ჟრიამულის ხმა უკვე
სადარბაზოშიც ისმოდა. საათს დავხედე, საღამოს 9 საათი იყო, თითქმის მთელი ორი საათით
დამგვიანებოდა. მათი ეს ჟრიამული რაღა გასაკვირი იყო, გამეცინა და კიბეებს
ავუყევი. კარზე ზარი დავრეკე. ცოტა ხანს ლოდინი მომიწია, მაგრამ ბოლოს, როგორც
იქნა,კარი გამიღეს.
-სად ხარ ამდენი ხანი?
-ოჯახი, ხომ იცი.
-მოდი ჩემთან, - მასპინძელი გადამეხვია და სუფრისკენ წამიძღვა, -
ნახეთ ვინ მოვიდა! - წამოიძახა და ხალხმაც ყიჟინა დასცა,ოჰ, გვიკადრა ბატონმაო.
სუფრის ბოლოს დავჯექი, მანამდე ყველა ადგილი დაკავებული იყო. მაგიდას თვალი
მოვავლე და დავინახე, ისიც იქ იყო, ჩემგან შორს იჯდა. იცოდა, რომ იქ ვიყავი,
მაგრამ არ მიყურებდა, ალბათ იმიტომ,რომ იცოდა თავად ვუცქერდი და არ სურდა დამენახა
თუ როგორ აპარებდა თვალს ჩემკენ. ისეთივე იყო, როგორც ძველად.
-შენი პატარა რამხელაა? - მკითხა ძველმა მეგობარმა.
-6 კვირის.
-ღმერთმა გაგიზარდოს.
-მადლობა.
არ მომწონდა, რომ ასე
უცხოსავით მექცეოდა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ხომ უცხოები არ ვიყავით. თან
ისიც ვიცოდი, რომ ყველა ჩვენ გვაკვირდებოდა სათითაოდ, იქ ვერაფერს ვეტყოდი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ადგა და აივანზე გავიდა. წამოვდექი, გავყევი. დიდი, დახურული
აივანი იყო. აგურის კედელს მიყრდნობოდა, რიკულებიდან იყურებოდა და ხელში ანთებული
სიგარეტი ეჭირა, გამიკვირდა, ადრე არასდროს ეწეოდა ხოლმე. მივედი და მის გვერდით
დავდექი, არც მაშინ, როდესაც კარი გაიღო და არც მერე არ შევუმჩნევივარ, თითქოს იქ
არც ვიყავი.
-გამარჯობა, - ვუთხარი, მაგრამ არაფერი მიპასუხა, არც შემოუხედავს,
გამეღიმა და ვკითხე: - აქ რატომ გამოხვედი?
-სირი ხარ, - მომიგო მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად და სიგარეტს
მოქაჩა. გამეცინა.
-ეგ ისედაც ვიცი, - კვლავაც დუმდა, - როგორ ხარ?
-ეგ მართლა გაინტერესებს?
-რა თქმა უნდა. მე შენი ამბავი ყოველთვის დამაინტერესებს, - შემომხედა
ცივად, მოჩვენებითი სიცივით, უნდოდა მის მზერაში ზიზღიც გამოჩენილიყო, მაგრამ არ
გამოსდიოდა, ამისთვის ზედმეტად კარგად ვიცნობდი, - მომეცი სიგარეტი, - ვუთხარი და
ხელი გავუწოდე. ანთებული ღერი თითებში ჩამიდო. მოვქაჩე და საშინელი ხველა ამიტყდა,
პირველად ვეწეოდი. გაეცინა, დამცინა ისე, როგორც ადრე სჩვეოდა ხოლმე.
-მაინც კარგად გაუძელი, მხოლოდ ოთხჯერ დაახველე, - დამახასიათებელი
ირონიით მითხრა და სიგარეტი გამომართვა.
-მოწევა დაიწყე? ადრე ხომ არ ეწეოდი.
-ჰო, დავიწყე.
-რატომ?
-რა შენი საქმეა.
-შეეშვი ამ ყველაფერს.
-რას?
-როგორც იქცევი, ნუ მტანჯავ.
-იტანჯები?
-ჰო.
-ტანჯვა კარგია, გამძლეობას აწრთობს, - გამეცინა, ერთადერთი იყო, ვის
მწარე ხუმრობებზეც მეცინებოდა ხოლმე.
-მოდი ჩემთან, - ვუთხარი, მაგრამ არ მეგონა მართლა თუ მომეკარებოდა. ხელები
წელზე შემომხვია და ჩამეხუტა. შუბლი მკერდზე მომადო, თმაზე ვაკოცე.
-ერთ რამეში მართალი იყავი.
-რაში?
-რომ შენზე უკეთესები არ არსებობენ, ან არსებობენ, მაგრამ ძალიან
ცოტა.
-მიხარია, რომ რაღაცაში მაინც ვთანხმდებით, - მომშორდა, ერთხანს
მიყურებდა, მერე სილა გამაწნა და შიგნით შებრუნდა. ცოტა ხანს კიდევ დავრჩი, კედელს
მივეყრდენი და თავი მივადე. წარსულის მოგონებებში ჩავიკარგე. უნივერსიტეტი,
საფრანგეთი, პირველი და ერთადერთი ქართველი გოგო პარიზი-საკლეის უნივერსიტეტში -
მარიამი, გავიცანი, შემიყვარდა, იმაზე მეტად, ვიდრე ის მიყვარდა; განშორება,
დაოჯახება, მამობა. ეს ყველაფერი ჯაჭვივით გადაება ერთმანეთს.
მეც შიგნით შევედი და ჩემს
ადგილს დავუბრუნდი. მასხრობდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ის კი არა, და არც მე.
თავის თეფშს ჩასჩერებოდა და თავსაც კი არ წევდა. ასეთი რამ ისედაც სჩვეოდა, ერთ
წერტილზე მიშტერება და სადღაც დაკარგვა, თუ არ დაუყვირებდი ან შეანჯღრევდი გვერდზე
რომ მდგარიყავი და რაღაც გეთქვა, ვერც შეგამჩნევდა და ვერც გაიგონებდა. ამიტომ
მიყვარდა.
რამდენიმე ჭიქა დავლიე, არ
ვიცი რატომ, მაგრამ გული ამიჩქროლდა. მივხვდი, რომ ისევ მიყვარდა, სულ მიყვარდა,
ერთ წელზე მეტი გასულიყო, მაგრამ მაინც მიყვარდა. მასთან მივედი და ყურში
ჩავჩურჩულე - მგონი ისევ მიყვარხარ-მეთქი, შემომხედა, ისეთი სახე ჰქონდა დიდ ჯეკპოტს
რომ მოხსნი, ან ვინმე მილიონს რომ გაჩუქებს და ერთბაშად დაბნეული და გაოცებული რომ
ხარ, ვერც გააზრებას ასწრებ და ვერც გახარებას. მინდოდა პირი დაეღო, როგორც ძველად
იცოდა ხოლმე გაკვირვებისას, რომ შემდეგ თითით დამეხურინებინა, მაგრამ მხოლოდ ოდნავ
გაეპო ბაგეები, თუმცაღა თვალები კი გაუბრწყინდა, ეს არ გამომპარვია. მის გვერდზე
მჯდომს ვთხოვე, ადგილს ხომ ვერ გამიცვლით-მეთქი და მანაც დამითმო. მის გვერდით
დავჯექი და შევაცქერდი. მიპასუხა: - არ ვაპირებ ერთი ღამით შენი საყვარელი
გავხდეო. არც ორი ღამით-მეთქი,- ვკითხე. მასაც გაეცინა და ისევ შემომხედა. იმ დღეს
პირველად გაეცინა ასე გულიანად.
-მომენატრე, ძალიან მომენატრე, - მაგიდის ქვეშ მისი ხელი ვიპოვე და
ჩემსაში მოვიქციე.
-ეს არ არის სწორი.
-ვიცი.
-შენ არაფერი არ იცი.
-ეგეც ვიცი.
-თუ არაფერი არ იცი, ისიც ვერ გეცოდინება, რომ იცი,რომ არაფერი არ
იცი, - ასეთი იყო, ყველაფერს ხლართავდა, წინადადებებს საოცრად წარმოთქვამდა,
შეუძლებელი იყო არ გაგცინებოდა, მის გვერდით არასდროს მწყინდებოდა.
-მაპატიებ?
-ვცადე.
-პატიება?
-არა, შენი შეძულება იმის გამო, რაც გამიკეთე. არ გამომივიდა, ის, რომ
დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ტყუილია.
-ამას დავიმახსოვრებ.
-დეგენერატი ხარ.
-მგონი რაღაც გამოგრჩა, - გაახსენდა და ისევ გაიცინა. თავი გააქნია.
-საყვარელი დეგენერატი ხარ.
-აი ეს უკვე სხვა საქმეა, - ვუთხარი და საფეთქელზე ვაკოცე, იქ, სადაც
ყველაზე მეტად უყვარდა, - ტელეფონი ხომ არ გამოგიცვლია?
-კი, ანდროიდზე გადავედი, - შეუძლებელი იყო მასთან სერიოზული
ყოფილიყავი, უკვე ვეღარც ვითვლიდი ერთ საათში რამდენჯერ შეძლო ჩემი გაცინება,
ალბათ, ამიტომაც შემიყვარდა თავის დროზე.
-მაგას არ ვგულისხმობ, ნომერზე გეუბნები.
-ააა, არა, იგივე მაქვს.
-კარგია.
-ისევ გაქვს ჩემი ნომერი?
-ზეპირად ვიცი.
-ოჰ.
-მაშ.
-მეგონა დარეკავდი, ამიტომ არ გამოვცვალე, მაგრამ არ დაგირეკავს, შენ
ისედაც არ რეკავდი და სხვა არავინ მყავდა ვისთვისაც ნერვების მოშლა მომინდებოდა,
რისთვის უნდა შემეცვალა?
-მართებულია.
-დამირეკავ?
-დაგირეკავ.
-იცოდე არ გადამაგდო.
-არა, ხომ იცი, რომ დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ.
-ვითომ? - თვალები მოჭუტა და შემომხედა.
-რა თქმა უნდა, - ხალხი გვიყურებდა, მაგრამ არ ადარდებდა, ხალხის აზრი
არასდროს ანაღვლებდა, არც მე, მაინც მეგობრების წრე იყო, ჩემი და მისი მეგობრების.
მკლავები შემომხვია და მომეკრა, ხელი მეც გადავხვიე და მკერდზე მივიხუტე, - შენ
გაგიმარჯოს, - ვუთხარი, თითი მომიჭახუნა და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა ჩვენ
გაგვიმარჯოსო, შეიფერა და მიპასუხა - მე გამიმარჯოს, ჩემზე უკეთესს მაინც ვის
ადღეგრძელებო.
მომდევნო დღეს დავურეკე. თავისთან
დამპატიჟა, მარტო გადასულა. ძველი ნივთებიდან ჩემს დაბადების დღეზე მორთმეული
საჩუქარი გამოვძებნე, მხარში ამოვიდე და მასთან წავედი. ასეთ დროს ქალები, ალბათ,
გაიპრანჭებოდნენ, მაგრამ ის ჩუსტებითა და საღამურებით დამხვდა,
სხვანაირი იყო, ძალიან უბრალო, მასავით უბრალო გოგო არსად შემხვედრია, მასზე
მაკიაჟიც კი არასდროს მინახავს. პატარა სუფრა გაეწყო, მაგრამ ვერცერთი კერძი ვერ
ამოვიცანი.
-კულინარობა დაიწყე?
-ჰო, მარტო გადმოვედი და მომიწია.
-კარგია, ეს რა არის, ხომ არ მომწამლავს? - ვკითხე რაღაც მწვანე
სალათზე.
-ცეზარია.
-სალათის ფოთლებს ყველი მოახეხე?
-ვაიმე, ნუ მეღადავები, ვითომ შენ ჩემზე უკეთ ამზადებდე.
-შენ გოგო ხარ, მე რას მედრები.
-სამაგიეროდ ისეთ კვერცხს ვწვავ სხვა ყველაფერს გავიწყებს, სხვა
კერძები მერე აღარც გახსენდება და აღარც გინდება.
-მახსოვს მე შენი კვერცხის შეწვა, - გულიანად გაიცინა.
-ეგ ადრე იყო, მერე დავამუღამე, - მასთან ვიყავი, ორივეს გვშიოდა,
კვერცხს შევწვავო, - მითხრა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ტაფა ააშიშხინა,
კვერცხებიც დატეხა და ტაფაზე დადო, შემდეგ კი არ ვიცი რატომ, მაგრამ გამოცდილი
მზარეულივით უკვე შემწვარი კვერცხის აგდება და ტაფით დაჭერა გადაწყვიტა.
გაზქურასთან ნაგვის ურნაც იდგა, ააგდო, მაგრამ ვეღარ დაიჭირა და ჩვენი სადილიც
პირდაპირ ნაგვის ურნაში ჩავარდა. ისე ვიცინე, შიმშილი სულ დამავიწყდა. ნუ
დამცინიო, გამიბრაზდა, თუმცა თავადაც ეცინებოდა, ცდილობდა არ შემჩნეოდა, მაგრამ მე
ხომ მაინც ვატყობდი, რომ საკუთარ თავზე თავადაც ეცინებოდა.
-იცი რა მოგიტანე? - თავი გააქნია, იმ პატარა, საყვარელ ბავშვს
ჰგავდა, საახალწლო საჩუქარს გაფაციცებული თვალებით, სულმოუთქმენლად, რომ მოელის.
ალბომი ამოვიღე და წინ დავუდე.
-ღმერთო ჩემო, შენახული გაქვს, - აი როგორც იქნა გაკვირვებისგან პირი
გააღო, ხან ალბომს შესცქეროდა, ხან მე. გადავიხარე საჩვენებელი თითი ყბაზე მივადე,
პირი დახურა და გაეცინა.
-ჰო, მაქვს, - ალბომი გადაშალა და საუბარი დაიწყო, მე არც მაცდიდა,
გატაცებით საუბრობდა ყოველ ფოტოზე,
იხსენებდა სად იყო, ვისთან ერთად, რამდენი წლის იყო, რა ხდებოდა იმ დღეს,
ვინ გადაუღო, გაუჩერებლივ ლაპარაკობდა. მკითხავდა გახსოვსო და ისევ თავისას
აგრძელებდა, დიდი ვნებით მიყვებოდა, თითქოს საკუთარ თავში, წარსულსა და ცხოვრებაში
ჩაკარგულიყო. მე კი უბრალოდ ღიმილით ვუცქერდი და შიგადაშიგ თავს ვუქნევდი ხოლმე.
ასეთ დროს განსაკუთრებით საყვარელი იყო, როდესაც ასე გატაცებით და შეუჩერებლივ, სულმოუთქმელად
საუბრობდა რამეზე, ამტკიცებდა თავის მართებულობას და როცა მორჩებოდა ხოლმე, მხოლოდ
შემდეგ ამოისუნთქებდა შვებით და იტყოდა, - უჰო. ეს ალბომი ჩემთვისაც
განსაკუთრებული რამ იყო. მაშინ მაჩუქა, როდესაც პირველად დავპატიჟე დაბადების
დღეზე. მოვიდა და ლამაზი ცელოფანი გამომიწოდა, მაშინ შეყვარებულები ჯერ არ
ვიყავით. თავიდან წიგნი მეგონა, მადლობა გადავუხადე.
-არ ნახავ? - მკითხა. ცელოფნიდან ამოვიღე და, ალბათ, აშკარა
გაკვირვება დამეტყო, წიგნი სულაც არ იყო. ფოტოების ალბომს ჰგავდა, მაგრამ არა
შეფუთულსა და ყუთში ჩასმულს, როგორებსაც ახლა ყიდიან ხოლმე.
-რა არის? - ვკითხე და თან გადავშალე, ყველა გვერდზე მისი სურათები
იყო, პატარაობიდან დიდობამდე.
-ჩემი ფოტოალბომია, ამაზე უკეთესს მაინც რას შეხედავ, დაათვალიერე
ხოლმე, დატკბები. ჰო, მე მეორეც მაქვს ზუსტად ასეთი, ასე რომ არ იდარდო. გილოცავ,
-მითხრა და კიდევ ერთხელ ჩამეხუტა. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ მართლაც
ყველასგან გამორჩეული იყო და ზუსტად მასზე ითქმოდა სიტყვა special -
განსაკუთრებული.
-მომენატრა შენთან ერთად შენი ფოტოების თვალიერება, - ვუთხარი, ამ
სიტყვებში რაღაც დამალული სევდა გამოსჭვიოდა.გამიღიმა, ალბომი გადადო, ჩემთან
მოვიდა და კალთაში ჩამიჯდა. ხელები კისერზე მომხვია. თვალებში მიყურებდა. მაკოცა,
მაგრამ ეს არ იყო ის კოცნა, მე რომ მახსოვდა. თითქოს რაღაც სიმჟავე ვიგრძენი.
მეორედ აღარ ვაკოცე. ტუჩები მომიშვირა, მაგრამ ხელი წელზე შემოვხვიე და ძლიერად
ჩავეხუტე.
-დიდი ნაბიჭვარი ხარ, - მითხრა სევდიანად ისე, რომ ჩემი მხრიდან თავი
არ აუღია, - კაცები დიდი ნაბიჭვრები ხართ, ქალს არწმუნებთ რომ გიყვართ, სიყვარულს
უხსნით და მერე აღარ გიყვართ ხოლმე.
-ყველა არა, ეს მე ვარ დიდი ნაბიჭვარი, - ხელები კისერზე კიდევ უფრო
მაგრად შემომაჭდო, მომეკრა და ჩუმად აქვითინდა, - მაპატიე, - თავი საშინლად
ვიგრძენი, სული მეკვროდა, ახლა რომ ხელი გაეშვა, აუცილებლად დავეცემოდი და არც ის
ვიცოდი, ამის მერე ოდესმე წამოდგომას თუ შევძლებდი, მადლობა ღმერთს, ხელი არ
გაუშვია. თავი ჩემს მხარზე ედო და ჩუმად ტიროდა, ცდილობდა არ ეტირა, მაგრამ
ცრემლებმა, რომლებიც მხარს მისველებდა, მაინც გაცეს. ახლა ჩემი პატარა გოგო იყო,
საყვარელი, პატარა გოგონა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და, ალბათ, მისი სახება
არასდროს გაქრებოდა ჩემი გონებიდან, ხოლო მისი თავისებური სიყვარული კი ჩემი
გულიდან.
-ალბათ, ასეც სჯობს, - მითხრა და ცრემლები სახელოთი შეიშრო, - ღმერთო,
სულ დაგასველე, - დანამულ სამოსს ხელი გადაუსვა, თითქოს მტვრისგან ასუფთავებსო.
-არაფერია, - სევდიანად, საყვარლად გამიღიმა. მის ასეთ მზერას ვეღარ
ვუძლებდი, მინდოდა მოვხვეოდი და მთელი დღე მასთან ჩახუტებული დავრჩენილიყავი. ასეც
მოვიქეცი, ლოყაზე ნაზად ვაკოცე, მერე საფეთქელი და შუბლი დავუკოცნე და ისევ
ჩავეხუტე.
-ახლა რა ვქნათ? - მკითხა ბოლოს.
-რამე ფილმს ვუყუროთ.
-პირველად ერთად რომ ვიყავით კინოში, ის ფილმი ვნახოთ, ვგიჟდები.
-კარგია, თან მე წესიერად არც მინახავს ეგ ფილმი, მხოლოდ შენი
მონაყოლიდან მახსოვს.
-ო, გაშ, სკლეროზი გაქვს?
-არა,უბრალოდ მთელი სესიის განმავლობაში შენ გიყურებდი, - გაეცინა.
-წამოდი, - მითხრა და ჩემი კალთიდან ჩამოხტა, ხელი გამომიწოდა,
ჩავკიდე და დივანზე გადავინაცვლეთ. DVD ჩართო, ფილმი იპოვა და კასეტა შიგნით
შეაცურა. ვინღა ინახავს ახლა ფილმების კასეტებს, მაგრამ ის მაინც ინახავდა, ის ხომ
ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული იყო. ერთი დიდი პლედი მოიტანა. დივანზე წამოვწექი,
წინ მომიწვა, ხელები მოვხვიე, ჩავეხუტე და პლედი გადავიფარეთ.
-მიხარია, რომ ეს არ გავაკეთეთ, - ვუთხარი ფილმის დაწყებიდან ცოტა
ხნის შემდეგ.
-ჰო,მეც.
-რადგან ეს რომ გაგვეკეთებინა, არ ვიცი შევძლებდი თუ არა შენს
სიყვარულს. ჩემს თვალში ფასს დაკარგავდი...
-ასე აღარასოდეს დავეცემი, გპირდები, - ყურს უკან ვაკოცე, - მიხარია,
რომ აქ ხარ, ჩემთან.
-მეც ძალიან მიხარია.
-კარგი, მაცადე ფილმის ყურება, ჩემი საყვარელი მომენტია.
-მომიყვები?
-რას?
-რა ხდება.
-უყურე და გაიგებ.
-მე შენი მონაყოლი მირჩევნია, - გაეღიმა.
-კარგი, - მიპასუხა და მოყოლა დაიწყო. აღელვებით, გატაცებითა და ვნებით
საუბრობდა, გაუჩერებლივ, უსასრულოდ, მთელი ფილმი მომიყვა, ასეთი საოცარი ფილმი ჯერ
ცხოვრებაში არ მენახა.
No comments:
Post a Comment