ვინ არიან მეფენი? ადამიანები,რომლებსაც ძალაუფლება უფლის
დადგენილებით ჩავარდნიათ ხელთ თუ უბრალოდ იღბლიანი ადამიანები,რომლებიც მხოლოდ
იმიტომ მართავენ და ბატონობენ სხვებზე,რომ მათმა დიდმა ბაბუებმა და წინაპრებმა მახვილით
გაკაფეს გზა სამეფო ტახტამდე და თავი ხელმწიფეებად გამოაცხადეს. მეფეებს ღირსეულ
პიროვნებებად აღიქვამენ, მათში ხსნას ხედავენ, მათ შესახებ გვასწავლიან და
ცდილობენ ისინი მისაბაძ პიროვნებებად და „ღმერთებად“ წარმოგვიჩინონ. მრავალი
ნაწარმოები დაწერილა მათ დიდებებზე, მათ ღირსებებზე,რადგან ისინი ხომ ღვთის
დადგენილებით მეფობენ,არა? მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, მე ქრისტიანი ვარ და
მწამს იმისა,რომ ღმერთი შემბრალებელი,სამართლიანი და მოწყალეა, ისიც ღმერთის ნებით
ხდება მამები შვილებს, ძმები ძმებს რომ ჰკლავდნენ და სასტიკად აწამებდნენ ტახტის
გამო? თუ პიროვნება უფლის რჩეული იყო,განა ღმერთი მას არ დაეხმარებოდა და ცოდვაში
ფეხის ჩადგმისა და საკუთარი სისხლისა და ხორცის, ოჯახის წევრის,შვილისა და ძმის
მოკვლის გარეშე არ აიყვანდა ტახტზე? საქართველოს ისტორია გავიხსენოთ, დემნა
ბატონიშვილი, იგივე დემნა უფლისწული და უგვირგვინო მეფე მოვიგონოთ. იგი
დავით
აღმაშენებლის შვილთაშვილი და თამარ მეფის ბიძაშვილი გახლდათ, ის საკუთარმა ბიძამ,
მეფე გიორგი მესამემ კლდეკარის ციხეში გამოკეტა, თვალები დასთახარა და
დაასაჭურისა, რის შემდეგაც ახალგაზრდა უფლისწულს დიდხანს აღარ უცოცხლია, ეს კი
მხოლოდ იმიტომ, რომ თავად გიორგი გამეფებულიყო და ძალაუფლება არ დაჰკარგვოდა.გავრცელებული
მოსაზრებით თავად დემნა უფლისწულის მამა, დავით მეხუთეც მოწამლეს და ისე
გამოასალმეს სიცოცხლეს, შესაბამისად უფლისწულის ცხოვრების ასეთი დასასრული არავის
გაჰკვირვებია. ქართველი ისტორიკოსები დემნა ბატონიშვილზე ასე საუბრობენ: „ადამიანი,
რომელსაც მემკვიდრეობით ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ ბიძამ გიორგი მესამემ წაართვა
ტახტი და სასტიკად გაუსწორდა. ამას მოყვა ძალიან დიდი ზნეობრივი რღვევა, იმიტომ,
რომ ღვთით კურთხეული მეფე ვინც უნდა ყოფილიყო იმის ნაცვლად სხვა გამეფდა.“ ლორეს
ციხეში გამაგრებული დემნა უფლისწული მიხვდა,რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა,ასე მხოლოდ
უაზროდ დაღვრიდა თავისი ხალხის სისხლს,ამიტომ ციხიდან თავისი მომხრეებისგან
მალულად გამოვიდა და ბიძასთან მივიდა, მას პატიება და სიცოცხლის შენარჩუნება
სთხოვა. ახლა კი გთავაზობთ ამონარიდს ლევან სანიკიძის უქარქაშო ხმლებიდან: „ავად
მოეპყრო გიორგი ძლეულ ძმისწულს. ერთ ხანს კლდეკარის ციხეში იყო ჩაკეტილი დემნა.
მერე ჯალათები მიადგნენ. ერთმა თვალები დაუშრიტა, მეორემ ლაჯებში დანა დაადო და...
დაასაჭურისა. დემნა ჭკუაზე შეცდა. დიდხანსაც აღარ უცოცხლია. გელათის სამეფო
საგოდებელი არ აღირსეს და მცხეთას დაფლეს მისი ცხედარი.“ ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა
იმ მრავალთაგან,რომელიც წარსულში მომხდარა, ამის შემდეგ კი მეტყვით,რომ ეს ღვთის
ნება იყო, ღვთის ნება იყო ის,რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გიორგი მესამის
სურვილისამებრ დემნა უფლისწულის ტახტზე ასვლის მომხრეები დასწყევლა და ამით
გადასახადებიც მოიცილა თავიდან? ვფიქრობ, არავის არ აქვს უფლება ადამიანებზე
იბატონოს, ისინი მონებად, მსახურებად აღიქვას, რადგან კაცი იმისთვისაა შექმნილი,
რომ ღმერთს ემსახუროს და კეთილი ცხოვრებით იცხოვროს, მეფე კი ღმერთი არაა და არც
მისი სურვილებია ღვთის კანონები. დიახ, რამდენიმე პიროვნებამ ნამდვილად ღირსეულად
იმეფა, იმოღვაწა და ხალხს შვებაც მოჰგვარა, მაგრამ ასეთი შემთხვევა საკმაოდ ცოტაა.
ეს მცირედი ღერია იმ უკიდეგანი თივაში,რომელიც ეგოისტი, პატივმოყვარე და
ამპარტავანი მეფეების თივის ღერებისგან შედგება.
ჩემივე შემოქმედებიდან
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და საყვარელი ნაწარმოების - „მეფე გერარ
მესამის“ სიუჟეტი ედოსში ვითარდბოდა და ეს ადგილი რაღაცით სამეფოებთან და
მეფეებთან ასოცირდება, ამიტომ მას აღარ შევცვლი და ჩემი მოთხრობის -„მეფის
წინაშეს“ სიუჟეტიც იქ განვითარდება.
ღამე, მასზე ბევრი რამ გაეგება კაცს, მითუმეტეს თუ
ის ედოსში ცხოვრობს. ღამე ის
პერიოდია,როდესაც ჭინკები სამალავებიდან გამოდიან, მგლები ბუნაგებიდან, მელიები
სოროებიდან,ალქაჯები კი გამოქვაბულებიდან, ღამე ცოდვილებსა და ავსულებს ეკუთვნით,
ღამე ცივი და საშიშია. ბევრი მოთქმა არსებობს ედოსში ღამის შესახებ,მაგრამ მათ
შორის კარგი და მოსაწონი არცერთი არაა.ღამით ცაც კი საშიშია, შავი,თითქოს იგი
ჯოჯოხეთის კარიბჭე იყოს და იქიდან ტანჯვული სულების გოდება ისმოდეს, ზოგჯერ კი
კარიბჭე მეტს ვეღარ იტევს და მცირედი ღრიჭოდან მათ გოდება, მათი წუხილი და მათი
ტანჯვა ცრემლების სახით ამქვეყნიურ სამყაროშიც აღწევს და ცოდვილებს გვაფრთხილებს,
გვიყვირის გაჩერდით, ცოდვას ნუ ჩადიხართ,თორემ ჩვენსავით დაიტანჯებითო, ზოგჯერ ეს გამოძახილი
იმდენად მძაფრი და ხმამაღალია,რომ პატარა ღრიჭო დიდ ნაპრალად გადაიქცევა. ედოსში
ასეთ დროს ამბობენ თქეში მოდისო, და თუ ღამითაა თქეში ეს ნამდვილად ტანჯული
სულების გოდებაა,ეს ყველამ იცის.
მას ღამე ყოველთვის საშიშად
ეჩვენებოდა, ცის ახედვისა ეშინოდა,რადგან იცოდა,რომ იქ ტანჯვული სულების გოდებას
დაინახავდა, მაგრამ ამ ღამით ღამე არ იყო საშიში და არც ჯოჯოხეთის კარიბჭე მოჩანდა
ზეცაზე. ამბობდნენ,თუ კაცი სიკვდილთან მიახლოვებულიყო,მაშინ კარიბჭეს უფრო ცხადად დაინახავდა,
მაგრამ ის ვერაფერსაც ვერ ხედავდა, უბრალოდ ცას უყურებდა,რომელზედაც ერთი იმედის
ნაპერწკალიც არ კიაფობდა. ძველი,ჩამომტვრეული აგურის კედელს მიყრდნობოდა, ზევით
იცქირებოდა, საბედნიეროდ გისოსების ჭრილში
ცა მაინც მოჩანდა. უბრალოდ იჯდა და ზეცას შესცქეროდა, მაგრამ ამავე დროს ბევრს
საუბრობდა, ოღონდ მხოლოდ გონებაში, აბა ხმამაღლა ლაპარაკს რა აზრი ჰქონდა,
მცველების გარდა ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა, ისინი კი,მეფის ერთ
გადმოგდებულ ლუკმას დახამებულები აბა რას გაიგებდნენ, მათგან ძალიან შორს იყო
სიმართლისა და თავისუფლების განცდა.
სანამ არხეინად ცხოვრობდა
და რამე არა ადარდებდა რა,სიკვდილზე ხშირად ფიქრობდა. ახლა კი,როდესაც მის მოახლოებას
გრძნობდა მასზე სულ აღარ დარდობდა, უცებ გაიღიმა,მხოლოდ ცალყბად,მაგრამ ეს ღიმილიც
სასიამოვნო იყო, ყველაზე კარგი და შვების მომგვრელი კი ის აზრი და ის ფიქრი გამხდარიყო,რომელმაც
ეს ღიმილი გამოიწვია. ცა საოცარი სარკე გახლდათ, წარსულის, აწმყოსა და მომავლის
ამსახველი სარკე. ახლა ის წარსულს ასახავდა, თუმცაღა ეს არ იყო შორეულ დროში
მომხდარი ამბავი. ის სულ რაღაც ერთი დღის წინ მომხდარს ხედავდა მაგიურ ზეცაში.
ქალაქის მოედანი, შეკრებილი ხალხი, უაზრო შთაგონებადობითა და სუგესტიურობით
ამოძრავებული ბრბო, ჩოჩქოლი მხოლოდ იმაზე,რომ დამონებულთა შორის პირველი
ყოფილიყავი და წამიერად მაინც მოგეკრა თვალი დიდებული ხელმწიფის დიდებული ვაჟისთვის.
ისიც იმ მოედანზე იყო, ვაშლს შეექცეოდა და ხალხს დამცინავად უყურებდა, თუმცა მათ
კი არა, მათ ყოფასა და ცხოვრებას დასცინოდა. ცხენზე ამხედრებული მხედრებიც
გამოჩნდნენ, ხალხმა ყვირილი დაიწყო, ნეტავი ის ეყვირათ,რაც წესით უნდა ამოსულიყო
მათი გულებიდან და სულიდან, მაგრამ არა, ეს გამამხნევებელი და მადიდებელი
შეძახილები იყო, გაუმარჯოს ჩვენს უფლისწულს, ღმერთმა დალოცოს, დიდხანს
სიცოცხლე,დღეგრძელობა და რაღაც ამისთანა სისულელები. ის დახლთან იდგა და ყველაფერს
აკვირდებოდა, ბედნიერი იყო იმით,რომ თავისუფლება ეპოვნა. ნამდვილი
თავისუფლება,თორემ ისე აქამდეც უწოდებდნენ თავისუფალ ადამიანს და აქ შეკრებილ
ხალხსაც თავისუფლები ერქვათ,მაგრამ იყვნენ კი თავისუფალნი? ხალხს დერეფანი
გაეკეთებინა, ის დახლთან დერეფნის მარჯვენა მხარეს იდგა, უეცრად მეორე მხარეს
ნაცნობი შენიშნა და მისკე დაიძრა, სიმართლე რომ ვთქვათ ღირსეული უფლისწული სულ არ
აინტერესებდა, მოახლოებულ მხედრებს არ უყურებდა ისე გადადიოდა მეორე მხარეს,
ცხენის ჭიხვინის ხმა გაისმა, ერთ-ერთმა მცველმა იგი ყალყზე შეაყენა, იგივე გააკთეს
სხვებმაც, ის კი ამასობაში მეორე მხარეს გდავიდა,ნაცნობს ხელი ჩამოართვა და
ლაპარაკიც გაუბა. იმდენად არ აინტერესებდა უფლისწული,რომ ვერც შეამჩნია ცხენები
მის გასატარებლად როგორ შეაჩერეს.
-ჰეი,შენ!-უკნიდან კაცის ხმა მოესმა.შემობრუნდა და გაჭარხლებული
მცველი დაინახა, მის უკან კი ორი დაქვეითებული, ერთი ამხედრებული დაცვის წევრი და
ცხენზე ამაყად მჯდომი მეფის შვილიც შენიშნა.
-გამარჯობა-მიუგო კაცმა.
-იცი ახლა ვინ დგას შენ წინაშე?!
-ვიცი, მეფის შვილი და მისი მსახურები.-ბოლო სიტყვები პირში გამოსცრა.
-მერე, როგორ ბედავ და ქედის მოხრის ნაცვლად გზაზეც
გადადიხარ,უბადრუკო!-დაიღრიალა მცველმა,მან კი ამაზე ცინიკურად გაიღიმა.-რა
გაცინებს?!-მცველი მისკენ წამოვიდა და ხელით უკან უბიძგა.იგი არ
შეწინააღმდეგებია.-ქედი მოიხარე, ახლავე!
-ვის უნდა მოვუხარო ქედი?
-უფლისწულს,როგორ თუ ვის, რა თქმა უნდა მომავალ მეფეს!
-ის არც ჩემი უფლისწულია და არც ჩემი მეფე იქნება, მე მხოლოდ ღმერთს
ვემსახურები და მხოლოდ მას ვემორჩილები.-იგი შებრუნდა და გზას გაუდგა,მაგრამ
მაშინვე ეძგერნენ მცველები და მუხლებზე დააგდეს.
-პატიება და შეწყალება მოითხოვე,ჩქარა!-იღრიალა ერთ-ერთმა მცველმა. იგი
ჩუმად იყო,გაიაზრა არსებული სიტუაცია და თქვა:
-მაპატიე უფალო ჩემო,რამეთუ სათანადოდ ვერ აღვასრულე შენი წესდება,
შემიწყალე მე,ცოდვილი და აღმასრულე ღირსეულად-პირჯვარი გამოისხა და ზიზღნარევი
მზერით უფლისწულს თვალებში ჩახედა.
-ხელი გაუშვით-ბრძანა მეფის შვილმა-ადექი-ის არ დგებოდა.-ააყენეთ!-მცველებმა
ხელი მხრებში ჩაავლეს და ფეხზე წამოაყენეს,-ახლა კი დამიჩოქე!-უძრავად იდგა და მას
თვალებში უყურებდა-ჩამიჩოქე-მეთქი!-იღრიალა უფლისწულმა, კაცმა ხელში დაჭერილ
მოკბეჩილ ვაშლს დახედა,მერე კი შეკრებილ ხალხს მოავლო თვალი, ხელი მაღლა აწია და
ვაშლი მეფის შვილს გაუქანა,მას იგი სახეზე მოახვედრა, ბიჭმა სახე მაშინვე
მოიწმინდა და განრისხებულმა ბრძანა:
-წამოათრიეთ!-მას მცველები მიცვივდნენ, გააკევეს და ცხენზე შეაგდეს.
არ შეწინააღმდეგებია, მხოლოდ ხალხს უყურებდა და ხმამაღლა თქვა:
-ჩვენს დროში თავისუფლება ძალიან ძვირი ღირს, დიდი ხანი დამჭირდა ის
რომ მომეპოვებინა,მაგრამ მე ახლა თავისუფალი კაცი ვარ,თქვენ კი მონები და უბადრუკი
მსახურები ხართ, მეტი არაფერი.
ახლა კი, სასახლის დილეგში
მყოფი აგურის კედელს მიყრდნობოდა, ცას შესცქეროდა და უბრალოდ იღიმოდა. ერთი დღე
გადიოდა რაც აქ მოეყვანათ, მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის ერთი ჭიქა წყალიც
კი არ მიეცათ,მაგრამ მათგან ისედაც არაფერი უნდოდა. ლოცვა დაიწყო, სიკვდილის წინ
ცოდვების მონანიება სურდა, ჩადენილი ყველა დანაშაული გაიხსენა,აღიარა და მათ გამოც
შესთხოვა უფალს პატიება. ღმერთის არასდროს სწამდა, მხოლოდ მაშინ იწამა,როდესაც
თავისუფლებაზე დაიწყო ფიქრი და დასახულ მიზანსაც მიაღწია,თუმცა ჯერ ბოლომდე
თავისუფალი კიდევ არ იყო. მაგრამ რატომ მიიჩნევდა თავს თავისუფლად? იქნებ
იმიტომ,რომ უფალთან მიმავალი გზა ეპოვნა და ნელ-ნელა ამქვეყნიურ დამაბრკოლებელ
ბორკილებს შორდებოდა, ნელ-ნელა იხსნიდა მაჯებზე შებმულ ჯაჭვებს და ხელებსაც
ითავისუფლებდა?
მთელი ღამე ლოცულობდა,
ფსალმუნები დაესწავლა და მათ კითხულობდა,თანაც ცას შესცქეროდა,მაგრამ იქ ჯოჯოხეთის
კარიბჭეს სულ არ ხედავდა. დილა იყო დილეგის კარების ღრჭიალი რომ გაისმა, მასთან
ორი მცველი შევიდა,ხელები ძლიერად მოჰკიდეს და ფეხზე წამოაგდეს,ოთახიდან გაიყვანეს
და მეფესთან განსასჯელად შეიყვანეს.
უზარმაზარი დარბაზი იყო.
კედლებზე ჩირაღდნები ჩამოეკიდათ, მათ წინ კი უზარმაზარი სვეტები აღმართულიყო,რომელთა
ჩრდილები ბეტონის იატაკზე გაწოლილიყვნენ და ცეცხლის შუქზე ავისმომასწავლებლად
ლაპლაპებდნენ,თითქოს სასიკვდილო ცეკვას ცეკვავენო. დარბაზში ოც კაცამდე
შეკრებილიყო, ალბათ დიდებულები და წარჩინებული პირები იქნებოდნენ, განსასჯელმა
ყველას მოავლო თვალი,მათ შორის კი დარბაზის ბოლოში მეფის ტახტთან მდგომ
უფლისწულსაც შეხედა, შემდეგ კი მზერა მედიდურ სავარძელზე და მასში მჯდარ
გაბღენძილ, თვითკმაყოფილ ხელმწიფეზე გადაიტანა. მისი ვითომდა ჩაფიქრებული სახის
დანახვისას სახეზე ღიმილი გამოესახა. მაშინაც იღიმოდა,როდესაც ხელი გაუშვეს და
მეფის წინ მუხლებზე დააგდეს.
-ის არის?-მეფემ ვაჟს ჰკითხა, ბიჭმაც თავი დაუქნია. კაცმა ტახტზე
წამოიწია და დამნაშავეს დაკვირვებით დახედა.ის ისევ იღიმოდა.
-გავიგე ჩემი შვილისთვის, შენი უფლისწულისთვის შეურაცხყოფა
მიგიყენებია, ამას უარყოფ?
-ვუარყოფ იმას,რომ მე ჩემს უფლისწულს მივაყენე შეურაცხყოფა,მაგრამ
ვადასტურებ მას,რომ შენი შვილი ნამდვილად შევურაცხვყავი - მან ბიჭის სახეზე
აღბეჭდილ მძვინვარებასა და ბრაზს შეხედა,შემდეგ კი დიდებულების ჩურჩულს მიაყურადა
და ცალყბად ჩაიღიმა.
- მას არ აღიარებ შენს უფლისწულად, მე კი შენ მეფედ, ასეა სულელო?
- სულელი მაშინ ვიქნებოდი თქვენ, შენ და შენს ამპარტავან,
თვითკმაყოფილ შვილს ჩემს ხელმწიფეებად რომ გაღიარებდეთ.-მისკენ მცველები
დაიძრნენ,მაგრამ მეფემ ისინი ხელის მოძრაობით შეაჩერა.
-ამისთვის იცი რა მოგელის?!-უთხრა გაბრაზებულმა-იმაზე უფრო სულელი
ყოფილხარ, ვიდრე წარმომედგინა.
-რას მიზამთ, მომკლავთ?-მან გაიცინა-მომკალით, მე სიკვდილის არ
მეშინია,ჩემს თავთან მართალი კაცი ვარ, სიკვდილის ადრე მეშინოდა,მაშინ, როდესაც
ახლობლები და საყვარელი ადამიანები მყავდა დასაკარგი,მაგრამ ახლა პირიქით, ის
ძალიან მაინტერესებს,ნეტავ რა არის მეორე მხარეს? სიკვდილის მათ გამო
მეშინოდა,ვინც შენ და შენნაირმა თვითმარქვიებმა წამართვით, ჩემი თავისთვის კი არ
მეშინია.
-ბედავ და მეფეს, უზენაეს ხელმწიფეს თვითმარქვიას უწოდებ?!-კაცი
სკამიდან წამოვარდა-იცი,რომ ჩემი მეფობა ღვთის მიერაა დადგენილი?
-ეს ისტორიიდანაც კარგად ვიცი, შენ არც პირველი მეფე ხარ და არც
უკანასკნელი, სხვადასხვა მეფის შესახებ
ბევრი წყარო და თქმულება წამიკითხავს, მათ მათი მემატიანეები და ჟამთა აღმწერები
მუდამ ხოტბას ასხამენ, მათ ნამდვილ გმირებად და ღირსეულ პიროვნებებად აღწერენ და
მოიხსენიებენ, ამას ასწავლიან ბავშვებს სასწავლებლებში, მეც ეს ვისწავლე და მუდამ
მჯეროდა,რომ მეფისთვის უნდა მემსახურა და ეს იყო ადამიანის მისია,მაგრამ ეს
სისულელეა, სისულელე და მეტი არაფერი! განა შენ ასრულებ შენს მისიას? ზრუნავ
ხალხზე და ცდილობ აღასრულო და დაემორჩილო ღვთის ნებას? თავი აირიდო ცოდვის
ჩადენისაგან და სიწმინდე შეინარჩუნო? თუ ასე გწამს ღმერთის მაშინ ის მითხარი,
რატომ არ იცავ ოჯახის სიწმინდეს და რატომ არ ხარ შენი ცოლის ერთგული?!
მეფემ კაცს სილა გააწნა, სულ
აწითლებულიყო, გაშმაგებისგან ბრდღვინავდა, სუნთქვაც გახშირებოდა.
-როგორ ბედავ?!-იღრიალა გამძვინვარებულმა.
-რამდენიმე თვის წინ ჩემი და, ჩემი ერთადერთი და შენმა ხალხმა
წამართვა-მან კუთხეში მდგარ მეფის დაცვის უფროსს ზიზღით შეხედა-მან-მან კაცზე
თითით ანიშნა-მან გამომტყავა ჩემი ერთადერთი და, ასე მითხრა, ეს ქალი მეფეს ძალიან
მოეწონა და თავისთვის უნდაო-შეხედა თუ როგორი ღრმა და დაუმალავი შიში აღებეჭდა
ხელმწიფეს,მის სახეზე ყველაფერს ამოიკითხავდი სინანულისა და სირცხვილის გარდა,-მეძავად
წაიყვანე ჩემი და, კიდევ რამდენს მოექეცი ასე?! მითხარი! - უკვე ისიც ღრიალებდა-და
ამაზე ვინმე რაიმეს დაწერს? განა მომავალი თაობა, განა შთამომავლობა გაიგებს ამის
შესახებ? სულელი უნდა იყოს კაცი,რომ დაიჯეროს იმის,რასაც მემატიანეები
წერენ,რადგან რომ უნდოდეთ ცუდს მაინც ვერ დაწერენ, ამას ვერ გაბედავენ იმიტომ,რომ
იციან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თავს მოჰკვეთავენ და მათ ნაშრომსაც დაწვავენ,
სხვას არც დააწერინებენ, როგორ შეიძლება ყველა მეფე წმინდა იყოს და ყველა
ასრულებდეს უფლის მიერ დადგენილ კანონებს? პირიქით, ერთი დიდი ნაძირლები ხართ და
მეტი არაფერი, მე სიმართლეს ვამბობ, შეიძლება მართლაც არსებობდნენ ისეთი
მეფეები,რომლებმაც ჭეშმარიტად ღირსეულად იმსახურეს,მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა, შენ
კი ასეთი ნამდვილად არ ხარ, მითხარი რატომ უნდა დაგემორჩილო? იმიტომ,რომ არ
მომკლა? იმიტომ,რომ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლის წართმევით არ დაიმძიმო სული?
მაგრამ შენ ხომ ჩვენ ადამიანებად არ აღგვიქვამ, უფრო მონას გვიწოდებ, განა მონის
სიცოცხლე რამედ გიღირს?-მან ისევ
გაიცინა-მიდი, მომკალი, ასე მაინც მოვიპოვებ თავისუფლებას და ალბათ ეს შენ მიერ
ჩადენილი ერთ-ერთი საუკეთესო საქციელი იქნება, როგორც გითხარი მე სიკვდილის არ
მეშინია, მეტიც ის ძალიან მაინტერესებს, დედაჩემი გარდაიცვალა, მამა კი იმის გამო
მომიკვდა,რომ შენი და შენი შვილის-მან ეს
ზიზღით წარმოთქვა-ბატონობას საფრთხე არ დამუქრებოდა, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე
შენი უბადრუკი სახელისთვის,მაგრამ ალბათ მისი არსებობის შესახებაც კი არ იცი, ისიც
ხომ მონა იყო. მერე ჩემი დაც წამართვი, ამ ყველაფრის შემდეგ კი სიკვდილის უნდა
მეშინოდეს? ამის შემდეგ უფალთან შეხვედრის გამო უნდა მაკანკალებდეს? მე არა, ეს
შენ უნდა თრთოდე შიშით,რაო, დამუნჯდი მეფეო, ვერ ეგუები, არა, ერთ-ერთმა მონამ
სიმართლე რომ თქვა,აღიარა და თავის თავს თავისუფალი კაცი უწოდა? - მან თვალი ხალხს
გადაავლო,ყველა დამუნჯებულიყო- თქვენც მონები ხართ,თავი რამეთი ვინმეზე მეტი გგონიათ? არა, ასე არაა.-ისევ მეფეს
შეხედა-მიდი, მომკალი, შენ ხომ ღირსეული კაცი არ ხარ მართალი სიტყვა რომ გაახარო
და აღმოაცენო, რაღას ელოდები?
-მოკალით, ახლავე თავი მოჰკვეთეთ ამ
მასხარას!-იღრიალა ხელმწიფემ. კაცს მცველები მიცვივდნენ და წამოაყენეს, გარეთ
გათრევას უპირებდნენ,მაგრამ მეფემ ბრძანა:- აქვე მოკალით, რათა ყველამ ნახოს თუ რა
მოუვა მას,ვინც ღვთის ნების წინააღმდეგ წავა და თავის მეფეს უარყოფს.
დაცვის უფროსმა მახვილი იშიშვლა, მჭრელმა ფოლადმა ჰაერი გაკვეთა. ის მაინც
იღიმოდა.
-მადლობა უფალო-თვალები დახუჭა და
ყველაფერი სიბნელემ შთანთქა,მაგრამ სანატრელი თავისუფლების მოპოვების განცდით
გამოწვეულ ემოციას ვერაფერი შთანთქავდა და გაღვივებულ ცეცხლს ვერაფერი ჩააქრობდა.
და მაინც რა არის თავისუფლება? მას ადამიანები
სხვადასხვანაირად ხსნიან და განმარტავენ:
სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ
სურს თავისუფლება,რადგან იგი პასუხისმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი
გაურბის პასუხისმგებლობას!-ზიგმუნდ ფროიდი.
გაათავისუფლე საკუთარი თავი სხვისი
აზრების ზემოქმედებისაგან. არავის,მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს თავს
თავისუფლება.-ბობ მარლი.
ადამიანთა თავისუფლებას მხოლოდ ის
დაეუფლება,ვინც მის სინდისს დაამშვიდებს.-თედორე დოსტოევსკი.
ვისაც თავისუფლება ყველაფერს
ურჩევნია,იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა.-თედორე დოსტოევსკი.
ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან
გათავისუფლებით მიიღწევა.-ილია II.
მე
გამოთქმულ აზრებს თავისუფლების ორ,ჩემეულ ახსნებს დავუმატებ:
იყო
თავისუფალი და ამავდროულად მეფის ღირსეული მსახური - ეს შეუძლებელია.
უფლის
მსახურება და სულის განწმენდა ეს გზაა თავისუფლებამდე.
No comments:
Post a Comment