დედა ბუნება ყოველთვის გასაოცარ სიურპრიზებს გვიმზადებს, მაშინ, როცა
ვფიქრობთ, რომ ერთი ჩვეულებრივი დღეა. დილით გავიღვიძებთ,ჩავიცვამთ და წავალთ
სამსახურებში,სკოლებში თუ უნივერსიტეტებში იმ იმედით, რომ ისევ დავბრუნდებით
სახლში,ისევ ჩავწვებით ჩვენს საწოლებში და უფლის წყალობით ისევ დავიწყებთ ახალ
დღეს. ბევრი ალბათ ყოველდღიურობიდან გამომდინარე ამაზე არც ფიქრობს. ადამიანი ისე
ეჩვევა ყველაფერს... ის დღევანდელ საქმეს ხვალისთვის დებს,რადგან იცის, რომ
აუცილებლად გათენდება ხვალინდელი, ერთი მორიგი ჩვეული დღე, მაგრამ სწორედ ამ დღეს
შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს... მე რაიმე წარმოუდგენელსა და ფანტასტიკაზე არ
გიყვებით, არამედ გიყვებით იმაზე,რაც შეიძლება რომ დღეს ან სულაც ხვალ მოხდეს და
რაც უკვე არაერთხელ მომხდარა, თანაც არც თუ ისე შორეულ წარსულში.
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო
ზოგან ცნობილი ქვეყანაა. ის იმ გზაზეა,სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს
ემიჯნება,ხოლო თავად ქვეყანა კი შავ ზღვას ესაზღვრება,გარდა ამისა ის ამერიკისა და
რუსეთის ასპარეზს წარმოადგენს და სამწუხაროდ ამითაა ცნობილი,მაგრამ საქართველო
მაშინ გახდა ყველაზე ცნობილი ქვეყანა,როდესაც ეს მოხდა... თუმცა,რომ გვცოდნოდა,
რომ ეს განსაცდელი თავს დაგვატყდებოდა, ჩვენ არ ვინატრებდით ვყოფილიყავით ცნობილი
ქვეყანა და ჩვენზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ესაუბრათ. დრო მიქრის და დროში ყველაფერი მოძრაობს. ერთი
დღე აღმშენებლობის დღეა,მეორე დამაქცევლობის. რაღაც დროით მეტნაკლებად ყველა
მომხდარს განიხილავს,მერე ამბავს ივიწყებენ და უფრო ცხელ-ცხელ ჭორებს განიხილავენ.
რას იზამ, ასეა ადამიანების ბუნება მოწყობილი.
საქართველოს მართლაც
არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა აქვს. ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში კარგია ეს -
ბუნება, ჰავა და კლიმატია. არსებობს მოთქმა,რომ მეორედ მოსვლის დროს, როცა
ყველაფერი წყლით დაიფარება მხოლოდ ერთი ადგილი გადარჩება და ეს ადგილი სვანეთია.
სვანეთი კი ოდითგანვე საქართველოს სამშვენისი კუთხეა. შეგვიძლია დაუსრულებლად
ვისაუბროთ საქართველოს ბუნებაზე და მის მშვენიერ კუთხეებზე, რაც კარგი გვაქვს,
იმას გამოჩენა და გასაჯაროება უნდა. კარგი გვაქვს... არის კი დღეს საქართველოს
ბუნება კარგი? სამწუხაროდ, ქვეყნის ბუნებაში ხეებზე მიყრდნობილი გამოყენებული ბოთლები,
მიწაზე დაყრილი მოხმარებული ერთჯერადი ჭიქები და თეფშები ითვლება,მაგრამ იმდენად
არაჩვეულებრივი ბუნება გვაქვს,რომ ეს სიბინძურე მას მაინც ვერ ჩრდილავს. ირონიულია
არა? ყველა იმას ამბობს, როგორ შეიძლება ნაგავი დაყაროო, ბუნებას როგორ არ
უფრთხილდებიანო და მეორე წუთში თავად ყრიან ნაგავს. ასეთია ადამიანის ბუნება. იმას,
რაც საქართველოში, კერძოდ კი თბილისში მოხდა ალბათ მოეძებნება გამართლება, მაგრამ
არა მეცნიერულად, არამედ რელიგიურად. ჭეშმარიტად ღირსნი ვიყავით იმ სასჯელისა, რაც
უფალმა გამოგვიგზავნა. რატომ? იმიტომ რომ საქართველო ძმების, დების,დედებისა და
მამების საბრძოლველ არენად ქცეულა. შეიძლება დამადანაშაულოთ, ან რა პატრიოტი ხარ,
შენი ერი არ მოგწონსო,შენს ბუნებას დაბინძურებულს უწოდებო, მაგრამ დიახ, სწორედ
იმიტომ ვამბობ ამას, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ოღონდ არა იმიტომ რომ აქ
ვცხოვრობ, მე ის მისი წარსულის, მისი ისტორიის გამო მიყვარს და გული მტკივა დღეს
ასეთ ქვეყანას ასე გაუბედურებულსა და გაპარტახებულს რომ ვუყურებ! აქ ყველა
ერთმანეთს ებრძვის, ყველას ზიზღი აქვს ჩამდგარი თვალებში, ყველა თავის თავზე
ზრუნავს... როგორც ბუნების აღწერა, ასევე ქვეყნის პრობლემების ჩამოთვლაც
დაუსრულებლადაა შესაძლებელი,მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს. ამდენი მხოლოდ იმიტომ
ვისაუბრე,რომ ჩემეული ხედვა და გამართლება წარმომედგინა მომხდარისადმი, უფლის
სასჯელისადმი.
შემოდგომა იდგა, ქარიანი
შემოდგომა. ამ წელს შემოდგომაზე თბილისი ძალიან ლამაზი იყო. ალბათ გაკივირდებათ და
მკითხავთ, ნუთუ ყოველ შემოდგომაზე ერთნაირი არაა თბილისიო? მაგრამ არა, წელს
რაღაცნაირი იყო, ლამაზი, უცხო. მგზავრობისას მომაჯადოვებლად ლამაზი ფოთლები
ტრანსპორტს პირდაპირ ეხეთქებოდნენ.თითქოს ფოთლების საოცარ დერეფანში მიდიოდი.ამ
შემოდგომაზე ფოთოლიც კი სხვანაირი იყო. უფრო ხასხასა,ცოცხალი,მაგრამ ხალხი...
ხალხი უცვლელი იყო.
სამი ნოემბერი
გათენებულიყო. დილიდანვე ქალაქს სიცოცხლე ეტყობოდა. დილის შვიდი საათიდან უკვე
ისმოდა მანქანების სიგნალის ხმები,გინებები,მაგრამ იყო გამარჯობის ხმებიც. მოკლედ,
ერთი სიტყვით ქალაქი ჩვეული რიტმით აგრძელებდა ცხოვრებას. დილით თბილისში
გასაოცარი ჰაერია,განსაკუთრებით ეს მაღალ უბნებში იგრძნობა, მთაწმინდაც ერთ-ერთი
ასეთი უბანია. დილის 9 საათზე მთაწმინდის ქუჩებს ერთი ახალგაზრდა მიუყვებოდა. ის საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამეკურსზე სწავლობდა. ამ
ორშაბათ დილით სწორედ რომ უნივერსიტეტში მიდიოდა. ყმაწვილს გიორგი ერქვა. ის
საკმაოდ ჭკვიანი და პერსპექტიული ახალგაზრდა გახლდათ. დაახლოებით დილის 9:06 წუთზე
თბილისში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს ადგილმდებარეობისა და რელიეფიდან
გამომდინარე მიწისძვრები აქ ჩვეული მოვლენაა. მიწისძვრა საკმაოდ შესამჩნევი იყო.
ის გიორგიმაც იგრძნო და წამით გაჩერდა, მერე კი გზა განაგრძო. თან სუფთა ჰაერითა
და თბილისის არაჩვეულებრივი ხედებით ტკბებოდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ მიწისძვრა
ისევ მოხდა,მაგრამ ეს წინაზე უფრო მძლავრი იყო. მან გიორგი შეარყია. იმავე ქუჩაზე
მდებარე მაღაზიიდან ახალმა გამოსულმა მოხუცმა კი წონასწორობა ვერ შეიკავა და
ასფალტზე დაეცა. მას ცელოფანი დაუვარდა და ნაყიდი ვაშლები გაებნა. გიორგიმ მაშინვე
მოხუცთან მიირბინა და იგი წამოაყენა, შემდეგ კი ვაშლები მოუხიკა, ცელოფანში ჩაუწყო
და მიაწოდა.
- მადლობა შვილო,ღმერთმა დაგლოცოს - მოხუცმა ახალგაზრდა დალოცა და
თავის გზას დაადგა.გიორგიმ კი გზა გააგრძელა.
ერთი-ორი წუთის შემდეგ მიწისძვრა ისევ განმეორდა.
მესამე ყველაზე მძლავრი იყო. გიორგის თავის სიცოცხლეში ასეთი მიწისძვრა არ ენახა.
ახლა მანაც ვეღარ შეძლო წონასწორობის დაცვა. ბიჭმა ზემოთ აიხედა. მას ახალ
აშენებული შენობა დაჰყურებდა,რომელიც ყანყალებდა და აქეთ-იქით ქანაობდა. ახალგაზრდას
მსგავსი რამ არასდროს ენახა. მიწა ჯერ
კიდევ იძვროდა. გიორგიმ წამოდგომა სცადა,მაგრამ წონასწორობა ისევ ვერ დაიცვა და
ასფალტზე კვლავ დაეცა. მიწისძვრა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, შენობა კი უფრო
სწრაფად ქანაობდა.ყმაწვილმა როგორც იქნა მოახერხა წამოდგომა და სასწრაფოდ გაეცალა
მოქანავე შენობას. რამოდენიმე წამში საშინელი გრიალის და დაცემის ხმა გაიგონა.
უკან მოხედვისას კი მოქანავე შენობა დაინახა,თუმცა ის უკვე აღარ ქანაობდა,შენობა
შუაზე გადახლეჩილიყო. ნახევარი თავის ადგილზე იდგა,მეორე ნახევარი ზედ ასფალტზე
დაცემულიყო, ქვეშ კი რამოდენიმე სასურსათო მაღაზია და მანქანა მოეყოლა. მიწა ისევ
ზანზარებდა...
გიორგი გაშლილ ადგილზე დადგა, სადაც არც შენობები და არც ელექტრო
ბოძები არ მდებარეობდნენ. იქ უბრალოდ რამოდენიმე ხეხილის ხე იდგა, ყმაწვილი მათ
უკან გაჩერდა. მიწა კი ისევ იძვროდა... გიორგიმ წამით ქვემოთ, ქალაქში ჩაიხედა და
მას თვალები გაუშტერდა. ბიჭს ერთდროულად გაოცების, შეცბუნებისა და გაურკვევლობის
გრძნობა დაუფლებოდა. მან თავისუფლების მოედანი დაინახა,რომელიც მიწაში ჩასულიყო...
მიწის ზემოთ მხოლოდ წმინდა გიორგის ქანდაკება მოჩანდა, ხოლო იქ, სადაც ადრე ხალხი
მოძრაობდა დიდი ხვრელი დარჩენილიყო...
მიწისძვრა კიდევ რამოდენიმე
წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი შეწყდა. გიორგი სასწრაფოდ სახლისკენ გაიქცა, იქ, სადაც
მას დედა ეგულებოდა. ხომ შეიძლებოდა,რომ მისი სახლიც დანგრეულიყო. გზად ახალგაზრდა
ქვედა ქალაქს უყურებდა. თავისუფლების მოედანი აღარ არსებობდა, რუსთაველზე ქუჩები
გახლეჩილიყო და მიწიდან შავი ხვრელები
იმზირებოდნენ. ნახევარი ქალაქი დანგრეული და განადგურებული იყო. პანიკაში
ჩავარდნილი ხალხი აქეთ-იქით ქაოსურად დარბოდა. გიორგიმ სახლამდე მიირბინა,
საბედნიეროდ მისი სახლი დანგრევას გადარჩენილიყო. იგი სასწრაფოდ სადარბაზოში
შევიდა და კარზე ზარი დარეკა. კარები დედამ გაუღო. ბიჭი სახლში შევიდა.
- აქ რატომ ხარ,ახლა უნივერსიტეტში არ უნდა იყო?- გაკვირვებულმა დედამ
შვილს შესვლისთანავე ჰკითხა.
ბიჭი დედას ჩაეხუტა.
-მადლობა ღმერთს კარგად ხარ.
-რა ხდება?
- მიწისძვრა ვერ იგრძენი?
-კი, მაგრამ მგონი სერიოზული არაფერი იყო.
-ტელევიზორი ჩავრთოთ - გიორგი ტელევიზორთან მივიდა და პულტი აიღო. მან
სამსუნგის ფირმის პლაზმური ტელევიზორი ჩართო. ტელევიზორი „მაესტროზე“ იყო ჩართული,
სადაც ტრადიციულად თურქული სერიალები გადიოდა. გიორგის დედა - ქალბატონი მანანა კი,
როგორც ქართველი დიასახლისი სერიალებს თვალმოუშორებლივ უყურებდა. გიორგიმ
ტელევიზორი სხვა არხზე გადართო. მან მომხდარზე სიუჟეტს „რუსთავი 2-ზე“ მიაგნო.
-ნახე, ამას შეხედე - შვილმა დედას უთხრა.
მანანაც ტელევიზორის წინ
მდგარ სავარძელში მოკალათდა და ეკრანს ინტერესებით მიაცქერდა.
„ ჩვენ საგანგებო გადაცემით გიბრუნდებით. თბილისში დამანგრეველი
მიწისძვრა მოხდა. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით თუ რამდენ ბალიანი იყო, მაგრამ იმის თქმა
შეგვიძლია,რომ საქართველოში ასეთი მიწისძვრა ჯერ არ მომხდარა. დანგრეულია მრავალი
შენობა და საცხოვრებელი სახლები.( ეკრანზე დანგრეული შენობების ამსახველი ვიდეო
გაუშვეს.ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული. რამოდენიმე წამში ეკრანზე კვლავ
წამყვანი დაბრუნდა) ახლახანს შემატყობინეს,რომ რუსთაველზე ასფალტი გაიხსნა და
რამოდენიმე ქუჩა იზოლირებულია. დაღუპულთა რიცხვის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
( წამყვანმა ხელი ყურთან მიიტანა. მას სახეზე გაფითრება დაეტყო) მატყობინებენ,რომ
თავისუფლების მოედანი მთლიანადაა მიწაში ჩასული. როგორც კი დამადასტურებელ კადრებს
გადავიღებთ მას მაშინვე გავუშვებთ. გთხოვთ,რომ პანიკას არ აჰყვეთ. მომხადარისადმი
განცხადებას გააკეთებენ შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრები,მანამდე კი
თბილისის მერი მართავს ბრიფინგს,რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.“
ეკრანზე თბილისის მერიის
შენობა გამოისახა,შემდეგ კი პატარა ტრიბუნა და მასთან მდგარი თბილისის მერიც
გამოჩნდა.
- მე მინდა ყველა თბილისელს მივმართო, რომ პანიკას არ აჰყვეთ. ჩვენ
ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი თბილისელების დასახმარებლად. უკვე მიმდინარეობს
სამაშველო სამუშაოები. ეგრეთ წოდებულ ქუჩებში გაჩენილი ხვრელებიდან უკვე
ამოყვანილია ასობით ადამიანი. ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან და ისინიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი მეგობრების დასახმარებლად.
ამაზე ალბათ ბრიფინგს მინისტრი თავად გამართავს. მანამდე კი მინდა მოგიწოდოთ, რომ
დამშვიდეთ. საშიში არაფერია, დაითვლება ზარალი და იგი აუცილებლად ანაზღაურდება, გმადლობთ.
ეკრანზე ჟურნალისტი გამოჩნდა.
- ეს იყო თბილისის მერი,რომელმაც საგანგებო განცხადება გააკეთა და
მისი თქმით პანიკის საფუძველი არაა.
- გმადლობთ ნინო. თქვენ ახლახანს მოისმინეთ თბილისის მერის
განცხადება. ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ დანარჩენი მთავრობის წევრების
განცხადებებსაც,მანამდე კი დროებით გემშვიდობებით.
მანანა ტელევიზორს გაოცებული
უყურებდა.
-ეს მართლა ხდება? - მან შვილს ჰკითხა.
-კი, ჩემი თვალით დავინახე.
- რა უნდა ვქნათ?
- ცოტახნით ბებიასთან და ბაბუასთან უნდა წახვიდე. სიტუაცია ძალიან
აირევა და მინდა ამ ყველაფერს გაშორდე.
-შენ ჩემთან ერთად არ მოდიხარ?
- ჯერ არა ,მაგრამ აუცილებლად ჩამოგაკითხავ, გპირდები.
-უშენოდ არ წავალ.
შვილმა დედას ხელები მკლავებზე მოკიდა.
-დამიჯერე,უნდა წახვიდე.გპირდები მეც მალე ჩამოვალ.
-არა! აქ არ დაგტოვებ.
-დედა,დედა... გთხოვ დამიჯერე,მეც მალე ჩამოვალ. მანამდე
უნივერსიტეტში მაქვს რაღაც საქმეები.გთხოვ, დამიჯერე... გპირდები აუცილებლად
გნახავ.
-აქ ვერ მიგატოვებ,იქნებ მიწისძვრა ისევ განმეორდეს. მერე რა ვქნა ?!
მე იქ ვიქნები,შენ კი აქ, სულ მარტოდმარტო.
-არანაირი მიწისძვრა აღარ განმეორდება. უკვე დიდი ვარ,მივხედავ ჩემს
თავს. გპირდები მალე ჩამოვალ. თუ შენ აქ იქნები მე შენზე დარდითა და ნერვიულობით
ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებ,უნდა წახვიდე.
-შენ რა დაგრჩენია ამ ქალაქში? ხომ ხედავ რა ამბებია, უნივერსიტეტში
რაღა გინდა?
გიორგიმ დედას არაფერი უპასუხა.მან თავი ჩაღუნა.
-მითხარი! მითხარი აქ რატომ რჩები?!
-ბევრს დასჭირდება ჩემი დახმარება-შვილმა დედას შეხედა-მე კარგად
ვიქნები. მთავარია შენ იყო უსაფრთხოდ.
-ეგ შენთვის,მაგრამ აბა დედის გულში ჩაიხედე. მე მხოლოდ შენ
მყავხარ,შენს მეტი შვილი მე არა მყავს,შენ ხარ ჩემი ერთადერთი სადარდებელი და
სატკივარი.შენი უსაფრთხოდ ყოფნაა მნიშვნელოვანი და არა ჩემი...-მცირე პაუზის
შემდეგ ქალმა განაგრძო-კარგი,თუ გინდა დარჩი, ოღონდ მაშინ მეც შენთან ერთად
დავრჩები.-მანანას თვალთ ცრემლი მოერია.დედას შვილი ჩაეხუტა.
-გთხოვ, თუ გინდა,რომ მე კარგად ვიყო, მაშინ უნდა
წახვიდე.გეფიცები ყოველდღე დაგირეკავ,მალე ჩამოვალ. გთხოვ...
-არ შემიძლია-აცრემლებული ხმით თქვა
მანანამ.
-დედა...
ქალმა შვილს შეხედა.
-ჩემი ხომ გჯერა?
-კი.
-ხომ მენდობი?
ქალმა თავი დააქნია.
-ჰოდა მერწმუნე. მალე ჩამოვალ,ჩვენს
მეგობრებს,ახლობლებსა და მეზობლებს უნდა დავეხმარო.მერე კი
ჩამოვალ,გპირდები.-გიორგიმ დედას თავი დაუქნია.
-გთხოვ...
მანანამ ცხვირსახოცით ცრემლები შეიშრო.
-მპირდები რომ ყოველდღე დამირეკავ?
-გეფიცები.
-კარგი-ქალმა ღრმად ამოისუნთქა -მაგრამ
თუ მალე არ ჩამოხვალ,იცოდე რომ მე შენთვის დავბრუნდები.
გიორგის გაეღიმა.
-მიდი ჩაალაგე და სადგურზე გაგიყვან. იჩქარე, ალბათ ბევრი ხალხი
იქნება. დარწმუნებული ვარ რამოდენიმე საათში ქალაქი მთლიანად დაიცლება.
მანანა თავის საძინებელში შევიდა, სამგზავრო ჩანთა გამოიღო და
ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო.
გიორგი მართალი აღმოჩნდა.
სადგური გადატვირთულიყო. ყველანი თავს იმ სოფლებს აფარებდნენ,საიდანაც დედაქალაქში
საცხოვრებლად ჩამოსულიყვნენ. შვილმა დედა თავისი სოფლის მიკროავტობუსში ჩასვა და
გააცილა. მანქანა მალე გავიდა. შვილი ბოლო წუთამდე უმზერდა დედას,რომელიც
სოფლისკენ მიიწევდა და რომელსაც თვალზე ცრემლი მოსდგომოდა. მანანას გამგზავრების
მიუხედავად მისი სული ისევ თბილისში,თავისი შვილის გვერდით რჩებოდა. გიორგისთვისაც
არ იყო ადვილი დედასთან გამომშვიდობება,მაგრამ ქალბატონი მანანასთვის ცხოვრების
უმძიმესი ჟამი იდგა,მან თავისი შვილი მარტო,დაუცველად დატოვა სტიქიის
ეპიცენტრში... ეს არ ჰგავდა ქართველი დედის საქციელს,მაგრამ შვილის თხოვნასა და
მუდარას წინ ვერაფერი აღუდგება.
ორ დღეში თბილისი მართლაც
დაიცალა. მილიონიან ქალაქში სავარაუდოდ 10 000 კაცამდე დარჩა. აქედან უმეტესობას
სხვაგან წასასვლელი არ გააჩნდა. ბევრიც მათხოვარი და გაჭირვებული იყო. ცოტა იყვნენ
ისეთები,რომლებიც ქალაქში სხვების დასახმარებლად დარჩენილიყვნენ. შეიქმნა
მოხალისეთა რაზმები,რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებოდნენ. გიორგიც ერთ-ერთი ასეთი
რაზმის წევრი იყო. მისთვის განსაკუთრებით
ამაღელვებელი იყო ის წუთები,როდესაც პატარა გოგონები და ბიჭები ამოყავდა ნანგრევებიდან
თუ სხვადასხვა ორმოებიდან. ბიჭი დაპირებისამებრ ყოველდღე ურეკავდა დედამისს და
ქალბატონი მანანაც თავს მშვიდად გრძნობდა. მიუხედავად ასეთი მაშტაბური
მიწისძვრისა,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სატელეფონო ხაზები, სინათლე,გაზი და წყალი
კვლავაც შეუწყვეტავად იყო თბილისში. მერია მართლაც ეხმარებოდა თბილისელებს. ქალაქში
დარჩენილებს იმედს უსახავდა და გვერდში ედგა საპატრიარქოც. ყოველდღიურად
იმართებოდა წირვები,სადაც დარჩენილებს უფლის შემწეობასა და ძალაზე მოძღვრავდნენ და
ეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ღმერთი არ გაწირავდა. ქალაქის ერთი მესამედი
მთლიანად დანგრეულიყო. ძირითად თავშესაფრებს გადარჩენილი სკოლები,უნივერსიტეტები
და ბიბლიოთეკები წარმოადგენდნენ. თბილისის მიწისძვრა მსოფლიოს ახალ ამბებში
ყოველდღიურად შუქდებოდა. საქართველოს საკმაოდ ბევრი ქვეყანა ეხმარებოდა. ისინი
თბილისში გზავნიდნენ საკვებს,დამხმარე პერსონალს. ქალაქის აღსადგენად გადმორიცხეს
საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებიც.თბილისს მსოფლიოს ყველაზე გამოცდილი და ცნობილი
სეისმოლოგები ეწვივნენ. სწორედ მათ დაიწყეს მუშაობა იმის გარკვევაზე თუ რამდენ
ბალიანი მიწისძვრა მოხდა და იყო თუ არა შანსები მიწისძვრის განმეორების.
ჯერჯერობით ქალაქის აღდგენა არ იგეგმებოდა. მთავრობა დარჩენილებს ქალაქიდან
გასვლაში ეხმარებოდა,რადგან უფრო კარგად მომხდარიყო თბილისის სრული რეკონსტრუქცია.
მათ მოხალისეთა რაზმები დიდად ეხმარებოდნენ. იმ რაზმს,რომელშიც გიორგი იყო
გაწერვიანებული 143-ე რაზმი ერქვა.სულ ჯგუფში 20 კაცი იყო გაწევრიანებული. ისინი
სხვადასხვა თავშესაფრებში დადიოდნენ და ხალხს პროდუქტებსა და მედიკამენტებს
ურიგებდნენ. მიწისძვრიდან მეხუთე დღეს 143-ე რაზმის სამი წევრი №43 თავშესაფარს
ეწვია. რაზმის სამი წევრიდან ერთ-ერთი გიორგიც იყო. თავშესაფარში 30-მდე ადამიანი
იმყოფებოდა. თავიდან თავშესაფრებში 50-50 ადამინი იყო გათვლილი,თუმცაღა ნელ-ნელა
მათი ქალაქიდან გაყვანა განხირციელდა და რიცხვი 30-მდე შემცირდა. მოხალისეებმა
თავშესაფრის მაცხოვრებლებს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგეს. მიუხედავად ასეთი
დახმარებისა, ეს საკმარისი მაინც არ იყო. მამაკაცები საჭმელს ხშირად ბავშვებსა და
ქალებს უთმობდნენ,ამიტომ ისინი საკმაოდ დაუძლურებულიყვნენ და შიმშილობდნენ.
საავანდმყოფოებში ადგილი აღარ იყო,ამიტომ ბევრ მათგანს თავშესაფრებში
მკურნალობდნენ,რაც მათი გარდაცვალების მიზეზი ხშირად გამხდარიყო. მთავრობას
გარდაცვლილთა რაოდენობის თქმა არ შეეძლო,რადგან ბევრი ქალაქიდან წასულიყო და
გაურკვეველი იყო ისინი ისევ ცოცხლები იყვნენ თუ ხვრელებში ჩაკარგულიყვნენ.
არსებული მონაცემებით 50 000 კაცი იყო გარდაცვლილი,მაგრამ სინამდვილეში დაღუპულთა
რიცხვი საკმაოდ ბევრი იქნებოდა. რაც
შეეხება №43 თავშესაფარს,იქ არასათანადო მკურნალობის გამო უკვე 3 ადამიანი
გარდაცვლილიყო. გიორგის გულს ძალიან უწვავდა თავისი თანამემამულეების ასეთი
მდგომარეობა,მაგრამ მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ყმაწვილი ერთ-ერთ ქალთან
მივიდა. ქალს კალთაში პატარა გოგონა ესვა.
გიორგიმ მათ წინ ცელოფანი დაუდო. იქ ერთი პური,რამოდენიმე ძეხვის ნაჭერი და ტკივილ
გამაყუჩებლები ეწყო. როგორც კი ყმაწვილმა გზის გაგრძელება გადაწყვიტა ქალმა მას
მკლავი დაუჭირა. მან გოგონა ძირს დასვა და თავად ყმაწვილის წინ მუხლებზე დაემხო.
-გთხოვთ, დაგვეხმარეთ.ჩემი შვილი შიმშილით კვდება. ჩემს წილსაც ვაძლევ,
მაგრამ არ ჰყოფნის, ერთი პური და 5 ნაჭერი ძეხვი ორი-სამი დღე როგორ უნდა
გვეყოს?!გთხოვთ, დაგვეხმარეთ-ქალი აქვითინდა.გიორგიმ მისი წამოყენება სცადა.
-გთხოვთ, ადექით-მან ქალს ხელი მიაშველა და ისიც წამოაყენა. ყმაწვილმა
მზერა ბავშვზე გადაიტანა. პატარა 4-5 წლის გოგონა იყო,ლამაზი, ცისფერთვალება. მას
დახეული სვიტერი ეცვა.ბავშვის თვალებში მხოლოდ ტანჯვა და სიბრალული იკითხებოდა. გიორგის იგი ძალიან
შეეცოდა,ის ხომ ისეთი უცოდველი იყო,ნუთუ როგორ შეიძლებოდა ღმერთს ასე გაემეტა რომ
იგი ამ სასტიკ სამყაროში დედის ამარა დაეტოვებინა.
-აქ რატომ დარჩით,წასასვლელი არსად გაქვთ?
-არა-სინანულით უპასუხა ქალმა.
-არც ნათესავები გყავთ?
-აფხაზეთიდან ვართ დევნილები, ჩემი მეუღლე ომში დაიღუპა,იქ დარჩენა
საშიში იყო. დედაჩემმა თბილისში გამოგვიშვა,თვითონ იქ დარჩა. აქ კი რამოდენიმე
წლიანი ტანჯვის შემდეგ მოვახერხეთ ბინის მიღება და ისიც მიწისძვრის დროს დაინგრა.
სად უნდა წავიდე,მე მხოლოდ ჩემი გოგოს გამო ვცოცხლობ თორემ, სად უნდა წავიდე? ჩემი
შვილიც,უფროსი ვაჟიც აფხაზეთში დაიღუპა, შვიდი წლის იყო, როცა ტყვია თავში
მოხვდა,უბრალოდ ქუჩაზე გადადიოდა და შემთხვევით მოხვდა ტყვია. შემთხვევით
ქართველმა მოარტყა,არ იყო ცუდი კაცი. - ქალმა ემოციები ვეღარ შეიკავა-და ამას
ვამბობ ჩემი შვილის მკვლელზე,მაგრამ არ იყო ცუდი კაცი მისი დაკრძალვის ხარჯები მან
გადაიხადა,აბა ჩვენ ფული საიდან გვქონდა,თავისი ფულიც ჩვენ
დაგვიტოვა,მთლიანად,მერე ... მერე კი ხატების წინ დაიჩოქა და ჩემი შვილის
სულისთვის ილოცა,რუსს ესროდა და ტყვია ჩემს ბიჭს მოხვდა-გიორგიმ ქალთან დაიხარა და
მას ხელი მხარზე დაადო.
-უნდა გამაგრდეთ-ბიჭმა ცელოფნიდან მეორე პური ამოიღო და ქალს გაუწოდა-
მხოლოდ ამის მოცემა შემიძლია,გპირდებით შემდეგისთვის ვეცდები მეტი
მოგიტანოთ,უბრალოდ ძალიან რთული მდგომარეობაა.
-მესმის,მადლობა-ქალმა გიორგის ხელზე ხელი მოუჭირა-ღმერთმა დაგლოცოთ
გიორგიმ მას გაუღიმა.
-გოგონას რა ჰქვია?
-ანა.
ბავშვმა თავისი სახელის გაგონებაზე გიორგის შეხედა. ახლა ბიჭმა ნათლად
დაინახა ის ღრმა სევდა, რომელიც ბავშვის ცისფერ თვალებში იკითხებოდა. ისინი იმ
მოწმენდილ ცას ჰგავდნენ,რომელზედაც ერთი ღრუბელიც არ ჩანდა,მაგრამ მაინც წვიმას
აპირებდა. მათ ერთი კაცი უყურებდა,რომელიც კუთხეში კედელს მიყრდნობოდა.
გადაპარსული თმა და გაუპარსავი წვერი ჰქონდა. დახეული სტაფილოსფერი მაისურიდან
გულზე ამოსული, ოდნავ გაჭაღარავებული ხშირი თმა მოუჩანდა. ხელები დაემუშტა და
დაჭიმული ძარღვები ხშირ თმებშიც უჩანდა. ხელები დიდ ღიპზე დაეწყო და მარცხენა
ხელის გულს მუშტს ურტყამდა. ბრაზისგან ტუჩები მოეღრიცა და შუბლი შეეჭმუხნა. დიდი
კეხიანი ცხვირიდან ჰაერს გაფართოებული ნესტოებით ხარბად სუნთქავდა. ბოლოს ხელზე მუშტის რტყმა შეწყვიტა და წამოდგა.
- ბიჭო,რატომ აძლევ მაგათ ზედმეტ საჭმელს?!- დაყენებული ბოხი ხმით
უთხრა გიორგის.
-თქვენ ნუ ღელავთ, საკვები საკმარისია,ჩემი წილიდან მივეცი.
-მერე?! ესენი რა, რამე განსაკუთრებულიბი არიან, აქ ყველას გვინდა
ზედმეტი საკვები,ვიღაც ჩამოთრეულ ლტოლვილებს აძლევ და ჩვენ აქ ღორებივით
ვყრივართ მშივრები.
-დამშვიდდით, საკვები საკმარისია.
-არა,არ არის!-კაცმა ქალს მეორე პური ხელიდან გამოგიჯლა.
-ახლავე დაუბრუნეთ!-გაბრაზებით თქვა გიორგიმ.
-ვითომ რატომ?-კაცმა ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა.
-შეხედეთ, ბავშვია,სრულიად უცოდველი ბავშვი. ჯერ ამ ყველაფრისთვის
საკმაოდ პატარაა, ვერ გადარჩება.
-სამყაროს აღსასრულია, სულ ერთ ადგილზე მკიდია ბავშვია თუ
დედაბერი-კაცმა გადაიხარხა- მერე რა, რახან ბავშვია ზედმეტი უნდა ჭამოს? ეგ რა,
რამე გამორჩეული ბავშვია?ერთი ბინძური,ლტოლვილი ბავშვია და მეტი
არაფერი,მეც ბავშვი ვიყავი,გაიგე ბიჭო? ეხლა მიდი ჩემი წილი მომეცი-კაცმა
ხელი გაუშვირა. გიორგიმ ახალი პურის ნაჭერი ამოიღო და ის ქალს მისცა. კაცს ამის
დანახვაზე სახის კუნთები დაეჭიმა.
-თქვენ უკვე ხელში გიჭირავთ თქვენი წილი-მშვიდად მიუგო გიორგიმ.
„ქართველმა“ ანას დედას პური კვლავ წაართვა.
-დაუბრუნეთ-მშვიდად, მაგრამ გაღიზიანებით უთხრა გიორგიმ.
-აბა სცადე და წამართვი!
-არ გინდათ,თავი დაანებეთ-ქალმა გიორგის მკლავზე ხელი მოჰკიდა.
-უსამართლობას ვერ ავიტან,ქალის დაჩაგვრას ვერ ავიტან, ბავშვზე
საზრდოს წართმევას ვერ ავიტან, ქართველის ასეთ მოქცევას ვერ ავიტან-გიორგიმ
ცელოფნები ძირს დადო და კაცს მუშტი მოუქნია. მისმა ღაბაბმა ერთგვარი ცეკვა დაიწყო,ჯერ
მარჯვნივ,შემდეგ კი მარცხნივ, ბოლოს მისი მუცელიც შეიწია,მხოლოდ ცოტაზე,გიორგის
ძლიერად არ დაურტყამს,მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იყო. კაცმა პურები დაყარა და
მთელი სისწრაფით გაიქცა.ყმაწვილმა პურები აიღო,ცელოფანში დააბრუნა. ახლები ამოიღო
და ქალს მისცა.
-გამომართვით, თქვენც მიირთვით.
-გმადლობ შვილო- ბედნიერი თვალებით უთხრა ქალმა ბიჭს და ანას პური
მოუტეხა,გიორგი კი მათ დაემშვიდობა და გზა განაგრძო.
გიორგი
სახლში საღამოს დაბრუნდა. იგი მთელი ღამე ფიქრობდა კაცზე,რომელმაც მისი
გაღიზიანება გამოიწვია,არადა ის ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული იყო,მანამდე
არასდროს მოსვლოდა ჩხუბი და არც ვინმე ეცემა. იგი ბრაზობდა საკუთარ თავზე
იმიტომ,რომ ვიღაცას დაარტყა,მაგრამ მაშინ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა და თავის
თავს ბიჭი მუდამ ამას უმეორებდა. დილით მან დედამისს დაურეკა, იგი მას ძალიან
ენატრებოდა.
- დედი, როგორ ხარ?
-კარგად,შენ? ბაბუ და ბებო როგორ აირიან?
-კარგად,მე შენზე ვღელავ. როდის ჩამოხვალ?
-მალე,მალე ჩამოვალ.
-დაიფიცე.
-გეფიცები.
-დედა დაიფიცე.
-ხომ გითხარი,გეფიცები-მეთქი. თქვენთან ყველაფერი რიგზეა?
-კი,მანდ რა ხდება?
-მძიმე მდგომარეობაა, უნდა გავმაგრდეთ,ჯერ ვერ ჩამოვალ,ხალხს ჩემი
დახმარება სჭირდება.კარგი,უნდა დაგემშვიდობო. მერიაში ვარ წასასვლელი და შემდეგ
თავშესაფრებში პროდუქტები უნდა დავარიგო.
-ჩემი საამაყო შვილი,თავს გაუფრთხილდი.
-შენც.
გიორგიმ ტელეფონი დაკიდა, გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა. დღე
ჩვეულებრივად გადიოდა, ყმაწვილი თავის რაზმთან ერთად სასმელ-სანოვაგეს არიგებდა.
ერთი სიტყვით ყველაფერი რიგზე იყო მანამ,სანამ საღამოს კურიერის საგანგებო
გადაცემა არ დაიწყო. გიორგი ტელევიზრთან დივანზე დაჯდა და არხს აუწია. ეკრანზე
წამყვანი გამოჩნდა.
„ გიბრუნდებით საგანგებო გამოშვებით,ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის
გამოცხადება,მაგრამ ამას საქმე მოითხოვს. რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ცნობილი
სეისმოლოგები ეწვივნენ,რომლებმაც გამოკვლევები ჩაატარეს,რამაც საკმაოდ მძიმე
შედეგი აჩვენა,რამეთუ მიწისძვრების სერია ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ახლა კი ჩემი
კოლეგა ნატა ხონფარია ჩაგვერთვება სეისმოლოგიური ცენტრიდან“. ეკრანზე ქალი
გამოჩნდა. „ მე ახლა ვიმყოფები თბილისის სეისმოლოგიურ ცენტრში,სადაც კვლევას და
მუშაობას განაგრძობენ მსოფლიოს საუკეთესო სეისმოლოგები,მათ შორისაა ჯეიმზ
ჰარნდონი,რომელმაც შეგვატყობინა,რომ მიწისძვები ისევაა მოსალოდნელი და ტელეეთერით
გამოსვლა გვთხოვა. იგი ჩემს გვერდით იმყოფება და მინდა ვკითხო მას თუ რაშია
საქმე“. გამოსახულება გაიშალა და ეკრანზე ჭაღარათმიანი,გამხდარი,სათვალიანი კაციც
გამოჩნდა.მან საუბარი ინგლისურად დაიწყო. იგი წინადადებას ამთავრებდა და მის გადმოთარგმნას
ნატა იწყებდა.
„ მე მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა მომხდარისადმი,ჩვენ დაუღალავად
ვმუშაობდით და გავაკეთეთ ზუსტი დასკვნები,რომ მიწისძვრა ისევ მოხდება. მისი ბალები
განუსაზღვრელია,ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი
მიწისძვრა მსოფლიოს ისტორიაში. დედამიწის ქანებს მოძრაობა ძალიან ღრმად აქვთ
დაწყებული და ისინი საკმაოდ სწრაფად და ძლიერად ირხევიან. მე ძალიან
ვწუხვარ,მაგრამ ეს უნდა ვთქვა. თბილისი ორ-სამ დღეში მიწასთან გასწორდება. ყველას
გთხოვთ, რომ სასწრაფოდ დატოვოთ ქალაქი, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიდ
მწუხარებას, საქართველოს არ ვტოვებთ და მუშაობას კვლავ განვაგრძობთ,უბრალოდ
მოვლენებზე დაკვირვებას ქუთაისის სეისმოლოგიური ცენტრიდან განვაგრძობთ“. ეკრანზე
კვლავ წამყვანი დაბრუნდა. „კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ,რომ სასწრაფოდ დატოვოთ
ქალაქი,ჩვენ კი მუშაობას არ ვწყვეტთ და ბოლო წუთამდე ვეცდებით მოვლენების
გაშუქებას, როგორც კი უახლეს ინფორმაციას მივიღებთ მაშინვე დაგიბრუნდებით“.
რამოდენიმე წუთის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება დაბრუნდა. ამჯერად ჟურნალისტი
მერიიდან ერთვებოდა. ეკრანზე თბილისის მერი გამოჩნდა,სახეზე შიში და დაბნეულობა
აღბეჭვდოდა.მან სიტყვა გაუბედავად წარმოთქვა; „ მინდა მივმართო ჩემს მოქალაქეებს,
მათ, ვინც ქალაქში დარჩა და ვთხოვო აქედან დაუყოვნებლივ გამგზავრება. მე აქტიური
კავშირი მაქვს ქალაქ ქუთაისის მერთან,ასევე კახეთის სოფლების გამგებლებთან და
ისინი მზად არიან თბილისში დარჩენილი მოსახლეობის შესაფარად. ხვალ დილიდანვე
თბილისში შემოვლენ დიდი,სამგზავრო ავტობუსები და ისინი დარჩენილ მოსახლეობას
ქალაქიდან გაიყვანენ, ჩვენ ამას გადავურჩებით,გმადლობთ“. ჟურნალისტებმა მერს
უამრავი კითხვა დაუსვეს,თუმცა იგი საკონფერანციო ოთახიდან სასწრაფოდ გავიდა.
გადაცემის დასრულების შემდეგ
გიორგის ტელეფონზე ზარი გაისმა. ყმაწვილმა ის სასწრაფოდ აიღო,უკვე წინასწარ იცოდა
თუ ვინ ურეკავდა.ამიტომ მოპასუხეს პირდაპირ მიმართა:
-გისმენ,დედა, როგორ ხარ?
-როგორ უნდა ვიყო-ტელეფონში აღელვებული ქალის ხმა გაისმა- შენ ხომ
დამპირდი, ხომ დამპირდი რომ ჩამოხვიდოდი. შენ ჩემი სიკვდილი გინდა,მეც დამღუპავ და
თავსაც დაიღუპავ...
-დედა.
-ვიცი,რომ ჩამოსვლას არ აპირებ,თავიდანვე ასე იყო და მე
მეგონა,რომ...მეგონა,რომ-ტელეფონში ატირებული ქალის ხმა გაისმა.
-გთხოვ,ნუ ტირი.მე კარგად ვიქნები,მე მწამს ღმერთის,ის არ გაგვწირავს.
-ასეთი მიამიტი როგორ ხარ... შენ ერთადერთი ხარ, რაც გამაჩნია.შენს
გარეშე ვერ ვიცხოვრებ.
-არც მოგიწევს. ვიცი რასაც ფიქრობ, ქალაქში მაინც არ შემოგიშვებენ.
მცხეთასთან პოლიცია მორიგეობს,თბილისში ვეღარავინ ვეღარ შემოვა. მე დაგპირდი,რომ
ჩამოგაკითხავდი და ეს ასეც იქნება,მაგრამ მანამდე მე ვერ მივატოვებ ჩემს
ქალაქს,ჩემს ხალხს.
-უკეთესი შვილი მეგონე.
-ვწუხვარ,მაპატიე დედა,სხვანაირად ვერ მოვიქცევი.შეგიძლია ბაბუა
დამალაპარაკო?
მანანას ხმა აღარ ამოუღია,რამოდენიმე წუთში ტელეფონში მოხუცი კაცის
ხმა გაისმა.
-გისმენ,გიორგი,რა გინდა?
-შენც გაბრაზებული ხარ?
-დედაშენი მიატოვე და თავს იკლავ,გაბრაზებული როგორ არ უნდა ვიყო.
-გახსოვს 2008 წლის აგვისტო, მაშინ პატარა ვიყავი. შენც მიატოვე
ოჯახი,ხელში იარაღი აიღე და შენი თანამემამულეების დასაცავადა და დასახმარებლად
წახვედი.
-ეს ომი არ არის,გიორგი.
-არ აქვს მნიშვნელობა ეს ომია თუ არა, აქ,თბილისში ხალხია,რომელთაც
ჩემი დახმარება სჭირდებათ,აქ რომ იყო,ხედავდე მათ ასეთ გაუბედურებულებულს... ხომ
იცი, რომ შენც ჩემსავით მოიქცეოდი. ერთი რაღაც უცვლელია შვილიშვილი ყოველთვის ჰგავს
ბაბუას.
ოთარის გაეცინა.
-მე არ ვამაყობ იმით, რომ ასეთი ჯიუტი ვარ. შეიძლება ვეღარც გადარჩე.
-გადავრჩები, გახსოვს ადრე რა მითხარი? „ვიყავი იქ, ბრძოლის
ველზე,ტყვიების ქარცეცხლში და მჯეროდა ღმერთის, იმის,რომ თუ დავიღუპებოდი
დავიღუპებოდი ღირსეულად და უფლის წინაშე სუფთა სინდისით წარვსდგებოდი. იცი რატომ?
იმიტომ,რომ ქალაჩუნასავით სახლში არ გამოვიკეთე და როცა ჩემს სამშობლოს სჭირდებოდა
ჩემი დახმარება მაშინ დავეხმარე. ღმერთმა ყველა რაღაც მისიით მოგვავლინა. მე
მჯეროდა,რომ ეს იყო ჩემი მისია,ჩემი ქვეყნისა და ხალხის დაცვა“. მეც მჯერა ამის,ახლა
ჩავსწვდი შენს სიტყვებს. მინდა მათ დავეხმარო,ვისაც დახმარება სჭირდება და
ვიცხოვრო ღირსეულად ისე, როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება.
-კარგი ბიჭი ხარ,ნამდვილი პატრიოტი,მაგრამ ის აღარ ვიცი თუ რამდენად
კარგი შვილი ხარ. ხომ იცი დედას ყოველთვის ურჩევნია თავისი შვილი გვერდით,სითბოში ჰყავდეს
ვიდრე სადღაც შორს,ბრძოლის ველზე.
-ვიცი.
-მინდა იცოდე,რომ მე მხარს გიჭერ. სანამ ჩემს ნათქვამს
მახსენებდი,თვალწინ ის დღეები დამიდგა,მოგონებები ამეშალა,მართალი ხარ,შენ მანდ
უნდა იყო,ვერ წარმოიდგენ მეც როგორ მინდა ახლა შენთან ყოფნა.
-მჯერა.
-ის ჯვარი ისევ გაქვს?
-გულზე მიკიდია.
-ეგ დალოცვილი ჯვარია,მამა იოანემ მაჩუქა.არ მოიხსნა.
-ჩემთვისაც ძვირფასია.-გიორგი გულზე დაკიდებულ ჯვარს შეეხო.-მინდა
რაღაც გთხოვო,დედა აქ არ გამოუშვა,წამოსვლის ნება არ მისცე.
-რთულია ჩემი ქალიშვილის ასეთ დღეში ყურება,მაგრამ დავეხმარები ამის
გადატანაში,შენთვის ვილოცებთ.
-მე დავბრუნდები.
-ჩემი მამაცი შვილიშვილი.ღმერთო,ამ ბოლო დროს სენტიმენტალური გავხდი.
გიორგის გაეცინა.
-ზოგჯერ ეს საჭიროა.
-ჰო ზოგჯერ. ჩვენზე არ იღელვო და შენს საქმეს მიხედე,ვამაყობ
შენით...ვამაყობ შენით.
-მიყვარხარ.
-მეც,ჩემო ბიჭო,თავს მიხედე.
-ნახვამდის.
-არ გემშვიდობები,მალე გნახავ.
-კარგი.
ოთარიმ ტელეფონი დაკიდა. გიორგი დივანზე დაჯდა,თვალზე ცრემლი
მოსდგომოდა.არ იცოდა სწორად იქცეოდა თუ არა,თავის საქციელს არ ამართლებდა,თავს
საშინელ ადამიანად,საშინელ შვილად მიიჩნევდა,მაგრამ იხსენებდა იმ ცისფერთვალება
ბავშვს თავშესაფარში რომ შეხვდა, ცხოვრებისგან განადგურებულ დედას,რომელსაც
დევნილობის გამო ყველა ამცირებდა და სადღაც,გულის სიღრმეში მაინც იცოდა,რომ სწორად
იქცეოდა.დივანზე წამოწვა,მოიკუნტა და თვალები დახუჭა.
ღამე სწრაფად გავიდა, 22
ნოემბრის მზემ მალევე შეცვალა წინა ღღის მთვარე. გიორგი პირს იბანდა,როდესაც ტელეფონმა დარეკა. ამჯერად
მას მისი ბავშვობის მეგობარი - სანდრო ჯარიაშვილი ურეკავდა.
-როგორ ხარ?
-რავი,შენ?
-ნორმალურად.
-ბიჭო,გიო შენს სახლთან ვდგავარ
და გამო რა თუ გცალია.
-კარგი,გამოვალ.
გიორგიმ ჟილეტი მოიცვა და გარეთ გავიდა. კართან მართლაც იცდიდა მისი მეგობარი,იგი
საშუალო სიმაღლის, გამხდარი,შავთვალება ბიჭი იყო, ცოტათი კეხიანი ცხვირითა და
გადაპარსული თავით.
-რას შვრები?
გიორგიმ უბრალოდ ხელები გაშალა.
-რაღაც საქმე მაქვს,წამო ცოტა გავიაროთ.-ისინი ქუჩას დაუყვნენ და იქ
გაჩერდნენ,საიდანაც თვალნათლივ ჩანდა მიწაში ჩავარდნილი თავისუფლების მოედანი.
- ტელევიზორს უყურე?-გიორგის ჰკითხა სანდრომ.
-გუშინ კი.
-დღეს არა?
-არა.
- ბიბისიზე ყოფილა საქართველოზე რაღაც გადაცემა. დღეს იყო კურიერში.
თან მთავარი კითხვით გადაარჩენს თუ არა ღვთისმშობელი თავის წილხვედრ ქვეყანას და
ჩაინთქმება თუ არა თბილისი მიწაში. აზრზე ხარ ბიჭო? რა მაგათი ტრაკის
საქმეა,ოღონდაც აჭორავო და ალაპარაკო ეგენი. მთავრობა ვაფშე წავიდა,მერის მანქანები
დილით დაუნახავთ ბიჭებს ქალაქიდან გადიოდნენო. დღეს ავტობუსები მოვლენ და მეც
მივდივარ. ახალგაზრდა ვერ მოვკვდები ძმაო,შენ რას აპირებ?
-ვრჩები.
-ხო არ ღადაობ,რა რჩები,სად რჩები. მოკვდები,ეს გესმის?!
-ილია ამბობდა მამული,ენა,სარწმუნოებაო. ესაა ამქვეყნიური ცხოვრების
ძირითადი თეზისები,მიზნები,მოვალეობანი. მე თუ ჩემს მამულს ვუღალატებ,თუ მას მივატოვებ,რა
იქნება ჩემი ცხოვრება. მე მწამს ღმერთის,გადავრჩები.
-ძაან ნიტოს ბაზრობ, დედაშენზე მიანც იფიქრე,რა მოუვა საწყალ ქალს. მეც
დავრჩი,ჩემი მშობლები გავუშვი და დავრჩი,მაგრამ ვსო,მორჩა. რაც
დავეხმარეთ,დავეხმარეთ. ხალხი წავა,უკვე ისინიც წავიდნენ,ვინებიც მიწისძვრის
შემდეგ დარჩენილიყვნენ. გაიგე ძმაო, ნუ სულელობ,აიღე ტანსაცმელი და წამო წავიდეთ.
-არა სანდრიკ,მე ვრჩები. დღეს პატრიარქი აპირებს პირველი განცხადების
გაკეთებას.
-მერე რა,მაგას სოფელშიც მოისმენ,ტელევიზორი ხომ აქვთ.
-ვერ გადამათქმევინებ.ჰმ, ყოველდღე ის გვესმოდა ესა თუ ის კუნძული
ჩაიძირებაო,სანაპიროები წყლით დაიფარებაო,ერთი პერიოდი იმასაც ამბობდნენ იაპონია
დაინგრევაო და უცებ აი რა დაგვემართა,თბილისი განადგურდა. მე აქ ვრჩები, ესაა და
ეს.
-მაგრად მიტეხავ გიო.
გიორგიმ სანდროს შეხედა.
- ბევრს ვუტეხავ,მაგრამ ვერ წამოვალ.
-შენი საქმისა შენ იცი,პროსტო ხო იცი რომ მაგრად მიყვარხარ.-ბიჭები
ერთმანეთს გადაეხვივნენ,სანდრომ გიორგის ხელები მაგრად მოუჭირა,თვალებში წვეთები
ჩასდგომოდა.
-იმედია,კიდევ შევხვდებით,თავს გაუფრთხილდი გიო-მიაძახა სანდრომ
მეგობარს მაშინ,როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ.
შუადღის სამი საათისთვის
პატრიარქმა განცხადება მართლაც გააკეთა,თუმცაღა მანამდე ჯეიმზ ჰარნდონის
განცხადება გავრცელდა,რომელმაც თქვა, რომ დამანგრეველ მიწისძვრას 23
ნოემბერს ელოდებოდნენ. მის შემდეგ კი ქართული არხები უცხოური
საინფორმაციოების სიუჟეტებს აჩვენებდნენ. გიორგი ყველაზე მეტად „ფოქსის“ სიუჟეტმა
გააღიზიანა,რომლის გაშვების დროსაც ეკრანზე ეწერა - Tbilisi V-2023? რაც შეეხება
პატრიარქის გამოსვლას, ის ძალზედ ამაღელვებელი და შთამაგონებელი იყო. პატრიარქმა
თავისი გამოსვლისას განაცხადა:
„მე აქამდე თავს დამტყდარ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადება არ
გამიკეთებია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე იმედი, ანდა რწმენა დავკარგე,პირიქით
ახლა ყველაზე დიდი რწმენა გამაჩნია და ყველაზე დიდი იმედი მიღვივის გულში. ბოლო დროინდელი
მოვლენების გამო დავისაჯეთ,მივიღეთ სასჯელი,გაფრთხილება.ამ უბედურებამ
გაგვაერთიანა ერი, გვასწავლა და დაგვანახა თუ რა არის ქართველობა,თუ რას ნიშნავს
იყო ქართველი. მე მწამს ღმერთის და მჯერა,რომ თუ საჭირო იქნებოდა ჩვენი,როგორც
ერის განადგურება ის ამას ერთი ხელის მოსმით გააკეთებდა,მაგრამ არა, მან ჩვენ
გაგვაფრთხილა,გვასწავლა ერთმანეთის მხარში დგომა და დახმარება,სიკეთის ქმნა და
კეთილშობილება. მე მინდა ვთხოვო ქართულ მაუწყებობლებს,რომ ნუღარ უშვებენ იმ
გადაცემებსა თუ სიუჟეტებს რასაც უცხოური ტელევიზიები ამზადებენ,რაც დამაკნინებელია
და ერში შიშს ჰბადებს. მე თბილისში ვრჩები,მე მწამს ღმერთის და მჯერა რომ ის ჩვენ
არ გაგვწირავს.აკაკი წერეთელს ერთ-ერთ თავის მონთხრობაში დაახლოებით ასეთი სიუჟეტი
აქვს: ღვთისმშობელ მარიამს გული შესტკივა თავისი წილხვედრი ერის ქმედებებზე,ამიტომ
ის დახმარებას თავის ძესა სთხოვს. იესო კი მას ჰპირდება, რომ ამ პატარა ერს
გასაჭირში არ მიატოვებს. დღეს სწორედ ეს ხდება, მე ამ მოვლენებს რელიგიურ ახსნას
ვუძებნი. ეს გზაა თავისუფლებამდე,სულიერ განწმენდამდე,ხსნამდე. რაც არ უნდა
სასტიკად და საშინლად ჩანდეს ყველაფერი, ეს, რაც მოხდა, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და
ჩვენმა საშინელმა,ამაზრზენმა ქმედებებმა მიგვიყვანეს აქამდე. როგორც ვთქვი მე
თბილისში ვრჩები და მინდა მათ მოვუწოდო, ვინც კვლავ დარჩა ქალაქში, ხვალ,23
ნოემბერს ორი საათისთვის,ეს ის დროა როცა მიწისძვრაა მოსალოდნელი,შევიკრიბოთ
თავისუფლების მოედანთან.იქ, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი და ვილოცოთ ერთად.ღმერთი
ჩვენ არ გაგვწირავს,დაე დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რომ უფლის ძალა
განუსაზღვრელია,რომ ისაა ყოველივეს მომტანი და წამღები,რომ ქრისტიანობაა ერთადერთი
ჭეშმარიტი რელიგია“.
გიორგის პატრიარქის ეს აზრი
ძალიან მოეწონა,ყმაწვილი კათალიკოსს ყოველთვის ღირსეულ,პატივსაცემ და მისაბაძ
ადამიანად აღიქვამდა, რაც დღეს უკვე საბოლოოდ დამტკიცდა. ისედაც დაცლილი თბილისი
საბოლოოდ დაიცალა,დატვირთული ავტობუსები გამუდმებით გადიოდნენ ქალაქიდან. ქუჩები
სრულიად დაცარიელებულიყო, აქა-იქ რამოდენიმე მაწანწალა ძაღლი თუ
დაეხეტებოდა,რომელიც ნანგრევებში საკვებს ამაოდ დაეძებდა და მცირედ ჩავარდნილი
ადგილებიდან წვიმის წყალს სვამდა. გიორგის რაზმი დაიშალა,არა მხოლოდ
გიორგისი,არამედ მთელი ეს პროექტი ჩაიშალა,რადგან აღარც ხელმძღვანელები და აღარც
რაზმის წევრები დარჩენილიყვნენ ქალაქში. ნელ-ნელა ღამდებოდა,შეიძლებოდა ეს ბოლო
ღამეც ყოფილიყო ქალაქ თბილისში. ათზე დაღამდა კიდევაც, გიორგიმ მთელი ღამე თეთრად
გაატარა,ასე იყო მანანაც და მთელი საქართველო. მხოლოდ პატარა ბავშვებს ეძინათ
მშვიდათ,მათ,რომლებიც ჯერ საკმაოდ პატარები იყვნენ იმისთვის,რომ გაეგოთ თუ რა
ხდებოდა. ბევრი ამ ღამეს თავის თავს კითხვას უსვამდა, ნეტავ როდის დაიწყო ეს
ყოველივე,ის,რის გამოც ასეთი უბედურება დაატყდა ქართველ ერს, 2012,2003-ში? უფრო
ადრე,1995, 1991-92 წლებში? თეთრად გაათენა ქართველმა ერმა 23 ნოემბრის დილა. დრო
სწრაფად გადიოდა. დილის 12 საათზე სეისმოლოგებმა გამოაცხადეს,რომ ქანებმა რხევა
უფრო ძლიერად დაიწყეს,თანაც სიღრმიდან ბიძგები ზედაპირისკენ მოიწევდნენ.
1:30-სთვის აქა-იქ მცირედი რხევა შეიმჩნეოდა. სწორედ ამ დროისთვის დაიწყო ხალხმა
შეკრება თავისუფლების მოედანზე,უფრო სწორედ იმ მონაკვეთზე, რაც თავისუფლების
მოედნიდან დარჩა, ეს რუსთაველის ქუჩა იყო. დაახლოებით ასამდე კაცს მოეყარა თავი.
მათში ყველაზე დიდი რაოდენობას მოხუცებულები წარმოადგენდნენ, ახალგაზრდების რიცხვი
მხოლოდ 7-8 კაცს თუ შეადგენდა,არც სასულიერო პირები გამოირჩეოდნენ სიმრავლით. 1:55
წუთისთვის პატრიარქმა ლოცვა დაიწყო:
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,“...
გიორგი სიბნელეში იყურებოდა,იგი ჩაჰყურებდა იმ მოედანს,რომელიც ძალიან
უყვარდა,იქ მრავალჯერ მდგარა 26 მაისის აღსაღნიშნავად გამართულ აღლუმზე და
აღტაცებითაც ურტყამდა ტაშს ქართველ ჯარისკაცებსა და ახალწვეულებს.
„წმიდა იყავნ სახელი შენი,”...
მან ახლა ზეცისკენ აიხედა,ის ძალიან
მშვიდი და მოწმენდილი იყო. უეცრად თვალი გაუშტერდა,მან უცხო ადამიანებში ნაცნობი
სახე შენიშნა.თან არა მხოლოდ ერთი,არამედ ორი ნაცნობი სახე.ის მათკენ დაიძრა.
„მოვედინ სუფევა შენი,”...
ბავშვის ცისფერმა,სევდიანმა თვალებმაც დაინახეს მისკენ მიმავალი
ყმაწვილი.
-დედა,ბიწი- დაიძახა პატარა ანამ და დედამისს გიორგისკენ თითით მიანიშნა.
ბიჭი ქალმაც შენიშნა და სახეზე ღიმილი გამოესახა.
„იყავნ ნება შენი,”...
გიორგი მათ მიუახლოვდა.
-გამარჯობა-უთხრა მან ქალს.
-გამარჯობა.
-ე.ი. ქალაქიდან არ წახვედით.
-არა, სიკვდილს ბევრჯერ ჩავხედე თვალებში და ღმერთი ყოველთვის მეხმარებოდა,მე
მწამს მისი,ამიტომ არ წავედი აქედან.მჯერა, რომ ის არ გაგვწირავს. და თქვენზე რას
მეტყვით?
„ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,“...
-დაახლოებით აქ მეც იმავე მიზეზით დავრჩი.
-ოჯახი არ გყავთ?
-კი,დედა ბაბუასთან და ბებიასთან გავუშვი.
„პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“...
-და შეეგუა თქვენს აქ დარჩენას?
-ვერა, ამისთვის მისი წყენინება მომიწია,რასაც ალბათ ვერასდროს
ვაპატიებ საკუთარ თავს.
„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,“...
-ზოგჯერ გვიწევს კეთილი საქმის გასაკეთებლად ადამიანების წყენინება.
-ნამდვილად ასეა.
„ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“...
-დროა არა?
-ვერ გავიგე?
-დროა,მიწისძვრის დროა.
გიორგიმ საათს დახედა. ორს სამი წუთი აკლდა.
-ცოტა დარჩა-მან ქალს უპასუხა.
„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,“...
მიწა მცირედ შეირყა,ძალიან
მცირედ, მაგრამ იქ შეკრებილთაგან ზოგიერთმა ეს იგრძნო,მათ შორის გიორგი და ანას
დედაც იყვნენ. რყევა ისევ განმეორდა. ქალს მარჯვენა ხელით პატარა ანა ეკავა,
მარცხენა კი გიორგის ჩასჭიდა. დაახლოებით ასევე იდგნენ ყველანი.გულში ყველას
ეშინოდა,რომ შეიძლებოდა ეს მათი ბოლო წუთები ყოფილიყო.
„არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.“...
რყევა ისევ განმეორდა,უფრო
დიდხანს და უფრო ძლიერად,მაგრამ საგანგაშო მაინც არაფერი იყო,ყოველ შემთხვევაში
ჯერჯერობით.
-რომელი საათია?-ჰკითხა ქალმა გიორგის.გიორგიმ საათს დახედა.
-სამის ერთი წუთი-თქვა მან.
„ამინ“.- ლოცვა დაასრულა
კათალიკოსმა, მიწა მცირედ კიდევ ერთხელ იძვრა და შემდეგ საბოლოოდ გაჩერდა.
მაშინ,როდესაც რწმენით აღვსილი გულები თავისუფლების მოედანზე ისევ ძგერდნენ
ქუთაისის სეისმოლოგიურ ცენტრში ჯეიმზ ჰარნდონმა წამოიახა:
-შეწყდა, ქანების ძვრა შეწყდა!
-მიწა აღარ იძვრის,რას იტყვით,მგონი გადავრჩით,არა?-გიორგის ჰკითხა
ანას დედამ.
-ღმერთი არს ჩვენთან!-დაიძახა კათალიკოსმა.
გიორგიმ კი თავი დახარა და ჩუმად სიცილი დაიწყო.
-რა გაცინებთ?-ჰკითხა მას ქალმა.
-ახლა ვინღა ააშენებს ამ ქალაქს? - სიცილით თქვა ყმაწვილმა და თვალი
ბედნიერ ხალხს შეავლო.