ჩვენთან, ქალაქ დექსოსში უძველესი წესები ისევ მეფობენ. წესი უამრავია,
შემსრულებელი კი ძალიან ცოტაა. თუმცა არიან ისეთები,ვინც წესებს ზედმიწევნით იცავენ.
წესები, მათ ჩვენთან ასე უწოდებენ, მაგრამ ალბათ სხვა სამყაროში მათ უბრალოდ თამაშები
ეწოდებათ.თუმცა იმას , რასაც ჩვენ წესებს ვეძახით თამაშებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ
მიუხედავად იმისა, რომ მათ თამაშების სახელები აქვთ. ერთ–ერთი უძველესი წესი ლაბირინთია,
რომელიც წინაპარმა დექსოსმა შექმა,ისევე როგორც სხვა წესები. ლაბირინთი სასამართლოს
გამორჩეული ხსნაა, თუმცა ბევრისთვის ის სიკვდილზე საშინელი სასჯელია, რომელსაც გასასვლელი
არ აქვს. ლაბირინთში მრავალი ადამიანი შესულა, მაგრამ იქედან ვერავინ გამოსულა. არავინ
იცის შიგნით რა არის, უბრალოდ ყველას სჯერა, რომ მას გასასვლელი არ აქვს. თუმცა,მაშინ
როცა სასიკვდილო განაჩენს გამოგიტანენ იმ იმედის ბოლო ნაპერწკალს ებღაუჭები, რომელსაც
ლაბირინთი ჰქვია, რომელსაც გასასვლელი დექსოსიდან სადღაც შორს აქვს.
1751 წელი იყო,როცა მე სიკვდილი
მომისაჯეს. სასამართლოს მცველებმა დილეგში ჩამაგდეს. ღამით ჩემთან მთავარი მოსამართლე,
დექსოსის უშუალო შთამომავალი მოვიდა და ლაბირინთი შემომთავაზა. იმ კაცისთვის, რომელსაც
ხვალინდელი დღისთვის სიცოცხლე აღარ უწერია ყველაფერი სულერთია. ლაბირინთის წესებს,ისევე
როგორც სხვა დანარჩენ წესებს ბავშვებს პატარაობაშივე ასწავლიან. მისი წესები მეც ვიცოდი.
თუ ლაბირინთს გავივლიდი თავისუფალი ვიქნებოდი, თუმცა დექსოსიდან სამუდამოდ გამაძევებდნენ,
მაგრამ ისევ ვნახავდი მშვენიერ შხაპუნა წვიმას, ისევ შევეხებოდი ქალის თეძოებსა და
ისევ შევიგრძნობდი მცხუნვარე მზის სხივებს. ბევრი სიკვდილმისჯილი ლაბირინთზე უარს ამბობდა,რადგან
იქ მოხვედრა წამებლურ სიკვდილს ნიშნავდა. უკეთეს შემთხვევაში რომელიმე ბნელ ოთახში
გაიჭედებოდი და იქ უსმელ–უჭმელი ამოგხდებოდა სული, უარეს შემთხვევაში კი... მე ასე
არ მოვიქეცი,ლაბირინთზე დავთანხმდი. იმ ღამეს ერთი გამხმარი პური და ჭიქა წყალი მომიტანეს,
სულ ეს იყო. მხოლოდ ეს მცირედი უნდა მყოფნოდა მთელი ლაბირინთის გასავლელად. მეორე დილითვე
ლაბირინთთან წამიყვანეს. ლაბირითი დიდი სარდაფიდან იწყებოდა, რომელიც ტყეში, მიწაში
მდებარეობდა. იქ დიდი კიბით უნდა ჩავმძვრალიყავი,რომელიც ტყეში მდებარე ხუფის ქვემოთ
იყო. ტყეში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მე იქ მცველებმა მიმიყვანეს. ტანზე თეთრი პერანგი
და მოკლე შავი ნაჭრის შარვალი მეცვა. მხოლოდ ეს უნდა მყოფნოდა ღრმად მიწაში ყოფნის
დროს. როცა მივედი ხუფი მაშინ გააღეს, იქედან მხოლოდ სიბნელე ჩანდა , თუმცა სიბნელეშიც
კარგად მოჩანდა ჰაერში გამოკიდული უზარმაზარი ობობის ქსელები.კიბეზე ჩავედი. როგორც
კი ფეხი ლაბირინთის ძირს დავადგი ხუფი მაშინვე ჩაკეტეს. მანამდე კი ხელში ანთებული
ჩირაღდანი მომცეს. თუ ის ჩაქვრებოდა, რაც საკმაოდ შესაძლებელი იყო ჩემი საქმე წასული
იქნებოდა. ჩირაღდნით ოთახი გავანათე კედლები ისევე, როგორც იატაკი და ჭერი შავი ფერის
ლითონის იყო. ოთახი საკმაოდ პატარა იყო, მის ბოლოში რკინის კარები მდებარეობდა. მას
მივაწექი. საკმაოდ ძნელად გაიღო.ფეხი მეორე ოთახში შევდგი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი
ლაბირინთში მოგზაურობაც.
მეორე ოთახი საკმაოდ ვიწრო და
გრძელი იყო. მასში გავლა გვერდულად მომიწია.ოთახი ობობის ქსელებით იყო სავსე. გზის
გასაკვლევად მათი მოშორება მიხდებოდა.ქსელების მოშორების დროს ხელზე რამოდენიმე ობობაც
ამაცოცდა, თუმცა საბედნიეროდ მათ ჩემთვის არ უკბენიათ. კარებამდე მისასვლელად 2 წუთი
დამჭირდა, აქაც ზუსტად ისეთივე კარები იყო, როგორიც პირველ ოთახში. კარები შევაღე.
მესამე ოთახი პატარა და განიერი ოთახი იყო, რაღაცით
პირველ ოთახსაც გავდა,თუმცა მას ბოლოში ორი კარები ჰქონდა. მე მათ წინ გავჩერდი. რომელიმე
უნდა ამერჩია.შეიძლებოდა ერთ–ერთს გასასვლელი
არც ჰქონოდა. ამის შემხედვარე ჩემი ბავშვობის თამაში გამახსენდა, მას ხის გვირაბი ერქვა.
უფროსები ორ ხეს გამოჭრიდნენ და ჩვენ ბავშვები მათში ვძვრებოდით. თამაშის არსი კი ის
იყო,რომ ერთ ხეში ტალახს დიდი რაოდენობით ყრიდნენ, მეორეში კი ტკბილეული ეყარა. შენ
არ იცოდი რომელ ხეში რა იმალებოდა. უნდა აგერჩია, ან ტალახში ამოიგვანგლებოდი ანდა
საღამოს პირს ტკბილეულით ჩაიტკბარუნებდი. თამაშს ყოველ დექსოსის პირველში ვთამაშობდით. ჩვენთან კვირას 9 დღედ აღიქვამენ.
პირველ დღეს დექსოსის პირველი ჰქვია, მეორეს დექსოსის მეორე დღე და ასე გრძელდება დექსოსის
მეცხრე დღემდე, მერე ისევ თავიდან იწყება. მახსოვს ზოგჯერ ხის გვირაბიდან ტალახში ამოსვრილი
გამოვდიოდი, თუმცა უფრო ხშირად იქედან ტკბილეულით ხელდამშვენებული გამომძვრალვარ. დაახლოებით
აქაც ეს შემთხვევა იყო, თუმცა ახლა მე სასიკვდილო თამაშს ვთამაშობდი.თვალები დავხუჭე
და ინსტინქტს მივენდე. მე არჩევანი გავაკეთე და მარცხენა კარი შევაღე. ოთახში შევედი.ვიგრძენი
ჩემს ფეხებზე რაღაცამ როგორ გადაირბინა. ჩირაღდნით მაშინვე ფეხები გავინათე, მაგრამ
ვერაფერი აღმოვაჩინე. შემდეგ წრუწუნი მომესმა და მივხვდი ,რომ ვირთხა ან თაგვი იქნებოდა.
ოთახს გასასვლელი არ უჩანდა. ის მიხვეულ–მოხვეული იყო .ახლა კი ნამდვილ ლაბირინთში
ვიყავი. ამ ოთახს მთელი დღე მივუყვებოდი, ან მე მეჩვენებოდა ასე. მიწის ქვეშ ხომ დროის
აღქმა გეკარგება. კედლები მორიელებითა და უზარმაზარი ობობებით იყო სავსე. იატაკის კუთხეებში
კი ვირთხები და ტარაკნები იმალებოდნენ. მოსახვევები არა და არ მთავრდებოდა. ამ ოთახში
ჩემი ვარაუდით 5 საათი მაინც გავატარე. გაუთავებელი სიარულით ძალიან დავიღალე,თუმცა
გაჩერების მეშინოდა. იქ,რომ ჩემთვის მორიელს ან რაიმე სხვა არსებას ეკბინა,ციებ–ცხელებით
ამომხდებოდა სული.საბოლოოდ გასასვლელი მაინც გამოჩნდა და მეხუთე ოთახში შევედი.
ოთახი საკმაოდ განიერი იყო, შეიძლება ითქვას ყველაზე
განიერიც,მათ შორის რაც გამოვიარე. მას ბოლოში სამი გასასვლელი მოუჩანდა. თუმცა კარები
არცერთს არ ჰქონდა. ჩირაღდნით კედლები გავანათე. იქ მხოლოდ ობობები შევნიშნე . ერთ–ერთ
კედელზე ჩირაღდნის ჩასადებიც იყო ჩამოკიდული. ჩირაღდანი იქ ჩავდე, მის ქვემოთ იატაკზე
დავჯექი და კედელს მივეყუდე.ოთახი კიდევ ერთხელ შევათვალიერე. კედელზე,ზემოთ საჰაეროები
იყო განთავსებული,მაგრამ საკმაოდ მაღლა იყო , ვერ მივსწვდებოდი, თანაც ისინი გისოსებით
იყო დაცული. ასე,რომ იქედან გასვლის შანსი არ არსებობდა. საშინლად მშიოდა და მწყუროდა,მაგრამ
თან არაფერი გამაჩნდა.თუ გზას არ გავაგრძელებდი და აქედან დროულად არ გავიდოდი სული
შიმშილითა და წყურვილით ამომხდებოდა. თუმცა გზის გაგრძელება არ შემეძლო.ლოცვა წარმოვთქვი
და წინაპარ დექსოსს აქედან გაღწევაში დახმარება შევთხოვე.შემდეგ კი თვალები დავხუჭე.
არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, როცა გამომეღვიძა ფეხზე კბენა ვიგრძენი , ალბათ სწორედ
ამან გამომაღვიძა. დავიხედე და პატარა თაგვი დავინახე,ის ჩემი ფეხიდან ხორცს ციცქნიდა.
მას ხელი ავუქნიე და მაშინვე სიბნელისკენ გაიქცა. მეც წამოვდექი, ჩირაღდანი ავიღე და
გასასვლელების პირისპირ დავდექი. მამაჩემისგან მსმენოდა,რომ შუა კარი არასდროს არ უნდა
ამერჩია, რადგან იქ ყოველთვის უბედურება მელოდა. ამჯერად არჩევანი მესამე გასასვლელზე
შევაჩერე და მისკენ დავიძარი, როცა კედელზე წარწერა შევნიშნე. ის ძველ დექსოსურ ენაზე
ეწერა, თუმცა საბედნიეროდ დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით უძველესს ენას კარგად ვსწავლობდი.
"ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა.გამოცდებს ყოველთვის აქვთ დასაწყისი და
დასასრული. გამოცდის დროს ბევრი არჩევნის გაკეთება გვიწევს. ეს გასასვლელები ყველაზე
მარტივი არჩევანია. ამით შესაძლებელია განსაზღვრო და შეაფასო შენი ინტუიცია. ერთ–ერთი
გასასვლელის ბოლოს ნაჯახი ძევს, მეორის ბოლოს დანა, მესამის ბოლოს კი სიცარიელეა."–
წარწერა გულდასმით წავიკითხე. დანა ან ნაჯახი ძალიან დამეხმარებოდა. მესამე გასასვლელში
შევედი. გრძელი გვირაბი იყო. მის ბოლოს დიდი ქვა დამხვდა ,რომელშიც საშუალო ზომის დანა
იყო ჩასობილი. ძალიან გამიკვირდა ის ისევ იქ რომ დამხვდა, რადგან ლაბირინთში ჩემამდე
ბევრი ადამიანი შესულა.ეს ნამდვილად სასწაული იყო. დანა ქვიდან გაჭირვებით ამოვაძერი.
მას ხის ტარი ჰქონდა, რომელიც ლითონზე წვრილი ბაწრით იყო მიბმული.ის მაინცდამაინც ბასრი
არ იყო,თუმცა გამოდგებოდა. უცებ გავიფიქრე,რომ სხვა გასასვლელში ნაჯახისთვის დავბრუნებულიყავი,მაგრამ
ეს დროის ფუჭი კარგვა იქნებოდა. მთავარი იყო,რომ იარაღი უკვე მქონდა.თანაც შეიძლებოდა
ნაჯახი იქ აღარც დამხვედროდა. გზა გავაგრძელე. მალე კარებიც გამოჩნდა და მეექვსე ოთახში
შევედი.
ახლა კი ნამდვილად მივხვდი რისი ეშინოდა ხალხს. ოთახში
უშველებელი მჭრელი დაქანაობდა. ის როგორც სიგრძით,ისევე სიგანითაც საკმაოდ დიდი იყო.
მას ვერც გადავახტებოდი და ვერც გავუძვრებოდი. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა
ეს მაშინ გაძრომა იყო, როდესაც ის ან მარცხნივ, ანდა მარჯვნივ გაქანდებოდა. თუმცა ესეც
სარისკო იყო,მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა. გული ამიჩქარდა. ჩემს სხეულში ადრენალინმა
იმატა, ჩემი გულის ცემა სიჩუმეში უროს ბრაგუნივით ისმოდა. იმ მომენტში თითქოს დრო გაჩერებულიყო.
ვიყავი მხოლოდ მე და იყო მჭრელი, რომელიც აქეთ–იქით ქანაობდა. დაველოდე,როცა მჭრელი
აღმოსავლეთით გაქანდებოდა. მას ახლოს მივუახლოვდი. ის აღმოსავლეთით გაქანდა. მოვემზადე,
როცა ის დასავლეთისკენ დაიძრა ჩავიმუხლა და მთელი სისწრაფით გავძვერი. დიახ, მე ეს
შევძელი ! მე მჭრელს დავუძვერი. თუმცა მაშინ მივხვდი, რომ ეს ლაბირინთის პირველი, ყველაზე
მარტივად დასაძლეველი გამოცდა იყო . ღრმად ჩავისუნთქე და მეშვიდე ოთახში შევედი.
გული ისევ გამალებით მიცემდა. ამ ოთახში უფრო საშინელ
რამეს ველოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა ოთახში მიმოვიხედე და იქ ვერც
ვირთხები, ვერც მორიელები და ვერც უზარმაზარი მჭრელი ვერ დავინახე. ოთახი ცარიელი იყო,
თუმცა მას გასასვლელი არ ჰქონდა.ოთახში დაკვირვებით მიმოვიხედე და აღმოსავლეთის კედელზე
გრძელი თოკი დავინახე. თოკი მოვსინჯე,საკმაოდ გამძლე ჩანდა. ხელებით ჩავებღაუჭე და
მასზე ავცოცდი. უკვე თოკის წვერზე ვიყავი ასული ,როცა ზემოთ,ჭერში გასასვლელი დავინახე.
თოკიდან გასასვლელზე გადავედი. ოთკუთხედის ფორმის რკინა იყო, რომლიდანაც ლითონი სასრიალოსავით
ქვემოთ ეშვებოდა. მეც მას მივენდე, ხელებით სხეულს ვუბიძგე და ჩავსრიალდი. ყველაზე
გრძელი სასრიალო იყო, რაზეც მისრიალია. არადა ბავშვობაში სასრიალო ჩემი საყვარელი გასართობი
იყო და დექსოსში რაც სასრიალოები იყო თითქმის ყველაზე ჩამოვსრიალებულვარ. სასრიალო
სწორი ზედაპირის იყო. რამოდენიმე წუთის შემდეგ როგორც იქნა ის დამთავრდა და ფეხებით
ისევ იატაკზე აღმოვჩნდი. ჩემს წინ მერვე ოთახის კარი დავინახე.ის შევაღე და აი კიდევ
ერთი დიდი უბედურება, ოთახი გველებით იყო სავსე.როცა კარი შევაღე რამოდენიმე ჩემსკენ
გამოექანა. გველების მაინცდამაინც არ მეშინოდა,მაგრამ ახლა უეცრად მათდამი ფობია გამიჩნდა
და კარები სასწრაფოდ გამოვხურე.ოთახში ერთი შეხედვითაც კი შევამჩნიე, რომ ეს გველები
დექსოსური წარმომავლობის,გველების ყველაზე საშიშ ჯიშს – ნეპრას ეკუთვნოდნენ. ნეპრა
გველები დღეისობით უკვე გადაშენებულები იყვნენ. უკანასკნელი ბავშვობაში ვნახე. როგორც
დექსოსელებს გვითხრეს ის უკანასკნელი იყო ამ ჯიშიდან, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. აქ,
ამ ლაბირინთში ასეთი ჯიშის მინიმუმ ათი გველი მაინც იქნებოდა. დექსოსურ ნეპრას ყველაზე
საშიში შხამი ჰქონდა. ის უბრალოდ კბილს თუ გაგკრავდა მაშინვე პარალიზება გემართებოდა.
ხოლო ღრმად ნაკბენის დროს კი მთელ სხეულზე დამბლა გეცემოდა, ჰალუცინაციები გეწყებოდა,რეალობასა
და მოგონებებს ერთმანეთისგან ვერ არჩევდი, სხეულში საშინელ ტკივილსა და ჩხვლეტას გრძნობდი
და ყველაზე უარესი მისი შხამი შიგნიდან გწვავდა. ის შენს უჯრედებს, ქსოვილებს, ორგანოებს
შიგნიდან კლავდა, შემდეგ კი კანიც დაგისივდებოდა და ბოლოს იმ ტომარასავით გასკდებოდი
ბავშვები ახალ წელს ტკბილეულის მოსაპოვებლად რომ ხეთქავდნენ. და ეს საშინელი არსებები,ნეპრა
გველები სწორედ იმ ოთახში იყვნენ,რომელშიც მე უნდა გამევლო. არ ვიცოდი რა მექნა. სუსტი
წერტილი ყველასა და ყველაფერს აქვს,მაგამ რა სუსტი წერტილი უნდა ჰქონოდათ ნეპრა გველებს
?! და სწორედ მაშინ,როცა ოთახიდან გასვლის
ყველანაირი იმედი გადამეწურა მამაჩემის სიტყვები გამახსენდა :"სამყაროში არ არსებობს
არსება, რომელსაც რაღაცის მაინც არ ეშინია. შენ მეკითხები რისი უნდა ეშინოდეთ ნეპრა
გველებს? პასუხი მარტივია. მათ იმის ეშინიათ,რისიც ყველა სხვა სულიერს. ისინი იმის
წინაშე არიან უძლურნი რის წინაშეც ადამიანი , ლომი , ვეფხვი თუ სხვა რომელიმე სულიერია
უძლური. აბა ახლა შენ მითხარი რა არის ეს?" ეს მამამ მაშინ მითხრა, როცა ჩვენი
აზრით უკანასკნელი ნეპრა ვნახეთ. მე მას შევეკითხე თუ ამ სასტიკ არსებას რისი უნდა
შეშინებოდა, მან კი სწორედ ეს პასუხი გამცა. თუმცა მაშინ მე მხოლოდ 8 წლის ვიყავი და
პასუხი ვერ მოვიფიქრე. მამამ დაფიქრება მთხოვა და მითხრა, რომ როცა მოვიფიქრებდი მაშინ
მეთქვა პასუხი. მაგრამ მაშინ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ახლა კი ყოველივე გასაგები იყო.
პასუხი იყო ის, რაც მე ლაბირინთში ჩამოსვიდანვე მქონდა. ეს იყო ცეცხლი! ის, რისაც ყველა
არსებას ეშინია. ცოტა გავივარჯიშე . ჩირაღდანს ჩემს გარშემო ვიტრიალებდი, რომ გველები
უკნიდანაც არ მომპარვოდნენ და როცა ეს სწრაფად გამომივიდა კარები შევაღე. ოთახში ათამდე
გველი ნამდვილად იქნებოდა, თუმცა სიმართლე გითხრათ ისინი მე არ დამითვლია. მე მხოლოდ
კარებზე ვფიქრობდი, რომელიც შემდეგ ოთახში გამიყვანდა. ჩემმა ხერხმა იმოქმედა. გველები
მართლაც მოიწევდნენ ჩემსკენ, თუმცა ჩირაღდანს ჩემი სხეულის გარშემო აქეთ–იქით ვატრიალებდი
და ისინიც მაშინვე ჩერდებოდნენ. ეს დრო საუკუნესავით გაიწელა. კარები საკმაოდ ახლოს
იყო, როცა კუთხეში რაღაცა შევნიშნე, ეს გველი არ იყო. თუმცა ყურადღებით არ დავკვირვებივარ,
რადგან ახლა მხოლოდ კარები იყო ჩემი ფიქრისა
და დაკვირვების მთავარი მიზანი. მე ის სასწრაფოდ შევაღე და მეცხრე ოთახში შევედი.
ოთახი ცარიელი ჩანდა. მე მას გავუყევი. ის რაღაცით მეოთხე ოთახს გავდა,
რადგან მასავით მიხვეულ–მოხვეული ოთახი იყო. და მაშინ,როცა ოთახის შუაში ვიყავი გასული
მივხვდი მერვე ოთახში რაც დავინახე. ეს ადამიანის ჩონჩხი იყო. მაგრამ ძვლებს საკმაოდ
უცნაური ფორმები ჰქონდა. ისინი იმ რკინებს გავდნენ, რომლებიც მაღალი ტემპერატურისგან
ჩამომდნარიყვნენ და ჩამოზნექილიყვნენ. ეტყობოდა ჩემი წინამორბედი ჩემსავით გონიერი
ვერ გამოდგა, ან მას არ გაუმართლა და ჩირაღდანი მალევე ჩაუქრა. ახლა მეც ვდარდობდი
ჩირაღდანზე, რადგან ის არა მხოლოდ გზას მინათებდა, არამედ სიცოცხლის შენარცუნებაშიც
დამეხმარა. ნეტავ რა უნდა მექნა ის რომ ჩამქრობოდა? თუმცა ამაზე ფიქრი მალევე შევწყვიტე.
არ მინდოდა აქედანვე მენერვიულა. მეცხრე ოთახი მეოთხე ოთახს როგორც მოყვანილობით, ასევე
სიგრძითაც გავდა. თუმცა მასზე მაინც მოკლე იყო. დერეფანმა მოზრდილ ოთახში გამომიყვანა
. დეჟავიუ გამითამაშდა, რადგან ეს ოთახი მეხუთე ოდახის იდენტური ოთახი იყო. თავი ვალდებულად
ჩავთვალე გავჩერებულიყავი და შემესვენა, რადგან თუ ლაბირინთი ასე იყო მოწყობილი მე–15
ოთახამდე შესვენება არ მეღირსა, რადგან მანამდე უსაფრთხოდ თავს ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი.
იმდენი შიში გამოვიარე,რომ ძილი საერთოდ არ მეკარებოდა. საშინლად მშიოდა და მწყუროდა.
მუცელი საშინლად მიბუყბუყებდა. ვინ იცის რამდენი ხანი ვიყავი ამ ლაბირინთში.შეიძლებოდა
უკვე ერთი დღეც გასულიყო, რაც არაფერი მეჭამა. წყურვილი აუტანელი იყო, მაგრამ შიმშილი
კიდევ უფრო უარესი. კედლის სიბნელიდან განათებულ ადგილზე პატარა თაგვი გამოვიდა. იატაკს
ყნოსავდა, ალბათ საკვებს ეძებდა. მას ვუყურებდი და თავში არაადამიანურმა აზრმა გამიელვა.ჩუმად
წამოვდექი და ჯიბიდან დანა ამოვიღე. მერე ჩავიმუხლე და თაგვის მიმართულებით იატაკზე
მარცხენა ხელი დავდევი. თაგვიც მაშინვე ხელისკენ წამოვიდა. მას იქ ხომ თბილი ხორცი
ეგულებოდა. ის ჩემს შუა თითთან მოვიდა და ის იყო კბენა უნდა დაეწყო,რომ დანა მთელი
ძალით ზურგში ჩავასე. თაგვი ფართხალებდა და საშინლად წრიპინებდა. დანა ხელში ამოვატრიალე,
თაგვიც მასზე ზურგით იყო წამოგებული. ვერსად
ვერ გამექცეოდა. მერე დანა ძირს დავდე და თაგვს თავში ფეხი მთელი ძალით ჩავარტყი. პატარა
თაგუნა იყო და ის მაშინვე მოკვდა. დანაზე წამოცმულ თაგვს კიდევ დიდხანს ვუყურებდი,
მასზე უკვე ნერწყვი მომდიოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ვჭამდი ამ პაწაწინა თაგვს,
როგორ ვღეჭავდი მის ხორცს და შემდეგ ჩემს კუჭში ვათავსებდი. დანით მისი გატყავება დავიწყე. ჭუჭყიანი ბეწვი მთლიანად
მოვაშორე. მერე გავფატრე, მუცელი გავუჭერი და ორგანოები ძირს გადმოვუყარე. საშინელი
სუნი ჰქონდა,მაგრამ ახლა მხოლოდ მის ხორცზე ვფიქრობდი. მისი მუცლიდან წითელი სითხე
მადილამღძველად ჟონავდა. მამაჩემის დაყენებულ ღვინოს მაგონებდა. გავბედე და თაგვი პირთან
მივიტანე. მალე ყელში მისი თბილი სისხლის საოცარი გემო ვიგრძენი. ისე მწყუროდა მისი
სისხლი მთლიანად დავლიე, შემდეგ კი მის უმ ხორცს დავუწყე ჭამა. საშინელი გემო ჰქონდა,
მაგრამ ისე მშიოდა ,რომ ყველაზე საუკეთესო კერძად აღვიქვამდი. მთლიანად შევჭამე. ეს
შიში უკვე დავძლიე. ახლა სასმელ–საჭმელის პრობლემა მოგვარებული მქონდა, რადგან ლაბირინთში
უამრავი ვირთხა თუ თაგვი იმყოფებოდა. მერე მოშარდვა მომინდა, ავდექი და ოთახის შორეულ
კუთხეში მოვშარდე. გამძღარს ძილი მომერია. ახლა უკვე აღარანაირი პრობლემა აღარ მქონდა,
რადგან საკვებიცა და ჰაერიც ბლომად მქონდა. იატაკზე წამოვწექი და ჩემეძინა. დამესიზმრა,
რომ მეთერთმეტე ოთახში ტკბილეულობა მელოდა, ისეთი როგორითაც ხშირად ხის გვირაბებიდან
გამოვდიოდი. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, როცა გამომეღვიძა თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი,
თითქოს თავიდან დავბადებულიყავი. მეთერთმეტე ოთახში გასასვლელი კარი შევაღე და ოთახში
შევედი.
შიგნით საშინელი სუნი იდგა. წინ ნაბიჯი გადავდგი
და ფეხებქვეშ რაღაც ტალახისმაგვარი ნივთიერება შევიგრძენი. ფეხის ამოღება ვცადე,მაგრამ
ვერ შევძელი. ამ ნივთიერებაში ისე ვიყავი ჩაფლული, რომ ფეხების განძრევა არ შემეძლო.
ყველანაირად ვცდილობდი ამ სიტუაციიდან გამოძრომას. აქეთ–იქით ვცდილობდი გამოძრავებას.
ვცდილობდი ავხტომოდი და სწორედ ამ დროს ხელიდან ჩირაღდანი გამივარდა. ის პირდაპირ ჩემი
ფეხების წინ ამ ნივთიერებაზე დაეცა. საბედნიეროდ ცეცხლი არ ჩამქრალა. მისი ენები პირდაპირ
ამ ნივთიერებას ედებოდა და თითქოს ცეცხლმა ის გაადნო. გავიბრძოლე და გავთავისუფლდი.
ჩირაღდანი ავიღე. ცეცხლს ამ უცნაურ ტალახს ვადებდი და გზას ასე მოკუზული მივუყვებოდი.ერთ
ადგილას ცეცხლმა უცნაურ ტალახში რაღაც გაანათა, ადამიანის ჩონჩხის ძვლები იყო.ეს უკვე
მეორე ადმიანი იყო,რომელმაც ჩემი გზა აირჩია და სამწუხაროდ მას ვერ გადაურჩა. ძლივსძლივობით
შემდეგ კარამდე მივედი.ცეცხლი ძლივსღა ბჟუტავდა. ვლოცულობდი,რომ არ ჩამქრობოდა.მეთორმეტე
ოთახში შევედი. საშინელი ქარი უბერავდა. უფრო ზუსტად კი საჰაეროებიდან ჰაერის უზარმაზარი
ნაკადი პირდაპირ მე მეხეთქებოდა. სიარული მიჭირდა, ჰაერის ნაკადი უკან მაბრუნებდა და
სწორედ მაშინ ცეცხლიც ჩაქრა. ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა. მე განწირული ვიყავი.გამწარებისგან
მთელი ძალით ოთახის ბოლოსკენ გავექანე და შემდეგ ოთახში მაინც შევედი. არაფერი ჩანდა,
ყველაფერი წყვდიადს შთაენთქა. იატაკზე დავჯექი და გონება მოვიკრიფე. ფიქრი დავიწყე
იმაზე თუ როგორ შემეძლო ცეცხლის თავიდან გაჩენა. მამა ბავშვობაში ცეცხლის გაჩენას ქვებისა
და ლითონის ჯოხების საშუალებით მასწავლიდა. ეს გამახსენდა და მაშინვე გონება გამინათდა.
მე მქონდა დანა, რომელსაც ლითონის ბასრი მხარე ჰქონდა და იყო კედელი, რომელიც ასევე
ლითონისგან იყო დამზადებული. დანა ამოვიღე და მთელი ძალლით კედელს ვუხახუნებდი. თან
მასთან ახლოს ჩირაღდანი მეჭირა. გახახუნებისგან ნაპერწკალი ავარდა და პირდაპირ ჩირაღდანში
ჩავარდა, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოხდა ასეთი რამ და ცეცხლიც აინთო. ჯერ ის ბჟუტავდა,
შემდეგ კი ალმა ნელ–ნელა იმატა. ამოვისუნთქე და.. ამოსუნთქვა და მარცხენა ხელში საშინელი
ჩხვლეტა და ტკივილი ერთი იყო. ჩირაღდნის შუქით ჯერ ოთახი,შემდეგ კი ჩემი ხელი შევათვალიერე.
ოთახი წითელი მორიელებით იყო სავსე.მაშინვე წამოვხტი და შემდეგი ოთახისკენ გავიქეცი,
თან რამოდენიმე მორიელი ტანიდანაც მოვიშორე. შემდეგი ოთახი მეოთხე და მეცხრე ოთახებს
ჰგავდა. აქ დარჩენა არ შეიძლებოდა.ისევ მივრბოდი. წინ მეთხუთმეტე ოთახი მეგულებოდა,
სადაც ჩემი ვარაუდით დასვენება შემეძლო. საბედნიეროდ ეს ოთახი წინა მიხვეულ–მოხვეულ
ოთახებზე უფრო მოკლე აღმოჩნდა და მეთხუთმმეტე ოთახში გიჟივით შევვარდი. ჩემი ვარაუდი
გამართლდა, მეთხუთმეტე ოთახი დასასვენებელი ოთახი იყო. წითელი მორიელები ძალიან საშიშნი
არ არიან. ეს სახეობა მხოლოდ დექსოსშია გავრცელებული. მათი შხამი ორგანიზმში ძალიან
ნელა გადაადგილდება, მაგრამ ის სასწრაფოდ უნდა გამოიდევნოს. იმედს ვიტოვებდი, რომ არ
დავაგვიანე, რადგან თუ შხამი ორგანიზმში გულამდე მიაღწევდა მოვკვდებოდი, ხოლო თუ სისხლს
შეერეოდა რამოდენიმე საათი, შესაძლოა რამოდენიმე დღე ჰალუცინაციები მქონოდა. დანის
წვერი ცეცხლზე გადავატარე. შემდეგ კი ნაკბენთან კანი გადავიჭერი. სისხლთან ერთად გარეთ
მოყვითალო–მოაგურისფრო სქელმა ბლანტმა სითხემაც გამოჟონა. გამიმართლა შხამი გულს ნამდვილად
ვერ მისწვდებოდა, მაგრამ ალბათ სისხლში უკვე გავრცელდებოდა. ინფექცია არ უნდა შემჭროდა.
ამიტომ მარჯვენა ხელში ანთებული ჩირაღდანი დავიჭირე და მასზე ჩემი მარცხენა ხელი,ჭრილობის
ადგილი რამოდენიმეჯერ გადავატარე. საშინლად მეწვოდა, ვყვიროდი და ვტიროდი, რადგან აქ
მაინც ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგონებდა. ჰაერში დამწვარი ხორცის სუნი დადგა. ჭრილობას
დავხედე. ცოტა მომწვარიყო, თუმცა საბედნიეროდ საშიში დამწვრობა არ მქონდა მიყენებული.
პერანგს ქვედა ნაწილი მოვხიე და ჭრილობას გადავუჭირე. შემდეგ კი ძლივსძლივობით ჩირაღდანი
კედელზე განთავსებულ ჩასადებში ჩავდევი და ძირს დავეგდე. უკვე ვგრძნობდი,რომ შხამი
მოქმედებას იწყებდა. თავბრუ მეხვეოდა. გონება მეკარგებოდა. მეც არ შევწინააღმდეგებივარ.ძლიერ
ჰალუცინაციებამდე ცოტა დასვენება ძალიან მჭირდებოდა. ვიცოდი,რომ როცა გავიღვიძებდი
თითქოს კარგად ვიქნებოდი, მაგრამ სინამდვილეში ჰალუცინაციები მექნებოდა. სანამ ყველაფერი
არ გაივლიდა ამ ოთახიდან გასვლა არ ღირდა. ვფიქრობდი, რომ აქ შესაძლოა რამოდენიმე დღე
დამჭირვებოდა ყოფნა. შემდეგ ოთახის კუთხეში
გავიხედე, იქ თაგვის სილუეტი დავლანდე. ჩავიღიმე და თავი ძილს მივეცი.
არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა,
თუმცა გაღვიძებული თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ძილის დროს ერთი სიზმარიც ვნახე.
ბნელ გვირაბში მივრბოდი,ქვემოთ წყალი ესხა. ალბათ კანალიზაცია იქნებოდა. მივრბოდი,მაგრამ
არ ვიცოდი რას გავურბოდი. გზის ბოლოს ჩიხი იყო. იქ გისოსები დამხვდა.თვალები დავხუჭე
და მთელი ძალით დავიყვირე. როცა გავახილე საკანში ვიყავი. ხელები გისოსებზე მქონდა
ჩაბღაუჭებული. ჩემს წინ დექსოსის მთავარი მოსამართლე იდგა და მე დამცინოდა. მერე თვალები
ისევ დავხუჭე და ახლა დექსოსის საროსკიპოში ამოვყავი თავი. ირგვლივ ნახევრადშიშველი
ულამაზესი ქალები იყვნენ. ჯიბეები შევიმოწმე. იქ ძალიან ბევრი მონეტა მეყარა. სამი
ცალი ამოვიღე და ერთი წითური ოთახში შევიყვანე. ის იყო გახდა უნდა დამეწყო,რომ გამომეღვიძა.
თუმცა თავს მაინც საუცხოოდ ვგრძნობდი. წამოვჯექი. ძალიან მშიოდა.ოთახში მიმოვიხედე,თუმცა
საკვები ვერსად ვერ დავინახე. "–არაუშავს, აქ მორიელების გადამკიდე კიდევ დიდხანს
მოგიწევს დარჩენა, გამოჩდებიან აბა სად წავლენ"– ვუთხარი ჩემს თავს და გავიზმორე.
წამოვდექი და მეთექვსმეტე ოთახის კარისკენ დავიძარი. მაინტერესებდა იქ რა მელოდა. კარი
შევაღე და საშიში ვერაფერი დავინახე. იატაკზე რაღაც ბერკეტის მაგვარი ხელსაწყო იყო
განთავსებული. მის გვერდით კიდევ ასეთივე ორი ბერკეტი იყო. კარები გამოვხურე და ისევ
მეთხუთმეტე ოთახში დავბრუნდი. ძალიან მშიოდა. სანადიროდ კუთხეებისკენ წავედი. ხელში
ჩირაღდანი მეჭირა. აღმოსავლეთის ერთ–ერთ კუთხესთან
ვირთხა დავინახე. მისკენ გავექანე,მაგრამ სოროში შემასწრო. ნაცადი მეთოდი ვცადე. ჩირაღდანი
ძირს დავდევი. მარცხენა ხელი სოროსთან გავშალე, ხოლო მეორეთი დანა მოვიმარჯვე. მალე
სოროდან ვირთხის ცხვირი გამოჩნდა. მე ხელი ნელ–ნელა უკან წავიღე. მღრღნელიც მას გამოყვა.
ო, რამხელა იყო. მთლიანად ალბათ ვერც მოვერეოდი. როცა ის სოროდან მთლიანად გამოვიდა
დანა ჩავასე და ამოვატრიალე. დიდი იყო,მაგრამ დანაზე ზურგით წამოგებული უსუსურ მწერად
მეჩვენებოდა. ისიც ისევე, როგორც პირველი თაგვი
ძირს დავდე და ფეხი თავში ძლიერად ჩავარტყი, თუმცა ამან ვირთხა არ მოკლა.შემდეგ ჩირაღდანი
ავიღე და რკინის წვეტი თავში იქამდე ვურტყი, სანამ ის მთლიანად არ დაეჩეჩქვა. დასავლეთის
კედელთან დავბრუნდი. ჩირაღდანი ჩასადებში ჩავდევი და ვირთხის გატყავებას შევუდექი.
– ქსერს,შვილო – უცებ ხმა მომესმა. ის საკმაოდ ნაცნობი ხმა იყო. ვირთხას
თავი მივანებე და გვერდზე გავიხედე. იქ არავინ იყო, მეტიც საერთოდ არაფერი არ ჩანდა
ძველი ლითონის კედლების გარდა.
– ქსერს– ხმა ისევ გაისმა – აქ ვარ, შვილო. – ის მარცხნიდან ისმოდა. იქეთ
მივიხედე და დედაჩემი დავინახე, მისი სული დავინახე. ის მე მეძახდა.
– დედა. – მის სახეზე ღიმილი გაჩნდა. გული ამიჩუყდა. ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა
სახეზე ცხელი ცრემლი.
– ჩემო ბიჭო.
– დედა.
ის მე მომიახლოვდა. მარჯვენა ხელი ჩემსკენ წამოიღო და ლოყაზე მომადო. არა
მკაფიოდ, მაგრამ მისი შეხება მაინც ვიგრძენი. ის იღიმოდა, დედაჩემი კვლავაც მიღიმოდა,
მაგრამ მე ვტიროდი. გავიღიმე , თუმცა ეს ღიმილი უფრო ტანჯვისა და სინანულის ღიმილი
უფრო იყო, ვიდრე სიხარულისა და ბედნიერების. ეს ის ღიმილი არ იყო, რომელიც დედაჩემს
ჰქონდა აღბეჭდილი.მაგრამ დედაჩემიც ხომ არ
იყო რეალური. ის უბრალოდ იმ ჰალუცინაციების ნაწილი იყო, რომელიც წითელი მორიელის ნაკბენის
გამო უნდა მქონოდა.
– მაპატიე ქსერს .
– რა გაპატიო ? საპატიებელი არაფერი გაქვს.
– მაპატიე, რომ დედაშენი ვიყავი.– ეს უკვე დედაჩემის ხმა აღარ იყო. მას
ახლა დემონის ხმა ჰქონდა. ნაბიჯი უკან გადავდგი. ქალმა საშინელი ხარხარი დაიწყო. დედაჩემი
ნაწილ–ნაწილ დაიშალა, მისი სხეულიდან უზარმაზარი ბუზები, ყვავები და სხვა მწერები ამოფრინდნენ.
ისინი თავს დამესხნენ. ხელები თავზე ავიფარე. "– ეს არ ხდება, ეს არ ხდება"
– ჩემს თავს ვამშვიდებდი, თუმცა ეს დამშვიდება ისტერიკაში უფრო გადამდიოდა. კიდევ კარგი
ეს ყველაფერი მხოლოდ რამოდენიმე წუთი გაგრძელდა, თორემ მეტს ვეღარ გავუძლებდი. მინდოდა
ეს ყველაფერი შეჩერებულიყო. ეს ჰალუცინაციები გამქრალიყო, მაგრამ ჯერ ეს შეუძლებელი
იყო. იატაკზე დავჯექი. ჩემი გული ძლიერად ძგერდა. ღრმად ვსუნთქავდი. დამშვიდება ძლივს
მოვახერხე. წინა ჰალუცინაციიდან ალბათ ხუთი–ექვსი წუთი გასულიყო. ვირთხას მივუბრუნდი.
ის იყო ბეწვი უნდა მომეშორებინა, რომ ისევ ხმა მომესმა, თუმცა ახლა უკვე კაცის ხმა
იყო.
– ქსერს. – ხმისკენ მივიხედე, წინ მამაჩემი იდგა.
– ეს არ ხდება. შენ არარეალური ხარ. შენ მამაჩემი არ ხარ!
– არა ქსერს, ცდები. მე მამაშენი ვარ. მე ოდისერი ვარ, დექსოსის შთამომავალი
და ქაბიმის ვაჟი, დამიჯერე შვილო. მე ნამდვილად მამაშენი ვარ.
– ეს სიცრუეა ! – ოთახში ჩემი ღრიალი ექოსავით გაისმა.
– არა შვილო. მე ისეთივე რეალური ვარ, როგორიც ეს ვირთხაა. – ვირთხას დავხედე.
ის ინძრეოდა, ფართხალებდა. თვალები ძლიერად დავხუჭე და ისევ გავახილე. მღრღნელი ისევ
მკვდარი ეგდო ჩემს ფეხებთან, მამაჩემი კი გამქრალიყო.
– ღმერთო – იატაკზე დავჯექი და ვირთხის გატყავებას შევუდექი. საბედნიეროდ
ეს ბოლომდე დამცალდა. საქმის დროს არც მამაჩემი გამომცხადებია და არც რომელიმე ჩემი
ნათესავი. მღრღნელი დანით შუაზე გადავჭერი. ის სისხლისგან ბოლომდე გამოვცალე. მისი
სისხლი პირდაპირ ჩემს ყელში გადავუშვი. თუმცა გული ამერია. ალბათ მაშინ, როცა იგივე
თაგვის შემთხვევაში გავაკეთე ძალიან მშიოდა და წყურვილისგანაც ვკვდებოდი, თორემ ახლა
როცა უკვე ყველაფერი გაანალიზებული მქონდა ეს ვეღარ შევძელი. ჩირაღდანი ავიღე და ვირთხა
მასზე გადავატარე. ჰაერში საოცარი სუნი დადგა. ვირთხის შეწვისგან გამოყოფილი სუნი იმ
სუნს გავდა, რომელიც ბავშვობაში ხშირად მიყნოსავს მამაჩემის შემწვარი ხორცის გამო.
მღრღნელი მალე შეიწვა. მას ხორცი მოვკბიჩე. შემწვარი ბევრად გემრიელი იყო. ისე მშიოდა
ვირთხა მთლიანად შევჭამე, კარგად გავძეხი. შემდეგ ისევ წამოვწექი და მორიგ ჰალუცინაციებს
დაველოდე, თუმცა არანაირი ჰალუცინაციები აღარ დამმართნია. ამიტომაც წამოვდექი და მეთექვსმეტე
ოთახში შევედი. იქ, სადაც უცნაური ბერკეტები მელოდა.
სამივე ბერკეტი კარისკენ იყო
გადატრიალებული. კარები კი არ იღებოდა. პირველი ბერკეტი გადმოვატრიალე,კარები მაინც
არ გაიღო.შემდეგ მეორეც გადმოვატრიალე,შემდეგ მესამეც,მაგრამ უშედეგოდ. პირველი ბერკეტი
უკან გადავატრიალე,მერე კი ისევ გადმოვატრიალე და ახლა მეორე გადავატრიალე.რაღაც ხმა
მოისმა,კარებს ისევ მივაწექი და საბედნიეროდ გავაღე. მეჩვიდმეტე ოთახში შევედი. გასასვლელი
ძალიან ვიწრო იყო.ხოლო კედლებიდან კი ბასრი შუბები იყო გამოშვერილი.უკან მივიხედე,მაგრამ
იქ ნამდვილად ვერ დავბრუნდებოდი.ერთადერთი გზა შუბებიანი კედლების გავლა იყო.გვერდულად
დავდექი და შევისუნთქე.გზას ასე გავუყევი,მაგრამ ზურგი და გულმკერდი მაინც მეჩხაპნებოდა
და ოდნავ სისხლიც მომდიოდა.საბედნიეროდ ეს ოთახი გრძელი არ იყო და გასვლა მოვახერხე.მეთვრამეტე
ოთახში შევედი.ოთახი ცარიელი იყო.შემდეგ კი დავინახე თუ როგორ წამოვიდა კედლები ჩემსკენ,
ისინი უფრო და უფრო ახლოვდებოდნენ,მათ ჩემი გაჭყლეტა სურდათ.რაც ძალი და ღონე მქონდა
გავიქეცი.თითქმის ბოლოში ვიყავი გასული,როცა კედლები ჩემს გვერდებთან ვიგრძენი.წინ
გადავხტი.ის იყო სამშვიდობოს გავედი,რომ ფეხზე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.მოვიხედე და
ვნახე,რომ ჩემი მარცხენა ფეხი კედლებში მომტნეოდა.ხელებით მის გამოძრობას ვცდილობდი,ფეხი საშინლად მტკიოდა.საბედნიეროდ
მოვახერხე და ის კედლებიდან გამოვაძვრინე,მაგრამ ჩემი ფეხი ვეღარ ვიცანი.თითები დაგრეხილიყვნენ,ტერფს
ფორმა შესცვლოდა.ყველა თითი,მთლიანად ფეხი მქონდა მოტეხილი.კარებს მივეყრდენი და თითების
ადგილზე ჩასმა დავიწყე.საშინლად მტკიოდა.პირით დანის ტარი დავიკავე და კბილებს მთელი ძალით ვუჭერდი. თავში რაღაც მიგუგუნებდა,ტკივილისგან
მთელი სახე დამმანჭვოდა.ეს მომენტი საუკუნესავით გაიწელა. ყველა თითი ჩავისვი,მაგრამ
თავად ფეხი იყო დამტვრეული.კოჭებში დავიჭირე და მთელი ძალით გადმოვატრიალე.საშინელი
ტკივილი იყო,მთელი სხეული დამეჭიმა.მოვახერხე და ფეხის ფორმა მაინც დავუბრუნე.წამოდგომა
ვცადე,მაგრამ ვერ შევძელი.ისევ ვცადე...კიდევ ვცადე...და მეთერთმეტე მცდელობაზე წამოვდექი.როგორც
კი ფეხი ძირს დავდგი და მას დავაწექი საშინელი ტკივილი ვიგრძენი და უმალ ძირს დავვარდი.შევძელი
და მეცხრამეტე ოთახის კარი ძლივსძლივობით გავაღე და შიგნით შევფოფხდი. ამ ოთახში ობობებსა
და მორიელებს ველოდი,თუმცა საბენიეროდ ჩემმა მოლოდინმა არ გაამართლა. ეს საუკეთესო
ოთახი იყო,რაც კი ამ ლაბირინთში მენახა. ოთახი მაინცდამაინც დიდი არ იყო,თუმა მის შუაში
აუზი იყო.ძალიან გამიკვირდა. წყალში ხელი ჩავყავი. ის ცხელი იყო. ესეც ძალიან საკვირველი
იყო,მაგრამ ადამიანს, რომელიც ლაბირინთში იმყოფებოდა არაფერი არ უნდა გაკვირვებოდა.წყალში
ჩავედი,უფრო სწორად კი ჩავფოფხდი.თბილი აბაზანა საოცრად მესიამოვნა.წყალს უცნაური სუნი
ასდიოდა.ყნოსვა გავიმძაფრე და გოგირდის სუნი ვიყნოსე.გოგირდის აბაზანა ჩემი ჭრილობებისთვის
საუკეთესო რამ იქნებოდა.თავი ზევით ავწიე და ჭერს ავხედე. იქედან უზარმაზარი წარწერა
მიმზერდა. „ყოველ გმირს სჭირდება ცოტაოდენი დასვენება,ყოველ დამნაშავეს მცირედი შეწყალება“.
უცნაური წარწერა იყო. ეს ალბათ მართლაც,რომ წყალობა იყო, იმის შემდეგ რაც გამოვიარე...და
რაც წინ მელოდა.
ცხელმა აბაზანამ ცოტა მიშველა.ჭრილობებიც აღარ მაწუხებდა და რაც არ უნდა გასაკვირი
იყოს ფეხზეც დავდექი. ფეხი მტკიოდა,მაგრამ სიარული მაინც შემეძლო.ამ ოთახის დატოვება
არ მინდოდა,მაგრამ აბაზანის შემდეგ მომშივდა,ხოლო ამ ოთახში კი თაგუნიები ვერსად შევნიშნე.წინ
მეოცე ოთახი იყო,ალბათ იქ მეგულებოდა ჩემი სადილი.კარები შევაღე,მაგრამ იქ თაგვების
ნაცვლად უზარმაზარი სვავები დამხვდნენ.ჩირაღდანს ხელი მაგრად ჩავჭიდე და ის ილეთი გავიმეორე
გველებთან რომ გამომადგა.სამწუხაროდ რამოდენიმე მათგანმა ჩემი დაკორტვნა მაინც მოასწრო,თუმცა
მაინც იოლად გამოვედი.ოცდამეერთე ოთახში შევედი. ოთახის ცენტრში ორი მბრუნავი კასრი
იდგა,რომლებიდანაც ბასრი დანები იყო გამოყოფილი.ისინი ძალიან ნელა ტრიალებდნენ.კასრები
არც ისე მაღლები იყვნენ.მათ შორის გასასვლელი არ არსებობდა,გავირბენდი და ალბათ გვერდებზე
ათიოდე ჭრილობა მაინც დამრჩებოდა. ვიფიქრე და საკმაოდ გიჟური რამ მოვიფიქრე,თუმცა აქამდეც
იმდენ სიგიჟეებს ვაკეთებდი ეს აზრი გიჟურად სულ არ მომეჩვენა. მაისური გავიხადე და
მთლიანად დავხიე. ნაჭრები ხელებზე და ფეხებზე სქლად შემოვიხვიე,ჩირაღდანი კი პირით
დავიჭირე. მე კასრებზე ასვლა და იქედან გადახტომა მომაფიქრდა. მეშვიდე რიგში მყოფ დანებს
ხელები მოვკიდე(ვიგრძენი როგორ გაიჭრა მაისურის ნაჭრები, როგორ გაიჭრა ჩემი ხელებიც
და იქედან სისხლმა გამოჟონა), ფეხებით კი ქვემოთ მდებარე დანებს შევახტი.მტკიოდა,მაგრამ
ამაზე არ ვფიქრობდი.შემდეგ სულ ზემოთ მყოფ დანებს მოვკიდე ხელი და კასრზე ავცოცდი.იქედან
გადავიხედე,დანები მაინცდამაინც დიდზე არ იყვნენ გამოშვერილნი.თვალით მანძილი გავზომე,მოვემზადე
და გადავხტი. ძირს ხელებით დავეცი,ასე რომ არაფერი არ მიტკენია.ხელებზე და ფეხებზე
დავიხედე.ოდნავი ნაკაწრები იყო,სისხლიც ცოტა მომდიოდა. საშიში არაფერი იყო. კარისკენ
გავემართე და ოცდამეორე ოთახში შევედი.კარები არსად ჩანდა.ოთახის შუაში ორმო იყო,რომელსაც
თოკი ჩაუყვებოდა. თოკს ჩავეჭიდე და ორმოში ჩავედი. ორმოში რაღაც მილი გადიოდა.მილს
გავყევი.საკმაოდ გრძელი და მიხვეულ-მოხვეული გზა იყო.ალბათ რამოდენიმე საათი ვიცოცე
და ბოლოს პატარა, მრგვალ კარს მივაგენი.ის გავაღე და ახალი ოთახი დავინახე,ოთახში შევედი. ის ცარიელი იყო. წინ კარები დავინახე. ეს ალბათ
ოცდამესამე ოთახის კარები იყო.როცა კარები შევაღე ჩემთვის ვფიქრობდი „ნეტავ რამდენი
ოთახია ამ წყეულ ლაბირინთში?“ დეჟავიუ გამითამაშდა.
ოთახი საოცრად ჰგავდა მეჩვიდმეტე ოთახს. აქაც ვიწრო კედლები იყო,საიდანაც შუბები იყო
გამოყოფილი. ისევ გვერდულად დავდექი და სიარული დავიწყე,მაგრამ ამ დროს უკნიდან ხმა
შემომესმა. მივიხედე და სახეზე ერთდროულად შიში და გაოცება აღმებეჭდა,როცა ჩემს უკან
რაღაც მილი დავინახე საიდანაც ცეცხლი ჩემი მიმართულებით იფრქვეოდა. დავიყვირე და მთელი
სისწრაფით წინ გავვარდი.ისე,რომ ბასრი შუბების არსებობის შესახებ სულ დამავიწყდა.იმდენი
ადრენალინი გამოვიმუშავე,რომ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი,მეტიც ეს სასიამოვნოც კი
იყო. მივრბოდი და ცეცხლიც უკან „მომსდევდა“. საბედნიეროდ ეს გასასვლელიც მოკლე აღმოჩნდა.
როცა ოცდამეოთხე ოთახში შევვარდი, გავიგონე როგორ შეეფრქვა ძლიერი ცეცხლი ფოლადის კარებს.
ბასრი შუბები ახლა გამახსენდა,მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ჩემს სხეულზე წითელი
წვეთები ღვარაღვარა ჩამოდიოდნენ.ფერდებზე უამრავი ჭრილობა მქონდა.უმეტესობა მსუბუქი
იყო,მაგრამ ორგან ხორცი გადამხსნოდა და სისხლი საოცარი სისწრაფით იღვრებოდა. შარვალი
გავიხადე და ფერდებზე მთელი ძალით შემოვიჭირე. სისხლი მაინც მოდიოდა,მაგრამ არა იმდენად.
ვლოცულობდი,რომ გონება არ დამკარგვოდა. საოცარი სისუსტე და დახუთულობა ვიგრძენი.თვალები
მებინდებოდა,ძილი მერეოდა.მიმოვიხედე და ჰაერში რაღაც ფერის აირი შევნიშნე,შემდეგ სუნიც
მეცა. ეს მომწამლავი აირი იყო. ოთახის ბოლოსკენ გავიქეცი,თან მთელი სხეული მიმძიმდებოდა
და საშინლად მტკიოდა. ოთახი ტრიალებდა,კარები უფრო და უფრო მშორდებოდა. ძირს დავეცი,მაგრამ
გონება ჯერ-ჯერობით არ დამკარგვოდა.თავი გვერდით გადამივარდა. იქ ადამიანის ფეხები
დავლანდე,ის ჩემსკენ მოიწევდა. ბურუსიდან ჯერ მისი ფეხები მოჩანდა,შემდეგ ტორსიც და
სახეც გამოჩნდა.თვალებს არ ვუჯერებდი.ეს სახე მრავალჯერ მქონდა ნანახი,მაგრამ მხოლოდ
ნახატებზე და პორტრეტებზე.
-გამარჯობა ქსერს!-ეს წინაპარი დექსოსი
იყო.
ის მაღალი კაცი იყო.მას ჭარაღა თმები და
ასევე ჭაღარა დიდი წვერი ჰქონდა. მხოლოდ თვალები და ცხვირი მოუჩანდა.დექსოსი მთასავით
კაცი იყო.
-ქსერს,შვილო, მისმინე,შენ ამას შეძლებ!
შენამდე ვერავინ შეძლო აქამდე მოღწევა.ცოტა დაგრჩა ქსერს. ლაბირინთი დაუძლეველი არ
არის. ის მე გავიარე სიკვდილამდე 2 წლით ადრე.
ეს რჩეულების ხვედრია, იღბალისა და მამაცობის გამოცდა.თუ აქ დარჩები მოკვდები,მაგრამ
თუ წამოდგომას და გზის გაგრძელებას შეძლებ გადარჩები.
-მე...მე...არ შემიძლია.
-შენ უნდა შეძლო ქსერს! მე ვიცნობდი შენი
ბაბუის დიდი ბაბუას ბაბუას, ქაბიმის მამის მამასა და იმათ მამებს. თქვენ მებრძოლები
ხართ, თქვენ ეს სისხლში გაქვთ. ახლა კი შეძელი და წამოდექი.
-თქვენ...-დექსოსი გაუჩინარებულიყო. მისმა
სიტყვებმა მე შთამაგონეს.ძალ-ღონე მოვიკრიბე და წამოვდექი. თავბრუ საშინლად მეხვეოდა,სიარული
მიჭირდა,მაგრამ თითქოს რაღაც ძალა მაიძულებდა კარამდე მისვლას,რაღაც მეხმარებოდა,რომ
არ წავქცეულიყავი. ხელები წინ გავიწვდინე და ისინი კარებს შეეხნენ. მივაწექი და ის
ძლივსძლივობით შევაღე. არ ვიცოდი სად ავღმოჩნდი,რადგან თვალებს ვეღარ ვახელდი. კედელს
მივეყრდენი და ღრმად სუნთქვა დავიწყე.ფეხი საშინლად მტკიოდა,მიფეთქვდა. ფერდებიდან
სისხლი მოთქრიალებდა,მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდი. თვალებს ძალა დავატანე და გავახილე.
ცარიელ ოთახში ვიყავი, ოცდამეხუთე ოთახი მეხუთის,მეათისა და მეთხუთმეტე ოთახების მსგავსი
იყო. ჩირაღდანი ძირს დავდე და მეც ძირს დავეცი...
არ ვიცი უგონოდ რამდენი ხანი ვიყავი, როცა გონს მოვედი მთელი სხეული მიფეთქავდა.
შარვალი თავიდან გადავიჭირე.ვგრძნობდი,რომ ნელ-ნელა სისხლისგან ვიცლებოდი. მართალია
ოცდამეოთხე ოთახიდან გამოვაღწიე,არ ვიცი ეს როგორ შევძელი,მაგრამ მე უკვე დავნებდი.
მე არ ვიყავი რჩეული,რომელიც ამ ლაბირინთს გაივლიდა. შემდეგ დაბრკოლებებს ვეღარ გავუძლებდი.
ალბათ შემდეგ ოთახშივე ამომხდებოდა სული,თუ იქ არა შემდეგებში უთუოდ მოვკვდებოდი. მაგრამ
მე თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობდი.მე ოცდახუთი
ოთახი გავიარე და ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. ფეხზე ძლივს ვდგებოდი, ყველანაირად დასუსტებული
ვიყავი. აირმა კი ჩემი ორგანიზმი საერთოდ დაასუსტა და მოწამლა. კედელთან დავჯექი და
მას მივეყრდენი. დავფიქრდი იმ ცხოვრებაზე,რომლითაც მე ვიცხოვრე. „ბევრი ამბობს,რომ
დროის დაბრუნება რომ შეეძლოს არაფერს შეცვლიდა,მაგრამ მე აუცილებლად შევცვლიდი. აღარ
მოვიპარავდი იმ ვაშლს თხუთმეტი წლის ასაკში,შემდეგ არც იმ საფულეს ჩვიდმეტი წლის ასაკში
და ბოლოს არც იმ კაცს მოვკლავდი ოქროს გულისთვის, რომლის გამოც ლაბირინთში აღვმოჩნდი.
არადა ჩემს ოჯახში ყველა წესიერი ადამიანი იყო,მხოლოდ მე გამოვდექი ასეთი შემარცხვენელი.
შანსი რომ მქონდეს და აქედან რომ გავაღწიო აუცილებლად გამოვსწორდები,მაგრამ ეს შეუძლებელია,რადგან
ლაბირინთიდან გასასვლელი არ არის.“-აი რას ვფიქრობდი, როცა კედელზე მიყრდნობილი ვიჯექი
ოცდამეხუთე ოთახში.ლოცვა წარმოვთქვი და სიკვდილთან შესაგებებლად ოცდამეექვსე ოთახის
კარი გამოვაღე და ადგილზევე გავიყინე. უკვე ოთახში აღარ ვიყავი,ან შეიძლება ეს ოთახიც
ყოფილიყო,ზუსტად არ ვიცოდი. კარების მიღმა წყალი დამხვდა. ზღვა,ოკეანე რაღაც ამდაგვარი
იყო. ცურვა ვიცოდი.ჩირაღდანი ოცდამეხუთე ოთახში დავტოვე,მთელი ძალა მოვიკრიბე და ზემოთ
ავცურე. ჯერ-ჯერობით ჭერი არსად ჩანდა,არც ახალი კარები ჩანდა სადმე. დაახლოებით ხუთი
მეტრით ზევით ავიწიე და წყლის მიღმა ღია საფარველი გამოჩნდა. ამოვყვითე და ცა დავინახე.
ჯერ ის ასე ლამაზად არ მომჩვენებია.გარშემო მიმოვიხედე, ირგვლივ კლდეები იყო. ლაბირინთიც ერთ-ერთ ასეთ კლდეში
მთავრდებოდა ზღვიდან 5 მეტრის სიღრმეში. კლდეზე ავფოფხდი და მის წვერზე დავდექი. ჰორიზონტს
გავხედე.შორს ძლივსძლივობით რაღაც ქალაქი მოჩანდა.წითელ დროშებზე მივხვდი,რომ ეს დექსოსი
იყო,მაგრამ ახლა ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.მთავარი იყო,რომ მე გადავრჩი,ამაში კი
წინაპარი დექსოსი დამეხმარა. ქალაქს ზურგი ვაქციე და სამხრეთისკენ გავემართე. იქ, სადაც
ახალ ცხოვრებას დავიწყებდი. ლაბირინთმა მართლაც შემცვალა. იქ სულ სხვა ადამიანად შევედი,ხოლო
იქედან კი სხვა კაცად გამოვედი.წინ გრძელი გზა მელოდა. დექსოსიდან წამოვედი,მაგრამ
იმედი მაქვს წინაპარი დექსოსი მფარველობას მაინც არ მომაკლებს,მხოლოდ მას თუ შეუძლია
ჩემი გადარჩენა.