საშინელი ქარბუქი მძვინვარებდა, ირგვლივ არფერი ჩანდა.
უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც გაუთავებლად თოვდა. გზა საშინლად გაიწელა და
უღელტეხილი ჯერ კიდევ არ მოჩანდა. თოვლში არც ნადირი იცოდა, მთელი არმია
შიმშილობდა. ბევრი დაღუპულიყო, აფრიკის სიცხეს მიჩვეულები ვერ უძლებდნენ ალპების
ყინვას, ზოგი გაყინულიყო და თოვლში პირქვე დამხობილიყო, ზოგსაც შიმშილისგან
დაეკარგა გონი. ბევრი უკან გაბრუნებულიყო. ბარკას ლაშქარი თითქმის განახევრებულიყო
და უღელტიხელამდე ჯერ კიდევ ძალიან შორი იყო.
დაბანაკებულიყვნენ და კარვები გაეშალათ. ღამდებოდა. ბარკა თავის კარავში
მარტო იყო. ნიკაპი ხელზე ჩამოეყრდნო და ჩაფიქრებულიყო. კარვის კალთა აიწია და
შიგნით ბრგე ვაჟკაცი შემოძვრა, თავსაბურავი მოიხსნა, ჰანიბალმა სტუმარს თავი ოდნავ
დაუქნია.
-რამე უნდა ჭამო,ჰანიბალ, ძალა გჭირდება,
დასუსტდები, - უთხრა და გამხმარი ხორცის ნაჭერი გაუწოდა.
-არ მინდა, მე როგორ უნდა ვჭამო მაშინ, როდესაც
ვიცი, რომ მთელი ლაშქარი შიმშილობს, ეს არ იქნება სწორი.
-შენ სარდალი ხარ, წინამძღოლი. ჩვენ შენ მოგყვებით,
ენერგია გჭირდება.
-კარგად ვარ,ჰისკონ, ჩემზე არ იდარდო. შენ ის
მითხარი, ბიჭები როგორ არიან, რას ამბობენ?
-უძლებენ, მაგრამ უკმაყოფილოები არიან. წესიერად
ცეცხლსაც ვერ ვანთებთ, არ ვიცი კიდევ რამდენ დღეს გავუძლებთ. საჭმელი რომ გვქონდეს
კიდევ ჰო, მაგრამ ირგვლივ არაფერია, ჰანიბალ, ჯერ ალპები არავის გადაულახავს, ეს
სიგიჟეა.
-შენც ეჭვი გეპარება, ჩემო მეგობარო? - ჰისკონი
ჰანიბალთან მივიდა და ჩაიმუხლა, ხელები მხრებზე მოჰკიდა.
-მე შენი მჯერა, გენდობი, მაგრამ...
-მაშინ არავითარი მაგრამ, - ჰისკონმა თავი დაუქნია,
- ხვალ მეომრებს სიტყვით მივმართავ, ეს ერთადერთი გზაა. რომაელები ზღვით გველიან,
ფლოტით მათ ვერ დავამარცხებთ.
-ვიცი, ამას მაინც დაგიტოვებ, - ხორცის ნაჭერი
გვერდით დაუდო და კარვიდან გავიდა. ჰანიბალს მისთვის არც შეუხედავს, კვლავ თავის
ფიქრებში ჩაიკარგა.
თენდებოდა, როდესაც ბანაკი უცნაურმა ხმაურობამ აიტანა.
-ჰანიბალი გააღვიძეთ, ჩქარა! - ყოველმხრიდან ისმოდა
გადაძახილები. როგორც კი სარდალს აურზაური მოესმა, მაშინვე წამოხტა, ხმალი
შემოიჭდო და გარეთ გამოვარდა. რამდენიმე მეომარი მისკენ მორბოდა.
-რა მოხდა? -იკითხა აღელვებულმა.
-მზვერავები დაბრუნდნენ, შეშინებულები არიან, იქ
რაღაც არის, ერთ-ერთი ჩვენგანი უკვე მოუკლავს, დანარჩენები ძლივს გამოექცნენ.
-აქ არიან? დაუყოვნებლივ მათთან წამიყვანეთ!
მზვერავების გარშემო მეომრებს წრე შეეკრათ. ჰანიბალმა მაშინვე გაარღვია
მათი რიგები. დამფრთხალ მზვერავებთან ჰისკონი ჩაცუცქულიყო და ჰკითხავდა. ბარკას
გამოჩენისთანავე ყველა ფეხზე წამოდგა.
-რა მოხდა, რა დაინახეთ?
-ეს...ეს...-შიშისგან დაზაფრულები ლუღლუღებდნენ,
ჯერ კიდევ ერთიანად კანკალებდნენ.
-ყველაფერი რიგზეა, ილაპარაკეთ.
-მ...მონსტრი, ურჩხული.
-უზარმაზარი, თეთრი მოჩვენება, - თქვა მეორემ, -
მუავი ჩვენ თვალწინ ნაკუწებად აქცია, მისი გაგლეჯილი მარჯვენა ხელი ჩემ წინ
ჩამოვარდა. - ლაშქარში ჩურჩული გაისმა, ასეთი ვაჟკაცები ასე გვარიანად
შეშინებულები არავის ენახა.
-დარწმუნებული ხართ, რომ მართლა დაინახეთ?
-რა თქმა უნდა, მთავარსარდალო, ეს ჩვენი თვალით
ვნახეთ, ასეთი არაფერი გვინახავს, ეს ადგილი დაწყევლილია.
-ჰანიბალ, ეს რაღაც ჩვენს გზაზეა, ის ადგილი უნდა
გავიაროთ, სხვა გზა არ არის, - უთხრა ჰისკონმა.
-დავიხოცებით, ყველანი დავიხოცებით, - ამოილუღლუღა
მზვერავმა.
-ხმა ჩაიგდეთ! - ჰანიბალის ხმა გამაყრუებელი
ზარივით გაისმა, - ჩვენ კართაგენელები ვართ, თვით რომსაც კი არ ძალუძს ჩვენი
დამარცხება და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. მეომრებო, ალპების გადალახვით თქვენ
გადადიხართ არა მარტო იტალიის, არამედ რომის კარიბჭეზეც. ამიერიდან ყველაფერი ისე წარიმართება,
როგორც გვსურს, ერთი ან ორი ბრძოლა ჩვენს ფერხთა წინაშე დააჩოქებს
იტალიასაც და მის დედაქალაქსაც, უბრალო შიშს ვერ
მივცემთ უკან დახევის უფლებას, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ დაუმარცხებლები და
უძლეველები ვართ. რომაელებმა ჩვენ მამები და პაპები დაგვიხოცეს, ჩვენი ძმები
დააობლეს, ჩვენი დედები აატირეს, განა ამას შეარჩენთ მათ?! ეს არაა ბრძოლა მხოლოდ
ტერიტორიისა და დაწყევლილი მიწისთვის, ესაა ბრძოლა ღირსებისთვის, პატივისთვის,
წინაპრებს პატივი უნდა ვცეთ, ისინი შურისძიებასა და რომაელთა დანთხეულ სისხლს
მოითხოვენ, ჩვენ მათი მიწა მათივე სისხლით უნდა მოვრწყათ, კართაგენისა და
კართაგენელებისთვის! ვინ გამომყვებით, ვის გაქვთ სათანადო ვაჟკაცობა, რომ ჩემ
გვერდით იბრძოლოთ და წინაპართა შური იძიოთ?!
-მე! მე! მე! - დაიგუგუნა ლაშქარმა და ყველამ
მახვილი ამოაგო, - კართაგენისა და კართაგენელებისთვის!
-საბრძოლო მზადყოფნა, მოემზადეთ, მოეწყვეთ! ვნახოთ
რა არის ეს ურჩხული, რომელსაც ჩვენთვის ხელის შეშლა განუზრახავს, ვაჩვენოთ ვისთან
დაიჭირა საქმე!
- საბრძოლო ყიჟინამ არემარე გააყრუა. სასწრაფოდ
კარვები აკეცეს და გზას გაუდგნენ. მზე ბოლომდე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო, თუმცაღა
ქარბუქი შედარებით ჩამდგარიყო. მეომრები გზას შეჯგუფებულები მიუყვებოდნენ, ხელში
ყველას მახვილი ეპყრა, წინ ჰანიბალი მიუძღოდათ, რომელსაც გვერდს ჰისკონი
უმშვენებდა.
ბურუსში
არაფერი ჩანდა, წინ ნელ-ნელა მიიწევდნენ. მოულოდნელად ჰისკონმა ჰანიბალს თოვლზე
მიუთითა, რომელსაც უზარმაზარი არსების ნაკვალევი ემჩნეოდა. ერთმანეთს უხმოდ
გადახედეს და გზა განაგრძეს. უეცრად საზარელი ღრიალის ხმა გაისმა. ჰანიბალმა ხელი
აწია და ლაშქარი შეაყენა. უკანა რაზმი შემობრუნდა და მოწინავეებს ზურგით
მიეყრდვნენ. მახვილი ყველამ მაღლა აწია. მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ მეომრების აძგერებული გულების ყრუ ბაგუნი და
მათი გახშირებული სუნთქვა ისმოდა. არაფერი მომხდარა, სრულიად არაფერი, მეომრები
ცოტათი მოეშვნენ და ის იყო რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს, რომ უეცრად ბურუსში ორმა
წითელმა წერტილმა გაიელვა.
-მოემზადეთ! - შესძახა ჰანიბალმა. გამაყრუებელი
ღრიალი ისევ გაისმა და მიწამ ზანზარი დაიწყო.
-ეს რა ჯანდაბაა, - ჰისკონი მახვილს ორივე ხელით
ძლიერად ჩაებღაუჭა და წელში მოიხარა. ჰანიბალს გასცქეროდა, ნათლად ხედავდა სარდალი
როგორ აღგზნებულიყო, შიშის ნატამალიც კი არ ეტყობოდა, არცერთი ძარღვი არ
უფეთქავდა, ნესტოები დაბერვოდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და პირზე შეუმჩნეველი
ღიმილი აღბეჭვდოდა. მალე ზუსტად მათ წინ რაღაც უზარმაზარი სილუეტი გამოჩნდა და
მიწამაც უფრო მეტად დაიწყო ზანზარი. ორი წითელი წერტილი კიდევ უფრო მკაფიოდ
გამოიკვეთა. ეს რაღაც მართლა ურჩხულს ჰგავდა, უზარმაზარ, გააფთრებულ მონსტრს დიდი
თეთრი საფარველით. ხახა დაეფჩინა და სისხლიანი ეშვები ეულავდა. როგორც კი მისი
მოხაზულობა კარგად გამოჩნდა და მეომრებამდე რამდენიმე მეტრი აშორებდა, ჰანიბალი
მაშინვე მისკენ გაექანა.
-ჰანიბალ, - დაიყვირა ჰისკონმა, მაგრამ უკვე გვიანი
იყო. ორი უზარმაზარი არსება სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმოდა ერთმანეთს. ჰანიბალმა
მახვილი მოუქნია, მაგრამ ურჩხულმა თავისი უზარმაზარი ტორი დაახვედრა და ბარკა
მიწას დაანარცხა. მახვილმომარჯვებული ჰისკონი თეთრი მხეცისკენ წავიდა, მაგრამ
ჰანიბალმა შეაჩერა.
-არ შეეხოთ, ჩემია, - დაყვირება და მისი უეცარი
წამოხტომა ერთი იყო. არსებამ კიდევ რამდენჯერმე მოუქნია ტორები, მაგრამ ბარკამ
ყოველი მათგანი აიცილა, შესაფერის დროს დაელოდა და მახვილი შიგ მუცელში ჩაასო,
მაშინვე გამოაძრო, რომ მეორედ დაერტყა, მაგრამ გამძვინვარებულმა ურჩხულმა ძლიერად
მოუქნია მარცხენა ტორი, კლანჭები სახეში ჩაესო და მოწყვეტით უკან გადავარდა.
ურჩხული ზემოდან დააცხრა, ჰანიბალმა მახვილის აღმართვა მოასწრო და ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში პირში ჩასჩარა. მხეცის ეშვები ფოლადსაც კი ღრიდნენ. ბარკა თოვლში
აქეთ-იქით ფორთხავდა, მაგრამ თავის დაღწევას ვერ ახერხებდა. დაბნეული მეომრები
ერთმანეთს უყურებდნენ, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, ჰანიბალს კარგად იცნობდნენ და
იცოდნენ მისი ხასიათიც, ამიტომ ორთაბრძოლაში ჩარევასა და მის დახმარებას ვერ
ბედავდნენ. ჰანიბალს მახვილის ბასრი მხარე ხელს უსერავდა და სისხლი წურწურით
ჩამოსდიოდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა, მახვილს ხელი აჰკრა და მხეცს
დიდრონი შავი დრონჩი აათალა. ურჩხულმა საშინლად დაიღრიალა და სანამ რამეს
მოასწრებდა ბარკამ მახვილი მარჯვნიდან თავში აძგერა და მთელი თავი გაუპო, ფოლადის
სისხლიანი წვერი მარცხენა მხრიდან გამოვიდა. უსულო სხეული მოწყვეტით დაეცა
ჰანიბალს. მიუხედავად იმისა, რომ ასობით კილოს იწონიდა, ჰანიბალმა მაინც მოახერხა
მისი ტანით აზიდვა და გვერდზე გადააგდო. ჰისკონი მაშინვე მეგობართან მიიჭრა და
ხელი გაუწოდა, დაშავებული სარდალი ფეხზე წამოაყენა.
-კარგად ხარ? - ჰკითხა დაზაფრულმა. ჰანიბალმა ხელი
გაკაწრულ, დასისხლიანებულ სახეზე ჩამოისვა, თოვლი აიღო და ლოყაზე შეიზილა. დასერილ
ხელისგულზეც თოვლი დაიდო, ჰისკონს გაუღიმა და უთხრა:
-დიდი ვერაფერი ურჩხული გამოდგა, -ორივემ თოვლში
დაგდებულ მხეცს მიაპრო მზერა. შუბლზე ჩამომდინარი სისხლისგან თეთრი ბეწვი წითლად
შეღებვოდა.
-წარმოდგენა თუ მაინც გაქვს რა არის?
-მგონი ვიცი რაცაა. პირველად ვხედავ, მაგრამ
მამაჩემისგან მსმენია მათ შესახებ.
-მართლა?
-ჰო, დათვს ეძახიან, დიდი თეთრი დათვი.
-იჭმევა?
-ამის გაგების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, თუ შეიწვება
და დაიღეჭება, ე.ი. იჭმევა, - ორივე გამხიარულდა და სიცილი დაიწყეს, - როგორც
ჩანს, ბედი გვწყალობს, მთელი ლაშქრის სამყოფი საჭმელი ვიპოვეთ! - დაიძახა
ჰანიბალმა და მეომრებმაც ყიჟინა დასცეს:
-ვაშა, ვაშა! ჰანიბალ, ჰანიბალ, ჰანიბალ!
-ახლა კი უკვე მართლა მომშივდა, - ჰისკონს ღიმილით გადაუჩურჩულა
ჰანიბალმა, - ბედი გვწყალობს, ღმერთები ჩვენ მხარეზე არიან. გამარჯვებაში ეჭვი
აღარ მეპარება, ჩვენ უღელტეხილს გადავლახავთ და იტალიის მიწაზე დავდგამთ ფეხს.
-უკვე ამის მეც მჯერა, და მხოლოდ მე არ ვარ
ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს, - თქვა ჰისკონმა და ორივემ გამხიარულებულ და
აღტაცებულ მეომრებს გახედა, რომლებიც თოვლზე მიათრევდნენ ჰანიბალის მიერ მოკლული
თეთრი დათვის უზარმაზარ სხეულს და მიწის თეთრ საფარველზე სისხლის წითელ კვალს
ტოვებდნენ.
ჰანიბალმა
მომდევნო დღეების განმავლობაში ადგილობრივ ტომებთან რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა.
ყოველი მათგანი გამარჯვებით დააგვირგვინა. მის შეჩერებას ვერავინ ახერხებდა.
მეომრებმა საბოლოოდ ირწმუნეს თავიანთი მხედართმთავრის. მეცხრე დღეს ჰანიბალმა
როგორც იქნა მიაღწია უღელტეხილს. მთავარსარდალმა
გადაქანცული მეომრები ორი დღით შეასვენა, ალპების კალთებზე დაფენილმა შემოდგომის
თოვლმა და გაუსაძლისმა ამინდმა ისინი ძალიან დაღალა. ბარკა თავისი ორატორული ნიჭით
კვლავ ახერხებდა არმიის შენარჩუნებას, მაგრამ მათი რიცხვი დღითიდღე კლებულობდა.
კართაგენელებს კიდევ უფრო გაუჭირდათ ალპების სამხრეთი კალთების გადალახვა. მართალია,
ადგილობრივ ტომთა თავდასხმები მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ თოვლისა და ცუდი გზის
გამო მეომართა დანაკლისი იმდენივე იყო, რამდენიც ალპებში აღმა ასვლისას.
სექტემბრის ბოლოსთვის ჰანიბალის არმიამ გადალახა ალპები და პადუსის ველზე გავიდა,
თუმცა ეს იყო მხოლოდ მცირე ნაწილი იმ არმიისა, რომელიც მას ესპანეთში ჰყავდა.
ჰანიბალ ბარკას ალპების გადასალახად ზუსტად 15 დღე დასჭირდა. მან დიდი მსხვერპლი
გაიღო, ვიდრე აპენინის ნახევარკუნძულს მიაღწევდა, მაგრამ შედეგიც შესაბამისი იყო:
კართაგენის არმიამ ფეხი დადგა იტალიის მიწაზე. ჰანიბალის წინაპრების ოცნების
პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა.
მუხედავად
ამისა, სიტუაცია მაინც მძიმე იყო, ჰანიბალს არ ჰყავდა ბევრი მეომარი. პადუსის
ველზე გასული კართაგენის არმია 12 ათას აფრიკელს, 8 ათას იბერსა და 6 ათას
ცხენოსანს ითვლიდა. მთავარსარდალმა კარგად იცოდა გალური ტომების რომაელებთან
დამოკიდებულების შესახებ და არმიის შევსების მიზნით ის ადგილობრივი ტომების
გადაბირებას შეუდგა. ჰანიბალმა კავშირი შესთავაზა ტავრინების გალურ ტომს, მაგრამ
მათ უარი თქვეს მოკავშირეობაზე, რის შემდეგაც ალყა შემოარტყა მათ დედაქალაქს, სამი
დღის ალყის შემდეგ აიღო და სასტიკად გაუსწორდა ტავრინებს. მათი განადგურების შემდეგ
დანარჩენმა გალურმა ტომებმა უსიტყვოდ დაიკავეს კართაგენელთა მხარე, რის შედეგადაც
ჰანიბალის არმია შეივსო და გაძლიერდა. რომაელებზე გამარჯვება მათივე მიწაზე უკვე
აღარ რჩებოდა მიუღწეველ და განუხორციელებელ ოცნებად.
ძვ. წ.
218 წლის ოქტომბერში კართაგენელები და რომაელები მდინარე პადუსის ჩრდილოეთ ნაპირზე
შეხვდნენ, მდინარეებს სესიასა და ტიცინოს შორის. ბრძოლის დაწყებას არცერთი მხარე
არ ცდილობდა. რომაელები რომისკენ მიმავალი გზების შეკვრას ცდილობდნენ. ჰანიბალი
ყურადღებით აკვირდებოდა მათ წყობას, შეიარაღებას. ყველასთვის მოულოდნელად კი ცხენს
დეზი ჰკრა და ბრძანება გასცა:
-მომყევით! - კართაგენელები მაშინვე შეტევაზე
გადავიდნენ. რომაელებმა შუბები და მახვილები აღმართეს, მაგრამ ჰანიბალი თავისი
სწრაფი მოქმედებებით მათ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ხელჩართული ბრძოლა
გაჩაღდა. რომაელთა ნახევარი არმია უკვე განადგურებული იყო. რომის კონსული სციპიონი
გააფთრებით იბრძოდა, მაგრამ კართაგენელთა უპირატესობა აშკარა იყო. რომაელმა ფერდში
მწვავე ტკივილი იგრძნო და მუხლი მოეკეცა, ის იყო საბოლოოდ უნდა მოეღოთ მისთვის
ბოლო, რომ კართაგენელებს შორის კონსულის 17 წლის ვაჟი ჩადგა. მახვილს ბრწყინვალედ
ფლობდა, მამას გადაფარვოდა და ერთბაშად ოთხ ბრგე მეომარს ებრძოდა, ერთ-ერთს
მუცელიც კი გამოფატრა. ბრძოლის ბედი სხვა ადგილებზე გადაწყვეტილი იყო, ყველა იქით
მიიწევდა, სადაც ყველაზე დიდი ბრძოლა და შეხლა-შემოხლა გაჩაღებულიყო. ჰანიბალმაც
აქეთკენ გამოაჭენა თავისი ბედაური. ჭაბუკი სციპიონი ალყაში მოექციათ, მაგრამ ის
მაინც არ გამტყდარიყო. გააფთრებული იბრძოდა და კართაგენელებს მამამისთან
მიახლოების ნებას არ აძლევდა. მანამ არ დანებდა, სანამ მახვილი შუაზე არ
გადაუტყდა. მერეც ძირს დაგდებული ფარი აიღო და იმით ეძგერა ერთ-ერთ მეომარს,
მაგრამ ფეხი ჰკრეს და წრის ცენტრში მიწაზე გაგორდა. ის იყო მის მოსაკლავად მახვილი
შემართეს, რომ ჰანიბალმა, რომელიც იქამდე ჩუმად აკვირდებოდა ბრძოლას, შესძახა:
-შეჩერდით! - სარდალს ყველა გაკვირვებით შეაცქერდა,
- წამოდექი! - უბრძანა ჭაბუკს და ისიც ფეხზე წამოდგა. ჰანიბალს თვალდაუხამხამებლად
შესცქეროდა, მის მზერაში მხოლოდ დაუფარავი ზიზღი გამოსჭვიოდა, - რა გქვია? -
ჰკითხა ბარკამ.
-სციპიონი, - მიუგო ყმაწვილმა. ცხენზე ამხედრებულმა
ჰანიბალმა თითქოს ერთგავრი რევერანსი გააკეთა და მის წინაშე ქედი მოიხარა. როცა
გასწორდა უთხრა: - შესანიშნავი მეომარი ხარ, უშიშარი, მამაცი, გაბედული, მახვილს
ბრწყინვალედ ფლობ, საკუთარ სიჭაბუკეს მახსენებ. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ,
მოსაკლავად მეცოდები და მენანები, - ხელი აწია და თქვა: - გზა მიეცით, - წრე
დაირღვა და გასაქცევი გზა გამოათავისუფლეს.
-მამაჩემის გარეშე არსად წავალ, - მიუგო ჭაბუკმა. მეომრებმა
გულიანად გაიცინეს.
-ერთი ამას დაგვიხედე, მამიკო როგორ უყვარს, -
თქვეს და ჩაიქირქილეს. ჰანიბალი ახალგაზრდა სციპიონს თვალს არ აცილებდა, შემდეგ კი
მამამისს შეხედა. მუხლებზე დაცემულიყო, ცალი ხელი ჭრილობაზე მიედო, მეორით მიწას
დაყრდნობოდა, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და თავის აწევას ვერ ბედავდა. ჰანიბალმა
ჩაიცინა.
-წადით, სანამ გადამიფიქრებია, - ბიჭმა მამას
მაშინვე მხრებში ჩაავლო ხელი, წამოაყენა, მხარზე დაიყრდნო და თავიანთი ბანაკისკენ
გაუდგნენ გზას.
-ჰანიბალ, ის რომის კონსულია, ასე ხომ ვერ გაუშვებ?
- მიუგო ჰისკონმა.
-მოიცადე! - დაიყვირა მთავარსარდალმა. სციპიონი
შედგა და შემობრუნდა, - დაე, ყველამ იცოდეს ვისთან აქვთ საქმე, რომ რომის კონსულიც
კი ჩემ წინ მუხლებზე იყო გართხმული და მხოლოდ ჩემი კეთილი ნების წყალობით დარჩა
ცოცხალი; რომ რომში მე ვწყვეტ თუ ვინ იცოცხლებს და ვინ არა! ახლა კი აქედან
მოშორდით, - ბოლო სიტყვები პირში გამოსცრა. სციპიონიც შებრუნდა და უკან მანამდე არ
გამოუხედავს, სანამ თავიანთ ბანაკს არ მიაღწიეს. რომაელები ასეთ სწრაფსა და
მოულოდნელ დამარცხებას არ ელოდნენ. სციპიონი გრძნობდა, რომ მისი არმია მტრის
ხელახლა თავდასხმას ვერ გაუძლებდა და ლაშქრის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. საჭირო იყო
საიმედო თავშესაფრის პოვნა. სციპიონმა მეორე ღამესვე აყარა ლაშქარი და მდინარე
პადუსი ფარულად გადალახა. ჰანიბალმა მტრის გაქცევის შესახებ გვიან გაიგო, თავისი
მეომრები დაადევნა და რამდენიმე ათასი ლტოლვილი რომაელი მეომრის ხელში ჩაგდება
მაინც მოახერხა. სციპიონმა თავის ვაჟთან ერთად ქალაქ პლაცენციას შეაფარა თავი. ტიცინოს
ბრძოლის შემდეგ პადუსის ნაპირებზე მყოფ ჰანიბალთან ციზალპელი გალების
წარმომადგენლები გამოცხადნენ და მეგობრობა და თანამშრომლობა შესთავაზეს.ბარკას არმიის
რიგები დღითი დღე ახალი მეომრებით ივსებოდა.
კართაგენელები რომის მიწაზე კიდევ უფრო მეტად იკიდებდნენ ფეხს და
გამარჯვებებს აღნიშნავდნენ. ამ დროს ასეთი საზეიმო განწყობა სულაც არ სუფევდა
პლაცენციას ერთ-ერთ მდიდრულ რეზიდენციაში, სადაც სციპიონი ჭრილობას იშუშებდა.
-შენ გადამარჩინე, დღეს რომ ცოცხალი ვარ, ეს შენი
დამსახურებაა, ძლივს გამოვიქეცით, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს რა ვუთხრა, თავი მომეჭრა
და სამუდამოდ შერცხვენილ იქნა ჩემი სახელი, - საწოლში ჩაწოლილმა ვაჟს მიუგო,
რომელიც იქვე ახლოს თავის მახვილს ლესავდა. იარაღი დადო და მამას მიუახლოვდა.
-შურს ვიძიებ, გპირდები, ჩვენი შერცხვენისთვის კართაგენელებზე შურს ვიძიებ და
ჰანიბალსაც პირადად გავუსწორდები.
-ამის იმედი მაქვს, -
მამამ ხელზე ხელი ნაზად დაადო, - რომ შენ შურს იძიებ იმისთვის, რაც დღეს მოხდა,
შეიძლება არა დღეს, არა ხვალ, მაგრამ მოვა დრო, როდესაც მათ გაუსწორდები და
ყველაფრისთვის პასუხს მოსთხოვ. ჰანიბალმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ცოცხალი
დაგვტოვა, მას ეს შეცდომა არ უნდა ვაპატიოთ.
-არც ვაპატიებ, გპირდები,
მამა, - კონსულის ხელი აიღო და ნაზად ეამბორა. იმ დღეს 17 წლის ჭაბუკმა გულში
ღრმად ჩაიდო ჰანიბალ ბარკასა და კართაგენელთა სიძულვილი. მთელი თავისი ცხოვრება
კართაგენელებზე შურისძიებასა და მათ განადგურებას მიუძღვნა და თავისი ოცნება
აისრულა კიდეც, როდესაც ძვ.წ. 202 წელს ზამასთან ჰანიბალი და მისი არმია მიწასთან
გაასწორა, რის შემდეგაც სციპიონს „აფრიკელის“ ზედწოდება მიანიჭეს.
ჰანიბალი კი შეურიგებელ ომს განაგრძობდა.
ძვ.წ. 218 წელს მოიგო ტრებიის ბრძოლა, შემდეგ ტრაზიმენის ტბის ბრძოლა, ააოხრა
უმბრია,
დალაშქრა ცენტრალური
იტალიის ტომები: მარსები, მარუცინები, პელიგნები და შეიჭრა აპულიაში. საგულდაგულოდ
ააოხრა აპულია და სალაშქროდაც იქ დაიბანაკა.შემდეგ ბრძოლის ასპარეზი აპულიიდან სამნიუმში გადაიტანა. მოაოხრა ბენევენტუმის ოლქი, ქალაქები ბენევენტუმი და ვენუზია, შემდეგ კი კამპანიის დალაშქვრა გადაწყვიტა. საჭირო იყო კაზინუმის გზის ჩაკეტვა, რათა რომი კამპანიელებს ვერ დახმარებოდა. ჯარი კაზინუმისაკენ დაძრა, თუმცა შემთხვევით კაზილინუმში აღმოჩნდა. ბარკამ ამის გამო მეგზურები ჯვარზე გააკრა და ახლა მხოლოდ იმასღა ცდილობდა, როგორმე არმია გაეყვანა კაზილინუმის ვიწრო ხეობიდან.
ჰანიბალს თვალებში რისხვა ჩასდგომოდა, არავის იკარებდა. დღეებს თავის კარავში ფიქრში ატარებდა. დიქტატორი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსის პოლიტიკა ძალზედ არ მოსწონდა, არ იცოდა ამ კაცისთვის რა მოეხერხებინა, გადამწყვეტ ბრძოლას ყოველთვის თავს არიდებდა. ბრძოლის სურვილით აღვსილ ჰანიბალს უბრალოდ არ ესმოდა „შემკავებლის“, თავიდან ბევრი იცინა, როდესაც უთხეს, დიქტატორს უთქვამს, ჰანიბალთან ბრძოლის ერთადერთი გზა არბრძოლააო, მაგრამ ახლა ეს უკვე აღარ ახალისებდა. ბრძოლა სწყუროდა, ნამდვილი, სისხლისმღვრელი ბრძოლა. ბედი კიდევ ერთხელ ცადა და რომაელები ისევ გამოიწვია. ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმუსი თითქოს გაეთამაშა და დასცინა, მცირე შეტაკების შემდეგ ისევ თავის ბანაკში დაბრუნდა და ჰანიბალი თავისი არმიით ისევ ჩაკეტილ ხეობაში, ალყაში დატოვა.
კართაგენის არმია აშკარა საფრთხის წინაშე იდგა. საღამო იყო, როდესაც ჰანიბალი თავისი კარვიდან სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გამოვიდა და უკან ხელებგადაჯვარედინებულმა სეირნობა დაიწყო. მეომრები თვალს აყოლებდნენ და ერთმანეთს ჰანიბალზე ანიშნებდნენ, მაგრამ რამის კითხვას ან თქმას ვერავინ ბედავდა. კამპანიიდან წამოღებული სურსათ-სანოვაგე ჰქონდათ, მაგრამ ყველას აინტერესებდა როდემდე იქნებოდნენ ასე უმოქმედოდ და როდის გააღწევდნენ ამ ხეობიდან, მათი ბრწყინვალე სარდალი კი დუმდა და უაზროდ დაეხეტებოდა ბანაკში. იმ ადგილთან მივიდა, სადაც კამპანიიდან გამორეკილი ხარები ემწყვრია, სულ ორი ათასი. ერთხანს ხარებს მიაჩერდა, სახე მოეღრიცა და ბაგის კუთხეში ღიმი გაუკრთა, შემდეგ კი ხმამაღლა დაიწყო ხარხარი. მეომრები დაბნეულები და გაკვირვებულები შესცქეროდნენ, ხომ არ გაგიჟდაო. ჰანიბალმა მეთაურების მოყვანა ბრძანა, ისინი დაუყოვნებლივი წესით მოძებნეს და სარდალს მოჰგვარეს. ამ უკანასკნელმა კი მათ თავისი ბრწყინვალე გეგმა გააცნო.
-მოვიფიქრე ამ ხეობას თავს როგორც დავაღწევთ, - უთხრა მეთაურებს.
-მაინც როგორ?
-ხარები.
-ხარები?
-დიახ, ხარები, მათ რქებზე ჩირაღდნებს დავამაგრებთ და ღამე ავანთებთ.შემდეგ ხარებს მწვერვალებისკენ გავრეკავთ.
-ჰანიბალ, არ გვესმის.
-სიბნელეში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს მეომრები გარბოდნენ. გადასასვლელების ჩამკეტი რომაელები მოძრავ აალებულ ფიგურებს რომ დაინახავენ, იფიქრებენ, კართაგენელები შეტევაზე გადმოვიდნენო. საგუშაგოებს მიატოვებენ და ცეცხლოვან ფიგურებს მიაშურებენ. ამ დროს ჩვენც გამოვჩნდებით, ხარებს ამოფარებულები და გაურკვევლობაში ჩავარდნილებს სწრაფად შევებმებით. ამ რაზმს შენ უმეთაურებ, - ჰანიბალმა ერთ-ერთ მეთაურს მიმართა, ამ უკანასკნელმაც თავი დაუქნია, - მთავარ რაზმს კი მე წავიყვან. საგუშაგოები რადგანაც მიტოვებულები ექნებათ, დაუბრკოლებლად გავივლით უმეთვალყურეოდ დატოვებულ ხეობას.
-ვითომ გამოვა?
-როგორ ბედავთ და ჩემს გეგმას კითხვის ქვეშ აყენებთ?!
-მაპატიეთ, მხედართმთავარო, - მეთაურმა განრისხებული ჰანიბალის დანახვაზე ნერწყვი ძლივსძლივობით გადაყლაპა.
-ჩირაღდნები გაამზადეთ, დროს ვეღარ დავკარავთ, ისედაც საკმაო დრო დავკარგეთ უსაქმოდ ყოფნაში.
-ახლავე, - უპასუხეს და მთელი ბანაკი გამოცოცხლდა, ისმოდა გადაძახილები, ყველა სადღაც მირბოდა, რაღაცას აკეთებდა, ირჯებოდა, შრომობდა. ჰანიბალი ხარებს მიუახლოვდა და ნაზად მოეფერა.
-თქვენ არც კი იცით ახლა რა წყალობა მყავით, - უთხრა და ერთ-ერთ მათგანს აკოცა.
მისმა გეგმამ გაამართლა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვარაუდობდა. ფაქტობრივად უბრძოლველად გავიდა ხეობიდან, ამის შემდეგ კი სამნიუმში გადავიდა და ააოხრა. დიდძალი ქონება ჩაიგდო ხელთ, ზამთრის გასატარებლად კი კვლავ აპულიას მიაშურა. ამასობაში კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსის დიქტატორობის ვადაც ამოიწურა, რომის კონსულებად გაიუს ტერენციუს ვარონი და ლუციუს ემილიუს პაულუსი აირჩიეს. ჰანიბალს ეს ამბავი ძალზედ გაუხარდა და მათი სადღეგრძელოც კი შესვა. მთელი თავისი არსით გრძნობდა მოახლოებულ ბრძოლასა და დიდ გამარჯვებას, ჰანიბალს ტრიუმფი სურდა და მზად იყო ყველაფერი გაეღო ამ ტრიუმფისთვის. რომაელთა არმია სრულ მობილიზაციას განიცდიდა. სისხლისმღვრელი ბრძოლა გარდაუვალი იყო. თოვლი დნებოდა, ზამთარი მიდიოდა და გაყინული სისხლიც თავიდან იწყებდა ადუღებას, ჩქეფვას, გული ბრძოლის დაჟინებული წადილით ფეთქავდა, ჰანიბალს ყოველღამე ესიზმრებოდა ეს ბრძოლა, არ იცოდა ადგილი, მაგრამ იცოდა, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებდა და ამ ბრძოლით ისტორიაში შევიდოდა. სისხლისმღვრელი ეპიზოდებიც კი ვერ ურღვევდნენ ღამღამობით სიმშვიდეს, პირიქით, სწორედ ასეთი სიზმრები ასაზრდოვებდა მას, ბრძოლაში დაბადებულს, გაზრდილსა და გამოწრთობილს, ყოველ ღამით სახეზე ღიმილი ესახებოდა და მომავალი დიდების განცდით ტკბებოდა.
დადნა თოვლი. გამწვანდა ბუნება. ხეებზე ახალი კვირტები გამოვიდა. გაისმა ჩიტების საამური ჟღურტული და ჰანიბალის არმიის თავზე გადაიფრინეს კუდმაკრატელა მერცხლებმა, რომელთაც არაფრის დარდი არ ჰქონდათ. ბარკას გაზაფხულის დადგომისთანავე მოუვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ რომის კონსულები კართაგენელთა არმიისკენ დაიძრნენ. ჰანიბალი მდინარე აუფიდიუსთან დაბანაკდა, სწორედ იქ მოელოდა მტერს. რომაელებმა კართაგენელები თავიანთი მრავალრიცხოვნობით განაცვიფრეს. რომის რესპუბლიკის არმია 80 ათასი ქვეითისა და 6 ათას ცხენოსანს ითვლიდა მაშინ, როდესაც კართაგენელები თითქმის ორჯერ ნაკლები იყვნენ,ჰანიბალის განკარგულებაში 40 ათასი ქვეითი და 10 ათასი ცხენოსანი იყო. ბარკა თავის ძმა ჰასდრუბალთან, სარდალ მაჰარბალთან და ჰისკონთან ერთად შორიდან ზვერავდა მრავალრიცხოვან რომაელთა პოზიციებს.
-ძალიან რთული იქნება, ჩვენზე ბევრად მეტნი არიან, - შენიშნა ჰისკონმა. ჰანიბალმა მეგობარს ღიმილით გადახედა.
-ჰო, ბევრი არიან,მაგრამ არის უფრო საოცარი რამ, ჰისკონ.
- მაინც რა? - ჰკითხა ჰისკონმა.
- ის, რომ იმ მრავალრიცხოვან ადამიანთა შორის ერთ კაცს ვერ ნახავ, სახელად ჰისკონი რომ ერქვას, -ღიმილით მიუგო ჰანიბალმა. ყველას გაეცინა.
- და მათ არც ჰანიბალი ჰყავთ, არც ჰასდრუბალი და არც მაჰარბალი, - დასძინა ჰისკონმა.
- მათი სარდალი ვარონი ყასბის შვილია, - ჰასდრუბალმა დამცინავი კილოთი პირში გამოსცრა.
-ვერაფერს დაგვაკლებენ, მაგრამ არის მაინც რაღაც... - ჰანიბალმა მაჰარბალს გადახედა და ჰკითხა:
-მაინც რა?
-ბრძოლის ველი.
-არც მე მომწონს, ღამით ბანაკს შევცვლი. დაე, ეგონოთ, რომ გავიქეცით. არმიას მდინარის მარცხენა ნაპირზე, კანეს ველზე გადავსხამ.
-ეგ რას მოგცემს? - ჰკითხა ჰისკონმა.
-ადრიატიკის ზღვიდან მონაბერი ქარი აუფიდიუსის ნაპირზე მტვრის კორიანტელს აყენებს.თუ ზღვის ნაპირისკენ ზურგით ვიდგებით, ხოლო რომაელები კი სახით, მაშინ ჩვენი მოძრაობით გამოწვეულ მტვრის კორიანტელს ქარი პირდაპირ სახეში შეაყრის რომის არმიას.
-ჭკვიანურია.
-ბრძოლას მანამ მოვიგებ, სანამ დაიწყება.
-ვითომ ამაზე წამოეგებიან?
-კი, რომაელები იმდენად სულელები არიან, რომ ყველაფერზე წამოეგებიან. ნუმიდიელები მზად არიან? - იკითხა მთავარსარდალმა.
-დიახ, ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც ჩვენ გვსურს, - უპასუხა ჰასდრუბალმა.
-ხომ არ დაგვაღალატებენ?
-არა.
-ძალიან კარგი, - თქვა ჰანიბალმა და ადრიატიკის ზღვის ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
რომაელები ჰანიბალის ოინზე წამოეგნენ. კონსულები ერთმანეთთან ვერ თანხმდებოდნენ. ვარონს სურდა ყველაფერი თავისი სარდლობის პერიოდში გაეკეთებინა, პაულუსის ჭკვიანურ რჩევებს ყურად არ იღებდა და ზუსტად იქ დგამდა ფეხს, სადაც ჰანიბალს სურდა რომ დაედგა. ეს იყო კანეს ველი და ეს მოხდა ძვ.წ. 216 წელს. ბრძოლის დაწყებიდან მალევე კართაგენელთა ფლანგს 500 ნუმიდიელი ცხენოსანი გამოეყო და რომაელებისკენ მიეშურნენ, იარაღი დაყარეს და მათ მხარეზე გადავიდნენ. ვარონი ამან ძალიან გაახალისა.
-აი ეგრე, ჰანიბალი მიიღებს მისაღებს, ის განწირულია, მიდით, ბიჭებო, აჩვენეთ ვინ არის აქ უფროსი, - ხარხარებდა და ლაშქარს აგულიანებდა მაშინ, როდესაც პაულუსი გააფთრებით იბრძოდა კართაგენელთა წინააღმდეგ. კართაგენელთა კავალერიის მარჯვენა ფლანგს მაჰარბალი მეთაურობდა, მარცხენას კი ჰასდრუბალი, თავად ჰანიბალი ქვეითებს მიუძღოდა, მაგრამ ეს მაინცდამიანც დიდი წარმატებით არ გამოსდიოდა. თავდაპირველად ბრძოლა რომაელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ უეცრად ნუმიდიელმა მეომრებმა იშიშვლეს აბჯრის შიგნით დამალული ხმლები და ზურგიდან დაარტყეს მტერს. რომის უზარმაზარი არმია ალყაში აღმოჩნდა. ალყაში მოქცეულ რომაელთა რიგები აირია, დაირღვა ლეგიონთა სიმტკიცე. კანე რომაელთა სასაფლაო გახდა. რომაელებმა გაქცევა დაიწყეს და მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა თავის შველა, მათ შორის გაიუს ტერენციუს ვარონიც იყო. ჰანიბალი ზეიმობდა, ხარობდა, სახეზე რომალთა სისხლი შეშხეფოდა, მისი ხმალი მზის სხივებს ირეკლავდა და წითელი სითხე მასზე საოცრად ბრწყინავდა. ბრძოლის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო. ბარკა რომაელთა გადარჩენილ რიგებში შევარდა. მახვილს თავდაუზოგავად იქნევდა. ზოგს თავი წააწყვიტა, ზოგს მუცელი გამოფატრა. გამარჯვებას უკვე ზეიმობდა, რომდესაც ლუციუს ემილიუსი დაინახა. რამდენიმე რომაელს წრე შეეკრა, თავიანთი კონსულის დაცვას ცდილობდნენ. ჰანიბალმა ცხენი მათკენ გააჭენა. პაულუსმა თავისკენ მომავალი სარდალი რომ დაინახა, სახეზე ფერი დაკარგა, გაფითრდა და შიშისგან თვალები გაუფართოვდა, ხმალი ხელში ძლიერად ჩაბღუჯა, მაგრამ ჯერ მუხლები აუკანკალდა, შემდეგ კი მთელი სხეულით აცახცახდა. ჰანიბალი ბედაურს სწრაფად მოაჭენებდა. მახვილი გადააგდო, ქვევიდან კი სარდალს შუბი გადაუგდეს, დაიჭირა და მოიმარჯვა. რომაელებამდე სულ ცოტა მანძილი აშორებდა, შუბები მათაც აღმართეს. ჰანიბალი ცხენზე გადაიხარა და ჰაერში შუბშემართული გაწვა. უეცრად ცხენიდან გადმოხტა, რომაელებს თავზე გადაუფრინა და შუბი პაულუსს შიგ გულში გაუყარა. გაისმა ცხენის გულისწამღები ჭიხვინისა და კვნესის ხმა, რადგან რომაელების შემართული შუბები სწორედ მას ეკვეთა. კართაგენელებმა მაშინვე განაგრძეს ბრძოლა და დაბნეული რომაელები წამიერად დახოცეს. კონსულის გარემოცვის არცერთი წევრი აღარ დარჩა ცოცხალი. ამის შემდეგ ბრძოლა წამებში დამთავრდა. რომაელთა დანაკარგმა ჯამში 50 ათასი ადამიანი შეადგინა, ხოლო კართაგენელთა დანაკარგი 6 ათასს არ აღემატებოდა. ჰანიბალმა ყოველი დაღუპული კართაგენელი დაკრძალა.მისივე ბრძანებით მოძებნეს და მიწას მიაბარეს რომის კონსული ლუციუს ემილიუს პაულუსიც.
ბინდდებოდა. მსუბუქი სიო ქროდა. ჰანიბალი მაღლობზე იდგა და წითლად შეღებილ ბრძოლის ველს გადმოყურებდა. ვიღაც უახლოვდებოდა, გამოხედა, ჰისკონი იყო.
-კარგად იბრძოდი, - მიუგო ჰანიბალმა.
-გმადლობ, - წუთით ორივე დუმდა, ბოლოს კი ჰისკონმა ჰკითხა: - აბა, ახლა რა იქნება?
- ახლა? - ჰანიბალი ჩაფიქრდა და შორეთს მიაცქერდა, - ჰორიზონტს გახედე, რას ხედავ?
- არაფერი ჩანს, იქ მხოლოდ ცარიელი ველებია.
-იმ ველების იქით, ჰორიზონტს მიღმა რაღაც ხომ არის.
-იქ რომი არ არის, ჰანიბალ, ჯარი რომის დალაშქვრასა და აღებას ითხოვს. ხომ მოისმინე მაჰარბალმა რა თქვა, მეც ვეთანხმები, თუ ახლავე რომისკენ დავიძრებით, მეხუთე დღეს გამარჯვებას კაპიტოლიუმში აუცილებლად ვიზეიმებთ. რომის არმია განადგურებულია, წინააღმდეგობას ვინ გაგვიწევს, გლადიატორებს გამოიყვანენ ქუჩებში? ისინიც ჩვენ მოგვემხრობიან. ჩვენ შეგვიძლია რომი ავიღოთ, - ჰანიბალი ყურადღებით უსმენდა.
-შენც ხომ გახსოვს მაჰარბალმა კიდევ რა თქვა, რომ ერთ ადამიანს არ აძლევენ ღმერთები ყველაფერს. შენ, ჰანიბალო, მტრის დამარცხება შეგიძლია, გამარჯვების გამოყენება კი არაო, შეიძლება ასეცაა. მე რომის აღება და თავზე გვირგვინის დადგმა არასდროს მსურდა.
-აბა რა გინდა, ჰანიბალ? შური ხომ უკვე ვიძიეთ, ჩვენ ამ ყველაფრის დაგვირგვინება შეგვიძლია.
-რომს ავიღებთ, გპირდები, მაგრამ ეს ჯერ ადრეა, ჯერ წინ კიდევ ბევრია.
-მაინც რა, ჰორიზონტს მიღმა არსებული სამყარო?
-ზუსტად, - თქვა ჰანიბალმა და სახეზე ღიმილი გამოესახა.
-ოჰ,ჰანიბალ, ჰანიბალ, - ჰისკონმა თავი გააქნია და მასაც გაეცინა.
-როგორ ფიქრობ, რას გვიმზადებს ბედისწერა?
-არ ვიცი, ეს არავინ იცის.
-მინდა, ბრძოლაში დავიღუპო, ღირსეულად.
-ამაზე რატომ ფიქრობ, შენ ხომ დაუმარცხებელი ხარ.
-დაუმარცხებელი არავინაა. მეშინია, რომ ოდესღაც ვიღაც მაჯობებს, ვიღაც დამამარცხებს.
-ნუთუ ვინ იქნება ის, ვინც დიდებული ჰანიბალის დამარცხებას შეძლებს?! - ხუმრობით თქვა ჰისკონმა.
-შეიძლება ის, ვინც ყველაზე მეტად მგავს, ვისაც ჩემი არ ეშინია.
-განა არსებობს ეგეთი ადამიანი?
-იმედი მაქვს,რომ არა, - წამიერად ჰანიბალს უსიამოვნო განცდა დაეუფლა და ზიზღით აღსავსე მზერა მოაგონდა, თვალები, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ მისას, ერთადერთი თვალები, რომელშიც შიშის მაგიერ, უტიფრული მზერა და განუზომელი სიძულვილი დაინახა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა, გაიფიქრა, ხომ არ გავგიჟდი, რა სისულელეებს ვფიქრობო და კვლავ ჰორიზონტს გახედა, - კარგი, ბანაკში დავბრუნდეთ, - ჰისკონს უთხრა და ცხენი დაღმართისკენ გააჭენა. მეგობარს ჰისკონიც დაედევნა. უკვე ჩამოღამებულიყო და ორივე ამ სიბნელეში გაუჩინარდა.
გიორგი ჩაჩხიანი