გზა... რატომღაც ეს სიტყვა ამომიტივტივდა გონებაში, ერთი კი
გავიფიქრე რა გზა-მეთქი,მაგრამ შემდეგ მეც ჩავვარდი საგონებელში. გზა? თითქოს
სარკეში ვიყურებოდი და გაოცებული საკუთარ თავს შევსცქეროდი, რა არის გზა? ეს ხომ
მხოლოდ მთებს შორის გამავალი დახაზული ასფალტი არაა, თუმცა სწორედ ეს მოაგონდება
პირველად ადამიანს ამ სიტყვის გაგონებისას. როდესაც დასავლეთში მიმავალს მირეკავენ
და მეკითხებიან სად ხარო, თუ ადგილს ვერ ვცნობ ვპასუხობ, ან მანქანაში ვარ, ან
გზაში-მეთქი. მარტო მე არ ვამბობ ასე, ყველა ასეთ რაღაცას იტყვის ხოლმე, და მაინც
გზაში? კარგით რა, მე პრეტენზია მაინც მაქვს იმაზე,რომ ქართული ენა მცირედად მაინც
ვიცი და გრამატიკის მიხედვით გზაში კი არა გზაზე უნდა, გზა ხომ დახაზული ასფალტია,
მაგრამ ეს ასე არაა... აი,ძვირფასო მკითხველო, ამ აბდაუბდა საუბრითა და ბოდიალით
რაღაც დასკვნა გამოვიტანეთ, გზა ეს ის ფენომენია,რაც ყოველგვარ წესსა თუ
დადგენილებას არღვევს და უსაზღვროდ გვითრევს...მაგრამ სად? ამის გარკვევა ისევ
საჭიროა.
ვირჯინია სატირი(1916-1988),
ამერიკელი ფსიქოთერაპევტი ამბობს: ”ცხოვრება არ არის ისეთი, როგორადაც წარმოუდგენიათ
ხოლმე. ცხოვრება ისეთია, როგორიც ის არის. გზა, რომლითაც შენ გაართმევ მას თავს
არის ის, რაც ქმნის განსხვავებულობას.“ მაშასადამე გზის კიდევ ერთი განმარტება,
ცხოვრების გზა, მოდით, დავხუჭოთ თვალები და სიბნელეში ქუჩაში მოსიარულე კაცი
წარმოვიდგინოთ, ეს მისი ცხოვრებაა, ქუჩაზე
დაგებული ქვაფენილი კი მისი გზაა,რომელიც პიროვნების გადაწყეტილებებს, აზრებს,
ქმედებებსა და სხვა თვისებებს აერთიანებს.
ესეც გზის შემდგომი განმარტება, მაგრამ მაინც, სად მივყავართ გზას?
ამერიკელი მწერალი,დეილ კარგენი ამბობს:“ ერთადერთი გზა არსებობს
იმისთვის, რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება- გაუჩინო მას ამის გაკეთების
სურვილი.“, ჯორჯ ორეული კი გვმოძღვრავს,რომ ”ომის დამთავრების ყველაზე სწრაფი გზა
მისი წაგებაა.“, გზა- ეს გამოსავალი, ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაღწევის
მცდელობაა, და ის მაინც უკავშირდება ასფალტზე დახატულ ხაზებს. მე ხშირად
გამიგონია,ალბათ თქვენც,კითხულობენ ხოლმე - რომელი გზით წავიდე? დასკვნა თავად
გამოიტანეთ, მე კი ალექსანდრე პუშკინის სიტყვებს მოგაგონებთ: „რთულია პირველი
ნაბიჯი და მოსაწყენია პირველი გზა.“ გზა ადამიანის სწრაფვაა საკუთარი მიზნისა და
ოცნებისკენ, იგი იმ ქმედებებს აერთიანებს,რომელსაც ადამიანი ჩადის თავისი მიზნის მისაღწევად.
და მაინც, ისევ ეს კითხვა,
რა არის გზა? რატომ შეარქვა კაცობრიობამ ზემოთ ჩამოთვლილ განმარტებებს ერთი სახელი
და რატომ უწოდა მას გზა? ვფიქრობ, ამ ყველაფერს ნათლად ჯიმი ჰენდრიქსი პასუხობს,
და ხელოვანისგან გზის ფენომენის შეცნობაც არაა გასაკვირი, იგი ამბობს: „არ აქვს
მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, მნიშვნელოვანია რამდენი გზა გაიარე.“
გზას მარადიულს უწოდებენ,
მას დასასრული არ აქვს, იგი უკიდეგანოა. ადამიანი მხოლოდ ორ რამეს ვერ გაექცევა,
ეს დრო და გზაა. სიკვდილის შემდეგაც, კაცის ცხედრის მიწაში დასამარხად
მესაფლავეებმა სამარხამდე მისასვლელი გზა უნდა გაიარონ და ეს ცხედარიც გაასვენონ.
გარდაცვალების შემდეგ კი ღვთისკენ მიმავალი გზაა გასავლელი, ალბათ ეს ყველაზე
რთული გზა იქნება, ალბათ, მაშინ განცდილი და ნაფიქრალი იქნება გზის ფენომენის
ჭეშმარიტი განმარტება, მანამდე კი მოვიგონოთ ჩარლი ჩაპლინის სიტყვები:” ცხოვრების გზა
თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა.“ მან ეს სიტყვები
მე-20 საუკუნეში წარმოთქვა, დღეს კი 21-ე საუკუნეა, ახალი ერა,ახალი ეპოქა, დაე
ჩვენ და მომავალ თაობებს ეპოვოთ თავისუფალი და ლამაზი გზა, თუ ჩვენი წინაპრები
თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, გავფრთხილებოდეთ მათ მიერ მოპოვებულ თავისუფლებას და
იგი სილამაზედ გვექციოს, რადგან ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი ფასი, ცხოვრება
გრძელდება, ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი, ყველა სადღაც მიდის და საიდანღაც
მოდის, ეს კი გზაა. გზაა ის, რასაც ადამიანი ფეხქვეშ გრძნობს და რაზეც დადის და
გზაა ისიც,თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და რას ჩაიდენს ამ ასფალტზე სიარულისას.
No comments:
Post a Comment