ბეღურამ მკითხა - აქ
რა გინდაო,
მან გაკვირვებაც კი ვერ დამალა,
ცის თაღზე უცხო კაცის დანახვამ
შეაშფოთა და ააფრთხიალა.
საუფლოს ახლოს, ნეტარებაში,
სად გაგონილა, კაცი რომ ფრენდეს?!
და უეცარი თავდავიწყებით
მხრებზე ფრთებსაც რომ გამოისხამდეს?!
წამით ჩავხედე მე მას თვალებში
და იქაც უმალ ის დავინახე,
ვინც მე შემასხა ზენარი ფრთები
და ამაფრინა ზეციურ თაღზე,
სადაც განცდების ქარტეხილები
მოძალებული მეძგერა ნეტარს
და მაშინ მივხვდი,ვიგრძენი ფრთები
ნელ-ნელა როგორ იწყებდნენ ცვეთას.
მართალი იყო ჩემი ბეღურა,
მართლაც რა უნდა კაცს ზეცის თაღზე,
რა ესაქმება საუფლოს ახლოს,
ბედნიერების მფეთქებარ ნაღმზე.
განა რა არის იმის შანსები,
უსაფრთხოდ გახვალ მეორე მხარეს
და სიყვარულის გრძნობა მგზნებარე
არ აგაფეთქებს, ჩაგფლავს სამარეს.
ეს ის ძალაა, თავდაპირველად,
ცაში რომ აგჭრის, ფრთებსაც შეგასხამს,
შემდეგ კი ქარიშხალს დაგატეხს და
კაცმა არ იცის, კიდევ რას გიზამს.
ფრთამოტეხილი მიწას ეცემი,
ტკვილის განცდა უზადო არის,
რომ გავიწყდება შენ სიხარულიც
და სიყვარულიც აღარსად დაქრის.
მხოლოდ იარა მოუშუშარი
და ერთი აზრი, ხმა გონებაში,
აქ რა გინდაო - მკითხა ბეღურამ,
რა გესაქმება შენ -კაცს -ზეცაში?!
გიორგი ჩაჩხიანი