ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Thursday, December 31, 2015

ახალი წელი

გაბმული რეკვა ზარებისა ყურებს აყრუებს,
აუწყვეტელთა თავნებობა ყველაფერს ფარავს.
ბანად ეძლევა მათ ქართული მრავალჟამიერ,
დღე,როცა კაცი ღვინოსაცა არა იპარავს.

ძაღლების ისმის ყეფა ძლიერ,აშვებულების
შიშით მგელიცა დამალულა თავის ბუნაგში.
თორმეტზე დროსაც შეუწყვიტავს თვისი წამზომი,
მხოლოდ ერთი რამ უტრიალებს ყველასა გონში.

მრავალჟამიერ, გასძახიან ქართველთ ქართველნი,
წკრიალი ისმის ყოველივე ოჯახსა შინა.
ცას, მრავლად მნათობს,მოხატულსა,შესცქერის ყველა
ერთიანობას ვეღარა ჰყოფს ვერც შუშის მინა.

ზარები რეკენ,ისევ რეკენ გაუჩერებლივ,
თხას აცილებენ,მაიმუნსა კი მოუძღვიან,
გზას უნათებენ საახალწლო ლამპიონები
და შესახვედრად საუკეთესოსთვის იღწვიან.

ბარდნის,სამყაროს ამძიმებენ თოვლის ფიფქები,
სახურავებსა და მანქანებს ჰფარავს ფანტელი,
ამ დროს თორმეტზე თოვლიც ძალზედ გასახარია.
სახარულია ალს რომ ჰმატებს იგი სანთელი.

აღტკინებული ველოდები ახალსა წელსა,
სულ იმას ვამბობ მომავალი გვიჩვენებს ყოველს,
მეც შემოვძახებ, დავჭექ ჩემსას,მრავალჟამიერს
და მოგილოცავთ ახალ წელსა მე ყოველ ქართველს.

გზა

  გზა... რატომღაც ეს სიტყვა ამომიტივტივდა გონებაში, ერთი კი გავიფიქრე რა გზა-მეთქი,მაგრამ შემდეგ მეც ჩავვარდი საგონებელში. გზა? თითქოს სარკეში ვიყურებოდი და გაოცებული საკუთარ თავს შევსცქეროდი, რა არის გზა? ეს ხომ მხოლოდ მთებს შორის გამავალი დახაზული ასფალტი არაა, თუმცა სწორედ ეს მოაგონდება პირველად ადამიანს ამ სიტყვის გაგონებისას. როდესაც დასავლეთში მიმავალს მირეკავენ და მეკითხებიან სად ხარო, თუ ადგილს ვერ ვცნობ ვპასუხობ, ან მანქანაში ვარ, ან გზაში-მეთქი. მარტო მე არ ვამბობ ასე, ყველა ასეთ რაღაცას იტყვის ხოლმე, და მაინც გზაში? კარგით რა, მე პრეტენზია მაინც მაქვს იმაზე,რომ ქართული ენა მცირედად მაინც ვიცი და გრამატიკის მიხედვით გზაში კი არა გზაზე უნდა, გზა ხომ დახაზული ასფალტია, მაგრამ ეს ასე არაა... აი,ძვირფასო მკითხველო, ამ აბდაუბდა საუბრითა და ბოდიალით რაღაც დასკვნა გამოვიტანეთ, გზა ეს ის ფენომენია,რაც ყოველგვარ წესსა თუ დადგენილებას არღვევს და უსაზღვროდ გვითრევს...მაგრამ სად? ამის გარკვევა ისევ საჭიროა.
  ვირჯინია სატირი(1916-1988), ამერიკელი ფსიქოთერაპევტი ამბობს: ”ცხოვრება არ არის ისეთი, როგორადაც წარმოუდგენიათ ხოლმე. ცხოვრება ისეთია, როგორიც ის არის. გზა, რომლითაც შენ გაართმევ მას თავს არის ის, რაც ქმნის განსხვავებულობას.“ მაშასადამე გზის კიდევ ერთი განმარტება, ცხოვრების გზა, მოდით, დავხუჭოთ თვალები და სიბნელეში ქუჩაში მოსიარულე კაცი წარმოვიდგინოთ, ეს მისი ცხოვრებაა,  ქუჩაზე დაგებული ქვაფენილი კი მისი გზაა,რომელიც პიროვნების გადაწყეტილებებს, აზრებს, ქმედებებსა და სხვა  თვისებებს აერთიანებს. ესეც გზის შემდგომი განმარტება, მაგრამ მაინც, სად მივყავართ გზას?
   ამერიკელი მწერალი,დეილ კარგენი ამბობს:“ ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის, რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება- გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.“, ჯორჯ ორეული კი გვმოძღვრავს,რომ ”ომის დამთავრების ყველაზე სწრაფი გზა მისი წაგებაა.“, გზა- ეს გამოსავალი, ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაღწევის მცდელობაა, და ის მაინც უკავშირდება ასფალტზე დახატულ ხაზებს. მე ხშირად გამიგონია,ალბათ თქვენც,კითხულობენ ხოლმე - რომელი გზით წავიდე? დასკვნა თავად გამოიტანეთ, მე კი ალექსანდრე პუშკინის სიტყვებს მოგაგონებთ: „რთულია პირველი ნაბიჯი და მოსაწყენია პირველი გზა.“ გზა ადამიანის სწრაფვაა საკუთარი მიზნისა და ოცნებისკენ, იგი იმ ქმედებებს აერთიანებს,რომელსაც ადამიანი ჩადის თავისი მიზნის მისაღწევად.
  და მაინც, ისევ ეს კითხვა, რა არის გზა? რატომ შეარქვა კაცობრიობამ ზემოთ ჩამოთვლილ განმარტებებს ერთი სახელი და რატომ უწოდა მას გზა? ვფიქრობ, ამ ყველაფერს ნათლად ჯიმი ჰენდრიქსი პასუხობს, და ხელოვანისგან გზის ფენომენის შეცნობაც არაა გასაკვირი, იგი ამბობს: „არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, მნიშვნელოვანია რამდენი გზა გაიარე.“
  გზას მარადიულს უწოდებენ, მას დასასრული არ აქვს, იგი უკიდეგანოა. ადამიანი მხოლოდ ორ რამეს ვერ გაექცევა, ეს დრო და გზაა. სიკვდილის შემდეგაც, კაცის ცხედრის მიწაში დასამარხად მესაფლავეებმა სამარხამდე მისასვლელი გზა უნდა გაიარონ და ეს ცხედარიც გაასვენონ. გარდაცვალების შემდეგ კი ღვთისკენ მიმავალი გზაა გასავლელი, ალბათ ეს ყველაზე რთული გზა იქნება, ალბათ, მაშინ განცდილი და ნაფიქრალი იქნება გზის ფენომენის ჭეშმარიტი განმარტება, მანამდე კი მოვიგონოთ ჩარლი ჩაპლინის სიტყვები:” ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა.“ მან ეს სიტყვები მე-20 საუკუნეში წარმოთქვა, დღეს კი 21-ე საუკუნეა, ახალი ერა,ახალი ეპოქა, დაე ჩვენ და მომავალ თაობებს ეპოვოთ თავისუფალი და ლამაზი გზა, თუ ჩვენი წინაპრები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, გავფრთხილებოდეთ მათ მიერ მოპოვებულ თავისუფლებას და იგი სილამაზედ გვექციოს, რადგან ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი ფასი, ცხოვრება გრძელდება, ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი, ყველა სადღაც მიდის და საიდანღაც მოდის, ეს კი გზაა. გზაა ის, რასაც ადამიანი ფეხქვეშ გრძნობს და რაზეც დადის და გზაა ისიც,თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და რას ჩაიდენს ამ ასფალტზე სიარულისას.

Sunday, December 13, 2015

ბედისწერა

-ბატონო ოთარ, ბატონო ოთარ, წნევა ეცემა, ბატონო ოთარ, მას ვკარგავთ,ბატონო ოთარ...
  ბაგ-ბუგ-ბაგ-ბუგ... სიცხე,მხურვალება, თითქოს მთელი სხეული ცეცხლს მისცემია, კანისგან გამოყოფილი თითოეული წვეთი საგრძნობია, სუნთქვა... ბურუსი, შორეული ძახილი და თითოეული ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვის შეგრძნება, მაგრამ ჟანგბადი მაინც არ აღწევს ფილტვებს, მაინც ედება გონებას უხილავი ბურუსი, მაინც ეცემა დამბლა ხელებს, ცრემლი სახეზე ჩამომავალ წვეთს ერწყმის და ჰაერში არეულ სისხლისა და ოფლის სუნს ერევა.
-ბატონო ოთარ, გამოფხილდით,ბატონო ოთარ- ბიძგი-ბატონო ოთარ!- სისხლი, სილის გაწნისგან სახეზე შერჩენილი სისხლი.-გთხოვთ-სხვის სახეზე დანახული ცრემლი, ტკივილი, ტანჯვა და მაინც ბურუსი და მაინც ნისლი, ბაგ-ბუგ-ბაგ-ბუგ. წწწწწწწწწწ.... წამიერი სიბნელე, თვალის დახამხამება, მონიტორზე გამოსახული ციფრები, 40-37-33-28...
   ერთი კვირით ადრე.
 კარზე კაკუნი გაისმა, კარებიც გაიღო და ოთახში ქალმა შემოიხედა.
-შეიძლება?
-დიახ, შემობრძანდით-უპასუხა ექიმმა. ქალი კაბინეტში შევიდა, მას მცირე ასაკის ბავშვი და კაციც შეჰყვნენ. ექიმმა გაიღიმა, საშუალო ასაკის, 57 წლის კაცი მსუქანი კაცი გახლდათ,გაჭაღარავებულიყო და თმაც გასცვენოდა, გრძელი, კეხიანი ცხვირი და ყავისფერი თვალები ჰქონდა, სათვალეს ატარებდა, ნაოჭები ოდნავ დასტყობოდა, ისიც იმიტომ, რომ პატარა ბიჭს უღიმოდა.
-ლუკა, როგორ ხარ?-ბავშვს ჰკითხა ექიმმა.
-კარგად-უპასუხა ბიჭმა,, რომელიც მამის გვერდით უხერხულად, შეშინებული იდგა.
-რა იყო, ხომ არ გეშინია?-ბავშვი დუმდა, თავი დაბლა დახარა.
-ცოტა გვეშინია-მხნეობა შეინარჩუნა და თქვა დედამ.
-ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი ხომ გჯერა?-ბავშვმა თავი დააქნია.
-აი, ანალიზების პასუხები მოვიტანეთ-ქალმა ექიმს ფურცლები მიაწოდა.
-ჰოო, აბა მანახე-თქვა და სამედიცინო დასკვნა აიღო, ბ-ოთარი კითხვისას მოწონების ნიშნად თავს აქნევდა-მჰ,კი, ყველაფერი წესრიგშია, დონორიც გამოჩნდა უკვე.
-მართლა? რა კარგია!- მშობლებს სახეზე სიხარული აღებეჭდათ.
-დიახ, ასეა, მხოლოდ ოპერაციის დანიშვნის თარიღი დაგვრჩა განსახილველი.- კაცი ჩაფიქრდა, თითებით სათვალე გაისწორა და კედელზე ჩამოკიდულ კალენდარს მიაცქერდა- სამშაბათზე რას იტყვით?
-კი, ჩვენ თანახმანი ვართ-თქვა ქალმა და მეუღლეს შეხედა, კაცმაც თავი დააქნია.
-მაშინ გადაწყდა, სამშაბათიდან ახალი თირკმელი გექნება- ოთარიმ ბავშვს მიუგო, ბიჭმაც გაიღიმა.
-აი, თანხაზე რომ ვისაუბროთ-თქვა ლუკას მამამ.
-თქვენ დაზღვეულები ხართ, ხომ?
-დიახ, მაგრამ მთლიან თანხას ალბათ არ დაფარავენ.
-ჰო, არა მგონია მთლიანი თანხა დაფარონ,მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროშიც შეიტანეთ მაინც განაცხადი,ვნახოთ რა იქნება, წესით უნდა დაგაფინანსონ, მე ნამდვილად ვერ გეტყვით რა როგორ დაჯდება, ეს თვითონ სადაზღვევოში უნდა გაარკვივოთ და მერე ჩვენთან ბუღალტერიაში.
-კარგი,გასაგებია,მაშინ ჩვენ წავალთ.
-კარგი, სამსაბათს დილის 8-ზე გელოდებით, არა მგონია მანამდე რამე გართულება იყოს,მაგრამ თუ რამე მოხდა ან მაღალი სიცხე ექნება ან რამე ამის მსგავსი მაშინვე დამირეკეთ ან სასწრაფო გამოიძახეთ.
-კარგი,ნახვამდის.
-ნახვამდის, აბა, თავს მიხედე, ლუკა, შენ ხომ ვაჟკაცი ბიჭი ხარ.-ბავშვმა ისევ გაიღიმა და კაბინეტიდან მშობლებთან ერთად გავიდა.
   დრო მართლაც რომ სწრაფად გადის, სამშაბათი ძალიან ადრე მოვიდა, მეტისმეტად ადრეც... ამბობენ ყველაფრის აღწერა მხოლოდ ბრძენთ შეუძლიათო, მაგრამ მე არც ბრძენი ვარ და ვერც ბრძენი ვერ აღწერს იმას, თუ რას გრძნობდა პატარა ლუკა საავადმყოფოში მიმავალი და შემდეგ უკვე საოპერაციოში გადაყვანილი. თითქოს სიმამაცე ეტყობოდა, ყველაფერს აკეთებდა,რასაც ექიმი და ექთნები ეუბნებოდნენ. სანამ პალატაში იწვა გვერდით დედ-მამა ედგა, ქალი საწოლზე ჩამომჯდარიყო, შვილის ხელი ეჭირა, აიღო და მას აკოცა, მერე შუბლზე გადაუსვა ხელი და გაუღიმა, დედას ბავშვმაც ღიმილითვე უპასუხა.
-ხომ არ ნერვიულობ?
-ცოტას-მიუგო ლუკამ, ცდილობდა მის ხმას ღელვა არ დასტყობოდა.
-ყველაფერი კარგად იქნება.
-ვიცი. - ქალმა ჩაისუნთქა, დამშვიდებას ცდილობდა, არ უნდოდა შვილის თვალწინ ატირებულიყო. დედა მეტ გამძლეობას იჩენდა ვიდრე მამა.
-ერთი წუთით გავალ-თქვა კაცმა და პალატიდან გავიდა, კედელს მიეყრდნო, ღრმად ამოისუნთქა, ხელი სახესთან მიიტანა, თითქოს ყელში ბურთი გასჩხეროდა, თითქოს სხეული იმას განიცდიდა რასაც სული გრძნობდა, იცოდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ მაინც ეშინოდა იმის,რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ლოცვა დაიწყო, გთხოვ ღმერთო, არ დაუშვა ჩემს შვილს რამე მოუვიდეს, გთხოვ უფალო- თავს იმით იმშვიდებდა,რომ ოთარი ექიმს ასეთი 17 ოპერაცია გაეკეთებინა და ყველა წარმატებით დასრულებულიყო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ექიმი გახლდათ თბილისში.კაცს მთელი სიმძიმით აწვებოდა რაღაც,მაგრამ რა არ იცოდა, თავადაც ვერ უძებნიდა ამ გრძნობას სახელს, თითქოს საცაა თვალები დაებინდება და ნიაღვარივით იხეთქებს გრძნობებისა და წყლის ნარევიო, მაგრამ თავს იკავებდა, კაცი იყო, თავის ცოლს სჭირდებოდა თავისზე მეტად გვერდში დგომა და გამხნევება, ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა. - გთხოვ ღმერთო, თქვა და ისევ პალატაში დაბრუნდა.
  შვილს გაუღიმა და მასთან მივიდა, მამას პატარა ლუკაც უღიმოდა. ხელი თავზე დაადო და თმა ოდნავ აუჩეჩა.
-ჩემი მამაცი ბიჭი, ხომ იცი,რომ ყველაზე ძლიერი ხარ-ბავშვმა თავი დააქნია-მიდი,ხელი ჩაარტყი- ლუკამ მამის ხელს ძლიერად დაარტყა- ყოჩაღ!-თქვა აღტაცებულმა და გაოცებულმა. ბავშვმა გულიანად გაიღიმა, თავისი  კბილებიც კი გამოაჩინა და ლოყებთან წყვილი რკალებიც გაუჩნდა, მამის შექება და თბილი სიტყვები ყოველთვის უხაროდა. სამივე ჩუმად იყო, ხმის ამოღება და რამის თქმა ყველას უჭირდა.
-მა,-თქვა ლუკამ.
-გისმენ,მამი.
-შეგიძლია ის ამბავი მომიყვე?
-რომელი, მამი?
-აი, სამ ჯარისკაცზე რომაა.
-ახლავე,მამი, ჯარში როცა ვიყავი,მამი, ორი ბიჭი გავიცანი, გოჩა და ირაკლი, ერთხელ საღამოს დიდ მუხასთან ვისხედით და უცებ ბუჩქებში რაღაც ამოძრავდა...
-ხომ შეგეშინდათ?
-კი,მამი,ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ ვიცი შენ რომ ყოფილიყავი არ შეგეშინდებოდა, ხომ არ შეგეშინდებოდა,მამი?-ბავშვმა თავი გააქნია.
-ჰოდა, ვსხედვართ და...
 პალატაში ექთანი შემოვიდა.
-დროა, საოპერაციოში უნდა წავიყვანოთ-თქვა ქალმა.
-რომ გამოვალ,მერე ხომ დაამთავრებ?-ლუკამ მამას ჰკითხა.
-რა თქმა უნდა, აუცილებლად დავამთავრებ,მამი, გპირდები-კაცმა შვილს შუბლზე აკოცა, ვაჟს დედამაც მიუალერსა.
-აბა შენ იცი-უთხრა და ექთნებს გააყოლა, ორივენი თვალმოუშორებლივ უცქერდნენ საოპერაციოსკენ მიმავალ შვილს მანამ, სანამ იგი კარებებს მიღმა არ გაუჩინარდა, აი მაშინ კი, მაშინ უკვე თავის შეკავება საჭირო აღარ იყო, ქმარი აქვითინებულ ცოლს მოეხვია.
-ყველაფერი კარგად იქნება, მას ღმერთი არ გაწირავს- ქალს ამხნევედა კაცი, რომელმაც თვალს მორეული ცრემლი სწრაფად და ჩუმად მოიწმინდადა მეუღლე კიდევ უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში.
-აბა, თავს როგორ გრძნობ, ვაჟკაც?- ოთარიმ ლუკას ჰკითხა.
-კარგად-გაბედულად უპასუხა ბავშვმა.
-ახლა, ცხვირზე რაღაცას გაგიკეთებთ, მარწყვი გიყვარს?
-კი.
-ჰოდა მარწყვის სურნელს იგრძნობ, როცა გაიღვიძებ ყველაფერი მორჩენილი იქნება და მერე, დიდი კაცი რომ გამოხვალ და ცოლს რომ მოიყვან აღარაფერი გემახსოვრება, მზად ხარ?-ბავშვმა თავი დააქნია. ექიმმა ექთანს ანიშნა, ქალმა ლუკას ცხვირთან სასუნთქი აპარატი მოუტანა და ბავშვიც საოცარ სურნელში ჩაიძირა, დაძინება არ უნდოდა, მაგრამ ჯადოსნური სურნელის წინაშე ვეღარაფერს გახდა...
  საოპერაციოში ოთხი პიროვნება იმყოფებოდა. ექიმი, ასისტენტი და ორი კურსანტი,რომლებიც ოთარის შესაბამისი ხელსაწყოების მიწოდებაში ეხმარებოდნენ. კაცმა ღრმად ჩაისუნთქა.
-კარგი,საქმეს შევუდგეთ,მზადაა?-ჰკითხა ექთანს, ქალმა თავი დაუქნია და ექიმმაც სკალპელი მოიმარჯვა... წამები მიიზლაზნებოდა, დრო ნამდვილად დასცინის ადამიანებს, მასზე ცინიკოსი არავინაა, მაგრამ ვერც გაამტყუნებ, მისი შემჩერებელიც ხომ არავინ არსებობს...
   მონიტორზე რაღაც შეიცვალა, რიცხვები, მათ კლება დაიწყეს, ეს პირველმა ექთანმა შეამჩნია.
-ბატონო ოთარ, ბატონო ოთარ, წნევა ეცემა, ბატონო ოთარ, მას ვკარგავთ,ბატონო ოთარ...-ყველაფერი წამებში ხდებოდა, კაცმაც შეხედა მონიტორს, რწმენა დაეკარგა.
-არა, არა-ფიქრობდა გულში,მაგრამ ხმის ამოღება არ შეეძლო, ხელებსაც ვეღარ იმორჩილებდა, გულის ცემის ხმა ესმოდა, სახეზე ჩამოსულ ოფლის წვეთსაც გრძნობდა, ყურებში წრიპინი ჩაესმოდა, სუნთქა გაუხშირდა, თითქოს ვეღარც სუნთქავდა, უხილავი ძალა დაჰბატონებოდა, უხილავი ბურუსი ჩამოჰფაროდა გონებაზე.
 -რამე უნდა ვქნათ, ბავშვი დაიღუპება!-იყვირა კურსანტმა.
-ბატონო ოთარ, გამოფხილდით,ბატონო ოთარ!-ექთანმა კაცს ძლიერად დაარტყა-ბატონო ოთარ!- ახლა სახეში გაარტყა ხელი, კაცს ლოყაზე სისხლი მოეცხო.-გთხოვთ, გამოფხიზლდით...-ისიც ტიროდა, სახეზე ტანჯვა და ტკივილი აღბეჭვდოდა. ექიმი ისევ გაუკვერვლობაში იმყოფებოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, თავის მთელ კარიერაში ასეთი რამ არ მომხდარა, თავის თავში იმდენად იყო დარწმუნებული, იმდენად ჯეროდა,რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, სუნთქვის დარეგულირება სცადა,  წამიერად თვალები დახუჭა, მონიტორს შეხედა. 40-37-33-28... შორიდან ხმა მოესმა,მაგრამ ვერ გაარჩია ვისი იყო.
-რაღაც უნდა ვცადოთ,-იგრძნო ვიღაც როგორ დაეჯახა და უკან ჩააჩოჩა, სისხლიან ხელებს და მასში დაჭერილ ხელსაწყოს დააცქერდა. ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა, თითქოს ბურუსი ისევ გაიფანტა.
-მიმიშვით!-თქვა უცებ და მომაკვდავ ბავშვს მივარდა.- ნესმისა და წამლის მოტანა ბრძანა,კურსანტებმა ის მაშინვე მიაწოდეს, კაცმაც არ დააყოვნა და წამალი ბავშვის ორგანიზმში შეუშვა-მიდი,მიდი ლუკა,გთხოვ, არ მოკვდე,გთხოვ,შვილო.-თვალები აცრემლიანებოდა, კვლავ მონიტორს უცქერდა-21-19-18-19-20-17-16
-არა, არა-გაოგნებული თავს აქნევდა,მაგრამ რიცხვები ისევ იკლებდნენ-დეფიბრილატორი,ჩქარა!-იყვირა და ექთანი მაშინვე მის მოსატანად გაიქცა,-13,11,9,6,4,3-ოთარიმ ხელსაწყოს ხელი დასტაცა და იგი ლუკას მკერდზე დაადო - ერთი,ორი-იყვირა მან და ბავშის გულ-მკერდი ამოზიდა. მონიტორის შესახედად თავი რომ ასწია ატირებული კურსანტი დაინახა, პირზე ხელი აეფარებინა და ჩუმად ქვითინებდა, ექიმმა თავს სძლია და ეკრანს მაინც შეხედა-0-მონიტორი მხოლოდ სწორ ხაზს აჩვენებდა.
-არა, არა-უფრო ძლიერად ამოქაჩა ლუკას გულ-მკერდი, ერთხელ,ორჯერ,სამჯერ,ოთხჯერ,ხუთჯერ...
-გაჩერდით,-აკანკალებული ხმით უთხრა ექთანმა, ოთარი ისევ აგრძელებდა-გაჩერდით, აზრი არ აქვს, ის... ის გარდაიცვალა...-ეს თავად ექიმმაც იცოდა,მაგრამ ამ ფაქტის აღიარება არ შეეძლო,ამას ვერ დაჯერებდა.
-არა,-ძლიერ ატირდა, უკან ნაბიჯი გადადგა, მუხლები მოეკვეთა, კედელს მიეყრდნო და ჩაიკეცა. თავი ხელებში ჩარგო,ძლიერ ტიროდა, სინანული, იმედგაცრუება, თვითგვემა, მწუხარება, ტკივილი, ყველაფერი ერთად მოსწოლოდა, ხელებს დახედა, მთელი სხეულით ცახცახებდა და რა გასაკვირი იყო ხელებიც რომ უკანკალებდა გაუჩერებლად, კარის გაღების ხმა გაიგონა,მაგრამ არაფერი ადარდებდა, მხოლოდ პატარა ბიჭზე ფიქრობდა, ბავშვზე,რომელიც ერთი კვირის წინ ნაზად უღიმოდა, შეშინებული მხნეობას იჩენდა, კაბინეტში შემოსულს ხელი მამაზე ჩაეჭიდა, ერთხელ დერეფანში ისიც კი ნახა დედა ლუკას როგორ ეხუტებოდა და მამა სევდიანი თვალებით როგორ უმზერდა, ბავშვი კი მათ ეუბნებოდა გამივლის,კარგად ვიქნები და ბედნიერად ვიცხოვრებთო, დედამ უთხრა, ლუკას დედამ უთხრა ჰო,ჩემო კარგო, დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთო, ახლა კი... ის აღარ იყო, ლუკა აღარ იყო, ოთარის რომ მოესწრო... რომ არ ეყოყმანა, დროზე რომ გამოფხიზლებულიყო, ახლა ის აქ იქნებოდა, ლუკა ისევ გაიღიმებდა... ისევ მოისმენდა მამის ახალგაზრდობის ამბავს,რომლის მოსმენაც ასე სწადდა. ის კი აქ აღარ იყო, ოთარიმ კიდევ ერთხელ შეხედა ბავშვის უცოდველ სახეს, თითქოს სძინავსო,მაგრამ... ეს სხვა ძილი იყო, ლუკას იმ ძილით ეძინა,რომელითაც ჯერ არ უნდა დასძინებოდა, რომელიც მისთვის კიდევ დიდი ხანი არ უნდა დამდგარიყო.
  ექიმმა შეხება იგრძნო, ექთანმა მხარზე ხელი დაადო, კაცს ამღვრეულ თვალებში ჩახედა, სიტყვებიც კი ზედმეტი იყო, ორივე ერთსა და იმავეს გრძნობდა, მაგრამ წუხილთან ერთად ოთარის კიდევ ბევრი რამ ტანჯავდა.
-მშობლებს მე ვეტყვი-უთხრა ექთანმა და საოპერაციოდან გავიდა. კაცი ძლივსძლივობით წამოდგა, ლუკასთან მივიდა, ახლა ის და ბიჭი ერთად იყვნენ,მარტონი, სრულიად მარტონი, მხოლოდ ცივი სიკვდილი სუფევდა მათ შორის. ოთარი ლუკას დასცქეროდა, ცრემლები კვლავაც სდიოდნენ სახეზე, ხელთათმანები გაიხადა, თეთრი ზეწარი აიღო, ბავშვს ტანჯული მზერით ისევ დახედა და ზეწარი გადააფარა. კიდევ ცოტა ხანს დაყო საოპერაციოში, შემდეგ კი დამძიმებული გამოვიდა იქიდან, გამოსვლისას უკან მიიხედა, საოპერაციო მაგიდაზე დასვენებულ სხეულს მწუხარებითა და სინანულით აღვსილმა შეხედა და ზღურბლს გადმოაბიჯა. შორიდან დაინახა ექთანი ლუკას მშობლებს რომ ესაუბრებოდა, სიტყვები არ გაუგია,მაგრამ მათი გაგება არც იყო საჭირო, ადამიანების სახე და გამომეტყველება მეტყველებდა ყველაფერს, იმაზე მეტსაც,რაც სათქმელი იყო. დაინახა ლუკას დედა როგორ გაფითრდა, როგორ აცახცახდა მთელი სხეულით, როგორ ატირდა, როგორ დავარდა ძირს და როგორ მოეხვია მას მეუღლე, ორივე ტიროდა. ოთარიმ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და თავი დახარა, ერთხელ კიდევ შეხედა გაუბედურებულ ოჯახს, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, უნებურად ზემოთ აიხედა და კიდევ უფრო დამწუხრებული გაუყვა გზას,რომლის დასასრულიც არავინ იცოდა,მხოლოდ ღმერთი თუ ეჭვობდა რაიმეს.