ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Friday, July 17, 2015

ბებიკოს ოინები


  იყო და არა იყო რა,იყო ერთი - ასე ზღაპრებს იწყებენ ხოლმე,ამიტომ, რადგანაც ჩემი ამბავი ზღაპარი არ არის ასე დავიწყებ - იყო რა ერთი ბებო. მაგრამ მკითხავთ, აბა რომელი ბებოო და ასე დაწყებაც არ ივარგებს,  ჩვენს ბებოს ცრურწმენების ჯეროდა და მას ლამზირა ერქვა. დასაწყისისთვის მხოლოდ ამის ცოდნაც საკმარისია,რადგან როდესაც ამ ამბის მოყოლა გადავწყვიტე მეტი არც მე ვიცოდი. ახლა კი ცოტა ვისაუბროთ ქალბატონ ლამზირაზე. ბებია 76 წლის გახლდათ, მაგრამ საკმაოდ ენერგიულად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. იგი სოფელში მარტო ცხოვრობდა,ქმარი გარდაცვლოდა, ქალიშვილი თბილისში გათხოვილიყო და ქმართან და ორ შვილთან ერთად დედაქალაქში ცხოვრობდა.  ჩვენი ლამზირა ქალიშვილს ქალაქში არ წაჰყვა,ასე უთხრა ქალაქი აბა რა ჩემი საქმეაო და დარჩა თავისთან, სოფელში. იგი თავის ორსართულიან სახლში დიასახლისობდა, სახლის უკან არაჩვეულებრივი ბაღნარი მოეწყო და ამ ყველაფრის მიუხედავად რამოდენიმე მამაკაცი მაინც ეუბნებოდა ცოლად უნდა მოგიყვანოო,მაგრამ ლამზირა თავის გარდაცვლილ მეუღლეს არა და არ ღალატობდა. მოკლედ, ორი სიტყვით რომ ვთქვათ „წიწკვი“ ბებო იყო ეს ჩვენი ქალბატონი ლამზირა. სოფელში იგი ყველას უყვარდა, მხნედაც გამოიყურებოდა და სიეშმაკეც არ აკლდა. ხშირად სოფლის ბირჟაზეც გამოჩნდებოდა ხოლმე, ბიჭებს კარტში მოუგებდა და ასე არხეინად გაუყვებოდა გზას შინისაკენ. იმ დღეს,როდესაც სამი დღის შემდეგ გადაუღებლად წოდებული წვიმა შემწყდარიყო ლამზირას ქალიშვილმა დაურეკა და მეტად სასიხარულო რამ უთხრა. ის და მისი მეუღლე ქორწილში მიდიოდნენ და დედას ჰკითხა ბავშვების დატოვებას თუ შეძლებდა,თანაც გზად მშობლიური სოფელი უნდა გაევლოთ. აღტაცებულმა ლამზირამ თანხმობა სიამოვნებით განაცხადა და სამზადისს შეუდგა. მეორე დილით სამზარეულოში გართული ბებია მანქანის სიგნალის ხმამ გამოარკვია. ლამზირა გარეთ გავიდა და საყვარელი შვილიშვილები დაინახა. ქერა, ლამაზი გოგონა 8 წლის იყო,ხოლო შავგვრემანი ბიჭი კი 7-ის გახლდათ.
- ანანო,დათუნა- ბებიამ შვილები გულში ჩაიკრა-თქვენ გენაცვალოთ,თქვენი ლამზირა ბებო,რამხელები გაზრდილხართ. - უთხრა ბებიამ შვილიშვილებს და შემდეგ შვილსა და სიძეს გადაეხვია. ისინი სახლში დაპატიჟა და მათაც გაბედულად შეაბიჯეს ლამზირა ბებოს სამკვიდრებელში.
  როგორც თავიდან გითხარით ჩვენს ბებიას ცრურწმენების ჯეროდა,თანაც ძალიან. მისი სახლი სავსე იყო უზარმაზარი ცხენის ნალებითა თუ ავი თვალისგან დასაცავი ავგაროზებით. მშობლიურ სახლში დაბრუნებულ შვილს გაეცინა:
-ამ ცრურწმენებს ისევ არ შეეშვი, არა?
-შენც უნდა გჯეროდეს, აგი ყველაფერი სიმართლეა.-მკაცრად თქვა ლამზირამ.
-ბებო,ცრურწმენა რა არის?-იკითხა პატარა დათუნამ. ლამზირა მოულოდნელად გაჩერდა,ელდა ეცა, გაკვირვება და გაოცება ერთიანად აღებეჭდა, სახეზე ხელები იტაცა და წამოიძახა:
-დედა, ჩემი სიკვდილი, მართლა არ იცი ბებიკო? - დათუნამ თავი გააქნია.
-უნდა იცოდე,ბებოს სიხარული,თორე ერთხელაც რო გადაგირბენს შავი კატა და ა,იმ კენჭს რო წამოკრავ ფეხს და რო გეითხლაშები ბებია მიწაზე ხო,მერე მოხვალ ჭკუაზე.- დათუნამ გაკვირვებულმა და შეშინებულმა ახედა დედამისს,რომელმაც შვილს გაუღიმა და უთხრა:
-არაფერია,შვილო.
-ხო, ხო იძახეთ მასე და ნახავთ მერე თქვენ-თქვა გაბრაზებულმა ლამზირამ,შემდეგ კი დააყოლა- მოდით, დაჯექით, მოყევით ეხლა რა ხდება ქალაქში, რაფერ ხართ, ბოვშვები რაფერ არიან.- მალე სიჩუმე  ბგერებმა ჩაანაცვლეს, სახლში საუბარი ისმოდა,რომელშიც სხვადასხვა დიალექტი არეულიყო.
  შუადღით სიძემ და ქალიშვილმა წასვლა დააპირეს და ძველი ტახტიდან წამოდგნენ.
-მოიცა,სანამ გახვალთ ყველა ჩამოვჯდეთ, ჰე აბა ბებია დაჯექით ორთავე-ლამზირა სკამზე ჩამოჯდა.ბავშვები მას გაკვირვეულები უყურებდნენ.
-ოხ დედა,დედა-თქვა ქალიშვილმა,დედასთან მივიდა, აკოცა და მანქანისკენ გაემართა,თანაც დაიძახა:-ერთი დღით გტოვებთ ბავშვებო,აბა თქვენ იცით,ბებო არ გააბრაზოთ.თუ რამე დაგჭირდებათ ფული ჯიბეებში გიდევთ.
როგორც კი მშობლები წავიდნენ,ლამზირა ბავშვებს მიუბრუნდა და ჰკითხა:
-ბებია,რატო არ ჩამოჯექით როცა გითხარით?
-კარგი,რა ბებო. ეგ ცრურწმენები მაგარი სისულელეა-თქვა ანანომ. დას ძმაც დაეთანხმა.შემდეგ კი ბებიას ჰკითხა:
-შეიძლება ზემოთ ვითამაშოთ?
-ითამაშეთ ბებია,ითამაშეთ-თქვა ლამზირამ.ბავშვებმა კი მაშინვე მეორე სართულზე აირბინეს. ბებია ჩაფიქრებულიყო,შემდეგ კი თავისთვის ჩაილაპარაკა: - სისულელეო არა, თქვენ გაჩვენებთ მე სეირს.დამაცადეთ ბებია,დამაცადეთ.
  ლამზირა ეზოში გავიდა,ღობის კუთხეში მას უამრავი ქვა ეყარა. იქვე ახლოს ონკანი ჰქონდა გაკეთებული. ქვები,რომლებიც არც თუ ისე დიდები და მძიმეები იყო იქამდე მიათრია და სათითაოდ დაასველა,მერე კი ეზოში ასფალტზე დაყარა.
-კარგია - ჩაილაპარაკა თავისთვის და მეზობლის ეზოსთან მივიდა.ხელში პურის ნაფშვენები ეკავა. ბებიამ რამოდენიმე ღობის იქით გადაყარა და თან დაიძახა: - ფცი,ფცი,ფცი,ფცი. მეზობლის დიდი,შავი კატა მაშინვე მოვიდა,ლამზირამ ნაფშვენები თავის ეზოშიც დაყარა. კატა ბადის ქვემოდან გამოძვრა და ნაფშვენების ჭამას შეუდგა. ლამზირამ სახლთან ახლოს მთლიანი პური დაუგდო და კატაც მასთან მივიდა. ბებიამ გაიღიმა და კარებთან დადგა.
-დათუნა,ბებო-დაიძახა ხმამაღალი,თუმცა მაინც დასუსტებული ხმით. ბიჭი მასთან მაშივე გამოიქცა,მას დაც მოჰყვა. კარებზე ჩამოკიდებული ბებიის დანახვაზე ორივეს შეეშინდა.
-რაცხა, არა ვარ კარგად ბებო, ა აგერ ყვავილს რო ხედავ, ეგ მომარჩენს მე ბებიკო. წაი ახლა გეირბინე და მომიტანე ეგ ყვავილი.
-კარგი-უთხრა დათუნამ და წასასვლელად მოემზადა,მაგრამ იგი ლამზირამ შეაჩერა.
-მოიცადე ბებო,ჯერ სა მიდიხარ. კატას ხო ხედავ შუა ეზოში რო დგას,შავი კატაა მაგი,დათარსვა იცის,რო წავა მერე მეიტანე ყვავილი.
-კარგი რა ბებო,სისულელეა-თქვა დათუნამ და გაიქცა.შავმა კატამ როდესაც ბიჭი დაინახა მაშინვე თავის ეზოსკენ მოკურცხლა. დათუნა სწრაფად მირბოდა,უეცრად  სველ სიპ ქვაზე ფეხი აუცურდა და ძირს დაეცა.
-ტეტა, ჩემი სიკვდილი-იყვირა ლამზირამ და შვილიშვილთან გაიქცა,თანაც ისე,რომ ცუდად ყოფნა სულ დავიწყებოდა.-რაფერა ხარ ბები, ხო გითხარი შავი კატაა და არ წახვიდე-თქვა, ა ბებო,ხო ვამბობდი მართალია აგენი-თქვა ბები.ადექი,შენ ხო ძლიერი ბიჭი ხარ, იტკინე რამე?
-მუხლი - თქვა ბიჭმა და გადაყვლეფილ მუხლზე დაიხედა.
-არა უშავს ქორწილამდე გაგივლის,ჯერ ხო არ მოგყავს ცოლი?- ბიჭმა თავი გააქნია.
-აბა,მაშინ გაგივლის და გაგივლის,მოდი მალამოს დაგადებ.აქაურია, ბალახეული, მეზობელმა მომცა.წამოდი ბებია,ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა.- ლამზირამ ბავშვები სახლში შეიყვანა და დათუნას ფეხის დამუშავება დაიწყო.
  ამასობაში ბავშვებს მოშივებოდათ. ბებიამ მათ სუფრა გაუწყო. ისინი გემრიელად შეექცეოდნენ საჭმელს,როდესაც მაგიდაზე ობობა აცოცდა. პირველმა იგი ანანომ დაინახა და ყვირილი მორთო.
-რა მოხდა ბებია?-იკითხა გაკვირვებულმა ლამზირამ.
-ობობაა!
-სად?-დას ჰკითხა დათუნამ.
-მაგიდის კიდეში.-ახლა იგი ყველამ დაინახა.დათუნამ სამარილე აიღო და ხელი ობობისკენ წაიღო.
-არ მოკლა ბებია,უფულობა იცის!- დაიყვირა ლამზირამ,მაგრამ ვეღარ მოასწრო, ბიჭს ობობა უკვე დაეჭეჭყა. გაოცებულმა ბებიამ შვილიშვილს ჰკითხა:- აგი რა ქენი ბებია, ხო ვთქვი არ მოკლა-თქვა?
-კარგი რა ბებო, რა უფულობა იცის,რის უფულობა.
„-მასე არა?“-გაიფიქრა ლამზირამ და ქალიშვილის სიტყვები გაახსენდა ბავშვებს რომ დაუბარა თუ რამე დაგჭირდათ ფული ჯიბეებში გიდევთო. ის იყო სადილობა უნდა დაესრულებინათ,რომ ანანომ ხელი მეორე სამარილეს გაჰკრა და მთელი მარილი ძირს დაიბნა.
-დედა,ეს რა ქენი ბებია-შეიცხადა ლამზირამ და მარილის ახიკვას შეუდგა-ჩხუბი იცის მაგან,ბებო.
ბავშვები ბებიას მარილის თავის ადგილად დაბრუნებაში დაეხმარნენ და ხელების დასაბანად წავიდნენ. ბებიამ მათ საპონი მიაწოდა. შემდეგ კი უთხრა:
-მაცადეთ მეორე პირსახოცსაც მოგიტანთ, ორი ერთდროულად ერთ პირსახოცზე ნუ შეიმშრალებთ, წაიჩხუბებთ.-როდესაც ბებია დაბრუნდა ბავშვები უკვე თამაშობდნენ.
-კი მარა, ხელები არ გეიმშრალეთ?-ჰკითხა მათ ლამზირამ.
-გავიმშრალეთ.-უპასუხა ანანომ.
-ერთ პირსახოცზე?-გოგონამ მას თავი დაუქნია. მის საპასუხოდ კი ქალბატონმა ლამზირამ გააქნია თავი.
   დღე გადიოდა,ბავშვები კი ჩუმად თამაშობდნენ.მარილისა და პირსახოცის მიუხედავად როგორც ჩანდა ისინი ჩხუბს არ აპირებდნენ,ამიტომ გამჭრიახმა ლამზირამ ასეთი რამ მოიფიქრა:მან ბავშვები ხუთ საათზე დააძინა,ისინიც მგზავრობისგან დაღლილები იყვნენ და ბებიას ნებას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვნენ, ლამზირა მძინარე დათუნასთან მივიდა და ჩუმად ჯიბიდან დედის დანატოვარი 10 ლარი ამოუღო. ბებიამ შვილიშვილები ექვსისთვის გააღვიძა,ისინი ზალაში გაიყვანა და ორივეს ხუთ-ხუთი ლარი მისცა. გახარებულმა ბავშვებმა ფული გამოართვეს,ანანომ ჯიბიდან დარჩენილი ათლარიანი ამოიღო და თქვა:
-ახლა,მე თხუტმეტი ლარი მაქვს.
ჯიბეში ხელი დათუნამაც ჩაიყო,შემდეგ ისინი ამოიტრიალა და ფული ვერსად იპოვნა.
-სად არის ჩემი ფული? - თქვა გაბრაზებულმა,
-ანანო,შენ ხომ არ აიღე, ბებია?
-არა, მე არ ამიღია.
-შენ აიღებდი,მომეცი ჩემი ფული!-დას უყვირა დათუნამ.
-მე არ ამიღია,რას მაბრალებ!
-მატყუარა!-ბიჭი გოგოს მიჰვარდა,მაგრამ ისინი ლამზირამ გააშველა.
-ნუ ჩხუბობთ,ბავშვებო! ანანო,მანახე ბებია ჯიბეები-გოგონამ ჯიბეები ამოიტრიალა და მხოლოდ 15 ლარი ამოიღო.
-ხედავ? მე არ მაქვს შენი ფული!-განაწყენებით უთხრა მან დათუნას.
-აბა სად წავიდა ჩემი ათი ლარი?
-ბებია, გახსოვს ობობა რო მოკალი, ხო გითხარი უფულობა იცის-თქვა. სულებმა წაიღეს შენი ფული.
-სულებმა?
-ხო ბებია. და მერე რო იჩხუბეთ,იმის ბრალია მაგი ბებია მარილი რო დაყარეთ და ერთ პირსახოცზე გეიმშრალეთ. გაგახსენდათ ბებია? თორე ისე ამისთანა ანგელოზები ხართ, ერთმანეთი გიყვართ, რატო უნდა გეჩხუბათ, დაფიქრდით ბებია.
-მართალია- თქვა დათუნამ.
-უბრალოდ შემთხვევით მოხდა,ეს ცრურწმენები სისულელეა.- აღნიშნა ანანომ.ლამზირამ თავი გააქნია.უკვე მოსაღამოვებულიყო,ამიტომ ფანჯარაში მზის სხივები უფრო და უფრო სუსტად შემოდიოდნენ.
-ეხლა გარეთ გავიდეთ,ჩემს ბაღს გაჩვენებთ- შესთავაზა ბებიამ შვილიშვილებს,რომლებმაც სიხარულით განაცხადეს თანხმობა.
  ლამზირამ ისინი სახლის უკანა ეზოში გაიყვანა.პეიზაჟი მართლაც,რომ არაჩვეულებრივი იყო.ამაზე გავლენა უმთავრესად გაზაფხულს ჰქონდა, ყველა ხე,ყველა ბუჩქი აყვავებულიყო.ბაღში ყვავილების საამური სურნელი ტრიალებდა. შეგეძლო შეგეხედა მარტოხელა მოხუცის ეზოზე და არც თუ ისე დიდ სივრცეში დაგენახა ახლად აყვავებული ხეები,რომლებშიც მრავლად იყო ვაშლის,მსხლის,ლიმონის,თუთის,ატმისა თუ სხვა ხეხილის ხეები. ქვემოთ ბადრიჯანი,წიწაკა,კიტრი,პომიდორი და კარტოფილი იზრდებოდა.უფრო მაღლა „ტალავერებს“ კოხტად შემოჰხვეოდნენ ჯერ კიდევ დაუმწიფარი ყურძნის ფოთლები და მტევნები, იქვე ახლოს ეკიდა რამოდენიმე გოგრაც. ღობის კუთხეში კი დაინახავდი უამრავ მწვანილს, რეჰანით დაწყებულსა და ცერეცოთი დამთავრებულს. ეს ადგილი ზაფხულობით ნამდვილ სამოთხედ ქცეულიყო,ხოლო გაზაფხულობით კი ნამდვილ სამშვენისად.ბავშვები აღტაცებით შეჰცქეროდნენ ამ ულამაზეს პეიზაჟს, ეზოში ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმოდა. შვილიშვილები ბებიასთან ერთად უცქერდნენ ჩიტებს,რომლებიც ხან ერთ ტოტზე შესკუპდებოდნენ,ხან მეორეზე.ისინი ლაღად დაფრინავდნენ ცაში,თითქოს ამ ქვეყნად სადარდებელი არაფერი აქვთო. ანანომ ბაღისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა და მაშინვე იგრძნო რაღაც არც თუ ისე მსუბუქი როგორ დაეცა ბეჭზე. გოგონამ მხარზე დაიხედა და ნახა ის,რაც არც თუ ისე იშვიათია სოფლად,ჩიტის სკლინტი.
-ღმერთო ჩემო,რა საზიზღრობაა-წამოიძახა გოგონამ.
-კარგია ბებია, ფული იცის - თქვა გახარებულმა ლამზირამ,რომელსაც შვილიშვილმა დამცინავი სახით შეხედა.- წამოდი,წამოდი მოგაშორებ. შენ აქ დარჩი ხო ბებია-მიუგო ქალმა დათუნას და ბიჭმაც მას თავი დაუქნია. ბებიამ ანანოს მაისური გამოუცვალა და ძველის გასარეცხად წავიდა,თანაც სანამ საქმეს შეუდგებოდა წინა კარებთან ოცლარიანი დააგდო და შვილიშვილს უთხრა,რომ უკანა ეზოში წინიდან გასულიყო და სახლისთვის შემოევლო,რადგან გვერდით ულამაზესი ვარდები დაერგო და სურდა გოგონას იგი ენახა. ქალბატონი ლამზირა საქმეში გართულიყო,როდესაც მასთან პატარა ანანო მივიდა.
-ბებია,ეს ფული კარებთან ეგდო,ალბათ შენია-უთხრა გოგონამ ლამზირას.
-არა,ბებო. ჩემი არაა.
-აბა ვისია?-ჰკითხა გაკვირვებულმა გოგონამ.
-შენია მაგი ბებია.
-ჩემი?
-ეტყობა ჩიტმა რო დაგასკინტლა მაგის ბრალია, მეც დამმართნია ბევრჯერ მაგი ბებია. მივდივარ და ხან ჭიშკართან დამხვედრია ფული და ხანაც ეზოში. ეგ კი არა,ერთხელ 100 ლარიც ვიპოვე,
-მართლა,ბებია?
-აბა როგორ, მე ბებია სისულელეების კი არ მჯერა.რასაც ვამბობ,მაგენი ყველაფერი მართალია ბებია. წადი ეხა და შეინახე ეგ ფული, არ დაკარგო.- ანანომ ლამზირას აკოცა და ძმასთან გარეთ გავიდა.
-ყველაფერი კარგად მიდის-თქვა ბებიკო ლამზირამ და გასაპნული მაისური წყლის ნაკადს შეუშვირა.
  საქმის დამთავრების შემდეგ ბებიამ შვილიშვილებს ვაშლი დაუთალა და ღრმა თეფშზე დაჭრილი ჩანგლითურთ მიაწოდა. ბავშვები მას გემრიელად შექცეოდნენ,როდესაც დათუნას მოულოდნელად ჩანგალი დაუვარდა.
- ამაზეც რამე ხომ არ მოხდება ?- ჰკითხა შეშინებულმა შვილიშვილმა ბებიას.
-მაგან ბებო,სტუმარი იცის. ვიღაცა უეჭველად მოვა დღეს. ა ნახე მაგი შენ. - ბავშვმა ბებიას გაუღიმა, დარჩენილი ნაჭერი ხელით აიღო და მაშინვე ჩაყლაპა.
-კაი ბებია, ჭამეთ თქვენ. მე გავალ ცოტახანი,მოვალ ეხლავე-თქვა ლამზირამ და მეორე ოთახში გავიდა,სადაც ძველი ტელეფონი ეგულებოდა. ყურმილი აიღო,ნომერი აკრიბა და დაელოდა. ტელეფონში ასაკოვანი ქალის ხმა გაისმა.
-ალო.
-ალო,დარეჯან,რაფერ ხარ ქალო.
-უი ლამზირა,შენა ხარ. რაფერ ვიქნები,ვშრომობთ დღე და ღამეა,შენ ქე იცი მაგენი.
-მისმინე ახა, ჩემი ბალღები ჩამომივიდნენ,ხოდა მინდა რო განახო.
-უი მართლა, ქე მომენატრენ ხო იცი.
-ხო და მაგიტო დაგირეკე, გადმოი ჩემთან,ოღონდ არ თქვა რო დაგირეკე.
-რაია,რა ხდება?
-არაფერი,ეგ მე ვიცი,მოგიყვები მერე.
-კაი,კაი გადმოვალ.
-გელოდები-ლამზირამ ტელეფონი დაკიდა და ბავშვებთან დაბრუნდა. ორ წუთში ეზოდან ვიღაცამ დაიძახა.
-აქეთ ვართ,აქეთ-სტუმარს დაუძახა ქალმა. კარებში მოხუცი ქალი გამოჩნდა,ხელში ორი შოკოლადი ეკავა.
-დედა,რა კაები და ლამაზები არიან-თქვა მან ბავშვების დანახვაზე და ლამზირასთან ერთად მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა,თანაც დააყოლა-ფუ,ფუ თვალი არ ეცეთ-შემდეგ კი შოკოლადები ბავშვებს დაურიგა და ჭორაობასაც შეუდგა.
  დარეჯანმა მათთან რამოდენიმე წუთი დაჰყო,სტუმარი ბავშვებმა ბებიასთან ერთად ჭიშკრამდე მიაცილეს.როდესაც იგი თვალს მიეფარა დათუნამ ბებოს ჰკითხა:
-ჩანგალი რომ დამივარდა,მაგიტომ მოვიდა?
-ხო ბებია,აბა შე რა გეგონა.
-კიდევ რაზეა ახდენები?
-ახდენები რაზეა? ყველაფერზე ბებია. აი მაგალითად ბაყაყი რო მოკლა ან ლოკოკინა რო გასრისო იწვიმებს.
-მართლა?-იკითხა დათუნამ.
-ხო ბებია,ასეა.
-და შენ საიდან იცი ესენი?- იკითხა ანანომ.
-ბებიამ მასწავლა,იმას თავისმა ბებიამ და ასეა ბებო საქმე.სუ იყო და სუ იქნება.ესენი რასაც...
-ე, ნახეთ ლოკოკინა-დათუნას წამოძახილმა ლამზირას სიტყვა გააწყვეტინა. ბიჭი ლოკოკინისკენ გაიქცა და ფეხი მანამ დაადგა,სანამ ლამზირა იყვირებდა ეგ არ ქნაო. ბიჭმა როდესაც გასრესილი ლოკოკინა დაინახა ცას ახედა,შემდეგ კი ბებიას შეხედა და უთხრა:
-რატომ არ წვიმს?
-იწვიმებს ბებია,იწვიმებს-თქვა ლამზირამ და ღრმად ამოისუნთქა.-კაი ახლა სახლში შედით თქვენ და მოვალ მეც მალე,რაცხა საქმე მაქ პატარა.-ბავშვებმა ბებოს თავი დაუქნიეს და სახლში შევიდნენ. ლამზირა კი უკანა ეზოში გავიდა,დოინჯი შემოირტყა და თქვა :- რა ვქნა ეხლა,ჰა? წვიმა საიდანღა მოვიტანო. ქალმა ეზოში მიმოიხედა და სამმაგი შლანგი დაინახა. აქვე ავხსნი თუ რას ვეძახი სამმაგ შლანგს. ქალბატონმა ლამზირამ სამი ძველი შლანგი ერთმანეთთან შეკრა,რათა მიწა უკეთესად მოერწყა და ასე მიიღო სამმაგი შლანგიც,რომელიც საკმაოდ გრძელი იყო. ბებია შლანგთან მივიდა და იგი ბაღიდან გამოათრია,შემდეგ კი სახლზე მიყუდებულ უზარმაზარ კიბეს შეხედა,რომელიც სახლის სახურავზე ადიოდა,ბებიამ ღრმად ჩაისუნთქა შლანგი მხარზე მოიგდო და კიბეს აუყვა. საბედნიეროდ მას სიმაღლის არ ეშინოდა,ამიტომ სახურავზე გაბედულად დადგა. შლანგი ბეჭიდან ჩამოიგდო და სახურავის წინა ნაწილიდან გადმოაგდო. ისე გააკეთა,რომ წყალი პირდაპირ სახლის წინა კარის წინ დასხმულიყო.შემდეგ ქვემოთ ჩავიდა. შლანგების მთავარი შემკვრელი სხვა შლანგს დაუკავშირა და ისე მიუერთა გარეთ მდებარე ონკანს.ონკანი ბოლომდე მოუშვა და წყალიც მთელი სიჩქარით წამოვიდა.ლამზირა წინა ეზოში გავიდა თავისი ნამუშევრის შესაფასებლად. მისი სახლის წინ მართლაც წვიმდა,თანაც საოცრად და გადაუღებლად. მან წყალში სწრაფად გაიარა და სახლში შევიდა. დასველებული ბებიის დანახვაზე ბავშვები შეცბუნდნენ.
-რა მოხდა ბებია?-იკითხა ანანომ.
-წვიმს ბებია,საშინლად წვიმს და გევილუმპე.
-მართლა? რა მაგარია!-წამოიძახა დათუნამ და კარებისკენ გაიქცა,მაგრამ ლამზირამ მოასწრო და ხელი ქეჩოში ჩაავლო.
-ხომ არ გაგიჟდი ბიჭო, გაცივდები,აქედან შევხედოთ-თქვა მან და ბავშვები წინა კარებთან მიიყვანა. ფანჯრებზე ფარდები იყო ჩამოფარბული. ეზოს დანახვა მხოლოდ კარებზე მდებარე მინებიდან შეიძლებოდა,იქედან კი გარკვევით ჩანდა თუ როგორ შეუჩერებლად მოედინებოდა წყლის ნაკადი.
-რა მაგარი წვიმაა-თქვა ანანომ.
-ხო,ხო იმ ლოკოკინას ბრალია.
-მაგარია!-წამოიძახა დათუნამ ისე,რომ წვიმისთვის თვალი არ მოეშორებინა. რამოდენიმე ხანში ბავშვებს წვიმა მობეზრდათ და თამაშს დაუბრუნდნენ.ლამზირამ კი ამასობაში ისარგებლა და უკანა ეზოში გაიპარა,წყალი გადაკეტა და შლანგიც ძლიერად ჩამოქაჩა,რომელიც სახურავზე ჩამოსრიალდა და მოწყვეტით დაეცა მიწაზე,შხეფებმა ცოტათი ჩვენი ბებიკოც დაასველეს.
  ამასობაში რვა საათიც გამხდარიყო.  მზე მთლიანად გადასულიყო და ოდნავ კიდევაც ჩამობნელებულიყო. ლამზირამ საათს გახედა დადათუნას უთხრა:
-ბებიკო გენაცვალოს, გეირბინე და ნაგავი გადაყარე,ურნა ხო ნახე ჭიშკრის გვერდითაა.
-კარგი-ბებიას უთხრა დათუნამ და ნაგვის ასაღებად წავიდა,როდესაც ბიჭი ცელოფნით ხელში დაბრუნდა,ბებიამ იგი შეაჩერა.
-მოიცადე ბებო,ჯერ ვნახოთ მზე თუ ჩავიდა,მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გადაყრა არ შეიძლება.-ლამზირამ გარეთ გაიხედა და როდესაც ჩასული მზე დაინახა მოულოდნელობისგან იყვირა.
-რა მოხდა ბებია?-ჰკითხა მას ანანომ.
-ბებია ნაგავი სახუმარო საქმე არაა. ეს სულებს უკავშირდება. იმისთვის,რო სახლში კეთილი სულები შემოვიდნენ საჭიროა მათ დასახვედრად მომზადება,ამისთვის კი საჭიროა ოჯახიდან ნაგავი მოვიშოროთ. თუ ვერ მოასწრებ მზის ჩასვლამდე ნაგვის გადაყრას მხოლოდ ბოროტ სულებს მოიზიდავ.
-სულები? კარგი რა ბებო,ყველამ იცის რომ სულები არ არსებობენ.
-მართლა გჯერა მაგის ბებია?-შეიცხადა ლამზირამ.
-კი,ვიცი რომ ისინი არ არსებობენ.- დათუნა დისა და ბებიის საუბარს ნაგვის ცელოფნით ხელში გაფაციცებით უსმენდა,შემდეგ კი ლამზირას ჰკითხა:
-ახლა ეს ნაგავი სად წავიღო?
-გადაყარე ბებია,გადაყარე. რაც იქნება,იქნება. ასე არასდროს დამმართნია-თქვა ბებიამ და პირჯვარი გადაიწერა. როგორც აღვნიშნე ლამზირა ზოგჯერ ბირჟაზე კარტსაც თამაშობდა-ხოლმე. ბავშვები საღამოთი სწორედ ამითი გაართო და რამოდენიმე ხრიკიც ასწავლა. ამასობაში დაღამებულიყო, დაძინებამდე ბებიამ შვილიშვილები სუფთა ჰაერის ჩასასუნთქათ გაიყვანა. ანანომ ცას ახედა. იგი საოცრად ლამაზი იყო. ისეთივე,როგორი ლამაზიც ყველაფერია სოფელში,განსაკუთრებით თუ საქმე ძველ,ქართულ სოფელს ეხება. ზეცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო.თუმცა ალბათ ცოტათი ვაზვიადებ, ოცამდე ვარსკვლავს კი ნამდვილად დაითვლიდი. ყველა ზეცას შესცქეროდა და უეცრად ანანომ თვლა დაიწყო:
-ერთი,ორი,სამი...-თან იგი თითით ვარსკვლავებს ინიშნავდა.ლამზირამ გოგონას ხელზე ხელი წაავლო.
-ხო არ გაგიჟდი,ვარსკვლავებს თუ დეითვლი მეჭეჭები გამოგივა,ეგ გინდა?
-მეჭეჭი რა არის?-იკითხა ანანომ.
-რა არის და-ლამზირა ჩაფიქრდა,შემდეგ კი სწრაფად უპასუხა- შავი წერტილებია,რომლებიც ხელებზე გამოგდის. ფანქრით დახატულს ჰგავს,მარა ძალიან საშიშია.თუ მაშინვე არ მეიშორე მერე გამოგაყრის.
-რა საშინელებაა-დაიჭყანა დათუნა.
-ბებია,მგონი რაღაცას გვატყუებ-სიცილით თქვა ანანომ და თვლა განაგრძო. გაბრაზებულმა ლამზირამ თავი გააქნია და ჩუმად ჩაილაპარაკა:
-მე თქვენ გაჩვენებთ სეირს.
   ღამის 10 საათისთვის ბებიამ შვილიშვილები ლოგინებში მოათავსა, მათ შუბლზე აკოცა და ძილინებისა უსურვა.შემდეგ კი თავის საძინებელში გავიდა და ძველი მუხის კარადა გამოაღო. კარადაში ღრმად სხვდასხვა ტანსაცმლის ქვეშ დიდი ცელოფანი იდო,ქალმა ის გადმოიღო,საწოლზე მოათავსა და ცელოფნიდან შავი ტანისამოსი ამოიღო. ეს ის ტანსაცმელი იყო წლების წინ ქმრის დაკრძალვაზე რომ ეცვა.მის შემდეგ მას ის აღარ უტარებია,თუმცა ახლა საქმეს ასე სჭირდებოდა. ლამზირა შავ კაბაში გამოეწყო და შავი თავსაბურავი სახეზეც ჩამოიფარა. ცოტა ხნით ტელევიზორთან მოკალათდა და გასართობ შოუს უყურა,შემდეგ კი როდესაც საათი ღამის პირველს უჩვენებდა სავარძლიდან წამოდგა და შავად მორთულ-მოკაზმული ბავშვების საძინებელთან მივიდა, ხელში ფარდების გადასაწევი რკინის ჯოხი აიღო და იატაკზე მისი ბრახუნი დაიწყო. ბავშვები ხმამ გამოაღვიძა. ისინი შეშინებულები გამოიყურებოდნენ,შემდეგ ლამზირამ ჩუმი სტვენა დაიწყო. ხმამ და-ძმა კიდევ უფრო შეაშინა, ისინი ერთმანეთს მიეკვრენ.ოთახის კარები ღია იყო. ბებიამ დერეფანში გაიარა.ბავშვებმა მის დანახვაზე შეჰკივლეს.
-ბებია!-დაიყვირა ანანომ და ძმას კიდევ უფრო მიეკრა. ამასობაში ლამზირა თავის ოთახში დაბრუნდა,სასწრაფოდ გამოიცვალა. შავი ტანსაცმელი კარადაში შეტენა და ღამის პერანგით ბავშვებთან გაიქცა.
-რა მოხდა ბებია?-ქალმა შეშინებული სახე მიიღო.
-იქ იყო, იქ იყო ბებია!
-რა იყო იქ,ანანო?
-მოჩვენება-დაიჩურჩუულა დათუნამ.
-როგორი იყო ბებია?-გაკვირვებით ჰკითხა ლამზირამ.
-შავი, ძალიან შავი და როცა დადიოდა ხმას გამოსცემდა.
-რა ხმას,ბებია?
-ქარი რომ ზუზუნებს ეგეთს-ბებიას ძმის ნაცვლად უპასუხა ანანომ.
-ნაგვის ბრალია ალბათ,მზის ჩასვლამდე რო ვერ გადავყარეთ,არა უშავს, აქ ვარ ბებია-თქვა ლამზირამ და ბავშვებთან მივიდა.შვილიშვილები მას ჩაეხუტნენ.ქალმა პერანგზე დაკერებული ჯიბიდან ლურჯი თვალი ამოიღო და ბავშებს მისცა: -აგი თილისმაა ბებო,ავი თვალი არ მოგეკარებათ. მოდით დაწექით,კარებს დავკეტავ და ვერავინ შემოვა,მანამდე აქ ვიქნები ბებია მე,არ დავუშვებ ვინმემ გავნოთ.- ბავშვებმა ბებოს თავი დაუქნიეს და საწოლში დაბრუნდნენ. ლამზირამ კი მათ ტკბილი სიმღერა შეუსრულა. მოხუცის გასაოცრად ბავშვებს მალე ჩაეძინათ.არადა ქალს სადღაც წაეკითხა, რომ ემოციური ფონის შემდეგ ადამიანს ძილი აღარ ეკარებოდა. „-ალბათ სიმღერამ გაჭრა“-გაიფიქრა ბებიამ და ოთახიდან გავიდა. ქალი ზალაში შევიდა და უჯრიდან ფლომასტერები გამოიღო. შავი ფერისა შეარჩია,ცოტა ხანი მოიცადა და ფეხაკრებით ბავშვების ოთახში შეიპარა.ფეხშიშველი ანანოს მიუახლოვდა და ხელზე ფლომასტრით წერტილები ფრთხილად დაასვა. იგი ძალიან ფრთხილობდა და შიშსაც გრძნობდა,რადგან თუ რომელიმე გაიღვიძებდა მთელი გეგმა წყალში ჩაეყრებოდა,მაგრამ ბებიის საბედნიეროდ ბავშვებს არაფერი გაუგიათ,უბრალოდ ანანო ოდნავ შეიშმუშნა,ეგ იყო და ეგ. ლამზირამ ფლომასტერები თავის ადგილას დააბრუნა და საძინებელში შევიდა. ქალი ლოგინში ჩაწვა,ჭერზე ჩამოკიდებულ სანათურს შეხედა და თავისთვის ჩაიღიმა,შემდეგ კი გადაღლილი ტკბილ სიზმრებში ჩაიძირა.
    როგორც ყოველთვის გათენდა ახალი დღე,კვირის პირველი ორშაბათი. ბებია ლამზირა სამზარეულოში ბავშვებს ხაჭაპურს უცხობდა,როდესაც ზემო სართულიდან ანანოს კივილი გაისმა. ბებიამ მაშინვე ზევით აირბინა და ბავშვების ოთახში შევიდა.
-რა მოხდა, ბებია?
-ბეჭეჭები მაქვს.-უპასუხა ატირებულმა ანანომ.
-რა არის ბეჭეჭები, ბებია?
-გუშინ რომ ამბობდი თუ ვარსკვლავებს დაითვლი გამოგივაო.
-ა, მეჭეჭები ბებია?
-რა მნიშვნელობა აქვს.
-როგორ არა ბებია,დიდი მნიშვნელობა აქვს. მაჩვენე აბა.-ანანომ ლამზირას ხელი გაუწოდა.ქალმა თავის შემოქმედებას დახედა და გულში ჩაეღიმა.
-მოდი,დროზე უნდა მევიშოროთ თორე მერე გამოგაყრის. პირველად როცა გამოგივა ადვილი მოსაშორობელია, მეორეჯერ რთულადაა საქმე.-ბებიამ გოგონა ქვემოთ სასწრაფოდ ჩაიყვანა და წყლის დახმარებით „მეჭეჭები“ მოაშორა.
-კი მაგრამ ბევრჯერ დამითვლია ვარსკვლავები და ასეთი რამ არასდროს მომხდარა-ბებიას უთხრა ანანომ.
-მეც დამითვლია და არც მე მომსვლია რამე-დას დაემოწმა დათუნა.
-მაშინ პატარები იყავით ბებია, ეხლა დიდები ხართ. ყოველდღე იზრდებით,აბა თქვენ როგორ გგონიათ ისე.აღარ დაითვალოთ ვარსკვლავები და აღარ გამოგივათ,ხო გეიგეთ.-ორივემ თავი დააქნია.ლამზირამ კი განაგრძო: - გუშინ რო მოჩვენება ნახეთ დედას არ უთხრათ,შეეშინდება,მარა ნაგავი მზის ჩასვლამდე გადაყარეთ ხოლმე, ხო ბებია.-ორივემ თავი დააქნია,ბებიამ კი განაგრძო: - ხო ყველაფერი დაიმახსოვრეთ ბებია,რაც გითხარით თქვენ თვითონ ნახეთ და ხო გეიგეთ- ისევ თავის დაქნევა - მეც ასე ვიყავი ბებია,თუ ჩემი თვალით არ ვნახავდი არა მჯეროდა. ასეა, ბებიას ყოველთვის უნდა დოუჯეროთ. ჩემი ჭკვიანები-ლამზირამ შვილიშვილებს თავებზე აკოცა- მოდით, შეჭამეთ ეხლა.ცხელი ხაჭაპური გამოგიცხეთ.-ლამზირამ შვილიშვილებს ჩაი დაუსხა და ხაჭაპური დაუჭრა. ბავშვები საუზმეს მაშინვე შეუდგნენ.ბედნიერი ბებია კი მათ თვალს სიხარულითა და აღტაცებით ადევნებდა.ჭამის დროს დათუნამ დააცემინა.ანანომ მას ჯანმრთელობა უთხრა,ლამზირა კი სხვა ოთახში გავიდა და გამზადებული, საგულდაგულოდ შეფუთული მოქსოვილი ქუდი დათუნას გამოუტანა.
- ბებია თუ ორშაბათ დილით დააცემინებ საჩუქარს მიიღებ, ასეა მაგი და მე ვაპირებდი სანამ წახვიდოდით საჩუქრები მომეცა და ე მაგიტო დააცემინე ეხლა შენ,ა შენ ეს გამომართვი ბებია-ლამზირამ დათუნას შეფუთული საჩუქარი გადასცა- შენ კიდე ანანო,წამომყევი.-გოგონა ბებიას გაჰყვა. ლამზირამ მას თავისი შეკერილი კაბა,ასევე შეფუთულ მდგომარეობაში ჩუმად გადასცა.
   შუადღით ბავშვებს მშობლებმა მიაკითხეს. დედამ შვილები გულში ჩაიკრა.
-ძალიან მომენატრეთ,აბა როგორ გაერთეთ,ბებო ხომ არ გააბრაზეთ?-ბავშვებმა თავი გააქნიეს.
-ძალიან კარგები არიან,დამჯერები და ჭკვიანები-ღიმილით თქვა ლამზირამ-ხაჭაპური გამოვაცხვე და მოდით, გასინჯეთ.
-არა დედა,გვეჩქარება. ისედაც დღეს სამსახურსა და სკოლას ვაცდენთ, ესენიც უნდა მოვაწესრიგო და ჩემ თავსაც მივხედო.
-კაი აბა,გაგატანთ მაშინ-ლამზირა სამზარეულოში გავიდა და ცელოფანში გახვეული ხაჭაპური გამოიტანა.ჯერ ქალიშვილსა და სიძეს გადაეხვია,შემდეგ კი ბავშვები ჩაკოცნა.
-მაშინ წადით ეხლა,ოღონდ მანამდე ჩამოვჯდეთ-თქვა ლამზირამ და სკამზე დაჯდა.ქალიშვილს გაეცინა,თუმცაღა სიცილი გაკვირვებაში გადაუვიდა,როდესაც თავისი შვილები დაინახა,რომლებიც ბებიის მსგავსად მაშინვე სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ.ქალმა კარებისკენ გადადგა ნაბიჯი,მაგრამ მას დათუნა მივარდა.
-დედა,გთხოვ ჩამოჯექი რა,თორემ რაღაცა მოგვივა.
-რა უნდა მოგვივიდეს,რა სისულელეა.
-დედა ჩამოჯექი რა-ანანომ ხელები ყელთან მიიტანა და სამი თითით კანს მოჰქაჩა.დათუნა მშობლებს ექაჩებოდა.
-კარგი, რახან ასე უნდათ ჩამოვსხდეთ-ქალს უთხრა მეუღლემ და კედელთან მდგარ ტახტზე დაჯდა,მას გვერდით მეუღლეც მიუჯდა.მოვლენებს ქალბატონი ლამზირა გაბადრული სახით უყურებდა,შემდეგ კი ომახიანად თქვა:
-გვეყოს,დაგაგვიანდებათ მერე-ყველა წამოდგა და მანქანისკენ დაიძრნენ. ბებიამ შვილიშვილები კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში,მერე მანქანის კარები მიუხურა და დაძვრის შემდეგ ჰაერში პირჯვარიც გამოუსახა.