ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Friday, June 3, 2016

შავი თეთრზე

 1940-იან წლებში მანჰეტენზე მდებარე სახლიდან გამუდმებით ღიღინის ხმა გამოდიოდა, ფანჯრებში რომ შეგეხედათ, უთუოდ დაინახავდით რამდენიმე მოლბერტს, პალიტრებსა და უამრავ უზარმაზარ ქაღალდს, რომლებზედაც მრავალი ჩანახატი დაეტანებინათ. ისეთები,რომლის ორიგინალსაც მხოლოდ ხელოვნების მუზეუმში თუ მოკრავდით თვალს. ნებისმიერი გამვლელი მიხვდებოდა აქ უდიდესი მხატვარი - პოლ რიტი რომ ცხოვრობდა. ის იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა სიცოცხლეშივე რომ დააფასეს, თავისი საყვარელი ხელსაქმით ცნობილიც გახდა და ბევრი ფულიც იშოვა. მისდა საუბედუროდ 60 წლის ასაკში,მაშინ,როდესაც თავისი შემოქმედების მწვერვალი დაეპყრო და ლეონარდო და ვინჩსა თუ ვან გოგს უნდა გაჯიბრებოდა პარკისონის დაავადება დაემართა. მკურნალობაზე უამრავი ფული დახარჯა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გამოჯანმრთელდა, ხელებისა და თითების კანკალს ვერაფერი უყო და ფუნჯსაც საბოლოოდ გაუშვა ხელი.  მთელი ცხოვრება დაენგრა, ექიმების დაჟინებული მოთხოვნების მიუხედავად სასმელს მიჰყო ხელი, როდესაც ვითარება დამძიმდა და გააცნობიერა საკუთარ თავს რასაც უკეთებდა, როდესაც ტელევიზიით საკუთარი თავი არაფხიზელ მდგომარეობაში დაინახა, როდესაც იმედგაცრუებული თაყვანისმცემლების მზერას მოჰკრა თვალი გააცნობიერა,რომ ასე ცხოვრება არ შეიძლებოდა. შესაძლოა მეტი ვეღარ გაეკეთებინა,მაგრამ არც თავისი პიროვნება და არც წვალებით შექმნილი რეპუტაცია უნდა დაენგრია. როდესაც რეაბილიტაცია გაიარა და გალოთებით გამოწვეულ პრობლემებზე იმკურნალა, ქალაქგარეთ სახლი იყიდა, აღმოაჩინა,რომ ახალგაზრდობისას ნაშოვნი ფული სულ გამოლეოდა. ფაქტიურად აღარაფერი გააჩნდა, მთავრობა პენსიას კი უხდიდა,მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მას მკურნალობასა თუ სხვა საქმეებში სჭირდებოდა.  ხატვა იყო მისი საქმე, მისი ხელობა ის,რაშიც ძლიერი იყო და რამაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. უნდა ეცადა, ამჯერად საკუთარი თავის გადასარჩენად უნდა ეცადა. მოლბერტს წლობით გადაფარებული დამტვერილი თეთრი გადასაფარებელი ძლივსძლივობით გადააძრო და ფუნჯი აიღო. განერვიულებულს ხელი კიდევ უფრო აუკანკალდა, ფუნჯი ისე გაუვარდა ქაღალდამდეც ვერ მიაწვდინა. ისევ სცადა,ისევ უშედეგოდ. მოლბერტს მივარდა და გადმოაყირავა, მუხლებზე დაეცა. საშინლად ტიროდა, საკუთარ თავსა და ბედს ემდუროდა, რადგან სწორედ მაშინ უმტყუვნეს ხელებმა,როდესაც ეგონა,რომ ყველაფერს მიაღწია და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი გახდა,რომ მის შესახებ ასწავლიდნენ და ვინჩთან,ვან გოგსა თუ მოდელიანთან ერთად.
   მეორე დღეს უახლოესი მეგობარი და ყოფილი აგენტი ესტუმრა. პოლმა მას თავისი ამაოების შესახებ უამბო.
-მე დაგეხმარები, შემიძლია დაგეხმარო-უთხრა ჯორჯმა.
-არ მინდა შენი დახმარება! - გაბრაზებულმა წამოიძახა რიტიმ-მე...მაპატიე...
-ყველაფერი რიგზეა - კაცმა ხელი მხარზე დაადო. - ვიცი, აღელვებული ხარ,მაგრამ მე შენ გვერდით ვარ, ყველაფერს გადავლახავთ. - პოლმა მეგობარს დასევდიანებული, ამღვრეული თვალებით შეხედა.
-გმადლობ,ჯორჯ,გმადლობ... უბრალოდ, მხოლოდ ერთი ნახატი და რამდენიმე ათასს ვიშოვნიდი, მხოლოდ ერთი ნახატი - ქვითინი დაიწყო. ქაღალდსაც კი ვერ შევახე ფუნჯი, გესმის? რომელ კონტურების გაკეთებასა და შედევრების შექმნაზეა საუბარი. მინდოდა,რომ...
-ვცადოთ, კიდევ ერთხელ ვცადოთ.
-აზრი არ ექნება, ფუნჯსაც ვერ ვიჭერ ხელში.
-თუ მოინდომებ ყველაფერი გამოვა.
-ამის მართლა გჯერა?
-კი, პოლ, მჯერა- ჯორჯმა მას ღიმილით შეხედა. წამოდგა, მოლბერტი წამოაყენა და  ძირს დაგდებული პალიტრა და ფუნჯი აიღო. პოლი მას ნელ-ნელა, მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა.
-რა უნდა დავხატო?
-არ ვიცი, უბრალოდ ცადე, დაიწყე და შემდეგ თავად მიხვდები რაც უნდა დახატო.
   ჯორჯმა მას ფუნჯი მიაწოდა, საღებავში ჩააწო და მოლბერტისკენ მიმართა, სულ ცოტა ჰქონდა დარჩენილი, როდესაც ხელიდან გაუვარდა.
-ხომ გითხარი, არაფერი გამოვა-იმედგაცრუებით თქვა მხატვარმა.
-ისევ ვცადოთ, ამჯერად მე დაგეხმარები- ჯორჯმა ხელი დაუჭირა და რაც შეეძლო ქაღალდთან ახლოს მიუტანა. თავი დაუქნია და უმალვე გაუშვა, ფუნჯის წვერი ქაღალდს შეეხო,სანამ ფუნჯი გაუვარდებოდა პოლმა საღებავის გათხაპნა და მისი მცირედად ჩამოსმა მაინც შეძლო.
-აღარ  შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ.
-რაღაც ხომ მაინცაა.-ნახატს შეხედა და სევდიანად, თუმცა ამავე დროს სარკაზმით თქვა:
-კარგი რა, სწორი ხაზიც კი არაა.- წამიერად ორივე დუმდა.
-მოდი ამ ნახატს წავიღებ.
-ნახატს, შენ რა დამცინი? ნაგვის ურნაში ჩასაფენად თუ გინდა პირდაპირ მითხარი.
-არა, პოლ, ვნახოთ რა იქნება.
-ვიცი,რომ ცდილობ თავი კარგად მაგრძნობინო,მაგრამ გთხოვ, არ გინდა.
-მოდი, მაინც წავიღებ.
-წაიღე, მე რა ჯანდაბად მინდა, რომ ვუყურებ უფრო ვაცნობიერებ რა უსუსურიც ვარ.
-ასე ნუ ამბობ,გთხოვ.
-აბა ამ სისულელეს შეხედე ჯორჯ, სწორი ხაზის ჩამოსმაც კი არ შემიძლია, ნამდვილი უაზრობაა. გთხოვ, უბრალოდ აქედან მომაშორე.
-წავიღებ, პოლ-თქვა და ქაღალდი მოლბერტიდან ჩამოხსნა, - თავს გაუფრთხილდი,-მეგობარს დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა.
   ერთი კვირა გასულიყო,რაც რიტის თავისი მეგობრისგან არაფერი გაეგო, ნახატის არსებობაც დავიწყებოდა. შაბათის საღამო იყო კარზე გაბმული ზარი რომ მოესმა. კარები ძლივსძლივობით გააღო და სახეგაბადრული,ნამდვილი შეშლილივით მომზირალი ჯორჯი შიგნით შემოუშვა.
-გავყიდე,პოლ! - ომახიანად უთხრა კაცმა.
-რა გაყიდე?
-ნახატი, შენი ნახატი გავყიდე,პოლ! - პოლი ადგილზევე გაქვავდა.
-მეხუმრები,არა?
-არა, მართლა, აუქციონზე გავიტანე, ტელევიზიამაც გაიგო, ხვალ მოვლენ შენ ჩასაწერად, აუქციონამდე რამდენიმე საათი მუზეუმშიც იყო გამოფენილი, რომ იცოდე, რას არ ამბობდნენ.
-მოიცა,მართალს მეუბნები?
-ყველაფერს ვფიცავარ,პოლ.
-ეგ სისულელე რომელ იდიოტს უნდა ეყიდა, მაგას პატარა ბავშვის ნაჯღაბნიც კი ჯობია.
-მაიკლ ფელიმ იყიდა.
-რა?! იმ თავმომწონე მილიარდელმა?
-ჰო, მან მოიგო აუქციონი.
-და რამდენი გადაიხადა?
-ვერ დაიჯერებ,პოლ...
-რამდენიმე ათასი? - ჩაიცინა პოლმა.
-24 მილიონი - სრული სერიოზულობით თქვა ჯორჯმა.
-რა?!- რიტი ელდანაცემივით იდგა.
-ჰო, პოლ, 24 მილიონად იყიდა, ფულს ხვალ ჩარიცხავენ, უზრუნველად იცხოვრებ,მეგობარო.
-ჰაჰ- ჩაიცინა მხატვარმა, ჯერ ისევ შოკში იყო, ვერ იჯერებდა,რომ რაღაც ლაქა, რომელსაც ნაჯღაბნიც კი არ ეთქმოდა საერთოდ გაიყიდა, მითუმეტეს ის 24 მილიონად იყიდეს.
-ის შენ დახატე, პოლ, ეს შენმა ფუნჯმა გააკეთა, ამდენი ხნის შემდეგ, შენი უკანასკნელი ნამუშევარი, დიდი პოლ რიტის შედევრი, სახელს ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია.
-ღმერთო, ვერ ვიჯერებ,რომ ასეთ უაზრობაში ამდენი ფული გადაიხადეს.
-უაზრობაში?-ჯორჯს სიცილი წასკდა-რომ იცოდე მასზე რას არ ამბობდნენ, ქაოსური მოძრაობაა, რომელიც საწყისიდან ნელ-ნელა სიღრმეში იძირება და უსასრულობას ერწყმისო, ზოგი იმასაც ამბობდა ამაში პოლის ცხოვრება მოიაზრება, თავიდან მუქი, ძლიერი და დომინანტურია, ხოლო შემდეგ კი ნელ-ნელა ღიავდება, იცრიცება და ბოლოს აღარაფერი რჩება, ისეთივე ქაოსური და უწესრიგოა,როგორიც თავად მისი ცხოვრებაო. ეს ნახატი შენს ბიოგრაფიად შერაცხეს და შენივე შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესოდაც აღიარეს.
-ღმერთო დიდებული- გაოცებით წამოიძახა რიტიმ და სავარძელში ჩაეშვა- ეს რა დიდებული რამე შემიქმნია და ამას ვერც მივმხვდარვარ.
-აბა, ისევ გინდა ნაგვის ურნაში ჩავაფინო?- სიცილით ჰკითხა ჯორჯმა.
-ვფიქრობ, აჯობებს ფელიმ ჩამოკიდოს თავის საძინებელში, ბოლო-ბოლო დიდი პოლ რიტის ცხოვრებაა- ორივენი ახარხარდნენ და ღრმა ფიქრებში ჩაიძირნენ.

გიორგი ჩაჩხიანი