სრული სიჩუმე
გამეფებულიყო, მხოლოდ ხომალდის ძრავის ყრუ გუგუნი ისმოდა. რადარზე ხომალდსა და პლანეტას
შორის მანძილი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ასტრონავტებს სუნთქვა შეჰკვროდათ, მოლოდინისგან
გული ძლიერ უცემდათ.
-სულ ცოტაც-თქვა ჩენდრიგსმა.
-ჰო-დაეთანხმა მაილსი. კაცმა ღრმად ჩაისუნთქა, მზერა
დაძაბა, თვალები მოჭუტა. მალე ჰორიზონტზე მნათობი
წერტილიც გამოჩნდა.-ძალიან კაშკაშაა.
-ლამაზი უნდა იყოს.
ხომალდი უცნობ
პლანეტას კიდევ უფრო მიუახლოვდა. გიგანტური სფეროს დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც
გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცაღა ასტრონავტები მოკაშკაშე პლანეტისთვის თვალის გასწორებას
ვერ ბედავდნენ. მისი გამოსხივება რაღაცით ჩრდილოეთის ნათებასაც გავდა,მაგრამ მასზე
ბევრად უფრო ლამაზი და საუცხოო იყო. ვარდისფრად მოკაშკაშე პლანეტას მწვანე და ლურჯი
ფერი კანტებად დაჰყვებოდა, მათში სტაფილოსფერიც ირეოდა და ფერების გასაოცარ გამას ქმნიდა.
-უნდა დავეშვათ?-იკითხა მაილსმა.
-აქ მოსაღწევად დიდი გზა გამოვიარეთ. - კაცმა მეგობარს
შეხედა - სამი წელი, მთელი სამი წელი დავხეტიალობდით კოსმოსში იმისთვის,რომ ახალი პლანეტა
გვეპოვნა.
-იმედები რომ გაგვიცრუვდეს, ის რომ არ აღმოჩნდეს?
-სხვას მოვძებნით, ისეთს,რომელიც ჩვენთვის გამოდგება.
-რამე რომ დაგვემართოს აქ ვერავინ გვიპოვნის. -ჩენდრიგსმა
გაიღიმა.
-მეც მეშინია მაილს,მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ, ფულს
ამაში გვიხდიან.
სინათლე დამაბრმავებელი
გახდა. ასტრონავტებმა თვალები ძლიერად დახუჭეს. ჯერ ხომალდის ცხვირი გაუჩინარდა პლანეტის
კაშკაშა აურაში, შემდეგ კი მან მთელი ხომალდი შთანთქა.
თითქოს გამოსხივება შესუსტდა, სიბნელე ჩამოწვა.
-მზად ხარ?-მეგობარს ჰკითხა ჩენდრიგსმა.
-კი-უპასუხა მაილსმა, თავს ძალა დაატანა და თავი აიძულა
თვალები გაეხილა. სულ ოდნავ, ვიწრო ოვალურ ჭრილში დაინახა ახალი სამყარო, შემდეგ კი
თვალები ფართოდ გაახილა. ნანახით აღფრთოვანებულ მეგობარს შეხედა. მაილს ჩენდრიგსის
მზერაც შეეგება.
-ის არის-თქვა ასტრონავტმა-ჩვენი პლანეტაა.
ხომალდი მიწაზე
დაჯდა.ნელა გაიღო ფოლადის კარები და მძიმედ დაეშვა ახალ პლანეტაზე,თითქოს თავისი შეხებით
არსებულის შებღალვა არ უნდოდა. კოსმონავტებმა მაგიურ მიწაზე დადგეს ფეხი. ეს წარმოუდგენლად
ამაღელვებელი შეგრძნება იყო, ამდენი წლის შემდეგ ფეხქვეშ ფოლადის გარდა სხვა რაიმეს
შეგრძნობა,თუმცაღა ეს უბრალო რამეზე ბევრად მეტი იყო. თეთრი, ბამბასავით რბილი და ფაფუკი
ბალახი მუხლებამდე სწვდებოდათ, ფეხებქვეშ საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდნენ. ირგვლივ სულ
თეთრი, მაგიური ველები გადაშლილიყო. ასტრონავტებმა ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგეს,შემდეგ
მეორე. მაილსმა სიხარულისგან სიცილი დაიწყო. ჩენდრიგსმა ხელით თეთრი ბალახი შეიგრძნო,
თითქოს ის არც ეხებოდა, სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა. სიომ დაუბერა, აქ ქარიც კი სხვანაირი
იყო, ნაზი, გრილი, სასიამოვნო, რომელსაც თეთრი ფაფუკი ფიფქები მოჰქონდა.
-შეხედე, ჩქარა შეხედე!-მეგობარს დაუძახა მაილსმა და
მოშორებით მდებარე ბორცვისკენ გაახედა. სიომ თეთრი ფიფქები ზეცაში აიტაცა, პეპლების
გუნდივით აიშალნენ თეთრი ფანტელები. თითქოს თავად ბორცვი აფრინდა ზეცაშიო. ჩენდრიგსმა
ხელები გაშალა, თითებზე სიოსგან დახრეული ბალახის თეთრი ბამბისებური ბოლოები ნაზად
ეხებოდნენ, თითქოს გახარებულნი ეთამაშებიანო. ორივეს საკუთარი ბავშვობა დაუდგა თვალწინ,
როგორ დადიოდნენ ტყეში მშობლებთან ერთად სასეირნოდ, როგორ დარბოდნენ გაშლილ ველებზე
გახარებულნი, ეს პლანეტა ბავშვობას ჰგავდა, თითქოს ის დროში მოგზაურობდა, დროის ღერძს
უკან წევდა და წარსულს აცოცხლებდა. ბალახის თითოეული შეხება ლამაზ და ნათელ მოგონებას
ამოატივტივებდა ასტრონავტების გონებაში, გულწრფელ ღიმილს ჰბადებდა მათ სახეებზე.
ორივემ ცისკენ
აიხედა. ისეთივე მოკაშკაშე და ულამაზესი ნათება გამოსახულიყო ზეცაზე,როგორიც პლანეტას
ეკრა გარსს.
-განა ასეთი რამის არსებობა შესაძლებელია?-იკითხა ჩენდრიგსმა.
-აქ ხომ ჯერ ადამიანებს არ დაუდგამთ ფეხი, ჩვენ პირველები
ვართ.
-ნუთუ დედამიწაც ასეთი ლამაზი იყო ჩვენ გაბატონებამდე?
-ყოველ შემთხვევაში, მეტალის კონსტრუქციებით გამოღრნილ-გამოჭმული
არ იქნებოდა და არც სამრეწველო ნარჩენებით იქნებოდა ჰაერი გაჟღენთილი.
-არც წყალს ექნებოდა შავი შეფერილობა.
-არც მოჭრილ-დაჩეხილი ფესვები იქნებოდა შენობების ქვეშ
მიწაში ღრმად გადგმული.
-ნუთუ ეს ჩვენ ჩავიდინეთ?- მაილსმა თავი გააქნია.
-ასეთი დაუნდობელი და გაუმაძღარი როგორ უნდა იყოს ადამიანი
ასეთი სილამაზე რომ მოსპოს და მის ნაცვლად რაღაც უსარგებლო რკინის კონსტრუქციები წამოჭიმოს.
-სილამაზეს ფული არ მოაქვს,მაილს,სწორედ ესაა მისი პრობლემა.
-გახსოვს პლანეტა ელინსი?
-რა თქმა უნდა, მას რა დამავიწყებს.
-როგორ სასტიკად მოვეპყარით, როგორ მოვსპეთ და გავანადგურეთ.
-გვეგონა მისი აღმოჩენით კარგი საქმე გავაკეთეთ, სამყაროს
განვითარება-გამოკვლევაში შევიტანეთ წვლილი, ახალი სამყარო აღმოვაჩინეთ, ნეტავ ეს არასდროს
გაგვეკეთებინა.
-გათხარეს,სიცოცხლე წაართვეს, გამოიყენეს, ბოლომდე გამოწოვეს
ყოველი რესურსი, დააჭკნეს და შემდეგ ნაგავივით მოისროლეს, დაუძლურებული, სასიკვდილოდ
განწირული კოსმოსის წყვდიადში ჩასაძირად მიატოვეს.
-არადა შეიძლებოდა იქ ხალხი დაესახლებინათ, სიცოცხლისთვის
ყოველი აუცილებელი პირობა იყო შექმნილი, პლანეტა ყველაფერს აკეთებდა ჩვენს უზრუნველსაყოფად.
შეიძლებოდა სიღარიბის, შიმშილისა და დაუსრულებელი ომების თავიდან აცილება, ახალი ცხოვრების
დაწყება, ახალი დროისა და ისტორიის შექმნა, ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა, ახალი სიცოცხლე,
ახალი სამყარო, ახალი აღმოჩენები, ახალი, უკეთესი ყოფა, მაგრამ რა მოხდა, ჩვენმა აღმოჩენებმა
რა შეცვალეს, რა სარგებელი მოუტანეს კაცობრიობას?
-პოლიტიკოსთა ჯიბეები გავასქელეთ, აი, რა გავაკეთეთ.
-ერთის მხრივ, კარგიც კია ასე რომ მოხდა, ელინსზე ხალხი
რომ დასახლებულიყო და უკეთესი ცივილიზაცია და ყოფა შეექმნათ უთუოდ ომი დაიწყებოდა,
ყველა იქ მოინდომებდა წასვლას, მდიდრები ალბათ გაფრინდებოდნენ კიდეც, დედამიწაზე კი
ყველაფერი აირევოდა, ხალხი ერთმანეთის დახოცვასა და დაჭმას დაიწყებდა, ჩვენი პლანეტა
ერთგვარ ციხედაც კი იქცეოდა, სადაც ყველა იმას გააკეთებდა,რასაც მოისურვებდა, ყველაზე
უარეს შემთხვევაში კი ომი დაიწყებოდა, საომრად ერთი პლანეტაც კი აღარ ეყოფოდათ და უთუოდ
პლანეტათშორის ომს გააჩაღებდნენ. ელინსელები დაივიწყებდნენ,რომ ისინი სწორედ დედამიწიდან
მოვიდნენ და ეს პლანეტა იყო მათი ნამდვილი სახლი, იგი აღარ დასჭირდებოდათ და რაღა შეუშლიდათ
ხელს მის განადგურებაში? დედამიწელები კი შურით აღივსებოდნენ ელინსელების მიმართ და
იმიტომ დახოცავდნენ,რომ მათ ის ექნებოდათ რაც თავად არ გააჩნდათ, ახალი პლანეტა, იმაზე
სრულაც არ იფიქრებდნენ, თუნდაც, რა შედეგებს მოუტანდა ეს ელინს, თვალის დაუხამხამებლად
გაანადგურებდნენ საბრალო პლანეტას მხოლოდ იმიტომ,რომ ის მათი არ იყო. კარგიც კია ის
მხოლოდ ჯიბეების გასასქელებლად რომ გამოიყენეს.მაგრამ რა მოხდებოდა ელინსი საერთოდ
რომ არ აღმოგვეჩინა, ფრენკი და ჯორდანი უბრალოდ რომ ასცდენოდნენ მას და უცხო მიწაზე
ფეხი არასდროს რომ არ დაედგათ?
-ელინსი არ განადგურდებოდა, ღვთის მიერ შექმნილი სილამაზე
არ გახდებოდა ადამიანური სისასტიკის მსხვერპლი.
-ვერ დავუშვებ აქაც იგივე რომ მოხდეს,ამ პლანეტასაც
იგივე რომ დაემართოს, ეს სილამაზე ელინსივით რომ განადგურდეს.
-მეტისმეტად ძვირფასია ადამიანებისთვის,ჩვენ მას არ
ვიმსახურებთ. იმედია მოვა დრო,როდესაც გავხდებით ამ პლანეტის ღირსნი, მაგრამ ახლა არა,
ეს დრო ჯერ არ დამდგარა.
-ალბათ, საუკუნეები გავა,სანამ რაღაც შეიცველება, სანამ
უკეთესი გახდება ადამიანი, სანამ საკუთარი ჯიბის გასქელების გარდა სხვა რამეზეც იფიქრებს,
სანამ დააფასებს სილამაზეს და სანამ დაიწყებს ფიქრს ღვთის საჩუქარის გაფრთხილებაზე,მაგრამ
ჯერ ეს ადრეა, ძალიან ადრეა.
-მგონი ჩვენი წასვლის დრო მოვიდა.
-ჰო, ძნელია ამ სილამაზესთან განშორება, აქ სულ სხვანაირია,
უცოდველი, ხელშეუხებელი, ნათელი სამყაროა, რომელიც გიზიდავს, გითრევს, თითქოს შენი
გაშვება არ უნდა, მაგრად გიკრავს გულში,თავს გაყვარებს და არ გიშვებს.
-მაგრამ მაინც უნდა წავიდეთ,ძნელია აქედან წასვლა მითუმეტეს
მაშინ,როდესაც იცი რომ აქ აღარ დაბრუნდები, ვეღარასდროს ნახავ ამ ჯადოსნურ სილამაზეს,
მაგრამ უნდა წავიდეთ.
-იქნებ აქ ჩვენი შვილთაშვილები ან მათი შვილები დაბრუნდნენ,
მაგრამ ჩვენ არა,ჩვენ არ დავბრუნდებით. ეს სილამაზე უნდა დავიცვათ, ჩვენი ვალია ეს
ადამიანებისა და მათი ბუნებისგან დავიცვათ.
საბოლოოდ შეიგრძნეს
საოცარი, თეთრი, ფაფუკი ბალახის შეხება, საბოლოოდ იმოგზაურეს ბავშვობაში, წამიერად
ისევ მოსწყდნენ არსებულ სასტიკ რეალობას, კვლავ გადავიდნენ მომავლის დროის ხაზში,რადგან
ეს ადგილი აწმყოსთვის არ იყო განკუთვნილი. თვალები გაახილეს, ღრმად ამოისუნთქეს და
ხომალდის კიბეებს დამძიმებულები აუყვნენ. ერთის მხრივ წუხდნენ, რომ ასეთ სილამაზეს
ტოვებდნენ, მაგრამ ამავედროს უხაროდათ, რომ მათი წყალობით რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში
მას ვერავინ იპოვიდა, ვერავინ გამოიყენებდა, ვერავინ გამოწურავდა რესურსებს და ვერავინ
მიატოვებდა ელინსივით დასაღუპად.
ისევ კაშკაშა
სინათლემ მოუჭრათ თვალები ასტრონავტებს, მაგრამ კოსმოსში მაინც გაფრინდნენ.
-ძალიან ლამაზი იყო,არა?-ჰკითხა მაილსმა.
-ჰო, მარგალიტივით,მარგალიტივით ლამაზი იყო-უპასუხა
ჩენდრიგსმა და პლანეტა თბილი ღიმილით მოიგონა.
-მარგალიტი-დაიჩურჩულა მაილსმა და მასაც მოეფინა სახეზე
გულწრფელი,ნათელი ღიმილი.
გიორგი
ჩაჩხიანი