ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Saturday, January 1, 2022

ჯემალ გორდულაძე - პორტრეტი - როგორც ბაბუა

 

პორტრეტი - როგორც ბაბუა

 ბევრისთვის ჯემალ გორდულაძე ყველასათვის საყვარელი პიროვნება და ჟურნალისტია, ბევრისთვის კარგი მეგობარი, ბევრისთვის კარგი თამადა. მე კი მასზე საუბარს რომ ვიწყებ, პირველი, რასაც ვამბობ, ისაა, რომ ბაბუაჩემია. ახლა რომ ვუფიქრდები, არ არის მარტივი, იყო ჯემალ გორდულაძის შვილიშვილი. ერთი მხრივ, რამდენადაც სასიამოვნოა ხშირად გესმოდეს შემხვედრებისგან - აი, რა ბაბუა გყავს, რა დიდებული კაციო, მეორე მხრივ, გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა იყო ასეთი კაცის შვილიშვილი, თანაც მწერალი. ბავშვობაში ზოგს პრეზიდენტობა რომ უნდოდა და ზოგს კოსმონავტობა, მე ბაბუაჩემობა მინდოდა. რომ მეკითხებოდნენ, ვინ გინდა გამოხვიდეო, ბაბუაჩემი-მეთქი, ვპასუხობდი. ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ, იმავეს ვუპასუხებდი. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის აკეთებდა იმას და იმაზე მეტს, ვიდრე უნდა გაეკეთებინა. ბაბუაჩემის ბიოგრაფიით არ შეგაწყენთ თავს, მაგრამ ის ყოველთვის იყო ჩემი ეტალონი და მისაბაძი მაგალითი იმისთვის, რომ მეც მეტი გამეკეთებინა და იმ საოჯახო ბილიკებს, ბაბუამ რომ გაგვიკვალა, არა თუ ავცდენოდი, მეტიც, ისე მოვქცეულიყავი, თვალდახუჭულს შემძლებოდა მათზე გავლა.

ბაბუაჩემი განსაკუთრებულად მიყვარს იმიტომ, რომ განსაკუთრებული ადამიანია. ამაში ჯერ კიდევ ბავშვობაში დავრწმუნდი. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემდა სამწუხაროდ, ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, ის მუდამ თვალწინ მიდგება, ზაფხულობით თბილისიდან ხონში ჩამოსულები, ბაზარში რომ დავდიოდით. ინდური სერიალების გაწელილ სიუჟეტებს ჰგავდა ჩვენი ვოიაჟი. მაშინ თბილისში ცხოვრობდა და რაიონში ბევრს ჰყავდა მონატრებული, ბევრსაც მისი ამბები აინტერესებდა, ბევრს რჩევის კითხვა უნდოდა, ბევრს თავისი წუხილის გაზიარება. ვჩერდებოდით თითქმის ყოველ მეორე გამვლელთან და ბაბუას მათთან ხანგრძლივი საუბრების გამბა ჩვეოდა. განსაკუთრების ის მიკვირდა, რომ ამდენი ხალხის ნახვის შემდეგაც, არასდროს კარგავდა ჩვეულ ენერგიას, აღტაცებას. ყველას გახარებული, გატაცებით ესაუბრებოდა და ადამიანს, როგორი სევდიანი და დაღარული სახეც არ უნდა ჰქონოდა, ბაბუაჩემთან საუბრის შემდეგ მუდამ ღიმილი ეფინებოდა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ იყო რაღაც განსხვავებული ბაბუაჩემში, რაღაც ადამიანური, რაც ცოტაში თუ შემიმჩნევია. პირველად მაშინ გავიფიქრე, რომ მინდოდა, ბაბუაჩემი გამოვსულიყავი.

ბავშვობიდან კიდევ მახსოვს რაღაც. სტუმრად რომ მოდიოდა ჩემთან, მუდამ თაფლაკვერები („პრიანიკები“) მოჰქონდა, მაშინ მეგონა, რომ ჩემი საყვარელი ნუგბარი იყო, მერე ხონში რომ გადავიდა საცხოვრებლად, მივხვდი, რომ თაფლაკვერები დიდად არ მყვარებია, უბრალოდ იმიტომ მომწონდა ასე სიგიჟემდე, რომ ბაბუაჩემის მოტანილი იყო.

ამას წინათ ერთი მოთხრობა დავწერე - „ეკრანი“. ამ მოთხრობაში კონტრასტს ვავლებ ტელეფონებში ჩამძვრალ თანამედროვე პატარა გოგო-ბიჭებსა და ბაბუა-შვილიშვილის დაკარგულ ურთიერთობებზე. ამ კონტრასტისას ბაბუას ვიხსენებ, ახლაც კი, ოცდაერთი წლის ასაკში რომ გამოვიჭერ და იქამდე ვაყოლებ თავის ისტორიებს, სანამ მისი მეხსიერება არ მთავრდება. ძველი ამბების გახსენებას ვთხოვ - პირველ სამსახურზე, პირველ სიყვარულზე, ბებიაჩემის გაცნობასა და შეყვარებაზე და ისიც დიდი გატაცებით მიამბობს თავის ამბებს, მე კი მის მონაყოლში ყველაზე საინტერესო ისტორიებს აღმოვაჩენ. სინამდვილეში ამ ისტორიებით გაცილებით ბევრს ვსწავლობ, ვიდრე წიგნში ამოიკითხავ, ისიც ხომაა, ვინ გიყვება ამბავს და როგორ ამბავს გიყვება. ბაბუაჩემის ამბები კი განსხვავებულია, განსაკუთრებული, ცრემლსაც რომ მოგადენს თვალზე და შემდეგ აცრემლებულს ისე გაგაღიმებს, მთელი დღე ღიმილს ვერ მოიშორებ სახიდან, მთელი კვირა რაღაცაზე დაგაფიქრებს, მთელი თვე რაღაცას შეგაცვლევინებს და მხოლოდ მთელი წლის გასვლის შემდეგ მიხვდები, რომ უკეთესი გახდი, ბევრად  უკეთესი, ვიდრე ამ ისტორიების მოსმენამდე იყავი.

ჯემალ გორდულაძეს, როგორც ბაბუას კიდევ ერთი რამ აქვს განსაკუთრებული, თუ რაიმის სწავლება უნდა, შენიშვნის მოცემის მაგიერ, ისე შემოუვლის და ისეთ ამბებს მოგიყვება სხვა გამოჩენილ ადამიანებზე, თავად გაგიჩნდება ამ რაღაცის სწავლის სურვილი. ასე ვისწავლე თოხის, ბარისა და მისთანების ერთმანეთისგან გარჩევა.

არ ეთქმის იმ გზას მარტივი, რომელიც ბაბუამ გამოიარა, მეტიც, ულევი დაბრკოლებით, ორპირი ადამიანებითა და გაუსრულებელი გამოწვევებით აღსავსე უფრო იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მან შეძლო ისაა, რომ ჰუმანიზმსა და ადამიანებში დღემდე არ დაუკარგავს იმედი; ყოველთვის იმ მხარეს იდგა, სადაც ჭეშმარიტება და სიკეთე ეგულებოდა. ყველაზე მთავარი, რაც ბაბუაჩემმა მასწავლა, ესაა - მეგობრობა, ერთგულება და ადამიანობა.

ბაბუაჩემზე დაუსრულებლად შემიძლია ვწერო, მთელი დღის განმავლობაში გავიხსენო თითოეული ის წამი და ეპიზოდი, როცა თვალებგაბრწყინებული შევსცქეროდი შორიდან და მისი გამოსვლით, მისი მჭექარე და ომახიანი სიტყვით, ან მისი წარმატებით ვამაყობდი, მეტიც, ჟრუანტელი მივლიდა და უბრალოდ მიხაროდა, რომ ჯემალ გორდულაძე ბაბუაჩემი იყო. მახსოვს ხონში გენიალური კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის საღამო რომ გაიმართა, ბაბუაჩემი სცენაზე ავიდა და სიტყვით გამოვიდა. მთელ დარბაზში ისმოდა მისი ხმა, ხალხს ჟრუანტელს რომ ჰგვრიდა და დარბაზიც ტაშითა და ოვაციებით დაინგრა. არაფერი მოუმზადებია წინასწარ, არც სიტყვა დაუწერია, არც სცენაზე ასვლა განუზრახავს, უბრალოდ ასეთია ჯემალ გორდულაძე, ზუსტ მომენტს დაიჭერს და იმ მომენტს დაუვიწყარს აქცევს, განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ღირებულებას შესძენს. იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მომენტში ცხოვრობენ კი  უბრალოდ არასდროს ავიწყდებათ ეს ყველაფერი. შეიძლება, დაგავიწყდეს მისი წარმოთქმული სიტყვები, მაგრამ თუკი ჯემალ გორდულაძეს შეხვედრიხარ და მასთან გისაუბრია, ნამდვილად გისაუბრია, ძნელია დაივიწყო ის განცდები და ემოციები, რომლებიც მასთან საუბარს მოაქვს.

უბადლოა მისი მუსიკისადმი სიყვარული, მუსიკალური განათლების არმქონეს ხმატკბილად რომ შეუძლია ქართული მუსიკის შედევრების გაცოცხლება. სუფრაზე ბაბუა რომ მღეროდა, ბავშვობაში თამაშსაც მივატოვებდი და მის მოსასმენად დიდებთან გადავინაცვლებდი. ვიდექი კედელთან და გაფაციცებით ვუსმენდი მის „მუხამბაზს“, „ისევ შენ და ისევ შენ“, „თბილისოს“ და „როცა ჩაქრება ჭადრებში“. შესაძლოა, რომ ოდესმე ჭადრებში მართლაც ჩაქრეს ლამპიონების ნათება, მაგრამ ჩემს სამყაროში ბაბუაჩემის პორტრეტი - არა, რადგან რისიც მართლაც გწამს და ბოლომდე გჯერა, ის ვერასოდეს დაგავიწყდება, მე კი ბოლომდე მჯერა იმ კაცის, ჯემალ გორდულაძე რომ ჰქვია და ხანდახან „ბაბუკასაც“ რომ ვეძახი ხოლმე.

 

 გიორგი ჩაჩხიანი