1970 წლის
მაისის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ქალაქ ხონში გაზეთის „კომუნიზმის გზით“
რედაქციაში ხალხი ირეოდა. ერთ–ერთ მაგიდასთან ახალგაზრდა, 27 წლის კაცი იჯდა. მას
შავი თმები და სანდომიანი გამომეტყველება ჰქონდა, პროფესიით ჟურნალისტი გაზეთში
ლიტერატურულ მუშაკად მუშაობდა. შუადღით რედაქციაში ახალგაზრდა, 23 წლის გოგონა
შევიდა. ულამაზესმა გოგონამ ლიტერატურული მუშაკის ყურადღება მაშინვე მიიპყრო.
ქალიშვილი სწორედ ამ კაცთან მივიდა.
– გამარჯობა – მან კაცს მიმართა.
– გაგიმარჯოთ.
– თანამშრომელი დაგვეღუპა და თანამშრომლებს გვინდა გაზეთში
გამოსამშვიდობებელი წერილი გამოვაქვეყნოთ.
– დიახ, ეს შესაძლებელია. ოღონდ ჯერ ფოსტაში უნდა მიბრძანდეთ, 15
მანეთია გადასახდელი. მერე ჩეკი მე უნდა მომიტანოთ და წერილს გამოგიქვეყნებთ.
– კარგი – გოგონამ კაცს გაუღიმა. მას გასაოცრად მომაჯადოებელი ღიმილი
ჰქონდა. მისი სილამაზე არ კმაროდა, კაცი მისმა ამ ღიმილმა საბოლოოდ მონუსხა.
– უკაცრავად, რა გქვიათ ?– კაცმა ქალიშვილს ჰკითხა, როცა მან წასვლა
დააპირა.
– მცინარა გახოკიძე – მიუგო გოგონამ.
– სასიამოვნოა, მე ჯემალ გორდულაძე ვარ.
ქალიშვილმა კაცს კიდევ ერთხელ გაუღიმა და რედაქციიდან გავიდა. ჯემალი
ისევ ფიქრობდა გოგონაზე, რომელსაც თმა მოკლედ შეეჭრა და ტანი ჩითის ლამაზი კაბით
შეემოსა.
ჯემალიმ მცინარა გულიდან
ვერაფრით ვერ ამოიგდო. კაცმა თავის ნაცნობებში გოგონას შესახებ გაიკითხა და
გაარკვია,რომ ის კარგი ოჯახის შვილი იყო,თანაც გასათხოვარი. ჯემალი მოუთმენლად
ელოდა დღეს, როცა ის გოგონას კვლავ შეხვდებოდა.
ფოსტა რედაქციის
მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. ჯემალის ნაცნობმა, რომელმაც კაცს ქალიშვილის
შესახებ მოუყვა მცინარა ფანჯრიდან დაინახა.
მან მეგობარს გასძახა :
– ჯემალ, აქ მოდი !
ჯემალიც უმალ მას მიუახლოვდა.
– ნახე, აი იქ ის გოგოა, მცინარა.
ჯემალიმ მზერა მცინარას მიაპყრო.
– მიდი ჩადი, ერთი კარგად შეათვალიერე.
კაცს მეგობრის რჩევა ჭკუაში დაუჯდა. მან კიბეები ჩაირბინა და ფოსტაში
შევიდა. მცინარამ ახალგაზრდა კაცი მაშინვე შენიშნა, თუმცა მისთვის ყურადღება არ
მიუქცევია. გოგონა თავის რიგს ელოდა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ჯემალი ფოსტის თანამშრომელთან მივიდა და ტელეგრამის
ბლანკები გამოართვა. კაცი გამჭრიახი ჭკუით გამოირჩეოდა. ის სანამ ბლანკებს
მოითხოვდა მცინარას თვალს არ აშორებდა, უყურებდა და ტკბებოდა ქალიშვილის
სილამაზით. როცა ჯემალი ფოსტის შენობიდან გამოვიდა ბლანკები გადაყარა და
რედაქციაში დაბრუნდა.
მცინარაც არანაკლებ ეშმაკი
გოგონა იყო. ის კაცს ოინს მიუხვდა, თუმცა ამით ის კიდევ უფრო დააინტერესა ჯემალის
პიროვნებამ. ორიოდე დღის შემდეგ მცინარამ ჯემალის ჩეკი მიუტანა, თუმცა რედაქცია
მალევე დატოვა...
ქ. ხონში მორიგი წვიმიანი
დღე იყო. მცინარა გახოკიძე თავის მეგობართან, მაგული ლოჩოშვილთან ერთად თბილ შენობაში იმყოფებოდა. ისინი ერთხანს
თავიანთ საქმეზე საუბრობდნენ. შემდეგ მცინარამ ფანჯრიდან წვიმაში მიმავალი ჯემალი
დაინახა.
– აი ესაა, რომ გიყვებოდი – მან მეგობარს კაცზე მიუთითა.
– რას ერჩი ? მშვენიერი ბიჭია.
მცინარა ჯემალის ჩაცმულობას კარგად დაუკვირდა.კაცს თავისი შარვალი
წვიმისგან არ დასველების მიზნით ცოტათი აეკეცა. მას შიშველი კოჭები უჩანდა.
– კარგი ერთი, ვერ ხედავ მოკლე შარვალი აცვია !
– მერე რა, შარვალი კი დაგრძელდება– მეგობარს ენამოსწრებულად უპასუხა
მაგულიმ. ამასობაში ჯემალი წვიმაში გაუჩინარდა.
რამოდენიმე კვირის შემდეგ
მცინარამ ჯემალი თეატრში, მედიცინის დღეს ნახა. კაცი სიტყვით გამოდიოდა. ჯემალიმ
სიტყვა ზეპირად წარმოთქვა. გოგონა კაცმა ამით კიდევ უფრო მოხიბლა. მცინარას
გვერდით მისი განუყრელი მეგობარი – მაგული ლოჩოშვილი იჯდა.
– აი, ასეთი ტიპის კაცს კი გავყვები ცოლად. არც მაღალია, არც დაბალი ,
არც გამხდარი და არც მსუქანი – მცინარამ მეგობარს გადაუჩურჩულა – თან რა სიტყვა
წარმოთქვა.
– ეგ სამტრედიელია.
– რა იცი ?
– სამტრედიაში სადგურზე ვნახე. თანაც ბარგი ტვირთის გადამტანს
წააღებინა, უთუოდ სამტრედიელი იქნება.
"ბარგი სხვას წააღებინა ? ნეტავი რადიკულიტი ხომ არ აქვს ?"
– გაიფიქრა მცინარამ, მაგრამ მეგობრისთვის არაფერი არ უთქვამს.
ჯემალი მცინარას ამბავს
ყველას ეკითხებოდა. მალე ხმა გავრცელდა, რომ გოგი გორდულაძის ბიჭს შალვა გახოკიძის
ასული ჰყვარებია. ხმამ თავად ბატონ შალვამდეც მიაღწია. მას ეს ამბავი ძალზედ
გაეხარდა. შალვა და გოგი მეგობრობდნენ. მას ხშირად უნახავს გოგის მეუღლე
ტატიანა ბაზარში, რომელსაც გვერდს ჯემალი
უმშვენებდა და დედას ტვირთის წამოღებაში ეხმარებოდა. შალვა, როცა ჯემალის
დაინახავდა სულ ეფერებოდა, კაცს ბიჭი ძალიან მოსწონდა ანდა ჯემალი რა დასაწუნი
იყო. ის ძალზედ ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული, ზრდილობიანი და სიმპატიური ყმაწვილი
გახლდათ. შალვა მცინარას ხშირად უბრაზდებოდა, რადგან ის ყველა კაცს იწუნებდა,
ვისაც მისი გულის მოგება სურდა. მამა შვილს ხშირად ეკითხებოდა აბა ცოლად ვის უნდა
გაყვეო ? როცა შალვამ გაიგო, რომ გოგი გორდულაძის ბიჭს მისი ქალიშვილი მოსწონდა
სიხარულით ახტა, ტაში შემოკრა და დაიძახა:
– ეს ამბავი უნდა მოხდეს !
შალვა სახლში ნასვამი დაბრუნდა. მასსა და მის
ოჯახს ხის სახლი ჰქონდათ. გახარებული კაცი ცოლთან მივიდა და ახალი ამბავი
მოახსენა. ამბავმა ქალბატონი ვენერაც ძალიან გაახარა. ამ დროს ოთახში მცინარა შემოვიდა. მამამ
ქალიშვილი გადაკოცნა და ხმამაღლა თქვა :
– ამაზეც თუ უარს იტყვით, მეტი მე არ ვიცი ! – მცინარას მამის
ნათქვამზე ჩუმად ჩაეღიმა.
საახლობლო, სანათესავო და
სამეგობრო ამ უმშვენიერეს ადამიანებს ყველანაირად ხელს უწყობდა. მათმა საერთო
მეგობრებმა ისე მიახერხეს, რომ ისინი კინოში დაეპატიჟებინათ. ჯემალი ფილმის
სანახავად თავის მეგობართან ერთად მოვიდა. მცინარა კი თავის დედასა და მეგობართან
ერთად, რომელიც ჯემალის თანმხლებლის მეუღლე იყო. სატრფიალო წყვილი კინოში ერთ
რიგში, გვერდიგვერდ აღმოჩნდ . მცინარა თვალებს აქეთ–იქით აცეცებდა. მას არ უნდოდა,
რომ ისინი შეემჩნიათ,გოგონას არ სურდა ის უცხო მამაკაცის გვერდით ვინმეს დაენახა,
ვინმეს ვინც ოდესღაც გოგონასთვის თავის მოსაწონად მოსულიყო. თუმცა მცინარა ტყუილად
ღელავდა, ახალგაზრდები ვერავინ შენიშნა. ფილმის მსვლელობის დროს ჯემალიმ და
მცინარამ ცოტა ისაუბრეს და ერთმანეთს თავიანთ შესახებ მოუყვეს. შესაძლოა საღამო
ყოფილიყო რომანტიული, მაგრამ ფილმს რომანტიულს ნამდვილად ვერ დავარქმევდით. ის
ქვეწარმავლებზე – გველებზე იყო.
ახალგაზრდა წყვილმა
ერთმანეთი უკეთესად გაიცნო. ჯემალის მცინარა კიდევ უფრო შეუყვარდა, ქალიშვილსაც
ძალიან მოეწონა ყმაწვილი. ეს ამბავი ჯემალის მშობლებმაც შეიტყვეს. ახალი ამბით
ისინიც აღმრთოვანებულები იყვნენ, რადგან ოჯახი მეგობრობდა და პატივს სცემდა
მცინარას მამას – ბატონ შალვა გახოკიძეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად
მიდიოდა მცინარას დედა – ქალბატონი ვენერა მაინც ცდილობდა სილამაზით განთქმული
ქალიშვილისთვის ახალი მთხოვნელი გაეჩინა. მცინარას ერთხელ ქუჩაში მთავარი ექიმი
შეხვდა, რომელმაც მცინარას მამა–შვილი გააცნო. გოგონა მაშინვე მიხვდა რაშიც იყო
საქმე და მთხოვნელი მაშინვე მოიშორა. მცინარას დედა სახლში აღელვებული ელოდა. როცა
გოგონა სახლში დაბრუნდა ვენერამ მას მაშინვე ჰკითხა:
– რა მოხდა, ის ბიჭი მოგეწონა ?
– იმას მამამისი ჯობდა – მცინარამ დედას უპასუხა.
ვენერამ კი გაიღიმა და შვილს ტკბილად მიუგო:
– აწი არავინ აღარ მოგეწონება, შენ უკვე შენი გულის სწორი იპოვნე.
გოგონამ თავისთვის ჩუმად ჩაიღიმა, დედას აკოცა და თავის ოთახში
შევიდა.
ახალგაზრდა წყვილის შემდეგი
შეხვედრა თეატრში შედგა. სეანსი ნახევარი საათით გვიან დაიწყო. როცა ის დამთავრდა
ჯემალიმ მცინარას სახლში მიცილება გადაწყვიტა. ახალგაზრდა წყვილი ქუჩაში ნელი
ნაბიჯებით, აუღელვებლად მისეირნობდა, როცა მათ ჯემალის ბიძის პობედა წამოეწიათ.
მანქანაში ჯემალის დედა და ბიძა ისხდნენ. მათ ახალგაზრდები მანქანაში ჩაისვეს და
მცინარა სახლში მანქანით მიაცილეს. ამასობაში კი ბატონი შალვა ძალიან ნერვიულობდა.
აფორიაქებულმა კაცმა ცოლს ხმამაღლა მიმართა :
– ამდენი ხანი სად არიან? თეატრი უკვე ერთი საათის წინ უნდა დამთავრებულიყო!
– მერე მე რას მეჩხუბები ?! შენ აქა ხარ და მეც აქ ვარ. მე საიდან
უნდა ვიცოდე სად იქნებიან? ალბათ ახალგაზრდებს სეირნობა უნდათ. ცოტას
გაისეირნებდნენ. თან მცინარა უკვე დანიშნულია და დიდი ამბავი საქმროსთან ერთად თუ
გაისეირნა.
– რა ვიცი, რა ვიცი – ცოლს უთხრა შალვამ და კაცი სხვა ოთახში გავიდა.
ახალგაზრდებს მართლაც
უნდოდათ ერთად გასეირნება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა, მაგრამ მათ ამის საშუალება
არავინ მისცა. მალე მცინარას სახლთან პობედა გაჩერდა. მანქანიდან მცინარა ,
ჯემალი, ტატიანა და ჯემალის ბიძა – შალვა გადმოვიდნენ.
– ხომ გეუბნებოდი – ვენერამ ქმარს მიმართა.
ცოლ– ქმარი სტუმრებს
სიხარულით შეხვდა. ვენერამ მაშინვე ხაჭაპურები დააცხო. გორდულაძეების ოჯახი
სტუმრად საღამომდე დარჩა, შემდეგ კი გზას თავიანთი პობედათი გაუყვნენ.
ამ ამბის შემდეგ წყვილმა
მხოლოდ რამოდენიმეჯერ ისეირნა ერთად. ერთხელ, მათ გზაზე, როცა ჯემალი მცინარას
სახლამდე აცილებდა ბატონი შალვა წამოეწიათ. მან საკუთარი თვალით ნახა როგორ
უბრწყინავდათ თვალები ყმაწვილსა და ქალიშვილს როცა ერთმანეთს უმზერდნენ. როცა
შალვა და მცინარა სახლში მივიდნენ კაცმა მეუღლეს უთხრა, რომ უკვე საკითხის
გადაწყვეტის დრო იყო.
მათი ქორწილიც ძალიან მალე
გაიმართა. შალვამ ვენახი აჭრა და სეფა მის ქვეშ გაშალა. ქორწილშიც, ისევე როგორც
მათ განვლილ ცხოვრებაში უამრავი კურიოზი მოხდა. ერთ–ერთი ასეთი კურიოზი ხელის
მოწერას ეხებოდა. მცინარამ ხელი გაკვრით მოაწერა. მაჩის ბიუროს წარმომადგენელმა
პატარძალს შეხედა და უთხრა :
– ასე არ უნდა მოგეწერათ, ხელმოწერა გარკვევით უნდა იკითხებოდეს.
– მაპატიეთ, არ ვიცოდი. ასეთ რამეზე ხელს პირველად ვაწერ – მცინარამ
მაჩის ბიუროს წარმომადგენელს უპასუხა. ამაზე ყველამ სიცილი დაიწყო, გარდა
მცინარასი, რომელიც გაწითლდა და რომელმაც თავი ჩაღუნა. მათი ქორწილი
არაჩვეულებრივი გამოვიდა. მათ ჰქონდათ შესანიშნავი სიყვარულის ისტორია, რომელიც ამ
არაჩვეულებრივი ქორწილითა და ბედნიერი თანაცხოვრებით დაგვირგვინდა.
ჯემალისა და მცინარას ქორწილის სურათები :
ფოტოზე: ჯემალ გორდულაძე,მცინარა გახოკიძე,შალვა გახოკიძე.
ფოტოზე: შალვა ოსეფაშვილი,ჯემალ გორდულაძე,მცინარა გახოკიძე,მაგული ლოჩოშვილი.
ფოტოზე: შალვა ოსეფაშვილი,ჯემალ გორდულაძე,მცინარა გახოკიძე,მაგული ლოჩოშვილი.
ფოტოზე: შალვა ოსეფაშვილი,ჯემალ გორდულაძე,მცინარა გახოკიძე,მაგული ლოჩოშვილი.
No comments:
Post a Comment