ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Friday, February 12, 2021

ქალი ბუს ფეხებით



„იქ შეხვდებიან უდაბნოს მხეცები ტურებს, ჭინკები გასძახებენ ერთმანეთს. იქ დაბინავდება ლილითი, ღამის დემონი და ჰპოვებს სიმშვიდეს”. - ესაია 34:14.

 „რ. ჰანინამ თქვა: ერთმა არ უნდა იძინოს სახლში მარტო და ვინც იძინებს სახლში მარტო, მას ლილითი შეიპყრობს“. - შაბათი (თალმუდი) 151ბ.

„ღმერთის მიერ ადამის შექმნის შემდეგ, მარტო რომ იყო, თქვა მან: ‘არ არის კარგი ადამიანისთვის მარტო ყოფნა’ (გენეზისი 2:18). შემდეგ შექმნა მან ქალი ადამისათვის, მიწისაგან, როგორც თავად ადამი შეექმნა და უწოდა მას ლილითი. ადამმა და ლილითმა დაიწყეს ჩხუბი. თქვა ქალმა: ‘მე არ დავწვები ქვემოთ’ და თქვა კაცმა: ‘მე არ დავწვები შენს ქვევით, მხოლოდ ზემოთ, რადგან შენ ჩემი დაქვემდებარებული, ხოლო მე კი შენზე აღმატებული ვარ’. უპასუხა ლილითმა: ‘ჩვენ თანასწორნი ვართ ერთმანეთისთვის, რადგან ორივე მიწისგან ვართ შექმნილები’, მაგრამ არ უსმინეს ერთმანეთს. როცა ლილითმა ეს დაინახა, წარმოთქვა აუწერელის სახელი და გაფრინდა ცაში.
ადამი ლოცულობდა შემოქმედის წინაშე: ‘სამყაროს უზენაესო!’ - თქვა მან, - ‘ქალი, რომელიც შენ მომეცი, გაიქცა’. მაშინვე ყოვლადწმინდამ, დალოცვილ იყოს იგი, სამი ანგელოზი გაგზავნა მის დასაბრუნებლად.
უთხრა ყოვლადწმინდამ ადამს: ‘ თუ დაბრუნებას დათანხმდება, ხომ კარგი. თუ არა, მან უნდა დაუშვას ყოველდღე მისი ასი შვილის დაღუპვა.’ ანგელოზები დაედევნენ ლილითს, რომელსაც დაეწივნენ ყოვლისშემძლე ზღვასთან, სადაც ეგვიპტელები უნდა დამხრჩვალიყვნენ. უთხრეს მას ღმერთის სიტყვა, მაგრამ არ ისურვა დაბრუნება. თქვეს ანგელოზებმა: ‘ზღვაში უნდა დაგახრჩოთ.’
‘დამტოვეთ!’ - უთხრა მან, -  ‘მხოლოდ იმისთვის ვარ შექმნილი, რომ ახალშობილებს ავადმყოფობა შევყარო. თუ ახალშობილი მამრია, მე მასზე რვა დღეს ვიბატონებ მისი დაბადებიდან, თუ მდედრია, ოც დღეს’.
როცა ანგელოზებმა გაიგონეს ლილითის სიტყვები, დაიჟინეს მისი უკან დაბრუნება, მაგრამ დაიფიცა ლილითმა ღმერთის სახელით: ‘როცა გნახავთ თქვენ ან თქვენს სახელს ან თქვენს ფორმას ამულეტზე, მე არ მექნება არავითარი ძალა ახალშობილზე’. ის დათანხმდა, რომ თავისი ასი შვილი მომკვდარიყო ყოველდღე. ყოველდღე ასი დემონი იღუპება და ამავე მიზეზით ვწერთ ახალგაზრდა ბავშვების ამულეტზე ანგელოზების სახელებს. როცა ლილითი დაინახავს მათ სახელებს, ახსენდება ფიცი და თავს ანებებს მათ“. - ბენ სირას ანბანი (23ა-ბ).

„ფაუსტი: ის იქ, ვინ არის?
მეფისტო: კარგად შეხედე. ლილითია.
ფაუსტი: ლილითი? ვინ არის?
მეფისტო: ადამის ცოლი, მისი პირველი. უფრთხილდი მას. მისი სილამაზის თავმოსაწონი მისი საშიში თმაა. ყმაწვილი კაცი თუ მოიგდო ხელში ამ თმითა, აღარასოდეს აღარ გაუშვებს მას უკვე უკან“. - გოეთე (4206-4211). 


  პატარა ბავშვი რომ გაიცინებდა, თანაც მაშინ, როცა ეძინა ან სულ მარტომ რომ იყო, ვინმე უთუოდ შეამჩნევდა იმის სიცილს, საწყალს ცხვირზე თითს დაარტყამდა და ხმამაღლა დაიწყებდა ყვირილს - ‘წადი აქედან, პელონიტ [ლილითის მეორე სახელი], აქ შენი არც წილია და არც მემკვიდრეობა, არანაირი კმაყოფილება აქ შენ არა გაქვსო!’ დაიწყებდა ლოცვას და ლოცულობდა სამგზის, სანამ ბავშვს დიდრონი თვალები არ აემღვრეოდა და გულამოსკვნილი ტირილს არ დაიწყებდა. მერე კი შვებით ამოისუნთქებდა პატრონი და ახალშობილს გულში ჩაიკრავდა. ტიროდა დედა და ტიროდა შვილი, სამგზის ანგელოზი დაჰნათოდა ცაზე. 
   ახლაც, ბავშვი რომ დაიბადება, ასე ამბობენ, თუ არ იტირა, რაღაც ცუდი მოხდებაო და დედის საშოს მოწყვეტილს ყველა გაფაციცებული და გარინდული შეჰყურებს, ოღონდაც დაედინოს მის ათრთოლებულ ლოყებს პირველი ცრემლები... და აი, იწყებს კიდეც ბავშვი ტირილს, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთო, ეუბნებიან დედას და შვილს გულზე ახოხებენ.
   და თუ ბავშვი არ ტირის, მაშინ რაღაცას ეთამაშება ის; რაღაცას, ან ვიღაცას, ძვირფასო მკითხველო.  

   ყოველი შებინდებისას ისმოდა მონასტრიდან ზარების გაბმული რეკვის ხმა, ქალაქში ექოდ რომ აღწევდა და ისედაც შეშინებულ მოსახლეობას, რწმენის ნაცვლად, შიშის ზარს რომ სცემდა. უკვე აქა-იქ იმასაც გეტყოდნენ, მოახლოებული სიკვდილის ხმა ისმის შორიდანო. ეს შორი, არც მეტი, არც ნაკლები, მთის ფერდობზე აგებული ქვის მონასტერი იყო. უკვე თითქმის სამი კვირა სრულდებოდა, რაც ბერებმა ყოველი მწუხრისას დაიწყეს ზარების გაბმული რეკვა, მას შემდეგ, რაც ქალაქს წყევლა დასტყდომოდა თავს. ზარის ხმა თავზარს დასცემს სამოელის დამქაშებსო, თითქოს ამით აშინებდნენ რწმენითა და უფლის იმედით აღვსილი ბერები ფრთააშლილ დემონებს. ექიმბაშები ათასნაირ ბალახ-ბულახს დაახვავებდნენ ზღრუბლის წინ და ცეცხლს მოუკიდებდნენ ხოლმე, კვამლის სუნზე დაფრთხებიან და ჩვენს შვილებს აღარ გაეკარებიანო. ზოგი წითლად ღებავდა კარებებს, ზოგი თეთრ ჯვარს სვამდა მათზე. სულ რაღაც სამ კვირაში ყველაფერი შეცვლილიყო, მთელი ქალაქი... ქალაქი აღარ ჰგავდა საკუთარ თავს და ხალხი აღარ ჰგავდა ხალხს. იყო შიში და გაუცხოება. როგორც კი შებინდდებოდა, ყველა სახლებში შეიკედლებდა და კარებებს ათასგვარი ჯაჭვით გადარაზავდა, მაგრამ იცოდა ქალაქმა, რომ ესეც კი უძლური იყო მოახლოებული უბედურების წინაშე. 
   სამი კვირის წინ პირველად ჩამოჰკიდეს ცალთვალა კაცი ხეზე. წარბიც არავის შეუხრია ისე უცქერდნენ, ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად, ყულფი როგორ მჭიდროდ ეხვეოდა ყელზე და ნელ-ნელა როგორ აცლიდა სიცოცხლის უკანასკნელ სუნთქვას. არავის მოუსმენია იმ უბედურისთვის, გულის გამაწყალებლად რომ გაჰყვიროდა - რას ჩადიხართ, თქვე უგუნურებო! რისთვის მკლავთ, ხალხო, მე ხომ არაფერ შუაში ვარო. არავინ დაუჯერა, ის ხომ ტომისგან იყო განდევნილი. უცნაური, ჩუმი, აჩრდილივით რომ დაიარებოდა ღამეში და ერთადერთ მესაიდუმლედ წყვდიადი გაეხადა. 
   იმ ღამით ქალაქმა ამოისუნთქა. მკვლელი ჩამომხრჩვალი იყო. მისი ნეშტიც კი არავინ დაფლა მიწას. წაიღეს და უპატრონო ტყეში მგლებს მიუგდეს საჯიჯგნად. ყველაფერი მეორე დილით დაიწყო. ქალაქში ღამით ისევ მოკვდა ორი ბავშვი...
   მაშინ ახალი მკვლელის ძებნა დაიწყო ქალაქმა. ერთ ქალს მიაკითხეს კარზედ, ვარსკვლავებთან იცოდა ლაპარაკი. შენ მოკალი ბავშვებიო, შეუკრეს ხელ-ფეხი და კოცონზე დასაწვავად ჩააგდეს დილეგში. გამთენიისას უნდა დაეწვათ ქალი. მუხლჩახრილი იდგა გაყინულ ქვებზე. აღარც ვარსკვლავები ჩანდა საკნის ნაპრალში. იგრძნო სიმარტოვე, ხმასაც არავინ სცემდა უბედურს. მხოლოდ ღმერთი იყო მასთან, ღმერთი ეხებოდა მხარზე და საბრალოს  გულში იკრავდა. სიბნელეში ერთს ხედავდა მხოლოდ, სევდიანი უმზერდა ისიც და ცრემლი სდიოდა თავისი ერთადერთი თვალიდან. მაპატიე, - ეუბნებოდა ქალი და ცრემლები ახრჩობდა ყელში, ზუსტად ისე, ყულფმა რომ მოახრჩო ცალთვალა კაცი. კაციც სევდიანად უღიმოდა, ახლა ისიც აღარ იყო მარტო. 
-იქ იქნები? - ეკითხებოდა ქალი. ცალთვალა კაციც უქნევდა თავს. იცოდა, რაც იყო ეს - მარტო სიკვდილი, მთელი ქალაქის ზიზღნარევი მზერა რომ მოგპყრობია და კაციც კი არ ანძრევს თითს შენს გადასარჩენად. კეთილი იყო ცალთვალა კაცი, კეთილი, მაგრამ უშნო, ასეთების სიკეთის ნაკლებად დაიჯერება ხოლმე ახლა. ქალი არ იცნობდა კარგად ცალთვალა კაცს, რამდენჯერმე ენახა ტყის პირას, ვარსკვლავებთან სალაპარაკოდ რომ მიდიოდა ხოლმე. ბოლოს მაშინ ნახა, ხეზე რომ ჩამოახრჩვეს. ისიც ქალაქივით მშვიდად და აუღელვებლად უყურებდა იმის სიკვდილს, მასაც არ სჯეროდა ცალთვალა კაცის სიტყვებისა.
-არ გიქნია, არა? - აკანკალებულმა ჰკითხა ქალმა. დაინახა, როგორ მოერია სევდა; სევდა, რომელიც ვეღარ დაიტია ცალთვალა კაცმა, ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე.
-ასე უკეთესია, - უთხრა ჩუმად და ქალი განაცვიფრა მისი ხმის გულწრფელობამ. უღრუბლო ცასავით წმინდა იყო მისი ხმის სიღრმე, ამაზე მშვენიერი ხმა არასდროს მოესმინა თავის სიცოცხლეში. 
-რთულია? - იცოდა, რომ რთული იყო, უნდა ყოფილიყო, მაგრამ კაცის პასუხს იმედიანად შეაცქერდა მაინც. მოსწყდა პასუხი მის ბაგეებს, სიბნელეში გაიბლანდა და ექოსავით ჩაესმა ქალს ყურში.
-აქ არავინ იშვერს თითს ჩემკენ, აქ არავინ მახრჩობს ცალი თვალის გამო, - თვალები დახუჭა ქალმა, ბოლოჯერ გახედა სარკმელს, დუმდა ვარსკვლავები, თითქოს დაბრმავებულიყო  და ცალთვალა კაცის გარდა არავის ესმოდა მისი. გაახილა თვალები და ის იყო, რაღაც უნდა ეკითხა მისთვის, რომ ვეღარსად დაინახა ცალთვალა კაცი, წყვდიადსვე შერწყმოდა და წყვდიადშივე შთანთქმულიყო მისი სევდიანი სახე. მხოლოდ ღმერთი დარჩენილიყო მასთან. შეკრა ერთად ხელები და დაიწყო ლოცვა. ღმერთთან ლოცულობდა ქალი და ღმერთთან გათია უკუნი ღამე. 
    დილით ხმაურმა გააღვიძა. მოსულიყო აღსასრულის ჟამი და ის იყო, ბოლოჯერ უნდა ენახა ზეცა, რომ გაუხსნეს საკნის კარები.
-რა მოხდა? - იკითხა ქალმა და მიუგეს პასუხი:
-გუშინ სამი ბავშვი მოკვდა, - ცრემლი მოადგა საწყალს თვალზე. მეტი აღარაფერი უთქვამს, მძიმედ გადმოაბიჯა ზღრუბლს და გამოვიდა ქუჩაში. დღის შუქმა მოსჭრა თვალი, გაქრა ყველაფერი და სინათლეში შთაინთქა ყოველი. ზეცას ახედა ქალმა, აღარც ვარსკვლავები იყო ცაზე, აღარც ღრუბლები ლივლივებდა სადმე, მხოლოდ ცალთვალა კაცი იღიმოდა სადღაც. ქალმაც გაუღიმა, პირველად იყო, საწყალს ვიღაც რომ უღიმოდა. თითქოს სიმშვიდე მოიპოვაო, ზეცას შეერწყა მისი ხატება. ბოლოჯერ ჩამოუგორდა სახეზე ქალს ცრემლი, თვალები დახუჭა. გამალებით უცემდა გული და იგრძნო, როგორ უბიძგებდა ქარი ქვაფენილიან ბილიკებზე. ღრმად ჩაისუნთქა და ასე ძვირფასი არასდროს ყოფილა მისთვის სიცოცხლე. თავიდან დაიბადა ქალი და შინისაკენ ნელი ნაბიჯებით გაუყვა ქალაქის ვიწრო ქუჩებს. 
   სამი კვირის შემდეგ სამოცდათვრამეტი ახალშობილი დაღუპულიყო ქალაქში. ყოველ ღამით, განსაკუთრებით ახალმთვარეობისას. ყველაზე მეტი ცოდვით დაბადებული ბავშვი კვდებოდა. სიკვდილის წინ ყველა მათგანი იღიმოდა ხოლმე. ყველა სახლისთვის დაეგმანათ ფანჯრები, მთელი ღამე ამოდიოდა საკვამურებიდან ბუხარში დანთებული ცეცხლის ალი. აგიზგიზებული შანდლები ანათებდა ფანჯრების რაფებს, მაგრამ ვერაფერი აბრკოლებდა სიკვდილს, მაინც იძურწებოდა ღრიჭოებში და ყოველღამე უფრო და უფრო მეტ ბავშვს უსწრაფებდა დღეებს. ქალაქმა გაქცევით სცადა თავის შველა, ზოგი გადარჩა კიდეც. ვისაც წასასვლელი არ ჰქონდა, უფლის იმედად იყო მიკედლებული. ზოგიც მონასტერს შეეხიზნა. განსაკუთრებით, რვისა და ოცი დღის გოგო-ბიჭებს არ ინდობდნენ დემონები. ბოლო კვირას ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა ქალაქში. გაზეთები უბედურებას იუწყებოდა, მთვარის თვეში ასი ბავშვი მომკვდარიყო უკუნით ღამეში. თითქოს ვიღაცას დაეხრჩო ისინი. „უჩინარი მკვლელი?!“ - ავის მომასწავებელი იყო პრესის ჯიხურებზე გამოსახული წარწერები. 
   მერე კი გაზეთის პირველი გვერდები სხვა სიტყვებმა შეცვალა. სიტყვებმა, რომლებიც არა თუ ნაკლებად, უფრო მეტად საზარელადაც კი ჟღერდა. 
    ქალაქში ახალმთვარეობისას მოკვდა პირველი მამაკაცი. ძილში დაეხრჩოთ თურმე. დაიწყეს მკვლელის ძებნა. მევალეს მიაკითხეს უმალ. შენ მოჰკალი კაციო, უთხრეს ასე და დილეგში დაუპირეს ჩაგდება. იმ ღამით, დილეგშივე მოკვდა კაცი. ღია იყო მისი საკნის კარი. ვინ შევიდაო, ჰკითხეს მცველებს და იმათმაც ანაზდეულად აიჩეჩეს მხრები, რა ვიცით, არაფერი დაგვინახავსო.  
   სავსემთვარეობამდე ყოველღამე კვდებოდა ვიღაც. ქალი რომ ეწვა, იმ კაცებს არ ეკარებოდა სიკვდილი. მარტო დარჩენილს, მაშინვე ყელში სწვდებოდა და მანამ ახრჩობდა, სანამ საბოლოოდ არ შეწყვეტდა უკანასკნელ ამოსუნთქვას. გამეფდა შიში და კაცი კაცსა არა სცემდა ხმას. ყველას ყოველი ეგონა მკვლელი, ჯან-ღონით აღსავსე მამაკაცები მაშინვე გაიქცნენ ქალაქიდან, ვაიდა, ჩვენ არ დაგვდონ ბრალი მკვლელობებშიო. ვიღაც დიდის მკლავები უჭერდა ყელში, სხვა ვინ მოერეოდა მთასავით ვაჟკაცებს. 
  უკვე ათამდე კაცი მომკვდარიყო, ქალაქში უცხო რომ შეამჩნიეს. ვინ ხარო, ჰკითხეს და მანაც მიუგო სახელი. ერთი თვის წინათ ჩამოსულიყო ქალაქში. ყველამ ეჭვისთვალით შეხედა უცხოს, ზოგი თავის თავს ჰკიცხავდა, აქამდე რატომ ვერ შეემჩნიათ ქალაქის ვიწრო ქუჩებში მარტოდმარტო მოხეტიალე უცხოტომელი. შავი ლაბადა ემოსა კაცს და წვერიც მუგუზალივით შავი და გრძელი ჰქონდა, ხშირი წარბები და ჩამქრალი თვალები საზარელ იერს აძლევდა უცხოს. ბევრმა განუზრახა მოკვდინება, მაგრამ ბერებმა თქვეს,  ისედაც ცალთვალა კაცის ცოდვა გვაწევს კისერზე და მეტს ნუღარ ჩავერევით უფლის განგებაშიო. იცოდნენ, ტყუილ-უბრალოდ რომ ჩამოახრჩვეს უბედური. დაინდეს უცხო, დაინდეს და გამოაგდეს სამდგმუროდან. ღამდებოდა, როცა ქალაქი ჩაიკეტა სახლში. მარტო დაეხეტებოდა ისიც უკაცრიელი ქალაქის ქუჩებში, იმასაც ეშინოდა ღამის მარტო გათევა. თორმეტმა რომ ჩამოკრა, ძვალ-რბილში გაუჯდა შიში. მბჟუტავი ლამპიონის წინ სკამზე იჯდა და საკუთარ მკლავებს ეხვეოდა. ყველამ აქცია ზურგი; სიკვდილი კი, სიკვდილი არ მოექცეოდა ასე, ნელა მიიძურწებოდა მასთან, გვერდით დაუჯდებოდა, ანუგეშებდა, ნაზად მოეხვეოდა და გულში ჩაიკრავდა. მხოლოდ სიკვდილი არ აქცევდა უცხოს ზურგს. შიშმა შემატა გამბედაობა, მაინც აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი. წამოდგა უცხო და ეცა გვერდითა სახლის კარს. გამალებით დაუწყო ბრახუნი. ღრიალებდა და შეშვებას ევედრებოდა. აინთო პატიოზე ჩამოკიდული ლამპიონები, ქალაქი იმზირებოდა ფანჯრებიდან. ახლა მეორე სახლის კარზე აბრახუნებდა უცხო. იქაც არავინ უღებდა კარს. სადღაც, ქუჩის ბოლოში ლაპიონი გასკდა. თითქოს სიკვდილი აბნელებდა არემარეს. არ ნებდებოდა ისიც, -შემომიშვითო, - ყვიროდა  და მთელი ძალით სცემდა მუშტებს ჩარაზულ კარებებს. მოშორდი აქედანო, - უყვიროდნენ შიგნიდან და ზოგი, კარებში დატანებული სარკმლიდან, იარაღის ლულასაც ანახებდა უცხოს. 
   მეჩვიდმეტე სახლზე აბრახუნებდა უკვე და ვეღარც იმას არჩევდა, წითლად თუ შეეღებათ კარი, ან დიდი თეთრი ჯვარი თუ დაესვათ მასზე. თვალები გადღაბნოდა, ვერც გასისხლიანებული მუშტების ტკივილს გრძნობდა, ვეღარც შიშს, ვეღარც სიცივეს, მხოლოდ თავისივე ცრემლები ახრჩობდა უცხოს და ყვირილისგან ხმა ჩახლეჩოდა. აჩრდილის ჩურჩულივით ისმოდა ახლა მისი ხავილი. მუხლები მოეკვეთა  და ზღრუბლთან დაემხო პირქვე მიწას. თვალები დახუჭა და იგრძნო, როგორ ეტმასნებოდა სიცივე, თითქოს გადაყლაპვას უპირებდა რაღაც. დანებდა უცხო სიკვდილს. რაღაცამ ჩაავლო ტორისებრი კლანჭები და მაღლა აიტაცა აბრაამის ძე. რაღაც ექაჩებოდა და ისიც აღარ უწევდა წინააღმდეგობას. იგრძნო, როგორ ეცლებოდა მიწა მის ფეხებქვეშ. ლოცვის წარმოთქმა სურდა, მაგრამ საამისო თავიც აღარ ჰქონდა. მხოლოდ გულში ლუღლუღებდა რაღაცას. თითქოს სადღაც დასვეს უცხო, სამსჯავროს წინ მთელმა სიცოცხლემ გაურბინა თვალწინ. ეშინოდა  გამოხედვის, ცოლი მოკვდენოდა ადრე, მერე ქურდობა დაეწყო საბრალოს, კარგი არაფერი ელოდებოდა იქიდან. იქნებ, ამიტომაც ეშინოდა ასე ძალიან. იგრძნო, როგორ დაეწვეთა რაღაც და წვეთებმა დაუნამა შუბლი.
  ნუთუ, ჯოჯოხეთური სისხლი ეწვეთებოდა, ათასობით ტანჯულის ვენებიდან რომ იღვრებოდა წვეთ-წვეთობით და აღნიშნულს დასასრულიც არა უჩანდა. ნუთუ, ეს იყო მისი ხვედრიც, ცრემლი მოერია უცხოს. ისევ ჩაეჭიდა ვიღაცის ტორები, პირს უხსინდნენ ისააკს, გავარვარებული სამკბილა რომ ჩაეთხარა შიგნით სამოელს. გაიბრძოლა უცხომ და ჩაეჭიდა დაძგერებულ ტორებს, არ ახსნევინებდა პირს. შორიდან ესმოდა ტანჯულ სულთა ოხვრა, რაღაცას გაჰყვიროდნენ ისინი. ბოლოს ვიღაცამ შემოულაწუნა სახეზე, მხოლოდ მერე გაახილა თვალი. გადღაბნილიყო სამოელის სახე, მაგრამ სულაც არ ესაზარლა უცხოს ეს ხატება. კაცს ჰგავდა სამოელი, თეთრ პერანგში გამოწყობილსა და ხელში რაც ეჭირა, არც ის ჰგავდა გავარვარებულ სამკბილას. 
-ნუ გეშინია, გადარჩები! - ნათლად გაიგონა უცხომ ტანჯულ სულთა ძახილი. თითქოს ხელი გაუშვეს ტორებმა. დაინახა, როგორ მიაწოდეს რაღაც და მანაც გამოართვა იგი, საკუთარ ანარეკლს შეაცქერდა წყალში. ისევ ისეთივე იყო უცხო. არც კანი გადასძვროდა სახეზე და არც შარავანდედი მოსავდა თავზე, ანარეკლიდან ხშირი დაბურდული წარბების ქვეშ თავისივე ჩამქრალი თვალები უმზეროდა. ამოხედა სამოელს და მიხვდა, ყველაფერს მიხვდა შეწირული. ის სულაც არ იყო სამოელი და ეს სულაც არ იყო ჯოჯოხეთის სამსჯავრო. სკამზე იჯდა უცხო და ხელში წყლით სავსე ჯამი ეკავა. თეთრ პერანგში გამოწყობილი კაცი ედგა თავზე, არც დემონი იყო იგი და არც ანგელოზის ჰქონდა რამე. ხელში დასველებული ჩვარი ეჭირა იმ კაცს და  შუბლზე აწვეთებდა აბრაამის ძეს. 
-კარგად იქნები, მეგობარო, სასიკვდილოდ ვერ მიგატოვებდი, - უთხრა კაცმა და  გაუღიმა სევდიანად. ატირდა უცხო, ატირებული წამოდგა ფეხზე და მხურვალედ მოეხვია კაცს. 
-რატომ გადამარჩინე? -  ჰკითხა ისააკმა ძლივსძლივობით.
-დიდი ხანია, აღარ მეშინია სიკვდილის. ცოლი მე არ მყავს, დისშვილი მყავდა ერთი, წინა კვირაში დაიღუპა. თუ შენ ხარ იგი, მაშინ მზად ვარ ბედის გასაზიარებლად, მაგრამ არა მგონია, შენ იყო სიკვდილი. ცალთვალა კაცი მოვკალით ტყუილად, აბა, რითი ვართ სამოელზე უკეთესები?! არ მინდოდა, შენზეც იგივე მომხდარიყო და მორიგი საბედისწერო შეცდომა დაეშვა ქალაქს, - თავი დაუქნია უცხომ, მადლობა გადაუხადა მშველელს.
-მე მაბრალებს ქალაქი წყევლის მოტანას, - სევდიანად ჩაილაპარაკა აბრაამის ძემ.
-მეც რომ ჩამოვსულიყავი ერთი თვის წინ, მეც დამაბრალებდნენ. ასე იცის ქალაქმა. უცხო რომ ხარ, ძნელია სიმართლის გატანა. 
-ხვალ წავალ ქალაქიდან, არ ვიცი სად, მაგრამ სადმე შორს, ძალიან შორს აქედან. წამოდი, ამ ქალაქში რა დაგრჩენია? - ჰკითხა უცხომ და ჩაფიქრდა კაცი.
-უნდა მოვიფიქრო, აქაა მთელი ჩემი ცხოვრება... ყველაფრის თავიდან დაწყება, ან სად უნდა წავიდე.
-გზა გვიჩვენებს, სადაც ქარი წაგვიყვანს და სადაც ბედი მიგვიყვანს, იქ წავალთ. ვალში ვარ შენთან, თუ მზად ხარ, გახდე უცხო, წამოდი.
-დილით გეტყვი პასუხს, - უთხრა და თავი დაუქნია სტუმარს. საჭმელი აჭამა, მთელი დღე მშიერი დადიოდა უბედური, არავინ გამასპინძლებია, ხაბაზმაც კი არ მიჰყიდა პური. მერე ცალკე ოთახში დააწვინა აბრაამის ძე. მარტო ცხოვრობდა კაცი. არც კარი შეეღება წითლად და არც თეთრი ჯვარი გამოესახა მასზე. უცხო რომ დააბინავა, მერე თვითონაც დაწვა. თვალი ვერ მოეხუჭა, მის ნათქვამზე ფიქრობდა მუდამ, წამოდი, ბედი მიგვიყვანს სადმეო, ასე უთხრა ისააკმა. რა დარჩენოდა ქალაქში, ერთი დისშვილი ჰყავდა და ისიც ჭირმა მოუკლა. ჭედურობა იცოდა და სადმე შეეკედლებოდა ოსტატს, მაგრამ მთავარი სულ სხვა იყო; ქალაქში ყველა იცნობდა კაცს, სხვაგან კი, სხვაგან ის უცხო იყო, უცხოსავით უცხო, კარს რომ არავინ გაუღებდა და არავინ მიჰყიდიდა გამომცხვარ პურს, მაგრამ იქნებ და, არც სხვა ქალაქები იყო დაწყევლილი; იქნებ, მშვიდად ეძინათ მათ და ყოველდღე არ უწევდათ ქალაქის ქუჩებში სამგლოვიარო მსვლელობების გამართვა. ამგვარ ფიქრებში იყო გართული კაცი, ყრუ კაკუნი რომ გაიგონა კარზე. გაუკვირდა კაცს, ვინ უნდა იყოს ამ შუაღამესო. ჩაიცვა ტანზე და ფარდის მიღმა მალულად გახედა უცხოს, მშვიდად ეძინა საწყალს და როგორც ჩანს, კაკუნი სულაც არ ურღვევდა მყუდროებას. ჩუმად მივიდა კართან და ფრთხილად გაიჭვრიტა გარეთ. შეშინებული ქალი იდგა ზღურბლთან, შეშინებული, მაგრამ ისეთი ლამაზი, სხვა მისი მსგავსი რომ არ ენახა აქამდე. გრძელი, ვარდივით წითური თმა შვენოდა მხრებზე, მოთეთრო-მოწითალო ფითქინა ლოყები ჰქონდა და ექვსი ორნამენტი ეკიდა ყურზე. ალისფერი კაბა ემოსა ქალს, ოდნავ გაეპო ვარდივით წითელი ტუჩები, რომლებიც მთელი სამყაროს სიტკბოებით იყო დამტკბარი. მოინუსხა კაცი, მაშინვე ჩამოხსნა ჯაჭვი და  გადასწია ურდული. გაუღიმა ქალმა და ამ ღიმილმა დაავიწყა ყველაფერი. უკვე აღარ ეშინოდა ქალს, თამამად შეჰყურებდა თვალებში კაცს და თავისი სურნელებით აჯადოებდა. მისი სურნელი აგიჟებდა მასპინძელს, მისი ხმა შლიდა ჭკუიდან, მისი სხეულის სიახლოვე ავიწყებდა ყველაფერს და აღარ დარჩა მის სულში ადგილი. ეცა ქალი და შეერწყა მის სხეულს. ასეთი ვნება მთელი ცხოვრების განმავლობაში არ განეცადა. წამით დახუჭა თვალი და როცა გაახილა, უკვე საწოლში ეხვეოდა ქალს. ვნება დაბატონებოდა მასაც, გამოცდილი მხედარივით ამხედრებოდა კაცს და მის ხელებს თავისი კერტებისკენ მიუძღოდა. წლები იყო, ამ ქალაქში მარტო ეძინა. წლები იყო, მარტომყოფი ათენებდა ღამეს, ახლა კი ორი სტუმარი ჰყავდა შინ. ოხრავდა ქალი და მისი ოხვრა ყველაფერს ავიწყებდა მასპინძელს. მთელი სხეული დაბუჟებოდა და ნეტარებისგან თავიც დაჰკარგოდა. წამით გაახილა თვალები, იფიქრა, მეჩვენებაო, თითქოს, ბუს ფეხები ჰქონდა ქალს. შეხედა ლილითმა, ცბიერად გაუღიმა და გადმოიხარა მისკენ, მისმა ენამ მახვილივით გაჰკვეთა კაცის ტუჩები, შეჰყარა სენი და გამოსწოვა სული. 
   კმაყოფილი იყო ქალი, მაგრამ ახალი მსხვერპლი უნდოდა ისევ. ახალი დემონები უნდა ეშვა თავისი საშოდან. სუნთქვა მოესმა ფარდის მიღმა. ასწია ფარდა და დაინახა უცხო, მშვიდად რომ თვლემდა თავის საწოლში. მიეპარა ნელა, ფეხაკრეფით მიიძურწა მასთან და შეუწვა საწოლში. აკოცა ისააკს და მოჰკიდა სარცხვინებელზე. იგრძნო უცხომ, ვიღაც ეხებოდა ქვევით, შეშინებულმა გაახილა თვალები და შეაცქერდა ლილითს. მომნუსხველად უღიმოდა ქალი და ასეთი სილამაზე ჯერ არსად ენახა აბრაამის ძეს, არადა ბევრ ქალთან ჰქონია საქმე. გაშეშდა უცხო და ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა. კიდევ ერთხელ დაეწაფა ლილითი მის ბაგეებს, გველივით იკლაკნებოდა მისი ენა და ისიც ეშვებოდა სხვა სამყაროში. პერანგი შემოგლიჯა ქალმა. ის იყო, ზედ უნდა ამხედრებოდა, რომ რაღაც დაინახა სიბნელეში. ამულეტი ეკეთა ყელზე ისააკს, ჯერ კიდევ მაშინ გაუკეთეს, დედის საშოს რომ მოსწყდა და ტირილი არ დაუწყია. მაშინ იცინოდა უცხო, შეშინებია ბებიაქალს, სადღაც გავარდნილა და ძველი ამულეტით დაბრუნებულა უკან. ყელზე მოუბიათ მაშინვე და მასაც უმალვე დაუწყია ტირილი. სამი სიტყვა ეწერა ამულეტს, მაგრამ არ იცოდა უცხომ რას ნიშნავდა ეს სიტყვები, ვერც დამწერლობას ცნობდა. დედისგან ახსოვდა, რომ ეს ამულეტი არასდროს უნდა მოეხსნა ყელიდან. ისიც მთელი ცხოვრება უსრულებდა დედას დანაპირებს, მეტი მაინც რისი გაკეთება შეეძლო მისთვის. დიდგვაროვანს შეეცდინა დედამისი, ჯერ კიდევ ქალიშვილობაში. მასაც არ უთქვამს უარი ჩვილზე და ტომისგან განდევნილმა და შერცხვენილმა მარტომ აღზარდა უცხო. უცხოს უყვარდა დედა და მის დანაბარებსაც ერთგულად ასრულებდა.  ბევრჯერ უკითხავს მისთვის, რა წერია ამ ამულეტზეო, არასდროს უპასუხია ქალს, არ უნდოდა შვილის შეშინება, ან ფიქრობდა, მაინც არაფერს დაიჯერებს და ამულეტსაც უთუოდ მოიხსნისო. ახლა კი, თვალმოუშორებლივ უყურებდა ამულეტს ქალი. დაბნეული შეაცქერდა აბრაამის ძე.
- სენოი, სანსენოი, სემანგელოფი, - ჩურჩულით, დაზაფრულმა ამოიკითხა ლილითმა და ხელი გაუშვა უცხოს. წამოიწია უცხო საკოცნელად, არ გაიკარა ქალმა. დემონური ძალა მისცემოდა უცებ, მოიშორა ისააკი და გაფრინდა ფანჯრიდან. ვერაფერს მიმხვდარიყო აბრაამის ძე, უაზროდ მიაჩერდა სიყრმისდროინდელ ამულეტს. ისევ ვერაფერი გაუგო დატანილ იეროგლიფებს, სიზმარში ეგონა თავი. ფარდა ასწია და გამოვიდა ოთახიდან, ეგებ წყალს მაინც შევისხამ სახეზეო. ღია კარიდან დაინახა კაცი. თითქოს, უცნაური ეჩვენა რაღაც, ახლოს მივიდა და შეძრწუნდა უცხო. მკვდარი ესვენა საწოლზე მასპინძელი. იატაკზე ეგდო მისი თეთრი პერანგი. შიშველი იწვა ლოგინზე და სარცხვინებლიდან თეთრ ლორწოდ ჩამოსდიოდა რაღაც. მაშინვე მიხვდა უცხო ყველაფერს. საათს გახედა უმალ. სულ მალე ინათებდა კიდეც და ქალაქი ქუჩაში გამოეფინებოდა ახალი გარდაცვლილის საძებნელად. ქალაქმა იცოდა უცხოზე, თეთრპერანგიანმა კაცმა რომ შეიფარა სახლში, დილით განუზრახავდა ქალაქი მოკვლას და არავინ დაიჯერებდა მის ერთ სიტყვასაც კი. თეთრი ზეწარი იპოვა უცხომ და გადააფარა მიცვალებულს. პირჯვარი გადაწერა  და შეიმოსა თავისი ხორცი. ჯერ კიდევ ეძინა ქალაქს, ჩუმად გამოაღო კარი და უკუნ სიბნელეში გაიძურწა. დილამდე მოასწრებდა გაქცევას. ჩუმად გაიპარა უცხო, უამრავი კითხვითა და ეჭვით სავსე გაექცა ქალაქის სამსჯავროს; იმ ყულფს, ცალთვალა კაცი რომ ჩამოკიდეს ხეზე; იმ კოცონს, იმ ქალის დაწვას რომ აპირებდნენ, ვარსკვლავებს რომ ელაპარაკებოდა და კიდევ ვინ იცის, რას მოიფიქრებდა მისთვის ქალაქი, ეგებ ურემზე გაებათ და შუაზე გაეწყვიტათ იმისი საბრალო ხორცი. ქალაქის კარიბჭეს რომ ტოვებდა, თითქოს სადღაც შორიდან მოესმა  ქალის კივილის ხმა, გულისწამღებად კიოდა ვიღაც. თითქოს ეცნო ეს ხმა. სიზმარეული ხმა იყო იგი, იმ წითურთმიანი ქალის ხმას ჰგავდა, უცხოს რომ დაესიზმრა, იმედგაცრუებულსა და ტანჯულს.  
  ორი კვირის შემდეგ უცხომ იკითხა ქალაქზე. იმ ღამის შემდეგ აღარც კაცი მომკვდარა თურმე და აღარც ახალშობილი ჩვილი. ახლა სხვა ქალაქს დასტყდომია წყევლა, ასი ბავშვი დაღუპულიყო ახალმთვარეობის ღამეს. ისევ არაფერი ესმოდა, მაგრამ არც იყო საჭირო, ის ქალაქი ძალიან, ძალიან შორს იყო უცხოს ახალი ქალაქიდან... 

გიორგი ჩაჩხიანი