ბერდება
და იმდენად ყეყეჩია, თავს არ იბერებსო, ნამდვილად ჩემზე უთქვამს ამ სიბრძის
მომგონსა და მომფიქრებელს. ვუყურებ ჩიპოს კაფეში, კედელზე დაკიდულ ვინტაჟურ
სარკეში გამოსახულ ანარეკლს და ვერც საკუთარ თავს ვცნობ და ვერც იმ გამოფრუტუნებულ
მოხუცს, სარკიდან რომ შემომცქერის. უცხოა ეს ანარეკლი, სრულიად უცხო. ვიღაც
თმაგაჩეჩილი და წვერგასაპარსი პროფესორი, ზღაპრიდან გამოვარდნილ პერსონაჟს რომ
დამსგავსებია და არაფერი არ აქვს საერთო იმ ბიჭთან, მოკლეკაბიან სტუდენტებს მაღალი
ქულის გამო დამატებით ლექციებსაც რომ უტარებს და კონსპექტებსაც საკუთარი ხელით
უწერს კოხტა ტაკოებზე.
გასაპარ
წვერს ვინღა დაეძებს, მაგას უშველის კაცი, აი, მიკუჭ-მოკუჭულ პერანგში გამოწკეპილი
ღიპი კი ცოტა არ იყოს, მართლაც საჩოთირო თემაა. დიეტაც ხომ ვერა და ვერ დავიწყე და
არც ვარჯიშით ვიკლავ თავს, სადღა მაქვს მაგისი თავი-მეთქი, ვამბობ, აგერ უკვე
ლამის სამოც წელსაც მივუკაკუნე. ჩიტუნები იცოცხლე, რასაც დავაკვირდი, ამ პატარა,
აკოკრილმკერდიან გოგონებს მოხუცი ბიძები უფრო მოსწონთ, ვიდრე თავისი ტოლი
ბიჭ-ბუჭები, ჯერ მხოლოდ ორი ღერი რომ ამოსვლიათ ულვაშის ადგილას და თავი კაცი
ჰგონიათ, მაგრამ რაღა ბიძა, იმ დღეს ჟენია იყო თუ ჟულია, მაგათ სახელებს ხომ
ვერასდროს ვიმახსოვრებ წესიერად, გადაკოტრიალ-გადმოკოტრიალების შემდეგ თავის
ბაბუას შემადარა, ღიმილით გამსგავსებო. ორი წლის წინ გარდაცვლილა უბედური, მაგრამ
რაღა უბედური, თუ მართლა მე მგავდა, კაი ოხერი ვინმე კი იქნებოდა ჩიტუნების
დაჭერაში. აი, მაშინ დავფიქრდი, მგონი მართლა დავბერდი-მეთქი და ფლეიტაზე დაკვრის
კურსებზე ჩავეწერე. ისე ვატყობ, მალე ჩემს ფლეიტასაც შეეპარება ნიავი და რამე ხომ
მაინც უნდა ავაჟღერო ჰარმონიულად.
ისე
კი იცოცხლე, არც კითხვა მაკლია და არც ვრცელი აკადემიური ნაშრომების ბოდვა. რა
მოსწონს ამ ხალხს, მაინც ვერ გავიგე, მაგრამ გიჟდებიან და კაი ბატონო, მეც რა
მაქვს საწინააღმდეგო, ფულსაც მაგით ვშოულობ და ახალ-ახალ ჩიტუნებსაც.
მთავარია
ხალისი გქონდეს, ასაკი მხოლოდ ციფრებიაო, ასე იცოდა ჩემმა ჩიპომ, მაგრამ ეგ ასაკი
იყო, ერთხელაც რომ აღარ გააღვიძა დილა უთენია და მთელ მის სანაცნობოს სამგლოვიარო
მარში გაგვამართინა. ოჰ, რა მიყვარდა ჩიპოსთან ერთად კუთხის მაგიდასთან ჩამოჯდომა
და ათას სისულელეზე საუბარი. ამ სისულელეებში იბადებოდა ჭეშმარიტება და
მრავალტომიანი თხზულებების კითხვას ნამდვილად მერჩივნა. ჩიპო ბრძენი კაცი იყო, ისეთებს
მეტყოდა, მერე სტუდენტებს რომ მოვუყვებოდი და ბოლოში ვინმე მეცნიერს მივაწერდი
ხოლმე. იმათაც სჯეროდათ და გამოცდებზე ისე დამიწერდნენ ჩიპოს სიბრძნეებს, ჩიპოსი
რომ იყო, მაგაზე წარმოდგენაც არა ჰქონდათ. გულს მიხარებდა და მაშინვე ფრიადებს
მოვუხაზავდი ხოლმე. ვინ იცის, კაბის აწევასთან ერთად, რამდენი გამძვრალა ჩიპოს
სიბრძნეებით.
ჩიპო
კაი კაცი იყო. ულვაშების ცმაცუნი იცოდა. თავიდან რომ გავიცანი, მეგონა დიდ მეცნიერთან
მქონდა საქმე, მერე კი ისე მოხდა, რომ მე წავედი აკადემიურ სივრცეებში და ჩიპომ
ბიზნესმენობა დაიწყო. კაფე გახსნა და ისეთი კონდიტერი მოიყვანა, მთელი ქალაქი
ჩიპოს კაფეს ნამცხვრებით გაასუქა. ოჯახი შექმნა, ცოლი შეირთო; ცოლი, გესმით? სულ
მაგას მიჩიჩინებდა, ცოლის გარეშე ცხოვრებას რა ხიბლი აქვსო. ის თემა იყო, რომელზეც
ვერასდროს ვთანხმდებოდით. ვანახებდი ჩემი ჩიტუნების ფოტოებს და რომ მეგონა, მთელი
პოლემიკა მოგებული მაქვს-მეთქი, თავს გადააქნევდა და ულვაშების ცმაცუნით მეტყოდა,
ცოლი მაინც სხვააო. ერთი ეგ იყო, რომ როგორც თავისმა ცოლმა დაიტირა ჩიპო, ეგრე მე
არავინაც არ დამიტირებს. ერთი ყვავილი თუ დამადეს გულზე, მაგაზეც მადლობელი
დავრჩები, მაგრამ, ალბათ, ბევრს შვილი ეყოლება უკვე, ბევრს ვინმე ფეხბურთელი
შეყვარებული, ვიღას ეხსომება შენი თმაგაჩეჩილი, გამოფრუტუნებული რუდოლფუ.
ვუყურებ
ამ უცხო კაცს და ჩიპო მახსენდება. ტირილიღა გაკლდა, რუდოლფუ, და აჰა, ბატონო.
მონატრება იცის გარდასულმა მეგობრობამ. ხანდახან ვჯდები იმ მაგიდასთან, ვიყიდი ორ
ფინჯან ჩაის და დავუდგამ ჩიპოს, ველაპარაკები და ველაპარაკები. ვინმე იფიქრებს,
გიჟიაო, მაგრამ იმაზე რომ მეფიქრა ეს ცხოვრება, ვინ რას იტყოდა, არც აქ ვიქნებოდი
და არც კოკორ-სტუდენტები მეყოლებოდნენ მოსაგონებლად.
- ძია რუდოლფუ,
- პატარა ჩიპოს ხმას ჰგავს, კი, ნამდვილად ეგ არის. მივიხედე და აღტაცებული სახით
მორბის ჩემკენ. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ემსგავსება ბაბუას. მასავით
ენერგიულია და დარწმუნებული ვარ, ულვაშები რომ ჰქონდეს, ზუსტად დიდი ჩიპოსავით
დაიწყებდა მის ცმაცუნს. პატარა ჩიპო კარგი ბიჭია, ბეჯითად ეუფლებოდა მეკაფეობის
ხელოვნებას და ჩიპოს გარდაცვალების შემდეგ, მისი საქმეც თავად გადაიბარა. საქმეები
კარგად მიდის, მუშტარიც ბევრი ჰყავს და ნამცხვრებიც ძველებურად გემრიელია.
- ჩემო ბიჭო, -
ხელს ვიწვდი და ძლიერად ვართმევ. მისალმებაც კი ბაბუასი აქვს.
- გუშინ
გელოდით, თქვენთვის საგანგებოდ მოვამზადებინე ალუბლის ნამცხვარი, - ეს თქვენობითი
ხომ ვერა და ვერ მოვაშლევინე, ბოლოს თავი დავანებე, ერთი ეგ იყო, პროფესორიდან ძია
რუდოლფუ გავხდი და ეგ მაინც მგვრიდა შვებას.
-
გაუთვალისწინებელი საქმეები გამომიჩნდა, ჩემო ბიჭო, დღეს შემოგიარეთ, ალუბლის
ნამცხვარი ხომ გადამინახე? - თავი დამიქნია, აბა, როგორო. ფარდებს მიღმა
გაუჩინარდა და სანამ ჩემს საყვარელ ნამცხვარს დავაგემოვნებდი, კუთხის მაგიდასთან
ჩამოვჯექი. ვიტრინას უყურებდა და თითქოს იქიდან მთელი ქალაქის ცხოვრება მოჩანდა.
ამიტომ გვიყვარდა მე და ჩიპოს ეს ადგილი, ვბჭობდით ხალხზე, მათ ცხოვრებაზე. იმ
თამაშს ვთამაშობდით, კაფეში მსხდომი შეყვარებულები რომ თამაშობენ ხოლმე,
დავინახავდით ვინმე წყვილს და განვიხილავდით, რამდენი ხანი იყვნენ ერთად და რამდენ
ხანში დაშორდებოდნენ. ერთხელ ჩიპო დამენიძლავა და რომ არ ვუჯერებდი, წამოხტა და იმ
წყვილთან მივიდა. კითხა რაღაცები, აციმციმციმებული თვალებით დაბრუნდა და ჩემი ოცი
ევროც ჯიბეში ჩაიტყაპუნა. მე დიდად არასდროს გამომდიოდა ეგ თამაში, ჩიპო იყო
გენიოსი. ან საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა, ან წინასწარ დაიჭერდა ამ ხალხს და
ზუსტად იმ დროს გამოატარებდა კაფეს წინ. ნამცხვარი რომ მომიტანეს, ისევ ამ ხალხს
ვუყურებდი, ერთმანეთს რომ ანაცვლებდა მათი სახეები, ზუსტად ისე, როგორც კინოფილმის
სიუჟეტები ტელევიზორის ეკრანზე. ყველას თავისი ცხოვრება ჰქონდა, თავისი ისტორია და
ყოველი მათგანი ერთმანეთისთვის სრულიად უმნიშვნელო ყოფილიყო. ადამიანურ
ფასეულობებს ხომ მხოლოდ მაშინ აქვს ჩვენთვის ფასეულობა, როცა ჩვენც ამ ფასეულობის
ნაწილი ვართ, თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც. ალუბლის ნამცხვარი უხდებოდა მთელ ამ
პეიზაჟს და ამ პეიზაჟში ჩაკარგული ჩიპოს აცმაცუნებულ ულვაშიანი ღიმილიც უხდებოდა,
ამდენ ხალხში რომ ჩაკარგულიყო და ამ უცხო სახეებს მიღმა მიმზერდა.
- რას მეტყვი,
ჩიპო, მართლა დავბერდი, თუ ჯერ კიდევ გავუქაჩავ ერთი ხუთი-ათი წელი? - ვკითხე
ჩიპოს, მაგრამ პასუხის ღირსადაც კი არ ჩავუგდივარ. ასე იცოდა, ამ ბოლო დროს ყველა
ჩემს კითხვას უპასუხოდ ტოვებდა ხოლმე.
მერე თითქოს პეიზაჟზე რაღაც შეიცვალა.
ვერ მივხვდი რა და წამიერად იმ ბავშვად ვიქეცი, ფაზლს გამორჩენილი დეტალის
ასაწყობად გაფაციცებული რომ შესცქერის ხოლმე. უმოძრაო იყო და ცოცხალ ქანდაკებას
ჰგავდა. ადამიანები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მათთან ერთად იცვლებოდა მათი სახეები, ის კი არა.
იყო ერთი სახე, რომელიც ამ პეიზაჟში უძრავად ჩაკირულიყო. მიმოვიხედე, მაგრამ კაფეს
ამ კუთხეში მხოლოდ მე ვიჯექი. მე მიყურებდა, თვალმოუშორებლად, გაუნძრევლად. ვიცნობდი?
ეგებ, რომელიმე ჩემი ყოფილი ჩიტუნა იყო, დიდხანს მათ სახეებსაც ვერ ვიმახსოვრებდი
ხოლმე. შავგვრემანი იყო, ასე 20-25 წლის იქნებოდა. ტალღოვანი თმა ჰქონდა, ჯინსის
შარვალი და შავი ბლუზა ეცვა. იტყოდა კაცი, ლამაზიაო. ავდექი და გარეთ გავედი. რომ
დამინახა, ჩემკენ გამოემართა, თითქოს იცოდა, რომ მასთან გავიდოდი.
- პროფესორი
რუდოლფუ ხართ? - მკითხა მოახლოებისას.
- დიახ,
ვიცნობთ ერთმანეთს?
- არა, მე მაგდალინა
მქვია. ვივენის მეგობარი ვარ, თქვენი ყოფილი საყვარლის, - აი, ამას კი ნამდვილად
არ მოველოდი, ვივენი... ვივენი, ვინ იყო ვივენი?!
- ჩემი ყოფილი
საყვარლის? - ვკითხე დაბნეულმა.
- დიახ, თქვენი
ყოფილი სტუდენტი. ქერა გოგო, ხელზე ვიოლინოს ტატუთი, რამდენიმე თვის წინ გქონდათ...
ხომ ხვდებით, - ღმერთო, არადა ხომ მკაცრად ვაფრთხილებდი ამ სტუდენტებს,
ერთმანეთთან არაფერი ეყრანტალათ. მახსოვდა ერთი გოგო, ხელზე ვიოლინოს ტატუთი,
ვივენი თუ ერქვა, ნამდვილად აღარ მახსოვდა, მაგრამ ჭკვიანი გოგო იყო, ღამით ჩემთან
დარჩა და გათენებამდე ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით.
- რით შემიძლია
დაგეხმაროთ?
- თქვენთან
საუბარი მინდა.
- ჩემთან? -
გავიკვირვე. იმას უფრო ველოდი, მეტყოდა, ვივენის რეკომენდაციით, ერთი-ორი კერძო
ლექცია მეც ჩამიტარეთ თავისი კონსპექტებითო, მაგრამ საუბარი?!
- დიახ,
თქვენთან. ვივენი თქვენზე აღტაცებით საუბრობდა, მისი თქმით, ყველაზე
ჩამოყალიბებული და საზრიანი ადამიანი ხართ, ვისაც შეჰხვედრია, - მე?!
ჩამოყალიბებული და საზრიანი?!. დამცინოდა?!
- და რაზე
გინდათ ჩემთან საუბარი?
- რჩევა
მჭირდება.
- რჩევა? -
ვკითხე გაკვირვებულმა, - ჩემგან?
- დიახ,
შეიძლება სადმე დავსხდეთ? მე გპატიჟებთ.
- არა, არა,
საყვარელო, გოგონებს არასდროს ვახდევინებ ხოლმე. წამოდით, კარგი ალუბლის ნამცხვარი
აქვთ, - ჩიპოს კაფეს კარი გამოვაღე და როგორც ასეთ დროს ჯელტმენობა არ მეშლებოდა,
ახალგარზდა გოგონა შიგნით შევიპატიჟე. კუთხის მაგიდასთან დავსხედით.
- თქვენი
საყვარელი ადგილია, არა? - მკითხა და გარშემო მოათვალიერა.
- ჰო, მაგრამ
საიდან იცოდით, რომ აქ ვიქნებოდი. მითვალთვალებდით?
- ვივენმა
მითხრა, რომ ხუთშაბათობით ყოველთვის ამ კაფეში იყავით და ამ მაგიდასთან იჯექით.
გუშინაც მოვედი, მაგრამ არ დამხვდით.
- და რომ არ
გამოვსულიყავი, ასე აპირებდით ლოდინს?
- ვიცოდი, რომ
გამოხვიდოდით, - სახეზე ინტერესი დამეტყო, - მე ხომ ახალგაზრდა მომხიბვლელი გოგო
ვარ, თქვენ კი სახელგანთქმული პროფესორი რუდოლფუ, - მითხრა ეშმაკურად. თითქოს
პირველად იყო, რაღაცნაირად თავი რომ უხერხულად ვიგრძენი.
- ჩემი
სტუდენტი არ ყოფილხართ, არა?
- საბედნიეროდ,
არა, - მომიგო ღიმილით.
- ჩემი აზრით,
მაგ პასუხში პირველ სიტყვას შევცვლიდი. ყავას დალევთ?
- დიახ, თუ
შეიძლება, - ჰოდა, დავუძახე მეც მიმტანს, ახალგაზრდა, საყვარელი გოგო იყო. ნეტა,
პატარა ჩიპო თუ ესიყვარულებოდა ხოლმე საკუჭნაოში, რაღაც ცოტა არ იყოს და, ამისი
ეჭვი კი მქონდა, ვერაფერს იტყოდი, კარგი წყვილი გამოვიდოდა მათგან. ნამცხვარი
მოიტანა და მაგდალინაც მოკრძალებით შეუდგა ციცქნას. საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა,
მე კი პირველად იყო გოგოს ბიუსჰალტერის შეხსნაზე მეტად, მის პატარა ტვინში
ჩახედვას რომ ვესწრაფოდი. მაინც რა უნდა ნდომოდა ჩემისთანა გამოფრუტუნებული
ჯეელისგან?!
- აბა? -
მოთმინება ვეღარ შევიკავე და გამომცდელად მივაცქერდი. ლამაზი იყო, უდავოდ ძალიან
ლამაზი. დიდრონი ყავისფერი თვალები ჰქონდა, რომელიც თავისში გძირავდა და იქ ისეთ
საინტერესო სამყაროს გახვედრებდა, ჩიპოზე ბრძენი მწერლებიც რომ ვერ დაგიხატავდნენ
მრავალგვერდიან თხზულებებში. საერთოდ ადამიანის ცხოვრება ხომ ერთი დიდი თხზულებაა,
მე კი აქამდე არასდროს მდომებია ვინმეს თხზულების წაკითხვა, როგორც ახლა ამ
გოგონასი მინდოდა. ფეხს ითრევდა. არც ისე თამამი და გაბედული იყო, როგორც თავიდან
მეჩვენა, მაგრამ აქ მოსვლა და სრულიად უცხო ადამიანის წინაშე დგომა, მითუმეტეს
როცა იცი, რომ ამ ადამიანს შენს კაბაში შეძვრომის მეტი არაფერი უნდა, მართლაც დიდ
გამბედაობას საჭიროებს.
- როგორც
გითხარით, - ფინჯანს მიაჩერდა და მხოლოდ ხანმოკლე დუმილის შემდეგ მომაპყრო მზერა,
- რჩევა მჭირდება.
- რასთან
დაკავშირებით? - ვკითხე დაუფარავი ინტერესით.
- იმაზე, რაშიც
ყველაზე კარგად ერკვევით.
- ანტიკური
მითოლოგია? - თავი გააქნია. ვერ მივხვდი მეწყინა, თუ გამიხარდა. ეს ხომ ის
ერთადერთი რამე იყო, რაშიც ასე თუ ისე მართლაც ვერკვეოდი. ღმერთო, ნუთუ, ნათურის
ჩამოკიდება უნდა ეთხოვა? მაგაშიც გამეგებოდა რაღაცები.
- სიყვარულში,
- ყავას ვწრუპავდი და კინაღამ დამახრჩო, - კარგად ხართ? - მაშინვე წამოხტა და
ზურგზე ხელი დამიტყაპუნა.
- გეყოფათ,
გეყოფათ, - ძლივს იყო, სული მოვითქვი. ცოტაც და გაბადრულ მიქელას დავინახავდი
მეორე მხარეს, - თქვენ რა, ვინმემ
მოგაგზავნათ?
- ასე რატომ
ფიქრობთ, - სახე მოეღუშა, თითქოს კითხვა ეწყინაო.
- სიყვარულში
გინდათ, მკითხოთ რჩევა?! მე?! - თავი დამიქნია, - მე ხომ არასდროს არავინ
მყვარებია ჩემს ცხოვრებაში. უკანასკნელი ვარ, ვისაც ამ საქმეში რამე გაეგება.
- ვივენმა
მითხრა, რომ... - დაბნეულმა ამოიჩურჩულა, თითქოს შერცხვენილი და იმედგაცრუებული
იყო.
- ვივენი,
ვივენი, მოეშვით ამ სახელს! ერთი უბრალო ჩიტუნა იყო და მეტი არაფერი, წესიერად არც
მახსოვს! - მივახალე გაღიზიანებულმა.
- არ მინდოდა
თქვენი გაბრაზება, მაპატიეთ, - მითხრა და ჩანთას ხელი დაავლო. სახე გასწითლებოდა,
თითქოს საცაა ატირდებაო. რატომ გაბრაზდი,
რუდოლფუ, იქნებ იმიტომ, რომ სიმართლეა, 60 წლის გაჩაჩანაკებული პროფესორი,
რომელსაც სიყვარულის მართლაც არაფერი გაგეგება; ნუთუ, ამან გაგაბრაზა, შე ყეყეჩო?!
- მეუბნებოდა ის კაცი, ჩიპოს კაფეს ვინტაჟური სარკის ანარეკლიდან.
ხელი ვტაცე და სანამ გავიდოდა,
დავიჭირე.
- მოიცადეთ, არ
მინდოდა თქვენი გაბრაზება. მაპატიეთ, უხეშად გამომივიდა, - ასეთები არ მეშლებოდა.
ცოტათი ნაძირალა კი ვიყავი, მაგრამ ის ყოველთვის ვიცოდი, რომ როცა ქალთან რამეს
მიქარავ, ბოდიში უნდა მოიხადო. თანაც შემეცოდა ეს გოგო, მგონი მართლა ვბერდებოდი.
ჩიპოს სიკვდილის მერე სენტიმენტები მაწვებოდა ხოლმე. ერთხელ ერთი ჩიტუნას ტაკოს
ჩახუტებული ისე ავტირდი, კინაღამ გავაგიჟე ის საწყალი. რა გატირებსო, - მკითხა და
შენი სილამაზე-მეთქი; მეტი რა მეთქვა, ჩიპო გამახსენდა-მეთქი, მაგას ხომ არ
ვეტყოდი ჩემს აბურდულ საწოლში მოკოტრიალე ანგელოზს.
- მოდი,
თავიდან დავიწყოთ, - ვუთხარი და კაფეს შემოსასვლელი კარი გამოვაღე. დაბნეული
გამომყვა უკან. გარეთ გავიყვანე და მისი ხელი
ჩემსაში ავიღე: - პროფესორი რუდოლფუ, ქალიშვილო, ანტიკური მითოლოგიის
დოქტორი, ზევსებისა და პოსეიდონების მემატიანე, - ხელზე ვეამბორე და დრამატურგიული
ოსტატობით დავუკარი თავი. მაგდალინას გაეცინა.
-სასიამოვნოა
თქვენი გაცნობა, პროფესორო, - მითხრა ღიმილით.
-ალუბლის
ნამცხვარზე დამეწვევით?
- სიამოვნებით,
- კვლავ შიგნით შევიპატიჟე და ისევ კუთხის მაგიდასთან მოვკალათდით.
- ჩიტმა ამბავი
მომიტანა, ჩემთვის რაღაც უნდა გეკითხათ, - თითქოს დაიმორცხვა და თავი ჩაქინდრა. დავიწვი
ამის საცოდაობითო, - ესეც ჩემზე უთქვამს იმ ბრძენ კაცს, ჩემზე და ამ საბრალო
გოგოზე, - ფეხმძიმედ ხართ? - ვკითხე ბოლოს.
-რა?! ღმერთო,
არა! - ისე შეიცხადა, თითქოს ის მეკითხა, ღამით პარკინგზე მუხლებზე დაჩოქილს
რომელიმე შავტუხა დარაჯისთვის ხომ არ გაეწია მომსახურება.
- აბა, სატრფომ
ვინმე დიდმკერდიან ტურფაში გაგცვალათ?
- ვიცოდი, რომ
ახალგაზრდა გოგოებთან ტაქტიანი არასდროს იყავით, მაგრამ ამდენადაც არ მეგონა, -
ისე მომიგო, პატარა ბიჭი რომ ვყოფილიყავი, უთუოდ კუთხეში დავდგებოდი, მაგრამ ბოლოს
და ბოლოს 60 წლის ბებრუხანა ვიყავი, ეგ რომ მექნა, უთუოდ საგიჟეთში მომიწევდა
იატაკის ფილების თვლა.
-კარგით, კარგით,
აბა რა მოხდა?
- ერთი ბიჭი
მიყვარს, - როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
- მერე?
- მაქსიმილიანი
ჰქვია.
- სახელებს
არასდროს აქვს მნიშველობა, ჩემო კარგო, მხოლოდ ბაბუებისა და ბებიების შემთხვევაში.
მერე რამე რომ იყოს და შენმა მეორე ნახევარმა მათი დარქმევა არ მოგთხოვოს შენს ახლად
გამოჩეკილ შთამომავალზე. აი, მერე კი უკვე შარში ხარ. აბა, მინდოდა მე ცხონებული
მესაათე რუდოლფუს სახელი მრქმეოდა?! - თავი გავაქნიე, მაგრამ როგორც ამბობენ, დიდი
რუდოლფუ მართლაც მაგარი კაცი იყო. მთელი ცხოვრება ბებიაჩემი უყვარდა და თავის
ანტიკვარულ საათებთანაც კი არ ღალატობდა თურმე.
- ესეც კარგი
რჩევაა, დავიხსომებ, - მითხრა სიცილით.
- მართლა
გეუბნებით. წიგნაკი გაქვთ? - თავი დამიქნია, - ამოიღეთ, რასაც გეტყვით, ჩაიწერეთ.
წესი ნომერი პირველი: ყოველთვის გაიგე მისი ბებიის, დიდი ბებიის, ბაბუისა და ორი
თაობის დიდი ბაბუის სახელები. აქვე, წესი ნომერი მეორე, იწერთ?
- დიახ, - თავი
დამიქნია და ინტერესით შემომაცქერდა, - ნომერ პირველი წესის შესრულების შემდეგ
გახსენი ინტერნეტის ფანჯარა და მოიძიე მათი კნინობით-ალერსობითი ფორმები. თუ
აქედან, 40%-ზე მეტი არაა ისეთი, რომელსაც შენს ბავშვს არ დაარქმევდი, შეგიძლია
საქორწინო ფიცი გულდამშვიდებულმა დადო, -
მთელი სიბრძნე ჩავაქსოვე და ჩიპოს ნამცხვარიც დავაგემოვნე, კვლავაც ძველებურად
იდეალური იყო. სულ ვნატრობდი, რომ ეს კონდიტერი ჩემზე ადრე არ დაღუპულიყო. ამ
ალუბლის ნამცხვრის გამო ერთ-ორ წელს დაუფიქრებლად მოვიკლებდი.
- სერიოზულად
მეუბნებით? - მკითხა მაგდალინამ. მეწყინა.
- რა თქმა
უნდა. მე არასერიოზულს არასდროს არაფერს ვამბობ ხოლმე.
- მგონი ჩემი
აქ მოსვლა შეცდომა იყო, - ისე მითხრა, გული დამეწვა.
- ახლა
სინანული უკვე გვიანია, ჩემო კარგო, - ნაზად გავუღიმე და თემას დავუბრუნდი: - აბა,
რაო ჩვენმა მაქსიმილიანმა? - რა დაგიმალოთ და, ცოტათი დავინტრიგდი კიდეც, თითქოს
რაიმე რომანს ვკითხულობდი და ჩემ თვალწინ ვშლიდი ყოველი თავის ახალ ფურცელს.
- მაქსიმილიანს
არ მოვწონვარ, - ისე სევდიანად მითხრა, ჩემი გულქვა გულიც კი გაადნო და ხომ
გახსოვთ, იმ მოხერხებულმა ბიჭმა იმ ზღაპარში ყველს რომ წყალი ადინა, რაღაც ეგეთი
მოხდა ჩემს დაბერებულ პარკუჭებში.
- მაშინ უნდა
შეაბა, ჩემო კარგო, კაცის შებმას რა უნდა, - გამეცინა, - როგორია ეს მაქსიმილიანი?
- ისეთი,
როგორსაც მე არასდროს მოვეწონები.
- რა გჭირთ
მოუწონარი?! ჩემს ლექციებზე რომ ყოფილიყავით ჩაწერილი, უკვე სრული საკონსულტაციო
საათები ორ-სამჯერ გვექნებოდა ამოწურული, - ისევ ისეთი მზერით გამომხედა, კუთხეში
დადგომას რომ მოგანდომებდა კაცს.
- მაგაში არაა საქმე, უბრალოდ, ძალიან
განსხვავებულები ვართ. იმდენად, რომ ის დოქტრინაც არ მუშაობს, განსხვავებულები
ერთმანეთთან მიიზიდებიანო. მაქსიმილიანს სხვა რამ უნდა ცხოვრებაში და მე
აბსოლუტურად სხვა რამ, - ამ გოგონამ სულ მთლად გამოაფრუტუნა ის კაცი, ჩიპოს კაფეს
ვინტაჟური სარკის ანარეკლიდან რომ მეღრიჯებოდა.
- მოიცა, აბა,
რა გინდათ?
- მაგაშია
საქმე, არ ვიცი, - ისეთი საბრალო თვალებით შემომხედა, თითქოს მე უნდა მეთქვა
რაიმე. აფსუს, სად არ მქონდა ჩიპოს ულვაშები, ახლა სწორედ რომ მათი აცმაცუნების
დრო იყო.
-ოო, იმაზე
რთულადაა საქმე, ვიდრე წარმოვიდგენდი, - ისე დავაცქერდი ნახევრად შეჭმულ ალუბლის
ნამცხვარს, როგორც ჭადრაკის დაფას საუნივერსიტეტო ტურნირზე. ახლა, სიბრძნეა საჭირო, ჩემო რუდოლფუ, დაძაბე გონება და რამე ჭკვიანური
უთხარი ამ გზააბნეულ გოგოს, -დაფაზე მისატყაპუნებელი ჯოხით მედგა თავს და ახლა
რამე სიბრძნე რომ არ წამომეყრანტალებინა, მართლა თავს გამიხეთქავდა ის ღიპიანი
ბაბუ ჩიპოს ვინტაჟური სარკიდან, - ცუდია, რომ ასეთ რაღაცებს ანტიკური მითოლოგიის
უძველეს წყაროებში არ გასწავლიან, - წამოვაყრანტალე თუ არა, იმ კაცმაც თავში
ჩამცხო თავისი ჯოხი, ეს ხომ ისედაც იცის, შე სულელოო. მაგრამ რავიცი აბა, იცოდა?!
ანტიკურ მითოლოგიაზე ეგ არ სწავლობდა და.
- ასეთ რამეებს
არსად არ ასწავლიან, პროფესორო, - მის პასუხზე მივხვდი, რომ, როგორც ჩანს, მაინც სცოდნოდა.
დეიდა როზეტა გამახსენდა. ის ქალი
იყო, სიყვარულის ელექსირს რომ მაზიარა და ჯერ კიდევ ახლადწამოჩიტული ბიჭუნა თავის ზამბარიან
ლოგინზე დამაკრა. კინაღამ სული გამიფრთხო იმ ღამეს, მერე მივეჩვიე. როზეტამ ბევრი
მასწავლა, ის მელაპარაკებოდა ასეთებზე. რაც სიყვარულზე ვიცოდი, მისგან ვიცოდი. ოცი
წლის წინ გარდაიცვალა უბედური, რომელიღაცა საყვარელმა აკიდა რაღაც. ბოლოს რომ
ვნახე, ისე ცუდად გამოიყურებოდა, არაფერი ჰქონდა იმ ქალთან, კოკა-კოლას დალევის
შემდეგ პირში თავისი მკერდი რომ ჩამტენა.
- ნეტავ,
როზეტა რას მეტყოდა ახლა, ჩიპო? - ვკითხე გონებაში, - მაგრამ აბა, შენ რა
გეცოდინება ეგ, ჩიპო, როზეტაზე ხომ არასდროს მომიყოლია შენთვის.
როზეტა დიდი ხნის წინ იყო, ძალიან
დიდი ხნის წინ. სიყვარული იყო ამ ქალის მთელი ცხოვრება და სიყვარულმა შეიწირა
კიდეც. იმ დახლს გავხედე, ჩიპო და მისი ცოლი რომ იდგნენ ხოლმე. კაფე რომ გახსნეს,
კლიენტებს თავად ემსახურებოდნენ. მაშინ ბევრი დრო არ მქონდა და იშვიათად
შემოვუვლიდი ხოლმე, ვიჯექი კუთხის მაგიდასთან და მათკენ იქიდან ვაპარებდი თვალს. შეკვეთას
რომ მიიტანდა, დახლს დაყრდნობილ ჩიპოს ამოუდგებოდა გვერდით და ერთმანეთზე
თავმიდებულები ჩუმად ხითხითებდნენ ხოლმე. დღემდე ვერ ვხვდები, რა აცინებდათ, მაშინ
ხომ ყელამდე იყვნენ ვალებში ჩაფლულები. ჩიპო ამბობდა, ის რომ არ მყოლოდა, ახლა
სტაიანშიკი ვიქნებოდიო. ვიცოდი, ტყუოდა. ჩიპო დიდი კაცი იყო, გაჩარხავდა რამე
საქმეს. იქნებ, ჩიპოს სცოდნოდა ამ საბრალო გოგოს კითხვაზე პასუხი, ჩიპოს მაინც
ეშველა მისი საბრალო თვალებისთვის, მაგრამ ჩიპო ცოცხალი აღარ იყო, მე კი მასთან
ასეთებზე არ ვლაპარაკობდი ხოლმე. ერთი ეგ იყო, ცოლის მოყვანაზე მაწვებოდა და ბოლოს
მაგაზეც შემეშვა. დეიდა როზეტა იყო, ვისგანაც მთელი ამ სიყვარულის ავან-ჩავანი
გამეგებოდა და მეტწილად მთელი ეს ცოდნაც ის იყო, როგორი ფორმის დუნდული სჯობდა
დივანზე წამოსასკუპებლად და როგორი გოლფის სათამაშოდ. კი, მაგრამ ნეტავ, რა
ველაპარაკე იმ გოგოს, ჩემზე რომ თქვა, სიყვარულის ამბები იცისო, - ვცდილობდი,
გამეხსენებინა. მგონი ისეთი არაფერი, უბრალოდ ამ ჩიტუნებს ფართო წარმოსახვა
ჰქონდათ და კენჭისგან ლოდს გამოგითლიდნენ.
-ერთს გეტყვი,
- ვუთხარი ბოლოს და მანაც ინტერესით მომაპყრო თავისი გაფაციცებული თვალები, - თუ
რაღაც გინდა, უნდა სცადო, ყოველთვის, ყველაფერში. თორემ მერე იჯდები და მთელი
ცხოვრება იმაზე იდარდებ, ნეტავ, რა მოხდებოდა რამე რომ მეცადაო. ეგ ბევრჯერ მქონია
და ვიცი, გაგტანჯავს კაცს. არც ამას ასწავლიან არსად. შეიძლება, მეც ახლა ვისწავლე
ეგ. ერთი კაცი დავინახე დღეს, სანამ შენ მოხვიდოდი, რაღაც ეგეთი მითხრა, იქიდან
მიყურებდა, - ჩიპოს ვინტაჟურ სარკეზე მივანიშნე. ისე შემომხედა, მართლა ფიქრობდა,
შეშლილია ეს უბედურიო, მაგრამ ყოველთვის მეკიდა ჩემზე რას იტყოდნენ და ახლაც ასე
იყო, - არასდროს იცი, რა მოხდება, რამე რომ გააკეთო, მაგრამ ყოველთვის იცი, რა
მოხდება, ეგ რაღაც რომ არ გააკეთო - არაფერი. ხშირად ამ არაფერს ისე დავსდევთ
ხოლმე, ამას ვერც ვიაზრებთ. მერე კი უკვე ყველაფერი გვიანია.
- ამას მე
მეუბნებით, თუ საკუთარ თავს? - ამოვხედე და მზერა გამიშტერდა. თითქოს ჩიპო იყო,
ჩემ წინ, იქ იჯდა და ულვაშებს აცმაცუნებდა.
- არ ვიცი, - ვუთხარი თავის ქნევით, - წლების
გასვლას ერთი პლუსი აქვს, ბევრ რამეს სწავლობ, მაგრამ ამ ყველაფრის დიდი მინუსი
ისაა, რომ დრო აღარ გრჩება ამ ცოდნის გამოსაყენებლად. ჩვენ ეს განგვასხვავებს. თქვენ
დრო გაქვთ, ძალიან, ძალიან ბევრი დრო. ჩემთვის კი გამოსადევნებელიც არაფერია, - იმ
კაცს შევხედე ჩიპოს ვინტაჟური სარკიდან, თავზე აღარ მადგა, ვიტრინას მიყრდნობოდა
და ის ჯოხიც, წამის წინ თავში რომ მირტყამდა, ახლა ჩამოწეული ეჭირა ხელში.
გამომცდელად მაშტერდებოდა და მზერის არიდებას არც კი ცდილობდა უტიფარი.
- გამოსადევნებელი
ყოველთვის არის რაღაც, პროფესორო, - მითხრა მაგდალინამ. ალუბლის მოციცქნილი
ნამცხვარი ისევ შეუჭმელად ედო წინ, არადა, ამ ნამცხვის დატოვება იქნებოდა?!
- მხოლოდ
მაშინ, ჩიპოს ალუბლის ნამცხვარი თუ ეჭირება ხელში, - ვუთხარი ხუმრობით.
- და გულის
ტკენაზე რას იტყვით, პროფესორო, მაგისთვისაცაა დრო?
- მაგისთვის
დრო სულაა, მაგის გარეშე ცხოვრება ხომ ცხოვრება არ იქნება, მაშინ ამას ზღაპარი
ერქმევა და არა სიცოცხლე, - მოწონების ნიშნად ვინტაჟური სარკის კაცმა თავი
დააქნია, ნელ-ნელა უფრო და უფრო მომწონდა ეს ტიპი, - ერთსაც გეტყვი, შვილო, -
მომაცქერდა და თითქოს მეც მივაცქერდი საკუთარ თავს, ასე ხომ აქამდე არავისთვის
მიმიმართავს. შვილო?! - მგონი, ხუთი წელიც
კი აღარ დამრჩა, ჩემო ჩიპო, - დრო ყველაზე ძვირფასი რამეა, არც შენი დრო უნდა
დახარჯო უაზროდ და არც სხვა ადამიანის. თუ ფიქრობ, რომ აზრი არ აქვს, წახვალ და
სხვა მაქსიმილიანს იპოვი. არ უნდა იყოს
ისე, რომ შენ ყველაფერს აკეთებდე მისთვის და ის კი არაფერს შენთვის. ზევსები აღარ
არიან, ადამიანს რამე რომ არ უნდოდეს და ძალით გააკეთებინონ. მე თუ მკითხავ, თუ
ინტერესს ვერ ხედავ, არც უნდა სცადო, თორემ, ერთხელ ეგრე რომ ვქენი, კინაღამ
სადისციპლინო კომისიის წინ ამოვყავი თავი, მაშინ იყო, ყოველ დილით ჭაღარის
შემოწმება რომ დავიწყე სააბაზანოს სარკეში. მაგრამ როცა ცდი, გახსოვდეს, რომ ამაში
შენს დროსა და რესურსს ხარჯავ, იმას, რაც ყველაზე მეტად მნიშველოვანია და თუკი,
იქიდანაც იგივე არ არის, ეს ცდა ცხოვრების ულამაზესი წუთების ტყუილად დაკარგვაა.
არ ღირს იმისთვის თქვა უარი საკუთარ ცხოვრებაზე, ვინც იმავეს შენთვის არ
გააკეთებს. გულის ტკენა კი, - ამაში
არაფერი არ არის განსაკუთრებული; მთავარია, მერე რა იქნება, მანდ უკვე მე
ვეღარაფერს გეტყვი, ჩემო ძვირფასო, - ვუთხარი ისე სერიოზულად, მგონი ჯერ რომ
არაფერი მეთქვა ცხოვრებაში. ვიტრინასთან მდგომ კაცს ავხედე და გაღიმებული მიქნევდა
თავს. ტაში მაინც არ დაუკრავს მაგ შეჩვენებულს, არადა ამისთანა სიბრძნე დავაჟღერე
ჩიპოს კაფეში, თავად ჩიპოსაც რომ შეშურდებოდა, ისეთი. ცერა თითი მაინც აეწია
მოწონების ნიშნად, ეს რა მაგარი რამე თქვიო, მაგრამ არა, იდგა და უბრალოდ თავის
კეც-ნახევრიან ღაბაბს აკანტურებდა.
-ვივენი
რაღაცაში მართალი იყო, - მითხრა მაგდალინამ.
-არამგონია
ყველაფერი ვიცოდე, შვილო, - აი ისევ, მგონი ეს მოხუცებული ბრძენის თამაში ახალ
ჰობად მქცეოდა.
-არა, მაგაში
არა. იმაში, რომ არის რაღაც თქვენში გატეხილი, რაც საინტერესო ადამიანად გაქცევთ,
- მისმა სიტყვებმა ჩამაფიქრა.
-ასე თქვა? -
ვკითხე და თავი დამიქნია. შეიძლება, მართალიც იყო, ვინ იცის.
-მადლობა,
პროფესორო, - მადლობა გადამიხადა და წამოდგა.
-უკვე
მიდიხართ? - გასაცილებლად წამოვდექი.
-ვფიქრობ,
საკმარისი მოვისმინე.
-ზოგადად
პირიქითაა ხოლმე, მაგრამ ჩემს ნომერს დაგიტოვებთ, გამაგებინეთ მაქსიმილიანს რა
ბედი ეწევა, - სავიზიტო ბარათი ამოვიღე და ხელში ჩავუკუჭე.
-იმედი მაქვს,
ესეც თქვენი რაიმე ოინები არ არის, - გამომცდელად შემომაცქერდა, „კუთხეში დადექი,
პატარა ბიჭი“-ს მზერით.
-ყოველთვის
შეგიძლიათ სატელეფონო ჯიხურის გამოყენება, - ღიმილით მივუგე და კარი გავუღე.
გაეცინა და კიდევ ერთხელ დამემშვიდობა. დავრჩით მე, ჩიპო, ჩიპოს ვინტაჟური
სარკიდან გადმოსული კაცი, რომელიც უეცრად სადღაც გამქრალიყო და ამ გოგოს
მოციცქნული ალუბლის ნამცხვარი.
საათს დავხედე. ჯერ კიდევ მქონდა
თხუთმეტი წუთი. დავჯექი და გაციებულ ყავას ჩავაცქერდი. უცებ მომინდა, რომ
მკითხაობა მესწავლა. ვიტრინიდან ქუჩაში მოსეირნე ხალხს გავხედე.
-რას ფიქრობ,
ჩიპო, გამჭირვალე ჭიქაში რომ დავასხმევინო შენს შვილიშვილს ყავა და მკითხაობა ვისწავლო,
დავინახავ ამ ხალხის მომავალს? - ვკითხე ჩიპოს, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არც
ამჯერად გაუცია პასუხი.
-კარგად ხართ,
ძია რუდოლფო? - უკნიდან მომესმა ხმა და მალე პატარა ჩიპოს ხელმაც მომითათუნა
ზურგზე.
-კი, ჩემო
ბიჭო, რატომ მეკითხები?
-დღეს უცნაურად
იქცევით. ჯერ იყო და სარკეში უყურებდით თავს ორი-სამი წუთი. ახლა შორიდან
გაკვირდებოდით, უკვე ოცი წუთია, ფანჯარას უყურებთ და თვალი არ მოგიშორებიათ.
თქვენზე ვღელავ, ძია რუდოლფუ, - მითხრა პატარა ჩიპომ. რაო? ოცი წუთია ფანჯარას უყურებთო?
- მე ხომ
გოგონას ველაპარაკებოდი, - ვუთხარი ჩიპო ჯუნიორს.
- რომელ
გოგონას, ძია რუდოლფუ? - ისე შემომხედა, ფილმებში ფსიქიატრიულ პაციენტებს რომ
უყურებენ თეთრხალათიანი დოქტორები.
- გოგონას, აქ
რომ იჯდა; შავი ბლუზა რომ ეცვა. ახლახან გავიდა, - ხელით კარისკენ ვანიშნე. პატარა
ჩიპომ თავი გააქნია. ერთიანად დაიზაფრა და ძლივსძლივობით მითხრა, თითქოს თქმა არ
უნდაო.
- აქ გოგონა არ
ყოფილა, ძია რუდოლფუ. რაც შემოხვედით, მარტო იჯექით, - გაკვირვებულმა შევხედე.
მაგიდაზე დავიხედე. ორი ნამცხვარი იდო. ერთი სულ მთლად შესანსლული, მეორე - ოდნავ
მოცინცქნილი.
-ეს ორი
ნამცხვარი?
-თქვენ
შეუკვეთეთ, - ნერწყვი გადაყლაპა, - კარგად ხართ, ძია რუდოლფუ? ძალიან ვღელავ,
ექიმთან ხომ არ გამოგყვეთ?
-არა, არა,
ჩემო ბიჭო, კარგად ვარ, უბრალოდ გადავიღალე. სახლში წავალ, - ვუთხარი და
აცახცახებულმა ავიღე ჩემი ჟაკეტი.
- მე
წაგიყვანთ, გასაღებს ავიღებ, - პატარა ჩიპო მკვირცხლად წამოხტა. ხელში დავიჭირე და
დავიჟინე:
-არა, მარტო
წავალ, კარგად ვარ, ჩემო ბიჭო, ჩემზე არ იდარდო, - შეწინააღმდეგება უნდოდა, მაგრამ
ჩემზე ჯიუტს მეორეს ვერ ნახავდი დუნიაზე. ჩემი გავიტანე და კაფედან გამოვედი.
ნიავი შეიგრძნობოდა. შემოდგომა იყო და ჩამოცვენილი ფოთლები ხრაჭუნობდა ფეხქვეშ. თითქოს
იქ მივდიოდი, სადაც აქამდე არასდროს დამედგა ფეხი. ვერ ვცნობდი აქაურობას - უცხო
ქუჩები უცხო ხალხით, თუმცა მე და ჩიპოს ხომ არაერთხელ გაგვივლია ეს ქუჩა. პირველად
მაშინ, კაფეს მოწყობაში რომ დავეხმარე და სატვირთოდან სხვადასხვა ხარახურით
დატვირთული ყუთები ჩამოვზიდეთ.
-მაქეთ არა,
გაჩერება იქითაა, - ჩიპო იყო. მის ხმას რა დამავიწყებს. მარცხნივ გავიხედე,
გადასასვლელს გავცილებოდი. ჩიპო რომ არა, ვერც გავიგებდი.
-ახლა მიპასუხე
არა, შე ბებერო გაიძვერა? - ვუთხარი ჩიპოს თავის გაქნევით, - მომნატრებია შენი
ხმა, ძველო მეგობარო, - ამაზეც არ მიპასუხა, არც მისი ულვაშების ცმაცუნის ხმა
ისმოდა სადმე, მხოლოდ ფოთლების შრიალისა და მანქანების საბურავების ხმა. მიწისქვეშა
გადასასვლელიდან ამოვედი და გაჩერებაზე დავდექი. ორი სტუდენტი გოგო, ერთი
კაპიუშონიანი შავტუხა ბიჭი და ერთი ქალი იდგა. იმ ქალს, ალბათ, ვერც შევამჩნევდი,
რაღაც რომ არ დამენახა მის ხელში. ამ მარკას ხომ ყველგან ვიცნობდი. ჩიპოს კაფეს
ყუთი იყო.
-უკაცრავად,
ჩიპოს ნამცხვრებია? - ვკითხე ღიმილით მიახლოებისას.
-აჰ, დიახ, -
მასაც გაეღიმა, - შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ასეთი ტრადიცია მაქვს,
ყოველი პარასკევი საღამოსთვის ვყიდულობ ხოლმე და სახლში მიმაქვს. მარტო ვცხოვრობ
და საღამოს პარასკევის სატელევიზიო გადაცემის ყურებისას მიწევს კამპანიონობას, -
წამით სახეზე შევაცქერდი. შუა ხნის ასაკს გადაცილებული იქნებოდა. დიდ ქალებში დიდი
გამოცდილება არასდროს მქონია, მაგრამ ასე, 55 წელს მივცემდი. ასაკის მიუხედავად,
ენერგიულად გამოიყურებოდა. ახალგაზრდობაში უთუოდ იმათგანი იქნებოდა, აუდიტორიის
პირველ რიგში რომ ვთხოვდი დასკუპებას და საკონსულტაციო საათებზე კაბინეტში დამატებითი
ლექციებისთვის ამოსვლას.
-მეც იქიდან
მოვდივარ, - ქუჩის გადაღმა მდებარე ჩიპოს კაფეზე ვანიშნე, - ყოველ ხუთშაბათს,
უნივერსიტეტის შემდეგ მოვდივარ ხოლმე ჩიპოსთან.
-უნივერსიტეტში
ასწავლით? - სასიამოვნო გაკვირვებით მკითხა ქალმა.
-დიახ,
ანტიკური მითოლოგიის პროფესორი ვარ.
-საინტერესოდ
ჟღერს. მე ფილოლოგი ვარ, მასწავლებელი.
-გამოდის,
კოლეგები ვყოფილვართ, - ვუთხარი ღიმილით და ქალს თავი წარვუდგინე. ისიც გამეცნო.
ორქიდეა ერქვა. ლამაზი სახელი ჰქონდა, ზუსტად ისე, როგორც ყვავილს.
-თუ საიდუმლო
არ არის, რომელი ნამცხვარი გიდევთ ყუთში? - ვკითხე და მისი პასუხის მოლოდინში, თითქოს
რაღაცნაირად გული ამიჩქარდა, ცოტათი, მაგრამ მაინც.
-ალუბლის
ნამცხვარი, ჩემი ფავორიტია, - მითხრა და ის იყო, რაღაც უნდა მეთქვა, რომ ტელეფონმა
დამირეკა. უცბად ამოვიღე და ეკრანს დავხედე. მორიგი ჩიტუნა იყო, დღეს საღამოს უნდა
შევხვედროდი საკოტრიალო მითოლოგიის გაკვეთილებისთვის. - ვკითხო? - ვკითხე ჩიპოს და სიმართლე გითხრათ, იმის მოლოდინი სულაც არ
მქონდა, რომ მიპასუხებდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მიპასუხა. იქ იდგა,
შუქნიშანთან. თავი დამიქნია. შემომავალი ზარი გავთიშე და ორქიდეას მივუბრუნდი.
-რას იტყვით,
შემდეგ პარასკევს ჩიპოს ალუბლის ნამცხვარზე მე რომ დაგპატიჟოთ? - გაეღიმა და თითქოს
მორიდებულად თავი დამიქნია. მეც გავუღიმე. ავტობუსმა ჩაიარა და წამიერად მისმა
ფანჯრებმა ჩვენი გამოსახულება აირეკლა. ვუყურებ ავტობუსის ფანჯრებში გამოსახულების
ანარეკლს და ვერც საკუთარ თავს ვცნობ და ვერც იმ კაცს, იმ ანარეკლიდან რომ
შემომცქერის. უცხოა, შეცვლილი, არც იმ ბიჭს ჰგავს, მოკლეკაბიან სტუდენტებს მაღალი
ქულის გამო დამატებით ლექციებს რომ უტარებს და კონსპექტებსაც საკუთარი ხელით უწერს
კოხტა ტაკოებზე და არც იმ მიკუჭ-მოკუჭულ პერანგში ღიპგამოწკეპილ ბაბუას ჩიპოს
კაფეს ვინტაჟური სარკიდან, ცოტა ხნის წინ დაფაზე მისატყაპუნებელ ჯოხს რომ
მირტყამდა თავში. ჩიპოს ვუყურებ, ისევ შუქნიშანთან დგას და თვალებს მიპაჭუნებს.
რაღაც უხარია და ვერ ვხვდები, რა. ბედნიერი ჩანს.
-რას იტყვი,
ჩიპო, გამოვნახავ საერთოს ამ ავტობუსის ფანჯრებიდან მომზირალ კაცთან? - ვეკითხები
და ისიც უთქმელად იწყებს ულვაშების ცმაცუნს. ჩიპოს ენაზე ეს „არ ვიცი, მაგრამ უფრო
კი, ვიდრე არა“-ს ნიშნავს. ავტობუსი მიდის და ის კაცი ქრება. გამოსადევნებელი ყოველთვის არის რაღაც, პროფესორო, - უმეორებს სამოცი
წლის რუდოლფუ საკუთარ თავს, - გამოსადევნებელი
ყოველთვის არის რაღაც.
გიორგი ჩაჩხიანი