ლოდინი უსასრულო იყო. ზოგჯერ
რა სწრაფად გადიოდა დრო, მაგრამ დღეს უსაშველოდ გაიწელა. დრო ელეინის წინააღმდეგ
მუშაობდა, უკვე ყველაფერი გადაეწყვიტა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული
თავისი არჩევნის სისწორეში. დრო კი ეჭვს უჩენდა, აფიქრებდა და ზედმეტი ფიქრი ისევ
იქ აბრუნებდა, საიდანაც იწყებდა. „-სწორად ვიქცევი?“ - ეკითხებოდა საკუთარ თავს და
ისიც პასუხობდა: „-არ ვიცი“.
ძლიერ ენანებოდა ის წლები,
რომლებიც კარლთან ერთად გაატარა. ყველაფერი უბრალოდ წარსულის მოგონებად იქცეოდა,
დაკარგულ და ტკბილ მოგონებებად. თითქოს ამდენი წელი უაზრო და ფუჭად გალეული
აღმოჩნდებოდა. ყველაზე მეტად კი კარლი ენანებოდა, უყვარდა და ამ სიყვარულის გამო
იყო აქამდე რომ მოეღწია, მაგრამ კარლის გათავისუფლება მაინც ვერ შეძლო. ერთხელ
კარლმა უთხრა:
-ამ სამყაროში შენ მაპოვნინე საკუთარი თავი. - ეს მანამდე იყო, სანამ
ყველაფერი დაიწყებოდა. ოჰ, როგორ ეგონა ელეინს რომ შეძლებდა კარლის დახმარებას,მისთვის
ხალისის დაბრუნებასა და მის გადარჩენას. სულ ტყუილად, ამაოდ. ქალის სიყვარული
საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცაღა კი კაცი მის უზენაესობაში ყოველდღე არწმუნებდა,
ყველაფერი ცარიელი სიტყვები ყოფილა და მათმა სიყვარულმა მცირედითაც ვერ შეძლო იმ
დარდისა და წუხილის ზღუდის ჩამოშლა, კაცს რომ ჰქონდა შემორტყმული.
ნუ ვიტყვით, რომ სხვისი
უბედურება არ შეიძლება გახდეს ჩვენი ბედნიერების დასაბამი. შესაძლოა მას აღტაცებით
არ შევხვდეთ, მაგრამ ჩვენთვის სასარგებლო შედეგებს კი ნამდვილად აღტაცებით
შევხვდებით. ყოველთვის როდია ასე, ხშირად, ძალიან ხშირად სხვისი უბედურება ჩვენივე
უბედურებად იქცევა. ასე დაემართა კარლს. ერთი წელი გასულიყო მის სახეზე ღიმილი
აღარ აღბეჭდილიყო, ერთხელაც აღარ გაეცინა, თვალებში საშინელი სევდა ჩასდგომოდა და
მის მზერაში უდიდესი მწუხრი ჩამოწოლილიყო. კარლი შეცვლილიყო. მისთვის მომავლის
ყველა კარი დახშულიყო. მისი სამყარო აღარასდროს გაფერადდებოდა, არ არსებობდა არც
არანაირი პერსპექტივა, არც პროგრესი. ყველაფერი სტატიკური გამხდარიყო და ამ
სევდასაც რომ არა და არ უჩანდა ბოლო, ეს უსასრული, გაუსრულებელი მდგომარეობა
ელეინს მოსვენებას უკარგავდა, კარლთან ერთად საკუთარ თავსა და სიყვარულს
ადანაშაულებდა: „ - მეც არ მყვარებია საკმარისად, ამას რომ ვაკეთებ“,- ეუბნებოდა
საკუთარ თავს და თვითგვემას ეცემოდა, არ სურდა იმის აღიარება და დაჯერება, რომ
შესაძლოა კარლი სათანადოდ არ უყვარდა. უბრალოდ არ შეიძლებოდა ის, რაც ჰქონდათ სიყალბე
რომ ყოფილიყო, არა ეს ნამდვილი, ვნებისამშლელი, გულწრფელი და უპირობო სიყვარული
იყო, მაგრამ სად გაქრა იგი?
„ვნება განელდა?“-ჰკითხავდა საკუთარ თავს.
„არა“.
„აღარ გიყვარს?“
„გაჩერდი! ამას ნუ იტყვი, მიყვარს, მიყვარს, ძალიანაც მიყვარს“.
„აბა რატომ გინდა მასთან დაშორება?“
„არ მინდა“.
„მაგრამ ამას მაინც აპირებ“.
„ჰო,ვაპირებ“. - დარცხვენილმა ჩაილაპარაკა.
„რატომ?“
„ის შეიცვალა, ის ჩემი კარლი აღარაა“.
„მაშინ ვინ არის?“
„არ ვიცი“.
„ვერ ცნობ?“
„ვერა, სრულიად უცხო კაცია, დანამდვილებით ის ვიცი, რომ ის ჩემი კარლი
აღარ არის, ის არაა კაცი, რომელიც მიყვარდა და აღარასდროს იქნება“.
„ფარხმალს ყრი,ელეინ!“- უსაყვედურა საკუთარმა თავმა.
„არ მინდოდა, შენ მაინც იცი როგორ ვეცადე, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩენია,
მისთვის უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს“.
„ეგოისტი ხარ.“
„ვიცი, რომ ვარ“. - სახეზე ხელები აიფარა და ქვითინი დაიწყო.
„ტირილი ვერ გიშველის, საცაა კარლი დაბრუნდება, გადაწყეტილება უნდა
მიიღო“.
„ის გამიგებს“.
„თავს იმშვიდებ?“
„არა, ვიცი, რომ ის გამიგებს“.
„იქნებ ძველი კარლი გაგიგებდა, მაგრამ ეს, ეს კაცი გაგიგებს?“
„მე ამის მჯერა, მჯერა, რომ გამიგებს“.
„ინანებ?“
„ალბათ“.
„და ამას მაინც აკეთებ“.
„ჰო“.
„რატომ?“
„არ შემიძლია“.
„რა არ შეგიძლია?“
„მასთან ყოფნა აღარ შემიძლია, მის სამყაროში ვერ ვიცხოვრებ, მეშინია“.
„რისი, ელეინ, რისი გეშინია?“
„იმ სიბნელის გარს რომ ახვევია, იმ სევდისა და დარდის, რომელიც მგონია
რომ მალე მეც გადამყლაპავს და საკუთარ მარწუხებში მომაქცევს, თავს უნდა ვუშველო,
კარლს ვერ ვუშველე, საკუთარი თავი მაინც უნდა გადავარჩინო“.
„იქნებ შეცდომა დაუშვი?“
„მე?“
„ჰო, თავიდანვე, იქნებ სათანადოდ ვერ მოუარე, გვერდში ვერ დაუდექი,
ამიტომაცაა ასეთი“.
„არა, მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, ყველაფერი ვცადე“.
„იქნებ თავად კარლს ჰკითხო, ასე იყო კი?“
„ვიცი, რომ ასე იყო“.
„ე.ი. საბოლოოდ გადაწყვიტე“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ“.
„ვინ ჩვენ, ელეინ?“
„მე და შენ“.
„არა, მე ამ ყველაფერში ნუ გამრევ, ეს შენ გადაწყვიტე, მხოლოდ და
მხოლოდ შენ“.
სახეზე ცრემლები სდიოდა.
თავი ხელებში ჩარგო, წამიერად მაინც რომ შეეწყვიტა ფიქრი საოცარ შვებას იგრძნობდა,
მაგრამ ასეთ დროს უბრალოდ არ შეგიძლია ფიქრის შეწყვეტა, ყველაზე დიდი პრობლემაც
სწორედ ესაა.
საათს გახედა. ექვსი საათი
ახლოვდებოდა, საცაა კარლიც მოვიდოდა. ადგა და სააბაზანოში გავიდა, თავი
მოიწესრიგა. სარკეში საკუთარ ანარეკლს შეაცქერდა, ვერც საკუთარი თავი იცნო, თითქოს
მეორე მხრიდან სრულიად უცხო ადამიანი უყურებდა. ვერ გაუძლო და იქიდან სასწრაფოდ
გამოვიდა. შვიდის ათ წუთზე კარზე ზარი დარეკეს, კარლი იყო. ელეინმა კარი დიდი
ძალისხმევის ფასად გააღო. კარამდე მისასვლელი გზა ეშაფოტამდე გასავლელ გზას
წააგავდა.მუხლები ეკვეთებოდა, გული გამალებით უცემდა, ხელები უკანკალებდა, მაგრამ
კარი მაინც გააღო. კარლი შინ შემოვიდა. ჩვეული ცივი, გაყინული მზერა ჰქონდა, მის
სახეზე ვერც ვერაფერს ამოიკითხავდი და მის თვალებშიც ვერაფერს დაინახავდი სიცივის,სიცარიელისა
და სევდის გარდა. ქურთუკი გაიხადა, ხელის დასაბანად წავიდა. ელეინი რომ არ
წაქცეულიყო კედელს მიეყრდნო. ძალა მოიკრიბა და სააბაზანოდან გამოსულ ქმარს უთხრა:
-კარლ, შენთან სალაპარაკო მაქვს.
-გისმენ. - უთხრა კაცმა.
-დავსხდეთ. - ქალი დივანზე დაჯდა, კაციც გვერდით მიუჯდა.
-არ ვიცი საიდან დავიწყო.
-უბრალოდ მითხარი. - ქალი კაცს შეაცქერდა, თვალები აწყლიანებოდა,
ტუჩები უცახცახებდა და ქვედა ტუჩს იკვნეტდა, ხელებს ისრესდა,რამდენჯერმე ღრმად
ჩაისუნთქა და ბოლოს თავდახრილმა დაიჩურჩულა:
-მივდივარ, კარლ. - კაცისთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა.
-მიდიხარ? - მშვიდად ჰკითხა კაცმა.
-ჰო. - ქალმა თავი დაუქნია. ელეინს მზერა კარლმაც მოარიდა. უხერხულმა
დუმილმა დაისადგურა, ხმას არცერთი არ იღებდა.ელეინმა ვეღარ გაუძლო: - რამე მაინც
მითხარი, კარლ. - კაცმა შეხედა.
-კარგი. - თავი დაუქნია.
-რა? - ქალმა მაშინვე მზერა მიაპყრო.
-კარგი. - გაუმეორა კაცმა. ელეინი აღშფოთდა, მცირეოდენი იმედი მაინც
ჰქონდა იმისა,რომ კაცი დარჩენას სთხოვდა, მისთვის იბრძოლებდა, წასვლის ნებას არ
მისცემდა, მაგრამ კარლი...
-შენ რა ასე უბრალოდ გამიშვებ? - თავი გააქნია, კაცის სიტყვებს ვერ
იჯერებდა.
-ეს ხომ თავად გინდა.
-ჰო, არა, არ ვიცი... ჯანდაბა, გააკეთე რამე, კარლ! - წყობილებიდან
გამოსულმა ქმარს უყვირა. კაცი დუმილს ინარჩუნებდა.
-მე ვერ დაგაკავებ, შენი ბრალი არაფერია, ვერ გაგამტყუვნებ,
ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.
-სულ ესაა?
-სულ ესაა.
-მეტი არაფერია, მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?
-არა. - მიუგო კაცმა.
-აჰ! - ქალი ფეხზე წამოიჭრა, კარებთან დადებულ წინასწარ გამზადებულ
ჩემოდანს ეცა,სასწრაფოდ ხელი დაავლო. - შენ რომ შვილის ყოლაზე დამთანხმებულიყავი
ახლა ეს არ მოხდებოდა! - საყვედურივით უთხრა ელეინმა და სახლიდან საჩქაროდ
გავარდა. კარი ძლიერად მოიჯახუნა. კაცი შეკრთა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად
იგრძნო თუ როგორ დაუსველა ლოყა თვალიდან ჩამონადენმა ცრემლმა.
სამი უსასრული დღე გასულიყო
მას შემდეგ. ელეინი მაინც იმედოვნებდა, რომ კარლი ერთხელ მაინც დაურეკავდა,
დაბრუნებას სთხოვდა და ალბათ ისიც დაბრუნდებოდა, მაგრამ კარლს არ დაურეკავს.
ყოველი ზარის გაგონებისას გული ბაგა-ბუგს უწყებდა, თუმცა ამაოდ, იმედები ყოველთვის
უცრუვდებოდა. ოთხი საათი იქნებოდა ელეინის ტელეფონმა რომ დარეკა, ყურმილს მაშინვე
დასწვდა, იმედოვნებდა, რომ კარლი იქნებოდა, მაგრამ ტელეფონში ქალის ხმა გაისმა. სოფია
იყო, მისი და კარლის ძველი საერთო მეგობარი. გაბზარული, ნამტირალევი ხმა ჰქონდა.
-ვწუხავარ, ელეინ, ძალიან ვწუხვარ. - თითქმის ტირილით მიუგო.
-რა მოხდა? - საჩქაროდ ჰკითხა ელეინმა.
-კარლი...
-რა მოუვიდა? მითხარი! - ყურმილს ორივე ხელით ჩაჰფრენოდა.
-მან... თავი მოიკლა. - ყურმილი ხელიდან გაუვარდა, ადგილზევე გაშეშდა.
- ელეინ, ელეინ... - არაფერი ესმოდა, ყურებში საშინელი წუილი ჩაესმოდა, ქანდაკებად
ქცეულიყო, არც ერთი ნერვი არ უტოკდა, ვერ ინძრეოდა, მხოლოდ ცრემლები ჩამოსდიოდნენ
ღაპაღუპით.
კარლი მალევე დაკრძალეს.
ელეინს არავინ დაურეკა, დაკრძალვაზე თავად მივიდა. შავი კაბა ეცვა, სასოწარკვეთილ,
გატანჯულ სახეს კი შავი ვუალი უფარავდა. მის მისვლას ყველა ცივად და გაოცებით
შეხვდა. კარლის დედამ ვეღარ მოითმინა, ელეინისკენ გამოექანა.
-აქ მოსვლა როგორ გაბედე, შე უსირცხვილო! შენ მოკალი ჩემი შვილი, შენ
მოკალი ჩემი საბრალო კარლი,ახლავე აქედან გაეთრიე! მოშორდი, თვალით აღარ დამენახო!
- მათთან კარლის მამაც მივიდა. სახეზე ენით აუწერელი ტკივილი გამოხატვოდა.
-გთხოვთ, ჩემს შვილს პატივი ეცით, აქ სცენებს ნუ გამართავთ. - უთხრა
ცოლს, შემდეგ კი ელეინს მიუბრუნდა: -გთხოვ, ელეინ, წადი, აქ სასურველი სტუმარი ნამდვილად
არ ხარ, სიტუაციას მეტად ნუ გავამწვავებთ.
-ის ჩემი ქმარი იყო.
-იყო, ახლა აღარ არის. - დანანებით წარმოთქვა კაცმა. - უბრალოდ წადი,
გთხოვ. - ცოლს ხელი მოჰკიდა და ცერემონიისკენ წაიყვანა. ელეინმა ნათლად დაინახა
მზერა, რომლითაც ყველა უმზერდა, ეს იყო საშინელი ამრეზი, რომელიც სიძულვილისა და
ზიზღის გარდა არაფერს გამოხატავდა, არც თანაგრძნობას, არც შეცოდებას. ეს იყო
მზერა, რომლითაც დამნაშავეებს უმზერენ ხოლმე. ელეინმა ვეღარ გაუძლო და იქაურობას
სასწრაფოდ გაეცალა. სანამ წავიდოდა ნათლად გაიგონა სიტყვები, რომლებიც ხალხმა
ერთმანეთს გადაუჩურჩულა:
-ჯერ ლილი დაიღუპა, ახლა კარლი. საბრალო მშობლები, ორივე შვილი ასე ადრეულად
გამოეცალათ ხელიდან.
-ჰო, ლილი თანაც კარლის გაზრდილი იყო, ვერ იტყოდით და არისო, ისე
უვლიდა მამა გეგონებოდათ, ასაკშიც შესაფერისი სხვაობა იყო, საბრალო ბიჭმა მისი
დაღუპვა მძიმედ გადაიტანა, ისედაც უბედური იყო, მერე ელეინმაც მიატოვა და ამ
ყველაფერს უკვე ვეღარ გაუძლო.
-ეჰ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, კარგი ბიჭი იყო.
-დასანანია ასეთები ასე უდროოდ რომ მიდიან იმქვეყნად.
ელეინი მანქანაში ჩაჯდა. მანამდე მხნეობას
ინარჩუნებდა, მაგრამ ახლა ვეღარ გაუძლო, ცრემლებად დაიღვარა.
„ეს შენი ბრალია, ის შენ გამო მოკვდა“.
„გთხოვ, არ გინდა, ამას ნუ მეუბნები“.
„თავადაც იცი, რომ ეს ასეა“.
„ღმერთო, ღმერთო...“
შორიდან უყურა თუ როგორ მიაბარეს მიწას მისი საბრალო მეუღლე. „-ნეტავ
ახლა მაინც თუ იპოვა სიმშვიდე?“- გაიფიქრა ელეინმა. იმედი ჰქონდა, რომ ასე იყო,
მან ხომ მიწიერ ცხოვრებაში ის სიმშვიდით ვერ უზრუნველყო და ჩამოშლილი გალავანი ვერ
აღუდგინა. იმისი გაცნობიერება, რომ კარლის
სახეს ვეღარასდროს ნახავდა, თუნდაც ისეთ პირქუშსა და ცივს ბოლო დროს რომ ჰქონდა,
ელეინს ცუდად ხდიდა, მის ცხოვრებას ყოველგვარ აზრს უკარგავდა. ო, როგორ ნანობდა ჩადენილს,
ნეტავ მომხდარის შეცვლა შესძლებოდა. სიამოვნებით გაატარებდა მთელ ცხოვრებას ისეთ
კარლთან, როგორიც გამხდარიყო, ოღონდაც კი გვერდით ჰყოლოდა, მისი ხელი დაეჭირა,
შეხებოდა და მისი სხეულის სითბო ეგრძნო.
„ეს არასდროს მოხდება“. - უპასუხა საკუთარმა ხმამ.
შებინდებამდე შეიცადა.
სასაფლაო დაცარიელდა. როდესაც მესაფლავეებმაც მოილიეს თავიანთი საქმე და სახლებში
წავიდნენ, ელეინი მანქანიდან გადმოვიდა. კარლის საფლავისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა.
რაც უფრო უახლოვდებოდა საფლავს, განცდების შეკავება და გრძნობების მოთოკვა მით
უფრო უჭირდა.
მუხლები მოეკვეთა და კარლის საფლავს დაემხო. ხელებით ამოზვირთულ
ქვიშას ეფერებოდა.
-ოჰ,კარლ, ჩემო ძვირფასო კარლ, მაპატიე, მე შენ იმედები გაგიცრუე,
შენი გადარჩენა ვერ შევძელი. - საფლავს თავი დაადო და მწარედ აქვითინდა.
„კარლ“.
„ელეინ“.- ჩაესმა კაცის ხმა.
„ელეინ“.- ჩაესმა კაცის ხმა.
„კარლ“.
"ელეინ".
გიორგი ჩაჩხიანი
"ელეინ".
გიორგი ჩაჩხიანი
No comments:
Post a Comment