იყო და არა იყო რა
ერთი სამეფო ამქვეყნად,
არ ჰყავდა მეფე, ხელმწიფე,
არვინ ვარგოდა მმართველად.
განსაჯეს დიდებულებმა,
რომ მოეყვანათ ხელმწიფე
და მისთვის შესაფერისი
არისტოკრატი მეცხედრე.
მალე შეჯერდნენ მეფეზე,
ქალი კი ვერ შეურჩიეს,
მათ ჰქონდათ ორი ვერსია,
ხელმწიფეც სულ დააბნიეს.
ბევრი იფიქრა მმართველმა,
ორივე იყო ლამაზი,
ბრძენი, გონებამახვილი,
შარმიანი და თან ნაზი.
ერთს ჰქონდა გიშერის თმები,
სხეული სავსე და სრული,
იტყოდი დედოფალია,
არ უნდა ამას დასტური.
მეორე პრინცესას ჰგავდა,
უტკბესად მოლაპარაკე,
კაცს ტყუილს რომ დააჯერებდა
და განაჩენით ანანკე.
ბევრი იფიქრა ხელმწიფემ,
რომელი სჯობდა დედოფლად,
რომ აეყვანა კვარცხლბეკზე,
ექცია სათაყვანებლად.
მეფემ თქვა, - ბედმა მირჩიოს,
განგებამ გადამიწყვიტოს
და განაჩენის წინაშე
სულ ყველამ მუხლი მოდრიკოს!
ასე შეირთო ხელმწიფემ
ცოლი ღვთისაგან რჩეული,
ახსოვდათ ეს მმართველობა
მრავალი ათასწლეული.
გიორგი ჩაჩხიანი