ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Wednesday, April 8, 2015

ფიზიკოსის მისია

  ახლა უკვე 46 წლის კაცი ვარ და თანაც საკმაოდ კარგი ფიზიკოსი გახლავართ.თავს არ ვიქებ,უბრალოდ სიმართლეს ვერ გავექცევით. სულ რაღაც  34 წლის ვიყავი,როდესაც ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მომანიჭეს. სკოლაში კარგად არ ვსაწვლობდი, არც ფიზიკა მიყვარდა,მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე აეწყო,რომ ფიზიკოსი გამოვედი. ამბავს თუ როგორ გავხდი მეცნიერი ხშირად ვყვები,მაგრამ არავინ მიჯერებს. ალბათ არც თქვენ დამიჯერებთ,თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამბობენ სამყარო წარმავალიაო,სიცოცხლე კი სამყაროს ნაწილია და არც ისაა სამუდამო. მე მოვკვდები,მაგრამ ჩემი სახელი ისტორიას დარჩება. ბედნიერი ვარ,რომ ამ სამყაროში რაღაც შევქმენი და ჩემთვის დაკისრებული მისია წარმატებით შევასრულე. სკოლაში არ ვსწავლობდი,მაგრამ ყოველთვის მინდოდა რაიმე შემექმნა და ისე უაზროდ არ წავსულიყავი,როგორც ბევრი ადამიანი მიდის ხოლმე. ოდესმე მეც წავალ, ისე რომ შეიძლება ვერც ჩემი შვილიშვილები გავიცნო და ვერც შვილთაშვილები. მინდა მათ იცოდნენ,თუ როგორ გავხდი ასეთი. ამას მათთვის ვწერ,მაგრამ ეგოისტი ნამდვილად არ ვარ,ამიტომ შეგიძლიათ თქვენც წაიკითხოთ. სანამ ამბის მოყოლას დავიწყებ მინდა გკითხოთ გჯერათ თუ არა მოჩვენებების. ზოგს მათი სჯერა,ზოგიც კი ამას სისულელედ აღიქვამს. მე თუ მკითხავთ ისინი ნამდვილად არსებობენ. არიან კეთილი და ბოროტი მოჩვენებები. თუ შენს გვერდით ბოროტი უჩინმაჩინი აღმოჩნდება, მაშინ მაგარი დარხეული გაქვს,ხოლო თუ კეთილ მოჩვენებას გადაეყრები მაგრად გაგმართლებია და უეჭველად ღმერთის მიერაა ის მოვლენილი. მე ერთ-ერთ ამ უკანასკნელს გადავეყარე.
  17 წლის ვიყავი ბინა რომ შევიცვალეთ, და თანაც რა ბინა ვიშოვეთ... არც მეტი,არც ნაკლები იქ მაიკლ ფარადეი ბუდობდა. არ დავიწყებ საუბარს იმაზე თუ ვინ იყო მისტერ ფარადეი, ჩემს დროშიც კია ინტერნეტი, გუგლი, ვიკიპედია და მარტივადაა შესაძლებელი ინფორმაციის ნახვა. როგორც ვთქვი, ამას ჩემი შთამომავლებისთვის ვწერ-მეთქი, მათ დროს კი ალბათ უფრო მარტივი იქნება ინფორმაციის მოპოვება. შეიძლება მათ ამისთვის მხოლოდ გაფიქრებაც კი დასჭირდეთ.ჰოდა კეთილი ინებონ,თავი შეიწუხონ და თავად მოძებნონ ინფორმაცია მაიკლ ფარადეის შესახებ. ისე ერთი კი უნდა ვთქვა, მართლა მაგარი კაცი იყო მისტერ ფარადეი. პარანორმალური მოვლენები ბავშვობიდან მიზიდავდნენ. იმდენი სტატია წამეკითხა და იმდენი ფილმი მენახა,რომ არ გამჭირვებია მივმხვდარიყავი სახლში რაღაც რიგზე რომ ვერ იყო. ჩემს მაგიდაზე ფურცლები მუდამ არეული ეწყო,მიუხედავად იმისა,რომ მათ სულ ვალაგებდი.სისუფთავე მიყვარდა,ახლაც ასე ვარ. კალმები გამუდმებით ძირს ეცემოდნენ. ფარდები კი თავისით მოძრაობდნენ. მაიკლს მზის სინათლე არ უყვარდა. იგი ფანჯარას ჩემს ბარხატის ფარდებს მუდამ აფარებდა ხოლმე. უნდა ვაღიარო თავიდან მაგრად მეშინოდა,როგორც ვთქვი ბოროტი მოჩვენებებიც არსებობენ,მაგრამ მე ისინი არასდროს მინახავს. მახსოვს პირველად ჩემი მოჩვენება რომ გამომეხმაურა ოქტომბერი იყო. ფიზიკის დავალებას ვწერდი. სწავლით თავს არ ვიკლავდი,მაგრამ რაღაცას რვეულში ყოველთვის ჩავჯღაბნიდი ხოლმე,დავალება რომ მქონოდა. იმ დღეს ჩვენმა მასწიკომ ამოცანები მოგვცა, მთელი ათი წუთი ვუყურებდი ასოებს,ფორმულებსა და ციფრებს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი იაპონური იყო. ვიცი ასეთ დროს ჩინურს ხმარობენ,მაგრამ მე ამ ენას კარგად ვფლობდი და ამიტომ მის მაგიერ იაპონურს ვამბობდი,ახლაც ასე ვარ. რვეულში რაღაცეები დავწერე და დავხურე. საწოლზე წამოვწექი,ხელში წიგნი „როგორ გავხდეთ მილიონერი“ ავიღე და კითხვა დავიწყე. აი კითხვა კი მართლა მაგრად მევასებოდა,სწორედ ამიტომ გავხდი ასეთი წარმატებულიც. ვწევარ და წიგნს ჩავკირკიტებ,როდესაც ჩემი ფიზიკის რვეული გადაიშალა. წამოვდექი,კარგად მახსოვდა რომ დავხურე. შემდეგ კალამი მოგორდა ჩემთან, ავიღე და რვეულთან მივიტანე. უცებ რაღაც მაგარი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს კაიფში ვიყავი,ხელს ვეღარ ვგრძნობდი.მეგონა, რომ იგი სადღაც მორევში იძირებოდა და უცებ წერა დავიწყე,თან ისე, რომ არაფერი მესმოდა. ჩემს რვეულში ისეთი რაღაცეები იწერებოდა საერთოდ აზრზე რომ არ ვიყავი. ყველა ამოცანა ორ წუთში დავწერე და შემდეგ კალამიც გამივარდა,ხელი კი დამიბრუნდა. ოთახში აქეთ-იქით ვიყურებოდი,მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. მაგიდაზე ფურცლები მელაგა. უეცრად ისინი ჩემსკენ ჩამოცურდნენ. ხელზე ნაცნობი შეგრძნება დამეუფლა და ფურცელზე დავწერე - გამარჯობა. ჩემს თავს მაგარი რაღაც ხდებოდა,მაგრამ მე აზრზე ვერ მოვდიოდი. და მე უცებ დავიძახე :
-გამარჯობა, ვინ ხარ?
- მაიკლ ფარადეი-მიპასუხა ჩემმა ხელმა.
-მაგარია!-ვთქვი მე.სწორედ ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მალე დავძმაკაცდით კიდევაც. მაიკლი იყო ჩემი მესაიდუმლე,ჩემი დამხმარე და საუკეთესო მეგობარი. იგი დავალებების დაწერაშიც მეხმარებოდა. ჩემმა ნიშნებმა ფიზიკაში,მათემატიკასა და ქიმიაში საგრძნობლად იმატა,თუმცაღა ძალიან იკლო ჩემმა ბიუჯეტმა. დღეში ორ რვეულს ვავსებდი ხოლმე.ზოგი ჩვენ საუბრებს შეიცავდა,ზოგიც კი მოხსენებებსა და თეორიებს. ჩემი მეგობარი ყველაფერს ძაან მაგრად მიხსნიდა,ასე შემაყვარა მაიკლმა ფიზიკა.
  ორი წლის შემდეგ საკმაოდ მაღალი ქულებით ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დავალებებს მაიკლი მიწერდა,ძაან მაგარი თემები გამოდიოდა,ისეთი ყველა ლექტორს პირი ღია რომ რჩებოდა.მე კი მათ ვსწავლობდი და საკაიფო ცოდნაც მიგროვდებოდა.მალე გავიქაჩე და იმ დროს მოღვაწე წამყვან ფიზიკოსთა შორის ჩემი ადგილიც დავიმკვიდრე. შემდეგ დისერტაციაც დავიცავი,თემის სახელი მაიკლის მოფიქრებული იყო და ახლაც,როცა უკვე ასეთი ცნობილი ფიზიკოსი ვარ იგი  მაინც ვერ დავიმახსოვრე,სამაგიეროდ შინაარსი გავიგე. ჩემს შთამომავლობას მივმართავ, არ იფიქროთ,რომ თქვენი ბაბუა მატყუარა და აფირისტი იყო, იმ თემის ნახევარი თავად დავწერე. აი ასე გადავწყვიტე ფიზიკოსი გამოვსულიყავი და ასე გავხდი გამოჩენილი მეცნიერი. ერთი რამ უნდა გითხრათ მთლად რომ არ წაგიხდეთ ბაბუათქვენზე შეხედულებები, ის,რის გამოც ნობელის პრემია დავიმსახურე სულ ჩემით გავაკეთე. მაშინ მაიკლი აღარ მყავდა. იგი ახლაც კი მენატრება.ამდენი წლის შემდეგაც კი მინდა იმ მეგობრის ნახვა,რომელმაც კაცად დამაყენა და უფლება არ მომცა ცხოვრების ჭაობში ჩავძირულიყავი. რომ არა მაიკლი არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ან მე ვინ ვიქნებოდი. 27 წლის ვიყავი მაიკლ ფარადეი ბოლოს რომ ვნახე. სიმართლე გითხრათ ის არც არასდროს მინახავს,მას უბრალოდ ვგრძნობდი, მაიკლი ჩემი გულის,ჩემი სხეულისა და სულის ნაწილი გამხდარიყო. თუ ამ ამბავს დაიჯერებთ,მე კი გარწმუნებთ, რომ ეს სიმართლეა, ალბათ მკითხავთ თუ რა მოუვიდა მაიკლს. მე კი არ ვიცი,სწორედ ესაა ის სატანჯველი, რომელიც ჩემი ცხოვრების ბოლომდე უნდა ვატარო. ყოველდღე ვიტანჯები იმით,რომ არ ვიცი რა მოუვიდა ჩემს მეგობარს და მასთან გამომშვიდობება ვეღარ მოვასწარი. მის არსებობას მშობლებს არ ვუმხელდი,ვიცოდი მაინც ვერაფერს გაიგებდნენ და სახლს შელოცვას ან რაღაც ასეთს დაუწყებდნენ. იმ წელს ფიზიკისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გერმანიაში მიმიწვიეს. იქ ერთი კვირა დავყავი,როცა დავბრუნდი მაშინვე ჩემს ოთახში შევედი მაიკლისთვის შთაბეჭდილებები რომ გამეზიარებინა,მაგრამ ის იქ აღარ დამხვდა. ბევრი ვეცადე გამეგო თუ რა მოუვიდა ჩემს მეგობარს, ბევრი ადამიანი ვნახე,რომლებიც ამ საქმეში თავს ექსპერტებად მიიჩნევდნენ. ზოგმა მითხრა,რომ იგი უბრალოდ სხვაგან წავიდა,ზოგმაც თქვა, რომ რეიკარნაციით ახალდაბადებულ სხეულში ჩასახლდა,მაგრამ მე სხვა რამის მჯერა.მიუხედავად იმისა,რომ ზუსტად არ ვიცი თუ რა მოუვიდა მას,მჯერა, რომ მან თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა ზეცის სასუფეველში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვალი მოიხადა. შემედავებით,მას თავისი ვალი დიდი ხნის მოხდილი ჰქონდაო,მაგრამ მე ეს არ მჯერა. ახლა,როცა ამას ვწერ ერთ პროექტზე ვმუშაობ,თუ ის წარმატებით გამომივა და მე მჯერა,რომ ასეც იქნება მე მსოფლიოს შევცვლი და მრავალ საიდუმლოებას ავხდი ფარდას,უამრავ ადამიანს გადავარჩენ და რომ არა მაიკლ ფარადეი ეს არ მოხდებოდა. სწორედ ეს იყო მისი მისია,რომლის შესრულებამდე იგი ამ სამყაროს არ გასცილდა. ბოლო სიტყვები,რაც მაიკლმა ჩემს გერმანიაში წასვლამდე მითხრა იყო:
- ამდენი ხანი ვერაფერს ვგრძნობდი,ახლა კი ვგრძნობ, რომ ის ახლოა,ისე როგორც არასდროს.
-ვინ არის ახლოს? -ვკითხე მე მაიკლ ფარადეის.
მან კი ფურცელზე დაწერა:
- ღმერთი,ღმერთია ახლოს.


Tuesday, April 7, 2015

ნეტავი, არის კი რეალობა ?

  1920-იანი წლები...არ ვიცი მათ თქვენთვის როგორი დატვირთვა,მოგონებები აქვთ.ალბათ ბევრი თქვენგანი ამ დროს არც მოსწრებია,თუ ასეა ძალიან გაგმართლებიათ,განსაკუთრებით მაშინ თუ გერმანელი არ ხართ. 1920-იანი წლები გერმანელებისთვის საშინელი წლები იყო, ეს ის დროა,როცა ამერიკული დოლარი 4 ტრილიონ გერმანულ მარკას გაუტოლდა და ეს სულ რაღაც 9 წელიწადში მოხდა.მაშინ მძიმე დრო იყო.ხალხი ფულს გასათბობად წვავდა. დღეში ხელფასს ორჯერ მიხდიდნენ 50 მილიონი მარკის სახით,მაგრამ არც ის უნდა გამოგვრჩეს,რომ პროდუქტები, თუნდაც ერთი თავი ხახვიც 50 მილიონი ღირდა. აი ასეთი ყოფა იყო გერმანიაში 1920-იან წლებში. მეც ისევე,როგორც ბევრი გერმანელი ტყავის გადამამუშავებელ ქარხანაში ვმუშაობდი,დილიდან საღამომდე მცირეოდენი შესვენებით. დილით სახლიდან 7-ზე გავდიოდი ხოლმე. ამ დროს გარეთ ბევრი ხალხი ირეოდა,ბევრი უცნობი მხვდებოდა,ბევრიც ნაცნობი.თუმცაღა ერთ უცნობ ბიჭს ყოველ დილით ვხედავდი,მაშინ როცა სამსახურში მივდიოდი.იგი მუდამ მარტო იყო და იმ ადგილისკენ მიდიოდა,სადაც დიდი ხანი ფეხი არავის დაედგა. ქარხნიდან რამოდენიმე კილომეტრში დიდი გორა იყო,რომელზედაც ერთი დანგრეული ეკლესია და გადამწვარი,გაპარტახებული მინდვრების გარდა არაფერი იყო. სწორედ იქითკენ მიდიოდა ბიჭი.მას მუდამ ჭრელი პერანგი,ყავისფერი შარვალი და შავი ფეხსაცმელები ეცვა,თავზე კი გაცრეცილი ქუდი წამოეგდო და ასე თავჩაქინდრული მიუყვებოდა გზას. ამბავს,რომელსაც ახლა მოგიყვებით ალბათ არ დაიჯერებთ,შეიძლება დაიჯეროთ კიდევაც,მაგრამ ეს მართლა მოხდა. პირადად მე არაფერი დამინახავს და არ გამიგონია,დედაბრის შესახებ სწორედ ამ უცნობმა ბიჭმა მიამბო და მეც,როგორც კაცმა,რომელსაც წერა უყვარდა მონათხრობი გავაანალიზე,დედაბრის აღწერილობა ფურცელზე გადმოვიტანე და ჩვენი საუბარი დიალოგის სახით დავწერე. შემდეგ ჩემი პატარა მოთხრობა ბიჭს წავაკითხე,რომელმაც მოწონების ნიშნად თავი დამიქნია და მითხრა- ყველაფერი ზუსტად ასე იყოო.ალბათ გაინტერესებთ თუ როგორ გავიცანი ჩემი პატარა მეგობარი. აი ყველაფერი ასე მოხდა...
  1924 წლის ნოემბერი იყო,ზუსტი დღე სამწუხაროდ აღარ მახსოვს. არც ის მახსოვს იმ დღეს რომელი დღესასწაული იყო,მაგრამ მახსოვს,რომ რაღაც დღესასწაულის გამო ვისვენებდით. ჰო,მანამდე ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ თუ აღარაფერი აღარ გახსოვს და ასეთი გადაყრუებული,სკლეროზიანი ბებერი ხარ როგორ გახსოვს 1924 წელს რა მოხდაო? ამაზეც გიპასუხებთ.რამოდენიმე დღის უკან ჩემი გარდაცვლილი მეუღლის დაბადების დღე იყო,სევდა და ნოსტალგია შემომაწვა და ძველი ნივთების გადათვალიერება მომინდა,სწორედ იქ აღმოვაჩინე ჩემი ძველი მოთხრობა და მან გამახსენა ეს ყოველივე,აბა მართლაც 96 წლის კაცს ეს ყველაფერი როგორ უნდა მახსოვდეს,მადლობა ღმერთს წერაც არ დამვიწყებია და ხელებზე დამბლა არ დამცემია...როგორც ვთქვი 1924 წელი იყო,მაშინ მე 40 წლის ვიყავი(ეს კი ზუსტად მახსოვს) და დასვენების დღე იყო. უნდა გამოგიტყდეთ,რომ საკმაოდ ცნობისმოყვარე კაცი ვარ. ჰოდა რომ ამბობენ ცნობისმოყვარე ადამიანები მალე კვდებიანო ეგ ტყუილია,რადგან  მე 96 წელს მივაღწიე.ჩემი ინტერესების დასაკმაყოფილებლად იმ დღეს ქარხანასთან მაინც მივედი. არც შევმცდარვარ.უცნობი ბიჭი ისევ გამოჩნდა. ის თავის ჩვეულ გზას მიუყვებოდა.მე მას ჩუმად გავყევი.იგი დიდ გორასთან მივიდა,რომელზედაც ეკლესიის ნანგრევები კვლავაც ჩანდა. მე მას შორიდან ვუყურებდი.ეკლესიის წინ პატარა სასაფლაო მდებარეობდა,თუმცაღა ისიც განადგურებულიყო,საფლავის ქვები ამოყირავებულიყო,ზოგიც ჩამოშლილიყო და ზოგსაც წარწერები გადაშლოდა.ბიჭი ერთ-ერთ საფლავთან დაჯდა,მე კი ეკლესიას ამოვეფარე.უცებ მან ლაპარაკი დაიწყო.
-დღეს ერთი წელი გავიდა-თქვა მან-...დიახ,ის ნამდვილად გმირი იყო...კიდევ ვერ იპოვნეთ?...იმედი მაქვს მას ოდესმე აუცილებლად იპოვნით.
 მე ბიჭისკენ დავიძერი.მან ნაბიჯების ხმა გაიგო,შეკრთა და ჩემსკენ შემობრუნდა.იგი უხმოდ მიყურებდა.
-გამარჯობა-ვუთხარი მე.
-გამარჯობა-დაეჭვებით მიპასუხა ბიჭმა.
-რა გქვია?
-კარლი.
-სასიამოვნოა კარლ,მე ალფრედი ვარ. აქ რას აკეთებ?
-ჩემს მეგობართან მოვედი.
-მეგობართან? და სად არის ეგ მეგობარი?
-ვერ ხედავთ?აი იქ დგას-ბიჭმა თითით მიმანიშნა,მაგრამ გამხმარი ხის გარდა ვერაფერი დავინახე.
-აქ არავინ არ არის,კარლ-ვთქვი გაკვირვებულმა.
-როგორ არა,აი აქ,ჩემს წინ დგას.თქვენ დეიდა ანეტას ვერ ხედავთ?
-ვერა კარლ, ვერ ვხედავ.
ბიჭის ყურადღება უეცრად რაღაცამ მიიპყრო.
-მან მითხრა,რომ მას მხოლოდ მე ვხედავ და სხვა ვერავინ შეამჩნევს.აი მისი საფლავი-ბიჭმა საფლავისკენ მიმითითა. მე ქვას დავხედე, მასზე მართლაც იკითხებოდა ანეტა,ხოლო გვარი კი გადაშლილი იყო.
-და როგორია შენი მეგობარი, კარლ?
-მოხუცია,შავები აცვია,თეთრი თმები აქვს,რომლებიც შავ თავსაბურავში აქვს შემალული,ძალიან კეთილია.
-მასზე მომიყვები?
ბიჭმა სივრცეში გაიხედა.
-უნდა,რომ თქვენზე მოვუყვე,შეიძლება?
-მითხრა,რომ შეიძლება-მითხრა კარლიმ.
-წამოდი გავისეირნოთ და თან შენს მეგობარზე მიამბე.
-ნახვამდის-უთხრა კარლიმ მის გარდაცვლილ მეგობარს-ხვალ ისევ მოვალ.
 ბიჭმა გაიღიმა,მოხუცს ხელი დაუქნია და ჩემთან ერთად გორას დაუყვა.
-როდის გაიცანი შენი მეგობარი?
-ერთი წლის წინათ ჩემს სახლში ხანძარი იყო.ჩემი და-ძმები დაიღუპნენ.მე ერთმა ბიჭმა გადამარჩინა და გამომიყვანა,შემდეგ დანარჩენების საშველად შებრუნდა,მაგრამ სახლი ჩამოინგრა და ვეღარავინ გამოაღწია-თქვა ცრემლმორეულმა ბიჭმა.მე ძალიან დავიბენი,არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-ძალიან ვწუხვარ.-კარლიმ გაიღიმა.
-დედა და მამა გადარჩნენ,ისინი სტუმრად იყვნენ წასულნი. ხანძრიდან რამოდენიმე ღამეში ანეტა დამესიზმრა.მეუბნებოდა დამეხმარეო,მერე მითხრა სადაც შეიძლებოდა მისი ნახვა და მეც გორაზე წავედი.იქ ის მართლაც ვნახე და იმის მერე ყოველ დილით ვაკითხავ.
-რატომ გამოგეცხადა?
-იმიტომ,რომ მისმა შვილმა მე გადამარჩინა,ის ნამდვილი გმირი იყო.
ადგილზე გავშეშდი. ეს ბიჭი ისე გულწრფელად ყვებოდა,რომ შეუძლებელი იყო მისთვის არ დაგეჯერებინა.
-მერე რა მოხდა,კარლ?
-მისი შვილი ხანძრამდე ყოველდღე აკითხავდა დედამისს,ახლა კი ის აქ აღარაა. ანეტა მას დაეძებს,მაგრამ ჯერ ვერ უპოვნია.სანამ ის თავის შვილს იპოვნის მასთან მის ნაცვლად მე მივდივარ,რომ მარტო არ იყოს. ვგრძნობ,რომ ეს სავალდებულოა,გული მისკენ მიმიწევს,თითქოს ჩემი გადამრჩენლის რაღაც ნაწილი ჩემში გადმოვიდა.
-სადამდე ივლი მასთან?
-სანამ თავის ვაჟს არ იპოვნის.
-და როგორ გგონია,ოდესმე იპოვნის მას?
-აუცილებლად,მას აუცილებლად იპოვნის-თქვა ბიჭმა და გზას გახედა.
-უნდა წავიდე,ჯერ არ მისაუზმია და დედა მეჩხუბება.
-ნახვამდის, კარლ.
-ნახვამდის,იმედია კიდევ შევხვდებით-მან ხელი ჩამომართვა და სახლისკენ გაიქცა.
   იმის შემდეგ 7 წლის განმავლობაში ყოველდილით მხვდებოდა კარლი,რომელიც მუდამ თბილად მესალმებოდა და ანეტას ამბებს მიყვებოდა. ბოლოს მე და ჩემი მეუღლე სხვა ქალაქში გადავედით,ასე რომ არ ვიცი იპოვნა ანეტამ თავისი ვაჟი თუ არა,არც ის ვიცი თუ რა ბედი ეწია პატარა კარლის...
  ბიჭის გაცნობიდან რამოდენიმე დღეში მისი ოჯახის ამბავი გადავამოწმე. მართლა დამწვარა მისი სახლი და მისი და-ძმები მართლაც დაღუპულან.თავად პატარა კარლი კი ერთ ახალგაზრდას გადაურჩენია,რომელიც სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულა,ხოლო მას კი მართლაც ჰყოლია გარდაცვლილი დედა,რომელსაც ანეტა ერქვა.ალბათ მკითხავთ და მაინც ამას რატომ წერო,პასუხი ძალიან სასაცილოა. იმიტომ,რომ სხვა საქმე არ მაქვს,გაგეცინათ არა? ახლა მეც მეცინება,მაშინ კი ამის მართლა მჯეროდა. მას შემდეგ კი რაც ჩემი საყვარელი ადამიანები დავკარგე ამ ყველაფრის აღარ მჯერა,უკვე აღარ... 


                                                                                                             1980წ.