ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Sunday, September 30, 2018

არსი სიყვარულისა




   სიყვარული მართავს ადამიანს, ადამიანი კი სამყაროს. იქ, სადაც დიდი სიყვარულია, უამრავი სხვა რამაა საჭირო, სასწორის პინები რომ გათანაბრდეს. სიყვარული ავსებს სიცარიელის განცდას და როდესაც იპოვი ადამიანს, რომელსაც გულწრფელად შეიყვარებ, საკუთარ თავს დაკარგავ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ სიყვარული ყოველთვის აღმაფრთოვანებელი არ არის და მას უამრავი ადამიანისთვისაც გაუთხრია საფლავი, პირდაპირი და ირიბი გაგებით. მაშ, ორგვარი სიყვარული არსებობს: სიყვარული, რომელიც გვაძლიერებს და სიყვარული, რომელიც გვაზიანებს. ამავედროს, სრულიად შესაძლებელია, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავდეს.
  როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთი ადამიანის დიდი სიყვარული ავსებს სიცარიელეს.ეს ის სიცარიელეა, რომლის შევსება მუსიკოსისთვის მრავალრიცხოვან ფანებს შეუძლიათ, პოლიტიკოსისთვის ათასობით ამომრჩეველს, მსახიობისთვის აღფრთოვანებულ პუბლიკას, ადამიანისთვის კი ზოგჯერ ერთ პიროვნებას. ეს ძალიან მაგარია, არა? მაგრამ აქვე ისმის კითხვა, არის კი?! თუ ადამიანი შეივსებს საკუთარ სიცარიელეს, სავარაუდოა, რომ ის აღარ გააგრძელებს გამალებულ შრომასა და ღწვას იმისათვის, რომ ამ ჭუჭრუტანების ამოგმანვა დაიწყოს. ის ისეთივე ვნებითა და გატაცებით ვეღარ დაუკრავს, ვეღარც როლს შეასრულებს და ვერც სიტყვით გამოვა შესაფერისად, რადგან ასეთ დროს, ამ კონკრეტულ მომენტებში ეს ადამიანები იკარგებიან საკუთარ სამყაროში, ისინი თავს გრძნობენ სახლში და კომფორტულად, შესაბამისად, ბოლომდე იბრძვიან ამ კომფორტული მდგომარეობის მისაღწევად, ხოლო, როცა ადამიანს არ სჭირდება სახლისა და კომფორტის ძიება, რადგან მას უკვე აქვს ეს ყოველივე ერთი საყვარელი ადამიანის სახით, ის უბრალოდ აღარ მიიღწვის ასე მხურვალე გატაცებით სხვა, უფრო საჯარო და საზოგადო კომფორტის მოსაპოვებლად.
  როცა გიყვარს, გგონია, რომ მთელი სამყარო შენია; როცა არა, აკეთებ ყველაფერს, რომ ასე იფიქრო და მთელი სამყარო შენი იყოს. აკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე მოსალოდნელი და წარმოსადგენია, ხდები ჩაუცხრობელი ვნებით აღსასვსე პიროვნება და სწორედ ეს ვნება და ქარიზმა გეხმარება წარმატების მიღწევაში. ასე პოულობ და იმკვიდრებ საკუთარ თავს. უამრავ ადამიანს რომ ჰკითხო, რატომ მოევლინე ამ სამყაროს და რა იყო შენი მისია და დანიშნულებაო, ხშირ შემთხვევაში, პასუხად მიიღებ, მე ხომ შვილი აღვუზარდე ამ ქვეყანასო.  საიდან იბადება ასეთი პასუხი და ადამიანის დანიშნულების ამგვარი ფორმულირება? სიყვარულისგან! გვიყვარდება ადამიანი და რაღაც პერიოდის შემდეგ მასთან ერთად ცხოვრებას ვიწყებთ. შვილებს ვაჩენთ, ზოგს უკეთესის აღზრდა გამოუვა, ზოგს კი არა. როდესაც მთლიანად ერთ კონკრეტულ ადამიანზე ხარ გადართული და ფოკუსირებული, რთულია რაიმეს მიაღწიო. ადამიანი ასეთ დროს წყვეტს საკუთარი კომფორტის ძიებას, რადგან ფიქრობს, რომ ის უკვე იპოვა.
  სიყვარული გვაბრმავებს.ანრი ბეილის, რომელსაც შესაძლოა უმეტესობა თქვენგანი სტენდალის სახელით იცნობდეს,ეს ციტატა ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესია. სტენდალი „სიყვარულის ტრაქტატში“  წერს: „სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს.“ გიჟი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაბოდიალობდა და ხან რომელ კედელს მიასკდებოდა თავის მისარახუნებლად, ხან კი რომელს, იწყებს ფიქრს; მისი ქაოტური აზრები ერთ კალაპოტში ლაგდება და რაღაც მნიშვნელობას იძენს. ეს მნიშვნელობა მთელი თავისი არსით ერთი კონკრეტული ადამიანია, სიყვარულის ობიექტი. იგივე ხდება ჭკვიანი კაცის შემთხვევაშიც. ისიც მთელი თავისი გულითა და გონებით გადმოერთვება თავის სატრფოზე და ერთ დროს ბრწყინვალე, გონივრული იდეებით შეპყრობილი, გიჟივით ჩაიციკლება ერთ ადამიანსა და ერთ კონკრეტულ გრძნობაზე, რომელსაც სიყვარული ჰქვია.
   განა ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაც ძალიან დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ, გადახედავს საკუთარ ცხოვრებას და შენ, მის მეორე ნახევარს საყვედურებით ბრალს გდებს. გეუბნება, რომ მას ძალიან დიდი მომავალი ჰქონდა და ყველაფერზე თქვა უარი, ყველაფერი მიატოვა და შენ გამოგყვა, ახლა კი მისი ასეთი უბედურება მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია, შენ ხომ მას ოცნების კოშკებს უგებდი, ეუბნებოდი, რომ ის მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი და ბედნიერი გეყოლებოდა და მასაც, პატარა ბავშვივით ყურებამდე შეყვარებულს, ყველაფრის სჯეროდა, რასაც ეტყოდი, თუმცა რაღა გასაკვირია, სიყვარული ხომ საღად განსჯის უნარს გვაკვარგვინებს; ის მართლაც გვაიძულებს, უარი ვთქვათ პირად წარმატებასა და კარიერულ წინსვლაზე, რადგან ხშირ შემთხვევაში საამისოდ შემოთავაზებული წინადადებები დამატებით პარტნიორს არ ითვალისწინებს. მოდი, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: ახალგაზრდა ხარ, საკმაოდ პერსპექტიული და წარმატებული. რომელიმე დიდი უნივერსიტეტი, ან დიდი კომპანია საზღვარგარეთ სწავლასა, ან საკმაოდ სერიოზულ სამსახურს გთავაზობს, თუმცა შენ არ შეგიძლია შენი შეყვარებულის წაყვანა, რადგან უცხო მხარეში გადახვეწილს, არც ფული გაქვს და ერთ მოციცქნულ ოთახში გიწევს ცხოვრება, გავა წლები და ძალიან დიდ კაპიტალს დააგროვებ, მაგრამ იქამდე ძალიან დიდი დროა. რას გადაწყვეტდა საღად მოაზროვნე ადამიანი? რა თქმა უნდა, წავიდოდა და საკუთარი კარიერის გზაზე უდიდეს ნაბიჯსაც გადადგამდა, მაგრამ უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა განა მოიქცეოდა ასე?! რამდენია იმის მაგალითი, რომ ადამიანებს ვერ დაუტოვებიათ თავიანთი შეყვარებულები. განშორების შიში, უნდობლობა... ის რომ წასულიყო რამდენიმე წლით, რა გარანტია ექნებოდა, რომ დაბრუნებულს აწ უკვე თავისი ყოფილი შეყვარებული დაოჯახებული არ დახვდებოდა? განა, მოუთმენდა და დაელოდებოდა? შეიძლება, გადაწყვეტილების მიღებამდე შემოთავაზებული წინადადება გამხდარიყო განსჯის საგანი და, ალბათ, შეყვარებულიც ეტყოდა - რამდენი წლით... რამდენი წლით უნდა წახვიდე; აქ მარტო უნდა მიმატოვო, ჩვენ ხომ ასე გვიყვარს ერთმანეთი და ნახე, როგორი ბედნიერები ვართო. ისიც მოუსმენდა, დაუჯერებდა, შეეცოდებოდა,“მარტო“ ვერ დატოვებდა და მასთან დარჩებოდა. სიყვარული ძალიან ბევრს გვათმობინებს და ხშირად ასეთი დათმობები ძალიან დიდ დანაკარგებთანაც ასოცირდება. სწორედ ამიტომ სიყვარული შეიძლება ძალიან საშიშიც კი იყოს.
   სიყვარული, რომელიც ზემოთ განვიხილე, ორმხრივი გრძნობა გახლდათ, მაგრამ ამავედროს არსებობს ცალმხრივი სიყვარულიც. განა ისიც იშვიათია, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ვენებს რომ ისერავენ, ან რაიმე სხვა მეთოდებით თავს იკლავენ, რადგან მათი გრძნობა საპასუხო არ არის. რაზე ფიქრობენ ისინი? იმაზე, რომ უმწეონი, უსუსურები, მიზერულები და საცოდავები არიან, რომ ისინი არავის უნდა, მათთვის საყვარელ და უძვირფასეს ადამიანს უბრალოდ არ ანაღვლებს და არ აინტერესებს, მათივე აზრით, ეს ყველაფერი ასე იქნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მუდამ ასე დაიტანჯებიან, ამიტომ არ სურთ ეს, უბრალოდ არ უნდათ, რომ იმაზე მეტად დაიტანჯონ, ვიდრე აქამდე დაიტანჯნენ, ამიტომ ყველაფრის დასრულება ერთადერთ ლოგიკურ გამოსავლად ეჩვენებათ. ცალმხრივი და უპასუხო სიყვარულის დროს, უიმედოდ შეყვარებულთა 90% ფიქრობს, რომ პრობლემა მათშია და ისინი არ არიან საკმარისად კარგები. როგორც კი ასე ფიქრს იწყებს ადამიანი, მისთვის მაშინვე ყველაფერი მთავრდება. უიმედობა, დეპრესია, სასოწარკვეთა ერთიანად ატყდება თავს, თვითშეფასებაც საგრძნობლად უქვეითდება და აღარაფრის, აღარაფრის გაკეთება აღარ ძალუძს.
   მაგრამ სიყვარული ხომ სიყვარულია, ყველაზე აღმაფრთოვანებელი და მაგარი გრძნობა ქვეყანაზე. პირველი რამ, რასაც ახალდაბადებული ბავშვი განიცდის დედის აწყლიანებული, გაბრწყინებული თვალების დანახვისას, მისი ხმის მოსმენისას, მასთან ჩახუტებისას. სიყვარული ადამიანს შეუძლებელს აძლებინებს და მართალია, რიგ შემთხვევებში ის დემოტივატორიცაა, მაგრამ, საზოგადო გაგებით, სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორია ადამიანისთვის. ამ შემთხვევაშიც განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: ავიღოთ ერთი საშუალო დონის სტუდენტი, რომელსაც უყვარს თავისი კურსელი და თავის გამოჩენა და იმის დამტკიცება სურს, რომ ის საკმაოდ პერსპექტიული, ნიჭიერი და ჭკვიანია. რას აკეთებს ამის დასამტკიცებლად? ცდილობს, უკეთესი გახდეს, ხალხს და, პირველ რიგში, საყვარელ ადამიანს თავი დაამახსოვროს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკეთ წარმოჩნდეს. ამასთანავე იწყებს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, თუ ყოველდღე ერთი ძველი, გახეული მაისურით დადიოდა, ახლა ახალ-ახალი, საკმაოდ სოლიდური პერანგები აცვია და აღარც დაულაგებელი, აბურდული და გაბურძგნული თმით ცხადდება უნივერსიტეტში. საბოლოოდ, რას იძლევა მისი ასეთი მოწადინება? ის ხდება ძალიან წარმატებული სტუდენტი. მისი ქულები მაღლა იწევს, საზოგადოებაც მეტად კეთილგანწყობილია მის მიმართ, სხვა საპირისპირო სქესის სტუდენტები იწყებენ იმაზე ჩურჩულს, რომ თურმე არც მთლად წყალწაღებული და ჩანჩურა ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სიმპატიური და სასურველი „სასიძოცაა.“ ამ ადამიანისთვის ყველაფერი იცვლება, ის სიყვარულით ცხოვრობს, სიყვარულს ასხივებს და ეს შესამჩნევიცაა. სიყვარული მას უკეთესს ხდის. არ არის გამორიცხული, რომ  სატრფოს მაინც არ მოეწონოს, მაგრამ ეს სულაც არ ვრცელდება ასობით სხვა სტუდენტზე, რომლებიც უკვე ჩუმჩუმად მისკენ თვალს აპარებენ.
   სიყვარული ადამიანს უკეთესს ხდის. ზოგ შემთხვევაში ის მას სწორ გზაზეც აყენებს და თუ ადამიანი ძლიერია და წამიერად მაინც გაიაზრებს, რომ სატრფოს გულის მოგების მცდელობაში რაღაც ძალიან „მაგარიც“ იპოვა, მიმოიხედავს და დაინახავს, რომ ცვლილებები მართლაც მომხდარა და საზოგადოება მას უკვე სხვანაირად უყურებს, ის მიხვდება, რომ ეს კარგია და მას ეს მოსწონს, შემდეგ კი უფრო დიდი შემართებით გააგრძელებს იმავეს კეთებას, ახლა სხვა მიზანს დაისახავს, დაუმტკიცოს სატრფოს, რომ მან ბევრი დაკარგა და მასზე უკეთესს ვერსად იპოვის. ადამიანი იცვლება, ის წარმატებას აღწევს. ამჯერად, არა სატრფოს, არამედ საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა და ამასობაში იმასაც ხედავს, რომ უკვე თავად გამხდარა უამრავი ადამიანის ტრფობის ობიექტი. ამ შემთხვევაში, სიყვარული, თუნდაც ცალმხრივი იყოს ის, ძალიან ძლიერი მოტივატორია და მას შეუძლია სრულიად თავიდან გადატვირთოს ადამიანი და მთლიანად შეცვალოს მისი ცხოვრება უკეთესობისკენ, თუმცაღა ეს მხოლოდ იმ 5%-ის შემთხვევაში ხდება, რომელიც უარყოფის შემდეგ, თავს არ იკლავს და დანარჩენი 5%-ის მსგავსად ძველი ცხოვრების კალაპოტს არ უბრუნდება.
   ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე, თუ რას ვფიქრობ სიყვარულზე და როგორ წარმომიდგენია იდეალური სიყვარული. ეს არის თემა, ალბათ, რომელზე საუბარიც კარგად გამომდის და თითქმის ყველა იმ მნიშვნელოვან ნაშრომს ვიცნობ, რომელიც ოდესმე ამ თემაზე დაწერილა, დაწყებული პლატონიდან (Συμπόσιον), მარიო ვარგას ლიოსათ(Travesuras de la niña mala) დამთავრებული. სიყვარულის ჩემეული გაგება ძალიან ბევრისთვის, ალბათ, გაუგებარიცაა. არ ვთვლი, რომ ეს უმეტესად შეჩვევაა, მაგრამ ვერც იმას უარვყოფთ, რომ ეს ასე არაა. შეიძლება, გაიცნო და მოგეწონოს ადამიანი და იფიქრო, რომ მასთან შეიძლება რამე გამოვიდეს, ანუ დაინახო მასში პერსპექტივა. პერსპექტივა არის ის, რასაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის ეს ასე უნდა იყოს, რადგან როდესაც დაბერდები, აღარც ლტოლვა იარსებებს და არც აღარაფრის თავი აღარ გექნება. სიბერე საყვარელ ადამიანთან შემდეგნაირად წარმომიდგენია: მზის ჩასვლის ცქერა უზარმაზარი ვერანდიდან, ორი სავარძელი და ხელჩაჭიდებული ასაკოვანი წყვილი, რომელსაც ახლა უამრავი დრო აქვს სასაუბროდ. ჰო, შეიძლება ვარ კიდეც ცოტა რომანტიკოსი, თუმცა თავს უფრო პრაგმატულ ადამიანად ვთვლი, მაგრამ რისი განხორციელებაც სრულიად შესაძლებელია და რაც ილუგიკური არაა, ის სულაც არ ეწინააღმდეგება პრაგმატიზმს. თუ ადამიანს არ ექნება შესაბამისი განათლება და ერუდიცია, მარტივად რომ ვთქვათ, ინტელექტი, ალბათ, გართულდება მისი გაგება. განსხვავებები აუცილებელიცაა და ამაზე „ქალი და მამაკაცი - ინი და იანი“-ში საკმაოდ დაწვრილებით ვისაუბრე და თავიდან აღარ განვიხილავ, თუმცა თუ ორი ადამიანი რადიკალურად განსხვავებულ სიხშირეზე ირხევა, ერთმანეთის გაგება, ალბათ, მათთვისაც წარმოუდგენელი იქნება. ეს ჰგავს მოვალეობის მოხდას და არა იმას, რითაც მართლა მიიღებ სიამოვნებასა და საკუთარ ცხოვრებას უფრო მეტად საინტერესოს გახდი. პარტნიორისგან უნდა შეგეძლოს რაღაცების სწავლა. სიყვარული ჩემთვის ესაა რაღაცის გაცემა და სანაცვლოდ რაღაცის მიღება. თუ ორმა ადამიანმა უნდა შეავსოს ერთმანეთი, ლოგიკურიცაა, რომ მეორე ნახევრისგან ის მიიღო, რაც თავად გაკლია, სწორედ ასე მიიღწევა ერთი მთლიანობა. სიყვარული არ არის იქ, სადაც მხოლოდ ერთი აკეთებს ყველაფერს და მეორე კი სრულიად არაფერს, ეს ეხება ქალსაც და მამაკაცსაც, მაგრამ ვეთანხმები იმას, რომ არ შეიძლება ორივეს ერთნაირად უყვარდეს, ერთს ყოველთვის უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მეორეს. ზემოთ განვიხილე, რომ სიყვარული დათმობებზე წასვლას გვაიძულებს, მაგრამ ის ამავედროს უფრო გაბედულებს, მამაცებსა და ძალაუფლების მქონენს გვხდის. პრობლემას ვერ ვხედავ იქ, როცა შენი მეორე ნახევარიც პრაქტიკოსი იქნება და სიყვარულს, თუნდაც შენს სიყვარულს, არც მისცემს თავის დაბრმავების საშუალებას, თუ ადამიანი გიყვარს და მისთვის კარგი გინდა, ვფიქრობ, რომ არ უნდა გახდე მისთვის დაბრკოლება და თუნდაც კარიერულ გზაზე ხელი შეუშალო. სიყვარულთან დაკავშირებული ჩემი მორიგი საყვარელი ფრაზა მარკესს ეკუთვნის, რომელიც ამბობს: „თუ გიყვარს, უნდა გაუშვა, თუ შენია, დაბრუნდება.“ მე მჯერა იმის, რასაც long-distance relationship (LDR) ჰქვია. თუ გიყვარს და მართლა გულით გიყვარს, იცი, რომ ის სადღაც, თუნდაც ათასობით კილომეტრით შორს, მაგრამ მაინც, სადღაც იქაა, არ ვფიქრობ, რომ მისი დავიწყება და სხვა ვინმეს შეყვარება შესაძლებელია. ეს არის ძალიან კარგი გამოცდა საკუთარი თავის, პარტნიორისა და თავად თქვენი სიყვარულისაც. თანაც, ცოტათი აქაც ვიქნები რომანტიკოსი და ვიტყვი, რომ ხანგრძლივი „დაშორების“ (უნახაობის) შემდეგ საყვარელი ადამიანის ხილვა და გულში ჩაკვრა, მასთან ჩახუტება და მისი კოცნა ბევრად უფრო აღმაფრთოვანებელი და აღმაფრენია, ვიდრე მასთან ყოველდღიური შეხვედრები. გარკვეულწილად, თანაცხოვრებაც ხომ ანგრევს სიყვარულს.
   თითოეულ ადამიანზე საახლობლო, სამეგობრო და სანაცნობო წრეს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. წარმოიდგინეთ, რა ხდება სიყვარულის შემთხვევაში. მეორე ნახევარს შეუძლია მთლიანად თავდაყირა დააყენოს ჩვენი ცხოვრება. ხშირად მსმენია, რომ უთქვამთ, ქალი ან აგაშენებს, ან დაგაქცევსო და ეს ნამდვილად ასეა, თუმცაღა არა მხოლოდ ქალის შემთხვევაში, იგივე შეიძლება ითქვას მამაკაცზეც. ჩვენ ვსწავლობთ საკუთარი პარტნიორებისგან, ქვეცნობიერად ვითვისებთ მის თვისებებს, ჩვევებს, მანერას, სტილსა და მას ვემსგავსებით ისევე, როგორც ის გვემსგავსება ჩვენ, ეს ყველაფერი კი გაუცნობიერებლად ხდება. თუ იპოვი სწორ პარტნიორს, რომლისგანაც ბევრის სწავლას შეძლებ, რომელთან ურთიერთობისასაც გაიზრდები და ყოველი შეხვედრის შემდეგ რაღაც დაგრჩება, შენ იქნები ძალიან ბედნიერი, იღბლიანი და წარმატებული, ყოველი ძლიერი კაცის უკან ხომ ძლიერი ქალი დგას. ჩვენს მეორე ნახევრებს სრულიად შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების შეცვლა და ჩვენი სწორ და მართებულ კალაპოტებში ჩაყენება.
   როცა გიყვარს, აკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ის წარმატებული იყოს. ეხმარები ყველნაირი გზით, როგორც შესაძლებელია. ჩემთვის ცხოვრების უკანასკნელი და, ალბათ, ყველაზე მშვენიერი აკორდი მწვერვალზე ასვლაა. თუ ძლიერი ხარ, ამას მარტოც შეძლებ, თუ არასწორი ადამიანი გყავს გვერდით ამას საერთოდ ვერ შეძლებ, მაგრამ თუ ეს ადამიანი სწორად გყავს შერჩეული, თქვენ ამას ერთად შეძლებთ. ბედნიერია ის, ვინც იპოვის იმას, ვინც მწვერვალზე ასვლაში დაეხმარება, ხოლო მასზე ასული კი თავის პარტნიორს ხელს გამოუწვდის და უკანაკნელი ნაბიჯების გადადგმაში წაეშველება. ამ შემთხვევაში ორივე შეძლებს ყველაზე მაღალ წერტილზე აცოცებას.როცა იცი, რომ შეგიძლია ამ ადამიანს დაეყრდნო, იცი, წამით თვალი რომ მოჭუტო, ცხოვრება თავზე არ ჩამოგენგრევა. სიყვარულს მე არ ვხედავ ყოველდღიურ შეხვედრებსა და ტელეფონით საათობრივ საუბრებში, ჩემთვის ეს უფრო თანამშრომლობა და კოლაბორაციაა. თქვენ ორივე, ერთად, გვერდიგვერდ მუშაობით აღწევთ სასურველს, იღებთ სასურველს და თავად მუშაობის პროცესიც განიჭებთ უდიდეს სიამოვნებასა და ბედნიერებას, რადგან თქვენ ამ საქმეს იმ ადამიანთან ერთად აკეთებთ, რომელიც ძალიან გიყვართ. ის ადამიანი, რომელიც აწმყოთი ცხოვრობს და მარტივად რომ ვთქვა, ჰედონისტია, ჰედონიზმი ხომ სიყვარულს არ გამორიცხავს, პირიქით ის ეძებს სიამოვნებისა და კომფორტის წყაროს და რა უნდა იყოს ეს წყარო, თუ არა სიყვარული, ვერასდროს შეძლებს მწვერვალზე ასვლას. სიყვარული და საყვარელი ადამიანი გთხოვს დროს, რომელიც შემდეგ უკვე გაკლდება იმ ნაბიჯების გასათვლელად და გადასადგმელად, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია წარმატების მისაღწევად, ამიტომ როგორია იდეალური სიყვარული? ამაზე ცოტა ორიგინალურად ვუპასუხებდი და ვიტყოდი, სიყვარული გრაფიკში - აი, როგორია იდეალური სიყვარული; როდესაც შენ იღებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, შენ სწავლობ ამ ადამიანისგან და ამავედროს აგრძელებ იმ საქმიანობასა და იმ გზას, რომელსაც ამ პიროვნების გამოჩენამდე მიუყვებოდი. ხშირადაა, რომ შეყვარებული ადამიანები დაბნეულები არიან და საზოგადოება გაიცინებს ხოლმე, ოჰ, რა მოხდა, შეყვარებულია, ეპატიება. ჩემთვის ასეთი რამ ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია. სიყვარული არ უნდა იყოს რაიმეს გასამართლებელი მიზეზი, რადგან სიყვარულს თავად არ უნდა სჭირდებოდეს გამართლება. როდესაც სიყვარული არ გიშლის ხელს მიზნის მიღწევასა და წარმატებაში, არამედ გეხმარება კიდეც ამაში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ის იდეალური სიყვარულია. არასწორია ის, როდესაც პარტნიორი შენგან მთლიან დროსა და ყურადღებას ითხოვს, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ დრო აღარ გრჩება სხვა რამისთვის, რაც შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს შენი სამომავლო ცხოვრებისათვის, რადგან ეს ცხოვრება ხომ თავისთავად მოიაზრებს ოჯახს - მეუღლეს, შვილებს, სამსახურს, კეთილდღეობასა და წარმატებას.
    თუმცა ბოლოს მაინც უნდა ითქვას ის,რომ უსიყვარულოდ არაფერს არ აქვს აზრი და ძალიან ბევრ რამეს, თითქმის ყველაფერს ამ ცხოვრებაში სწორედ საყვარელი ადამიანებისთვის და მათ გამო ვაკეთებთ. მათთვის ვშრომობთ და მათი კეთილდღეობისთვის ვიღწვით, რადგან მათი ბედნიერება ჩვენივე ბედნიერებაცაა.

გიორგი ჩაჩხიანი



Sunday, September 23, 2018

მოხეტიალე (სამყაროს კიდემდე)



  მზე ზენიტში იყო. მექსიკის ჩიუაუის უდაბნოში ძალიან ცხელოდა.სიცხისგან ქვიშას ოხშივარი ასდიოდა. ერთი შეხედვით ეს ადგილი უკაცრიელი და უდაბური ჩანდა, თუმცა ამ თაკარა მზეშიც ერთი მოხეტიალე მაინც დასდგომოდა ქვიშიან ბილიკებს. კაცი მარტო არ იყო, გვერდით ერთგული მეგზურივით ძაღლი აჰკიდებოდა. მოგზაურს ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. გახვითქული შუბლი ცხვირსახოცით შეიშრო და ხელით მზერა მოიჩრდილა. უდაბნოს დასასრული არ უჩანდა.
-რას იტყვი, მგონი აჯობებდა, ცოტა შეგვესვენა და სული მოგვეთქვა, არა? - თქვა და მზერა ძაღლს მიაპყრო, რომელიც ენაგადმოგდებული და ქანცგაწყვეტილი უხმოდ შესცქეროდა მამაკაცს, - ამბობენ, დუმილი თანხმობის ნიშანიაო, - თქვა და მხრები აიჩეჩა. დასავლეთით ასიოდე მეტრში უზარმაზარი ლოდი დაინახა და მისკენ გააბიჯა, - წამოდი,მეგობარო, - უთხრა ძაღლს და ისიც უკან აედევნა. ლოდი საკმაო ჩრდილს ქმნიდა, მამაკაცი მას მიეყრდო და ძაღლიც მის გვერდით მოკალათდა.
-წყალი გინდა? - ბოთლი დაუხარა და ცუგომაც რის ვაივაგლახით დალია.
კაცმა თავი გადახარა და კეფით ლოდს მიებჯინა. წამიერად ზეცას მიაპყო მზერა, შემდეგ კი თვალები დახუჭა.
-რას ვაკეთებ? - ჩაილაპარაკა თავისთვის, - მაგრამ... - და იყო მაგრამ, სწორედ ამ მაგრამმა აიძულა ათასობით კილომეტრის გამოვლა, სამი უდაბნოსა და ათობით მდინარის გადალახვა, 63 წლის ასაკში არაერთი ღამის კარავში გათენება და მაინც, იყო კითხვა - რა უნდოდა და საით მიდიოდა, ამ კითხვებზე პასუხი თავადაც არ ჰქონდა. უბრალოდ მიდიოდა იქ, საითაც ცხოვრება წაიყვანდა; მიუყვებოდა ერთ დიდ,უმეტესად გაკვალულ და შიგადაშიგ გაუკვალავ ბილიკსაც. სამყარო ხომ უკიდეგანო არაა, სადღაც უთუოდ უნდა დასრულებულიყო ეს ბილიკი, სწორედ მაშინ შეჩერდებოდა ისიც. სად იყო ეს ადგილი?! ის სამყაროს კიდისკენ მიემართებოდა, დასალიერისაკენ, სადაც არა მხოლოდ დედამიწა, არამედ სიცოცხლეც მთავრდებოდა.
-...მაგრამ ჩემთვის რაღა დარჩენია?..
   ზურგჩანთაში ჩაწყობილი, წინასწარ დაგროვილი მარაგიდან ერთი კონსერვის ქილა ამოიღო და გახსნა. საკვები ძაღლსაც მისცა. რამდენიმე საათს შეიცადა და როცა მზე ზენიტს მოსწყდა, გზას გაუდგა. მანამდე ზურგჩანთიდან რუკაც ამოიღო და კომპასით მიმართულება შეამოწმა, სწორად მიდიოდა. გეზი სამხრეთისკენ ჰქონდა აღებული, რამდენიმე დღეში ქალაქს მიადგებოდა, სადაც ერთი ღამით მოტელში დაბინავებას, დაბანასა და მარაგის შევსებას შეძლებდა.
   მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა, მაინც უკვირდა, რომ 63 წლის ასაკში ამდენს მიაღწია, თავიდან ამ მოგზაურობას, თუკი შეიძლება მის ხეტიალს მოგზაურობა დაერქვას, სკეპტიკურად უყურებდა. ფიქრობდა, რომ ამარგოსის უდაბნოს ვერ გაუძლებდა, ანდა მოჰავეს უდაბნო მოუღებდა ბოლოს. არ ეგონა მექსიკის საზღვრამდე თუ მიაღწევდა, არათუ გასცდებოდა მას. მისი აქამდე მოსვლა ისეთივე სიგიჟე იყო, როგორიც თავად ეს მოგზაურობა. ადამიანს, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი, ნამდვილად შეუძლია აურაცხელი დაბრკოლებების გადალახვა და შეუძლებლის შეძლება, მაგრამ მთელ ამ ამბავში ყველაზე პარადოქსული ის იყო, რომ მას სრულებითაც არ ჰქონდა რაიმე მიზანი. იქნებ სურდა კიდეც, რომ ამარგოსის უდაბნო ვერ გაევლო?! ორივე ალტერნატივა, სახლში დაბრუნებისა და იმაზე დაფიქრების, რომ ცხოვრების მიწურულს, თუკი იყო ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი აკორდი, უდიდეს სისულელეს სჩადიოდა და თავად უდაბნოში სიკვდილიც, ერთადერთ და ჭეშმარიტ გამოსავლად ესახებოდა, მაგრამ... როგორც ჩანდა, ღმერთს მისთვის სხვა გეგმები ჰქონდა, თუმცა თავად რომ უფიქრდებოდა ამას, შეშლილივით სიცილს იწყებდა, მას ხომ ღვთის არსებობის არ სჯეროდა. განგების, ბედისწერის?.. უკვე ესეც აღარ იცოდა, მისთვის ყველაფერს დაეკარგა აზრი. უნდოდა არ ეფიქრა, მაგრამ არ გამოსდიოდა. უდაბნოებში საათობით მარტო ხეტიალის დროს თავისი თავი და ფიქრები ერთადერთი რამ იყო, რაც შეურაცხადობისა და სიგიჟისაგან იცავდა. ჰო, და კიდევ ეს ძაღლი, მესვეურივით რომ აეკიდა და არაერთხელ დაკარგული ბილიკის მოძებნაში დაეხმარა. რამდენჯერ მიენდო ბრმად მის არჩეულ ბილიკებს და რამდენჯერ გადაუხვია თავის მიერ არცთუ ზუსტად დახაზულ გზას? არა, ის მარტო არ იყო. ამის გააზრება ნუგეშს ჰგვრიდა და ერთგვარი განსაკუთრებული მადლიერებითა და სიყვარულითაც გადახედავდა გვერდით მოჩანჩალე ოთხფეხა მეგობარს.
   უცნაურია, მაგრამ უდაბნოში მალე ღამდება. მთელი დღე სიარულისგან დაქანცულმა კარავი გაშალა. ძაღლიც შიგნით მოათავსა და თვალები დახუჭა. ისე ტკბილად მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ ეძინა, როგორც საათობით სიარულის შემდეგ გადაღლილი იძინებდა ხოლმე, თუმცაღა კი ფხიზელი ძილი იცოდა.
    გათენებას აღარაფერი აკლდა, უეცრად მანქანის ძრავის ხმამ რომ გამოაღვიძა. ისე წამოვარდა, თითქოს ყველაზე საშინელი ღამეული კოშმარი ენახოს. ფარების შუქმა წამიერად ოდნავ კარვის სქელ კედლებშიც შემოაღწია, ეს ერთგვარ გაელვებას ჰგავდა და მანქანის ძრავაც გამოირთო. ძაღლმა თავი წამოყო და მამაკაცს მიაცქერდა. კარავი ნელა გახსნა და გარეთ გააბიჯა, ძაღლიც უკან აედევნა. ასიოდე მეტრში მანქანა გაჩერებულიყო. სიბნელეში მარკა ვერ დაინახა, მაგრამ გაბარიტების მიხედვით მიხვდა, ჯიპი უნდა ყოფილიყო.
-ჰეი! - დაიყვირა კაცმა, უკვე სრულებით გამოფხიზლებულიყო. მის გვერდით ცუგო წინა თათებზე გადახრილიყო და თითქოს ჩასაფრებული, მტრის გამოჩენას ელოდა. ირგვლივ სრული მდუმარება გამეფებულიყო. კაცი მანქანისკენ ნელი, მდორე ნაბიჯით დაიძრა. ავტომობილამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როდესაც უეცრად მძღოლის მხრიდან კარი გაიღო. ახალგაზრდა, ხუჭუჭთმიანი, შავტუხა ყმაწვილი მანქანიდან სხარტად ჩამოხტა. ძაღლი მაშინვე ყეფით მასთან მიიჭრა.
-ჰეი,ჰეი, მეგობარო, არაფერს ვაშავებ, ძაღლი გაწიე, ღმერთო ჩემო, - ამის თქმა და მანქანის ძარაზე ახტომა ერთი იყო.
-ვინ ხარ?
-არავინ, უბრალოდ აქ ამოვედი, სულ ესაა. შენ რას აკეთებ აქ, ამ შუაღამეს?
-ვმოგზაურობ, - ძაღლი კვლავაც ყეფასა და ძარაზე უშედეგოდ შეხტომას განაგრძობდა.
-მეგობარო, გთხოვ, მანქანა სულ დამიკაწრა, - კაცმა შეიცადა, შემდეგ კი ძაღლთან მივიდა და თავზე ხელი გადაუსვა:
-კარგი,გეყოფა, კარგი ბიჭი ხარ, - უთხრა და ისიც მაშინვე დაწყნარდა, - ბადრიჯნის კონსერვი გინდა? - ჰკითხა ბიჭს.
-რა, აქ ბადრიჯნის კონსერვი გაქვს?
-სტაფილოსიც, თუ გენდომება, - შებრუნდა და კარვისკენ გააბიჯა.
-ხომ არ მიკბენს? - ჰკითხა ბიჭმა.
-არ ვიცი, მგონი არა, - ყმაწვილმა პირჯვარი გადაიწერა და მანქანიდან ნელა ჩამოხტა. ცდილობდა ძაღლისთვის თვალებში არ შეეხედა და კაცს გაჰყვა.
   მოგზაურმა კარვიდან ზურგჩანთა გამოიღო და ახალი კონსერვი გახსნა. ერთჯერადი კოვზი შიგნით ჩადო და ბიჭს მიაწოდა.
-მადლობა, მე ხუანი მქვია, თქვენ?
-მოხეტიალე დამიძახე, ან მოგზაური, სულერთია.
-მოხეტიალე, სერიოზულად?
-მეტყობა რამე არასერიოზულობის?
-არა, სრულებითაც არა, - ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი ჰკითხა, - ძაღლს რა ჰქვია?
-არ ვიცი.
-როგორ, თქვენი ძაღლი არაა?
-არა, ქუჩაში ვიპოვე, უფრო ზუსტად, თვითონ მიპოვა, სონორის რომელიღაც მუნიციპალიტეტში, სახელი არ მახსოვს, მექსიკელებს დასახლებების უცნაური სახელები გაქვთ.
-სონორის შტატი? საერთოდ, სად მიდიხართ?
-სამყაროს კიდემდე.
-ამ ადგილის შესახებ არასდროს მსმენია.
-ჰო, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს, არა?
-მოიცადეთ, - ბიჭს ნერვიულად გაეცინა, - რას გულისხმობთ, სამყაროს, სამყაროს კიდემდე?
-ჰო, - უთხრა და სევდიანად გაიღიმა.
-შეიძლება გკითხოთ, რამდენი წლის ხართ?
-უფროსებს ასაკს არ ეკითხებიან.
-და თუ მაინც ჰკითხავენ? - კაცს გაეცინა.
-მექსიკელები ჯიუტები ხართ, არა?
-ჩვენზე ბევრ რამეს ამბობენ.
-63-ის.
-63-ის?.. და მთელი სამყაროს კიდემდე მისვლა ფეხით გაქვთ გადაწყვეტილი?
-ასეა, ყმაწვილო, მიხვედრილი ახალგაზრდა ყოფილხართ.
-არ ხუმრობთ, არა?
-არა, - კაცმა თავი გააქნია.
-ღმერთო, - ბიჭმა სიცილი ვერ შეიკავა, - ახლა გასაგებია.
-რა არის გასაგები? - მოგზაურმა გაკვირვება ვერ დამალა.
-აქ თქვენც ამისთვის ხართ.
-რისთვის?
-რისთვისაც მე, რომ ღია ცის ქვეშ დაბოლდეთ. უბრალოდ ძალიან მაგარი ნაფაზი დაარტყათ და ცას ახედოთ - ღრუბლები, ვარსკვლავები, იქ ყველაფერია, სამყაროს კიდეც კი.
-რა ვქნა? - ყმაწვილი გაჩერდა და მოხუცს მიაჩერდა.
-მოიცათ, მართლა არარსებული ადგილისკენ მოგზაურობთ?
-კი, ხომ გითხარი.
-არაფერს არ ეწევით? - აშკარა ინტერესით ჰკითხა ყმაწვილმა.
-არაფერს და არც არაფერი მომიწევია.
-არასდროს?
-არასდროს.
-მთელი ცხოვრების განმავლობაში, 63 წლის მანძილზე არაფერი მოგიწევიათ?
-არა.
-ეს არასწორია, - ხუანი აღშფოთდა.
-უკაცრავად?!
-ეს არასწორია. აი, - ქურთუკის შიდა ჯიბიდან რაღაც ამოიღო და კაცს გაუწოდა.
-ეს რა არის?
-მარიხუანა.
-მარიხუანა? ალბათ, ხუმრობ.
-არა, უნდა გასინჯოთ.
-არ გავსინჯავ.
-რატომ? კარგით რა, აქ ამ ასაკში გადაწყვიტეთ ხეტიალი, იცით მექსიკა რა საშიშია? ყოველ წუთს შეიძლება რომელიღაც ბანდა თავს დაგესხათ და აქვე გამოგჭრათ ყელი, თქვენ ეს იცით და ამას მაინც აკეთებთ, შუა უდაბნოში კარავი გაგიშლიათ და შიგნით მშვიდად გძინავთ, ერთმა ნაფაზმა რა უნდა გიქნათ?
-ამას ვერ ვიზამ, მე... ფიცი მაქვს დადებული.
-რა ფიცი? - კაცი ჰორიზონტზე ჩამოწოლილ წყვდიადს შეჰყურებდა. ფიზიკურად აქ იყო, მაგრამ რეალურად იყო კი?!  ერთ წერტილს მიშტერებოდა და მდუმარებას ინარჩუნებდა, - ოჯახი? თქვენს ოჯახს შეჰფიცეთ რაიმე? - ყმაწვილის სიტყვებმა გამოარკვია. გულში ჩხვლეტა იგრძნო და ღრმად ამოისუნთქა, - კარგად ხართ?
-მომეცი, - უთხრა და ქაღალდში გახვეული მოსაწევი გამოართვა, - ასანთი გაქვს? - ბიჭმა მიაწოდა. ხელის კანკალით მოუკიდა და რაც შეეძლო ძლიერად მოქაჩა. როგორც კი კვამლი შეისუნთქა, საშინელი ხველა აუტყდა.
-ყველაფერი რიგზეა?
-ჰო, - თქვა და ბოლოჯერ ამოახველა.
-ოჯახი არ გყავთ, აქ მარტო რას აკეთებთ? - დუმილი ისევ ბიჭმა დაარღვია.
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
-კარგი.
-შენ რამდენი წლის ხარ?
-17-ის.
-ღმერთო ჩემო, არასრულწლოვანი ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, შენ კი აქ ამ შუაღამით მარიხუანის მოსაწევად მოდიხარ...თუმცა რა უფლება მაქვს, რომ განგიკითხო, - ბიჭს გაეცინა.
-კარგი კაცი ჩანხართ.
-ვიყავი, როგორც მეუბნებოდნენ, კარგი კაცი ვიყავი, ახლა კი... ახლა აღარავინ ვარ.
-ამას რატომ ამბობთ? - მოგზაურმა ღრმად ამოისუნთქა.
-იმიტომ,რომ ეს სიმართლეა.
-ასე არ არის, თქვენ მე ბადრიჯნის კონსერვი მომეცით, - ორივეს გაეცინა, - თანაც ამ ძაღლმა თქვენ ამოგირჩიათ, ძაღლები კი იშვიათად ტყუიან, - მამაკაცმა იქვე მწოლიარე ცუგოს გადახედა.
-მიხარია, რომ ასე მოხდა. თავიდან მის მოშორებას ვცდილობდი, უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა, მაგრამ ჯიუტია, მაინც უკან მომდევდა. ჰოდა, მეც აღარ დავუშალე.
-ვფიქრობ, სახელი უნდა დავარქვათ.
-სახელი?.. არა, სახელები ყველაფერს აფუჭებს.
-რატომ?
-ჯერ პატარა ხარ, მოვა დრო და გაიგებ, - ისევ დუმილი ჩამოწვა. 
-და რას აპირებთ, როდესაც სამყაროს კიდემდე მიხვალთ? - კაცი ჩაფიქრა, თავი დახარა და მზერა ქვიშის ნაწილაკებს მიაპყრო, რომლებიც სიბნელეში ოდნავ შესამჩნევად ციალებდნენ.
-არ ვიცი.
-რაღაც მიზანი ხომ უნდა გქონდეთ, არა, უიმისოდ ამხელა გზის გავლას ხომ არ გადაწყვეტდით.
-მიზანი არ მაქვს, არც მიზეზი, არც არაფერი...
-რაღაც მიზანი ყველას აქვს.
-და შენ რა მიზანი გაქვს?
-ახლა?
-ჰო, - ყმაწვილმა კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა.
-ეს, ესაა ჩემი მიზანი, - მოგზაურმა თავი გააქნია,-გინდათ?
-მომეცი, - ანთებული ღერი გამოართვა და კიდევ ერთხელ მოქაჩა, ამჯერად უკეთ გამოუვიდა. უნდოდა, ბიჭისთვის დაეშალა. იცოდა, რომ ეს არასწორი იყო და, ალბათ, ადრე რომ დაენახა ასეთი რამ მაშინვე მიიღებდა აუცილებელ ზომებს, მაგრამ ახლა... ახლა უკვე აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი, არც მისთვის და აღარც სხვა ვინმესთვის, რადგან თავად სამყაროსა და არსებობას დაეკარგა თავისი მნიშვნელობა.
-იცით, აქ კიდევ შემორჩნენ მგლები.
-მგლები?
-ჰო, ცოტანი, მაგრამ არიან, ადრე მრავლად იყვნენ მექსიკური ნაცრისფერი მგლები, განსაკუთრებით, ჩიუაუისა და სონორის უდაბნოებში.
-მათი ყმუილი არასდროს გამიგია, თუმცა ერთხელ რაღაცას მოვკარი თვალი, ძალიან შორს იყო და კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ მგონი მგელი არ უნდა ყოფილიყო.
-berrendo, - ესპანურად მიუგო ხუანმა.
-რა?
-pronghorn, Antilocapra americana, პირდაპირ ვერ ვთარგმნით, უხეშად რომ ვთქვათ ამერიკული თხა-ანტოლოპა იქნებოდა.
-თხა-ანტილოპა?
-ჰო, უნიკალური ჯიშია, მხოლოდ აქ გვხვდება, თუმცა არც თხებთან და არც აფრიკის ანტილოპებთან არაა დაკავშირებული, ამიტომ ის უნდა დავარქვათ, რასაც ეძახიან, berrendo. აქ ბევრს ნახავთ, თუმცა ნამდვილად ვერ მიუახლოვდებით, საკმაოდ სწრაფია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 98 კმ/სთ-ია.
-98 კმ/სთ? ეს მართლაც ჯოჯოხეთური სისწრაფეა, - ყმაწვილს გაეცინა.
-ჰო, ასეა. ზოოპარკში გვყავს, შეგიძლიათ ნახოთ.
-სხვა დროს იყოს, ახლა ნამდვილად არ მაქვს, როგორ თქვი, beredo-ს ნახვის სურვილი.
-berrendo.
-berrendo, როგორცაა, რა მნიშვნელობა აქვს.
-თუ გინდათ, ქალაქამდე მიგიყვანთ.
-მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ?
-რამდენიმე ნაფაზი დავარტყი, მიჩვეული ვარ.
-კარგი.
-რომელი საათია? 7-სთვის სახლში უნდა ვიყო, -კაცმა საათს დახედა.
-ექვსი სრულდება.
-ცოტახანში გავიდეთ.
-კარვის აკეცვაში დამეხმარები?
-რა თქმა უნდა, - მაშინვე წამოდგა და ბერიკაცს მიეშველა.
   თენდებოდა. მზე უკვე ჰორიზონტზე ამოწვერილიყო და ზეცაც ოქროსფრად რიჟრაჟებდა. მანქანა მიდიოდა და უკან საშინელ ბუღს ტოვებდა.
-ქალაქში რის გაკეთებას აპირებთ, სად დარჩებით? - ჰკითხა ხუანმა.
-ცოტაოდენი ფული მაქვს, 63 წელი უქმად არ ვყოფილვარ.
-კარგია.
-რაიმე იაფიანი მოტელი იცი?
-კი, მიგიყვანთ, - მოგზაურმა თავი დააქნია და უკანა სავარძელზე მოთავსებულ ცუგოს გადახედა.
-ძაღლს ხომ შემაყვანინებენ?
-წესით კი. საით მიდიხართ? - ხანმოკლე დუმილის შემდეგ განაგრძო ხუანმა, - მიმართულება მაინტერესებს, სად ეძებთ სამყაროს კიდეს?
-სამხრეთით, - მიუგო კაცმა.
-სამხრეთით? იქ ხომ ოკეანეებია. თქვენ რა, მათ გადაცურვას აპირებთ? - მოგზაურმა გაიღიმა.
-არ ვიცი, შეიძლება.
-ხუმრობთ?! - ყმაწვილმა გაოცებით შეხედა, - ღმერთო ჩემო, თქვენ ნამდვილი არანორმალური ხართ. იცით, ერთ დღეს შეიძლება მეც წავიდე სამყაროს კიდემდე.
-მართლა?
-ჰო, კარავს ვიყიდი, ზურგჩანთას და ბევრ, ბადრიჯნის ბევრ კონსერვს, - კაცს გაეღიმა. ქალაქს უახლოვდებოდნენ. ბიჭს გადახედა. ჯერ ძალიან ახალგაზრდა და ნორჩი იყო, ამ ცხოვრებისა არაფერი იცოდა,ჯერ არც ტანჯვა და არც სიმწარე  არ გამოეცადა, ოცნებებითა და ილუზიებით ცხოვრობდა. ღამღამობით ჩიუაუის უდაბნოში ბალახის მოსაწევად დადიოდა. კაცმა უკვე იცოდა, რომ ის ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდა, რადგან თავად კარგად იცნობდა ცხოვრებას და ისიც იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა. ბიჭი სხვას არ მოუსმენდა, სხვის ნათქვამსა და დარიგებულს ყურადაც კი არ მიიღებდა. მოგზაური ერთადერთი იყო, რომელსაც შეეძლო ამ ყმაწვილისთვის რამის ჩაგონება, მაგრამ იქნებ ასეც ჯობდა?.. ცხოვრებისგან იმედი მაინც არ გაუცრუვდებოდა, თუ არაფერი არ ექნებოდა, ვერც ვერაფერს ვერ დაკარგავდა...
-შენი აზრით, მოხუცი ვარ? - ჰკითხა ბიჭს.
-63 წელი დიდი არ არის, მაგრამ არც ცოტაა.
-ასაკზე არ გეკითხები, ისე, მოხუცს ვგავარ?
-ცოტათი.
-სიბერე რაღაც მხრივ კარგია.
-ასეთი რამ პირველად მესმის.
-მართლა?
-მართლა, სიბერე არავის არ უყვარს.
-სიბერის დროს სხეულს უკეთ გრძნობ, ყველაზე მეტად მაშინ აღიქვამ, რომ ცოცხალი ხარ.
-რატომ?
-იმიტომ,რომ ყოველი მეორე ძვალი გტკივა, - ყმაწვილს გაეცინა, - და ეს ტკივილი აუტანელი და გაუსაძლისია, მაშინ ხვდები,რომ ცოცხალი ხარ და მერე უკვე სიკვდილისაც არ გეშინია.
-ცხოვრება გბეზრდება? როცა ბერდები, უბრალოდ ყველაფერი გბეზრდება, იღლები და დასვენება გინდა, ამის თქმას ცდილობთ,არა?
-ჰო, რაღაც მასეთის. ჭკვიანი ბიჭი ხარ, ხუან. მე რაც არ უნდა გითხრა, ამას მაინც არ აქვს მნიშვნელობა, რადგან რამდენიმე წუთში ამ მანქანის კარს გავაღებ და შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წავალ, ვეღარასდროს მნახავ, - ეს რომ უთხრა, უკვე ქალაქის ქუჩებს მიუყვებოდნენ,-შენი გადასაწყვეტია რას იზამ და რას გააკეთებ ცხოვრებაში. თუ გაგიმართლებს კიდეც, ჩემნაირად არ დაასრულებ და სიბერის ჟამს უდაბნოებში არ მოგიწევს ხეტიალი. ვერ გეტყვი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გენდომება, რომ ცხოვრება დაგიფასებს ნაშრომსა და ნაღვაწს, რომ წინ ყოველთვის ის დაგხვდება, რასაც დასთეს, მაგრამ უშანსოდ ყოფნას სჯობს იმ მცირედი შანსების გამოყენება, რომლებიც საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დაკარგულა. შენი ყოველი ღამეული მოგზაურობა ამ უდაბნოში ამ შანსებს კიდევ უფრო ფერმკრთალსა და ნაცრისფერს ხდის.  ჯერ პატარა ბიჭი ხარ და კვლავაც შეგიძლია, რომ ცხოვრების სადავეებს დაუბრუნდე და შენი გემის მესაჭე გახდე. ვერ გეტყვი, რომ ყოველ შტორმს გადაურჩები, მაგრამ უკიდეგანო ოკეანეში ტივით დარჩენას სჯობს უბრალო, პატარა გემი გყავდეს. ასე გადარჩენის შანსები იზრდება.
-ამას რატომ მეუბნებით?
-იცი, რატომაც. სინანული ისედაც არ მაკლია, თუ ამ მანქანიდან ამის უთქმელად გადავიდოდი...საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი.
-გასაგებია, - უთხრა ხუანმა და ეს მათი ბოლო საუბარი იყო. მოტელამდე დარჩენილი გზა სრულ მდუმარებაში გაიარეს, - ეს არის, - უთხრა ბიჭმა და გზის პირზე აშენებული პატარა მოტელი დაანახა.
-მადლობა, ხუან, იფიქრე იმაზე, რაც გითხარი, - მანქანიდან გადავიდა, უკანა კარი გამოაღო, საიდანაც ძაღლი მაშინვე გადმოხტა და ზურგჩანთაც გადმოიღო. ხუანს ხელი აუწია და მოტელისკენ დაბრუნდა. უკან არ შემოუხედავს, უბრალოდ მანქანის ნაცნობი ძრავის ხმა გაიგონა.
    ოთახი დაიქირავა. საფულეში კვლავაც გვარიანად ედო თანხა და საკრედიტო ბარათიც წამოეღო, რომელზეც რამდენიმე ათასი დოლარი ჰქონდა დაგროვილი. თავდაპირველად მოტელის მფლობელი ამრეზით უყურებდა, მორიგი მაწანწალა ეგონა და მისი თავიდან მოშორების მიზნით ძაღლისთვის დამატებითი გადასახადი მოსთხოვა, მაგრამ როდესაც გადაუხადა და ხურდაც არ გამოართვა, განწყობაც რადიკალურად შეეცვალა და ოთახამდე თავადაც მიაცილა.
   ორი კვირა გასულიყო, რაც ოთხ კედელში არ დაეძინა. სწორედ ამდენი დრო მოანდომა ჯერ ჩიუაუამდე მისვლას და შემდეგ უდაბნოს გავლას. არ იცოდა რომელი დღე იყო, რომელი რიცხვი. დროს მისთვის უკვე აღარ ჰქონდა აზრი. კედელზე პატარა ტელევიზორი ჩამოეკიდათ. მას მიუახლოვდა და შეაცქერდა. ამასობაში ძაღლმა დაიყეფა, ლოგინზე ამხტარიყო და კაცს მისჩერებოდა. არ დაუშალა. კვლავაც ტელევიზორს შეხედა, არ იცოდა, უნდოდა თუ არა მისი ჩართვა, მაგრამ პულტს მაინც მოჰკიდა ხელი და ჩართვის ღილაკს დააჭირა. მხოლოდ ეკრანის მარცხენა კუთხეში გამოსახულ წარწერას შეხედა. 23. ხუთშაბათი. თვეზე მეტი იყო, რაც მოდიოდა, თვე და 19 დღე, ხვალ მისი ხეტიალის 50-ე დღე იქნებოდა, ეს უნდა აღენიშნა, მაგრამ მანამდე ჯერ კარგად უნდა დაებანა და მოწესრიგებულიყო.
სააბაზანოში შევიდა. პირსახოცი კედელზე ეკიდა. ჩანთიდან ახალი ტანისამოსი და რამდენიმე გასარეცხი საცვალი ამოიღო, ნიჟარაში ჩაყარა, რომ დაიბანდა, შემდეგ გარეცხავდა. ყოველ დილით სველი ხელსახოცებით ცდილობდა გასუფთავებას, მაგრამ მტვერი და ოფლი თავისას შვრებოდა. დახუთულობა იგრძნო და მიხვდა, რომ გვარიანადაც ყარდა. სასწრაფოდ წყალი მოუშვა და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეაცქერდა. დაბერებულიყო, ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მაგრამ ამ სამ თვეში საგრძნობლად დაბერებულიყო, ამ უაზრო და უგზო-უკვლო ხეტიალმა, რომელსაც მოგზაურობას არქმევდა,თავისი როლი შესანიშნავად შეასრულა. მთელი სახე დაღაროდა და დანაოჭებოდა, მაგრამ ამ ნაოჭების უმეტესობას გაბურძგნული, უზარმაზარი ჭაღარა წვერი უფარავდა. თმაც საკმაოდ მოზრდოდა. მაკრატელი აიღო და წვერის შეკრეჭა დაიწყო, შემდეგ კი თმაზე გადავიდა. ამჯერად წინა მცდელობაზე ბევრად უკეთ გამოუვიდა. დაყრილი თმები ჩარეცხა და ტანზე გაიხადა. ცხელი წყლის ქვეშ დგომა ესიამოვნა, სხეულში საამო ჟრუანტელმა დაუარა. შუბლი კედელს მიადო, თითოეულ გოჯზე გრძნობდა ახალ-ახალი წვეთების ჩამოდინებას, თავზე საპნის წასმა ცადა, მაგრამ ხელი საშინლად უკანკალებდა, სახემდეც არ ჰქონდა მიწვდენილი, საპონი რომ გაუვარდა. აქვითინდა და მუშტი კედელს ძლიერად დაარტყა. ახლა ძნელი გასარჩევი იყო, ის ნიაღვარი, სახეზე რომ სდიოდა, ცხელი წყლის ჭავლი იყო, თუ მდუღარე ცრემლები.
   ჭუჭყიანი ტანისამოსი გარეცხა და გასაშრობად სააბაზანოში გაკიდულ პატარა თოკზე ჩამოკიდა. გარეთ გავიდა. იქვე ახლოს მდებარე პატარა მარკეტში რამდენიმე ქილა კონსერვი, წყალი და სხვადასხვა ტიპის საკვები შეიძინა. მერე ძაღლის საჭმელიც იყიდა და მოტელში დაბრუნდა. ცუგო ისევ ლოგინზე მოკალათებულიყო, თითქოს ეძინა, მაგრამ კარის გაღებისთანავე თავი წამოყო.
-მოდი, მეგობარო, საჭმელი მოგიტანე, - უთხრა და ცელოფნიდან დიდი ზომის შეკვრა ამოიღო, - მაგრამ მანამდე უნდა ვიბანაოთ, - მიუგო ღიმილით და სააბაზანოსკენ დაიძრა, - ჰეი, მოდი, - დაუსტვინა და ხელი მუხლებზე დაირტყა. ძაღლი მაშინვე მისკენ გამოექანა და ფეხებზე შეახტა, - აი, ასე, წამოდი, - სააბაზანოში შეიყვანა და აბაზანაში ჩასვა, არ გასძალიანებია, ერთი შეხედვით, მასაც სიამოვნებდა შხაპის მიღება და უდაბნოს მტვრის ჩამორეცხვა, რომელიც უთუოდ ამძიმებდა ოთხფეხა ცხოველს. გაამშრალა და საგანგებოდ ნაყიდ ჯამში საჭმელი ჩაუყარა.
-ერთი შენს თავს შეხედე, როგორი ლამაზი ყოფილხარ, - უთხრა ცუგოს, - ალბათ, აქაური მდედრები მოსვენებას არ მოგცემენ.
    თვითონაც შეჭამა და ლოგინზე მოკალათდა, მიწაზე წოლისგან ზურგი სტკიოდა. რბილი საწოლი მონატრებოდა. ძაღლიც გვერდით მიუწვა. ხელი გადაჰხვია და თვალები დახუჭა. რამდენიმე წამში ორივეს ჩაძინებოდა. იმ დღეს მეტი არაფერი გაუკეთებია, ღია ცის დანახვა ისედაც ყელში ჰქონდა ამოსული, მთელი საღამო ოთახში, წიგნის კითხვაში გაატარა.
    მოტელში ერთი დღით აპირებდა დარჩენას, მაგრამ რადგანაც მოგზაურობის 50-ე დღე იყო, გადაწყვიტა გზის გაგრძელება კიდევ ერთი დღით გადაედო და რამე ნორმალური ეჭამა, ამიტომ მოტელის მეპატრონეს ჰკითხა, აქვე ახლოს კარგი რესტორანი ხომ არ იცითო და მანაც მიასწავლა.
   საღამო იყო და ამ პატარა მექსიკურ ქალაქში ბევრი ხალხი ირეოდა, ტურისტებსაც მრავლად შეხვდებოდით. შემოთავაზებული რესტორანი ქალაქის ცენტრში იდგა. პატარა, ძირითადად ხისგან ნაგები შენობა იყო. მხიარული და მეგობრული ატმოსფერო სუფევდა. მსუბუქი, მაგრამ გემრიელი ვახშამი შეუკვეთა და მოლოდინში გაირინდა. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის განვლილი 63 წელი მუდმივ საზოგადოებაში გაატარა და აცკეტურად არცერთი დღე არ უცხოვრია, უკვე თავად საზოგადოებაც კი ეუცნაურებოდა და უჩვეულო დისკომფორტს გრძნობდა. შეჰყურებდა ბედნიერ, ჯანმრთელ, ხალისიან ხალხს და გულში რაღაც უფეთქავდა, ყოველი ბიძგი უფრო ძლიერი და უფრო მტკივნეული იყო. ვერანდაზე იჯდა, გარეთ დაახლოებით ათი-თორმეტი მაგიდა გამოედგათ. სამის გარდა ყველა შევსებულიყო. ყოველ მაგიდასთან მინიმუმ ორი ადამიანი ისხდა. ის ერთადერთი იყო, რომელიც მარტო აპირებდა ვახშმობას. მის წინ, ორი მაგიდის მოშორებით, ერთ ოჯახს მოჰკრა თვალი. ქალი და კაცი საშუალო ასაკისანი იქნებოდნენ, პატარა ბიჭი ჰყავდათ, 5-6 წლის ასაკისა, ბედნიერები, ძალზე ბედნიერები ჩანდნენ და ბურიტოს მიირთმევდნენ. კაცი მათ თვალს ვერ აშორებდა, სევდიანად გაიღიმა. თითქოს მათი სახეები წამით შეიცვალა და ახლა ის მისთვის ძალიან ნაცნობ და ძვირფას სახეებს შეჰყურებდა. ალბათ, ამიტომაც უნდოდა გაქცევა... გაქცევა ამ სამყაროსგან, რადგან აქ ყველა და ყველაფერი მათ თავს აგონებდა, ამიტომ გაურბოდა ადამიანებს, ამიტომ ეშინოდა საზოგადოებისა.
   კერძი მოუტანეს და მანაც მადლობა გადაუხადა. მექსიკური სიმწარე დაჰკრავდა, მაგრამ გემრიელი იყო. კარგა ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც ასეთი გემრიელი რამ ეჭამა. ყოველი ლუკმა ახლა მისთვის ნამდვილი ნეტარება გამხდარიყო. უეცრად ხმაური ატყდა.
-¡Ayúdeme! Ahogo! - დაიყვირა ქალმა, მოგზაურმა მაშინვე იქით გაიხედა, ეს სწორედ ის ქალი იყო, იმ ბედნიერი ოჯახიდან. ესპანურის ცოდნა სულაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ მიხვედრილიყო, რა ხდებოდა. ბავშვი იხრჩობოდა. ეტყობოდა, საჭმელი გადაცდენოდა. ვეღარ სუნთქავდა, სკამიდან ჩამოვარდა და ძირს მუხლებზე დაეცა, ხელი ყელთან მიჰქონდა. სკამიდან მაშინვე წამოვარდა და ბიჭთან მიიჭრა. ხელები მჭიდროდ შემოჰხვია და რამდენიმე ძლიერი ბიძგი განახორციელა, ბავშვს საშინელი ხველა აუტყდა და ბურიტოს პაწაწინა ნამცეცი გადმოაგდო.
-ყველაფერი კარგადაა, ნუ გეშინია, - არ იცოდა რამდენად გაუგებდა, მაგრამ მის დამშვიდებას მაინც ცდილობდა.
- gracias, muchas gracias,-აცრემლებული თვალებით უთხრა ქალმა და მანაც თავი დაუქნია. დედა შვილთან მიიჭრა და ბიჭს მოეხვია. მამა კი მისკენ გამოემართა.
-დიდი მადლობა, თქვენ მე შვილი გადამირჩინეთ, - უთხრა კაცს.
-სამადლობელი არაფერია, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი, - ინსტიქტურად წარმოთქვა და უეცარი ჩხვლეტა იგრძნო. მათ გარშემო ხალხი შემოკრებილიყო. მოულოდნელად ერთი კაცი მათკენ, უფრო სწორად კი, მისკენ დაიძრა.
-ჰეი, მე თქვენ გიცნობთ, - მოგზაურმა მისკენ გაიხედა, თუმცაღა კაცის სახე მეხსიერებაში ვერ აღიდგინა.
-მაპატიეთ, მგონი ვიღაცაში გეშლებით.
-არა, თქვენი სახე არავისში არ შემეშლება, ოთხი წლის წინ, ზუსტად ოთხი წლის წინ იყო, მაშინ წვერს არ ატარებდით, მაგრამ გიცანით, ექიმი ხართ, ხომ ასეა?
-არა, - სუნთქვა შეუკავდა და მაშინვე იუარა, იგრძნო, როგორ აუძგერდა გული.
-დიახ, არ მეშლება, თქვენ მე გადამარჩინეთ. ოთხი წლის წინ, სატვირთოს მძღოლი ვიყავი, საშინელი ავარია მომივიდა, არავის არ ეგონა თუ გადავრჩებოდი, თქვენ გადამარჩინეთ, ოპერაცია თქვენ გამიკეთეთ, თქვენ სასწაული შეძელით...
-ვიღაცაში გეშლებით, ეს მე არ ვყოფილვარ, მე... მე ექიმი არ ვარ, - თქვა და იქაურობას სასწრაფოდ მოსწყდა. კიბეები ჩქარა ჩაირბინა და წამებში სიბნელეში გაუჩინარდა. ვახშმის დამთავრებაც კი ვერ მოასწრო, ფულის გადახდაც დავიწყებოდა, მაგრამ იმის შემდეგ რაც გააკეთა, არავინ გამოდევნებია. ასეთი რამ პირველად მოუვიდა და მოტელში დაბრუნებულს როცა გაახსენდა, ძალიან ინანა, საკუთარი თავის შერცხვა, თავისი საქციელი ვერ აეხსნა ვერც მას და ვერც რესტორნის ვერანდაზე თავმოყრილ ათობით ადამიანს, რომელნიც დაბნეულები და გაკვირვებულები შესცქეროდნენ იმ წყვდიადს, რომელსაც ბავშვის გადამრჩენი თვალისდახამხამებაში შეერწყა.
    გამგზავრება დაუყოვნებლივ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დილამდე მოცდა არჩია, მიუხედავად იმისა,რომ მთელი ღამე თვალი არ მოეხუჭა. მოტელის ფული წინასწარ გადაეხადა, ამიტომ გამთენიისას ბარგი ჩაალაგა, შხაპი კიდევ ერთხელ მიიღო და რუკა გაშალა. როგორც აღმოჩნდა, პატარა დასახლება   Barranco Blanco-ში ყოფილა. უდაბნოს გავლა ისევ მოუწევდა. ჩიუაუა ყველაზე დიდი უდაბნოა მექსიკაში, რომლის შუაგულშიც, შიგადაშიგ, რამდენიმე მსხვილ და რამდენიმე მცირე დასახლებასაც შეხვდებით. გეზი Presa Francisco I. Madero-სკენ აიღო. ამ ტბისა და მასზე დაშენებული კაშხლის ნახვა გადაწყვიტა,შემდეგ კი მდინარე სან პედროს გაყოლა.
   გზა საშინლად გაიწელა, მიუხედავად იმისა, რომ Barranco Blanco-დან კაშხლამდე 65 კმ-ია, მოგზაური ამ გზას ოთხი დღე მოუნდა. სიცხე ღლიდა და ფიტავდა, ასაკიც არ უწყობდა ხელს. ხშირად ისვენებდა, თითქმის ყოველი კილომეტრის გავლის შემდეგ. კარვის დადგმასა და აწყობასაც დიდხანს უნდებოდა. თუკი ამ ხეტიალის დასაწყისში ოდნავი შემართება მაინც ჰქონდა, ისიც დაკარგვოდა. გზად კაციშვილი არ შეხვედრიათ. ცუგოც მის გვერდით მიაბიჯებდა, ენაგადმოგდებული და მასავით დაქანცული. კაცი შიგადაშიგ ესაუბრებოდა. ამბებს უყვებოდა, რჩევებს ეკითხებოდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, პასუხს ახლაც ვერ იღებდა. ძაღლი არც კი ყეფდა.
-ვფიქრობ, ძალიან ცოტა დაგვრჩა, ხვალ უკვე კაშხალს მივადგებით. იქვე ახლოს პატარა ქალაქია, მარაგს შევავსებთ, არ მეგონა შენი საჭმელი ასე ადრე თუ გათავდებოდა, ძალიან მსუნაგი ხარ, - მეოთხე საღამოს უთხრა ძაღლს, - ჩვენ მექსიკას გავივლით და გვატემალაში გადავალთ, ჩვენ ამას შევძლებთ.
   ჩიუაუის უდაბნოში მცენარეებს და, მათ შორის, ხეებსაც მეტ-ნაკლებად ხშირად წააწყდები. იმ საღამოს კარვის გაშლამდე დამღლელი დღის შემდეგ ცოტა ხნით მოსვენება ცადა, ჩაიმუხლა და ხეს მიეყრდნო. რამდენიმე წუთით დამშვიდება და ფიქრების დალაგება სურდა, თუკი საერთოდ შეეძლო ეს. ისე ჩათვლიმა, ვერც გაიგო.
   დილით ხეზე მიყრდნობილმა გამოიღვიძა. თავიდან შეცბა და დაიბნა, თუმცა მალევე გაიხსენა და ამგვარი დაუდევრობის გამო თავისი თავი გაკიცხა. მოშივებოდა. წარმოიდგინა, ალბათ, ცუგოსაც როგორ შიოდა, საათს დახედა, უკვე ათი დაწყებულიყო.
-კარგი, მეგობარო, ცოტა წავიმხესოთ, - უთხრა და ზურგჩანთა გახსნა. ცუგო ყოველთვის მასზე ადრე იღვიძებდა და პირველი,რასაც ყოველ დილით მოგზაური ხედავდა ხოლმე, ძაღლის მოპყრობილი ორი შავი დიდრონი თვალი იყო. საჭმელი ამოიღო და ძაღლს დაუძახა, მაგრამ არც ფეხის გაფაჩუნების, არც დაყეფისა და არც წკავილის ხმა არ ყოფილა. კაცმა არემარეს მოავლო მზერა, ინსტიქტურად მაშინვე ფეხზე წამოვარდა.
-მეგობარო! - დაიყვირა, მაგრამ არავინ და არაფერი გამოპასუხებია, ის მარტო იყო, ჩიუაუის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში სრულიად მარტო დარჩენილიყო, ერთი ჩიტიც კი არ დანავარდობდა ზეცაში, მხოლოდ სამარისებური სიჩუმე, აი რა გამხდარიყო კაცის ერთადერთი კომპანიონი, - მეგობარო! - კიდევ ერთხელ დაიყვირა, მერე კიდევ ერთხელ... კიდევ... კიდევ და სანამ ხმა არ ჩაუწყდა და მისი უკანასკნელი მეგობარო სასოწარკვეთილ, ნაწყვეტ-ნაწყვეტად დანაწევრებულ ლუღლუღს არ დაემსგავსა, მანამ არ გაჩერებულა.
  იგრძნო, როგორ გაეჩხირა რაღაც ყელში და ეს რაღაც ძალიან დიდი იყო. მუხლები მოეკვეთა და მიწაზე დაეცა. ატირდა... თავი ხელებში ჩაირგო და მწარედ აქვითინდა. მთელი ეს მოგზაურობა იმიტომაც დაიწყო, რომ მეტი აღარავინ დაჰკარგვოდა და საყვარელი არსების, ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი აღარასდროს განეცადა, უკვე ისედაც საკმარისად ჰქონდა განცდილი, მაგრამ... მაგრამ მერე ცუგო გამოჩნდა. მის ცხოვრებაში დაუკითხავად შემოიჭრა და ბინაც დაიდო. ცუგოს შეეჩვია, არ უნდოდა, მაგრამ შეეჩვია, ეს ქვეცნობიერად, გაუცნობიერებლად მოხდა და მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ცუგო შეჰყვარებოდა, რომ ის მისი ოჯახის წევრი და ცხოვრების ყველაზე დიდი კომპანიონი გამხდარიყო, მაგრამ... მაგრამ ცუგო წავიდა... ცუგომ უღალატა და მთელ ამ გაუგებრობაში მარტო, სრულიად მარტოდმარტო დატოვა. ვინ თქვა, ძაღლები არასდროს ღალატობენო?! ვინ შთაუნერგა და დააჯერა ასეთი სისულელე?! ერთადერთი, ვინც გააჩნდა, ვისაც დაელაპარაკებოდა და იცოდა...ეგონა,რომ ისიც აუცილებლად მოუსმენდა და გასაჭირს გულთან მიიტანდა, ეს ცუგო იყო. მხოლოდ მასთან შეეძლო წარსულზე საუბარი, მხოლოდ მისი არ ერიდებოდა და არ რცხვენოდა, ცუგოს წინაშე თვალი თუ აუცრემლიანდებოდა, მაგრამ... მაგრამ ცუგომ უღალატა, უღალატა და ეს ძნელად დასაჯერებელი სიმართლე იყო, თუმცა მაინც სამწუხარო და საბედისწერო რეალობა. ის არავის ადარდებდა და არავინ იყო მისი ვარამის გამზიარებელი. კოლეგების გულწრფელი თანაგრძნობა?! ვის რაში სჭირდებოდა მათი ფუჭი, უაზრო სიტყვები. მას ცუგო სჭირდებოდა და ცუგო აღარ იყო.
   წამოდგა და უსიტყვოდ დაიწყო კარვის აკეცვა. შიოდა, მაგრამ პირი არაფრისთვის დაუკარებია. ჩანთა მოიკიდა და გზას გაუდგა. ცხელოდა, მზე ამოსულიყო და დღეს უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. ოფლი სახეზე წურწურით ჩამოსდიოდა, მაგრამ ვერც გრძნობდა. უბრალოდ მიდიოდა და როგორც იქნა, მიაღწია იმას, რასაც სურდა, უფიქრელობას. მიდიოდა და მხოლოდ ეს იყო, უბრალოდ მიდიოდა, არც არანაირი ფიქრი, არც აზრი, არც მოგონება, მხოლოდ ჰორიზონტი, რომელიც ბუნდოვნად ჩანდა მოგზაურის თვალსაწიერში. კაშხლამდე ცოტა რჩებოდა. დაიღალა, მაგრამ დაღლასაც ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ უზარმაზარ სიცარიელეს, რომლის შევსება ვერც ტკივილს, ვერც იმედგაცრუებას, ვერც გულგატეხასა და უკვე ვეღარც ვერაფერს შეეძლო.
   Presa Francisco I. Madero ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი კაშხალია და ძირითადად მუდამ წყლის უზარმაზარ ჭავლზე მუშაობს, შორიდან რომ შეხედო კონსტრუქციას თუ ვერ დაინახავ, უთუოდ უზარმაზარი ჩანჩქერი გეგონება. ჩიუაუის უდაბნო მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება, კაშხლის მთავარი შესავლელი კი სამხრეთითაა. თუ მოინდომებ, უდაბნოს მხრიდან ისე შეიპარები ამ ტერიტორიაზე, ვერავინ ვერ შეგამჩნევს.
   დროისა და მანძილის შეგრძნებაც დაეკარგა, ამიტომ არ იცოდა რამდენი ხანი მოდიოდა, ან რა მანძილი გამოიარა. საათზეც არ დაუხედავს, რადგან ამასაც აღარ ჰქონდა აზრი, აზრი უკვე აღარც არაფერს ჰქონდა და მთელი ეს ისედაც სულელური მოგზაურობა კიდევ უფრო დიდ სისულელედ ეჩვენებოდა. ის უკვე კარგა ხნის მკვდარი იყო და თავის ცოცხლად მოჩვენება აშკარა იყო, რომ არ გამოსდიოდა. ისიც იმ დღეს მოკვდა... მასთან ერთად იმ საოპერაციოში, თუმცა ცოტაოდენი იმედი კიდევ არსებობდა, მიჩვეული იყო დანაკარგთან გამკლავებას, მაგრამ მერე... მერე მეორეჯერაც მოკვდა, ახლა კიდევ, უკვე მესამედ, ის ხელახლა მოკლა ცუგომ. წყლის ხმა რომ გაიგონა, ნაბიჯს აუჩქარა.  Presa Francisco I. Madero-ც მალევე გამოჩნდა. შედგა. ყველა ფიქრმა ერთად მოიყარა თავი და მთელი სიმძიმით თავზე ჩამოემსხვრა. თავი ასტკივდა. მოგონებების მორევში ჩათრეულიყო, ერთ სცენას მეორე ცვლიდა. „უნდა გადაგერჩინა, ვერ გადაარჩინე“, გონებაში საკუთარი ხმა ჩაესმოდა, რომელსაც მთელი კონსილიუმის „ეს შენი ბრალი არ იყო, ვერაფერს გავხდებოდით“ უპირისპირდებოდა. ამაზე ისე საუბრობდნენ, როგორც ერთ რიგით საქმეზე, რიგით ობიექტზე. ოპერაცია თავად არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ის იყო საუკეთესო და თანაც საშინელ ავტოკატასტროფაში მოყოლილი ერთადერთი ქალიშვილის სიცოცხლეს სხვას ვერავის ანდობდა. როდესაც დაინახა... თვალწინ სწორედ მისი დასახიჩრებული, დასისხლიანებული სხეული წარმოუდგა. ის არამზადა, რომელმაც უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალ გოგონას გადაუარა, ვერც კი იპოვეს. შესთავაზეს, უთხრეს, თუ გინდა ოპერაციას ჩვენ გავაკეთებთო, მაგრამ... სასიცოცხლო ნიშნები თითქმის არ აღენიშნებოდა, ალბათ, გულის სიღრმეში თავადაც ხვდებოდა და იცოდა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, სხვას რომ დაჰღუპვოდა, საკუთარ თავს ვერ აპატიებდა, რომ ოპერაცია თავად არ გააკეთა, მაგრამ თავად მას დაეღუპა, თავად მის ხელებში შეწყვიტა სუნთქვა და გულის ხელოვნური მასაჟის დროს თავად იგრძნო თავისი ქალიშვილის უკანასკნელი ამოფეთქვა.შემდეგ ყველაფერი ბუნდოვანი იყო, ყურებში საშინელი წუილი ჩაესმოდა, აღარაფერი ესმოდა, თავადაც აღარ უცემდა გული. ხელი მოჰკიდეს და გარეთ გაიყვანეს, სკამზე დასვეს, არ შეწინააღმდეგებია. პირველი,რაც აზრად მოუვიდა იყო ის, რომ როდესაც თავისი ქალიშვილი დაინახა, პირველად თავის ცხოვრებაში ღმერთს მოუხმო, წამიერად გულწრფელად იწამა მისი და დახმარება შესთხოვა, მაგრამ ღმერთმა არ  მოუსმინა, ღმერთი არ დაეხმარა, ღმერთი არ არსებობდა...
   პირველად მაშინ მოკვდა, თავისი ქალიშვილის გვერდით, საავადმყოფოში. იმის შემდეგ ოპერაციაზე არ შესულა, ის იყო მისი ბოლო ოპერაცია, მისი ბოლო პაციენტი. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ერთ დროს მოსიყვარულე ოჯახი, წლების განმავლობაში დიდი ჯაფითა და სიყვარულით შეკოწიწებული, მომენტალურად ჩამოიშალა. ის და მისი მეუღლე ისე გაუცხოვდნენ ერთმანეთთან, რომ დღის განმავლობაში, ფაქტობრივად,საერთოდ არ საუბრობდნენ და თავიანთთვის იკლავდნენ გულში გაუსრულებელ დარდსა და სევდას. რამდენიმე კვირაში ცოლიც დაკარგა. ვერ აპატია, რომ ქალიშვილი ვერ გადაურჩინა. მეორედ მაშინ მოკვდა. ახლა კი... ახლა ცუგომ აძგერა გულში ლახვარი. ეგონა,რომ იმის შემდეგ, რაც გამოიარა, უარესი ტკივილის განცდა წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ მაინც განიცადა, წამიერად, თუმცა მაინც... მერე კი...მერე ყველაფერი გამორთო - ემოციები, გრძნობები, განცდები, უბრალოდ ყველაფერი უაზრო და ერთფეროვანი გახდა, ტკივილიც და სიხარულიც, ტანჯვაც და ბედნიერებაც, მწუხარებაც და ეიფორიაც, სიკვდილიც და სიცოცხლეც. კაშხალს მიუახლოვდა. გარემო დაზვერა. არავინ იყო, მხოლოდ წყლის გამაყრუებელი ხმა. ტბას დაუყვა და უშუალოდ კონსტრუქციას მიადგა, საიდანაც  წყლის უზარმაზარი ნაკადი ჩანჩქერივით ვარდებოდა ქვემოთ. წამითაც არ შეყოვნებულა ისე ავიდა კონსტრუქციაზე. კაშხლის შუა ნაწილამდე მივიდა და ქვემოთ ჩაიხედა. უკვე წყალიც აღარ ხმაურობდა, სრულიად მარტო დარჩენილიყო თავის სიცარიელეში, მაგრამ წამიერად მაინც მოესმა რაღაც ხმა და იქითკენ გაიხედა. Presa Francisco I. Madero-ს აღმოსავლეთ მხარეს კაფეები და რესტორნებია მოწყობილი, როგორც აღმოჩნდა სრულებით მარტო არ ყოფილა, ვიღაც კაცი იდგა, მისგან ძალიან შორს იყო, მაგრამ სილუეტის გარჩევა შეეძლო. ის უყვიროდა რაღაცას, ესპანურად, სიტყვებიც რომ გაერჩია, მაინც ვერ გაიგებდა. ხელს უქნევდა, თავი შემოაბრუნა და ყურადღება არ მიაქცია. კაცი სხვების დასაძახებლად გაიქცა, მაგრამ უკვე ამასაც აღარ ჰქონდა აზრი, უკვე ყველაფერი გვიანი იყო. აი, მოვიდა დანიშნულების ადგილზე, სამყაროს კიდეზე. ადგილი,რომლის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდა და რომელსაც ასე დაუღალავად ეძებდა, Presa Francisco I. Madero აღმოჩნდა, სამყაროს კიდე, ამ სამყაროსა და იმ სამყაროს გასაყარი. მაინც იპოვა. არ ეგონა აქამდე თუ მოვიდოდა, ვარაუდობდა, რომ ან უდაბნოში შეჭამდა რამე, ან გზაში დაესხმებოდა ვინმე თავს, მაგრამ მოაღწია, მან ეს შეძლო. იქნებ, ცუგოს არც  უღალატია, პირიქით, დაეხმარა კიდეც; იქნებ, მართლაც არსებობდა განგება, რომელმაც მოგზაურს ცუგო შეახვედრა; იქნებ, მართლაც შეისმინა ღმერთმა მისი თხოვნა. თვალები დახუჭა და თითქოს გათავისუფლდა, სიცარიელისაგანაც კი გათავისუფლდა. ისე გადახტა, თვალი არ გაუხელია. ვერც წყალში ჩახტომა იგრძნო, ვერც ის, თუ როგორ აევსო ფილტვები, ეს ყველაზე მარტივი და უმტკივნეულო სიკვდილი იყო, ან უბრალოდ მართლა აღარ შეეძლო აქამდე გამოვლილზე უარესის განცდა.