რთულია არჩევნის გაკეთება,
რთულია გაიგო ვინ იყავი, ვინ ხარ და ვინ გინდა გახდე.რატომ დავიბადეთ, რატომ ჩვენ
და არა სხვები? მართალია, რომ ყველა დაბადებული ბავშვი ერთმანეთისგან განსხვავდება
მაგრამ მაინც, რატომ ისინი და არა სხვები? ცხოვრება, რისთვის ცხოვრობს ადამიანი,
იმისთვის,რომ შთამომავლობა დატოვოს, სწორედ ამას მოითხოვს ის უფლისგან, მაგრამ
ის,ვინც შთამომავლობას არ ტოვებს, ის რისთვისღა ცხოვრობს? ადამიანებმა ერთმანეთში
დავა დაიწყეს, დაუსრულებებელი კინკლაობა,რომლის დამთავრებასა და მოგვარებას ვერ
ახერხებდნენ, ამან კი ახალი საქმის, ახალი პროფესიის, იურისტისა და ადვოკატის
შექმნა გამოიწვია. ადამიანმა იქურდა, ამის აღსაკვეთად პოლიციელი გახდა საჭირო, მის
განსასჯელად კი მოსამართლის პროფესიას ჩაეყარა საფუძველი, მერე ვიღაცამ ბევრი
ფულის შოვნა მოინდომა და ბიზნესი წამოიწყო, ასე წარმოიშვა ბიზნესმენი. ის დარგები
და ის პროფესიები,რომლებსაც ყველა ეტანება, ყველას უნდა რაღაც შეცვალოს,
წარმატებული და პოპულარული გახდეს, მაგრამ აზრი? იცხოვრებ, ფულს დააგროვებ, არცერთ
სიამოვნებას არ მოიკლებ, მერე გავა რამდენიმე წელი და უბრალოდ მოკვდები, შენი
შთამომავლობაც კი აღარ მოგიგონებს. მერე რა,რომ კარგი იურისტი, ანდა ჟურნალისტი
იყავი. დავები ხომ აქ ხდება, დედამიწაზე, ზემოთ უვე ღმერთი წყვეტს ყველაფერს, ანუ
ეს პროფესიები მხოლოდ ამ სოფელს ეკუთვნის, აქაურია, მიწიერია,სადაც არც ადამიანის
აზროვნება, გრძნობები, განცდები და სულიერება არ იკითხება.
კიდევ ერთი საინტერესო კითხვა
არსებობს, რა არის ნიჭი და რისთვის მოგვცა იგი უფალმა? ნიჭია სწორედ ის,რაც
ხელოვნებას წარმოშობს, ნიჭი თავად შემოქმედებაა, რომელიც თავის მხრივ მრავალ
დარგად და პროფესიად იყოფა. მწერლობა, არტისტიზმი, მხატვრობა, მუსიკოსობა და სხვა.
სწორედ ასეა შესაძლებელი რაღაცის შექმნა, საკუთარი სახელის უკვდავყოფა. შორს აღარ
წავალ და ყველასათვის კარგად ცნობილ პიროვნებას, შოთა რუსთაველს მოვიგონებ,
რომელიც ნამდვილი გენიოსი გახლდათ, „ვეფხისტყაოსანზე“ საუბარს ნამდვილად არ
ვაპირებ, შოთა მხოლოდ იმიტომაც იყო გენიოსი,რომ ის ამდენი წლის, 9 საუკუნის
შემდეგაც ისევ ცოცხალია, ისევ გვასწავლის, ისევ გვმოძღვრავს, თითქოს ჩვენ გვერდით
კოცონის პირას ზის და საკაცობრიო თემებზე გვესაუბრება. რა არის ადამიანი? ის თუ
როგორი ხარ, როგორ გამოიყურები ამას რა მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაფერი
წარმავალია, სულს ხომ სახე არ გააჩნია, მაშ რაა სული? ეს ადამიანის ბუნება,
ცნობიერება და გონებაა, მაშასადამე თავად ადამიანიც სწორედ რომ გონებაა, აზროვნება
და შეხედულებები აყალიბებს პიროვნებას. ვამბობ,რომ რუსთველი დღესაც
ცოცხლობს,რადგან იგი ისევ გვესაუბრება თავის აზრებზე, შეხედულებებზე, 9 საუკუნის
შემდეგაც ვგებულობთ და ვმსჯელობთ მისი სიყვარულის უნარსა თუ იმ სხვა
თემებზე,რომელიც პიროვნებას აყალიბებს. მერე რა,რომ მის ვიზუალს ვერ ვხედავთ,
სამაგიეროდ მისი ქვეცნობიერია ჩვენთან,რომელიც მზადაა საჭირო მომენტში გვირჩიოს,
დაგვმოძღვროს, უბრალოდ დაგვემაროს, ჩვენი უფროსი მეგობარი გახდეს და რაღაც-რაღაცებში
დაგვარწმუნოს კიდეც, ესაა მწერლობა, საქმე,რომელიც ისტორიას დარჩება.
ალბათ, კინო მსახიობები
შემედავებიან, მეტყვიან,რომ თავიანთი ფილმებით ისინიც მუდამ იცოცხლებენ და
იარსებებენ, მათზე ისაუბრებენ და განიხილავენ, მაგრამ მსახიობი ხომ თამაშობს,
ვიღაცის დაწერილ, შექმნილ როლს ირგებს, კარგი მსახიობი კი მიმიკასა და
გამომეტყველებას, გარეგნობას იცვლის. ვერასდროს გავიგებთ თუ როგორია ის შინაგანად,
რას წარმოადგენს, ვერ შევიტყობთ მის შეხედულებებზე, არ შეგვეძლება ვისაუბროთ მის
პიროვნებაზე, და თუ გონება და აზროვნება ქმნის ადამიანს მაშინ ისტორიას დარჩება
მსახიობის შექმნილი პერსონაჟები და არა თავად მსახიობი, მაგრამ თავისი ხელსაქმის
წყალობით მისი სახელი და გენიალურობა ნამდვილად იქნება უკვდავყოფილი.
მხატვრობა და მუსიკოსობა
ცოტა სხვა თემაა, აქაც საკმაოდ კარგად ჩანს და იკვეთება ადამიანის სული,
შესრულების მანერა, სტილი, ლირიკები და ფერთა გამა ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ
ამაღელვებელი და სულისშემკვრელი სანახაობის მიღმა იმალება ავტორის ფიქრები და
მოსაზრებები. ნახატით ყველაფერზე ვერ ისაუბრებ, ვერც მუსიკის ტექსტში ჩაატევ ყველა
აზრს. წიგნი კი მათგან განსხვავებით უსაზღვრო და უკიდეგანოა, კარგ მწერალს
სრულებით უნდა ეყოს 1000 გვერდი თავისი სული რომ ჩააქსოვოს მასში, განა მართალი არ
ვარ, თუ რუსთველმა ეს სადღაც თექვსმეტ მარცვლიან 1662 სტროფსა და 500 გვერდში
მოახერხა, საშუალო დონის მწერალი ამას 1000 გვერდში ნამდვილად შეძლებს.
თუმცა, მთლად საქმე მარტო
შემოქმედებითობასა და ხელოვნებაშიც არაა, არსებობენ პოლიტიკოსები, ფიზიკოსები,
ქველმოქმედები, მომავლის შეცვლისთვის აღტკინებული და მებრძოლი ხალხი, განა ისინი
არ დარჩებიან ისტორიას? რა თქმა უნდა ასე იქნება, ჯორჯ ვაშინგტონი, აბრაამ
ლინკოლნი, მაჰათმა განდი,დედა ტერეზა,მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, უინსტონ
ჩერჩილი, ადოლფ ჰიტლერი,იოსებ სტალინი, ისააკ ნიუტონი,ალბერტ აინშტაინი,ნილს
ბორი,გალილეო გალილეი,მაიკლ ფარადეი, იგივე დიდი აღმომჩენები და მკვლევარები
ქრისტეფორე კოლუმბი, ამერიგო ვესპუჩი, ვასკო და
გამა, მარკო პოლო,თუნდაც ბილ გეითსი, მაგრამ მათზე უფრო ნაკლები ვიცით,
ვიდრე ჯორჯ ორეულზე, ლევ ტოლსტოიზე,ერნესტ ჰემინგუეიზე, შოთა რუსთაველსა და
სხვებზე, რადგან მათი ფიქრები და აზრებია ჩვენთვის ცნობილი(რა თქმა უნდა ზემოთ
მოხსენიებულ პირებს შორის რამდენიმეს საკუთარი წიგნიც აქვს დაწერილი, მაგ. უინსტონ ჩერჩილი,რომელმაც ნობელის პრემიაც აიღო
ლიტერატურის დარგში, ის მწერალიც გახლდათ და პოლიტიკური კარიერის დასაწყისში მისი წიგნი
„ომი მდინარეზე“ ბესტსელერი გახდა. სხვებზე აღარ განვავრცობ, ალბათ მათი ბიოგრაფია
თავადაც გეცოდინებათ და თავს აღარ შეგაწყენთ.) ასეთი ადამიანების საქმიანობა
ძალზედ მნიშვნელოვანია, სწორედ ფიზიკოსთა დამსახურებაა დღეს სიბნელეში რომ არ
ვზივართ, პოლიტიკოსებისა და დიპლომატიის ბრალია ყველა ერთმანეთს
სამკვდროსასიცოცხლოდ რომ არ ებრძვის. შეიძლება, ფიზიკოსები განსაზღვრავენ მსოფლიოს
ბედსა და მომავალს,მაგრამ პოლიტიკოსები გადაწყვეტენ აწმყოს და რომ არა აწმყო არც
მომავალი იქნებოდა, რომლის გარეშეც ვერც ლექსი დაიწერებოდა, ვერც ნახატი
დაიხატებოდა და ვერც მუსიკა შეიქმნებოდა, მაგრამ ექიმი რომ არ ყოფილიყო ის ფიზიკოსიც
დაიღუპებოდა და პოლიტიკოსიც,რომელიც რაიმეს შეცვლას მოინდომებდა ამ სამყაროში. ყველა პროფესია მნიშვნელოვანი და საჭიროა,
უბრალოდ შეუძლებელია ყველა დარჩეს ისტორიას, ყველას შესახებ ისაუბრონ და ყველას
შეხედულებები განიხილონ, ყველამ ურჩიოს მომავალ თაობებს და ასწავლოს მათ რა არის
სიყვარული, მეგობრობა, ვაჟკაცობა, ღირსება, ურთიერთ პატივისცემა, ტოლერანტობა,
შეაცნოს თუ რა არის და რას ნიშნავს იყო თავისუფალი, გყავდეს ოჯახი, შვილები, რას
ნიშნავს ცხოვრება, როგორ შეგიძლია არაფრის მქონეც კი გახდე ბედნიერი მხოლოდ იმიტომ,რომ
ცოცხლობ, იმ სამყაროში დაიბადე, სადაც უყვარდებათ, სადაც ზრუნავენ, სადაც
იციანიან, სადაც უხარიათ და სადაც განიცდიან. ეს ჩვენ ვართ, იღბიალი ადამიანები,
სწორედ ჩვენ დავიბადეთ და არა სხვები, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, ყველაზე უიღბლოც
კი ყველაზე იღბლიანია ამის გამო. ამ ფენომენს ვერც პოლიტიკოსი შეგაცნობს და ვერც
ფიზიკოსი ანდა სხვა ვინმე, მხოლოდ მწერალს შეუძლია ჭეშმარიტი გზის ჩვენება და მას
ძალუძს წამებში იქცეს შენს საუკეთესო მეგობრად,რომელიც ყოველგვარი დაყვედრების
გარეშე, უანგაროდ მოგცემს საუკეთესო რჩევას, მაგრამ ის არ გეტყვის რა უნდა
გააკეთო, რა აზრის აქვს ვინმეს რჩევას? თუ ადამიანს ცვლილებების მოხდენა და
უკეთესი ცხოვრება უნდა მისთვის საუკეთესო მრჩეველი საკუთარ თავში მოთავსებული ხმა
იქნება, უბრალოდ მწერალი მიგახვედრებს თუ როგორ ამაოებაში ცხოვრობ, რაში კარგავ ცხოვრების
უძვირფასეს წუთებს, რაზე დარდობ,როდესაც შეგიძლია უაზრო წუხილი სიხარულსა და
ბედნიერებაში გაატარო. მწერალი არა მხოლოდ ერთის მრჩეველია, არამედ ყველასი, ვინც
კი მის ნაშრომს წაიკითხავს, მასზე დაფიქრდება და თუნდაც საუკუნეების წინ
გარდაცვლილ უკვდაყოფილ სულს დაუმეგობრდება. ეს არის ის, რაც ისტორიას დარჩება, არა
მხოლოდ სქელკანიან ტომებში, არამედ ადამიანთა გონებასა და აზროვნებაში, თაობები
შეიცვლება, ცხოვრება შეიცვლება, მაგრამ უკვდავი და უცვლელი იქნება მწერლის
აზროვნება და მისი რჩევის მომცემი უბადლო ნიჭი,რადგან ადამიანის ფსიქოლოგია
უცვლელია, ყოველთვის ვებრძვით ერთმანეთს, ვცდილობთ პირველნი ვიყოთ, არ გვინდა
ვინმეს დავუთმოთ და ვდარდობთ ისეთ რამეებზე, რაზე წუხილიც ნამდვილად არ ღირს,
უინსტონ ჩერჩილმა თქვა: „ მე მახსოვს მოხუცი კაცის ამბავი,რომელმაც სასიკვდილო
საწოლზე მიჯაჭვულმა თქვა,რომ მას ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა,რომელთა უმეტესობა
არც კი ყოფილა(მომხდარა-უფრო ზუსტი თარგმანით).“ ასე რომ, რა არის საქმე, რომელიც
ისტორიას დარჩება?