ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, June 14, 2017

ოჰ ეს გამოცდები

ოჰ ეს გამოცდები, კიდევ გამოცდები,
ასე რად გაშინებთ, ძლიერ გაგანკალებთ,
ვაი დედაია, მგონი ჩავიჭრები, -
თავში ეს აზრები რატომ გიტრიალებთ?

‘ხვალ ხომ გამოცდა მაქვს, მაგრამ არ მანაღვლებს,
ფურცლის ეს ნაგლეჯი არაფერს გადაწყვეტს’,
-სწორედ ასეთია მომავლის კანონი,
ამას ქადაგებდა ტომას ედისონი.

ოჰ, ეს ამდენი უძილო ღამეები,
მუდამ თეთრად რომ არიან ნათენები,
პეტრორგარდსაც კი შურს თეთრი ღამეების,
მაინც არ მთავრდება სულის ეს შფოთვები.

ვაი, რომ ჩავიჭრა, მიწა გამისკდება,
ვუი დედაია, ეს რა დამემართა. - 
ეჰ რა ხშირად მესმის მე ეს გამოთქმები,
ყველაფერი უკუღმად რად წარიმართა?

ტვინი გამიწყალეთ თქვენი პანიკებით
და ამ გამოცდების უაზრო შიშებით,
ვუმზერ გარემოს და ჩუმად ვიღიმები,
ნეტავ რამეს ცვლიდეს თქვენი ნერვოზები.

ოჰ ეს გამოცდები, კიდევ გამოცდები,
ასე რად გადარდებთ, ნერვებს რად იწყვიტავთ?
თქვენი შემხედვარე მეც კი დავიღალე,
ამ შიშის დაძლევას როდის გადაწყიტავთ?

გამოცდის დღე მოდის, ინტერესი მიპყრობს
უფრო მეტი კაპლით რომელი გაჩითავთ,
საყოველთაო წუხილს კი სიხარულით
როდის იქნება, რომ ძლიერ გადაფარავთ.

უკვე დრო მოვიდა მცირე ხნით მაინც რომ
შვებულებაში გავუშვა ეს ყურები,
ცოტა დავისვენო, პოზიტივს ვეწიო,
სანამ ნერვოზი გამხდარა გადამდები.

გირჩევთ არ იდარდოთ და თქვენც დაიკიდოთ
მოახლოებული სკოლის გამოცდები,
ყველამ დავიყვიროთ - ერთი მაგის დედაც!
და ყველანი ვიყოთ მუდმივად ლაღები.

გიორგი ჩაჩხიანი

Thursday, June 8, 2017

საკმარისია დუმილი

მორჩა! შეწყვიტეთ! გათავდა!
ჯობს დავასრულოთ დუმილი
და გავიაზროთ, რომ შიშიც
არის უბრალო აჩრდილი.

მზად ვარ, რომ მე ამ წამიდან
ხმა ავიმაღლო ყოველთვის,
მუდამ ვთქვა, რაც სათმელია,
ვიბრძოლო სიმართლისათვის.

საკმარისია დუმილი,
ყოველთვის თავის დაქნევა,
სადაც კი არა-თქმას თქმა სჯობს,
დუმილსაც უნდა დარღვევა.

ნუ ელოდებით ყოველთვის,
სხვა რას იტყვის და რას იზამს.
თუ კაცს ცვლილება სწადია
თქმას თავს თავადაც მოაბამს.

სხვისი სურვილი სხვისია,
მისი ცვლილებაც მისია,
ნუ იტყვით, რომ რაც მომხდარა
ის თქვენთვის უვარგისია,

რადგან თქვენ ჩუმად იყავით
და დუმილს ინარჩუნებდით.
მორჩა! შეწყვიტეთ! გათავდა!
ნუ იარსებებთ ამ შიშით.

თქვით ის, რაც მართლა გწადიათ
და რისი ხილვაც გულით გსურთ,
ასე მოახდენთ ცვლილებებს,
ასე იპოვნით სიხარულს.

გიორგი ჩაჩხიანი

Wednesday, June 7, 2017

შენი არმყოფი მყოფობა

სად ხარ? არა ხარ, აღარ ხარ,
არ ძალმიძს შენი შეხება
და შენი ნაზი ტუჩების
ალმურით კვლავაც დატკბობა.

სად გაქრი, სად წამიხვედი?
ისე რად გაუჩინარდი,
რომ ოცნებებშიც მხოლოდღა
მესახები როგორც ლანდი.

ძველი დიდების ჩრდილი ხარ,
ანარეკლი ხარ ოცნების.
წარსულის დღეთა ვარდი ხარ,
თვით სიმბოლო ხარ ობლობის.

და მაინც შენში მე მიყვარს
შენი არმყოფი მყოფობა,
გულში კაეშანს რომ ბადებს
ეგ შენი სულის ობლობა.

დანაბარების სათქმელად
მოფრინდა ჩემთან თოლია,
ოჰ, როგორ მიყვარს, იცოდე,
მე შენი მელანქოლია.

ფრთები შემოკრა ჩიტუნამ
და შორს გაფრენა ინება,
თან წაიყოლა ხატებად
ჩემი შენდამი ოცნება.

გიორგი ჩაჩხიანი




Monday, June 5, 2017

განშორება

  ლოდინი უსასრულო იყო. ზოგჯერ რა სწრაფად გადიოდა დრო, მაგრამ დღეს უსაშველოდ გაიწელა. დრო ელეინის წინააღმდეგ მუშაობდა, უკვე ყველაფერი გადაეწყვიტა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული თავისი არჩევნის სისწორეში. დრო კი ეჭვს უჩენდა, აფიქრებდა და ზედმეტი ფიქრი ისევ იქ აბრუნებდა, საიდანაც იწყებდა. „-სწორად ვიქცევი?“ - ეკითხებოდა საკუთარ თავს და ისიც პასუხობდა: „-არ ვიცი“.
  ძლიერ ენანებოდა ის წლები, რომლებიც კარლთან ერთად გაატარა. ყველაფერი უბრალოდ წარსულის მოგონებად იქცეოდა, დაკარგულ და ტკბილ მოგონებებად. თითქოს ამდენი წელი უაზრო და ფუჭად გალეული აღმოჩნდებოდა. ყველაზე მეტად კი კარლი ენანებოდა, უყვარდა და ამ სიყვარულის გამო იყო აქამდე რომ მოეღწია, მაგრამ კარლის გათავისუფლება მაინც ვერ შეძლო. ერთხელ კარლმა უთხრა:
-ამ სამყაროში შენ მაპოვნინე საკუთარი თავი. - ეს მანამდე იყო, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა. ოჰ, როგორ ეგონა ელეინს რომ შეძლებდა კარლის დახმარებას,მისთვის ხალისის დაბრუნებასა და მის გადარჩენას. სულ ტყუილად, ამაოდ. ქალის სიყვარული საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცაღა კი კაცი მის უზენაესობაში ყოველდღე არწმუნებდა, ყველაფერი ცარიელი სიტყვები ყოფილა და მათმა სიყვარულმა მცირედითაც ვერ შეძლო იმ დარდისა და წუხილის ზღუდის ჩამოშლა, კაცს რომ ჰქონდა შემორტყმული.
  ნუ ვიტყვით, რომ სხვისი უბედურება არ შეიძლება გახდეს ჩვენი ბედნიერების დასაბამი. შესაძლოა მას აღტაცებით არ შევხვდეთ, მაგრამ ჩვენთვის სასარგებლო შედეგებს კი ნამდვილად აღტაცებით შევხვდებით. ყოველთვის როდია ასე, ხშირად, ძალიან ხშირად სხვისი უბედურება ჩვენივე უბედურებად იქცევა. ასე დაემართა კარლს. ერთი წელი გასულიყო მის სახეზე ღიმილი აღარ აღბეჭდილიყო, ერთხელაც აღარ გაეცინა, თვალებში საშინელი სევდა ჩასდგომოდა და მის მზერაში უდიდესი მწუხრი ჩამოწოლილიყო. კარლი შეცვლილიყო. მისთვის მომავლის ყველა კარი დახშულიყო. მისი სამყარო აღარასდროს გაფერადდებოდა, არ არსებობდა არც არანაირი პერსპექტივა, არც პროგრესი. ყველაფერი სტატიკური გამხდარიყო და ამ სევდასაც რომ არა და არ უჩანდა ბოლო, ეს უსასრული, გაუსრულებელი მდგომარეობა ელეინს მოსვენებას უკარგავდა, კარლთან ერთად საკუთარ თავსა და სიყვარულს ადანაშაულებდა: „ - მეც არ მყვარებია საკმარისად, ამას რომ ვაკეთებ“,- ეუბნებოდა საკუთარ თავს და თვითგვემას ეცემოდა, არ სურდა იმის აღიარება და დაჯერება, რომ შესაძლოა კარლი სათანადოდ არ უყვარდა. უბრალოდ არ შეიძლებოდა ის, რაც ჰქონდათ სიყალბე რომ ყოფილიყო, არა ეს ნამდვილი, ვნებისამშლელი, გულწრფელი და უპირობო სიყვარული იყო, მაგრამ სად გაქრა იგი?
„ვნება განელდა?“-ჰკითხავდა საკუთარ თავს.
„არა“.
„აღარ გიყვარს?“
„გაჩერდი! ამას ნუ იტყვი, მიყვარს, მიყვარს, ძალიანაც მიყვარს“.
„აბა რატომ გინდა მასთან დაშორება?“
„არ მინდა“.
„მაგრამ ამას მაინც აპირებ“.
„ჰო,ვაპირებ“. - დარცხვენილმა ჩაილაპარაკა.
„რატომ?“
„ის შეიცვალა, ის ჩემი კარლი აღარაა“.
„მაშინ ვინ არის?“
„არ ვიცი“.
„ვერ ცნობ?“
„ვერა, სრულიად უცხო კაცია, დანამდვილებით ის ვიცი, რომ ის ჩემი კარლი აღარ არის, ის არაა კაცი, რომელიც მიყვარდა და აღარასდროს იქნება“.
„ფარხმალს ყრი,ელეინ!“- უსაყვედურა საკუთარმა თავმა.
„არ მინდოდა, შენ მაინც იცი როგორ ვეცადე, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩენია, მისთვის უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს“.
„ეგოისტი ხარ.“
„ვიცი, რომ ვარ“. - სახეზე ხელები აიფარა და ქვითინი დაიწყო.
„ტირილი ვერ გიშველის, საცაა კარლი დაბრუნდება, გადაწყეტილება უნდა მიიღო“.
„ის გამიგებს“.
„თავს იმშვიდებ?“
„არა, ვიცი, რომ ის გამიგებს“.
„იქნებ ძველი კარლი გაგიგებდა, მაგრამ ეს, ეს კაცი გაგიგებს?“
„მე ამის მჯერა, მჯერა, რომ გამიგებს“.
„ინანებ?“
„ალბათ“.
„და ამას მაინც აკეთებ“.
„ჰო“.
„რატომ?“
„არ შემიძლია“.
„რა არ შეგიძლია?“
„მასთან ყოფნა აღარ შემიძლია, მის სამყაროში ვერ ვიცხოვრებ, მეშინია“.
„რისი, ელეინ, რისი გეშინია?“
„იმ სიბნელის გარს რომ ახვევია, იმ სევდისა და დარდის, რომელიც მგონია რომ მალე მეც გადამყლაპავს და საკუთარ მარწუხებში მომაქცევს, თავს უნდა ვუშველო, კარლს ვერ ვუშველე, საკუთარი თავი მაინც უნდა გადავარჩინო“.
„იქნებ შეცდომა დაუშვი?“
„მე?“
„ჰო, თავიდანვე, იქნებ სათანადოდ ვერ მოუარე, გვერდში ვერ დაუდექი, ამიტომაცაა ასეთი“.
„არა, მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, ყველაფერი ვცადე“.
„იქნებ თავად კარლს ჰკითხო, ასე იყო კი?“
„ვიცი, რომ ასე იყო“.
„ე.ი. საბოლოოდ გადაწყვიტე“.
„ჩვენ გადავწყვიტეთ“.
„ვინ ჩვენ, ელეინ?“
„მე და შენ“.
„არა, მე ამ ყველაფერში ნუ გამრევ, ეს შენ გადაწყვიტე, მხოლოდ და მხოლოდ შენ“.
   სახეზე ცრემლები სდიოდა. თავი ხელებში ჩარგო, წამიერად მაინც რომ შეეწყვიტა ფიქრი საოცარ შვებას იგრძნობდა, მაგრამ ასეთ დროს უბრალოდ არ შეგიძლია ფიქრის შეწყვეტა, ყველაზე დიდი პრობლემაც სწორედ ესაა.
   საათს გახედა. ექვსი საათი ახლოვდებოდა, საცაა კარლიც მოვიდოდა. ადგა და სააბაზანოში გავიდა, თავი მოიწესრიგა. სარკეში საკუთარ ანარეკლს შეაცქერდა, ვერც საკუთარი თავი იცნო, თითქოს მეორე მხრიდან სრულიად უცხო ადამიანი უყურებდა. ვერ გაუძლო და იქიდან სასწრაფოდ გამოვიდა. შვიდის ათ წუთზე კარზე ზარი დარეკეს, კარლი იყო. ელეინმა კარი დიდი ძალისხმევის ფასად გააღო. კარამდე მისასვლელი გზა ეშაფოტამდე გასავლელ გზას წააგავდა.მუხლები ეკვეთებოდა, გული გამალებით უცემდა, ხელები უკანკალებდა, მაგრამ კარი მაინც გააღო. კარლი შინ შემოვიდა. ჩვეული ცივი, გაყინული მზერა ჰქონდა, მის სახეზე ვერც ვერაფერს ამოიკითხავდი და მის თვალებშიც ვერაფერს დაინახავდი სიცივის,სიცარიელისა და სევდის გარდა. ქურთუკი გაიხადა, ხელის დასაბანად წავიდა. ელეინი რომ არ წაქცეულიყო კედელს მიეყრდნო. ძალა მოიკრიბა და სააბაზანოდან გამოსულ ქმარს უთხრა:
-კარლ, შენთან სალაპარაკო მაქვს.
-გისმენ. - უთხრა კაცმა.
-დავსხდეთ. - ქალი დივანზე დაჯდა, კაციც გვერდით მიუჯდა.
-არ ვიცი საიდან დავიწყო.
-უბრალოდ მითხარი. - ქალი კაცს შეაცქერდა, თვალები აწყლიანებოდა, ტუჩები უცახცახებდა და ქვედა ტუჩს იკვნეტდა, ხელებს ისრესდა,რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ბოლოს თავდახრილმა დაიჩურჩულა:
-მივდივარ, კარლ. - კაცისთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა.
-მიდიხარ? - მშვიდად ჰკითხა კაცმა.
-ჰო. - ქალმა თავი დაუქნია. ელეინს მზერა კარლმაც მოარიდა. უხერხულმა დუმილმა დაისადგურა, ხმას არცერთი არ იღებდა.ელეინმა ვეღარ გაუძლო: - რამე მაინც მითხარი, კარლ. - კაცმა შეხედა.
-კარგი. - თავი დაუქნია.
-რა? - ქალმა მაშინვე მზერა მიაპყრო.
-კარგი. - გაუმეორა კაცმა. ელეინი აღშფოთდა, მცირეოდენი იმედი მაინც ჰქონდა იმისა,რომ კაცი დარჩენას სთხოვდა, მისთვის იბრძოლებდა, წასვლის ნებას არ მისცემდა, მაგრამ კარლი...
-შენ რა ასე უბრალოდ გამიშვებ? - თავი გააქნია, კაცის სიტყვებს ვერ იჯერებდა.
-ეს ხომ თავად გინდა.
-ჰო, არა, არ ვიცი... ჯანდაბა, გააკეთე რამე, კარლ! - წყობილებიდან გამოსულმა ქმარს უყვირა. კაცი დუმილს ინარჩუნებდა.
-მე ვერ დაგაკავებ, შენი ბრალი არაფერია, ვერ გაგამტყუვნებ, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.
-სულ ესაა?
-სულ ესაა.
-მეტი არაფერია, მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?
-არა. - მიუგო კაცმა.
-აჰ! - ქალი ფეხზე წამოიჭრა, კარებთან დადებულ წინასწარ გამზადებულ ჩემოდანს ეცა,სასწრაფოდ ხელი დაავლო. - შენ რომ შვილის ყოლაზე დამთანხმებულიყავი ახლა ეს არ მოხდებოდა! - საყვედურივით უთხრა ელეინმა და სახლიდან საჩქაროდ გავარდა. კარი ძლიერად მოიჯახუნა. კაცი შეკრთა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო თუ როგორ დაუსველა ლოყა თვალიდან ჩამონადენმა ცრემლმა.
   სამი უსასრული დღე გასულიყო მას შემდეგ. ელეინი მაინც იმედოვნებდა, რომ კარლი ერთხელ მაინც დაურეკავდა, დაბრუნებას სთხოვდა და ალბათ ისიც დაბრუნდებოდა, მაგრამ კარლს არ დაურეკავს. ყოველი ზარის გაგონებისას გული ბაგა-ბუგს უწყებდა, თუმცა ამაოდ, იმედები ყოველთვის უცრუვდებოდა. ოთხი საათი იქნებოდა ელეინის ტელეფონმა რომ დარეკა, ყურმილს მაშინვე დასწვდა, იმედოვნებდა, რომ კარლი იქნებოდა, მაგრამ ტელეფონში ქალის ხმა გაისმა. სოფია იყო, მისი და კარლის ძველი საერთო მეგობარი. გაბზარული, ნამტირალევი ხმა ჰქონდა.
-ვწუხავარ, ელეინ, ძალიან ვწუხვარ. - თითქმის ტირილით მიუგო.
-რა მოხდა? - საჩქაროდ ჰკითხა ელეინმა.
-კარლი...
-რა მოუვიდა? მითხარი! - ყურმილს ორივე ხელით ჩაჰფრენოდა.
-მან... თავი მოიკლა. - ყურმილი ხელიდან გაუვარდა, ადგილზევე გაშეშდა. - ელეინ, ელეინ... - არაფერი ესმოდა, ყურებში საშინელი წუილი ჩაესმოდა, ქანდაკებად ქცეულიყო, არც ერთი ნერვი არ უტოკდა, ვერ ინძრეოდა, მხოლოდ ცრემლები ჩამოსდიოდნენ ღაპაღუპით.
   კარლი მალევე დაკრძალეს. ელეინს არავინ დაურეკა, დაკრძალვაზე თავად მივიდა. შავი კაბა ეცვა, სასოწარკვეთილ, გატანჯულ სახეს კი შავი ვუალი უფარავდა. მის მისვლას ყველა ცივად და გაოცებით შეხვდა. კარლის დედამ ვეღარ მოითმინა, ელეინისკენ გამოექანა.
-აქ მოსვლა როგორ გაბედე, შე უსირცხვილო! შენ მოკალი ჩემი შვილი, შენ მოკალი ჩემი საბრალო კარლი,ახლავე აქედან გაეთრიე! მოშორდი, თვალით აღარ დამენახო! - მათთან კარლის მამაც მივიდა. სახეზე ენით აუწერელი ტკივილი გამოხატვოდა.
-გთხოვთ, ჩემს შვილს პატივი ეცით, აქ სცენებს ნუ გამართავთ. - უთხრა ცოლს, შემდეგ კი ელეინს მიუბრუნდა: -გთხოვ, ელეინ, წადი, აქ სასურველი სტუმარი ნამდვილად არ ხარ, სიტუაციას მეტად ნუ გავამწვავებთ.
-ის ჩემი ქმარი იყო.
-იყო, ახლა აღარ არის. - დანანებით წარმოთქვა კაცმა. - უბრალოდ წადი, გთხოვ. - ცოლს ხელი მოჰკიდა და ცერემონიისკენ წაიყვანა. ელეინმა ნათლად დაინახა მზერა, რომლითაც ყველა უმზერდა, ეს იყო საშინელი ამრეზი, რომელიც სიძულვილისა და ზიზღის გარდა არაფერს გამოხატავდა, არც თანაგრძნობას, არც შეცოდებას. ეს იყო მზერა, რომლითაც დამნაშავეებს უმზერენ ხოლმე. ელეინმა ვეღარ გაუძლო და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. სანამ წავიდოდა ნათლად გაიგონა სიტყვები, რომლებიც ხალხმა ერთმანეთს გადაუჩურჩულა:
-ჯერ ლილი დაიღუპა, ახლა კარლი. საბრალო მშობლები, ორივე შვილი ასე ადრეულად გამოეცალათ ხელიდან.
-ჰო, ლილი თანაც კარლის გაზრდილი იყო, ვერ იტყოდით და არისო, ისე უვლიდა მამა გეგონებოდათ, ასაკშიც შესაფერისი სხვაობა იყო, საბრალო ბიჭმა მისი დაღუპვა მძიმედ გადაიტანა, ისედაც უბედური იყო, მერე ელეინმაც მიატოვა და ამ ყველაფერს უკვე ვეღარ გაუძლო.
-ეჰ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, კარგი ბიჭი იყო.
-დასანანია ასეთები ასე უდროოდ რომ მიდიან იმქვეყნად.
     ელეინი მანქანაში ჩაჯდა. მანამდე მხნეობას ინარჩუნებდა, მაგრამ ახლა ვეღარ გაუძლო, ცრემლებად დაიღვარა.
„ეს შენი ბრალია, ის შენ გამო მოკვდა“.
„გთხოვ, არ გინდა, ამას ნუ მეუბნები“.
„თავადაც იცი, რომ ეს ასეა“.
„ღმერთო, ღმერთო...“
შორიდან უყურა თუ როგორ მიაბარეს მიწას მისი საბრალო მეუღლე. „-ნეტავ ახლა მაინც თუ იპოვა სიმშვიდე?“- გაიფიქრა ელეინმა. იმედი ჰქონდა, რომ ასე იყო, მან ხომ მიწიერ ცხოვრებაში ის სიმშვიდით ვერ უზრუნველყო და ჩამოშლილი გალავანი ვერ აღუდგინა.  იმისი გაცნობიერება, რომ კარლის სახეს ვეღარასდროს ნახავდა, თუნდაც ისეთ პირქუშსა და ცივს ბოლო დროს რომ ჰქონდა, ელეინს ცუდად ხდიდა, მის ცხოვრებას ყოველგვარ აზრს უკარგავდა. ო, როგორ ნანობდა ჩადენილს, ნეტავ მომხდარის შეცვლა შესძლებოდა. სიამოვნებით გაატარებდა მთელ ცხოვრებას ისეთ კარლთან, როგორიც გამხდარიყო, ოღონდაც კი გვერდით ჰყოლოდა, მისი ხელი დაეჭირა, შეხებოდა და მისი სხეულის სითბო ეგრძნო.
„ეს არასდროს მოხდება“. - უპასუხა საკუთარმა ხმამ.
   შებინდებამდე შეიცადა. სასაფლაო დაცარიელდა. როდესაც მესაფლავეებმაც მოილიეს თავიანთი საქმე და სახლებში წავიდნენ, ელეინი მანქანიდან გადმოვიდა. კარლის საფლავისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა. რაც უფრო უახლოვდებოდა საფლავს, განცდების შეკავება და გრძნობების მოთოკვა მით უფრო უჭირდა.
მუხლები მოეკვეთა და კარლის საფლავს დაემხო. ხელებით ამოზვირთულ ქვიშას ეფერებოდა.
-ოჰ,კარლ, ჩემო ძვირფასო კარლ, მაპატიე, მე შენ იმედები გაგიცრუე, შენი გადარჩენა ვერ შევძელი. - საფლავს თავი დაადო და მწარედ აქვითინდა.
„კარლ“.
„ელეინ“.- ჩაესმა კაცის ხმა.
„კარლ“.
"ელეინ".

გიორგი ჩაჩხიანი

Friday, June 2, 2017

სვირინგი


   ოთახი კვამლით ავსებულიყო. ფარდები ჩამოეფარათ და სიბნელეში კვამლი ჰაერში ნაზად ლივლივებდა, ფენა-ფენად მიიწევდა ჭერისკენ, ქვედა ფენებს კი ახალ-ახალი შრეები ემატებოდა. კაცის პირიდან გამოშვებული რგოლები მაღლა მიიწევდნენ, იშლებოდნენ და კვამლის ნაწილნი ხდებოდნენ. კაცი საწოლზე შიშველი იწვა. მშვიდად სუნთქავდა, მარცხენა ხელით ქალის თმას ეალერსებოდა,რომელიც მის გულმკერდზე გაშლილიყო. ორივე დუმდა. ქალს თავი კაცის მკერდზე დაედო, თითებით მის ტორსს ნაზად ეალერსებოდა. დაღლილიყო და ახლა სრულიად შიშველი საყვარელი მამაკაცის მკლავებში განცხრომას ეძლეოდა. თავი აწია და კაცს შეაცქერდა, შეყვარებულების მზერა ერთმანეთს შეერწყა და წამიერად ორივენი ერთმანეთის მზერაში ჩაიკარგნენ.
-მიყვარხარ, - უთხრა ქალმა და ისევ კაცის გულმკერდს მიეკრა. კაცმა სიგარეტი ჩააქრო და ქალს ორივე ხელით მოეხვია. ახლა თითებით მან დაიწყო მის მხრებზე თამაში. ქალის სხეულს, მის კანს დიდი სინაზითა და მგრძნობელობით ეფერებოდა, რაც ქალს სასიამოვნო ჟრუანტელს გვრიდა, გაღიმებული გარინდულიყო.
-თითქოს ასე ახლოს ვართ ერთმანეთთან, თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ, მაგრამ რამდენი რამე არ ვიცი შენზე. - დაიჩურჩულმა ქალმა.
-რისი გაგება გინდა?
-არ ვიცი, ყველაფრის. მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე, მინდა მთლიანად, მთელი არსებით შეგიცნო.
 -ისედაც მიცნობ.
-შენი წარსულის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი.
-მითხარი, მაინც რისი ცოდნა გინდა? - ქალმა უეცრად მზერა კაცის მხარზე ამოტვიფრულ სვირინგს მიაპყრო.
-თუნდაც ეს სვირინგი, მასზე არაფერი ვიცი. - სვირინგს დაკვირვებით დააცქერდა, პირველად არ იყო, როცა მას უყურებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვერ გაეგო თუ რა ეხატა მის საყვარელ მამაკაცს მკლავზე. ერთხელ ის სახესაც მიამსგავსა, ორი წერტილი, რომელიც სვირინგზე გარკვევით მოჩანდა თვალები უნდა ყოფილიყო, მაგრამ დანარჩენი საპირისპიროს ამტკიცებდა, ნახატი თითქოს ბნელ მაგიაში ჩაძირულიყო და მას უსასრულო უფსკრული ერტყა გარს.
-მისი არსებობა უკვე მეც დავივიწყე, ამაზე ნუ იდარდებ. - ქალს გაეცინა და კაცს შეხედა.
-რას ნიშნავს ამაზე ნუ ვიდარდებ? მინდა ვიცოდე რა არის, ეს ხომ შენ გაიკეთე, შენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მე კი მაინტერესებს რა არის შენთვის მნიშვნელოვანი. - კაცი დუმილს ინარჩუნებდა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, თუ არაფერს იტყვი მოსაუბრე იძულებულია თავად განაგრძოს საუბარი. ხშირად დუმილი ინფორმაციის დაცინცვლის უფრო უკეთესი საშუალებაა, ვიდრე გაუთავებლად კითხვების დასმა. ახლაც ასე მოხდა, ქალმა განაგრძო:
-მეც მინდა მცირე ზომის სვირინგის გაკეთება.
-არა! - მკაცრად მიუგო კაცმა. ქალი გაკვირვებითა და შეცბუნებით შეაცქერდა, ასეთი უხეში პასუხი ეხამუშა კიდეც.
-რატომ? შენ ხომ გაქვს სვირინგი.
-მე სულელი ვიყავი, ძალიან სულელი. ეს სხვა არაფერია თუ არა დამღა, რომლითაც საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავ.  - ქალის მზერაში აშკარა ინტერესი გამოიკვეთა. სვირინგს შეეხო და თითები მასზე ნაზად გააცურა.
-მომიყევი მასზე. - დაჟინებით მიუგო.
-არ მსურს ამაზე საუბარი.
ქალი გადმობრუნდა, რათა სვირინგი უფრო უკეთ დაეთვალიერებინა. იდაყვებს დაეყრდნო, კაცის მკლავი თავისკენ მიიზიდა და სვირინგი სახესთან მიიტანა.
-ეს თვალებია, ხომ ასეა? - საჩვენებელი თითი ორ შავ წერტილს დაადო და კაცს გამომცდელად შეაცქერდა. მის მზერაში უკვე ყველაფერი დაინახა და პასუხიც ცხადი გახდა, დიახ, ეს ნამდვილად თვალები იყო, მაგრამ ვისი? ამ კითხვამ ქალში ცხოველური ინტერესი გააღვივა.
-რატომ არ მეშვები? ხომ გითხარი, რომ არ მსურს ამაზე საუბარი. - წყნარად, სევდანარევი ხმით უთხრა კაცმა. ქალმა წამიერად თვალები დახარა, მზერა მოარიდა, არ სურდა მისი განაწყენება, მაგრამ ინტერესი ძალიან დიდი იყო. მას ჰქონდა უფლება ცოდნოდა თუ რა ეხატა მის საყვარელ მამაკაცს მკლავზე, ვისი თვალები გაეხადა საკუთარ სხეულზე ამოტვიფრის ღირსად და ვის ხატებას დაატარებდა საკუთარი სხეულით, ამის ცოდნის უფლება ქალს ნამდვილად ჰქონდა. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა გადაწყვიტა, რომ კაცისთვის ყველაფერი ეთქმევინებინა. არ სურდა თავისი გავლენა გამოეყენებინა, მაგრამ მოუწევდა და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ამაზეც არ დაიხევდა უკან. შეგულიანდა, იცოდა, რომ თუ მოინდომებდა გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებდა, რადგან ერთგვარი აქსიომაა ის, რომ ქალს სწორად გათვლილი ტაქტიკისა და სტრატეგიის გამოყენების შემთხვევაში ყოველთვის შეუძლია კაცზე გამარჯვების მოპოვება, მითუმეტეს მაშინ, თუ ეს კაცი ამ ქალის სიყვარულითაა შეპყრობილი და რა არის ამისთვის საჭირო? უბრალოდ მსუბუქი ალერსი, თვალების ჟუჟუნი და კეკლუცი ღიმილის დანახვა საყვარელი ქალის სახეზე. ახლაც ეს ხრიკი გამოიყენა, გაიცინა და კაცს გაღიმებული შეაცქერდა. ტუჩები მოეკუმა, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ღიმილის შეკავებას ცდილობდა, რაც კიდევ უფრო ალამაზებდა და გამორჩეულ ხიბლს ჰმატებდა მის გამომეტყველებას.
-ხომ იცი რომ არ მოგეშვები, - ხელი კაცს სახეზე ნაზად შეახო, დედობრივი ალერსით მიუალერსა, ცერა თითით ტუჩებზე შეეხო, წამოიწია და კაცის ბაგეებს მხურვალედ დაეწაფა, ბოლოს კი ქვედა ტუჩზე მსუბუქადაც უკბინა, როდესაც კაცმა კოცნა დააპირა თავი გაწია და მისი მხურვალე ამბორი ჰაერს შეეყინა, ქალმა გაიცინა და თავად დაეკონა მის ბაგეებს, ხელი კაცის თმაში შეაცურა, ნაზად მიუალერსა და თვალებში ჩახედა მაშინ, როდესაც კაცი ყველაზე დაუცველი იყო. ქალს ნათლად შეეძლო მისი  გაშიშვლებული სულის დანახვა. - მითხარი, - ყურში ნაზად ჩასჩურჩულა და მისი თავი საკუთარ მკლავებში მოიქცია. - მითხარი, ნუ გეშინია, შეგიძლია მენდო. - ყურში ნაზად ჩურჩულებდა, თანაც აბურდულ თმაზე ეფერებოდა, - მომიყევი, ყველაფერი მომიყევი, გული გადამიშალე, თავადაც კარგად იცი, რომ თუ ამას იზამ მოგეშვება. - კაცმა ეჭვისთვალით შეხედა ქალს, მათი მზერა ისევ შეერწყა ერთმანეთს.
-ღმერთო ჩემო, მომშორდი, - ჩაიცინა კაცმა და ქალის მკლავებიდან თავი დაიხსნა, საწოლზე წამოჯდა. იატაკს უაზროდ მიაჩერდა. ქალი მოეხვია. მკერდით კაცის ზურგს მიეკრა, ხელები მის სხეულს ძლიერად შემოაჭდო, თავჩაქინდრულს კისერზე აკოცა და შუბლი მიადო.
-კარგი, თუ გინდა ნურაფერს მეტყვი, მაგრამ ხომ იცი,რომ შეგიძლია მენდო.
-ვიცი. - უთხრა კაცმა. ცოტა ხანი ასე ჩუმად ისხდნენ, სტატიკურად. შემდეგ კაცი წამოდგა. შარვალი ამოიცვა და ტერასისკენ გაემართა. ფარდები გადაწია, ოთახში სინათლე შემოიჭრა, რომელმაც ქალს თვალი მოსჭრა. კაცი ტერასაზე გავიდა და ქალაქს შეაცქერდა. უცხო ადამიანები თავიანთი ისტორიებით - აი რას ხედავდა ტერასის პეიზაჟზე. ამასობაში ქალიც გამოვიდა. მალინისფერი ხალათი მოეცვა. საყვარელს გვერდით დაუდგა. კაცმა შეხედა, გაუღიმა, მისი ხელი აიღო და ნაზად ეამბორა. ხელი მოაჯირს ჩამოადო, ქალმა მას ძლიერად მოუჭირა.
-ბევრი ხალხია,არა? - ჰკითხა მან.
-ჰო, - კაცმა თავი დაუქნია.
-და ამდენ ხალხში ჩემთვის ხარ ერთი. - კაცმა გაუღიმა, ზურგიდან მოეხვია, ხელები წელზე შემოაჭდო და კისერზე ნაზად აკოცა. ცოტა ხნის შემდეგ უთხრა:
-წავალ, ყავას გავამზადებ, ხომ დალევ?
-კი, - მიუგო ქალმა და საყვარელი უდიდესი სითბოთი აღსავსე მზერით გააცილა. ის მას ეკუთვნოდა, თავს ბედნიერად გრძნობდა ასეთი საგანძური რომ გააჩნდა, გაიღიმა და კვლავაც ქუჩაში მოსიარულე ხალხს შეაცქერდა.
    მზიანი დღე იყო, მაგრამ საღამოსკენ ამინდი უეცრად შეიცვალა. გაწვიმდა. წყვილი ტერასის გადახურულ ნაწილში ისხდა. ვახშამი დაესრულებინათ და ცხელ ჩაის მიირთმევდნენ. ქალს ორივე ხელი ჭიქისთვის მოეკიდა, ორთქლი სახეზე ელამუნებოდა და თბებოდა. ორივე ღრმა ფიქრებში ჩაძირულიყო.
-რატომ გინდა სვირინგის გაკეთება? - მოულოდნელად ჰკითხა კაცმა.
-რა? - ქალი ფიქრებიდან გამოერკვა.
-მითხარი, რომ სვირინგის გაკეთება გინდა, რატომ?
-არ ვიცი... უბრალოდ, მომწონს პატარა სვირინგი ფეხზე ან ხელზე, რატომ მეკითხები?
-ადამიანი მთელი ცხოვრება ცდილობს წარსულს გაექცეს, ის მომავლისკენ მიისწრაფვის, ფინიშის ხაზისკენ მთელი სისწრაფით მირბის, რათა სტარტი უკან მოიტოვოს. მომავალში ბევრს შეუძლია წარსულის დავიწყება, რიგი ეპიზოდების უკან მოტოვება და ცხოვრების ახლებურად გაგრძელება, ის,რაც ამაში ხელს გვიშლის მოგონებებია, მაგრამ მოგონებების დავიწყებაც კია შესაძლებელი თუკი მას მატერიალური სახე არ გააჩნია, თუ ნივთია დაამსხვრევ, დამარხავ, გადააგდებ, მაგრამ თუ ნივთი არ არის, არამედ შენი ნაწილია, ნაწილი შენი სხეულისა, შენი კანისა, მას ვერც ვერსად გადააგდებ და ვერც ვერსად დამარხავ, სამუდამოდ მასთან ერთად ხარ გამომწყვდეული, უყურებ საკუთარ ანარეკლს და ეს არ გაძლევს წარსულის დავიწყების საშუალებას, ყველაზე საშინელ მოგონებებს აღვიძებს, გახსნებს და ამოგიტივტივებს გონებაში.
-და თუ ასეთ ტკივილს გაყენებს რატომ არ იშორებ?
-ასე მარტივად არ არის საქმე, თავიდან მეგონა, რომ გავიდოდა დრო და ერთი უბრალო სვირინგის მოშორება ძალზედ მარტივი იქნებოდა, მაგრამ რეალობა როდია ისეთი, როგორსაც მას წარმოვიდგენთ ხოლმე, თუნდაც მომავალში. ისე ვერ მოიშორებ კანზე კვალი რომ არ დატოვოს, დაღი სამუდამოდ რომ არ დაგაჩნდეს, მაგრამ ვინ თქვა, რომ მოშორებული არ მაქვს?  - ქალმა ჩაიღიმა.
-მოშორებული გაქვს? - ჰკითხა მცირედი ირონიით.
-კი, - კაცმა თავი დაუქნია. მაისურის სახელო აიწია, - მითხარი, რას ხედავ?
-არ ვიცი, ან უნიჭო მხატვრის ნამუშევარს, ან ისეთ რამეს, რასაც ვერ ვწვდები. რომელია?
-არც ერთი და არც მეორე. აქ ორი სვირინგია. ორივე ერთნაირი, ერთმანეთზე გადახატული, ერთმანეთის შებრუნებული, ერთი ზემოდან, მეორე ქვემოდან. - ქალი დაბნეული შესცქეროდა.
-ვერ მივხვდი.- კაცმა გაუღიმა.
-მართალი იყავი, ეს მართლაც რომ თვალებია.
-ვისი?
-განა აქვს რაიმე მნიშვნელობა?
-ჩემთვის კი, აქვს.
-ანა ერქვა.
-რა მოუვიდა?
-მიღალატა, მიმატოვა.
-შენ მიგატოვა? - ქალმა სიცილი ვერ შეიკავა.
-ჰო, ასეა. - კაცმაც გაიცინა, - რა, ეს ასეთი წარმოუდგენელია?
-აჰ, ღმერთო, რა სულელები არიან ადამიანები, მაგრამ მისი მადლობელი უნდა ვიყო, მთელი დიდება მე დამრჩა.
-უკვე მეც აღარაფერს ვნანობ.
-რთული იყო?
-კი, ძალიან, ძალიან რთული იყო.
-მე შენ არასდროს მიგატოვებ, გეფიცები.
-ვიცი, ვიცი. - კაცმა თავი დაუქნია და ქალს ღიმილით შეაცქერდა.
-მისი სახე რატომ დაიხატე?
-მიყვარდა, ძალიან მიყვარდა და მინდოდა მუდამ ჩემთან ყოფილიყო.
-ჩემზე მეტად გიყვარდა?
-სიყვარულის ფენომენი იმაშია, რომ ყოველ ჯერზე ის სხვადასხვაგვარად გეწვევა, შენ გაცილებით სხვა სიყვარულით მიყვარხარ.
-და რამდენად ძლიერია ეს სიყვარული?
-იმდენად, რომ ის გაგიმხილე, რასაც მთელი ცხოვრება გავურბოდი. - ქალმა თავი დაუქნია.
-გმადლობ. - სიჩუმე ჩამოწვა. ცოტა ხნის შემდეგ კი ჰკითხა: - მაინც, მეორედ უკუღმა რატომ დაიხატე მისი სახე?
-თუ რამის წაშლა გინდა წასაშლელად საუკეთესო ხერხი არა მისი გადაჯღაპნა, არამედ მასზე ხელახალი გადაწერაა, ოღონდ უკუღმა. ასე ნაწერი აზრს კარგავს და თანაც სრულ სიმახინჯეს ემსგავსება.
    საშინლად იქუხა. მეხი გავარდა და ცა ელვამ რამდენჯერმე ძლიერად გაანათა.
-აჯობებს შინ შევიდეთ. - თქვა კაცმა.
-ჰო. - ქალმა ჭიქა მაგიდაზე დადგა და წამოდგა. კაცმა ხელი წელზე მოჰხვია და კარისკენ დაიძრნენ. - ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მეტყოდი. - ეშმაკური ღიმილით უთხრა ქალმა.
-ჰო, - მიუგო კაცმა და ორივე ყავისფერი კარის მიღმა გაუჩინარდა.