
Paro
Taktsang-სკენ მიმავალი გზა საკმაოდ სახიფათო და რთულად გასავლელია, მითუმეტეს
მაშინ, როცა მზე ზენიტშია და დაკიდულ, ციცაბო ფერდობზე არაფერია ისეთი,რაც
მცხუნარე სხივებისგან დაგიცავს და შეგიფარებს. ჩვეულებრივ, 3120 მეტრზე მდებარე ამ
ბუდისტურ მონასტერში ცხენებითა და ჯორებით ადიან. დღეს კი ამ ურთულეს გზას ფეხით,
ერთი ზურგჩანთის ამარა, საშუალო ასაკის
მამაკაცი მიუყვებოდა. თავზე ხორცისფერი პანამა დაეხურა, მაგრამ შევერცხლილი თმა
მაინც მოუჩანდა. თხელი, მოშვებული, მოლურჯო პერანგი და საზაფხულო შარვალი ეცვა.
ასეთ ფორმაში გამოწყობილზე ძნელად თუ იფიქრებდი, რომ ჰარვარდის ხელოვნებისა და
მეცნიერების სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი და სახელგანთქმული პროფესორი
იყო. სიმაღლის არ ეშინოდა, მაგრამ რაც უფრო მაღლა ადიოდა, მით უფრო უფრთხოდა
ქვემოთ ჩახედვას. ერთხანს შედგა, ზურგჩანთიდან მათარა ამოიღო და წყალი მოსვა.
ცხვირსახოცით ოფლი მოიწმინდა. საათს დახედა, ოთხი ხდებოდა. სამი საათი გასულიყო
მას შემდეგ, რაც ამ ფერდობზე ფეხი შედგა. თითქოს ინანა კიდეც ცხენი რომ არ
დაიქირავა, მაგრამ უნდოდა მთელი გზა თავისი ფეხით გაევლო. ბჰუტანში სწორედ ამიტომ
ჩამოვიდა, პასუხების საძიებლად, საკუთარი თავის საპოვნელად. იყო ეს მისი
ავტრალიური “walkabout“? ამაზე პასუხი თავადაც არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ
ანტიკური ხელოვნებით დაწყებული, თანამედროვე პოლიტოლოგიით დამთავრებული, თითქმის
ყველაფერი იცოდა და ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი. თუ ეს მოგზაურობა მართლაც
საკუთარი თავის პოვნისა და შეცნობისკენ იყო მიმართული, მაშინ ეს უკვე მისთვის
ძალიან გვიანი იყო, რადგან ის ხომ აღარ იყო 10-16 წლის ჭაბუკი, არამედ ზრდასრული,
56 წლის პროფესორი გახლდათ.
ჰამილტონი სწორედ იმავე მიზნით მიუყვებოდა Paro Taktsang-ის გზა, რისთვისაც ავსტრალიელი
აბორიგენები სტუმრობენ ველურ სამყაროს. მანაც ხომ ამისთვის საგანგებოდ შეარჩია
ბჰუტანი, კერძოდ კი Tiger’s Nest-ის მონასტერი. სულ მალე პაგოდის წვეროც გამოჩნდა,
რამაც პროფესორს მხნეობა და უკანასკნელი ძალები მოაკრებინა. ის,რაც მას
ამოძრავებდა და გათანგულს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას აიძულებდა, იმედი იყო;
იმედი, რომ რაღაცას აუცილებლად იპოვიდა ამ მონასტერში, მაგრამ რა იყო ეს რაღაც, ან
რას ელოდა Paro Taktsang-ში, ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
Taktsang-ის
მონასტერი შეიძლება თანამედროვე ბუდისტური არქიტექტურის ნიმუშად ჩაითვალოს, რადგან
პირვანდელი, 1692 წელს აშენებული, პაგოდა 1998 წლის 19 აპრილს მთლიანად გადაიწვა.
აღნიშნული მონასტერი კი თავიდან აშენდა 2000-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ის,
რაც ამ ტაძარში არ მომკვდარა და არ დაფერფლილა, ის მარადიული რწმენაა, რომელიც Paro
Taktsang-ის თავდაპირველ ამგებებს ამოძრავებდათ; რწმენა, რომელმაც მათ მონასტრის
აგება იქ გადააწყვეტინათ, სადაც ამქვეყნიური სამყარო სრულდება, სადაც თუნდაც ფეხის
წვერებზე აწევა საკმარისია, რათა ზეცას შეეხო, Tiger’s Nest-ში.
უცნაურია,
მაგრამ როგორც კი მონასტრის შესასვლელი გაიარა, ჰამილტონს გასაოცარი სიმშვიდე
დაეუფლა და სრულიად აუღელვებლად გადმოიხედა 3120 მეტრიდან, თავის გავლილ გზას
შეაცქერდა, არ ჯეროდა, რომ ასეთი ურთულესი და მოუხელთებელი გზა თავისი ფეხით
გამოიარა. მსუბუქმა ნიავმა დაუბერა, პანამა მოიხადა და ხელით თმა გადაისწორა.
-დიდი გზა გამოგივლიათ, დაგინახეთ, ფეხით
მოხვედით, - მოესმა ხმა და გვერდით ბუდისტი ბერი ამოუდგა, სტუმართან ერთად
შეაცქერდა ულამაზეს პეიზაჟს, - საიდან ხართ?
-ამერიკიდან, - მიუგო ინგლისურად, შემდეგ
კი გაუღიმა და ბერს მისივე ენაზე უთხრა: - ეს გზა ამ ყველაფრად ნამდვილად ღირს, -
ბუდისტმა გაოცება ვერ დამალა:
-თქვენ ძონგკხა იცით, ეს შეუძლებელია!
-ჩვენ ახლა Tiger’s Nest-ში აგებულ
მონასტერში ვართ, განა შეუძლებელი არის რაიმე? - კვლავაც ძონგკხურ ენაზე უპასუხა.
ბერმა გაიღიმა.
-ძონგკხა მკვდარი ენაა, ბჰუტანის 20
პროვინციიდან ამ ენაზე მხოლოდ შვიდი მათგანი საუბრობს, ჯამში 171 000 ადამიანი,
თქვენ კი ეს ენა იცით.
-იყო დრო, როცა სინო-ტიბეტური ენებით ძლიერ
ვიყავი გატაცებული, ბჰუტანში პირველად არ ვარ, აქ ბოლოს 25 წლის წინ ვიყავი, Wangdue
Phodrang-ში სამი თვე გავატარე, ძონგკხაც მაშინ ვისწავლე.
-25 წელი საკმაოდ დიდი დროა, ენამ
დავიწყება იცის, თქვენ კი ის არ დაგვიწყებიათ.
-ეს მეც მიკვირს, მაგრამ, როგორც ჩანს,
ისევ მახსოვს, - ღიმილით მიუგო პროფესორმა.
-ტაკშანგში პირველად ხართ?
-დიახ, პაროში აქამდე არ ვყოფილვარ.
-ამხელა გზა რამ გამოგატარათ?
-არ ვიცი, იმედი მაქვს ამაზე პასუხს
თქვენგან გავიგებ, - უთხრა და ბერს
შეაცქერდა.
-პასუხების საძიებლად აქ ბევრი მოდის
ხოლმე.
-მერე, პოულობენ?
-განა შესაძლებელია ამ სამყაროში
აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ჩასწვდე?
-რა გქვიათ? - ჰკითხა ჰამილტონმა.
-ნგავონგი, - მიუგო ბერმა.
-ძლიერი სიტყვა.
-დიახ, ეს სახელი სწორედ ასე იშიფრება.
თქვენ როგორ მოგმართოთ?
-ჯოზეფი, პროფესორი ჯოზეფ ჰამილტონი, -
უთხრა და ხელი გაუწოდა. ბერმა ძლიერად ჩამოართვა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,
პროფესორო, შეიძლება გკითხოთ, რას ასწავლით?
-კლასიკური ფოლკლორი და მითოლოგია.
-საინტერესოა, მოგწონთ თქვენი საქმე?
-დიახ, სამსახური... ეს არის ის, რაც
ჩემს ცხოვრებას აზრს სძენს.
-ოჯახი არ გყავთ?
-დედა.
-მეუღლე, შვილები?
-არა, - უპასუხა ჰამილტონმა და თავი
გააქნია.
-თქვენ ხომ ერისკაცი ხართ.
-მინდა საკუთარი თავი ვიპოვო, მთელი
ცხოვრება მჯეროდა, რომ ვიცოდი რისთვისაც მოვევლინე ამ ქვეყანას და რა უნდა
მეკეთებინა ამ სამყაროში, მაგრამ ახლა... უკვე აღარ ვიცი რისთვის ვარსებობ.
-ეს უიმედო ადამიანის სიტყვებს ჰგავს.
-ასე რომ ყოფილიყო და იმედი რომ არ
მქონოდა, აქ არ მოვიდოდი.
-რისი იმედი გაქვთ?
-ხსნისა.
-ეს ცხოვრება ხსნაა საკუთარი თავისა და
სხეულისგან. ჩვენ უნდა შევძლოთ ვიხსნათ სული და გონი ჩვენი ჩვენივე თავისაგან.
-აზროვნებისა და ჭეშმარიტებისკენ
სწრაფვა არის ის, რასაც მთელი ცხოვრება შევწირე და ამ ყველაფრის შემდეგ რა მრჩება?
სრულიად არაფერი, სრულიად ხელმოცარული მივდივარ იმქვეყნად, არც მომავალი მაქვს,
არც შვილები მყავს, არანაირი მემკვიდრეობა არ გამაჩნია.
-თქვენ ანთებული კელაპტარი ხართ, რომელიც მომავალ თაობას უნათებს გზას.
-საზოგადოება... და მე რა მრჩება ამ
ყველაფრისგან? გარდაცვალება, რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, ამ აზრთან შეგუება უფრო
მიჭირს. მეგონა სოკრატეს მესმოდა და სიკვდილის სრულებითაც არ შემეშინდებოდა,
რადგან განსვლა სხეულისაგან, მხედველობისა და სმენის დაკარგვა, მომცემდა
შესაძლებლობას სრულიად აღმექვა ჭეშმარიტება, მაგრამ თუ იქით არაფერი არ არის?! თუ
გარდაცვალებაც დაბადებას ჰგავს, როგორც მანამ არ გახსოვს არაფერი, ისევე მის მერეც
არ გემახსოვრება რაიმე?
-ურწმუნო ადამიანი არ არსებობს. განა
არაფერია ისეთი, რისიც გწამთ?
-წუთისოფელი ამაოა; ის, რისთვისაც
ცხოვრება ღირს, ალბათ, წამიერი ბედნიერებაა, ეს ბედნიერებაც პირობითია და მას
ყველა თავისებურად აღიქვამს.
-არ გედავებით იმაში, რომ წუთისოფელი
ამაო არ არის, მაგრამ ავიღოთ ორი ადამიანი, აი, თქვენ, უაღრესად ნაკითხი და
განათლებული პროფესორი და ვინმე, საბრალო, ქუჩის მაწანწალა. განა კი წუთისუფელი
ერთია თქვენთვის?
-და ეს რწმენასთან რა კავშირშია?
-იმ მაწანწალას სწამს რაღაცის, უკეთესი
დღის, თბილი სახლისა და საკვებისა, ის ამისთვის ცოცხლობს. იმედი აქვს, რომ
საღამომდე რამდენიმე ნგულტრუმს შეაგროვებს, რათა პურის ყიდვა შეძლოს. მას რომ
რწმენა არ ჰქონდეს, ხვალ ცოცხალი აღარ იქნებოდა.
-რწმენა მეც მაქვს, ამის გარეშე აქ არ
ვიქნებოდი.
-რისი გწამთ?
-ეს რომ ვიცოდე...
-მეგობრები გყავთ?
-დიახ, რა თქმა უნდა.
-მაშ, გწამთ მეგობრობის.
-ვფიქრობ, ასეა.
-და სიყვარულის?
-იმ გაგებით, რითიც თქვენ მეკითხებით,
არა.
-ნუთუ არასდროს არ გყვარებიათ?
-არა.
-ეს შეუძლებელია, ჩვენ ყველას ოდესღაც
ვიღაც გვიყვარდა.
-ყველა არ არის სიყვარულისთვის
გაჩენილი, ეს ზეციური გრძნობა, თუკი მართლაა ზეციური, ყველას ხვედრი არ არის.
-თქვენ მასწავლებელი ხართ, ნუთუ
სრულებით არ გწამთ იმის, რასაც ასწავლით?
-უკვე აღარ ვიცი რისი მწამს და რისი
არა, ვასწავლი იმიტომ, რომ ეს საკითხები ძალიან კარგად და სიღრმისეულად ვიცი.
-ეს არ არის სწორი პასუხი, თქვენ
მითხარით, რომ თქვენივე საქმე მოგწონდათ.
-ასეცაა.
-როგორ შეიძლება ასწავლოთ ის, რაც არ გიყვართ.
-იყო დრო, როცა ძალიან მიყვარდა.
-მერე, მერე რა შეიცვალა?
-მივხვდი, რომ უბრალოდ პეპლებს
დავდევდი.
-თქვენ არ იცით რა არის სიყვარული, -
ჰამილტონს ეს სიტყვები გულზე მოხვდა, ალბათ იმიტომ, რომ ბერი ნგავონგი მართალი
იყო, მან არ იცოდა რა იყო სიყვარული, - სიყვარული არის ის, რაც ჩვენს უმწეო
ცხოვრებას აზრს სძენს. თქვენს საქმეში წარმატებული ხართ, ხომ ასეა?
-დიახ, ვფიქრობ, არცთუ წარუმატებელი
ვარ.
-კარიერა, აი რას შეალიეთ თქვენი
ცხოვრება, იყო დრო, როცა მეც ვიყავი ერისკაცი. ვიცი, რომ არ არსებობს ქალი,
რომელსაც განათლებული კაცი არ მოეწონოს, ასეთი ქალი კი იშვიათად იჩენს
ინიციატივას, ნუთუ არავინ იყო ისეთი, ვისაც შეიყვარებდით?
-ვცადე, ვცადე შემეყვარებინა, მაგრამ
არ გამომივიდა.
-სიყვარული შეკვეთით არ მოდის, ეს
ჩემზე უკეთ იცით, პროფესორო.
-არ ვიცი, საქმე სწორედ იმაშია, რომ
არაფერი არ ვიცი, უკვე აღარ...
-თქვენ გეშინიათ.
-რისი?
-ეს თავად უკეთ იცით, - ჰამილტონმა
თავი დააქნია.
-მარტოობის...
-დიახ, მარტოობის, თქვენ სიკვდილის არ
გეშინიათ, უბრალოდ არ გინდათ მარტო ელოდოთ მის მოსვლას.
-აქამდე ვერაფერს ვხედავდი, ახლა კი
ვხედავ... უამრავ ბედნიერ, მოსიყვარულე, წყვილს, რომელთაც რაღაც ძალა ამოძრავებთ.
თუნდაც არაფრის არმქონენი იყვენენ, არც გონებრივად, არც მატერიალურად, მაგრამ მათ
ის აქვთ, რაც მე არ გამაჩნია... ბედნიერება... მთელი ცხოვრება სწორედ იმისთვის
ვიღწვოდი, რომ ბედნიერება მომეპოვებინა.
-და რა გიშლით ხელს?
-პრაგმატიზმი.
-პრაგმატიზმი თავისი გაგებით ამსხვრევს
იდეალებს.
-იდეალების ჰქონა და ღრუბლებში ფრენა
პოეტური სულის ნაწილია, პროზაულს კი ის რჩება, რასაც ცხოვრება სთავაზობს, ამაო
რეალობა.
-თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, ის,
ვინც ღრუბლებში არ დაფრინავს, არ შეიძლება იყოს ბედნიერი?!
-მხოლოდ მოჩვენებითი ბედნიერებით.
-სულ არაფერს ხომ მაინც სჯობს? -
ჰამილტონი ჩაფიქრდა.
-ანუ გამოსავალს ამაში ხედავთ,
მოჩვენებით ბედნიერებაში?
-თუ ცხოვრება არ გვახვედრებს ვარდისფერ
სასახლეს, მაშინ ჩვენ თავადვე უნდა ავაგოთ იგი.
-ეს ხომ არ არის სიყვარული.
-სიყვარული ჩვეულებრივ თავადვე მოდის
ჩვენთან, მაგრამ როცა ეს ასე არ ხდება, თუკი რასაც ამბობთ მართალია და ეს ზეციური
გრძნობა არ არის ყველას ხვედრი?
-თქვენ, თქვენივე იდეოლოგიით ხომ
საერთოდ დასათგურნ ცოდვად მიიჩნევთ სიყვარულს? ბუდიზმის ოთხი ჭეშმარიტებიდან
ერთ-ერთი ტანჯვის მიზეზია. ეს მიზეზი კი სიცოცხლისა და ყოფნის სურვილთან ერთად,
სიყვარულიცაა. ამ ტანჯვის თავიდან აცილება კი ყოველგვარ სურვილზე უარის თქმით
შეიძლება, მაშასადამე, სიყვარულზე უარის თქმითაც, - ბერი ჯოზეფს ღიმილით უმზერდა,
სათქმელი ბოლომდე დაამთავრებინა, შემდეგ კი ჰკითხა:
-თქვენ ბუდისტი ხართ?
-არა.
-მაშინ ეს ოთხი ჭეშმარიტება თქვენ არ
გეხებათ. თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან.
-ეს მცდარი გამოთქმაა, სავარაუდოდ,
ფრენსის ბეკონის მიერ გადაკეთებული, არადა ყველაფერი პირიქით იყო.
-ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ
იქნებით თქვენ, მთა თუ მუჰამედი. მთავარი ისაა, რას გულისხმობს ეს სიტყვები, თუ
რაღაც თავისით არ მოდის შენთან, თავადვე უნდა მიხვიდე მასთან.
-აკი თქვენ არ თქვით, რომ სიყვარული
შეკვეთით არ მოდის?!
-ეს ასეა, მაგრამ შიშის დათრგუნვა
შესაძლებელია და ასევე შესაძლებელია ბედნიერების შექმნა. დიახ, ბედნიერების ცნება
ნაირგვარია, ეს იმიტომ,რომ მას ყველა თავისებურად აღიქვამს, ინდივიდუალურად ქმნის.
ნუ იტყვით, რომ ასე არაა და ადამიანი თავად არ ქმნის საკუთარ ბედნიერებას. შენზეა
დამოკიდებული თუ როგორ აღიქვამ საგანს, შეგაშინებს ის, თუ მისი დანახვა სიხარულს
მოგანიჭებს, ბედნიერებას მოგგვრის. ეძებეთ ის, ვისაც გაუგებთ, დიახ, ეს ცხოვრება
ტანჯვაა და ამის გასაცნობიერებლად არ არის საჭირო ბუდისტი იყოთ, უნდა აირჩიოთ ის, ვისთან ერთადაც ნაკლებად
დაიტანჯებით, თუკი არ შეგიძლიათ ცხოვრებით
დატკბობა, მაშინ ყველაფერი უნდა იღონოთ იმისთვის, რომ ტანჯვა შეიმსუბუქოთ. თავადვე
უნდა ააგოთ ვარდისფერი სასახლე.
-ეს წარმოუდგენელია.
-ტაკშანგის აგებაც წარმოუდგენელი იყო,
მაგრამ აი, ჩვენ აქ ვართ.
-იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს
მონასტერი ააგეს, რწმენა ამოძრავებდათ. სწორედ ამ რწმენამ შეაძლებინა მათ ეს
ყოველივე.
-რას იტყვით მაშინ, თუკი გეტყვით, რომ
უმეტესი მათგანი უბრალო მონა იყო და ბატონის დავალებებს ასრულებდა?
-ეს სიმართლეა? - დაეჭვებით ჰკითხა
ჰამილტონმა.
-არ ვიცი, ამაზე თქვენ მიპასუხეთ,
პროფესორო. ყველაფერი არ არის ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ჩვენ გამოცანების
სამყაროში ვცხოვრობთ, არჩევანი თქვენზეა,თუ პირობას არ წაიკითხავთ და სიტყვებს არ
მოსინჯავთ, ამოცანას ვერასდროს ამოხსნით, - ნგავონგმა ჯოზეფს თავი დაუკრა, -
სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ჰამილტონ, - უთხრა და პროფესორს ფეხაკრეფით
გაშორდა.
ჯოზეფი მასაჩუსეტში ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა. იპოვა ის, რასაც ეძებდა?
ამ კითხვას გონებიდან ვერ იგდებდა. სახლში დაბრუნებული მაშინვე ბიბლიოთეკას
ესტუმრა, სიყვარულის ძიებაში მყოფ პროფესორს ყველა მნიშვნელოვანი ტრაქტატი,
დიალოგი და ნაშრომი წაეკითხა. ისევ პლატონს დაუბრუნდა; სოკრატეს, რომელიც
აღსასრულის წინ მხოლოდ და მხოლოდ გონების ძალის უზანაესობაზე საუბრობს; და რას
კარნახობდა თავისივე გონება პროფესორ ჰამილტონს?! რომ მარტოობა არის იმაზე დიდი
ტანჯვა, ვიდრე სიყვარული. სწორედ მარტოობის შიშმა აიძულა მას ტელეფონთან მისვლა და
იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია სურდა, მაგრამ თავს იკავებდა; რატომ? ალბათ,
იმიტომ, რომ მარადიულ, ზეციურ სიყვარულს უცდიდა, სიყვარულს, რომელიც მასთან
არასდროს მოვიდოდა.
იმ საღამოსთვის ჯოზეფი განსაკუთრებულად ემზადებოდა. ელენას, დიდი ხანია,
რაც იცნობდა. გონების თვალით ის სწორედ ის ერთადერთი უნდა ყოფილიყო და ამაზე
ხშირადაც ეფიქრა ჰარვარდის პროფესორს, მაგრამ გრძნობა, რომელიც გულს აუჩქროლებდა
და სისხლს გაუყინავდა, არა და არ ეუფლებოდა. თუმცა, განა კი ჰქონდა ამას
მნიშვნელობა? უკვე აღარ იცოდა, უკვე აღარაფერი იცოდა.
-გამიკვირდა, ვახშამზე რომ დამპატიჟე,
- უთხრა ელენამ.
-რატომ?
-არ ვიცი, შენგან უჩვეულოა.
-ამ ბოლო დროს ბევრ რამეზე დავფიქრდი.
-მაინც რაზე? - ეშმაკური ღიმილით
ჰკითხა ქალმა.
-მაგალითად... როგორ ფიქრობ, ჩვენ
შორის რამე გამოვა? - უდრტვინველი სახით ჰკითხა ჯოზეფმა. ქალს კინაღამ ლუკმა
გადასცდა, ღვინო მოსვა და ჰამილტონს გაოცებული შეაცქერდა.
-ხუმრობ?
-არა, - პროფესორს ხუმრობისა არაფერი
ეტყობოდა.
-ოჰ, ჯოზეფ, - მაგიდაზე კაცის ხელი
იპოვა და თავისი ნაზად შეახო, - განა არსებობს ქალი, რომელსაც ჯოზეფ ჰამილტონი არ
მოეწონება? - კაცმა ოდნავ სევდანარევი ღიმილით გაიღიმა.
-მაშინ დაველოდოთ მოვლენების
განვითარებას, ვცადოთ, ვნახოთ, რა გამოვა, - ქალის ხელი აიღო და ნაზად ეამბორა.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყოველი მათი დღე ბედნიერებით აღსავსე იყო,
ელენა ქმარს თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, ზრუნავდა, ახალ-ახალი კერძებით
ანებივრებდა, ჯოზეფიც ყოველკვირა ჩუქნიდა ულამაზეს ყვავილებსა და ბრწყინვალე
სამკაულებს. მათი თანაცხოვრების განმავლობაში თითქმის არ უჩხუბიათ. ეს მხოლოდ
ერთხელ მოხდა...
ჯოზეფი ჰარვარდიდან სახლში ჩვეულ დროს დაბრუნდა. ეუცნაურა, რომ მეუღლე
მაშინვე არ გამოეგება. გასაღები საჩქაროდ მაგიდაზე დადო და ელენას მოსაძებნად
წავიდა. ქალი საკუთარ კაბინეტში იპოვა. სიბნელეში სავარძელში იჯდა.
-ძვირფასო, კარგად ხარ? - ჰკითხა
ჰამილტონმა.
-ერთ წიგნს ვეძებდი... შემთხვევით
გადავაწყდი... უკან იყო შეჩურთული, მაგრამ... მაგრამ მაინც იქ იყო, ვიპოვე...
-რა იპოვე, ელენა, ნუ მაშინებ.
-შენი ჩანაწერები, სამი წლის წინანდელი.
შენს ბჰუტანში მოგზაურობას აღწერს, შენს განცდებსა და ხედვებზე საუბრობს, შენ მე
არ გიყვარვარ, ჯოზეფ, - ცრემლნარევი ხმით უთხრა ქალმა.
-რა სისულელეს ამბობ, - ქმარი მაშინვე
ცოლთან მიიჭრა და აქვითინებულ მეუღლეს მოეხვია.
-შენ უბრალოდ ვიღაც გჭირდებოდა, ის,
ვისზეც იზრუნებდი, ვისაც ეყვარებოდი, ვისთან ერთადაც სპექტაკლს ითამაშებდი ერთ
ბედნიერ, მოსიყვარულე ოჯახზე.
-ასე არ არის.
-აბა, როგორ არის, ჯოზეფ?! არ მითხრა,
რომ ეს შენი ჩანაწერები არაა და რაიმეს ვიგონებ. ამ ყველაფრის შემდეგ... არასდროს
გითქვამს, რომ გიყვარდი.
- განა ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა?
მე შენ აგირჩიე, მინდა, შენთან ერთად ვიყო, შენზე ვიზრუნო, დაგიცვა და ყოველი ცისმარე
დღე ვიღწვოდე იმისთვის, რომ ბედნიერი გამყოფო. თუ ეს არ არის სიყვარული, მაშ რაა?