ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, April 7, 2015

ნეტავი, არის კი რეალობა ?

  1920-იანი წლები...არ ვიცი მათ თქვენთვის როგორი დატვირთვა,მოგონებები აქვთ.ალბათ ბევრი თქვენგანი ამ დროს არც მოსწრებია,თუ ასეა ძალიან გაგმართლებიათ,განსაკუთრებით მაშინ თუ გერმანელი არ ხართ. 1920-იანი წლები გერმანელებისთვის საშინელი წლები იყო, ეს ის დროა,როცა ამერიკული დოლარი 4 ტრილიონ გერმანულ მარკას გაუტოლდა და ეს სულ რაღაც 9 წელიწადში მოხდა.მაშინ მძიმე დრო იყო.ხალხი ფულს გასათბობად წვავდა. დღეში ხელფასს ორჯერ მიხდიდნენ 50 მილიონი მარკის სახით,მაგრამ არც ის უნდა გამოგვრჩეს,რომ პროდუქტები, თუნდაც ერთი თავი ხახვიც 50 მილიონი ღირდა. აი ასეთი ყოფა იყო გერმანიაში 1920-იან წლებში. მეც ისევე,როგორც ბევრი გერმანელი ტყავის გადამამუშავებელ ქარხანაში ვმუშაობდი,დილიდან საღამომდე მცირეოდენი შესვენებით. დილით სახლიდან 7-ზე გავდიოდი ხოლმე. ამ დროს გარეთ ბევრი ხალხი ირეოდა,ბევრი უცნობი მხვდებოდა,ბევრიც ნაცნობი.თუმცაღა ერთ უცნობ ბიჭს ყოველ დილით ვხედავდი,მაშინ როცა სამსახურში მივდიოდი.იგი მუდამ მარტო იყო და იმ ადგილისკენ მიდიოდა,სადაც დიდი ხანი ფეხი არავის დაედგა. ქარხნიდან რამოდენიმე კილომეტრში დიდი გორა იყო,რომელზედაც ერთი დანგრეული ეკლესია და გადამწვარი,გაპარტახებული მინდვრების გარდა არაფერი იყო. სწორედ იქითკენ მიდიოდა ბიჭი.მას მუდამ ჭრელი პერანგი,ყავისფერი შარვალი და შავი ფეხსაცმელები ეცვა,თავზე კი გაცრეცილი ქუდი წამოეგდო და ასე თავჩაქინდრული მიუყვებოდა გზას. ამბავს,რომელსაც ახლა მოგიყვებით ალბათ არ დაიჯერებთ,შეიძლება დაიჯეროთ კიდევაც,მაგრამ ეს მართლა მოხდა. პირადად მე არაფერი დამინახავს და არ გამიგონია,დედაბრის შესახებ სწორედ ამ უცნობმა ბიჭმა მიამბო და მეც,როგორც კაცმა,რომელსაც წერა უყვარდა მონათხრობი გავაანალიზე,დედაბრის აღწერილობა ფურცელზე გადმოვიტანე და ჩვენი საუბარი დიალოგის სახით დავწერე. შემდეგ ჩემი პატარა მოთხრობა ბიჭს წავაკითხე,რომელმაც მოწონების ნიშნად თავი დამიქნია და მითხრა- ყველაფერი ზუსტად ასე იყოო.ალბათ გაინტერესებთ თუ როგორ გავიცანი ჩემი პატარა მეგობარი. აი ყველაფერი ასე მოხდა...
  1924 წლის ნოემბერი იყო,ზუსტი დღე სამწუხაროდ აღარ მახსოვს. არც ის მახსოვს იმ დღეს რომელი დღესასწაული იყო,მაგრამ მახსოვს,რომ რაღაც დღესასწაულის გამო ვისვენებდით. ჰო,მანამდე ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ თუ აღარაფერი აღარ გახსოვს და ასეთი გადაყრუებული,სკლეროზიანი ბებერი ხარ როგორ გახსოვს 1924 წელს რა მოხდაო? ამაზეც გიპასუხებთ.რამოდენიმე დღის უკან ჩემი გარდაცვლილი მეუღლის დაბადების დღე იყო,სევდა და ნოსტალგია შემომაწვა და ძველი ნივთების გადათვალიერება მომინდა,სწორედ იქ აღმოვაჩინე ჩემი ძველი მოთხრობა და მან გამახსენა ეს ყოველივე,აბა მართლაც 96 წლის კაცს ეს ყველაფერი როგორ უნდა მახსოვდეს,მადლობა ღმერთს წერაც არ დამვიწყებია და ხელებზე დამბლა არ დამცემია...როგორც ვთქვი 1924 წელი იყო,მაშინ მე 40 წლის ვიყავი(ეს კი ზუსტად მახსოვს) და დასვენების დღე იყო. უნდა გამოგიტყდეთ,რომ საკმაოდ ცნობისმოყვარე კაცი ვარ. ჰოდა რომ ამბობენ ცნობისმოყვარე ადამიანები მალე კვდებიანო ეგ ტყუილია,რადგან  მე 96 წელს მივაღწიე.ჩემი ინტერესების დასაკმაყოფილებლად იმ დღეს ქარხანასთან მაინც მივედი. არც შევმცდარვარ.უცნობი ბიჭი ისევ გამოჩნდა. ის თავის ჩვეულ გზას მიუყვებოდა.მე მას ჩუმად გავყევი.იგი დიდ გორასთან მივიდა,რომელზედაც ეკლესიის ნანგრევები კვლავაც ჩანდა. მე მას შორიდან ვუყურებდი.ეკლესიის წინ პატარა სასაფლაო მდებარეობდა,თუმცაღა ისიც განადგურებულიყო,საფლავის ქვები ამოყირავებულიყო,ზოგიც ჩამოშლილიყო და ზოგსაც წარწერები გადაშლოდა.ბიჭი ერთ-ერთ საფლავთან დაჯდა,მე კი ეკლესიას ამოვეფარე.უცებ მან ლაპარაკი დაიწყო.
-დღეს ერთი წელი გავიდა-თქვა მან-...დიახ,ის ნამდვილად გმირი იყო...კიდევ ვერ იპოვნეთ?...იმედი მაქვს მას ოდესმე აუცილებლად იპოვნით.
 მე ბიჭისკენ დავიძერი.მან ნაბიჯების ხმა გაიგო,შეკრთა და ჩემსკენ შემობრუნდა.იგი უხმოდ მიყურებდა.
-გამარჯობა-ვუთხარი მე.
-გამარჯობა-დაეჭვებით მიპასუხა ბიჭმა.
-რა გქვია?
-კარლი.
-სასიამოვნოა კარლ,მე ალფრედი ვარ. აქ რას აკეთებ?
-ჩემს მეგობართან მოვედი.
-მეგობართან? და სად არის ეგ მეგობარი?
-ვერ ხედავთ?აი იქ დგას-ბიჭმა თითით მიმანიშნა,მაგრამ გამხმარი ხის გარდა ვერაფერი დავინახე.
-აქ არავინ არ არის,კარლ-ვთქვი გაკვირვებულმა.
-როგორ არა,აი აქ,ჩემს წინ დგას.თქვენ დეიდა ანეტას ვერ ხედავთ?
-ვერა კარლ, ვერ ვხედავ.
ბიჭის ყურადღება უეცრად რაღაცამ მიიპყრო.
-მან მითხრა,რომ მას მხოლოდ მე ვხედავ და სხვა ვერავინ შეამჩნევს.აი მისი საფლავი-ბიჭმა საფლავისკენ მიმითითა. მე ქვას დავხედე, მასზე მართლაც იკითხებოდა ანეტა,ხოლო გვარი კი გადაშლილი იყო.
-და როგორია შენი მეგობარი, კარლ?
-მოხუცია,შავები აცვია,თეთრი თმები აქვს,რომლებიც შავ თავსაბურავში აქვს შემალული,ძალიან კეთილია.
-მასზე მომიყვები?
ბიჭმა სივრცეში გაიხედა.
-უნდა,რომ თქვენზე მოვუყვე,შეიძლება?
-მითხრა,რომ შეიძლება-მითხრა კარლიმ.
-წამოდი გავისეირნოთ და თან შენს მეგობარზე მიამბე.
-ნახვამდის-უთხრა კარლიმ მის გარდაცვლილ მეგობარს-ხვალ ისევ მოვალ.
 ბიჭმა გაიღიმა,მოხუცს ხელი დაუქნია და ჩემთან ერთად გორას დაუყვა.
-როდის გაიცანი შენი მეგობარი?
-ერთი წლის წინათ ჩემს სახლში ხანძარი იყო.ჩემი და-ძმები დაიღუპნენ.მე ერთმა ბიჭმა გადამარჩინა და გამომიყვანა,შემდეგ დანარჩენების საშველად შებრუნდა,მაგრამ სახლი ჩამოინგრა და ვეღარავინ გამოაღწია-თქვა ცრემლმორეულმა ბიჭმა.მე ძალიან დავიბენი,არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-ძალიან ვწუხვარ.-კარლიმ გაიღიმა.
-დედა და მამა გადარჩნენ,ისინი სტუმრად იყვნენ წასულნი. ხანძრიდან რამოდენიმე ღამეში ანეტა დამესიზმრა.მეუბნებოდა დამეხმარეო,მერე მითხრა სადაც შეიძლებოდა მისი ნახვა და მეც გორაზე წავედი.იქ ის მართლაც ვნახე და იმის მერე ყოველ დილით ვაკითხავ.
-რატომ გამოგეცხადა?
-იმიტომ,რომ მისმა შვილმა მე გადამარჩინა,ის ნამდვილი გმირი იყო.
ადგილზე გავშეშდი. ეს ბიჭი ისე გულწრფელად ყვებოდა,რომ შეუძლებელი იყო მისთვის არ დაგეჯერებინა.
-მერე რა მოხდა,კარლ?
-მისი შვილი ხანძრამდე ყოველდღე აკითხავდა დედამისს,ახლა კი ის აქ აღარაა. ანეტა მას დაეძებს,მაგრამ ჯერ ვერ უპოვნია.სანამ ის თავის შვილს იპოვნის მასთან მის ნაცვლად მე მივდივარ,რომ მარტო არ იყოს. ვგრძნობ,რომ ეს სავალდებულოა,გული მისკენ მიმიწევს,თითქოს ჩემი გადამრჩენლის რაღაც ნაწილი ჩემში გადმოვიდა.
-სადამდე ივლი მასთან?
-სანამ თავის ვაჟს არ იპოვნის.
-და როგორ გგონია,ოდესმე იპოვნის მას?
-აუცილებლად,მას აუცილებლად იპოვნის-თქვა ბიჭმა და გზას გახედა.
-უნდა წავიდე,ჯერ არ მისაუზმია და დედა მეჩხუბება.
-ნახვამდის, კარლ.
-ნახვამდის,იმედია კიდევ შევხვდებით-მან ხელი ჩამომართვა და სახლისკენ გაიქცა.
   იმის შემდეგ 7 წლის განმავლობაში ყოველდილით მხვდებოდა კარლი,რომელიც მუდამ თბილად მესალმებოდა და ანეტას ამბებს მიყვებოდა. ბოლოს მე და ჩემი მეუღლე სხვა ქალაქში გადავედით,ასე რომ არ ვიცი იპოვნა ანეტამ თავისი ვაჟი თუ არა,არც ის ვიცი თუ რა ბედი ეწია პატარა კარლის...
  ბიჭის გაცნობიდან რამოდენიმე დღეში მისი ოჯახის ამბავი გადავამოწმე. მართლა დამწვარა მისი სახლი და მისი და-ძმები მართლაც დაღუპულან.თავად პატარა კარლი კი ერთ ახალგაზრდას გადაურჩენია,რომელიც სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულა,ხოლო მას კი მართლაც ჰყოლია გარდაცვლილი დედა,რომელსაც ანეტა ერქვა.ალბათ მკითხავთ და მაინც ამას რატომ წერო,პასუხი ძალიან სასაცილოა. იმიტომ,რომ სხვა საქმე არ მაქვს,გაგეცინათ არა? ახლა მეც მეცინება,მაშინ კი ამის მართლა მჯეროდა. მას შემდეგ კი რაც ჩემი საყვარელი ადამიანები დავკარგე ამ ყველაფრის აღარ მჯერა,უკვე აღარ... 


                                                                                                             1980წ.

No comments:

Post a Comment