ალბათ კარგად იცით,რომ მიანცდამაინც წინასიტყვაობის დაწერა არ მიყვარს
და ნაწარმოებს პირდაპირ ვიწყებ ხოლმე,მაგრამ ეს გამონაკლისი „უსახლკარონი-კამილი I“-ის დაწერის დროს დავუშვი და ახლაც იმავეს გაკეთებას ვაპირებ. მას შემდეგ, რაც
„უსახლკარონის“ დაწერა დავიწყე ზუსტად ერთი წელი,ექვსი თვე და 11 დღე გავიდა,
მაშინაც სამშაბათი იყო,პირველი სიტყვები რომ ავკრიფე და ახლაც სამშაბათია. მახსოვს,
ტრილოგიის მეორე ნაწილს შემდეგი სიტყვები წავუმძღვარე: „არ მინდა იფიქროთ,რომ ამ
მოთხრობას ვებღაუჭები და მანამდე გავაგრძელებ, სანამ თქვენ, მკითხველს არ
მოგბეზრდებათ, მაგრამ მერწმუნეთ ასე არ მოხდება.“ ამას ვამბობდი და ვფიქრობდი,რომ
ტრილოგია,თუმცა რაღა ტრილოგია, მე ხომ მეოთხე ნაწილსაც ვწერ, ელიზაბეტისა და ლიბედის
შეხვედრითა და ჩახუტებით დასრულდებოდა. ჩემი უძვირფასესი კამილის გაშვება არ
გამომივიდა, ზაფხულში ისევ წავიკითხე სამივე ნაწილი, გაგრძელებისა და ახლის
დაწერის სურვილი გამიჩნდა. ალბათ მკითხავთ, რას დატანჯე ეს საბრალო გოგო,ჯერ იყო
და ქუჩაში მიატოვე,მერე ოჯახი აპოვნინე და ისიც წაართვიო,მაგრამ ასეთია ცხოვრება, სირთულეებითა
და სიძნელეებითაა სავსე,ზოგს უმართლებს,ზოგს კი არა. გაუმართლა თუ არა კამილს ამის
განსჯა თქვენთვის მომინდია. მოკლედ, იმის თქმა მინდა,რომ რამდენჯერაც არ უნდა
წავიკითხო ჩემი ნოველა ყოველ ჯერზე ახალი ნაწილის დაწერის სურვილი მიჩნდება და „უსახლკარონს“
ისევ ვაცოცხლებ. შეიძლება იფიქროთ,რომ რადგანაც ნოველამ ბევრის მოწონება
დაიმსახურა სწორედ ამიტომ არ ვანებებ თავს,ასე არაა. „უსახლკარონის“ შემდეგ ბევრი
რამ დავწერე და მეტ-ნაკლებად მკითხველს იმედები გავუმართლე, დავამტკიცე, რომ
მხოლოდ „უსახლკარონით“ არ შემოვიფარგლები და მაინც,ისევ „უსახლკარონს“ ვაგრძელებ.
ზაფხულში ვკითხულობდი და
რადგანაც თვითკრიტიკის მოწინააღმდეგე არ ვარ აქვე ვიტყვი საკმაოდ ბევრი შეცდომაც
აღმოვაჩინე.უმეტესად გრამატიკული, სტილისტური, მაგრამ „უსახლკარონი“ მაინც ჩემი
პირველი ნაბიჯები იყო და თავს ამით „ვიმართლებ“,ჩემ თავს ვკითხე ამდენი შეცდომაა
და ასე როგორ მოეწონათ-მეთქი. რამოდენიმე დღის უკან კი სტივენ კინგის სტატია
წავიკითხე,თუ როგორ ვწეროთ უკეთ. მისი ერთ-ერთი რჩევა შემდეგშია: „ ენამ ყოველთვის
არ უნდა ატაროს ჰალსტუხი და თასმიანი ფეხსაცმელი, მხატვრული ლიტერატურის საგანი
გრამატიკული სისწორე კი არაა,არამედ მთავარია გახადო მკითხველი მოხარული და მოყვე
ამბავი.“ასეთი „უხეში“ თარგმნისთვის ბოდიშს გიხდით,მაგრამ ალბათ სწორედ ამის
გამოა,რომ ასეთი ღია გულით ჩვენ,ყველამ მივიღეთ კამილის ისტორია და საბრალო გოგონა
გულში ჩავიკარით. მახსოვს ზაფხულში ბაბუაჩემს რომ ვუთხარი „უსახლკარონის“
გაგრძელება შემიძლია,მაგრამ არ ვიცი ამას გავაკეთებ თუ არა-მეთქი,რადგან ზოგი
ნაწარმოების წერას იწყებ,მაგრამ შემდეგ შუა გზაში ხვდები,რომ მაღალ საფეხურზე
აცოცებას ცდილობ და არ გამოგდის,იმედია ამ შემთხევაში ეს არ მოხდება,მან კი
გამიღიმა და მითხრა - კარგიაო. აი ასე, ახლა კომპიუტერთან ვზივარ, კლავიატურაზე
ვკრეფ და იგივე ჰანგები ჩამესმის,რაც მაშინ, „უსახლკარონს“ რომ ვწერდი. თუ
ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა,თუმცა ჯერ გეგმაც არ მაქვს საკმაოდ
საინტერესო,დაძაბულ და სევდიან ამბავს მოისმენთ გოგონაზე,რომელმაც ერთხელ უკვე
გააღო ჩვენი გულის კარები და ახლა ისევ შიგნით მოხვედრას ცდილობს.

მშვენიერი დილა იყო,მზე სითბოსა და სინათლეს ასხივებდა. C ბლოკიდან კაცმა თამამად გამოაბიჯა,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,ფილტვები აივსო.
-თავისუფლება-თქვა მან და თავისი ყვითელი, ჩაცვენილი კბილები გამოაჩინა. ციხიდან სასწრაფოდ გამოვიდა, გასვლისას მცველებსაც დაემშვიდობა და სახლისკენ გზას დაადგა. ამნისტიის წყალობით 6 წლით ადრე გამოუშვეს, ამ დროს ივანე კაზანოვზე ბედნიერი კაცი არ არსებობდა. ჯიბეში ცოტა ფული ჰყონდა,ავტობუსს შეახტა და სახლში მივიდა. დამნაშავეს დედა და და სიხარულით შეხვდნენ,მას ქათამიც კი შეუწვეს და ღვინის ბოთლიც გახსნეს. როდესაც ქეიფი დაასრულეს,კაცმა იკითხა:
-აბა რა ხდება ქვეყანაში?
-ჩართე ტელევიზორი და გაიგებ-ძმას მიუგო ქალმა. ივანე მაშინვე დივანზე გადაჯდა.
-რამდენი ხანია ტელევიზორისთვის არ მიყურებია-მან პულტი აიღო და ტელევიზორი ჩართო, CNN-ზე გადართო და კარგად მოკალათდა. მართალია ახალი ამბავი მიწისძვრაზე იყო,მაგრამ კაცი მას მაინც გაბადრული უყურებდა.ორ წუთში წამყვანი დაბრუნდა,მის გვერდით ეკრანზე კი კაზანოვისთვის ნაცნობი სახე გამოისახა,კაცი დაიძაბა და დივანზე წამოიწია.
-„დღეს ზუსტად 8 წელი გავიდა გმირი დეტექტივის - ნიკ ბარნტონის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. შეგახსენებთ,რომ სწორედ მან უხემძღვანელა ოპერაციას,რომლის შედეგადაც ცნობილი კრიმინალი ჯონ ბარგსი დააკავეს და გატაცებული ბავშვები სახლებში დააბრუნეს,აგრეთვე უშუალოდ ნიკ ბარნტონის დამსახურებაა ალექს დონეიტის დაპატიმრება,რომელსაც ისლამურ სახელმწიფოებთან ჰქონდა კავშირი და მატარებლის აფეთქებას აპირებდა,ამის გამო ბარნტონს ღირსების ორდერი გადაეცა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გმირის წოდებაც მოიპოვა. და დღის სხვა მთავარი თემები...“
კაზანოვი ეკრანს შოკირებული უყურებდა,მას დღემდე ახსოვდა კაცი,რომელმაც თავისი მეგობრები ჩააშვებინა და ის ციხეში ჩასვა. ნიკის სიკვდილმა ივანე ძალიან შეიპყრო და დააინტერესა.
-ნადია?-მან დას გასძახა.
-გისმენ.
-კომპიუტერი გაქვს?
-კი,პატარა მაგიდაზე დევს-კაზანოვმა ლეპტოპს შეხედა,სასწაფოდ მასთან მივიდა და მაგიდას მიუჯდა. Google-ში ნიკ ბარნტონი აკრიბა.ინფორმაცია საკმაოდ ამოიყარა. კაცმა დააკლიკა ბმულზე,რომელსაც ეწერა: - დეტექტივი ნიკ ბარნტონისა და მისი ოჯახის ტრაგიკული სიკვდილი. კაცმა ყველაფერი წაიკითხა იმ საბედისწერო ღამეზე, სტატიას ლიზის,ემანუელისა და კამილის სურათებიც ერთო. კაცს ემანუელის სურათის ნახვისას მაშინვე მოაგონდა პატარა ხუჭუჭა ბიჭი,რომელსაც „სკუნსს“ ეძახდა. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო,რომ მას კამილიც ეცნო. გოგონას სურათის ქვემოთ მისი სახელი ეწერა,კაცმა Google-ში ისიც მოძებნა. გოგონას შუა დღის გადაცემა და ამინდის პროგნოზი მიჰყავდა.მისი სურათების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო. მათში კაზანოვმა რამოდენიმე ბავშვობის სურათიც იპოვა. ახლა უკვე გაახსენდა თუ საიდან იცნობდა გოგოს. მისი პატარაობის სურათი მას თანამესაკნემ და ახალმა მეგობარმა ჯეიმი როქსიმ აჩვენა.ერთხელ ივანემ მას ჰკითხა აქ რატომ ზიხარო,კაცმა კი ლეიბის ქვემოდან პატარა გოგოს სურათი გამოაძვრინა და აჩვენა,ასე უთხრა აქ ამის მკვლელობისთვის ვარო. ივანეს მისი ლამაზი სახე გონებაში ღრმად აღებეჭდა,მაგრამ გოგონა მკვდარი კი არა ცოცხალი იყო და ტელევიზიაში გადაცემაც მიჰყავდა. კაზანოვმა სურათები ამოაპრინტერა, ციხეში დაბრუნება და მეგობრის ნახვა იმაზე ადრე მოუწევდა,ვიდრე ამას თავად იფიქრებდა. ახლა მას ყველაზე მეტად აწყობდა,რომ ჯეიმი როქსი მასთან ვალში ყოფილიყო.
ქალი ოთახში აქეთ-იქით დარბოდა,ეტყობოდა,რომ სადღაც აგვიანდებოდა.ჯერ ტუმბოსთან მივიდა და ლამაზი სამაჯური გაიკეთა,მერე სუნამო დაისხა,სარკეში ჩაიხედა, თმები შეისწორა და სამზარეულოში გავიდა. პატარა მაგიდას,რომელზედაც მურაბა,პური და კარაქი,ჩაის ჭიქებთან და ყველთან ერთად იდო ახალგაზრდა კაცი და პატარა ბიჭი მისხდომოდნენ,შედარებით ასაკოვანი ლიბედი კი დახლს ჩამოყრდნობოდა და თავის შვილიშვილს ბედნიერი სახით უმზერდა,ბიჭმაც გამოხედა ბებიას, გაუცინა და ხელი დაუქნია. ის ხომ სულ რაღაც სამი წლის იყო. ბიჭს ხელი ლიბედმაც დაუქნია,ამასობაში კამილი ოთახიდან გამოვიდა.
-ელიზაბეტ,არ ისაუზმებ?-შვილს ჰკითხა დედამ. ოფიციალურად ქალს კამილ ბარნტონი ერქვა,თუმცაღა ლიბედი მას მაინც ელიზაბეტს,ანდა ელის ეძახდა.
-არა დედა,მეჩქარება.-ქალი შვილთან მივიდა და მიუალერსა:- ნიკ,ხომ კარგად მოიქცევი,ლიბედს ხომ არ გააბრაზებ?-ბავშვმა თავი გააქნია,დედამ შვილს თავზე აკოცა და ქმარს მიმართა:
-წავიდეთ?
-მე შენ გელოდები-თქვა კაცმა და წამოდგა,შვილსა და სიდედრს დაემშვიდობა და მეუღლესთან ერთად გარეთ გავიდა,მანქანაში ჩასხდნენ და დაიძრნენ.
-დეივ,ცოტა ჩქარა არ შეგიძლია? ვაგვიანებ.-კაცმა ცოლს ღიმილით შეხედა.
-ასეთიც კი მიყვარხარ,როდესაც წუწუნებ.-კამილიმ ამოიოხრა.-სწრაფად ვერ ვივლი,საცობებია.
ტელევიზიაში რამოდენიმე წუთში მივიდნენ. დეივ სტივენსონი იქ იურისტად მუშაობდა,კამილიმ სწორედ ტელევიზიაში გაიცნო თავისი მეუღლე. მათი ქორწინებიდან უკვე სამი წელი და 4 თვე გასულიყო,ისინი კვლავაც ბედნიერები და გახარებულები იყვნენ,ამის მიზეზი კი პატარა ნიკი გახლდათ,დედასავით ისიც ჭკვიანი და ზრდილობიანი ბავშვი იყო.
კამილი საგრიმიოროში სასწრაფოდ შევიდა. მაკიაჟი გაუკეთეს და სტუდიაში შეუშვეს,საიდანაც ამინდის პროგნოზი გამოაცხადა და მაყურებლებს მშვიდობიანი დღე უსურვა.
მეორე დღეს, 13 სექტემბერს წვიმიანი ამინდი იყო,დილიდანვე ციოდა,მაგრამ ამას ივანე კაზანოვი არ შეუშინებია. ის ციხეში ჯეიმი როქსისთან შესახვედრად მაინც წავიდა. მისი მისვლა ყველას გაუკვირდა, მცველებმა გაემასხრეს კიდევაც ასე მოგენატრა აქაურობაო? დილის 11 საათზე უკვე სქელი მინის მიღმა ყოფილი თანასაკნელის პირისპირ იჯდა. ჯეიმი საშუალო ასაკის ქერა კაცი იყო, წვერი ოდნავ ამოსვლოდა,სახეზე მცირე შრამიც დამჩნეოდა,ძნელი იყო მისთვის თვალებში შეგეხედა და მზერა სხვა რამეზე არ გადაგეტანა. როდესაც პატიმარმა ტელეფონი აიღო იღიმოდა.
-ჯერ ერთი დღეც არ გასულა,ივანე.
-ვიცი,მაგრამ ისეთი ამბავი შევიტყვე მოცდა არ ივარგებდა.
-ჰო?- კაცს ინტერესი დაეტყო.
-ის გოგო სურათი რომ მაჩვენე,ვისი მკვლელობისთვისაც იხდი სასჯელს,ის ცოცხალია. - ჯეიმის სახეზე გამომეტყველება შეიცვალა, ღიმილი სახიდან გაუქრა,თვალებში დაბნეულობა და გაშმაგება ერთიანად აღებეჭდა.
-შეუძლებელია, რა ჯანდაბას მეუბნები?! - კაზანოვმა ჯიბიდან კამილის ფოტოები ამოიღო და კაცს შუშაზე აუკრა.
-ახლაც არ გჯერა?
-ჯანდაბა,ამის დედაც!- კაცმა საყრდენს მუშტი ძლიერად დაარტყა,მერე ბადრაგს გახედა და დაწყნარდა-საიდან გაიგე?
-ტელეწამყვანია-ივანემ გაიცინა-ცნობილი სახეა.- როქსიმ თავი გააქნია.
- კრისმა მითხრა რომ ბოლო მოუღო.
-როგორც ჩანს მოგატყუა.
-როგორ ბედავ,ივანე?! ის ჩემი ძმაა,მრავალი წელია ერთად მოვდივართ,არ მომატყუებდა,ამას ვერც გაბედავდა!
-შეიძლება ეგონა რომ მოკლა,მაგრამ გოგო სასწაულებრივად გადარჩა- კაზანოვს ჯეიმის გაბრაზება ნამდვილად არ აწყობდა-მაგრამ ფაქტი ერთია,ის გოგო ცოცხალია და დილით ხალხს ამინდის პროგნოზსაც აცნობს.
-ჯანდაბა-ჯეიმიმ თავი ისევ გააქნია.
-შეგიძლია აქედან გამოხვიდე.
-ჩვენთან ასე არ ხდება,ივანე. თუ ხელს რაღაცას ვკიდებთ საქმე ბოლომდე მიგვყავს.
-რა ჩაიფიქრე?
-ეს შენი საქმე არაა.
-გასაგებია-კაზანოვმა თავი დააქნია.-უბრალოდ თუ რამე დაგჭირდება,შენს გვერდში მიგულე.
-იცოდე ამას არ დაგივიწყებ,მაგრამ ეს ჩვენი საქმეა და ჩვენვე მივხედავთ.
-კარგი,უკვე შეხვედრის დროც გადის.
-არავის უთხრა,რომ გოგო ცოცხალია და ეს მეც ვიცი.
-ნუ ღელავ- ივანემ თითები პირთან მიიტანა და ისე გაუსვა,აშკარად ანიშნა სამარე ვარო. ჯეიმიმ ტელეფონი ჩამოკიდა და წამოდგა. კაზანოვი მას მანამდე უყურებდა, სანამ ოთახი არ დატოვა. სრულებით არ ნანობდა იმას,რაც გააკეთა. კამილი ხომ იმ კაცის შვილი გახლდათ,რომელმაც ივანე და მისი მეგობრები ციხეში გამოკეტა და მნიშვნელოვანი წლები დააკარგვინა, ნიკ ბარნტონი მეტის ღირსიც კი იყო.
შაბათი დღე იყო. კამილი და დეივი ისვენებდნენ. ქალს მთელი დღის შვილთან გატარება უნდოდა,მისთვის ისედაც ძლივსღა იცლიდა ხოლმე, ამიტომ გადაწყვიტეს სადმე გაესეირნათ. საბოლოოდ კამილის თხოვნით ჯერ პარკში წასვლა,შემდეგ კი ზოოპარკში გასეირნება გადაწყვიტეს. ცენტრალურ პარკში დიდი არაფერი შეცვლილიყო, ისეთივე იყო,როგორიც მაშინ,როდესაც ემანუელი და კამილი სკამზე ხელგამოწვდილები ისხდნენ და ისეთივე იყო,როგორც მაშინ,როდესაც ნიკი და ლიზი მათთან ერთად სწორედ ამ პარკში სეირნობდნენ. კამილს ამ ადგილთან უამრავი მოგონება აკავშირებდა და მიუხედავად ყველაფრისა ეს პარკი ძალიან უყვარდა. ორივე მშობელს შვილისთვის ხელი ჩაეკიდა. გარშემო სვადასხვა ჯიშის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ,რომლებთა შორისაც ყველაზე თვალშისაცემი მაღალი,უცნაურად სტაფილოსფერ ფოთლიანი ხეები იყვნენ. კამილს ის დიალოგი გაახსენდა,როდესაც ლიზმა პირველად აჩვენა ეს ხეები,ხოლო ემანუელისა და ნიკის კითხვაზე თუ ვინ გააშენა ეს პარკი ასე უპასუხა - ადგილობრივებმა,ძვირფასო. კამილს გულში უდიდესი სითბო ჩაეღვარა, გაიღიმა და მოგონებებში ჩაიკარგა.
-რამე გაგახსენდა?-იგი მეუღლის კითხვამ გამოარკვია.
-აჰ?
-რაიმე გაგახსენდა-მეთქი? ღიმილი საოცრად გიხდება.-ქალმა კვლავ გაიღიმა.
-ჰო,გამახსენდა. აქ ადრე ჩემს მშობლებს დავყავდი.
-ჩვენსავით?-იკითხა პატარა ნიკმა.
-ჰო,საყვარელო,ჩვენსავით. აი-დედამ შვილს სტაფილოსფერ ხეებზე ანიშნა- ეს ხეები,ხომ ლამაზია?-ბავშვმა თავი დააქნია-ისინი მხოლოდ აქ იზრდებიან,მხოლოდ აქ და არსად სხვაგან.
-მართლა?
-ჰო-კამილი ჩაიმუხლა და შვილს შუბლზე აკოცა. ამ დროს მათ ერთი უსახლკარო მიუახლოვდა,ეს ამ პარკისთვის დამახასიათებელი იყო, ახალგაზრდა კაცი გახლდათ. დადგა და ბედნიერ ოჯახს შორიდან თვალს უხმოდ ადევნებდა,კამილიმ ის მაშინვე შეამჩნია,შემდეგ კი კაცს ნიკმა და დეივმაც შეხედეს. ნიკს დაძონძილ ტანისამოსიანი კაცის დანახვისას შეეშინდა და დედას ჩაეხუტა.
-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგადაა-კამილიმ შვილს თავზე აკოცა.
-მაპატიეთ,მე.. არ მინდოდა ბავშვის შეშინება,უბრალოდ... მაპატიეთ-თქვა კაცმა და გზა გააგრძელა,თუმცაღა მას კამილიმ დაუძახა:
-მოიცადე-ადგა და საფულიდან 10 დოლარიანი ამოიღო.კაცს მიუახლოვდა,თვალებში ჩახედა,კარგად დააკვირდა,თითქოსდა საიდანღაც მისი სახე ეცნო. -დიდი ხანია ქუჩაში ცხოვრობ?
-კი,საკმაოდ.
-ნაცნობი სახე გაქვს.
-ალბათ აქ ხშირად დადიხართ.
-ადრე უფრო დავდიოდი-კამილიმ კაცს ფული გაუწოდა-გამომართვი.-კაცმა გაუღიმა.
-გმადლობ,არ მინდა. პატარა შვილი გყავთ,მას მოახმარეთ.
-არა,გამომართვი. ვიცი,რომ ეს შენთვის მნიშვნელოვანია.
-ასე ცხოვრებას მიჩვეული ვარ,სხვაგვარად აღარც ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო. უბრალოდ შვილს გაუფრთხილდით,ნება არ მისცეთ ქუჩაში ამოყოს თავი. თქვენისთანა ადამიანები ბევრი უნდა ასებობდეს. ნახვამდის,კამილ.-კაცი დაიძრა,ქალი კი მას დაბნეული და გაოგნებული უყურებდა.
-მოიცადე-უსახლკაროს დაეწია-ჩემი სახელი საიდან იცი?-კაცმა გაიღიმა.
-მე ლუკასი ვარ,დიდი ხნის წინათ თქვენი ძმა ჩემთან მოვიდა და ხუთი დოლარი მაჩუქა. მდიდარი ბავშვები იყავით,ის კი ჩემთან მოვიდა,გვერდით დამიჯდა და ხელიც კი ჩამომართვა. ასეთი რამე მაწანწალას არ ავიწყდება,თანაც აქ ხშირად მინახიხართ. ემანუელი როცა მნახავდა სულ მეხმარებოდა, ნამდვილად კარგი ძმა გყავთ, თქვენი სახელიც მისგან ვიცი. დიდი ხანია აქ არ გამოჩენილა,როგორაა?-კამილს მწუხარება დაეტყო.
-ის გარდაიცვალა-ლუკასის სევდიანი გამომეტყველება კიდევ უფრო სევდიანი გახდა.
-ძალიან ვწუხვარ,ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.
-ჰო ,იყო.-კამილიმ ათი დოლარი საფულეში დააბრუნა და 50 დოლარიანი ამოიაძვრინა.ლუკასს გაუწოდა.
-თქვენ ფულს არ გამოგართმევთ, შვილს რაიმე უყიდეთ. ნახვამდის-კაცი კვლავ დაიძრა. კამილი გაიქცა და გზა გადაუღობა.
-გთხოვთ, გამომართვით. ეს ემანუელს გაუხარდებოდა,მისი ხათრით გამომართვით,ფული უფლის წყალობით საკმარისად მაქვს,მეც ქუჩაში ვცხოვრობდი, ვიცი ეს რასაც ნიშნავს. გთხოვთ, ემანუელის ხათრით, გამომართვით-ქალმა კაცს ფული ხელში ჩაუკუჭა.-ბევრი ამას არ იმსახურებს,მაგრამ თქვენ იმ მცირე ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით,რომლებიც მართლა უსამართლოდ იტანჯებიან.მაპატიეთ, რომ მეტით ვერ გეხმარებით.-ლუკასმა გაიღიმა.
-თქვენი ძმასავით კარგი ადამიანი ხართ,მაგრამ მე...
-არანაირი მაგრამ,დაიტოვეთ,მისი ხათრით.
-კარგი,გმადლობ.-ქალმა ლუკასს გაუღიმა,დაემშვიდობა და ოჯახს დაუბრუნდა.
-ვინ იყო?-ჰკითხა დეივმა.
-ძველი ნაცნობი-მიუგო კამილიმ და ქმარ-შვილთან ერთად გზა გააგრძელა. შემდეგ ზოპარკშიც წავიდნენ და ბოლოს კაფეში უგემრიელესს ნაყინსაც შეექცნენ, ისე, როგორც ძველად,როდესაც ემანუელსა და კამილს ნიკი ასეირნებდა ხოლმე.
ძველ,ნაქირავებ საწყობში მაგიდაზე მდგარ ტელეფონზე ზარი გაისმა. სავარძლიდან საშუალო ასაკის გამხდარი კაცი წამოდგა და ტელეფონისკენ დაიძრა,ყურმილი აიღო.
-გისმენთ.
-„კბილო“ შენ ხარ?
-დიახ ბოს,მე ვარ.-კაცმა ჯეიმი როქსის ხმა მაშინვე იცნო.
- შენთან ერთი დავალება მაქვს.
-რაც გინდათ,ბოს.
-კამილ ბარნტონი.მის შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდე. მინდა გამუდმებით უთვალთვალოთ,ახლობლები ვინ ჰყავს,ნათესავები,ოჯახის წევრები,მეგობრები, ყველაფერი დეტალურად მჭირდება.
-გასაგებია. ისევ მაიკს გადავცე?
-არა,მაიკი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს,მაგრამ ახალი ტიპი დავიმეგობრე-ჯეიმიმ ჩაიცინა- ბენ ბოზრეინი,ბადრაგია.მასალები მას გადაეცი.
-კარგი,სამ დღეში ყველაფერი მზად იქნება.
-დრო ფულია, „კბილო“,მაგრამ ამ შემთხვევაში დრო სიცოცხლეა.მხოლოდ ინფორმაცია,ქალს არ გაეკაროთ.
-გასაგებია.- ტელეფონში ზუმერის ხმა გაისმა.
„კბილი“ საქმეს მაშინვე შეუდგა. კამილისა და მის ოჯახის წევრებზე თვალთვალი ბიჭებს დაავალა,თვითონ ქალზე ყველანაირი ინფორმაცია მოიძია,რაზეც ხელი მიუწვდებოდა,თუმცაღა მის წარსულზე ბევრი ვერაფერი შეიტყო,რასაც აწმყოზე ვერ ვიტყოდით. „კბილი“ პროფესიონალი გახლდათ,სწორედ ამიტომ მიანდო როქსიმ მას ეს საქმე.
17 სექტემბერს საკანში ჯეიმის ბადრაგმა ჩუმად საქაღალდე გადასცა,კაცმა სასწრაფოდ გამოართვა,თვალი ჩაუკრა და საწოლზე წამოწვა. საქაღალდეში უამრავი სურათი, ფურცელზე დაწერილი ტექსტები და კამილისა და მისი ოჯახის სამუშაო გრაფიკები იდო. ჯეიმიმ ყველაფერი დაკვირვებით გადაათვალიერა. მისი ყურადღება განსაკუთრებით პატარა ბიჭის სურათმა მიიპყრო,რომელსაც უკან ეწერა - ნიკ სტივენსონი,შვილი. როქსიმ მზაკვრულად გაიღიმა. სურათი ნიკაპზე მიიდო და რამოდენიმეჯერ ჩამოუსვა,მერე კიდევ ერთხელ დააკვირდა პატარა ბიჭუნას და მზერა კამილის სურათზე გადაიტანა,ხელი ლეიბის ქვეშ შეჰყო და პატარა ელიზაბეტის სურათი გამოიღო,იგი ბიჭისას შეადარა,მსგავსება მართლაც შეიმჩნეოდა. ამასობაში მას გეგმაც მოეფიქრებინა. კამილი ბავშვობაშივე უნდა მომკვდარიყო და დივერსონების საგვარეულო უნდა დასრულებულიყო, ნიკის დაბადება კი ნამდვილი შეცდომა გახლდათ,ამიტომ ჯეიმის როგორც დედის,ასევე შვილის სიკვდილიც სურდა. საწოლის ძირიდან მობილური ამოაძვრინა და „კბილს“ დაურეკა,მას გეგმა დაწვრილებით გაანდო.
19 სექტემბერს,პარასკევ დილით კამილიმ და დეივმა ნიკი ბაღში თვითონვე წაიყვანეს. ამას იშვიათად აკეთებდნენ ხოლმე,ძირითადად ეს ლიბედის საქმე იყო, თუმცაღა შვილის თხოვნას წინ ვერ აღუდგნენ და იგი ბაღამდე მიაცილეს. დამშვიდობებისას ნიკი დედას მხურვალედ ჩაეხუტა. კამილიმ შვილს შუბლზე აკოცა.
-უნდა დაგტოვო.-ბიჭმა დედას თავი დაუქნია.-არ მინდა ხომ იცი,მაგრამ შენ ბაღი გაქვს,მე სამსახური.
-ვიცი-უპასუხა პატარა სტივენსონმა.
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი.
-აბა ხელი ძლიერად დაარტყი,ჩემპიონო- დეივმა შვილს ხელი გაუშალა,ნიკმაც კი რაც შეეძლო ძლიერად დაურტყა-ო,რა ძლიერი ყოფილხარ-ნიკმა გაიცინა და ბაღისკენ დაიძრა. დეივმა კი ხელი მეუღლეს შემოჰხვია და შვილს ღიმილით გახედა.
-დრო რა მალე გადის,რამხელა გაიზარდა.
-ჰო,ასეა,მალე იზრდება.
-ჩვენ კი ვბერდებით.
-კარგი რა-ქალმა გაიცინა- რა დროს ჩვენი სიბერეა.
დეივმა ქალს კარები გაუღო.
-გმადლობ-კამილმა თავი დაუხარა და მანქანაში ჩაჯდა,მას ქმარმაც მიჰბაძა,საჭესთან დაჯდა და მანქანა დაქოქა.
შუადღით ლიბედი ნიკს ბაღის შესასვლელთან ელოდა. შვილიშვილს ბებიის დანახვისას სახეზე სიხარული აღებეჭდა და ქალისკენ გამოიქცა. ლიბედმა ნიკი გულში ძლიერად ჩაიკრა.
-აბა როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც. -უპასუხა ლიბედმა,რომელიც კვლავაც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა,პრინციპში ის ხომ ახალგაზრდა ბებია იყო. ქერა,მოხდენილი ქალი.
მანქანა იქვე, სადგომზე ეყენა. უკვე მას უახლოვდნებოდნენ,როდესაც სისწრაფით დაბურულ მინებიანი მერსედესი გამოვარდა. სადგომზე რამოდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მანქანა ლიბედისა და ნიკის წინ გააჩერეს. კარები გაიღო და ნიღბიანი კაცები გადმოვიდნენ, ბებიაც და შვილიშვილიც შოკში ჩავარდნენ.
-არა,არა...-ლიბედმა ნიკს უჯიკა და უყვირა-გაიქეცი,გაიქეცი!-ბიჭიც სასწრაფოდ გაიქცა,მაგრამ ერთ-ერთი ნიღბიანი დაედევნა,მეორემ კი ლიბედს დაარტყა.
-მიშველეთ!-განწირული ხმით იყვირა ქალმა.მათკენ ერთი კაცი გამოიქცა,მაგრამ ამის დანახვისას ნიღბიანმა იარაღი ამოიღო და კაცმაც სასწრაფოდ უკან გადადგა ნაბიჯი. ნიკი გამტაცებლის ხელში ფართხალებდა,მაგრამ კაცი მასზე ბევრად დიდი და ძლიერი იყო. ლიბედი ბანდიტს ეცა,მაგრამ მან მეორე ხელით ჯიბიდან დანა ამოიღო და ქალს მხარზე სუსტად გაუსვა,ამან გარკვეული ეფექტი მოახდინა,ლიბედს ძლიერად უჯიკა და მანქანაში ჩაჯდა, ქალის გონებაში ხმამაღალი წუილის მიღმა საბურავების საშინელი ღრჭიალი ისმოდა.
როგორც კი კამილის პოლიციის განყოფილებიდან დაურეკეს მაშინვე მივიდა. ლიბედი შონის,რომელიც ისევ პოლიციის კაპიტანი იყო, კაბინეტში იცდიდა. ქალი სავარძელში ჩამჯდარიყო,თავი ხელებში ჩაერგო, თვალები აცრემლებოდა,თმები აწეწვოდა,იგი ნამდვილ შეშლილს ჰგავდა. ელიზაბეტი კაბინეტში სასწრაფოდ შევიდა,მან მომხდარი არ იცოდა. დედის დანახვაზე აშკარა შიში დაეტყო.შონს უხმოდ,შეშინებული გამომეტყველებით შეხედა და დედას მიუახლოვდა.
-დედა,რა მოხდა?-ჰკითხა გაბზარული ხმით. ატირებულმა ლიბედმა არაამქვეყნიური გამოხედვით შეხედა,ამან ახალგაზრდა ქალი საბოლოოდ გატეხა,მან ისევ შონს შეხედა-რა მოხდა,ნიკი სად არის?
პოლიციელმა თავი დახარა.
-გპირდები,მე მას ვიპოვნი.
-რა?!-ქალი აღელდა,იგი კაცს მივარდა და ხელი მკლავებში ჩაავლო-რას გულისხმობ,რას მეუბნები?! არა,არა,ჩემი შვილი,არა...-კამილი ატირდა,შონი მას ძლიერად მოეხვია. გოგონა გულში ჩაიკრა.
-გეფიცები,მე მას ვიპოვნი,კამილ. ყველაფერს გავაკეთებ,საქმეში საუკეთესო დეტექტივებს ჩავრთავ,გპირდები,მე ნიკს დავაბრუნებ. - კამილიმ კაცს აცრემლებული თვალებით შეხედა,შონისთვის ეს უმძიმესი სანახავი იყო.გოგონა ამდენი წლის განმავლობაში თავის ქალიშვილად ქცეულიყო.
-რატომ?!
-არ ვიცი.-ქალი ლიბედს მიუახლოვდა,დედამ შვილს განადგურებული მზერით შეხედა.
-მაპატიე,მე ის ვერ დავიცავი.მე...
-ეს შენი ბრალი არაა. როგორ მოხდა? ყველაფერი მომიყევი,ყველაფერი უნდა ვიცოდე. - ლიბედმა თხრობა დაიწყო,შიგადაშიგ ღრმად ჩაისუნთქავდა და ცხარედაც ატირდებოდა ხოლმე.
-ერთხელ უკვე დავკარგე შვილი,გთხოვ ღმერთო,შვილიშვილს ნუღარ დამაკარგვინებ-აღმოხდა თხრობის დასრულებისას.
-იგივე ისტორიაა,იგივე სცენარი- ჩაილაპარაკა შონმა,ქალებმა მას შეხედეს.
-რას გულისხმობ?-აცრემლებული ხმით ჰკითხა კამილიმ.
-ზუსდატ იგივე სცენარი, იგივე ხელწერაა.
-ანუ იმას ამბობ,რომ ნიკიც იმ ხალხმა გაიტაცა,ვინც მე?-შონმა თავი დააქნია.
-ისინი ხომ ციხეში ზიან,არა?
-დიდი კავშირები აქვთ,ყველაფრის კონტროლი ციხიდანაც შეუძლიათ.
-რატომ ახლა და რატომ ჩემი შვილი?
-ცნობილი სახე ხარ,კამილ. ალბათ ახლა გაიგო,რომ შენ ცოცხალი ხარ და დაწყებულის დამთავრება უნდა.
-ნიკი ამ ყველაფერთან რა შუაშია?-შონი ჩაფიქრდა.
-ალბათ შენი სადმე მიტყუება და შემდეგ შენი მოკვლა უნდა,მათ აზროვნებას კარგად ვიცნობ, უთუოდ ასე იქნება.
-მათი პოვნა შეგიძლია?
-რთული იქნება,ამ დაჯგუფების ჩვენთვის ნაცნობი წევრები ციხეში სხედან,ერთმანეთს კი არ გასცემენ,არ არსებობს,მაგრამ შევეცდები,გპირდები. მინდა,რომ 24 საათიანი დაცვის ქვეშ იმყოფებოდეთ. მე კი შენ შვილს დავაბრუნებ,გპირდები.
კაბინეტის კარზე კაკუნი გაისმა.
-შემოდით-დაიძახა კაპიტანმა.ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა.
-ტელევიზორი ჩართეთ, msnbc ყველაფრის გაშუქებას აპირებს.-თქვა მან.
-რა?-შონმა ტელევიზორი ჩართო. ანონსი უკვე დასრულებულიყო და უშუალოდ წამყვანი საუბრობდა.
„...მოიტაცეს მცირეწლოვანი ბავშვი,დაუზუსტებელი ინფორმაციით იგი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის კამილ ბარნტონის ვაჟია. ჩვენ შეგვიძლია თვითმხილველს გავესაუბროთ,ხოლო ჩვენი გადამღები ჯგუფები უკვე იმყოფებიან პოლიციასთან,თუმცაღა ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.“ ეკრანზე ასაკოვანი კაცი გამოჩნდა,რომელმაც ნანახის მოყოლა დაიწყო.
-ჯანდაბა!-შონმა მაგიდას ხელი ძლიერად დაარტყა.
-საიდან გაიგეს რომ ჩემი შვილი იყო?-კამილმა თავი დანანებით გააქნია.
-არ ვიცი, ნაბიჭვარი ტელევიზია! ჯანდაბა. თუ ყველაფერი გამჟღავნდება ის ნაბიჭვარი ფოქსი და მისი ბანდა ციხიდან გამოვა,მე კი სამსახურს დავკარგავ.
-ეს არ მოხდება,ჩემ წარსულს ვერ გაიგებენ.
-ქექვას დაიწყებენ,კამილ. ეს ჩემზე უკეთ იცი, საბედნიეროდ ნიკის სახელი არსად არ ფიგურირებს და მას ჩირქი არ მოეცხება,მაგრამ დანარჩენი...-კაცმა თავი გაიქნია- ესღა გვაკლდა.იმ ნაბიჭვარს დიდებული ალიბიც აქვს,ციხეში იჯდა.ვინ იცის,შეიძლება ანონიმურად მან შეატყობინა ტელევიზიას ეს ყველაფერი.ძალიან ცბიერი და გამჭრიახია.
-რას აპირებ?-შონი ჩაფიქრდა.
-ვერ დავუშვებ,რომ ეს ამბავი გასკდეს. ვიტყვი,რომ საქმეს რომელიც შენ გიკავშირდება თავიდან გადავხედავ.
-და მერე ?-კაპიტანი დუმდა.
-მერე ის,რომ ის ნაბიჭვარი ციხიდან გამოვა.
საღამოს შონმა პრესკომფერენცია გამართა. ბავშვის ვინაობა დაადასტურა და განაცხადა,რომ ყველაფერს გამოიძიებდნენ და გაარკვევდნენ. კამილი თავის ოჯახთან ერთად სრულიად განადგურებილი სახლში იჯდა და ნებისმიერ სიახლეს ელოდა. მათთან მუდმივად იმყოფებოდა პოლიციის დანაყოფი. ჟურნალისტებმა საქმეში ქექვა დაიწყეს, ვითომდა კოლეგას მხარდაჭერას უცხადებდნენ და დამნაშავის დაჭერას ისინიც ცდილობდნენ,მაგრამ ყველა თავისი თავისთვის მუშაობდა. ქალს გვერდით რებეკა და კიდევ რამოდენიმე მეგობარი ედგა. კამილის ტელევიზიაში მომხდარს ნაკლებად აშუქებდნენ,რაც არხისთვის წამგებიანი იყო,თუმცაღა დირექტორს არ სურდა თანამშრომლის კიდევ უფრო დამძიმება და მისი ამ მდგომარეობის მომგებიანად გამოყენება. შონი ყველაფერს აკეთებდა,რომ მასალა დაცული და ხელმიუწვდომელი ყოფილიყო,მაგრამ მცირედად ინფორმაციამ მაინც გაჟონა და როდესაც ფოქსმა გააშუქა,რომ ანალოგიური გატაცება 2011 წელსაც მომხდარა, კაპიტანი მიხვდა,რომ დროთა განმავლობაში ამბავი მაინც გასკდებოდა.
მომხდარიდან ხუთი დღის თავზე გამტაცებლები ისევ არ რეკავდნენ,საქმეც წინ ვერ მიდიოდა,მანქანის ნომერი მოპარული იყო,ხოლო ისეთივე მერსედესებს კი ჩხრეკდნენ და მათ პატრონებს ამოწმებდნენ,მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო. შონი მაშინვე მიხვდა ამ საქმეში როქსის ხელი რომ ერია,როდესაც ხუთი დღის შემდეგ ისევ არ რეკავადნენ და გამოსასყიდს არ ითხოვდნენ და ეს უბრალო გატაცება არ იყო,თანაც კამილი არც ისე მდიდარი გახლდათ,მის გამო ასე რომ გაერისკათ. ერთადერთი იმედი ისევ თავად ჯეიმი იყო. სწორედ ხუთი დღის თავზე შონი კამილის ესტუმრა. შესვლისთანავე ქალმა პოლიციელს ჰკითხა:
-რამე ახალი ხომ არაა?-კაპიტანმა თავი გააქნია,ქალი ნამდვილად სუსტად გამოიყურებოდა,რამოდენიმე კილოც დაეკლო,უძილობისგან თვალები დასიებოდა,მაგრამ თავს მაინც მხნედ და მამაცურად იჭერდა, იცოდა,რომ ტირილი არაფერს უშველიდა და გულში უკეთესი მომავლის იმედი მიანც უღვივოდა.
-შენ როგორ ხარ?
-როგორ უნდა ვიყო-კამილი ჩაფიქრდა-ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. როდესაც დედას დამაშორეს და ქუჩაში მიმაგდეს,ემანუელი, ნიკი და ლიზი გავიცანი,ოჯახი შევიძინე. როდესაც ისინი დავკარგე დედას დავუბრუნდი და ლიბედი ვიპოვნე,ვიქორწინე,შვილი შემეძინა. მე ღმერთის რწმენა არ დამიკარგავს,შეიძლება სისულელედ ჟღერს,მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად მისი მაინც მწამს,ყოველი სიტუაციიდან გამოვმძვრალვარ,იმედი მაქვს რომ აქედანაც გამოვძვრები. იმდენი გადავიტანე და იმდენი უბედურება დამატყდა თავს,აღარ ვიცოდი ამ ყველაფერზე საშინელი რა იქნებოდა და აი,ისიც დამემართა.
-ყველაფერს ვაკეთებთ,უბრალოდ...
-ვიცი,მადლობელი ვარ.
-რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო,ალბათ ტელევიზორს არ უყურებ.
-არა,არ ვუყურებ,უბრალოდ არ შემიძლია.
-მესმის, მოკლედ რაღაც ინფორმაციამ მედიაში გაჟონა,არ ვიცი როგორ,ამაზე ვმუშაობთ,მაგრამ ვინ გასცა,ან როგორ მოიპოვეს ჯერ ვერ გავარკვიეთ. დარწმუნებული ვარ,რომ რაც არ უნდა ვეცადოთ ამბავს მაინც გაიგებენ,მოკლედ..-შონმა ღრმად ამოისუნთქა-მოკლედ,მინდა,რომ ყველაფერი მე გავასაჯაროო და შენი ნებართვა მჭირდება. - კამილიმ კაცს შეშფოთებულმა შეხედა,თუმცაღა დიდი გაკვირვება სახეზე მიანც არ ეტყობოდა.
-რის თქმას აპირებ?
-ცოტა ისტორიას შევცვლი. ქუჩაში გატარებულ დროზე არაფერს ვიტყვი. დამიჯერე,ჯობს,რომ ეს ჩვენ გავაკეთოთ. როქსის საქმე თავიდან გადაიხედება,რადგანაც მკვლელობის მუხლი მოეხსნება,სავარაუდოდ გამოუშვებენ.მას გავყვებით,ის კი უთუოდ შენს შვილამდე მიგვიყვანს.
-ასეთი სულელი არაა,შონ. მასთან არასდროს მიგიყვანთ.
-ყველაზე ჭკვიანიც კი უშვებს ხოლმე შეცდომებს. ეს ბოლო ხელჩასაჭიდია,თანაც დარწმუნებული ვარ,რომ როგორც კი ის ციხიდან გამოვა გამტაცებლები მაშინვე დაგიკავშირდებიან. დამიჯერე ასე სჯობს,კამილ. როდესაც ნიკს დავაბრუნებთ იმ ნაბიჭვარს ისევ ციხეში ჩავსვამ,თანაც სამუდამოდ,გპირდები.
-ჩემთვის სულერთია,ყველაფერი სულერთია. მთავარია ჩემი შვილი დავიბრუნო,რაც გინდა ის გააკეთე,ნიკის დასაბრუნებლად რაც საჭიროა ყველაფერი გააკეთე .-შონმა ქალს თავი დაუქნია.
-ლიბედი როგორაა?
-მას ამ ყველაფრის გადატანა უკვე მეორედ უწევს. მე გაჭირვებამ,ქუჩამ და რაც მთავარია მამაჩემმა მასწავლა თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი უფრო ძლიერი,უფრო შეუპოვარი, მისთვის კი ეს არავის უსწავლებია.
-ნიკი არასდროს ნებდებოდა.
-არც მე დავნებდები.ვერ დავუშვებ,რომ ჩემ ცხოვრებაში მეორე უმნიშვნელოვანესი მამაკაცი დავკარგო. მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ,შონ.
- თუ რამე დაგჭირდება, იცი,რომ მე და ჩემი ოჯახი შენ გვერდით ვდგავართ.
-ვიცი,გმადლობ.
-საღამოს მორიგ პრესკონფერანციას გავმართავ.ალბათ გააშუქებენ.
-როგორც გითხარი მე უბრალოდ ჩემი შვილის დაბრუნება მინდა.
-კარგი,გასაგებია,დროებით.
-დროებით-კაცი გასასვლელისკენ დაიძრა,გარეთ გასული მანქანაში ჩაჯდა და განყოფილებაში წავიდა.
24 სექტემბრის საღამოს პოლიციის მთავარ განყოფილებაში პრესკონფერენცია გაიმართა. შონის ნათქვამით ყველა შოკირებული დარჩა. მან თხრობა იქ დაასრულა, სადაც კრის ბიუთინჯერმა კამილი ქუჩაში გადმოაგდო. ქალს ბევრი ურეკავდა,მაგრამ მათ ზარებს არ იღებდა. ჯეიმი როქსის ადვოკატები მაშინვე დაფაცურდნენ. საქმე თავიდან აღიძრა. ჯეიმისა და მისი ბანდის წევრებს მკვლელობის მუხლი მოეხსნათ,ხოლო რადგანაც გატაცებისთვის 20 წელი უკვე მოხდილი ჰქონდათ,ვერდიქტის გამოტანიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს. შონის თხოვნით ყველაფერი დაჩქარდა. 29 სექტემბერს კი ჯეიმი როქსიმ ციხის კედლები სიამაყითა და სიხარულით დატოვა,მასთან ერთად გაათავისუფლეს კრის ბიუთინჯერი და რამოდენიმე თანამძრახველიც. ეს ამბები ახალი ამბების ძირითადი თემა გამხდარიყო. დღე არ გავიდოდა კამილ ბარნტონსა და ჯეიმი როქსიზე რომ არ ესაუბრათ.
შონი მართალი აღმოჩნდა. ჯეიმის გათავისუფლებიდან მეორე დღესვე ელიზაბეტს გამტაცებლებმა დაურეკეს. პოლიციამ მათი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოახერხა. მათი მოთხოვნა კი ზედმეტად დიდი სისულელე იყო.
-თუ გინდა,რომ შენს შვილს ხელზე ხუთივე თითი შერჩეს,პირდაპირ ეთერში თქვი,რომ აშშ-მ სირიელი ბავშვები უმოწყალოდ დაბომბა და სწორედ პრეზიდენტი ბუშის გამო მოხდა 11 სექტემბრის ტრაგედია.
-რა,ღმერთო,რატომ მე?! ჩემი შვილი როგორ არის?
-დრო ხვალამდეა,თორემ ფოსტით პატარა თითს მიიღებ-ტელეფონში ზუმერის ხმა გაისმა.
-რა სისულელეა-საუბრის მოსმენის შემდეგ ამოიოხრა შონმა.
-ეს უნდა გავაკეთო-თქვა კამილიმ.
-ხომ არ შეიშალე,ყველაფერი,შენი კარიერა,ყველაფერი დამთავრდება,შეიძლება ამის გამო ციხეშიც კი გაგიშვან.
-ის ჩემი შვილია,შონ,ვერ გავრისკავ.
-ვიცი,მაგრამ...
-არანაირი მაგრამ!-კამილიმ მკაცრად,ხმამღლა და გადაჭრით წამოიძახა-არ მაინტერესებს რა მოეწონება და რა არა მაგ შენს დამპალ მთავრობას. საკმარისად გელოდეთ, პრეზიდენტმა ისიც კი თქვა,რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა და რომ ეს ჟურნალისტიკას,მართალ, თავისუფალ სიტყვას ეხებოდა და არა უბრალო ქალსა და უბრალო დედას,მაგრამ რა? FBI-ც კი ჩაერთო საქმეში,მაგრამ რა? არაფერი,ჩემი შვილი ისევ მათ ჰყავთ, ალბათ ყოველ წამს ენატრება დედა,ყოველ წამს ტირის იმის შიშით,რომ ვეღარასდროს ნახავს თავის ოჯახსს.მე ეს საკუთარ თავზე გამომიცდია,თქვენთვის ადვილია ეს ყველაფერი, რადგან წარმოდგენაც არ გაქვთ თუ რას ნიშნავს იყო ოჯახისგან შორს,მარტო, უცხო ადამიანებთან, ბანდიტებთან ერთად,ბნელ,გისოსებიან ოთახში. არავისთვის მითქვამს,მაგრამ ფსიქიატრთან აქტიურად დავდიოდი,უამრავი პროცედურა ჩავიტარე,ბევრ ექსპერიმენტზე წავედი და ჰო,მეხსიერება აღმიდგა,მე ყველაფერი მახსოვს,ყოველი დეტალი. ასე რომ,არ მაინტერესებს რას იფიქრებთ, მე ჩემი შვილის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ და ჯობს ხელი არ შემიშალოთ,რადგან მე ხომ უბრალო ქალი არ ვარ,არამედ მე ჟურნალისტი ვარ, მე ვარ მართალი,თავისუფალი სიტყვა,რომლის გაჩერებასაც ვერასდროს შეძლებთ! - კამილი საკმაოდ აღელვებულიყო,მას ყოველგვარი შიში,დაბნეულობა და მორიდებულობა დაჰკარგვოდა. დეივი ცოლს მონუსხული შესცქეროდა,მას ის ასეთი პირდაპირი და უკან დაუხეველი არასდროს ენახა.შონი ქალს დამორცხვებით უყურებდა.
-გასაგებია,მაპატიე,მე შენ გვერდით ვარ,არა როგორც პოლიციელი,არამედ როგორც ნათესავი,ახლობელი და როგორც მამა,შენ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ,კამილ. -ქალმა თავი დააქნია და ტელეფონი აიღო,მან რებეკას ნომერი აკრიფა.
-კამილ,რა მოხდა,ყველაფერი რიგზეა?-ტელეფონში მეგობრის დაბნეული ხმა გაისმა,ასეთ დროს ელის ზარს ნამდვილად არ ელოდა.
-მინდა,რომ დღეს პირდაპირ ეთერში გამოვიდე.
-რა?
-გთხოვ,კითხვებს ნუ დამისვამ,უბრალოდ ეს გამიკეთე.
-გინდა შუა დღის გადაცემა წაიყვანო?
-უბრალოდ პირდაპირ ეთერში გამიყვანე.
-მაშინ ვეცდები აღმასრულებელი პროდიუსერი სეგმენტის გამოყოფაზე დავითანხმო.
-პასუხზე დამირეკე,გმადლობ.
-ვეცდები.
რამოდენიმე წუთში რებეკამ მეგობარს დაურეკა.
-ყველაფერი მზადაა,უბრალოდ აინტერესებთ რისი თქმა გინდა.
-დიდი არაფერი,პატარა განცხადება უნდა გავაკეთო,ეს ჩემი შვილისთვის მნიშვნელოვანია.
-კარგი, 3 საათზე მოდი,საინფორმაციოს შენ გახსნი.
-გმადლობ,რებეკა,ნამდვილი მეგობარი ხარ.
-არაფრის-ქალმა ტელეფონი დაკიდა.
-იმედია დღევანდელი ეთერის შემდეგაც ჩემს მეგობრად დარჩები-ჩაიჩურჩულა კამილიმ და საათისკენ გაიხედა. პირველი ხდებოდა,ქალმა ღრმად ამოისუნთქა და ქმართან მივიდა.
-ყველაფერი კარგად იქნება-უთხრა დეივმა და ცოლს საფეთქელზე აკოცა,მერე კი ხელი მოჰხვია და ძლიერად ჩაიხუტა.
-ოღონდ ახლა არ ატირდე-თავის თავს უთხრა კამილიმ და ინსტიქტურად თითი თვალზე გაისვა,სადაც ოდნავი სისველე უკვე შეიმჩნეოდა.
3 საათისთვის დიდი გაჭირვების ფასად კამილი ტელევიზიაში შევიდა.თანამშრომლებმა მისი მოსვლის შესახებ უკვე იცოდნენ და დირექტორის მიერ გაფრთხილებულებიც იყვნენ ზედმეტი გამოხტომებისგან თავი რომ შეეკავებინათ. ქალის შესვლისთანავე ჩურჩული დაიწყეს,თუმცაღა მალე სახეზე ღიმილი გამოესახათ და კოლეგას თბილადაც მიესალმნენ. საგრიმიოროსთან მას რებეკა და თვით არხის დირექტორი- ჩარლი კერნელი დახვდნენ. ელიზაბეტს ორივე გადაეხვია.
-როგორ ხარ?-ჰკითხა კაცმა.
-კარგად.-კამილიმ მას გაუღიმა.
-მიხარია რომ დაგვიბრუნდი.
-მხოლოდ რამოდენიმე წუთი მჭირდება.
-კარგი-კაცმა ქალს თავი დაუქნია-მიდი,მოემზადე ხუთ წუთში ეთერში გახვალ.
-გმადლობ.-კამილს გრიმი გაუკეთეს,ისე ეთერში ვერ დაუშვებდნენ. რებეკა მას საინფორმაციო სამსახურის სტუდიაში შეჰყვა.
-მზად ხარ?-ჰკითხა მეგობარს,რომელიც გრძელ მაგიდასთან წამყვანის გვერდით დამჯდარიყო და ხელში კალამს ნერვიულად ათამაშებდა. კამილის მისი კითხვა არ გაუგონია.-ჰეი,შენ გეუბნები.
-ა?-იგი ფიქრებიდან გამოერკვა.
-კარგად ხარ?რატომღაც მგონია,რომ რაღაც ცუდის გაკეთება გაქვს გადაწყვეტილი.
-ასე რატომ ფიქრობ?
-კარგად გიცნობ,რის თქმას აპირებ?
-ნახავ.- რებეკამ მეგობრის ხელი თავისაში მოიქცია.
-მე შენ გვერდით ვარ,არ მაინტერესებს ახლა რასაც იტყვი,უბრალოდ იცოდე,რომ შენ მუდამ ჩემი და და ჩემი მეგობარი იქნები.-კამილიმ გაიღიმა.
-მადლობელი ვარ ამ სიტყვებისთვის,ამას დიდად ვაფასებ,მართლა.
-ეთერამდე 30 წამი დარჩა-გაისმა სტუდიიდან. ეკრანზე ქუდი გაეშვა.
-აბა შენ იცი-რებეკა კამილს გაშორდა და არხის დირექტორთან ერთად ოპერატორების უკან სიბნელეში დადგა.
-3, 2, 1-გაისმა ხმა.
-მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახალ ამბებს ვილ ჰეიბონთან ერთად. დღევანდელ გამოშვებას უჩვეულოდ დავიწყებთ, ეს ადამიანი მთელი კვირის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებების ძირითადი თემა იყო და ახლა ის ჩვენი სტუმარია.კამილ-წაყვანი ქალს მიუბრუნდა-ზედმეტ კითხვებს არ დაგისვამ,უბრალოდ თქვი რაც გინდა და რისთვისაც აქ მოხვედი.-კამილი დუმდა-კამილ,-ქალი გამოერკვა.
-მაპატიე,ვილ.- იგი კამერას მიუბრუნდა.- ამ დღეების განმავლობაში ბევრი საფიქრალი მქონდა,ყურადღება რაიმეზე უნდა გადამეტანა და...-ღრმად ჩაისუნთქა- მოვიძიე მასალები, სხვადასხვა ჩანაწერები, გავესაუბრე ადამიანებს და მივედი იმ დასკვნამდე,რომ...ჩვენი მთავრობა ჩვენზე მანიპულირებს იმ საბრალო ბავშვებით, იმ ბავშვების ბედით,რომლებიც სწორედ ჩვენმა მთავრობამ უდანაშაულო ჯარისკაცების ხელით სირიაში დახოცა და მე დარწმუნებული ვარ,რომ-ჩარლის სახეზე დაბნეულობა, გაოცება, შიში,ყველაფერი ერთად აღბეჭდოდა,იგი თითქოს პარალიზებული იდგა-ის რაც 11 სექტემბერს მოხდა,ეს მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტი ბუშის ბრალი იყო,რადგან მან პირველმა გახსნა ცეცხლი-დირექტორი მართვის ცენტრის ფანჯარას მივარდა და პროდიუსერს გადაჯვარედინებული ხელები უჩვენა,იგი მაჯებს ერთმანეთს გამალებით და ძლიერად უხახუნებდა,სახეზე ოფლი ჩამოსდიოდა.
-გამორთეთ,რეკლამა გაუშვით,ჩქარა!-დაიყვირა აღმასრულებელმა პროდიუსერმა. ამასობაში კი კამილი განაგრძობდა,მას რაც შეეძლო სწრაფად ლაპარაკობდა,ქალს წამყვანიც გაოცებული უყურებდა.
-და სწორედ ამის გამო დაიღუპა უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი,მომხდარი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ბრალ...-რეკლამა გაეშვა,სტუდია სრულიად განათლდა. კამილიმ შვებით ამოისუნთქა,ყოველი სიტყვის თქმისას ნატრობდა,რომ ან მისთვის მიკროფონი გამოერთოთ,ანდა ეთერი გაეწყვიტათ და რეკლამა გაეშვათ.თუმცაღა ყველაზე ცუდი წინ ელოდა. სტუდიის განათებისთანავე გაშმაგებული ჩარლი გამოვარდა.
-ეს რა ჯანდაბა იყო?!-მან მთელ ხმაზე იღრიალა-ასე მიხდი სამაგიეროს? ყველაფერი გავაკეთე,რომ შენთვის ზიანი არ მომეყენებინა,ამის გამო არხის მფლობელებთან მრავალი კონფლიქტი მომივიდა და ძლივს დავარწმუნე,რომ შენ შესახებ არ გაგვეშუქებინა.შენ გამო კინაღამ სამსახური დავკარგე და ასე მიხდი სამაგიეროს?! ეს როგორ გაბედე,იცი ახლა რა მოხდება? შენც,მეც და ყველა ჩვენგანი ქუჩაში აღვმოჩნდებით,არავინ დაიჯერებს,რომ ეთერში ისე გაგიშვი, რომ არ ვიცოდი რის თქმასაც აპირებდი! მე შენ გენდობოდი,კამილ, ჩემს შვილად მიმაჩნდი,შენ კი-კაცი ოდნავ დამშვიდდა,ამოისუნთქა-მითხარი-წყნარად თქვა მან- ეს ყველაფერი რატომ გააკეთე?-კამილი მისთვის თვალებში შეხედვას ვერ ბედავდა.
- მაპატიე ჩარლი, ეს ნიკისთვის გავაკეთე, ასე მხოლოდ ჩემი შვილისთვის თუ მოვიქცეოდი.
-ეს მხოლოდ გათავისუფლებით არ დამთავრდება,კამილ.
-ვიცი,ამის არ მეშინია,მხოლოდ იმაზე ვღელავ,რომ შეიძლება ჩემი შვილი ვეღარასდროს ვნახო,ვეღარასდროს ჩავიკრა გულში,ვეღარასდროს ვუმღერო ძილის წინ და ვეღარასროს გავასეირნო პარკში, ვეღარასდროს ვუყიდო საჩუქარი, ვეღარასდროს დავტკბე მისი სიხარულით,ვეღარასდროს გავიგონო მისი ხმა,მისი სიცილი. უკვე მისი ტირილიც კი მენატრება,არადა სულ ვოცნებობდი,რომ ტირილი შეეწყვიტა, მისი ამღვრეული,მბზინვარე თვალები მენატრება,ამ ყველაფრის ნახვისთვის ნებისმიერ რამეს გავაკეთებ.-კამილიმ პიჯაკის ჯიბიდან ორად გადაკეცილი ფურცელი ამოაძვრინა და მაგიდაზე დადო - ჩემი სამსახურიდან წასვლის განცხადებაა,მაპატიე, ჩარლი,ყველამ მაპატიეთ-კამილი სკამიდან წამოდგა და სტუდიიდან გავიდა. ყველა დასევდიანებული და დამწუხრებული იყო. რებეკა მეგობარს დაედევნა,იგი მას დერეფანში დაეწია.
-კამილ,მოიცადე-ქალს დაუძახა.ელიზაბეტი გზას მაინც აგრძელებდა. დერეფნის ბოლოში მას რებეკა წინ გადაუდგა.-მისმინე,მე შენთან ვარ,ყველაფერი კარგად იქნება,კარგი? -კამილიმ აცრემლებული თვალებით შეხედა.
-უკვე ამის აღარ მჯერა.
-მე შენთან ვარ-რებეკა მეგობარს გადაეხვია.-ამით არაფერი დამთავრებულა.შენ ძლიერი ხარ,ძალიან ძლიერი,დამიჯერე,ამ ყველაფერს გაუმკლავდები, აუცილებლად გაუმკლავდები.
-მე ძლიერი არ ვარ,რებეკა.
-ხარ,ეს ტყუილია. შენ იმდენი შეძელი,რამდენსაც ვერავინ შეძლებდა.ახლა ფეხზე დგახარ,ხომ ასეა?
-ვდგავარ კი?
-კი,ამ დროს ეს ყველას არ შეუძლია,მაგრამ შენ ეს გძალუძს.- ქალი ბეგობარს გვერდით ამოუდგა და გასასვლელამდე მიაცილა-გამოგყვები.
-არ არის საჭირო,ტაქსით წავალ.
-ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებ.
-არ მინდა,ახლა მარტო ყოფნა მირჩევნია,გთხოვ.
-კარგი,როგორც გინდა.-რებეკამ ტაქსი გააჩერა,კამილი მანქანაში ჩაჯდა და მალე თვალსაც მიეფარა.
სახლში დაბრუნებულს შინ შონი დახვდა. იგი ქალს უხმოდ მიესალმა. დეივმა კი მეუღლე გულში ჩაიკრა და რამოდენიმე გასამხნევებელი სიტყვაც უთხრა.
-ახალი ხომ არაფერია?
-არა-კაპიტანმა თავი გააქნია-ჯეიმის ავეკიდეთ,მაგრამ შეგვნიშნა და...
-ის დაკარგეთ-ქალს სიმწრით გაეცინა.
-სამწუხაროდ.
გამტაცებლებს მთელი დღის განმავლობაში მისთვის აღარ დაურეკავთ,ისინი როქსის გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და დაკავშირებას მეორე დღეს აპირებდნენ, მოითხოვდნენ,რომ კამილის პოლიციასთან ურთიერთობა გაეწყვიტა,მაგრამ მეორე დილით მომხდარმა ყველაფერი თავდაყირად დააყენა. დილის 12 საათზე სტივენსონების კარზე ზარი გაისმა, კარები დეივმა გააღო.კართან ჭაღარა, 50-60 წლის კაცი დაინახა,რომელსაც თავზე შლაპა ეხურა,თუმცაღა თმები მაინც მოუჩანდა.
-გამარჯობა-მიუგო მას.
- ელიზაბეტ დივერსონი აქ ცხოვრობს? - დეივმა კამილის ნამდვილი სახელი იცოდა,მაგრამ მაინც გაუკვირდა კაცმა ქალი ამ სახელით რომ იკითხა.
-დიახ და თქვენ ვინ ბრძანდებით? - სტუმარმა ქუდი მოიხადა და ხელთათმანიან ხელებში დაიკავა,მას გრძელი, ნაცრისფერი ლაბადა ეცვა,ასევე ნაცრისფერი იყო მისი ქუდიც. დეივს თვალებში შეხედა და უთხრა:
- კრის ბიუთინჯერი,ელიზაბეტთან საუბარი მსურს.
დეივმა კაცის ვინაობა არ იცოდა,ამიტომ მას მიუგო:
-გთხოვთ,შემობრძანდით.
-არა გმადლობ,იქნებ ელიზაბეტს აქ დაუძახოთ.
-კარგი-კაცმა მეუღლეს გასძახა,მერე კი სტუმარს მიუბრუნდა-იქნებ,მაინც შემოსულიყავით.-უცნობი დუმდა.მალე კამილიც გამოჩნდა,სევდიანი და მწუხარე სახე ჰქონდა.
-რა არის?-იკითხა კამილიმ.
-შენ გკითხულობენ-დეივი განზე გადგა და კარები ფართოდ გააღო.ქალმა მზერა ზღრუბლთან მდგარ მამაკაცზე გადაიტანა,თავიდან თითქოს ვერ იცნო,მაგრამ აბა იმ კაცის სახეს რა დაავიწყებდა,რომელმაც მას ოჯახი წაართვა,თუმცა ამავედროს სიცოცხლეც შეუნარჩინა. ქალს სუნთქვა გაუხშირდა,ნაბიჯი უკან გადადგა. ქმარი მას გაკვირვებული უყურებდა.
-ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა ცოლს.
-არა,არა-ქალი თავს აქნევდა,თანაც უკან-უკან იხევდა.
-კამილ,ვინ არის ეს კაცი?!-ქალი დუმდა. სუნთქვა ყოველ წამს უფრო და უფრო უჩქარდებოდა.
-რთული იყო აქ მოსვლა,მე თქვენთვის ბევრი რამე მაქვს ასახსნელი.ვიცი ალბათ ჩემი მოსმენა არ გინდათ,მაგრამ ეს მაინც მოგიწევთ.-დეივი კაცს ეძგერა,ხელი ძლიერად უჯიკა.
-გაეთრიეთ ჩემი სახლიდან!-მას ხმამაღლა უყვირა,ბიუთინჯერი კაცს არ შეწინააღმდეგებია,მას ქალისთვის მთელი ამ დროის მანძილზე თვალი არ მოეშორებინა.
-ელიზაბეტ,მე ვიცი სადაცაა შენი შვილი-კრისმა ეს სიტყვები გარკვევით წარმოთქვა.გაოგნებულმა დეივმა მას ხელი მაშინვე გაუშვა.
-რა?-იკითხა გაკვირვებული სახით. კამილი მათ მოუახლოვდა,ოდნავ დამშვიდებულიყო.
-ამას მართლა გააკეთებთ?-იკითხა მშვიდად,თუმცაღა მის ხმაში მცირედი შიში მიანც ჩანდა.
-დროა ცოდვები მოვინანიო.-ქალმა თავი დააქნია.
-შემოდით-თქვა და სახლში შევიდა,მას უხმოდ კრისი და დეივიც შეჰყვნენ.
-შენთან მარტო მინდა საუბარი-თქვა ბიუთინჯერმა.
-არა,ამას არ დავუშვებ!
-ყველაფერი რიგზეა დეივ,კაბინეტში შევიდეთ-კამილი კაცს კაბინეტში შეუძღვა,შესვლისას კი კარები გადაკეტა.-გისმენთ.-კაცი სავარძელში ჩაჯდა.
-არ ვიცი საიდან დავიწყო.
-უბრალოდ ჩემი შვილის ადგილსამყოფელი მითხარით.
-ნუ ღელავ,მას არაფერი მოუვა.
-რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?
-მათ შენი მოკვლა უნდათ,სანამ ხელში არ ჩაუვარდები ბავშვს არაფერს დაუშავებენ. დიდი თავის მართლება მომიხდა იმის გამო,თუ რატომ ხარ ცოცხალი. მე და ჯეიმი დიდი ხნის მეგობრები ვიყავით,თავიდან მართლაც ასე იყო,მერე კი...ამას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ბოლომდე მაინც არ მენდობოდეს,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ რაც მითხრა სიმართლეა. შენი მიტყუება და შემდეგ ორივეს მოკვლა სურს. გუშინ ტელევიზიით გნახე, მაშინ გადავწყვიტე,რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო. მინდა ყველაფრისთვის ბოდიში მოგიხადო. მამაშენს როდესაც შევხვდი ვუთხარი,რომ იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა,ისე ჩემ ცოლ-შვილს მოკლავდნენ.
-და ახლა აზრი რამ შეგაცვლევინათ?
-არ ვიცი,უბრალოდ ვფიქრობ,რომ ერთხელ მაინც უნდა მოვიქცე სწორად ამ სიცოცხლეში.-კაცმა ლაბადის ჯიბეში ხელი ჩაყო და იქიდან პატარა ფურცელი ამოიღო,ის კამილის გაუწოდა.- აქ ყველაფერი წერია,მათი ადგილსამყოფელი,შენი შვილის ადგილსამყოფელი.
-და თუ გაიგეს რომ დაგვეხმარეთ?
-მე ჩემი ცოდვები და ჩემი ვალები მაქვს.
-შემიძლია პოლიციას თქვენი დაცვა ვთხოვო.-კრისმა გაიღიმა.
-მე დაცვა არ მჭირდება,როგორც გითხარი ჩემი ცოდვები მაქვს,ამისგან კი კაცს ვერ დაიცავ. უბრალოდ ჩემი ოჯახი დაიცავით,ამას ჩემთვის გააკეთებ?
-დიახ.-კამილიმ კაცს თავი დაუქნია.
-არ შევმცდარვარ,როდესაც არ მოგკალი. შენს თვალებში მაშინ რაღაც დავინახე, ახლაც რაღაცას ვხედავ. არ ვიცი ეს რა არის,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ... უბრალოდ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ,მართლა.მთელი ეს წლები შენზე გამუდმებით ვფიქრობდი. თუ რა შეგემთხვა,როგორ ქალად გაიზარდე,როდესაც მამაშენი ჩემთან მოვიდა და შენი ფოტო მაჩვენა გულში გამიხარდა კიდევაც,წორედ მაშინ მივხვდი,რომ სწორად მოვიქეცი, ახლა კი ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. მაპატიე, უბრალოდ ზოგჯერ იმის გაკეთება გვიწევს,რისი ჩადენაც არ გვინდა და უნებურად ჩვენივე სურვილის საწინააღმდეგოდ მივდივართ. გუშინ,შენი შვილისთვის ყველაფერი,მთელი შენი მომავალი დათმე, მეც ზუსტად ასეთი რამ გავაკეთე ჩემი ოჯახის დასაცავად.
-მესმის,-კამილის თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა-მე გაპატიეთ,უკვე გაპატიეთ. მადლობელი ვარ,ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.-კრისმა თბილად გაიღიმა, წამოდგა.
-მშვიდობით-თქვა მან,შლაპა დაიხურა,კარები გააღო და ოთახიდან გავიდა.მისაღებში,სადაც დეივი,ლიბედი და ორი პოლიციელი ისხდა უხმოდ გაიარა და სახლი საჩქაროდ დატოვა.
კამილი ოთახიდან მაშინვე გამოვიდა.
-რა მოხდა?-ჰკითხა ქმარმა.
-შეგიძლია შონს დაურეკო?
-კი,მაგრამ არ მეტყვი რა მოხდა,ის კაცი ვინ იყო?
-უბრალოდ შონს დაურეკე,გთხოვ-თქვა ქალმა. დეივმაც მაშინვე აკრიბა პოლიციის კაპიტნის ნომერი და მოსვლა სთხოვა. 20 წუთში შონმა სტივენსონების სახლზე ზარიც დარეკა.
-როგორც კი დამირეკე მაშინვე გამოვვარდი,რა მოხდა?-იკითხა კაცმა.
-არ ვიცი,კამილი არაფერს ამბობს.-კაცი ქალს შეაცქერდა.
-დღეს ჩემთან კრის ბიუთინჯერი იყო.-შონს გამომეტყველება შეეცვალა,როგორც იტყვიან სახე წაეშალა.
-რა?
-ვინ არის ეს ბიუთინჯერი?-ცნობისმოყვარეობით იკითხა დეივმა.
-ის,ვინც კამილი მანქანიდან გადმოაგდო და ქუჩაში დატოვა.
-რა? და შენ ის კაცი სახლში შემოუშვი?!-დეივმა კამილს გაბრაზებულმა შეხედა. ქალმა ხელი გაშალა და შონს თეთრი ფურცელი გაუწოდა.
-ეს რა არის?
-ადგილი,სადაც მათ ნიკი ჰყავთ.
ყველამ ქალს შეხედეს,კამილს ხუმრობის არაფერი ეტყობოდა,ანდა ასეთ დროს ისედაც რა ეხუმრებოდა. შონმა ფურცელი საჩქაროდ გამოართვა და მასზე დაწერილი მისამართი დაკვირვებით ამოიკითხა. იგი ქალაქგარეთ მდებარე საწყობებს ეკუთვნოდა.
-და კიდევ,ბიუთინჯერს დავპირდი,რომ მათ ოჯახს დაიცავდით.
-რა თქმა უნდა-მცირეოდენი პაუზის შემდეგ თქვა შონმა.-თუ ეს მართალია-მან ფურცელს დახედა-ხვალ უკვე შენი შვილის ნახვა შეგეძლება.
-მადლობა ღმერთს-წარმოთქვა ლიბედმა.
-გუშინ მომხდარზე რამე ახალი ხომ არაა?-იკითხა დეივმა.
-მინისტრს ვესაუბრე,დავარწმუნე,რომ კამილი აიძულეს ეს სიტყვები ეთქვა და შვილის დაბრუნების შემდეგ ყველაფერს აღიარებს,ჩემთან ვალში იყო,ასე,რომ მგონი ეგ საქმე მოვაგვარე,მაგრამ რაც შეეხება მის კარიერას,აქ უკვე ვეღარაფერს გავხდები.
-გმადლობ,ისედაც იმაზე მეტს აკეთებ,ვიდრე შეგიძლია-თქვა კამილიმ.
-ასე რომ იყოს უკვე შენი შვილი გვერდით გეყოლებოდა.
-მალე მეყოლება.-კაცმა თავი დააქნია.
-იმედია,დღეს ბიჭებს დავანაწილებ და საწყობებს ვუთვალთვალებთ,გეგმას დავსახავთ და ხვალ უკვე მათ შევუტევთ.უნდა წავიდე-თქვა შონმა და სახლიდან გავიდა. დეივი კი კამილს მიუახლოვდა და ნაზად მოეხვია.
-ხომ არ გეწყინა არაფერი რომ არ გითხარი?-ქმარს ჰკითხა ცოლმა.
-არა, სიტუაციას სჭირდებოდა ასე.
-გპირდები ამიერიდან აღარაფერს დაგიმალავ,აღარაფერს.
-ვიცი.-კაცმა ქალს თავზე აკოცა და უნებურად ზემოთ,ჭერისაკენ აიხედა.
შონმა მართლაც რომ სრული მობილიზაცია გამოაცხადა, საუკეთესო საქმოსნები მოიწვია და გეგმა გააცნო. მითითებული საწყობები შორიდან იმავე ღამით, პირველივე ოქტომრებს დაზვერეს,სურათები გადაიღეს და ადგილი შეისწავლეს. უკვე ყველა დარწმუნდა,რომ იქ რაღაც საეჭვო მართლაც ხდებოდა. პოლიციაში შესაბამისი გუნდიც ჩამოყალიბდა,რომელსაც თავად კაპიტანი მეთაურობდა, მან ყველა გადაწყვეტილება მიიღო და საწყობებზე შტურმის მიტანა 2 ოქტომბრისთვის დაიგეგმა,სწორედ ამ დღეს აპირებდა ჯეიმი როქსი კამილთან დაკავშირებას.
გამთენიისას შონი სტივენსონებს ეწვია. მათ დაპირდა,რომ შვილს დაუბრუნებდა და ყველაფერი მზად იყო.
-მინდა,მეც წამოვიდე - თქვა კამილიმ.
-არა! სახიფათოა, ჩემი ხომ გჯერა? გპირდები შვილს უვნებლად დაგიბრუნებ.
-ის ჩემი შვილია,შონ. მასთან უნდა ვიყო,შენ წამოსვლას ვერ დამიშლი.
-არა,კამილ. შენ არ გესმის, ნიკი გაიხსენე,როდესმე მას თავისი ოჯახის წევრი წაუყვანია დავალებაზე,თანაც მითუმეტეს ასეთ ოპერაციაზე?
-საქმე ჩემს შვილს ეხება,თუ არ წამიყვან,უკან გამოგყვები.
-კამილ,ის მართალია. თუ შენ მის გვერდით იქნები,სრულ კონცენტრაციას ნიკზე ვეღარ მოახდენს.-საუბარში დეივი ჩაერთო.-შენ გგონია მე არ მინდა ჩვენი ბიჭის ნახვა და მისი გულში ჩაკვრა? მაგრამ, სადაც ამდენი ხანი ვიცადეთ,ჯობს კიდევ ცოტა მოვიცადოთ.
-ის მართალია,გთხოვ,შვილო-სიძეს მხარი აუბა ლიბედმაც.
-არა, მე წამოვალ.-ქალმა შონს შეხედა,კაცმა ამოიოხრა.
-შენთან კამათს აზრი არ აქვს,არა?
-არა, ამ შემთხვევაში ნამდვილად არა.
-ღმერთო, ამის გაკეთება არ შემიძლია.
-შონ,გთხოვ. მანქანაში დავრჩები,უბრალოდ მინდა ჩემი შვილის გვერდით ვიყო,როდესაც მას გაათავისუფლებთ.გთხოვ.-კაცმა ქალის დასევდიანებულ სახეს შეხედა, უნდოდა უარი ეთქვა და იცოდა კიდეც,რომ მხოლოდ ამის თქმის უფლება ჰქონდა,მაგრამ არ შეეძლო ისედაც განადგურებული დედის კიდევ უფრო დამძიმება.
-მანქანაში დარჩები.
-კი.
-მაშინ მეც წამოვალ,მას მარტო იქ ვერ გავუშვებ. - შონმა დეივს თავი დაუქნია.
სამივენი მანქანაში ჩასხდნენ და პოლიციის განყოფილებაში გაემართნენ. შუა დღის პირველი საათისთვის უკვე ქალაქგარეთ,ესკორტთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ განკარგულებაში ვერტმფრენიც იყო. დიდ,გრძელ ავტობუსში სპეცდანაყოფის რაზმი იჯდა,რომელსაც წინიდან და უკნიდან პოლიციის მანქანები მიჰყვებოდნენ. საწყობებს მოულოდნელად დაესხნენ. ავტობუსიდან პოლიციელები სასწრაფოდ გადმოსხდნენ,სროლა ატყდა. როქსის ხალხმა ცეცხლი მაშინვე გახსნა,დაიჭრა რამოდენიმე პოლიციელიც. საწყობებს უკანა გასასვლელიც ჰქონდათ,რამოდენიმე კაცმა იქიდან სცადა თავის დაღწევა,მაგრამ პოლიციელები იქაც იმყოფებოდნენ. რამოდენიმემ იარაღი მაშინვე დააგდო და ხელები აწია,მაგრამ უმეტესობამ ისროლა,მათი დაცხრილვა პოლიციელებს მოუხდათ. ბანდიტების ლიკვიდაციის შემდეგ ისინი დააკავეს,ვინც მათ მაშინვე დანებდა. რამოდნიმე კაცი შენობაში ისევ რჩებოდა. შონის მეთაურობით დანაყოფი შიგნით შეიჭრა. ამ ყველაფერს კამილი და დეივი მანქანიდან უყურებდნენ,ქალი ხედავდა თუ როგორ უმოწყალოდ ხოცავდნენ კანონის ძალით ამოქმედებული კაცები ადამიანებს,მაგრამ მას არანაირი განცდა არ ეუფლებოდა და ყველაფერს აუღელვებლად,თვალის დაუხამხამებლად უმზერდა.
ჯეიმი როქსიმ მომხდარი მაშინვე გაიგო, ქვეშევრდომებს უბრძანა შესასვლელი დაეცვათ,თვითონ იარაღი აიღო და საწყობის ბოლოში მდებარე პატარა ოთახისკენ გაემართა,კარები გააღო, ოთახის კუთხეში ძველ ლეიბზე პატარა ბიჭი იწვა,ცრემლიანი თვალებით შეხედა გამტაცებელს. თვალებში შიში ჩაუდგა,კედლისკენ ჩაიჩოჩა, მაგრამ ჯეიმიმ მას ხელი მიანც წაავლო და გარეთ გამოათრია. გამოსულს წინ საშინელი სურათი დახვდა, პოლიციას ერთ-ერთი დამნაშავე მოეკლა,ხოლო დანარჩენი სამი კი დანებებულიყო. ჯეიმიმ ერთდროულად შიშითა და გაშმაგებით შეხედა მათ.
-მაპატიეთ,ბოს- დაიჩურჩულა „კბილმა“ და თავი დაბლა დახარა. პოლიციელებმა ისინი ეგრევე წაათრიეს. ამასობაში ოთახში შონიც შემოვარდა. იგი მაშინვე გაშეშდა,როდესაც დაინახა დამნაშავე,რომელსაც იარაღი მჭიდროდ მიედო პატარა ბავშვის საფეთქელზე და თითი სასხლეტზედაც მიეჭირა.
-არ გინდა-უთხრა შონმა.
-აქედან გამიშვით,თორემ გეფიცებით ამ ლაწირაკს მოვკლავ!-ჯეიმი გაშმაგებით ბრდღვინავდა.
-ყველაფერი დამთავრდა,ეს შენც კარგად იცი-პოლიციის კაპიტანმა იარაღი ნელა აზიდა და კაცს მიუშვირა.
-რას აკეთებ? რა ჯანდაბას აკეთებ?! იცოდე ამას მოვკლავ!-ჯეიმი უკვე ღრიალებდა,თავისი ქმედების დასამტკიცებლად ნიკს იარაღი უფრო მაგრად მიაჭირა,შეშინებული ბავშვი ხმამაღლა ატირდა.
-გირჩევნია დაგვნებდე,თუ სიკვდილი, ანდა სამუდამოდ ციხეში ამოლპობა არ გინდა.
-აქედან გამიშვით!
-ჯერ კიდევ გაქვს დრო,შეგიძლია ვითარება შეიმსუბუქო,უბრალოდ დააგდე იარაღი და ბიჭი გამოუშვი-პოლიციელი როქსის მშვიდად და გაწონასწორებულად ელაპარაკებოდა,ამის საპასუხოდ ჯეიმიმ იარაღი ნიკს კიდევ უფრო მაგრად მიაბჯინა. ბავშვი მეტად ატირდა,მისი ხმა მანქანაში მსხდომმა დედ-მამამაც გაიგონეს.
-ნიკ,ეს მისი ხმაა-საჩქაროდ თქვა ქალმა და მანქანის კარები გააღო.
-არა,კამილ,არა!-დეივმაც ჩამოსწია სახელური და მანქანიდან საჩქაროდ გადმოვიდა,ცოლს დაედევნა.
-მადამ, არ შეხვიდეთ!-იყვირა რომელიღაცა პოლიციელმა. კამილი სწრაფად მირბოდა,ქმარს მისი დაწევა უჭირდა.
-კამილ,გთხოვ,შეჩერდი!-თითქმის მიუახლოვდა,ხელით მისი ქურთუკის დაჭერა ცადა,მაგრამ თითები აუცურდა.
-ჯეიმი,ყველაფერი დამთავრდა. ეს შენ უკვე კარგად იცი,მიდი,დაგვნებდი-შონი როქსის დარწმუნებას განაგრძობდა. დამნაშავე შეშლილივით თავს აქეთ-იქით აქნევდა.
-არა,არა, არაფერიც არ დამთავრებულა!-მან იღრიალა. შონი კაცს უხმოდ შესცქეროდა,იარაღისთვის ორივე ხელი მაგრად ჩაეჭიდა,სახიდან ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. როქსისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი,მაგრამ ახლა მისი გაშვება ყველაფრის ჩაფლავებას ნიშნავდა,თანაც თუ შონი მას ნიკთან ერთად გაუშვებდა ის ბიჭს მაშინვე მოკლავდა,თვითონ კი სადმე მიიმალებოდა.
- დანებდი,დამიჯერე ყველასთვის ასე ჯობს.-შონმა კაცს თავი დაუქნია,ამ დროს ოთახში კამილიც შემოვარდა,მისი ხმის გაგონებაზე შონმა გიჟივით მიატრიალა თავი,საბედნიეროდ თუ საუბედუროდ იგივე გააკეთა ჯეიმიმაც,მას გუგები გაუფართოვდა,გონება გადაეკეტა, წამიერად იარაღი ნიკს მოაშორა და სასხლეტს თითი გამოჰკრა.
-არა!-შეჰყვირა დეივმა და ცოლს მივარდა. შონს გული აუძგერდა,მაგრამ გამოცდილებამ არ უღალატა და წამებში გამოერკვა,სასხლეტს თითი მანაც გამოჰკრა.
ჯეიმი როქსი მოწყვეტით უკან გადავარდა,იარაღი იატაკს ბრახუნით დაეცა. ნიკი მაშინვე მშობლებისკენ გაიქცა.მამასთან მიიჭრა,ატირებულმა დეივმაც შვილი უმალვე გულში ჩაიკრა,შემდეგ კი ორივემ მზერა კამილიზე გადაიტანეს,რომელიც ძირს უგონო მდგომარეობაში ეგდო, მაისური კი წითლად შეღებვოდა...