ახლგაზრდობაში КГБ-ს აგენტი ვიყავი. წერილების გახსნა, მათი წაკითხვა და
შემოწმება მევალებოდა. ჩემ საქმეს პირნათლად ვასრულებდი,მაგრამ ყველას არ შეუძლია
ასეთი სამუშაოს შესრულება. სახლში დაბრუნებულს ზღვა ემოციები
მქონდა, სევდა, სიხარული, წუხილი. მრავალი ადამიანის განცდა და ემოცია გროვდებოდა
ჩემში. რამოდენიმე წერილმა იმდენად შემძრა,რომ მათი გადაწერა და გადანახვა
გადავწყვიტე. ახლა მოხუცი ვარ, ის ხალხი,კი რომელთა წერილებიც გადავინახე შეიძლება
ცოცხალი აღარცაა,ამიტომ სიკვდილამდე მინდა ეს ყველაფერი გამოვაქვეყნო და მკითხველს
ის გავუზიარო,რაც მე განვიცადე მათი წაკითხვისას. მე ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ იმ
დროშიც კი არსებობდა ურთიერთგაგება, სიყვარული, კაცობა და მეგობრობა. ბედნიერი
ვარ,იმიტომ,რომ თითქოსდა უწყინარი წერილებით კიდევ ერთხელ დასტურდება ფაქტი,რომ
მტერმა საქართველო ვერ დააჩოქა და ქართული მგზნებარე გული ვერ დააშოშმინა. არ
ვამხელ თუ ვინ არიან წერილის ავტორები და ვინ ადრესატები, უბრალოდ მე მათ უცვლელად შემოგთავაზებთ,ზოგი მიუვიდა
კიდევაც ადრესატს, ზოგს კი პირველად წაიკითხავს ქართველი მკითხველი.
წერილი №1:
„ძვირფასო,ზურაბ! რამდენი ხანი გავიდა,ძლივსღა გიპოვნე. ვერ წარმოიგენ
როგორ გამალებით მიცემდა გული და როგორი ზღვა ემოცია მომწოლოდა,როდესაც ბოლოს და
ბოლოს შენი მისამართი მოვიძიე. როგორ დავიკარგეთ, ესაა ცხოვრება? ვზივარ და ჩემ
თავს ვადანაშაულებ იმაში,რომ ამდენი ხანი ისე ვიცხოვრე ერთი არ გამხსენებიხარ,
ალბათ შენც ასე ხარ,ჩემო ზურაბ. დავრბოდით ბავშვობისას ჩვენს მშობლიურ ეზოში და თავი
სამყაროს მეფეები გვეგონა. ასე ვფიქრობდით, მუდამ ერთად ვიქნებოდით და ეს წლები
მუდამ გაგვყვებოდა, ის კი არა,ჩემო ზურაბ, მოგონებებშიც ძლივსღა ბჟუტავს ჩვენი ეს
ერთობა, მხოლოდ ნაწილი გადაურჩენილა ყოვლის წამშლელ დროს. მახსოვს, ოცი წლის
ასაკში გნახე ბოლოს, ჩვენი დიალოგიც მახსოვს. მეუბნებოდი ახლა,აქ ვზივართ და
ვითომც არაფერი,ჩვეულებრივი დღეა,მაგრამ გავა დრო და ეს უბრალო წუთიც ოქროს წუთი
გახდება,თაფლივით ტკბილად მოედება გულს ჩვენი ხმა,ჩვენი საუბარი და ჩვენი ურთიერთსიყვარულიო. მაშინ მართალი იყავი,ჩემი ზურაბ,შენზე მართალი კაცი არა არსებობდა,რა.
მერე, იმავე წელს მოსკოვში წავედი, უცებ დავოჯახდი,სამუშაო ვიშოვნე,მაგრამ შენ
დაგკარგე,ჩემო ძველო მეგობარო. ორი კვირის წინ შალვა დაიღუპა,ჩვენი შაკუნა
მოკვდა,ჩემო ზურაბ, ხელებში ჩამაკვდა უბედური. სიკვდილის წინ ასე მითხრა ისე არ
მოკვდე ზურაბი რომ არ მოიკითხოო, ეგეც ცდილობდა შენს მოძებნას,მაგრამ არ
დასცალდა,ჩემო მეგობარო.როგორ უნდოდა ცხონებულს ერთად დაგვეტირა და ერთად გაგვეცილებინა
უკანასკნელ გზაზე,ერთად შეგვესვა მისი შესანდობარი. სულ გვეგონა ერთად
ვიქნებოდით,არ ვიმახსოვრებდით ბავშვობისა და ყმაწვილობის უმნიშვნელო
ნაწილებსაც,მაგრამ ახლა ყველაფერი მნიშვნელოვანია,ალბათ შენც დამეთანხმები,ჩემო
მეგობარო. ისე როგორ უნდა მოვკვდე,რომ შენი შვილები არ გავიცნო და შენ ჩემები არ
გაგაცნო, ისე როგორ უნდა მოვკვდე,რომ არ ვნახო როგორ დარბიან ჩვენი შვილიშვილები
ჩვენივე სამამულო ეზოში,ქართულ,მშობლიურ მიწაზე ფეხშიშველები.ისე როგორ უნდა
მოვკვდე,რომ კიდევ ერთხელ შენთან ერთად არ ავწიო ღვინის ჭიქა და არ მოვიგონო
ცხოვრების უტკბილესი წლები. არ მეგონა ასე ოკეანესავით თუ წალეკავდა დრო
ყველაფერს,უკან ვიხედები და რას ვხედავ? სრულ სიცარიელეს. ქონებას
ვაგროვებდი,მაგრამ რა მიმაქვს იქით? სრული სიცარიელე. ურთიერთობაა ნამდვილი
საგანძური,ძმობა და მეგობრობაა ნამდვილი ფასეულობა,ამას ბავშვობაში
ვხვდებოდი,მაშინ როდესაც არაფერზე არ ვდარდობდი და ახლაც იმავეს
ვხვდები,საუბედუროდ სიბერეში მოვეგე გონს. სხვა როგორა ხან,ჩემო ზურაბ? მომწერე
მაქაური ამბები, შენი შვილების სახელები მაინც გამინდე. ეგებ სადმე შევხვდე და სირცხვილი
მე, რომ ისინი ვერა ვიცნო,ვერა მოვიკითხო და ვერა ჩავეხუტო ისე,ჩვენ რომ
ვეხუტებოდით ბავშვობაში. მადლობა გამჩენს, ფურცელი და მელანია გამოგონილი, კაცმა
ისეთ დღეში როგორ უნდა ჩაიგდო საკუთარი თავი,რომ ამ ნამცეცობას ებღაუჭებოდე
სიკვდილის წინ,ეს იყოს შენი ერთადერთი იმედი ჭეშმარიტი მეგობრის გასახსენებლად და
დასაბრუნებლად. ისევ მოსკოვში ვარ,მაგრამ ჩამოსვლა მინდა,მშობლიურ მიწაში მინდა
დამარხვა,თუ შევძელი შალვაც უნდა გადმოვასვენო, ქართულ მიწაში სწადდა იმასაც განსვენება.
ასე მეუბნებოდა, უცხო მიწაში ნუ გამხრწნით,მშობლიური მიწა დამაყარეთო. შვილი
მიჯავრდება, რა გინდა საქართველოშიო,რუსია, არ იცის რა არის ჩვენი ქვეყანა,რა არის
ჩვენი მიწა, ვერ გავზარდე სათანადოდ,ამას ახლა ვხვდბი და ძლიერ შემტკივა გული. მე
მაინც ჩამოვალ,ჩემო ზურაბ. როგორცა ვთქვი, აქ არ მოვკვდები, ვერ დავუშვებ,რომ ამ
მიწას დავუტოვო ქართულ მიწა-წყალზე გაზრდილი სხეული, ვერ დავუშვებ,რომ რუსული
ჰაერთით ამევსოს და დამებეროს ბოლოჯერ ჩემი ფილტვები. თუ წერილი შენამდე
მოაღწევს,მომწერე,ჩემო ზურაბ. გამიხსენე მე, გადაჯიშებული ძველი მეგობარი. სიყვარულითა
და უდიდესი პატივისცემით, ირაკლი.“
წერილი №2:
„დედი,როგორ ხარ? აქ ძალიან მტკივა უშენოდ, ბევრს ვფიქრობ შენზე.ალბათ,
შენც აგრე ხარ,აგრე განიცდი ჩემზედაც. ომი ცუდი რამეა, იმაზე ცუდია,ვიდრე
წარმომედგინა, ვიდრე წამეკითხა. აქ განცდილი და ნანახი მაინც სულ სხვაა.
უსამართლობაა სკოლის მერხიდან ფრონტის ხაზზე რომ აგდებენ უცოდველ ბავშვებს და აქ
შეუბრალებელ მკვლელებად რომ აქცევენ. სულ იმას გვეუბნებიან სამშობლოსთვის იბრძვით,
ოჯახისთვისა და კეთილდღეობისთვის უნდა იომოთო, მაგრამ ვიბრძვი კი სამშობლოსთვის?
ჩემი სამშობლო ხომ საქართველოა,მე კი მისთვის არ მაბრძოლებენ. ჩემი ოჯახი შენ
ხარ,მაგრამ შენ არავინ არ გერჩის,ყოველ შემთხვევაში არც ვინმე გერმანელი და არც
იტალიელი, როგორ შეიძლება კეთილდღეობა დამყარდეს თუ მომავალ თაობას იარაღითა და
სისხლით აღზრდი,თუ ბიჭებს ერთმანეთს უმოწყალოდ დაახოცინებ? ბოღმა ხომ გულში
რჩება,ღრმად ილექება ყოველივე,ეს კარგად ვიცი. აქ სულ პატარა ბიჭები არიან, ერთი
17 წლისაც ვნახე,აქ რა გინდა-მეთქი ვკითხე, მიპასუხა დედა აფეთქებული გერმანელები
უნდა დავხოცოო. წარმოგიდგენია ამას რომ იტყვის 17 წლის ბავშვი, აქ ხალხს უმოწყალოდ
ხოცავენ, არადა კაცის კვლა ხომ დანაშაულია,არა? ბავშვობაში სულ იმას მეუბნებოდი
სხვას ცუდი არ გაუკეთო და არაფერი დაუშავოო, ესენი კი მაიძულებენ დანაშაული
ჩავიდინო. მეთაური დამიმეგობრდა,კარგი კაცია,მან მითხრა დედაშენს რაც გინდა ის
მიწერე, ნაცნობები მყავს და ისე მიუვა,არ გახსნიანო. მეც ამის იმედად გწერ,მაგრამ
არაფერს ვდარდობ,მომბეზრდა ყოველივე. გუშინ წინ დაგვბომბეს, ყუმბარები ცვიოდა ჩვენ
თავზე. ბიჭები კანკალებდნენ,ისინიც,ვინც თავს მაგარ კაცებად და მკვლელებად
მიიჩნევენ, მე არ მეშინოდა,დედი. მე სუფთა მაქვს სინდისი,ჯერ კაცი არ მომკილვას,დედი,ვერც
მოვკლავ,სულსა და სინდისს ვერ დავიმძიმებ.აბა მითხარი, რისი უნდა მეშინოდეს? მე
ცოდვაში არ ჩამიდგამს ფეხი, დასამალიც არაფერი მაქვს,სუფთა მაქვს სინდისი,არაფრისაც
არ მეშინია,დედი. იცი? შენზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე,მაინტერესებს როგორ ხარ, ალბათ
გიჭირს უჩემოდ,რას იზამ უნდა გაუმკლავდე,მე მალე ჩამოვალ. უბრალოდ, მხოლოდ ერთ
რამეზე ვდარდობ. აქ დაბომბვის მოლოდინში ბევრს ვფიქრობთ,აბა ლაპარაკით ესენი არ
ლაპარაკობენ და კარტსაც ვეღარ თამაშობენ შეშინებულები,ჰოდა, ვწევართ ჩვენთვის
ყველანი და ვფიქრობთ,ხან რაზე, ხან რაზე. მე კი შენზე ვფიქრობ,დედი. იმ დროს
ვიხსენებ,როდესაც პატარას ხელში აყვანილი მარწევდი და იავნანას მიმღეროდი, მაგრამ
საუბედუროდ მაგ დროს კარგად ვეღარ ვიხსენებ,დედი. ალბათ შენ გახსოვს,მაგას რა
დაგავიწყებდა,მერე მომიყევი,ხომ მომიყვები,დედი? ვდარდობ იმაზე,რომ ვეღარ
დავაბრუნებ დროს,ვეღარ გავხდები ბიჭი,რომელსაც ხელში ამიყვან და იავნანას
მიმღერებ,ყველაზე უფრო შენი ტკბილი ხმა მომენატრა,დედი.როგორ მინდა ახლა ყურებში
ჩამესმოდეს ეგ შენი ნაზი და ტკბილი ხმა,მაგრამ არ ვღელავ, ვიცი,რომ მალე ისევ
მოვისმენ შენს საოცარ ჰანგებს. ალბათ,დარდისგან ის სილაღეც და სიხარულიც გადაგშლია
სახიდან,ჩემს ბავშვობაში რომ გქონდა, ისევ მინდა მაგ შენი სახის დანახვა,მაგრამ
შენს სურათს ვატარებ ჯიბით და როცა მომენატრები ზედ დავყურებ ხოლმე. მახსენდება
შენი სიცილი,ღიმილი,ისიც კი მახსენდება როგორ მეჩხუბებოდი ხოლმე,მაგრამ
დარწმუნებული ვარ,რომ ამას ყოველთვის ვიმსახურებდი. ახლა ვნანობ სულელი ტყუილ-
უბრალოდ როგორ გაბრაზებდი და გაჯავრებდი ხოლმე. პატარა ვიყავი,ტვინი არ
მქონდა,ახლაც პატარა ვარ,მართალია,მაგრამ ომმა ბევრი მასწავლა,ცხოვრებისეული
სიბრძნე და გამოცდილება მომცა,ამით კარგიც კია ომი,მაგრამ სხვა დანარჩენს თუ
გავითვალისწინებთ მაინც ცუდი რამეა. ბევრს აღარ გავაგრძელებ,ხომ იცი წერა
მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ მადლობელი და მოხარული ვარ,რომ ძალით მიანც
მასწავლე,შენ სულ მართალი იყავი,დედი. მიყვარხარ და შენ ეს იცი, ჰაეროვან კოცნას
გიგზავნი,მომიკითხე ჩვენი მეზობლები,კარგი ხალხია. მალე გნახავ,გპირდები.
დაგიკოცნი მაგ შენს ლამაზ თვალებსა და სახეს. არ გემშვიდობები, კიდევ მოგწერ,ბევრს
მოგწერ,დედი,რომ უჩემობა არ იგრძნო.გახსოვდეს,მე მუდამ შენთანა ვარ და ეს მუდამ
ასე იქნება. მიყვარხარ,შენი ლევანი.“
წერილი №3:
„მამა,შენი წარმატებები ძალიან მიხარია, წავიკითხე შენი წერილი.
ძალიან ბედნიერი და ამაყი კაცი ვარ,მიხარია,რომ შენისთანა შვილი მყავს. დედაშენი
ცოტას ავანდმყოფობს,მაგრამ ექიმმა თქვა მალე გაუვლისო. ეგებ მოახერხო და აქაც
ჩამოხვიდე. კი, კარგია წარმატებებს რომ აღწევ და ცნობილი გოგო ხდები,მაგრამ ჩვენ
ხომ ძალიან გვენატრები,უკვე მესამე წელია არ გვინახიხარ,შენ კი ჩვენი ერთადერთი
შვილი ხარ.იქნებ იფიქრო ამაზე, არ გავალდებულებ,თუ შენც მოგინდება, თორემ აქამდეც
გავძელით და კიდევ გავძლებთ,არაა პრობლემა. ნუგზარის გოგო გათხოვდა,ვიფიქრე ამის
ცოდნა გაგიხარდებოდა,თქვენ ხომ კარგი მეგობრები იყავით, სხვათა შორის ძალიან კარგ
ბიჭს გაჰყვა,იურისტია. მოგვწერე შენ შესახებ,ხომ იცი დედაშენს შენი ცხოვრების
თითოეული ეტაპი აინტერესებს, ვინმე ბიჭი ხომ არ გაიცნოო- ამის დაწერაც
დამაძალა,თორემ ხომ იცი მე მაგას არა გკითხავდი. აბა,მომიკითხე დეიდაშენი,ხომ
კარგადაა? გაუფრთხილდი და მოუარე,ასაკშია მაინც. გვიყვარხარ და აქედან როგორც
შეგვიძლია გულშემატკივრობთ,აბა შენ იცი.“
წერილი №4:
„უკვე მერამდენე დღეა შენი სიყვარულით ვიწვი, ამ უდიდესმა და
უმძლავრესმა გრძნობამ ჩემში ვულკანივით ამოხეთქა და ხელში კალამიც კი დამაჭერინა.
მე ხომ პოეტი არ ვარ ლექსი რომ მოგიძღვნა და არც მუსიკოსი ვარ მელოდია რომ
დაგიწერო,მე უბრალოდ შენზე ყურებამდე შეყვარებული ბიჭი ვარ. ერთი ნახვით
სიყვარულის არასდროს მჯეროდა,მაგრამ როგორც კი დაგინახე მაშინვე შემიყვარდი.
მივხვდი,რომ ის ბიჭი აღარ ვიყავი გულზეხელდაკრეფილი ამაყად რომ დავიარებოდი ჩვენი
ქალაქის ქუჩებში.დაგინახე და ვიგრძენი როგორ შეიცვალა ჩემში რაღაც,როგორ
დამიმძიმდა გული და როგორ დამაწვა თავზე სიყვარულის სიმძიმე. ჩემ სულში შეიცვალა
რაღაც, სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა,შენმა სანუკვარმა ღიმილმა შემცვალა მე.
სრულიად ამწეწა და ამაფორიაქა. მორცხვი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ შენი ღიმილის
წინაშე მორცხვად ვიქცევი, არც ჯელტმენი ვყოფილვარ,მაგრამ გიყურებ და ვფიქრობ,როგორ
შეიძლება უყურო ასეთ მშვენებას და მის წინაშე ქედი არ მოიხარო,ხელზე არ
ეამბორო,გზა არ დაუთმო. სიყვარულმა წერილების წერაც დამაწყებინა, რომანტიკოსიც
გამხადა,არა, სიყვარულმა კი არა,ეს შენ ჩაიდინე,ჩემო მშვენებავ. გუშინ,ძლიერ რომ
წვიმდა შენზე ვფიქრობდი,იქნებ რაიმე უჭირს, რაიმე სჭირდება-მეთქი, შენთან მოვედი,
აივანზე ამოვძვერი და ოთახში შემოვიხედე, გეძინა, დავმშვიდდი და წამოვედი. საშინელმა
წვიმამაც ვერ ჩამორეცხა ჩემი გრძნობები. ისეთი ლამაზი იყავი,მძინარე ნამდვილ
ანგელოზს ჰგავდი. რას არ მივცემდი ყოველ დილით გაღვიძებული რომ გიმზერდე როგორ
მშვიდად გძინავს და ისვენებ,თითქოს ამ ქვეყანაში ცუდი არაფერიც არ ხდებოდეს. შენ
ხარ ერთადერთი ნათელი წერტილი ამ მთელ უკუნეთში,მხოლოდ შენ ანათებ და ასხივოსნებ ჩემს
დაკოდილ გულს,როგორც მზე და როგორც ვარსკვლავები ათბობენ და ანათებენ დედამიწას.
გუშინ ქუჩაში დაგინახე,წითელი კაბა გეცვა, სახეზე ღიმილი დაგთამაშებდა,თბილი და
სათნო ღიმილი.ის კი არა ახლანდელ გოგონებს რომ მიუკრავთ ხალხის მოსახიბლად,არა, ეს
ნამდვილი ღიმილი იყო,მე ხომ ვიცი,არა? შეიძლება უტიფარი მიწოდო,შეიძლება უზრდელი
და უგუნურიც,მაგრამ შენგან არაფერი მეწყინება. მე ხომ ერთი უბრალო ღარიბი
თბილისელი ბიჭი ვარ, დამცირებას ბავშვობიდან
მიმაჩვიეს,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ შენ ამას არ იზამ,უბრალოდ არ ხარ
ასეთი, მაგრამ მაინც, თუ ვცდები იცოდე,შენგან მაინც არაფერი მეწყინება. გოგი
ბიძიას დახლიდან ვაშლიც მომიპარავს, ერთხელ ერთი კაცისთვის ქისაც კი წამირთვამს,
არ მეგონა ვინმე ჩემთვის რაიმეს მოპარვას თუ შეძლებდა,მაგრამ შენ ისე მოიპარე და
დაიპყარი ჩემი გული,რომ ვერაფერიც ვერ გავიგე. ალბათ, არც ისე რომანტიკოსი ვარ,
კარგად წერაც არ მეხერხება, ალბათ, არც კი იცი ვინა ვარ. შეიძლება სადმე ჩემთვისაც
მოგიკრავს თვალი,მაგრამ ყურადღება არ მოგიქცევია,მამაშენი ხომ ცნობილი და მდიდარი
კაცია, მამაჩები კი ერთი ღარიბი ადამიანია,მაგრამ ის ყავისფერი ფეხსაცმელები,რომლითაც
მამაშენი იწონებს თავს მამაჩემის შეკერილია,მეც ვეხმარებოდი. დავიღალე იმით, რომ
გავლენიანი ხალხის წინაშე ქედი უნდა მოვიხარო, იცოდე ამიერიდან ქედს მხოლოდ შენ
წინაშე მოვიხრი. მხოლოდ შენი დანახვისას ამიძგერდება გული და ლოყებიც
ამიღაჟღაჟდება. მხოლოდ შენი გამოჩენისას შემეკვრება სუნთქვა და დროის გაჩერება
მომინდება. მხოლოდ შენი ხილვისას ვიგრძნობ სიცოცხლის არსსა და სიამებას. უბრალოდ
მინდა ერთი რამ იცოდე, მე არც იმაზე ნაკლები ვარ,ვისი გარიგებაც შენზე უნდათ და
არც იმაზე ნაკლები ვიქნები, ვინც თავს ახალთახალი ფრანგული ტანისამოსით
მოგაწონებს. ერთი კი ვიცი,არავის არ ეყვარები ისე,როგორც მე მიყვარხარ. არავის
გულს არ დაატყვევებ ისე,როგორც ჩემი დაატყვევე.
როგორც გითხარი მორცხვი არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ თავს ნებას მივცემ
და მოგწერ, თუ ჩემი ნახვის სურვილი გაგიჩნდება, ხუთშაბათს, მზის ჩასვლისას მტკვრის
სანაპიროსთან დაგელოდები. შენი სიყვარულით დატყვევებული უცნობი ჭაბუკი.“
No comments:
Post a Comment