დილა იყო,
ახალი, სუსხიანი დილა. სამზარეულოში ჩაიდანის კივილი გაისმა, ჩარლზი ნელი ნაბიჯებით
გაემართა გაზქურისკენ. თაროდან ჭიქა გადმოიღო და მდუღარე სითხით ბოლომდე აავსო, ორი
კოვზი შაქარი ჩაყარა, კოვზი ჭიქაში მოათავსა და მოურია.ახლად შექმნილ პატარა მორევს
შესცქეროდა, თითქოს წამით მოგონებებში ჩაიძირა, მაგრამ მალევე დაბრუნდა რეალობაში,
თავისთვის ნაღვლიანად ჩაიღიმა და ჭიქა მაგიდაზე დადგა. იქვე „დღევანდელი ჟურნალის“
ახალი ნომერი იდო, რომლის ყდაზე თავად ჩარლზი გამოესახათ. ჟურნალი აიღო და თავის გვერდზე
გადაშალა. მარჯვენა კუთხეში დაბეჭდილ სურათს დააცქერდა, ფოტოს თითები მზრუნველობით
ჩამოუსვა. იქიდან თავისი ცხოვრების სიყვარული უმზერდა, მარგარეტი,რომელიც ერთი წლისა
და შვიდი თვის წინ გარდაცვლილიყო, ძნელი იყო მის გარეშე ცხოვრება. თავიდან, როდესაც
თავისი მეუღლის გარდაცვალების ამბავი გაიგო შოკში ჩავარდა, უბრალოდ დამუნჯდა და ვერ
გაიაზრა თუ რა მოხდა, რა ხდებოდა, დაკრძალვის შემდეგ კი უკვე ფიქრი დაიწყო იმაზე თუ
როგორი უბადრუკი გახდებოდა სიცოცხლე მარგარეტის გარეშე, როგორი უაზრო იქნებოდა ყველაფერი.
დილით ამდგარს სრული სიცარიელე ხვდებოდა, ცარიელი სამზარეულო, ფარდებჩამოფარებული მისაღები,
სადაც მზის სხივებიც აღარ შემოდიოდნენ. მერე მიეჩვია კიდეც ცხოვრებას, ისიც იმიტომ,რომ
მარგარეტს როცა ნახავდა იცოდა თუ როგორ გაუწყრებოდა ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის გამო,
მას ძალიან უყვარდა სიცოცხლე, მისი ყოველი წამით ტკბებოდა, ჩარლზს აკვირვებდა კიდეც
მეუღლის ასეთი უდარდელი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ,მაგრამ ამავედროს ეს ძალიან
მოსწონდა. სიყვარულს ყოველთვის აბუჩად იგდებდა, სულ ამბობდა, რა სისულელეა, ნახევარ
ცხოვრებას თავისუფლებაში მარტო ატარებ და მერე მთელი დარჩენილი სიცოცხლე ვიღაც სრულიად
უცხოს უნდა მიუძღვნა და მასზე იზრუნო, თითქოს ამას ვინმე გავალდებულებსო, მაგრამ მარგარეტის
გაცნობის შემდეგ სრულიად შეიცვალა, სრულიად სხვა პიროვნება გახდა. აი ახლა, იჯდა თავის
ცარიელ სამზარეულოში და გარდაცვლილი მეუღლის სურათს დასცქეროდა, საიდანაც მარგარეტი
ჩარლზს ჩვეული თბილი,მოსიყვარულე ღიმილით უღიმოდა. ცოლს კაცმაც გაუღიმა,შემდეგ კი სტატიისკენ
გააპარა თვალი.
„რა არის სიყვარული,
რას ნიშნავს იყო ვიღაცის მეორე ნახევარი, როგორია გყავდეს გვერდით ადამიანი,რომელსაც
მთელ ცხოვრებას მიუძღვნი და სიცოცხლის აზრად აქცევ? ცნობილი მსახიობის, ჩარლზ ბარნტონის
სიყვარულის ფორმულა“ - პირველივე გვერდზე დიდი ასოებით დაებეჭდათ სათაური. ინტერვიუ
ერთი კვირის წინ მისცა, ამიტომ ზუსტად აღარ ახსოვდა თუ რა ილაპარაკა. ჩაი მოსვა და
კითხვა დაიწყო.
-ბ-ჩარლზ, ამბავი იმაზე თუ სად გაიცანით და ვინ იყო
თქვენი მეუღლე ყველამ იცის, მინდა გკითხოთ, რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში სიყვარულმა?
-რა შეცვალა სიყვარულმა?-გაახსენდა თუ როგორ ჩაფიქრდა
ამ კითხვაზე-ყველაფერი, სიყვარულმა მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირად დააყენა. სიყვარულის
სახით ისეთ რამეს შევეჭიდე, რასთან გამარჯვებაშიც ეჭვი შემეპარა. მარგარეტი სხვანაირი
იყო, მე სულ სხვანაირი,მაგრამ ერთმანეთს საოცრად ვუგებდით. მაშინ მე ახალგაზრდა ვიყავი,
ცნობილი, პოპულარული და წარმატებული მსახიობი, გოგოები ისე მესეოდნენ, როგორც ჭიანჭველათა
გუნდი დაესევა ხოლმე ძირს დავარდნილ ტკბილეულს, შეჩვეული ვიყავი იმ ფაქტს,რომ ნებისმიერ
გოგოს ადვილად მოვაწონებდი თავს და ჩემთან ერთად დროის გატარებაზეც დავითანხმებდი,
მაგრამ მარგარეტთან ასე არ მოხდა... მას არ აინტერესებდა ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი,
რამდენი ფული მქონდა, პირიქით, ზედმეტად თავდაჯერებულ და განებივრებულ ბიჭად მომიხსენიებდა
და ზედაც არ მიყურებდა, ამან ძალიან დამაინტერესა, ერთგვარ თამაშად და აზარტად იქცა,
ჩემ თავს ვუთხარი,რომ მას აუცილებლად შევაბამდი. ხშირად ვხვდებოდი, ვცდილობდი მასთან
დრო გამეტარებინა,მაგრამ მუდამ მიშორებდა, ალბათ დღეში სულ რაღაც 2-3 წუთს ვხვდებოდი
ხოლმე,მაგრამ ყოველ ჯერზე მაოცებდა, ახალ-ახალ რაღაცებს ვხედავდი მასში,რაც ჩემს აღფრთოვანებას
იწვევდა. ორკვირიანი უშედეგო დევნის შემდეგ მივხვდი,რომ რაღაც დამმართნოდა, გულაფანცქალებული
ველოდი მის გამოსვლას უბრალოდ კიდევ ერთხელ რომ დამენახა, მომესმინა მისი საოცარი ხმისთვის
და იმისთვის, რომ ეთქვა: თავი დამანებე,შენი გადაწეული ქოჩორით არაფერი გამოგივაო,
გამიღიმებდა და წავიდოდა. შემდეგ უკვე აღარც მინდოდა ადვილად რომ დამნებებოდა, თავს
იფასებდა და ეს ძალიან მომწონდა, იცოდა რასაც წარმოადგენდა, იცოდა, რომ არავისთვის
არ უნდა ყოფილიყო ადვილად ხელმისაწვდომი და ამას აკეთებდა კიდეც, ალბათ სწორედ ამიტომ
შემიყვარდა. ქალმა ყოველთვის უნდა დაიფასოს თავი და კაცს,რომელსაც უფლებას მისცემს
თავისი არსებობით დატკბეს აგრძნობინოს,რომ ყველაზე იღბლიანია,რადგან ასეთი მეუღლე ჰყავს,
რა თქმა უნდა თავის დაფასება გადამეტებულადაც არ უნდა მოუვიდეს.
- გახსოვთ, მარგარეტს როდის აუხსენით სიყვარული?
-დიახ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ორჯერ ვინერვიულე ცხოვრებაში
ყველაზე მეტად. პირველად მაშინ მას სიყვარულში რომ გამოვუტყდი და მეორედ მაშინ მიწას
რომ მივაბარე-გაახსენდა, თუ როგორ აემღვრა თვალები ამ სიტყვების წარმოთქმისას-შემთხვევით
შევხვდი ერთი ნაცნობის დაბადების დღეზე, თვალს ვერ ვწყვეტდი მიუხედავად იმისა,რომ უამრავი
გოგო მეხვეოდა გარს და ცდილობდა ჩემთვის თავი გაეცნო. რამდენიმე ჭიქა გადავკარი და
მასთან მივედი. ვუთხარი: „-ძალიან გთხოვ მომისმინე, არ ვიცი... ასეთი რამ არასდროს
დამმართნია, არ ვიცი რა და როგორ გითხრა, უბრალოდ ვხვდები,რომ მეტის მოთმენა და დამალვა
აღარ შემიძლია, მირჩევნია ახლავე გავიგო შენი უარი, ვიდრე მთელი ცხოვრება გაურკვევლობაში
ვიცხოვრო. თავიდან ჩემთვის მხოლოდ მორიგი გამოწვევა იყავი,მაგრამ ახლა... ახლა უბრალოდ
გონებიდან ვეღარ გიგდებ. შეხედე, იმ ქერა გოგოს ხედავ, წითელი კაბა რომ აცვია? ჩემთან
მოვიდა, გაპრანჭვა დამიწყო და მე მაინც მხოლოდ შენზე ვფქირობდი, მისი მკერდის ნაცვლად
შენს ბედნიერ სახეს და საუცხოო ღიმილს ვუცქერდი. ჩემთვის დამამცირებელიც კია ეს ყველაფერი,
აქ დგომა და ამ ყველაფრის გამხელა,თითქოს აღსარებაზე ვიყო,მაგრამ დიახ, ეს არის კიდეც
აღსარება, ჩემი სულისა და გულის აღსარება და ვინ უნდა ჩაიბაროს ის თუ არა თავად ამ
აგიზგიზებული გულის მფლობელმა? ჩემთვის სულერთი არ ხარ,მეტიც ძალიან მნიშვნელოვნად
იქეცი და მინდა იცოდე,რომ მე პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას და თუ მოისურვებ ვეღარასდროს
ვეღარ მნახავ, რა თქმა უნდა თუ კინოსა და თეატრებში არ ივლი“ გავჩუმდი და მის პასუხს
დაველოდე, ერთიანად ვცახცახებდი, თითქოს სამსჯავროს წინ ვმდგარიყავი და ვიღაცას ჩემი
ცხოვრება უნდა გადაეწყვიტა, ის კი დუმდა და უბრალოდ მიცქერდა, შემდეგ გაიღიმა, თავისი
მშვენიერი ღიმილით გაიღიმა და ამასთან ერთად თითქოს ჩემი ტანჯვაც სადღაც გაქრა. „-შეიძლება
შენში ნაწილობრივ ვცდებოდი და უკეთესიც კი ხარ იმაზე ვის როლსაც თამაშობ. მხოლოდ ერთი
ვახშამი, მაგრამ ერთი პირობით, შენი ნამდვილი სახე უნდა დამანახო და არა ის,რომელსაც
საზოგადოებას აჩვენებ.“ „-კარგი“. ვუპასუხე,მაგრამ ცოტა არ იყოს დაბნეული წამოვედი,
ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა ჩემი ნამდვილი სახის ჩვენება, მაგრამ როდესაც ვახშმის საღამოს
ის დავინახე ყველაფერს მივხვდი, უბრალოდ უნდა ვყოფილიყავი ის,როგორი მამაკაცის გვერდითაც
ის ბედნიერი იქნებოდა, როგორ მამაკაცსაც ის იმსახურებდა, როგორი მამაკაციც მე ვიყავი
დახურულ კარს მიღმა.
- მარგარეტს სამი თვე ხვდებოდით, შემდეგ კი იქორწინეთ.
-დიახ, როდესაც ადამიანი გიყვარს და ამ გრძნობაში
100%-ით ხარ დარწმუნებული უაზრო ლოდინსა და დროის ფუჭ კარგვას რაღა აზრი აქვს? ცხოვრება
ისედაც ხანმოკლეა, ყოველი წამი მნიშვნელოვანია.
-თქვენი სიყვარული ნამდვილად ურყევი და უმტკიცესი იყო.
ალბათ, ყველას გვინახავს თქვენი სურათი,რომელიც აგრეთვე წლის საუკეთესო ფოტოდ დასახელდა,
თუ როგორ შესცქერით თქვენს მეუღლეს, როდესაც ის გრინვუდში სიტყვით გამოდიოდა. თქვენს
მზერაში სიამაყე, სიყვარული, აღტაცება, აღფრთოვანება,ბედნიერება და მზრუნველობა ერთადაა
ასახული.-ახლაც, ამ სტატიის კითხვისაც გაეღიმა და გვერდით დართულ სურათს შეხედა, ის
დღე გაახსენდა, მარგარეტმა მომავალი თაობების განათლების აუცილებლობაზე რომ ისაუბრა,
სიამაყითა და სიხარულით აღივსო მაშინ ჩარლზი.
- ყველაზე დიდი ბედნიერება კაცისთვის ეს გვერდით ჭკვიანი
ქალის ყოლაა,რომელსაც შეგიძლია დარწმუნებით დაეყრდნო თუ საჭირო იქნება, რომელთან ერთად
ყოფნისას ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგაჩერებს,რადგან შენ გვერდით ყოველთვის იქნება
ისეთი ადამიანი,რომელთანაც გეცოდინება, რომ ყოველგვარ პრობლემას გადალახავ და მარტო
არასდროს იქნები. უბრალოდ ბედნიერებაა ისეთი ადამიანის ყოლაც,რომელიც გაგამხნევებს
და გეტყვის,რომ ყველაფერი კარგად იქნება,რომ ერთად ყველაფერს გაუმკლავდებით.
-გკადრებთ და ვიტყვი,რომ სანამ მარგარეტს გაიცნობდით
გამოუსწორებელი მექალთანე იყავით, შემდეგ რა მოხდა?
-შემდეგ? უბრალოდ არსებობის მიზეზი ვიპოვნე, სიცოცხლეს
აზრი გაუჩნდა, მარგარეტი ყოველდღე ახერხებდა ჩემ გაოცებას და როცა ეს ხდება,როდესაც
ვიღაც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს შეუძლებელია ის მოგბეზრდეს და გამუდმებით მასზე
არ იფიქრო. ერთ ამბავს მოგიყვებით,რომელიც ჩემი ცოლის გარდა არავისთვის მითქვამს. პარიზში
ვიყავი გადაღებებზე, მაშინ ალბათ მე და მარგარეტი ექვსი წლის ცოლ-ქმარი ვიქნებოდით,
სასტუმროში, ჩემს ნომერში ერთი მსახიობი მოვიდა, ულამაზესი ქალი იყო. ცოტა დავლიეთ,
ვისაუბრეთ და მერე ჩემი მოფერება დაიწყო, წამითაც არ დავფიქრებულვარ მაშინვე მოვიშორე.
„-ვერავინ გაიგებს, ნუთუ არ მოგწონვარ?!“-მომხიბვლავი კეკლუცობით მითხრა მან. „-საქმე
ამაში არაა, შენ ძალიან ლამაზი ხარ,მაგრამ როდესაც გიყურებ, ვხედავ როგორ იხდი ხალათს,
როგორ იწევი ჩემ საკოცნელად ჩემს ცოლს წარმოვიდგენ, ის ჩემთვის ყველაფერია, ბევრი ქორწინებას
ერთგვარ წყევლადაც კი მიიჩნევს,რომ თითქოს ბორკილებით უნდა იყო მიბმული ვიღაც სხვა
ადამიანზე და მთელი ცხოვრება მასთან ერთად გაატარო, მაგრამ ჩემთვის ქორწინება ეს, ეს
დიდი ზეიმია, სულთა ზეიმი, სადაც ფიზიკური ლტოლვა ყველაზე უმნიშვნელოც კია, სხვა ქალთან
უბრალოდ ვერ ვიქნები,როდესაც ჩემი ცოლი არსებობს.სამყაროს ყველაზე ლამაზი ქალებიც რომ
ერთად დააყენო ვერცერთი მათგანი ვერ დაჩრდილავს ჩემი მეუღლის სილამაზეს, ისაა ჩემთვის
ერთადერთი ქალი,ყველაზე მშვენიერი და ულამაზესი ქალბატონი,რომელსაც ყველაფერს ვუზიარებ,
რომლის წინაშეც გამჭირვალე ფარდა ვარ. ალბათ ვერ გაიგებ, მაგრამ მოვა დრო როცა ამას
ყველა მიხვდება და ყველა გამოცდის საკუთარ თავზე,მათ შორის შენც.“ გამიღიმა და თავის
ნომერში დაბრუნდა, წასვლამდე კი მითხრა: „-ძალიან იღბლიანია შენი მეუღლე, ალბათ იცის
ეს“. „-პირიქით,იღბლიანი მე უფრო ვარ ის რომ მყავს“.-ასე ოთახის დატოვებამდე ვუთხარი.
-ეს ყველაფერი მეუღლეს მოუყევით?
-როგორ ცდილობდა სხვა ქალი ჩემ ცდუნებას და როგორ მიფათურებდა
ხელებს? რა თქმა უნდა, საიდუმლო ყველას აქვს,მაგრამ დაუმალო საკუთარ მეუღლეს საიდუმლო
ეს იგივეა რაღაც დაუმალო საკუთარ თავს, თუ ასე მოიქცევი, თუ შეგეშინდება პირადულის
მეორე ნახევართან გამხელის მაშინ რაღატომ ხარ მისი ქმარი ან ის რატომაა შენი ცოლი?
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ნებისმიერ სხვა ქალთანაც შეძლებ.
-ალბათ ბანალური შეკითხვა იქნება,მაგრამ რას ეტყოდით
საკუთარ მეუღლეს ახლა აქ რომ იყოს?
-მჯერა,რომ მას ისევ შევხვდები და ალბათ, როცა დრო მოვა
თავად მიკარნახებს სათქმელს.
-და ბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდებს,მომავალ თაობებს?
-დააფასონ ურთიერთობები, სიყვარული, არ აქვს მნიშვნელობა
თუ ვინ იქნება მისი ადრესატი, ცოლი,შეყვარებული,დედა,მამა,ძმა თუ და, უბრალოდ მეგობარი
თუ შორეული ნათესავი, გრძნობა,სიყვარულის განცდა ეს ყველაზე საუცხოო რამაა, უბრალოდ
ბედნიერი ვარ და სინანული არ მიპყრობს მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემს სიყვარულს მარგარეტს
ყოველდღე ვუმტკიცებდი და ყოველთვის ვცდილობდი მისი ღიმილისა და ბედნიერების მიზეზი
გავმხდარიყავი, ეს იყო რაც ბედნიერს მხდიდა და ესაა, რაზე ფიქრიც უდიდეს სიხარულს მანიჭებს.
ჩარლზმა თვალზე
მომდგარი ცრემლი შეიშრო. თვალები დახუჭა,მაგრამ მარგარეტის სახეს გონებიდან მაინც ვერ
იგდებდა, ეს არც უნდოდა, ახარებდა კიდეც ასე რომ ხდებოდა, თითქოს ის ისევ მასთან იყო,მაგრამ
ეს მართლაც ასე ხდებოდა,რადგან მარგარეტი თავისი სულის ნაწილი გახლდათ, სწორედ ის იყო
ასეთი ჩარლზის შემოქმედი. კაცმა ჟურნალი დახურა, ჩაის ცარიელი ჭიქა ნიჟარასთან მიიტანა
და წყალი მოუშვა.
გიორგი ჩაჩხიანი
5-L
6-O
8-V
3-E
No comments:
Post a Comment