ეძღვნება გოგონას,რომელმაც ამ მოთხრობის დაწერა შთამაგონა და რომელიც
იმდენად საყვარლად დარტყმულია, რომ თურმე საუბარი მართლაც კოსმოსზე უყვარს.
როდესაც ორი გიჟუნია
შეიკრიბება, ერთი ის, ვინც იმაზე ფიქრობს სიტყვა „ერთადერთი“ ფრჩხილებს გარეთ უნდა
გაიტანოს თუ არა, ხოლო მეორე ის, ვინც იმას უკირკიტებს რომელი სიტყვა სჯობს
ტაეპისთვის „ისევ“ თუ „კვლავაც“, იქ ყოველგვარი კალაპოტი დარღვეულია და საუბრის
თემა სად წაიყვანს ორ გიჟუნიას ესეც უცნობია, მოულოდნელი, ამაღელვებელი და მაინც
უცნობი. ასე შეიქმნა „საუბარი კოსმოსზე, საუბარი გოჩაზე (გოგონა, რომელსაც
კოსმოსზე საუბარი უყვარს)".
წლები იყო ნუცა არ მენახა.
არადა, რომ გეთქვათ რომ თუნდაც ერთი დღე გავიდოდა ისე, რომ მისთვის არ დამერეკა,
მასთან არ მესაუბრა, დაგცინებდით და გეტყოდით ჩვენ ხომ „BFF“ - ვართო, სამუდამოდ
საუკეთესო მეგობრები.
ახლა ნუცა უბრალოდ გოგო იყო
ჩემი წარსულიდან, იმ წარსულიდან, რომელშიც ბევრი ნათელი დღე, ბევრი ბედნიერი
ეპიზოდი, ბევრი ჯადოსნური წამი განმიცდია, ნუცა ყოველი მათგანის განუყოფელი ნაწილი
იყო. ბოლო დროს ხშირად ვჩხუბობდით. მსაყვედურობდა, ჩემთვის დრო არასდროს გაქვს,
ჩემთან ყოფნა აღარ გინდაო. ვერ დავადანაშაულებდი, მართალი იყო, გავიზარდე და ჩემი
ნუცა, ჩემი ბავშვობის ყველაზე საოცარი მოვლენა, ჩემი პატარა სირინოზი(კარგად
მღეროდა, ამიტომაც სირინოზს ვეძახდი) აღარ მინდოდა, მწყინდებოდა, მბეზრდებოდა,
უბრალოდ არ შემეძლო მასთან საათობით ვმჯდარიყავი და ძველებურად გვეტიკტიკა.
გავიზარდე და მივხვდი, რომ ნუცა არ იყო საჩემო. მე სრულებითაც არ მომწონდა ის,
რასაც იგი აღფრთოვანებაში მოჰყავდა. მე არ მქონდა ჩემი კარადა ათასგვარი საცხით,
ფერუმარილითა და პომადით გამოტენილი, მე არ მქონდა ნაირ-ნაირი, ფერად-ფერადი
კაბები, თვალისმომჭრელი საყურეები, ახალი ფეხსაცმელი ყოველი დღისთვის, ყოველი
კაბისთვის. მე შემეძლო ეს ყველაფერი მქონოდა, როდი ვიყავი ღარიბი ბავშვი, ის კი
არა, ჩემი მშობლები ნუცას მშობლებზე უფრო მდიდრები იყვნენ, უბრალოდ მე არ მინდოდა,
არ მინდოდა ნუცასნაირი ვყოფილიყავი.
ნუცა ყოველთვის პოპულალური
იყო ბიჭებში, ათასი თაყვანისმცემელი ჰყავდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ყოველდღე
სიყვარულს უხსნიდნენ, ყოველდღე ვარდების ულამაზეს თაიგულს ჩუქნიდნენ. ნუცას
მოსწონდა ეს ყველაფერი, ნუცა ბედნიერი იყო, მე კი არა, მე არ მომწონდა და არც
მინდოდა ჩემ წინ მუხლებზე გართხმული ბიჭები რომ დამენახა. შემეძლო ლამაზი
ვყოფილიყავი, ნუცაზე უფრო ლამაზიც, სილამაზე ხომ ფასადურია, შემეძლო ნუცაზე უფრო
მეტი თაყვანისმცემელიც მყოლოდა, ნუცაზე უფრო მეტი საჩუქარიც მიმეღო, ვყოფილიყავი
მასავით გამომწვევი, ჩამეცვა ღრმა დეკოლტე, მოკლე-მოკლე ქვედაბოლოები, გამეთხაპნა
სახეზე ფერუმარილი, ყოველ დასვენებაზე წამესვა პომადა და სარკეში საკუთარი
ანარეკლით დავმტკბარიყავი, მაგრამ არ მინდოდა მასავით მოვქცეულიყავი და ნუცას
დავმსგავსებოდი.
ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა, ჯერ „BF“ - გახდით,
საუკეთესო მეგობრები, შემდეგ „F“ - მხოლოდ მეგობრები და ბოლოს უბრალო ნაცნობებად
დავრჩით. მერე ესეც შეიცვალა, გავუცხოვდით, უწინ თითქოს ნამდვილი დები ვიყავით,
ახლა კი ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით, თუ აქამდე ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის
შესახებ, ახლა უკვე ისიც კი აღარ გვახსოვდა თუ რომელი ფერი გვიყვარდა ყველაზე
მეტად ან რა იყო ერთმანეთის საყვარელი საჭმელი. ბოლოს ნუცას შევძულდი. ეგონა, რომ
ჩემზე მეტი იყო, ბევრად მეტი იმიტომ, რომ ყველას ის მოსწონდა, ყველა მას ეტრფოდა.
ასეთ დროს ყველაზე უარესი კი ისაა, როდესაც ადამიანმა, რომელიც ვერ გიტანს შენზე
ძალიან ბევრი რამ იცის, თითქმის ყველაფერი.დაუცველი რჩები, განიარაღებული
შემოტევის, თავდასხმის მოლოდინში. საბედნიეროდ, ნუცას არაფერი უთქვამს, არც
ნამდვილი, არც მოგონილი, მაგრამ მის მზერაში, ყოველ გამოხედვაში აშკარად ვხედავდი
დაუფარავ ზიზღს, ქილიკს, დაცინვასა და დამცირებას. განსხვავება ჩვენ შორის ისიც
იყო, რომ ის მუდამ ცდილობდა ყველასთან კარგად ყოფილიყო, ყველას ჰყვარებოდა,ყველას
მოსწონებოდა, მე ეს არ მანაღვლებდა. არ მომწონდა საზოგადოება და მათი უაზრო ყოფა,
არ ვცდილობდი მათ დავმსგავსებოდი, მათ შევრწყმოდი. არ მინდოდა საზოგადოებას
მოვრგებოდი,მისი ნაწილი გავმხდარიყავი და დაწესებულ ჩარჩოებში მეცხოვრა. ნუცა ამ
ჩარჩოებში ცხოვრობდა. არ ანაღვლებდა ის, რაც ჭეშმარიტად საინტერესო იყო, მხოლოდ ფასადით
ინტერესდებოდა, არ სურდა საკითხებში სიღრმისეულად ჩაწვდომა. მე არ შემეძლო ეს
ყოველივე. ჩვენ შორის უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა. გავიზარდეთ, სწავლამ გამიტაცა, თავისუფალი
დროც თითქმის აღარ დამრჩა, ჩვენი დიალოგებიც შეუთავსებელი გახდა, ის სხვა რამეზე
ლაპარაკობდა, მე სხვაზე. მე რომ შავ ხვრელებზე გატაცებით ვსაუბრობდი, ის იმაზე
ბჭობდა გივიკომ უფრო ძვირადღირებული თაიგული აჩუქა, თუ გოჩამ.
-არანორმალური ხარ, გიჟი ხარ,- ამას ხშირად მეუბნებოდა. თავიდან
ხუმრობით, მასხრობით, შემდეგ კი აშკარა სერიოზულობითა და ისეთი ტონით, თითქოს
მართლაც ფსიქიკური პრობლემები მქონოდა. ჩემი თეორიები კოსმოსსა და სამყაროზე
ნამდვილ სიგიჟედ და უაზრობად მიაჩნდა. თავიდან ამას აღტაცებით უყურებდა და ჩემს
მონოლოგებს აპლოდისმენტებითაც ხვდებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე ხშირად უთქვამს,
მოეშვი მაგ სისულელებსო. არ ვეშვებოდი, პირიქით, უფრო და უფრო მითრევდა, ამ
ყველაფერზე დამოკიდებულიც კი გავხდი. რთულია, როცა ვინმე, შენთვის ძვირფასი
ადამიანი შენს გატაცებასა და მოწოდებას არა ხალისითა და ენთუზიაზმით, არამედ
დაუფარავი ამრეზით ხვდება. შეგულიანებისა და გამხნევების ნაცვლად გიჟსა და
არანორმალურს გიწოდებს, ზოგჯერ კი სულელსა და უტვინოსაც.
-მგონი გოჩამ უფრო ძვირიანი თაიგული მაჩუქა, აუ ისე გოჩა ხო ძაან
საყვარელია? - მკითხა ერთხელ.
-ღმერთო, შეგიძლია წამით მაინც არ იფიქრო მაგ შენს იდიოტ გოჩაზე?!
-აბა რაზე უნდა ვიდარდო 400 მილიარდი წლის წინ რაღაც რომ გაფართოვდა?!
-14.
-რა?
-14 მილიარდი წლის წინ. ეს უეცარი გაფართოება უნიკალური იყო, რადგან
გარშემო არ იყო სივრცე, რომელშიც მიღებული ნამსხვრევები გაიფანტებოდა. სივრცემ
თავისთავად დაიწყო ფუნქციურად გაფართოება და დაყოფა. დიდი აფეთქება მოხდა არა ერთ
ადგილას, არამედ ყველგან! საწყის ფაზაში სამყარო წამის რაღაც ნაწილში გაფართოვდა.
-რას ბოდავ, სულ გაგიჟდი! - მისაყვედურა და ისე შემომხედა გიჟებს რომ
უყურებენ ხოლმე.
-დიდი აფეთქების თეორია.
-დიდი აფეთქების თეორია? პირდაპირ წარმოუდგენელია! ავადმყოფი ხარ, - გაკიცხვის
ნიშნად თავი გააქნია.
-რას ვიზამთ, ყველას გოჩა არ აინტერესებს.
-წარმოუდგენელია, - აღშფოთებით წამოხტა, კარისკენ გავარდა და ისიც
მთელი ძალით მოიჯახუნა. ეს ჩვენი, როგორც საუკეთესო მეგობრების უკანასკნელი
საუბარი იყო. იმის შემდეგ ბზარი უფრო გაიზარდა და უფსკრულის ყელიც ისე გაფართოვდა,
რომ არათუ ამოვსება, მასზე ხიდიც გადებაც კი შეუძლებელი გახდა. მთელი წელი
უცხოებივით ვიქცეოდით. მე ჩემი ცხოვრება მქონდა, ნუცას თავისი. გულში კი ალბათ
ორივეს გვქონდა სინანულის პაწაწინა ნამცეცი და გაუსაძლისი მონატრების მცირედი
განცდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ
ერთმანეთი წლები არ გვენახა. საკუთარი თავი იმ სფეროში ვიპოვნე, რომელიც ყველაზე
მეტად მიყვარდა და მაინტერესებდა. მეცნიერი გავხდი, არცთუ ისე ურიგო მეცნიერი.
ვებრძოდი არსებულ კანონებს, ვამსხვრევდი ჩარჩოებს და ამ ყველაფერმა იმდენად
გამიტაცა, რომ ადამიანები დავკარგე. მიჭირდა მათთან კონტაქტი, ურთიერთობები.
მწამდა, რომ ყველაფერს თავად მივაღწევდი და უაზრო, უიღბლო, გაუნათლებელი
საზოგადოება არაფერში არ მჭირდებოდა. ვცდებოდი, ვცდებოდი და ამაში სწორედ ნუცამ
დამარწმუნა. მაშინ ნუცა სკოლის დამთავრების შემდეგ პირველად ვნახე. სამეცნიერო
კონფერენცია იყო, შემდეგ კი ინოვაციური კონკურსი ჩატარდა, მხოლოდ ერთ პროექტს
დააფინანსებდნენ. საბოლოო ეტაპისთვის ათამდე მონაწილე შემოვრჩით, ჩემი ნაცნობები,
ჩემი კოლეგები, ყველა ამ დაფინანსებისთვის ვიბრძოდით. შესვენებაზე დერეფანში ნუცას
შევხვდი. გამიკვირდა, თუმცა გამიხარდა კიდეც. საუცხოოდ გამოიყურებოდა, ეტყობოდა,
რომ თავს შესანიშნავად უვლიდა და არცერთ ესთეტიკურ პროცედურას არ იკლებდა.
ძვირადღირებული სამოსი ეცვა, ხელზე ოქროს სამაჯური ეკეთა, თითს კი ბრილიანტის
ბეჭედი უმშვენებდა. ჩემი დანახვა მასაც გაუხარდა. მოვიდა და ჩამეხუტა ისე, როგორც
ძველად, დიდი ხნით რომ არ ვყავდი ნანახი.
-გამიხარდა შენი ნახვა, როგორ ხარ?
-კარგად, შენ? - მიპასუხა და გამიღიმა.
-მეც კარგად.
-ამ სულელურ შავ ხვრელებსა და აფეთქებებს მაინც არ მოეშვი, არა?
-არა, ვერ მოვეშვი, - გამეცინა, მანაც გაიცინა და თავი გააქნია, - შენ
რას საქმიანობ?
-ამ ეტაპზე არაფერს, - სწრაფად მიპასუხა და მაშინვე თემა შეცვალა, -
მოიცა, კონკურსში ხომ არ იღებ მონაწილეობას?
-კი, ეს დაფინანსება ძალიან მჭირდება, ამაზე წლებია ვმუშაობ, მჯერა,
რომ გაამართლებს და ძალიან დიდ წარმატებასაც მომიტანს.
-ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება. გექნება ეგ დაფინანსება.
-არ ვიცი, ვნახოთ, ძალიან დიდი კონკურენციაა.
-ეგ საქმე მე მომანდე, - თვალი ჩამიკრა, - ხომ იცი საქართველოა.
-მერე რა?
-მერე რა? აქ ყველას ვიღაც ჰყავს, შენ მე გყავარ, საყვარელო, - მითხრა
კეკლუცურად, როგორც იცოდა ხოლმე და მოულოდნელად გამშორდა.
ხშირად საზოგადოება
განსაზღვრავს შენს მომავალს, ბედს, ის ხდება შენი წარმატების მიზეზი და საწინდარი.
დიდი და საჭირო ადამიანების ნაცნობობა, მათ მიერ თქმული თუნდაც ერთი სიტყვა ზოგჯერ
საკმარისია იმისთვის, რომ ისედაც ღირსეული კიდევ უფრო ამაღლდეს კონკრეტული
ადამიანების თვალში. ნუცა თავად იყო საზოგადოება... ახლა მეღიმება, მაგრამ დიახ, მე
გავიმარჯვე. რაც არ უნდა ირონიული იყოს, ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებდა
ნუცას ძალიან ახლო მეგობარი იყო, მეგობარზე უფრო მეტიც. მან შეძლო და სწორად
გამოიყენა თავისი სილამაზე, მოხერხებულობა, შარმი და ტემპერამენტი. დიდი შანსი იყო
იმისა, რომ დაფინანსება თავადაც მომეპოვებინა, მაგრამ ნუცამ ეს მაინც გააკეთა და
შანსები ერთიორად გამიზარდა. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ როცა დავინახე რაც
გააკეთა, გაპროტესტება მომინდა, შემდეგ კი გავჩუმდი. ვთქვი: - რატომაც არა? ბედმა
მომცა ასეთი შანსი, რატომ უნდა გავუშვა ხელიდან, რატომ უნდა ვაწყენინო მეგობარს?
დაფინანსება მოვიპოვე და ჩემს ჩანაფიქრს, ჩემს იდეებს, ჩემს ოცნებას ფრთები
შევასხი. წარმატება და აღიარება კართან მელოდა და ნუცამ ეს კარი ჩემთვის გააღო.
უბრალოდ თავად აღარ დარჩა ჩემს ოთახში, ჩემს სამყაროში და ამ კარით გარეთ გავიდა.
ნუცა დაიკარგა. მთელი სამი
წლით ისევ დაიკარგა. შემთხვევით შევხვდი ერთ პატარა, მყუდრო კაფეში. შემოვიდა და
ყავა შეუკვეთა. მაშინვე ვიცანი, აბა ჩემს ნუცას როგორ ვერ ვიცნობდი.ისეთი აღარ
იყო, როგორიც ბოლო შეხვედრის შემდეგ მახსოვდა. უფრო გასაცოდავებული მომეჩვენა,
აღარც მოდურად ეცვა, აღარც ისე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა,თმაში ჭაღარაც
გამორეოდა, თითქოს ნაადრევად დაბერებულიყო.
-ნუცა, - დავუძახე, მაშინვე გამოიხედა. თავიდან გამიღიმა, შემდეგ კი
თითქოს შერცხვა ასეთი რომ ვნახე და თავი დახარა. მასთან მივედი და მოვეხვიე. თავი
მხარზე ჩამომადო, თვალები აემღვრა, ცოტაც და ატირდებოდა. არაფერი მითქვამს
მაგიდასთან ისე დავსვი, მეც მივუჯექი, მხოლოდ ამის შემდეგ ვკითხე: - რა მოხდა?
-დავშორდით, ის ნაბიჭვარი ადგა და უბრალოდ წავიდა, - მითხრა და ხელი
სახეზე აიფარა, - მართალი იყავი, ყოველთვის მართალი იყავი. შენთვის უნდა
დამეჯერებინა, - შემომხედა, სასოწარკვეთილი იყო.
-არაფერია, ყველაფერი კარგად იქნება, - ხელი მხარზე მოვხვიე და
მივიხუტე.
-არ იქნება, შემომხედე რას ვგავარ, დავბერდი, აწი ვიღას ვუნდივარ.
-რას ამბობ შენ ძალიან ლამაზი ხარ, ნუცა.
-ნუ მამშვიდებ, გთხოვ, არ გინდა.
-არ გამშვიდებ, სიმართლეს გეუბნები, - ცოტა ხანს ვმუმდით, არ ვიცოდი
რა მეთქვა, ბოლოს თავად მკითხა:
-შენ რას შვრები, საქმეები როგორ მიდის?
-ძალიან კარგად, დარპაში მიმიწვიეს სამუშაოდ.
-მიხარია, მართლა მიხარია.
-შენ?
-მაღაზიაში ვმუშაობ მოლარედ.
-საინტერესო სამსახურია, ბევრ ადამიანს გაიცნობ, - სიმწრით ჩაიცინა. შემომხედა.
-როდის მიდიხარ?
-ორ კვირაში,სამ თვეში ერთხელ ჩამოვალ ხოლმე, - თავი დამიქნია.
-უნდა მესწავლა, შენსავით უნდა მესწავლა და ამ სისულელეებს არ
გადავყოლოდი, - ხმაში ღრმა სინანული გაუკრთა, - ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო.
-მისმინე, რას იტყვი ამ დღეებში რომ გამომიარო? მაინც მარტო ვცხოვრობ.
-კარგი, ოღონდ მაშინ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, კოსმოსზე ლაპარაკი არ
დამიწყო.
-და არც გოჩაზე.
-გოჩა... ისე ნეტა როგორაა, ცოლი თუ მოიყვანა?
-ნუცა!
-კარგი, - გულიანად გაიცინა, - არც გოჩა და არც კოსმოსი, გპირდები.
აბა, შევთანხმდით?
-შევთანხმდით, ჩემო სირინოზო.
-ღმერთო, რამდენი ხანია აღარ მიმღერია.
-არა?