ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, February 5, 2019

კრუჯის ტყავის წაღები


იგავ-არაკი

  შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის ამქარში არისტოკრატული წარმოშობის, კეთილშობილური სისხლის მქონე ჯერ კიდევ ახლადშეღერებული ჭაბუკი გამოჩნდა, სახელად ტომპსონი. კლიშეებითა და ეტიკეტებით აღსავსე ცხოვრებას გამოქცეული, ხელოსანთა გილდიაში ეძებდა თავშესაფარს. ქალაქში რამდენიმე ოსტატი მოღვაწეობდა, ორმა მათგანმა გამოუცდელ და უცოდინარ ტომპსონს შეგირდად აყვანაზე უარი განუცხადა, საქმე ისედაც ოხრად გვაყრია თავზე და თანაც აქ სკოლა კი არ გვაქვს გახსნილიო. ახალგაზრდა, მხრებში მობუზული ყმაწვილი უნიათოდ დაეხეტებოდა ქალაქის ქუჩებში. ბაზრის მოედანზე მორიგი ასეთი ხეტიალისას დაბნეული და დაუკვალიანებელი, უგზო-უკვლოდ მოხეტიალე ბიჭუნა ქალაქის ერთმა ძალიან ცნობილმა და წარმატებულმა ოსტატმა შენიშნა. შეეცოდა, ახალგაზრდა ტომპსონის დანახვაზე გული აუჩუყდა, ივარაუდა და დაინახა,რომ ამ ბიჭისგან შეეძლო დიდებული ოსტატის გამოჩარხვა, სწავლება, აღზრდა,ღირსეულ და პატიოსან კაცად დაყენება.ის პოტენციალი, რომელსაც სხვები ვერ ხედავდნენ ამ ბიჭის თვალებში ჩახედვისას, სწორედ რომ ამ ოსტატმა შენიშნა.ტომპსონი შეგირდად მეორე დღესვე აიყვანა და თავის სახელოსნოში მოაწყო. ოსტატი თავს არ ზოგავდა, რომ თავისი შეგირდისთვის ყველაფერი ესწავლებინა, რაც იცოდა და რისი სწავლებაც შეიძლებოდა. პროგრესი მეტნაკლებად იყო თვალსაჩინო და ბედნიერი ოსტატიც გასამხნავებლად ხშირად შემოუძახებდა ხოლმე:
-„ყოჩაღ, შეგირდო, ვამაყობ შენით, თუ ასე გააგრძელებ მალე შეგირდობის დამადასტურებელ კუთვნილ მოწმობასაც მოგცემ და მერე უკვე, თავადაც შეძლებ გზის გაკვალვას“,-ო
  გავიდა ხანი, შეგირდი დაიხვეწა, ძალიან დაიხვეწა, უკვე თავადაც დამოუკიდებლად ამუშავებდა ტყავს, რკინის გამოწრთობაც შეეძლო და მიუხედავად იმისა,რომ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში ოსტატი იმედოვნებდა, რომ კიდევ ძალიან ბევრს ასწავლიდა, შეგირდი უკვე შემდგარიყო „პატარა ხელოსნად“.
  მალე ქალაქში ამბავი დაირხა, ასევე მორიგ ცნობილ ოსტატს, სახელად კრუჯს, ახალი ნაწარმი დაემზადებინა. ოქტომბრის ერთ ქარიან დღეს კრუჯმა ბაზრის მოედანზე თავისი ახალი ტყავის წაღები გამოფინა. ხალხს ახალი წაღები ძალიან მოეწონა, შესაფასებლად მივიდა ტომპსონის ოსტატიც. წაღებს ნაზად შეეხო, ხელი გადაუსვა, დაყნოსა, ხელში აიღო და სიმძიმე შეუმოწმა. უდავო იყო, მართლაც საოცარი წაღები შეექმნა კრუჯს, მაგრამ ოსტატი მიხვდა,რომ რაღაც მაინც არ იყო რიგზე, მას კრუჯის ძალიან ბევრი ნამუშევარი ჰქონდა ნანახი, ეს ყველა მათგანისგან განსხვავდებოდა თავისი მოხდენილობით, ელასტიურობითა და სიმსუბუქით. კრუჯის ხელისთვის დამახასიათებელი  სიტლანქე და სიუხეშე არ ეტყობოდა. ოსტატმა თვალები დახუჭა, ამოისუნთქა და მოშორებით მდგარი თავისი შეგირდისკენ გაიხედა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და ბიჭმა თვალები დახარა. ოსტატს მიუახლოვდა და დაბნეულმა, ნაძალადევად, ვინაიდან არ იცოდა, როგორ ეთქვა, თუმცაღა ოსტატის დაჟინებული მზერის დანახვაზე კი მიხვდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა ეთქვა, წამოილუღლუღა:
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი, სხვა დროს იყოს.
-და როდის აპირებდი ამის თქმას? - ჰკითხა ოსტატმა.
-დიდი ხანია ვაპირებდი, უბრალოდ, რისი თქმაც არ გინდა, იმას წელავ და წელავ.
-არ გიბრაზდები.
-დიდი ხანია კრუჯი ამას ცდილობდა, უბრალოდ მაინტერესებდა ეს როგორი იყო და რაც უფრო პატარა და გამოუწვრთნელი ხარ, მაშინ უნდა შექმნა პირველი ნაწარმი.
-არ გიბრაზდები, - იმეორებდა ოსტატი, მაგრამ იცოდა, რომ შეგირდს ისევე ვეღარასდროს შეხედავდა, როგორც უწინ აფასებდა, ისე ვეღარასდროს დაიფიცებდა მის სპეტაქ ხატსა და შეურყვნელ სულს, მაგრამ შეგირდი უყვარდა... ყველაფრისდა მიუხედავად,მის გაშვებაზე გული მაინც ეთანაღრებოდა.
-არ გიბრაზდები...რადგან მაშინ სამუდამოდ უნდა გამოგემშვიდობო, მაგრამ არ ვაპირებ ამის გაკეთებას, - ძლივსძლივობით თქვა ოსტატმა, ყველაზე საშინელი შტორმის ბრწყინვალე ჟამთააღმწერიც კი ვერ აღწერდა იმას, რაც ახლა მის სულში ხდებოდა, მძვინვარებდა და ოსტატს მოსვენებას უკარგავდა. შეხედა კრუჯის ტყავის წაღებს და დახლის უკან თავად დაღრეჯით მომღიმარ კრუჯს და ის, რაც ოსტატმა იგრძნო ვერ შეფასდება ისეთი უბრალო სიტყვით, როგორიცაა ზიზღი, - მოდიხარ? - ჰკითხა შეგირდს. ტომპსონმა თავი დაუქნია.
-უბრალოდ, ამიერიდან...- ძნელი იყო ოსტატისთვის ამ სიტყვების წარმოთქმა, იმაზე ძნელი, ვიდრე ეს რომელიმე ინდივიდმა შეიძლება ივარაუდოს, მაგრამ უნდა ეთქვა, რადგან ეს იყო ოსტატის დიდი გულისტკივილი და ერთადერთი საშუალება იმისა, რომ მის სულში გამძვინვარებულ ქარიშხალს მორეოდა, მას უნდა ეთქვა, რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო ეს მისთვის, რაოდენ დიდი ძალისხმევაც არ უნდა დასჭირვებოდა, რომ... - ამიერიდან, მე აღარ ვარ შენი ოსტატი და შენ ჩემი შეგირდი, დაგეხმარები და გასწავლი ყველაფერს, რაც დაგჭირდება, მუდამ შენს გვერდით ვიქნები და ყოველთვის გამოგიწოდებ და წაგიკრავ ხელს, რათა შენი სიტყვა თქვა და შენი კუთვნილი ადგილი მოიპოვო ჰეფესტოს მიერ გამართულ ნადიმზე,მე შენ მუდამ მეყვარები, მაგრამ...ამიერიდან... ამიერიდან მე აღარ გიწოდებ შეგირდს, ხოლო თუ შენ მაინც დამიძახებ ოსტატს, ეს სხვა არაფერი იქნება თუ არა ფუჭი, ცარიელი, მნიშვნელობას დაკარგული სიტყვები და ამიერიდან მას ჩემთვის საერთო აღარ ექნება იმ დროსთან, როცა მეძახდი ოსტატს და ეს ჩემთვის უბედნიერესი წამები იყო, როცა ამ ბგერებს ჩემი გულის გაცისკროვნება და აძგერება შეეძლო, ამიერიდან მე აღარ გიწოდებ - „შეგირდოს“, ჩემო ძვირფასო ტომპსონ...