ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, August 27, 2019

ცამეტი სიყვარულის ამბავი


   გაგიგონიათ, კაცს რომ ცამეტი ცოლი ჰყოლოდეს? ზოგისთვის შეიძლება ეს გმირობაც კია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს ერთი დიდი იდიოტიზმია და მეტი არაფერი. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი? ალბათ, ის, რომ ეს ცამეტივე ცოლი ერთ ოთახში, ერთ ჭერქვეშ შეიყაროს, დამიჯერეთ, ეს გაცილებით, გაცილებით უარესია.
  ჯუზეპეს ცამეტი ცოლი ჰყავდა, არა ერთად, არამედ სანამ მეცამეტეს მოიყვანდა, მანამ თორმეტჯერ განქორწინებულიყო, ქორწინებისა და განქორწინების აქტებს ისე აწერდა ხელს, როგორც ბანკის სტანდარტულ პირობებს სამომხმარებლო სესხის აღებისას. ეს ყველაფერი მისი ჰობი იყო? არა, უბრალოდ ძალიან მალე უყვარდებოდა ხოლმე, აი ასე, შეუყვარდებოდა ვიღაც მთელი გულით და იფიქრებდა, ესაა ის ერთიო და რამდენიმე დღის, თვისა თუ წლის შემდეგ მიხვდებოდა, რომ საბედისწერო მეშვიდე, მერვე ან მეცხრე შეცდომა დაუშვა, შეცდომების რაოდენობა ყოველ ქორწინება-განქორწინებასთან ერთად იზრდებოდა და მაინც, ჯუზეპე ყველაზე ბედნიერი კაცი იყო ამქვეყნად, ზოგი იტყვის, ცამეტჯერ თუ შეუყვარდა, ანუ ერთხელაც არ ჰყვარებია ნამდვილად და ამ კაცს სიყვარული არ ცოდნიაო, მაგრამ არა, ჯუზეპეს მართლა უყვარდებოდა და ამას ყოველი ქორწილის დროს საკურთხეველთან სიხარულისა და ბედნიერების ცრემლებით გაბრწყინებული თვალები ადასტურებდა. ის სიყვარულის კლეპტომანიით იყო შეპყრობილი; მაგრამ განა ყველა ცოლი ერთნაირად უყვარდა? არა, ეს რომ გეკითხათ, დაფიქრდებოდა, თვალებს მოჭუტავდა და ჩუმად ჩაიღიმებდა ხოლმე, გეტყოდათ, - არაო, გაიხსენებდა რომელიმე ორი ან სამი ცოლის სახელს და იტყოდა, - ისინი ყველაზე მეტად მიყვარდნენო. თუმცა ჯუზეპემ თავადაც არ იცოდა წესიერად, თუ რატომ განქორწინდა თორმეტჯერ, თითქოს არც ის არ შორდებოდა და არც მას არ შორდებოდნენ, უბრალოდ სულ ასე ხდებოდა და ყველაფერი ყოველგვარი ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე განქორწინების საბუთებზე ხელმოწერით სრულდებოდა.
   ალბათ მკითხავთ, ბოლოს და ბოლოს იპოვა ჯუზეპემ მარადიული ბედნიერება, თუ რა გახდა იმის მიზეზი, რომ მეცამეტე განქორწინება არ გიხსენებიათო, საქმე ისაა, რომ ჯუზეპემ პირველად მიატოვა თავისი მეუღლე, მიატოვა ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ცრემლებისა და ემოციების გარეშე, თავის სამოცდამეშვიდე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ჯუზეპე გარდაიცვალა. საყოველთაო პანაშვიდი გადაუხადეს, საყოველთაოო - ვამბობ იმიტომ,რომ მის დაკრძალვას ცამეტივე ცოლი დაესწრო. ცამეტივე ისხდა საჭირისუფლო სკამზე და ცამეტივემ გადმოაგდო თავისი წილი კურცხალი, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც საბრალო ჯუზეპე გულიანად დაიტირეს. იმ დღეს, ალბათ, მისი სული ნამდვილად ზეიმობდა, თავისი ცხოვრების ცამეტივე სიყვარული ახლა მისი კუბოს გარშემო იდგა და აწ განსვენებულ მეუღლეს ზემოდან ისე დასცქეროდნენ, როგორც ცხოვრებისეული ანგელოზები. ეს მისი ბოლო სურვილი იყო, ჯუზეპეს უნდოდა,რომ უკანასკნელ გზაზე მის ყოველ სიყვარულს გაეცილებინა.
-როგორ გგონიათ, ნანობდა, რომ ამდენჯერ იქორწინა? - იკითხა ერთ-ერთმა. ზოგმა სევდიანად ჩაიღიმა, ზოგს გაეცინა, ზოგმა თავი გადააქნია.
-მას კარგად ვიცნობდი, ყველანი, ჩვენ ხომ მისი ცოლები ვიყავით, ზუსტად ვიცი, რომ ის არასდროს ინანებდა თითოეულ ჩვენგანთან გატარებულ თითოეულ წამს, არც განქორწინების საბუთებზე ხელის მოწერისას განვლილ წუთებს.
-რატომ ფიქრობ ასე?
-იმიტომ,რომ მისთვის არ არსებობდა შავი გვირაბი. ამბობდა,რომ ანუ განგებას სურდა ასე და ყველაფერს თავისი იდიოტური მიზეზით ხსნიდა, - გაახსენდათ ჯუზეპეს უცნაური მსოფლმხედველობა და ყველას გაეცინა.
-განქორწინებისას მითხრა, - საუბარში სხვაც ჩაერთო, - რომ ეს კარგიც კი იყო, რადგან არ ვიყავით საკმარისად ბედნიერები და შემდეგ გავიდოდა დრო და ორივე ბედნიერებას ვიპოვიდით, გავიხსენებდით ამ წამს და მივხვდებოდით, რომ ეს სულაც არ ყოფილა კატასტროფა, არამედ საჭირო და აუცილებელიც კი იყო იმ ახალი ბედნიერების მოსასვლელად და დასაფასებლად.
-მე კი მახსოვს, განქორწინებისას გაბრაზებულზე ვუთხარი, რომ ნამდვილი სულელი და იდიოტი იყო, როგორ შეიძლებოდა ადამიანს ცხრაჯერ შეჰყვარებოდა, მაშინ ჯერ კიდეც ცხრა ცოლი ჰყავდა.
-და რა გიპასუხა?
-მიპასუხა,რომ უკვე საკმაოდ გამოცდილი იყო და მომავალში იმ შეცდომებს ღარ დაუშვებდა და ისე უაზროდ აღარ შეუყვარდებოდა, როგორც უწინ.
-როგორც ჩანს, ამან არ გაამრთლა.
-არა, გაამართლა, - შეეწინააღმდეგა სხვა, - მეათე და ყოველი შემდგომი ქორწინება გაცილებით ხანგრძლივი იყო, ვიდრე წინები, მეცამეტე ცოლს ხომ არც გასცილებია.
  თითოეულ მათგანს რაღაც აერთიანებდა, თუნდაც ჯუზეპესადმი წარსულის სიყვარული, თანაგრძნობა, პატივისცემა და უჩვეულოც კი იყო, რომ ცამეტი ცოლის ერთ ჭერქვეშ შეყრას არც ჩხუბი, აყალმაყი და არც დავიდარება არ გამოუწვევია, რაც, ალბათ, მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი.
  მზის ჩასვლისას ჯუზეპეს სკივრი გახსნეს, ესეც მისი დანაბარები იყო. პატარა სკივრი იყო, გამორჩეულად საყვარელი, ძვირფასი და მოსაგონარი ნივთები ეწყო შიგნით, ყოველი სუვენირი ყოველი ქორწინებიდან. ამათ გარდა, სკივრში ცამეტი კონვერტი იდო, ცამეტი კონვერტი - ცამეტი ცოლისთვის. თითოეულ მათგანს თითოეული მეუღლის სახელი ეწერა, ჯუზეპეს ხელწერით იყო შესრულებული.
   როცა შენთვის თუნდაც ოდესღაც ძვირფასი ადამიანის მიერ დაწერილ გულწრფელ სიტყვებს კითხულობ, ძნელია, ამას უემოციოდ შეხვდე, ძნელია, ამან არ აგაღელვოს და გული წამით მაინც არ შეგიტოკოს, ყველაზე რთული, ალბათ, იმის გაცნობიერებაა, რომ ყველაფერი მორჩა და მორჩა ისე, რომ ამ ყველაფერს ვეღარ გამოასწორებ და ამ ადამიანს ვეღარასდროს დაიბრუნებ, ვეღარასდროს ჩახედავ თვალებში და ვეღარასდროს ჰკითხავ თუნდაც ისეთ ბანალურ ფრაზას, როგორიცაა - როგორ ხარ?“ ჯუზეპეს აღარაფერი ჰქონდა დასამალი და აღარც დასაკარგი გააჩნდა რაიმე, იცოდა, ერთ დღესაც გაიხურავდა ამქვეყნიური სავანის კარს და ეს წერილები სწორედ ამისთვის დაეწერა. თითოეულ ამ ქალს მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დაეტოვებინა, ჯუზეპეს ცხოვრებისეულ წიგნში ახალი თავი და ახალი ფურცელი დაეწერა, წამით მაინც ბედნიერი გაეხადა და მისთვის ულევი სიხარულისა და აღმაფრენის განცდა მიენიჭებინა, თავი ცოცხლად ეგრძნობინებინა და სიცოცხლე წამიერად მაინც შეეყვარებინა. ჯუზეპე იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ამ ყველაფერს რომ ხედავდა და აფასებდა, ამ ყველაფრის გამო, როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები და რაც არ უნდა მომხდარიყო, თავისი ყოფილი მეუღლეების მიმართ მაინც მადლიერი იყო, მათ ხომ ერთ დროს სწორედ ის აირჩიეს და ის შეიყვარეს.
  ყოველმა მათგანმა თავისი კონვერტი აიღო. ცამეტმა ქალმა სრულიად სამარისებურ სიჩუმეში გახსნა ყოფილი ქმრის დანატოვარი წერილი და ერთადერთი, რისი ხმაც ისმოდა, ეს აღელვებული სუნთქვისა და ხელის ცახცახისგან გამოწვეული ქაღალდის შრიალის ხმა იყო. ზოგს ცრემლებიც კი წასკდა, ზოგისთვის ეს სიტყვები არაფრის მომცემი იყო, ზოგისთვის პირიქით, ძალიან ძვირფასი და ღირებული, ზოგისთვის კი ძალიან, ძალიან  მტკივნეული. უკანასკნელმა ცოლმა ბოლომდე ვერც შეძლო მისი წაკითხვა, მთელი ქაღალდი ცრემლებმა დაუსველა, ჯერ ჩუმად, შემდეგ კი, შემდეგ ნიაღვარივით იხეთქა ყველაფერმა - მონატრებამ, სიყვარულმა, ტკივილმა, სევდამ, დარდმა და საყვარელი მეუღლის ჯერ კიდევ შეუცნობელმა დანაკლისმა.
-ჯუზეპე, - ამოილუღლუღა და ქმარი ისე დაიტირა, როგორც დედა დაიტირებდა ნაადრევად წასულ ახალგაზრდა შვილს. ქმრის კუბოს გადაემხო, ეფერებოდა გაციებულ სახეზე, ხელებზე, თავზე და თავს ვერ ერეოდა, მისი სიყვარული ხომ სხვებისგან განსხვავებით არც არსად გამქრალიყო და არც განელებულიყო, ორი წლისა და ოთხი თვის შემდეგ ისევ ისე ძლიერ უყვარდა თავისი ჯუზეპე, როგორც მაშინ, საკურთხეველთან მისგან საქორწინო ბეჭედი რომ მოირგო თითზე. ქალს მოეხვივნენ, თანაგრძნობა სცადეს, ალბათ, მხოლოდ მათ თუ შეეძლოთ ეს, რადგან ზოგიერთი მათგანი თითქმის იმავეს განიცდიდა, რასაც ის. ჯუზეპე ხომ მათ ერთად გატარებულ ყოველ ბედნიერ და დასამახსოვრებელ მომენტზე ესაუბრებოდა, მათთან განცდილსა და გამოვლილზე უყვებოდა, ახსენებდა, აგრძნობინებდა, წარსულში აბრუნებდა, იმ წარსულში, რომელიც ახლა, ამდენი წლის შემდეგ ცოტათი სიზმარსაც კი წააგავდა, მაგრამ არა, ეს ყველაფერი ცხადი და ისეთივე რეალური იყო, როგორც ოთახის შუაგულში დასვენებული ყოფილი ქმრის უსულო სხეული, თუმცა ასე იყო კი, მართლაც უსულო იყო ჯუზეპე? ის ხომ ახლა იმაზე უფრო ცოცხალი იყო, ვიდრე ოდესმე, ის ახლა ცამეტი უმშვენიერესი ქალის მოგონებებში ცხოვრობდა, იცინოდა, ცეკვავდა, ხუმრობდა, მღეროდა, წყნარი ოკეანის სანაპიროებს ეფიცხებოდა და მის ტალღებში გრილდებოდა, შამპანურს სვამდა,მოგზაურობდა, მუზეუმებს ათვალიერებდა და თეატრებში წარმოდგენებს ესწრებოდა, ჯუზეპე ახლა ერთდროულად ყველგან იყო ზუსტად ისევე, როგორც ერთდროულად ცოცხლობდა ცამეტი ქალის მოგონებებში. ზოგთან ჯუზეპე ახალგაზრდა იყო,ზოგთან ზრდასრული და დაღვინებული, ზოგთან თმა შეღერებული, მაგრამ ყველა მათგანის გონებაში ჯუზეპე უზომოდ იყო შეყვარებული, უზომოდ, უკიდეგანოდ, შეყვარებული ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე და უპირველესად მათზე, თავისი ცხოვრების ცამეტ უმშვენიერეს ქალზე. შეუძლებელიც კი იყო ახლა ამ ცამეტი ქალისთვის შეგეხედა და გეთქვა, რომ ის, რაც მათ ახსენდებოდათ და ის, რასაც ამ მოგონებებში გრძნობდნენ, სიყვარული არ იყო.
-დამშვიდდი, დანიელა, ყველაფერი კარგადაა, ნუ ტირი, - ცდილობდნენ მისი უკანასკნელი ცოლის დამშვიდებას.
-ყველაფერი კარგადაა? ის აღარ არის, ჩემი ქმარი აღარ არის, - სასოწარკვეთილი თავს აქნევდა, მოეხვივნენ და გულში ჩაიკრეს. ჯუზეპეს წერილს თავიდან ვერ იგდებდა. სამოცდაორი წლის ასაკში ქორწინება, ეს ხომ სრული სიგიჟე იყო, მაგრამ ამ კაცმა, მასზე რამდენიმე წლით უფროსმა, მოახერხა და თავი ისევ პატარა გოგოსავით აგრძნობინა, სიბერე დაავიწყა, არა მხოლოდ დაავიწყა, არამედ გაულამაზა კიდეც ის და დანიელასთვის ეს უკვე სიბერე აღარ იყო, არამედ ეს ყველაფერი ერთი დიდი, გიჟური და ამაღელვებელი სიყვარული გამხდარიყო, დიახ, სიყვარული იყო ის ძვლების ტკივილიც და უეცარი დაღლილობაც, რასაც ხანში შესული ადამიანები განიცდიან, მისთვის ეს ყველაფერი რაღაც სხვა, უფრო ძლიერ და მნიშვნელოვან, უფრო ამაღელვებელ რამეს გადაეფარა და ეს ჯუზეპეს სიყვარული იყო. ამით ის სიბერესაც კი გაექცა, მაგრამ ჯუზეპე აღარ იყო და ეს ყველაფერი ერთიანად მთელი სიმძიმით დაატყდა თავს. უეცარი დაღლილობაც იგრძნო და მუხლებმაც უმტყუნა. ხელი შეაშველეს და სკამზე დასვეს.
-..არ მინდოდა...
-რა არ გინდოდა, დანიელა?
-დაქორწინება, ჯუზეპესთან დაქორწინება არ მინდოდა,-ახსენდებოდა და ყოველი ცხოვრებისეული ეპიზოდის გახსენებისას წარსულის მონატრებისგან გამოწვეული სევდით გაჯერებული კურცხალი ჩამოეღვრებოდა მას ათრთოლებულ ღაწვებზე, - ვიცოდი, ვიცოდი, რომ თორმეტი ცოლი გამოეცვალა, კაცი რომ თორმეტ ცოლს გაუშვებს...
-შენ ერთადერთი ხარ, რომელიც მას არ გაუშვია, დანიელა, - დამშვიდება სცადეს და უთხრეს სევდანარევი ღიმილით.
-ვიცი, - თქვა და გაეცინა, თავი დააქნია, -ვიცი, მითხრა, რომ ყოველი შემთხვევისთვის ინდივიდუალურად უნდა შემეხედა და პრეცედენტებით არ მეცხოვრა, რომ მე სრულიად სხვა და ახალი ადამიანი ვიყავი და ის,რაც წინა თორმეტ შემთხვევაში მოხდა, ახლა არ მოხდებოდა და განშორებებით აღსავსე სცენარი არ გამეორდებოდა. მითხრა, რომ ის არ ცხოვრობდა წარსულით და წარსულით არც მე არ უნდა მეცხოვრა, თორემ ისე ბედნიერებას ვერ მოვიპოვებდი, ნამდვილ სიყვარულს ვერ შევიგრძნობდი და შესაბამისად ვერც საკუთარ თავს ვიპოვიდი. მითხრა,რომ წინა თორმეტ შემთხვევაში არაფერი გამოვიდა, რადგან არც უნდა გამოსულიყო, რადგან მერე... - გაეღიმა, გაეღიმა და თვალწინ თავისი ჯუზეპე წარმოუდგა, ცოცხალი, ჟინითა და სიყვარულით აღსავსე, მოციმციმე და გაბრწყინებული თვალებით, აქ იყო, მის წინ, ცოცხალი და მას ელაპარაკებოდა, უღიმოდა, ეუბნებოდა: - მერე ხომ შენ ვერ გაგიცნობდი, დანი, თანაც, როგორც ამბობენ, ცამეტი თარსი რიცხვიაო, პირიქით, სწორედ ამიტომ გაამართლებს და ჩვენ ეს გამოგვივა, ქორწინება განქორწინების გარეშე.
-მერე ნანობ? - ჰკითხეს და აცრემლებულმა თავი გაიქნია.
-ვნანობ თუ არა იმას, რომ თორმეტჯერ განქორწინებულ კაცს გავყევი ცოლად? არა, არცერთი წამით ამას არ ვნანობ. მან მე ბედნიერება შემაცნო და ბედნიერება განმაცდევინა, მაჩვენა და მაგრძნობინა ის, თუ რას ნიშნავს უყვარდე და სამოცდაორი წლის ასაკში საკუთარი თავი მაპოვნინა, იქამდე კი არც ის ვიცოდი რა მინდოდა, ჯუზეპემ ეს შეძლო, ის დამეხმარა, რომ გამეგო რა მინდოდა ამ ცხოვრებაში და ამან მე ბედნიერება მომიტანა. მიზანი დამისახა, ცხოვრებისა და სიცოცხლის აზრი მაჩვენა და იმედი ჩამისახა. მან პირობა შეასრულა, ყველაფერი გამოვიდა.
-ალბათ, ყველას ამის გამო გვიყვარდა ჯუზეპე, ხშირად ვკამათობდით, ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით ხოლმე, ალბათ, მე და ის ამიტომაც გავეყარეთ, ორივეს რთული ხასიათი გვქონდა და ხშირად ერთმანეთს ნერვებს ვაწყვეტდით ხოლმე, - გაეცინათ, რადგან ერთხელ მაინც ყოველ მათგანს გამოეცადა ეს ჯუზეპესთან, ასეთი რაღაცები ხომ ბუნებრივიცაა ორი ადამიანის ურთიერთობისას.
-უთანხმოებაც იყო მაგრამ, ამის გარეშე ცოლქმრობა ხომ წარმოუდგენელია... და ეს ცუდი მომენტები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე კარგი და ეს ცუდი მომენტები ნამდვილად ღირდა კარგის ფასად. ალბათ, იქნებიან ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს ნანობს, მაგრამ მეც... მეც არ ვნანობ იმას,რომ ჯუზეპე ავირჩიე და მიუხედავად მთელი ამ ქორწინება-განქორწინების პარადოქსისა, მასთან მართლაც დაუვიწყარი წამები განვიცადე, ღირდა მთელი ეს გაუგებრობა ამ ყველაფრის ფასად? მაშინ გეტყოდით,რომ არა და ეს ერთი დიდი სისულელე იყო, მაგრამ ახლა, ახლა გეტყვით, რომ კი, ეს ყველაფერი ამად ღირდა, ჯუზეპე ამად ღირდა, - ჯუზეპეს გახსენებამ ახლა მის მეშვიდე ცოლს აუშალა მოგონებები.
  ისევ ცხოვრებისეული ანგელოზებივით დააცქერდნენ ზემოდან გარდაცვლილ მეუღლეს. მოიგონეს მასთან გატარებული ყოველი ძვირფასი, შეუცვლელი და დაუვიწყარი წამი, მეორე დღეს კი ჯუზეპე მიწას მიაბარეს.იმ დღეს მისი საფლავი და გარდაცვლილის გულმკერდი ცამეტმა ალისფერმა ვარდმა დაამშვენა, თუმცა ჯუზეპე ყოფილი ცოლების მოგონებებსა და გულებში ისევ ძველებურად ცოცხლობდა და მათ ცხოვრებას, თუნდაც გარდასული დროისა და წარსულის მშვენიერების გახსენებით, ულამაზებდა.


გიორგი ჩაჩხიანი