნებო მეუღლეს, საყვარელ საქმიანობას, ჯანდაბა, მილიონ დოლარზეც კი ოცნებობენ ხოლმე და რა ბადებს ოცნებას? ფიქრი, სწორედ რომ ფიქრი და აზროვნებაა ოცნების საწყისი. მხოლოდ ერთი ნაბიჯია ფიქრიდან ოცნებამდე, განა არ გჯერათ? წარმოიდგინეთ, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიმავალს ტანისამოსი გაგეხათ, რას მოიმოქმედებთ? ფიქრს დაიწყებს, ახლა რაღა ვქნა, ეს როგორ მომივიდა, ხომ შევრცხვი და მერე უცებ საკუთარ თავში მოთავსებული ხმა სინანულით გიპასუხებთ, ნეტავ არ გამხეოდა, ნეტავ ახლა ახალი და გაუცრიცავი პერანგი მეცვას, ეს უკვე ნატვრაა, ოცნებაა უკეთეს სიტუაციაზე და როგორც რემარკი იტყოდა : „მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს“, ისევ აწმყოში ვბრუნდებით, სადაც გახეული პერანგი გვაცვია.
  ალბათ, ოცნებებსაც ყოფენ, პოტენციურად განუხორციელებელი და განხორციელებადი, არ ვიცი, ამის შესახებ ნამდვილად არაფერი წამიკითხავს და ვერც ცნობილ ფსიქოლოგთა შემუშავებულ სქემებს ვერ გაგაცნობთ, თუმცა მე ვიღაც ფსიქოლოგების კი არა, ჩემ გაგებასა და ხედვებზე გესაუბრებით, რის მიხედვითაც ოცნება ორად იყოფა, მაშასადამე მეოცნებეებიც ორად დაიყოფიან: მოფარფატენი და მოაზროვნეები.  
  ამბობენ, მეოცნებეა, ცაში დაფრინავსო. განა ოცნება ღრუბლებში ხეტიალს ნიშნავს, განა ოცნება დროის ფუჭი კარგვაა? სხვას რომ თავი დაანებოთ ოცნებები საკუთარ თავს უკეთ შეგვამეცნებენ, რადგან :“ ყველაზე მეტად ჩვენი ოცნებები გვგვანან ჩვენ, ყოველ ჩვვენთაგანს ოცნება საკუთარი ნატურის შესაბამისად ესახება.“- ეს ჰიუგოს სიტყვებია და არა ჩემი, თუმცაღა მას აბსოლიტურად ვეთანხმები. დიახ, ნამდვილად არსებობენ მოფარფატენი,რომლებიც ჯადოსნური ეტლით მოგზაურობასა და დისნეის კოშკებში ცხოვრებას ნატრულობენ, მაგრამ ყველა სფეროში მოიძებნება თითო-ოროლა შერეკილი, აი მოაზროვნეები კი სულ სხვა თემაა, ზოგადად ეს სიტყვა ფართო მცნებისაა და მხოლოდ მეოცნებეს არ ნიშნავს, თუმცაღა ნებისმიერ მოაზროვნეშია ოცნების თითო მარცვალი, რადგან აწმყოში უკეთეს მომავალზე ფიქრი სწორედ რომ ოცნებაა, მოაზროვნეები კი ნამდვილად ფიქრობენ, თანაც ძალიან ბევრს მასზე,თუ როგორ შეცვალონ უკეთესობისკენ თავიანთი ყოფა, თავიანთი სამშობლო და თავიანთი ხალხი, იმისთვის,რომ გეგმა დასახო ჯერ მისი შედეგის წარმოსახვაა საჭირო, სულელი უნდა იყო რაღაცის კეთება რომ დაიწყო და არ იცოდე ეს რასთან მიგიყვანს და რადგანაც ფიქრსა და ოცებას შორის ერთი ნაბიჯია ისე მიეცემა კაცი ოცნებას რომ ამას ვერც გაიგებს ხოლმე, შემდეგ კი რეალობაში ბრუნდება და თუ მოაზროვნეა მონახაზის გაკეთებას, გეგმების დაწყობასა და ფიქრს იწყებს თუ როგორ აქციოს გონებაში გამოსახული მომავალი თავის რეალისტურ აწმყოდ.
    ამბობენ, ფულით ყველაფერს იყიდიო,მაგრამ ეს ასე არაა, ფულით ოცნებას ვერ იყიდი, ის არ იყიდება, ის მიიღწევა,თუმცაღა ზოგჯერ ესეც კი შეუძლებელია.  ცნობილი რუსი-ამერიკელი მწერალი ვლადიმერ ნაბოკოვი წერს: „უცნაურია, ფული მაქვს და ოცნება ოცნებად რჩება.“ დავუშვათ რომ ადამიანს ბევრი ფული აქვს, თუმცაღა ბავშვობიდან ერთ რამეზე ოცნებობდა, ნატრობდა,რომ არასდროს დაბერებულიყო და მუდმივად ეცოცხლა, სურდა სხვა პლანეტაზე გადასულიყო საცხოვრებლად, ახლა ის მილიარდელია,მაგრამ არ შეუძლია უკვდავი იყოს, ვერასდროს იჭყუმპალავებს მარსის,ანდა ვენერას აუზებში,რადგან იქ წყალი არ არის, შესაბამისად სიკვდილის წინ ალექსანდრე მაკედონელივით დაიწყებს ფიქრს, რომ ბევრი ფულის ჰქონა არაფერს ნიშნავდა და ის მაინც ხელცარიელი, ოცნებებ აღუხდენელი მიდის ამ ქვეყნიდან. არც თუ ისე ბევრი რამ მაცინებს, მაგრამ ის ადამიანები,რომლებიც ამბობენ, ამერიკაში წავალ, ის ოცნებების ახდენის ქვეყანაა, ავშენდები და ნებისმიერ სურვილს ავისრულებო ნამდვილად მახალისებენ, აშშ ოცნებების ახდენის ქვეყანა რომ არაა ეგ ცალკე თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ, უბრალოდ ვერ ვხვდები რა საჭიროა სადმე წასვლა საკუთარი მიზნების სისრულეში მოსაყვანად.მუჰამედ ალი ამბობდა: „ოცნება არ ასრულდება დაუყოვნებლივ, ყოველი თქვენი საქციელი, ყოველი თქვენი ჩვევა და ყოველი თქვენი მოქმედება განსაზღვრავს თუ რაოდენ სწრაფად აიხდენთ ოცნებას და ხართ თუ არა საერთოდ მისი ახდენის ღირსი.“ მაშასადამე დასახული მიზნების მიღწევის წარმატებას თავად ადამიანი განაპირობებს იმით თუ რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა ოცნებები რეალობად რომ აქციოს და იშრომებს კი საკმაოდ მათი დროულად განხორციელებისთვის? რა შუაშია აქ საერთოდ ამერიკა, ვერ ვხვდები უბრალოდ ხალხს რატომ ჰგონია რომ იქ ქუჩებში დოლარების შეკრულ დასტებს იპოვნიან ხელგამოწვდილი უსახლკაროების ნაცვლად.
   რა არის ოცნება? ეს სწრაფვაა უკეთესი მომავლისკენ. ვინ არიან მეოცნებენი? ადამიანები,რომლებიც უკეთეს მომავალს წარმოიდგენენ.რას აკეთებენ მოაზროვნეები? ისინი სახავენ გეგმას, ადგენენ სტრატეგიას და ოცნებებში დანახული სამყაროს გაცოცხლებას ცდილობენ.
   ვინ იცის, შეიძლება დისნეის კოშკებზე ფიქრობდა ხიდს დაყრდნობილი გოგონა, ან სულაც მომავლის გეგმებს ალაგებდა, მაგრამ ერთი რამ ნათელი იყო, ის ოცნებობდა, არ ვიცი რას ხედავდა მტკვრის წიაღში, რა უმზერდა მეორე მხრიდან, მაგრამ ის ოცნებობდა, სწორედ ამიტომ გვერდით ჩუმად, შეუმჩნევლად ჩავუარეთ, თითქოს ქარის მოტანილი ამბავი ვიყავით,რომელიც მალევე წარიტაცა კიდეც.

Sunday, April 17, 2016

სისხლით ივსება აკვედუკები

ხმალი ხმალს ეჭვდის,კაცი კაცსა კლავს,
სისხლით ივსება აკვედუკები,
წითლად ირწყვება ბაღნარ-ბოსტანი
და იბანება ხალხთა ხელები.

ომია, მიწას რომ ინარჩუნებს,
ომია, სახლში საკვები რომ არს.
ბრძოლაა, გამარჯვებულს რომ ჰბადებს,
კაცს ათქმევინებს, ღმერთი ჩვენთან არს!

ომია, გვამებს ყორნები გლეჯენ,
ომია, შვილებს მამებს უკლავენ.
დაისის ჟამს კი ბერკეტებს წევენ
და აკვედუკებს სისხლით ავსებენ.

რა აჩენს საზრდოს, რა მგელსა-კრავსა,
რა ავსა ბადებს, გულში ღვარძლს აჩენს,
შურისძიებით ხმლებსა ლესავენ
და სიმუხთლითა კაცი ბავშვსაც კბენს.

ომი დაიწყო, ბუკსა ჩაჰბერენ,
მთის პირზე ნიშნად ცეცხლს დაანთებენ,
კოშკებიდანა მტრედებს აფრენენ
და მთების გზაზე სარეცელს კეცენ.

ხმალი ხმალს ეჭვდის,კაცი კაცსა კლავს,
სისხლით ივსება აკვედუკები.
წმინდა წყალია განა ჩვენ რომ ვსმათ,
და ინბანება მასში ბავშვები?

შურისძიება ცოდვის შვილია,
მემკვიდრეობით გარდასაცემი.
წყლის ერთი წვეთიც საკმარისია,
აკვედუკებით გადმოსაცემი.

ომია, ხალხში გონებას რომ რევს
ომია, ყვირილს მუსიკა ეთქმის,
ომია, ყველა ყიჟინით მორბის,
ომია, წყალსა სისხლი რომ ერწყმის.

წითელი ხორბლით პურები ცხვება,
წითელში აბჯარი იღებება,
წითელი სითხით გული ივსება,
აკვედუკებით სული ირწყვება.


  გიორგი ჩაჩხიანი
















Thursday, April 7, 2016

უცნობი საფლავი


- ქრისტე აღდგა!
- ჭეშმარიტად!

   აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იყო, გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი პერიოდი, დრო, როდესაც სასაფლაოებიც კი თითქოს სიცოცხლით ივსებიან, როდესაც კიდევ ერთხელ მოიგონებენ წინაპართა განვლილ გზას, ცხოვრებასა და სახელს,რომელიც მათ თავიანთი სინდისიერი თუ უსინდისო ცხოვრებით ჩვენ დაგვიტოვეს.
  ორშაბათი გათენებულიყო, მიცვალებულთა ხსენების დღე. ზღვა ხალხი დაძრულიყო სასაფლაოებისკენ, ზოგს დატვირთული ჩანთები მანქანის საბარგულში ჩაეწყო, ზოგსაც კი ხელში დაეჭირა და ფეხით მიუყვებოდა წინაპრებისკენ მიმავალ გზას.  ზოგს სახეც კი დამანჭვოდა ჩანთის სიმძიმისგან, მაგრამ საფლავზე ქაბაბებისგან, ხაჭაპურებისა და ლობიანებისგან, სხვადასხვა ლიმონათისა და კიტრი-პომიდორისაგან, შოთისა და ნიგვზიანი ბადრიჯნისგან გაწყობილი სუფრა ნამდვილად ღირდა ცოტა შეჭირვებად. დატვირთულ ჩანთებში წითლად შეღებილ კვერცხებსაც მოკრავდა კაცი თვალს, მათ საფლავებზე აგორებენ, ერთმანეთს ურტყამენ და გახარებულები ამბობენ ქრისტე აღდგაო, მაგრამ ხალხს რომ ჰკითხო წითელი კვერცხი საიდან მოვიდაო, გეტყვიან ტრადიციაა, ასე ჩვენმა ბებია-ბაბუამ გვასწავლესო, მხოლოდ ცოტამ თუ იცის რატომ იღებება წითლად კვერცხები აღდგომას.წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: „მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო.“ ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა.კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.წითელი კვერცხი ეს აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ხომ წიწილები და ბარტყები იჩეკებიან. წითელი ფერი კი იესო ქრისტეს წმიდა სისხლის ფერია. აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმიდა სისხლით გაწმედილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა. მეორე მნიშვნელოვანი ატრიბუტი სააღდგომო პასკაა, ერთი შეხედვით „გემრიელი ნამცხვარი“,რომელთაც საფლავებთან ჩამოდებენ და შიგ სანთლებს ჩაარჭობენ ხოლმე  არის გოლგოთას,იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. პასკა აგრეთვე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცაა. მას სწორედ რომ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ და მიირთმევენ.
  ალბათ, ოჯახი არ მოიძებნება აღდგომის პერიოდში საფლავზე რომ არ გადიოდეს და წინაპართა ხსოვნას პატივი რომ არ მიაგოს, მოჩვენებითად მაინც. გამონაკლისი არც ჭაბუკი ძმების, თერთმეტი და თორმეტი წლის გიორგისა და ლუკას ოჯახი იყო, ბიჭები ადრიანად დაობლებულიყვნენ, მათ მამა გარდაცვლოდათ. აღდგომის დღესასწაულზე ყოველთვის მამის საფლავთან იდგნენ, ფიქრობდნენ და ცდილობდნენ წარმოედგინათ, სურათებიდან დანახული კაცი აღედგინათ, რომელსაც საფლავზე მისულები მამას უწოდებდნენ. ცდილობდნენ მისთვის პატივი მიეგოთ, საფლავს უსუფთავებდნენ, სარეველებსა და მავნებელ ბალახს მამის გულს აცილებდნენ, სანთლებს უნთებდნენ და თავიან გულებში მამას ესაუბრებოდნენ, ძირითადად დედას კარგად ყოფნასა და დაცვას შესთხოვდნენ, პირობას დებდნენ, რომ მას ზიანს არასდროს მიაყენებდნენ და ყოველთვის გვერდში დაუდგებოდნენ.
  საფლავის წინ დიდი მუხა იდგა, რის გამოც ეს ადგილი ჩრდილში მდებარეობდა, მაგრამ გვერდით მდებარე საფლავებს მზე საოცრად აცხუნებდა, განსაკუთრებით მარცხნივ მდებარე სასაფლაოსკენ მიისწრაფვოდენ მზის სხივები,თითქოს მიცვალებულის სხეულს ასხივოსნებენ და ოქროს სხივებით ანათებენო, მაგრამ მთელი სასაფლაო უშველებელი ბალახებით იყო დაფარული, მათი სიგრძე ძველ, საღებავ გადაცლილ, გახუნებულ ღობესაც კი სცილდებოდა.ამას ახლა მიაქციეს ბიჭებმა ყურადღება, ალბათ უკვე გაზრდილიყვნენ და მაგიტომ.
-ნეტავ ვისი საფლავია?-ძმას ჰკითხა გიორგიმ.
-არ ვიცი-ლუკა ჩაფიქრდა-სულ ბალახებია.
-რომ გავწმინდოთ?
-დიდი ხანი მოვუნდებით.
-მამას მოეწონებოდა რომ დაგველაგებინა, მას ეს გაეხარდებოდა.
-ჰო, ასე იქნებოდა, მერე რა, ერთი დღე ბურთით თუ არ ვითამაშებთ, დავასუფთაოთ.
  ბიჭები დედასთან მივიდნენ ნებართვის ასაღებად, მართალია ქალი ცოტათი შეშფოთდა კიდეც, თუმცაღა გულში შვილების ასეთი ქმედება გაუხარდა, გაუღიმა და თავზე აკოცა, აბა უარს ხომ არ ეტყოდა სიკეთესა და კეთილ, მადლიან საქმეს. ზუსტად სამი საათი შეუსვენებლად ალაგებდნენ ბიჭები უცნობ საფლავს. ის ბალახისაგან სრულიად გაწმინდეს, მაგრამ ვერც ქვა და ვერც რამე სხვა ნიშანი იპოვეს მიცვალებულის ვინაობა რომ გაეგოთ, მხოლოდ მიწაში ჩამარხული უბრალო პატარა ქვები აღმოაჩინეს, რომლებსაც გარდაცვლილის სხეული შემოესაზღვრათ.
-ნეტავ ვის უნდა ეკუთვნოდეს?
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია,რომ აქ ადამიანი განისვენებს.- ძმას მიუგო ლუკამ და დაქანცულმა მაჯით ოფლი შეიშრო.
  შემდეგ წელსაც დაალაგეს ბიჭებმა უცნობი საფლავი, სარეველა ბალახისაგან სრულად გაათავისუფლეს და მზის სხივებს მიწაში შეღწევის საშუალება მისცეს, თითქოს ამ ადგილს ახალი სიცოცხლე მიანიჭეს, ეს მათ ერთგვარ ტრადიციადაც ექცათ, მომავალ წელსაც იგივე გააკეთეს.  კიდევ ერთი აღდგომა დადგა. უკვე თოთხმეტი წლის გიორგი და თხუთმეტი წლის ლუკა ისევ მივიდნენ სასაფლაოზე, ოღონდ ამჯერად დილის ნაცვლად ნაშუადღევს აანთეს სანთლები, რის შემდეგადაც უცნობი საფლავის დალაგება დაიწყეს, ამჯერად მარტონი იყვნენ, დედა თან არ ახლდათ. ჭრიალით გამოაღეს საფლავის კარები და შიგნით შევიდნენ, ის იყო ხელთათმანები უნდა ჩამოეცვათ,რომ ვიღაცის ყვირილის ხმა გაიგეს, მოხუცი კაცი მათკენ კოჭლობით მორბოდა.
-რას აკეთებთ?! ახლავე გაეთრიეთ, ლაწირაკებო!- ბიჭები ერთმანეთს დაბნეულები შესცქეროდნენ. ადგილიდან რომ არ იძვროდნენ მოხუცმა ძლივსძლივობით ქვა აიღო და ბიჭებს ფეხებთან ესროლა,რამაც ისინი მართლა შეაშინა და სწრაფად, მკვირცხლად გამოიქცნენ იქიდან.
-ვინ იყო?- ძმას ჰკითხა აქოშინებულმა გიორგიმ.
-არ ვიცი, ალბათ მაგის ვინმე ახლობელი მარხია.
-ჩვენ ხომ ცუდს არაფერს ვაკეთებდით.
-რას იზამ, ხშირად კეთილ საქმესაც კი ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეები. თუ მას არ სურს, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ.
-ეს უსამართლობაა.
-კი, არის-თქვა ბიჭმა და დანანებით ამოიოხრა.
    ძმები მამის საფლავზე მის დაბადების დღეზე, ორი თვის შემდეგ იყვნენ, წამოსვლის წინ ორივენი დანაღვლიანებულნი უმზერდნენ უცნობ საფლავზე ამოსულ უზარმაზარ ბალახს, ისინი ამაში საკუთარ თავს მიიჩნევდნენ დამნაშავედ, ეს მათი მოვალეობა გამხდარიყო და თავიანთივე აზროვნებით თავადვე იყვნენ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელნი, მაგრამ ვერც იმ მოხუცს გაამტყუვნებდი, რადგან მზე ჩასული არაა და სანთელი ჩამქრალი ვიღაც-ვიღაცები კვერცხებსა და პასკებს რომ იპარავენ საფლავებიდან, ან კი ყვავილებს იღებენ მერე თავიდან რომ გაყიდონ და ამით ფული იშოვნონ. თითქოს ეს ადგილი მაგნიტივით იზიდავდა ბიჭებს, თითქოს შორიდან, საკუთარი გულებიდან ვიღაც ეძახდა, ნება მიეცი მზეს თავისი სხივები მომანათოს, ჩემგან დარჩენილ ძვლებს სიცოცხლე შთაბეროს, დაე სუფთა ჰაერმა შემოაღწიოს, დაე, სარეველას ნუღა მისცემთ ნებას ისედაც ცოდვილი კიდევ უფრო დამამძიმოსო. ფეხს ითრევდნენ, დარჩენა და საფლავის გაწმენდა ყველაფერზე მეტად სურდათ,მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდნენ წინ აღდგომოდნენ მოხუცის ნებას, ამიტომ დამძიმებულები წამოვიდნენ იქიდან, მაგრამ თავიანთი გულები კვლავაც იქ დატოვეს, უცნობის საფლავზე.
   მომავალ აღდგომას ტრადიციულად ისევ გავიდნენ მამის საფლავზე. წამოსვლა რომ დააპირეს „აბიბინებულმა“ საფლავმა კვლავ მიიპყრო მათი ყურადღება. ორივე თავისთვის განიცდიდა გულში, მაგრამ გიორგიმ მეტი ვეღარ მოითმინა და საფლავის კარი გამოაღო.
-რას აკეთებ?-ჰკითხა ძმამ.
-ეს უსამართლობაა, ასე არ უნდა ხდებოდეს, ის ამას არ იმსახურებს-ხელთათმანები ჩაიცვა და ბალახის ამოგლეჯა დაიწყო. ძმას ლუკაც შეუერთდა. თითქმის ნახევარი საფლავი გაეწმინდათ მოხუცი კვლავ რომ გამოჩნდა. ნელი, მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა ბიჭებს, მუხასთან დადგა და მდუმარე უცქერდა ჭაბუკ ძმებს. ის პირველმა ლუკამ შეამჩნია,ორივენი გაჩერდნენ და წამოიმართნენ, აშკარა დაბნეულობა და შიში დასტყობოდათ. მოხუცი მათკენ დაიძრა.
-შეგვიძლია აგიხსნათ...-ამოილუღლუღა ლუკამ, სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული კაცმა მას შუბლზე რომ აკოცა, მერე კი გიორგისაც მიუალერსა.
-გმადლობ და მაპატიეთ, შვილებო - სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა, ბედნერებისგან ამღვრეული თვალები უბრწყინავდნენ, მის პირქუშ სახეზე ღიმილი გამოისახა, ერთიანად აკანკალდა და ხელში დაკავებული ორი წითელი კვერცხი,  პასკა და სანთელი გიორგიმ გამოართვა ძირს რომ არ დავარდნოდა. რამდენიმე წუთი უბრალოდ დუმდნენ, მაგრამ სიტყვები ზედმეტიც კი იყო, ყველაფერს მისი სახე მეტყველებდა.
-თქვენი შვილია?-ჰკითხა ლუკამ. ატირებულმა მოხუცმა თავი დაუქნია.-ვწუხვართ-მოხუცმა ისევ დააქნია თავი.
-გმადლობ, ე.ი. თქვენ იყავით, საფლავს თქვენ წმენდით, მე სულელმა კი რა არ ვიფიქრე, ღმერთო, ქვა რომ გესროლეთ.
-არა უშავს, ბოდიში,რომ აქ თქვენს დაუკითხავად შემოვედით.- მოხუცმა გაიღიმა.
-რა ერქვა?-ჰკითხა გიორგიმ.
-ელისაბედი.
-ლამაზი სახელია.
-ჩემმა ცოლმა დაარქვა.რომ იცოდეთ როგორ მიხარია, ფული არ მაქვს ვინმე რომ დავიქირავო და უკვე მეც აღარ შემიძლია საფლავის გასუფთავება, აღდგომასაც ძლივს გამოვდივარ სანთლის დასანთებად.
-გპირდებით,რომ მას ჩვენ მოვუვლით.
-გმადლობ-მოხუცმა ბიჭებს გაუღიმა და აცრემლებულმა თავი კიდევ ერთხელ დაუქნია. კიდევ საათ-ნახევარი დასჭირდათ საფლავის ბოლომდე გასაწმენდად, მოხუცმაც მოგლიჯა ერთი-ორი ბალახი, თუმცაღა ძალაც აღარ ჰქონდა ძლიერად რომ მოექაჩა, შემდეგ სამივემ კვერცხები გადააგორეს და სანთელი აანთეს. მოხუცი გარდაცვალების მიზეზზე არ საუბრობდა და არც ისინი ეკითხებოდნენ, მთავარი იყო,რომ უკვე იცოდნენ აქ ვინც განისვენებდა. არც სურდათ კაცი ზედმეტად აეღელვებინათ. მათთვის, სრულიად უცნობი ბავშვებისთვის ეს ადგილი და ეს ქალი განსაკუთრებული გამხდარიყო, მამისთვის ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე იქნებოდა აქ ყოფნა. მოხუცი საფლავზე მარტო დატოვეს, წამოსვლის წინ კი მას გიორგიმ ჰკითხა:
-ისევ გნახავთ?
-ამ დროს, აქ ყოველ აღდგომას მოვდივარ, ჩემ შვილს პირობა მივეცი,რომ სანამ ცოცხალი ვიქნები აქ მის გასახსენებლად და სანთლის ასანთებად მაინც მოვალ. - ბიჭებმა მას თავი დაუქნიეს და მოხუცი თავის შვილთან მარტო დატოვეს.
  სამი წელი ისინი აქ ერთმანეთს ყოველ აღდგომას ხვდებოდნენ, თითქოს რაღაც აკავშირებდათ, ეს ადგილი და მისი საუცხოობა გამხდარიყო შემკვრელი რგოლი. დამეგობრებულიყვნენ კიდეც, სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ, მოხუცი თავისი ახალგაზრდობის ამბებს უყვებოდა, თავის გამოცდილებას უზიარებდა, საუბრობდა საყვარელ მეუღლეზე,მაგრამ არასდროს ელისაბედზე და ერთხელაც, სამი წლის შემდეგ ის აღარ მოვიდა, უბრალოდ პირველად თავის სიცოცხლეში ქალიშვილის საფლავზე სანთლის ასანთებად და პატივის მისაგებად აღარ მოვიდა. უკვე ეს აღარ იყო საჭირო, უკვე ახალი რგოლი შექმნილიყო, ურყევი, უწყვეტი, არა მიწიერი რგოლი. ცრემლმორეულებმა შეხედეს ბიჭებმა ერთმანეთს და გასამხნევებლად ერთურთს გადაეხვივნენ. მოხუცისთვის მიცემული პირობა არასდროს გაუტეხავთ, ისინი ყოველ აღდგომას წმენდნენ სარეველა ბალახისაგან ელისაბედის უცნობ საფლავს.


 გიორგი ჩაჩხიანი