ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Thursday, September 1, 2016

დადაშ გულბანი

  სვანეთს მრავალი მახვში უნახავს, ერთმანეთზე ღირსეულნი და სამართლიანნი, მაგრამ დადაშ გულბანი მაინც გამორჩეული იყო. ლახამულის თემის მახვშს სახელი მთელ სვანეთში გავარდნოდა, მასთან რჩევის საკითხავად სხვა მახვშებიც კი მოდიოდნენ. მკაცრი და ფიცხი კაცი იყო, მაგრამ ძალზედ გამჭრიახი გონების პატრონი სამართლიანობის შუქურად ქცეულიყო. მის თემში სიმშვიდე სუფევდა. დანაშაულის ჩადენას ვერავინ ბედავდა, რამეთუ იცოდნენ, რომ პასუხი აუცილებლად მოეთხოვებოდათ. ყველასთან ახლობლობდა,სხვებიც ენდობოდნენ და თავიანთ მეგობრად მიაჩნდათ. დადაშს ერთი ვაჟი ჰყავდა, ბექნუ გულბანი 26 წლის ყმაწვილი გახლდათ. მთასავით ჩამოსხმულს კეხიანი ცხვირი და მუგუზალივით შავი წარბები ჰქონდა, რომელთა ქვემოდანაც არწივისებრი თვალები იმზირებოდნენ. მეტად მკაცრი გამომეტყველების პატრონი სულაც არ იყო კუშტი ბუნების, ყველას ეხმარებოდა და სოფელში საუკეთესო მონადირედაც ითვლებოდა. მისი უახლოესი მეგობარი გეგი ქალდანი გახლდათ, ისე ახლობლობდნენ, იტყოდი უთუოდ ძმადნაფიცები არიანო.
 ნოემბერი იდგა. დადაშს 60 წელი უსრულდებოდა. დაბადების დღის აღსანიშნავად დიდი სუფრა გამართა, მეზობლებიც დაეხმარნენ და ეს ამბავი იფარის მთელმა მოსახლეობამ ერთად აღნიშნა.თუმცაღა ცერემონიალს ვერ დაესწრო გეგი ქალდანი,რომელიც საქმეზე მესტიაში წასულიყო. უზარმაზარ სუფრას მამაკაცები შემოსხდომოდნენ, მეუღლეები და ქალიშვილები კი მათ ემსახურებოდნენ. მაგიდაზე გამოქონდათ კუბდრები, ჭვიშდრები, ფეტვიანი ხაჭაპურები,თაშმიჯაბი და სხვა ტრადიციული კერძები. ვინაიდან სვანეთში ვაზი არ ხარობდა, ტრადიციულ სასმელს რახის სვამდნენ. გულბანების ოჯახში იმყოფებოდა გეგის და დინა ქალდანიც, რომელიც არნახული სილამაზის პატრონი გახლდათ. მაღალი, გამხდარი შავგვრემანი გოგონა იყო. სახეზე ტრადიციული მკაცრი იერი დაჰკრავდა. მის თითოეულ მოძრაობას, ყოველ მიხრა-მოხრას ახალგაზრდა ბექნუ თვალმოუშორებლივ აკვირდებოდა. დინა ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ ამის გამხელას ვერ ბედავდა. თითქოს მასთან ასე ახლოს იყო და ამავედროს ძალიანაც შორს, ამაზე ფიქრი აღარ შეეძლო და ავი აზრების გასაქარწყლებად რახი კიდევ ერთხელ გადაკრა. სვანებმა დალევაში ყოველთვის იცოდნენ ზომა-წონა, სწორედ ამის დამადასტურებელი იყო სასმისზე აღმართული მშვიდობის სიმბოლო-მტრედი,მაგრამ ბექნუს ესეც კი დავიწყებოდა, დინაზე ფიქრს ვერ წყვეტდა და როგორმე ის უნდა დაევიწყებინა, ხსნას კი ახალგაზრდა ჭაბუკი მხოლოდ სმაში ხედავდა.
  მოსაღამოვდა. ბექნუ გულბანი კარგად შეზარხოშებულიყო, სანამ მაგიდასთან იჯდა ვერ ატყობდა თუ რამდენად დამთვრალიყო, როდესაც წამოდგა, შებარბაცდა, თუმცაღა მაინც შეუმჩნევლად გაიპარა და სუფთა ჰაერზე გავიდა. რახი უფრო და უფრო მოეკიდა. ტყის განაპირას მივიდა, ჩამოჯდა და ნაძვს მიეყრდნო. გონება ებინდებოდა და არც შეწინააღმდეგებია.
  სტუმრებმა გულბანების ოჯახი შებინდებისას დატოვეს. ვინაიდან ახლო ნაცნობობა ჰქონდათ, დინა დადაშის მეუღლის მოსახმარებლად ცოტა ხნით კიდევ დარჩა, შემდეგ კი ისიც გაუყვა შინისკენ მიმავალ გზას. ქალდანების ოჯახი იფარის ბოლოში ცხოვრობდა. დაღამებულიყო და სოფელს ეძინა. მხოლოდ ძაღლების ყეფა თუ გაისმოდა შიგადაშიგ. დინამ მოკლე გზით გადაწყვიტა წასვლა, გზად ტყე უნდა გადაეკვეთა და შიგნით შევიდა. უეცრად შედგა, თითქოს რაღაც მოეჩვენა, მიუახლოვდა და ახალგაზრდა ბექნუს სახე თვალნათლივ დაინახა.
-ბექნუ - ხმადაბლა მიმართა ქალმა. გულბანმა თვალები მაშინვე გაახილა და დინას შეხედა.
-დინა - ფეხზე წამოდგომა ცადა და წაბარბაცდა, თავი ვეღარ შეიკავა და დინას დროულად რომ არ ემოქმედა და არ დაეჭირა უთუოდ წაიქცეოდა.
-ღმერთო, როგორი მთვრალი ხარ,ამ შუაღამით აქ რას აკეთებ? - ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს იყვნენ, ბექნუ ქალის სუნთქვას სახეზე გრძნობდა. ბურუსში ეხვევოდა, თავბრუ ესხმოდა, თითქოს მისი კიდურები უსასრულობაში იძირებოდნენ, ვერ ფიქრობდა, არ იცოდა სად იყო, მხოლოდ ერთ რამეს აღიქვამდა და ეს დინა იყო, მისი საოცარი ხმა, მისი ბაგეები,რომლებიც ასე ახლოს იყვნენ ახალგაზრდა ბექნუსთან, იყო მხოლოდ ქალის სუნთქვა, რომლის დროსაც მისი გულმკერდი რითმულად ირხევოდა და იყო მისი ულამაზესი თაფლისფერი თვალები.
-ბექნუ - დინა მიხვდა რომ ჭაბუკი არ უსმენდა, ამიტომ ხელი სახეზე შეახო. ეს საბოლოო ნეტარება იყო ბექნუ გულბანისთვის. ხელი აწია და ქალს სახეზე მოჰკიდა, ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს რაღაც მიუწვდომელს მისწვდენოდა, დინას გახშირებული სუნთქვა სახეზე ისევ ელამუნებოდა. - ბექნუ. - აი ისევ, მისი მომაჯადოვებელი ხმა. ბექნუმ თავი წინ გაწია და მოულოდნელად დინას აკოცა. ქალმა ხელი მაშინვე ჰკრა და სილა მწარედ გააწნა.
-რას აკეთებ?! - ერთობ გაბრაზებულმა შეიცხადა. ბექნუ მის საკოცნელად ისევ გაიწია. -არა! - დინამ ხელი უჯიკა,მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მთვრალი იყო სუსტი ბიძგი ბექნუსნაირი აღნაგობის მამაკაცს ვერ შეაკავებდა. გულბანმა დინა თავის მკლავებში მოიქცია და კოცნა დაუწყო. ქალმა პირი იბრუნა, ბექნუს ხელებს ურტყამდა.
-გამიშვი, ბექნუ, გთხოვ, გემუდარები - დინამ ყვირილი ცადა, მაგრამ პირველივე ბგერების გაჟღერისთანავე კაცმა ხელი პირზე ააფარა. ქალი ხესთან მიიმწყვდია და ზედ ააკრა. ცალი ხელი პირზე მიეფარებინა, საიდანაც დინას დაგუდული და ჩახშული ბგერები მოისმოდა, მეორეთი კი კაბის შემოხევა დაუწყო...
   დილა იყო. 7 საათი იქნებოდა, მზე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ამოსული. დადაშ გულბანის ეზოში ალუდა ზურებიანი სირბილით შემოვარდა.
-დადაშ,დადაშ! - ეზოში ყვირილი მორთო. მახვშიმ სასწრაფოდ ქუდი დაიხურა და სტუმარს გამოეგება.
-რა მოხდა, რა გაყვირებს ამ დილაადრიან?-  გულამოვარდნილი ალუდა ქშინავდა, სული მოითქვა და დადაშს სათქმელი მოახსენა:
-მონადირეებს ტყეში დინა უპოვნიათ.
-როგორ თუ ტყეში, რა მოხდა?- ალუდამ თავი დახარა - მითხარი რა მოხდა! - ბრაზიანად მიუგო გულბანმა.
-ვიღაცას გაუუპატიურებია, ექიმთან მიიყვანეს.
-ღმერთო ჩემო, ეს ვის უნდა ჩაედინა. - შეიცხადა დადაშმა.
-არ ვიცი.
-ჩარგაზმა იცის?
-კი, ლამარასთან არიან. 
-ახლავე წამოვალ- უთხრა და მოსასხამის ასაღებად სახლში შებრუნდა.
-რა მოხდა? - ჰკითხა ცოლმა, დარბაზში ბექნუც შემოსულიყო.
-ლამარასთან მივდივარ, გუშინ - დადაში შეყოვნდა, ემძიმებოდა ყოველივეს თქმა - დინა გაუუპატიურებიათ. - ქალმა ხელი პირზე აიფარა. ბექნუ შედგა, თავბრუ დაეხვა და რომ არ წაქცეულიყო სკამს მოეჭიდა.
-ეს ვინ ჩაიდინა? - აღელვებულმა იკითხა ქალმა.
-არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვიპოვნი და პასუხს ვაგებინებ - თქვა დადაშ გულბანმა და სახლიდან სასწრაფოდ გავიდა.
  მამის წასვლისთანავე ბექნუ თავის ოთახში შევარდა. მუხლებზე დაემხო, თავი ხელებში ჩარგო და ცხარე ცრემლებით ატირდა. ჩვილობის შემდეგ პირველად ტიროდა.
გუშინდელიდან მხოლოდ ცოტა ახსოვდა. დილით თავის საწოლში გაიღვიძა, დინას სახე ფრაგმენტებად აგონდებოდა, თუმცაღა ყველაფერი სიზმარი ეგონა. თავის თავს მუშტი სახეში ძლიერად სთხლიშა. პატარა მაგიდაზე დადებული შანდალი ძირს მოისროლა, ორივე მუშტი ქვის იატაკს დაარტყა.
-არა, ეს როგორ ჩავიდინე, ეს როგორ ჩავიდინე...- ამოილუღლუღა და იატაკზე გაწვა. შუბლი მუშტებს რამდენჯერმე ძლიერად მიახეთქა.
  ლამარა ხაჭვანი იფარის ერთადერთი ექიმი იყო, ეს ხელობა ბებიისგან ჰქონდა ნასწავლი. შორს არ ცხოვრობდა. მის სახლთან სოფლის უხუცესები შეკრებილიყვნენ, ჩარგაზ ქალდანს ანუგეშებდნენ და დამნაშავის პოვნას ჰპირდებოდნენ.  დადაშის მოსვლისთანავე განზე გადგნენ. მახვში ჩარგაზს მიუახლოვდა და დაღვრემილი მეგობარი გულში ჩაიკრა.
-ვიპოვნით,ჩარგაზ, პირობას გაძლევ რომ აუცილებლად ვიპოვნით მაგ პირუტყვს და პასუხს ვაგებინებთ, ის ყველაზე წმინდას შეეეხო და ამას არ ვაპატიებთ.
-ვიცი, დადაშ, ვიცი - ჩარგაზმა თავი დაუქნია, მხნეობის შენარჩუნებას ცდილობდა.
-ეჭვი ხომ არავიზე გაქვს?
-არა. - მახვში თანასოფლელებს მიუბრუნდა.
-ვინმეს რამე ხომ არ დაუნახავს ან ხომ არ გაუგონია? - სოფელმა ტრადიციულად ყველაფერი იუარა, თუმცაღა მართლა არავინ არ იცოდა არაფერი. - მაშინ ყველა მამაკაცი ხატზე დაიფიცებს. - მახვშს ეს გადაწყვეტილება ყველამ მოუწონა.
-იქნებ დინამ დაინახა თავდამსხმელი - შენიშნა ერთ-ერთმა უხუცესმა.
-დაველაპარაკები - თქვა დადაშ გულბანმა და გახედა ჩარგაზ ქალდანს, რომელმაც მახვშს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
   დადაში ლამარას სახლში შევიდა. დინა ლოგინზე იწვა, ეძინა. გვერდით დედა და რამდენიმე ქალი ესხდა. მახვშის შემოსვლისთანავე ყველა ფეხზე წამოდგა.
-როგორ არის? - ლამარას ჰკითხა გულბანმა.
-შოკირებულია, მაგრამ კარგად იქნება, ძლიერი გოგოა.
-დადაშ...- დაიჩურჩულა დინას დედამ.
-გისმენ,ნინა. - ქალი კაცს მიუახლოვდა, მახვშის ხელები თავისაში მოაქცია.
-ხომ იპოვნი, იმ არამზადას ხომ იპოვნი?
-აუცილებლად,აუცილებლად ვიპოვნი.
-დამპირდი.
-გპირდები, დავიჭერთ და გავასამართლებთ.
-არ უნდა იცოცხლოს. - დადაში ქალს გულდამწვარი უცქერდა.
-როდესაც გაიღვიძებს დამიძახეთ. - ხაჭვანმა მახვს თავი დაუქნია და გულბანმაც ოთახი დატოვა.
   დინამ რამდენიმე საათში გამოიღვიძა. შეშინებული და შერცხვენილი იყო. ხალხის ეშინოდა, მარტო ყოფნა სურდა, მაგრამ დადაშს მაინც დაუძახეს. მახვშის ოთახში შესვლისთანავე დინა შეკრთა და გუგები გაუფართოვდა.
-არა,არა-საწოლის საზურგეს მჭიდროდ მიეკრა.
-დინა, მე ვარ, დადაში ვარ, ყველაფერი რიგზეა. - მახვში სკამზე ჩამოჯდა. დინას თვალები აემღვრა.
-გთხოვთ, მარტო დამტოვეთ.
-წავალ,მაგრამ მანამდე რაღაც უნდა მითხრა, უნდა დამეხმარო, რომ ის ნაძირალა დავიჭიროთ.
-არა, არა...
-მისი სახე დაინახე, იცანი ვინ იყო?
-არა... გთხოვთ, უბრალოდ მარტო დამტოვეთ.
-დინა - დადაშმა ხელი ნაზად შეახო, ქალი შეკრთა და ხელი მაშინვე გაწია.- მაპატიე-გულბანი თავის შეცდომას მიხვდა და უკან გაიწია.
-გთხოვთ, წადით აქედან, მარტო დამტოვეთ. - მახვშიმ თავი დააქნია.
-კარგი, იქნებ სხვა დროს ვისაუბროთ, მალე გამოჯანმრთელდი. - დადაში წამოდგა და კარებისკენ დინჯი ნაბიჯებით დაიძრა, სანამ გავიდოდა შემოტრიალდა და აცახცახებულ გოგონას სევდიანად შეხედა, შემდეგ კი გარეთ გავიდა. დინა მძიმედ სუნთქავდა, ხელები მუხლებს შემოაჭდო და ცხარე ცრემლებით ატირდა. ის ხომ მამამისი იყო, მას ერთადერთი შვილი ჰყავდა და სწორედ ის იყო მოძალადე.
-გითხრა რამე? - დადაშს გამოსვლისთანავე ჰკითხა ჩარგაზმა.
-არა, შეშინებულია. არ მესმის ასეთი არაკაცი და ავხორცი როგორ უნდა იყო ეს რომ ჩაიდინო, რა ოჯახში უნდა გაიზარდო.
-ეს მთელი გვარის სირცხვილია. - მახვშს კვერი სხვებმაც დაუკრეს.
  შებინდებულიყო.ტაძარი სრულიად დაცარიელებულიყო. ბექნუ საკურთხევლის წინ ჩამუხლულიყო. თითები გადაეჭდო და ხელებში ჯვარი ეჭირა. სინანულში ჩავარდნილიყო,თავის თავს ჩადენილს ვერ ჰპატიობდა,მაგრამ გამხელისაც ეშინოდა. ცდილობდა კარგი ადამიანი ყოფილიყო, ცდილობდა მამას დამსგავსებოდა, მაგრამ გვარმა თავისი ქნა და სისხლმა უყივლა. მთვრალმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა და ამას ძალიან ნანობდა. ღმერთს პატიებას, ხსნასა და შველას ევედრებოდა. არ იცოდა რა ექნა და პასუხებს ეძებდა, უფალს გზის ჩვენებას სთხოვდა, მაგრამ მისთვის ყველა გზა მოჭრილიყო. მან თავის ოჯახს, მამამისს უღალატა, სახელი გაუტეხა. ვერც ამას აპატიებდა თავის თავს. ლოცვის შემდეგ ტაძარი ცრემლმორეულმა დატოვა.
   გეგი ქალდანი მშობლიურ სოფელში მომდევნო დღეს დაბრუნდა. მისი ჩამოსვლისას დინა უკვე საკუთარ სახლში იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ გეგიმ მეზობლისგან გაიგო. სახლში გიჟივით შევარდა.
-ეს ვინ ჩაიდინა?
-არ ვიცით - მიუგო დანაღვლიანებულმა დედამ - მაგრამ გავიგებთ და როცა გავიგებთ იცი რაც უნდა ქნა. - შვილმა დედას თავი დაუქნია.
-სად არის?
-თავის ოთახშია, არ გვეკონტაქტება.
  გეგი დინას ოთახისკენ დაიძრა. კარზე ნაზად დააკაკუნა და ოდნავ შეაღო. ქალმა ძმას შეხედა და შემდეგ თავი შეაბრუნა. გეგი შიგნით შევიდა. დინას საწოლზე ჩამოჯდა, დას საბანი გაუსწორა.
-როგორ ხარ? - ჰკითხა ყმაწვილმა.
-მეშინია.
-ნუ გეშინია,მე აქ ვარ. მაპატიე რომ დაგტოვე, აღარასდროს მიგატოვებ და ყოველთვის დაგიცავ,გპირდები. - გეგიმ დას თმა ყურს უკან გადაუწია, დაიხარა და საფეთქელზე ნაზად აკოცა. დინა ძმის ხელს ჩაებღაუჭა და ხელები ძლიერად მოუჭირა.
-დაინახე ვინ იყო? - ხანმოკლე პაუზის შემდეგ დინამ თავი ნაზად დაუქნია. - პასუხი უნდა აგოს.
-ვიცი. - დაიჩურჩულა ქალმა. თვალები გაშტერებოდა, კედელზე ერთ წერტილს უაზროდ შეჰყურებდა.
-ვინ იყო? - დინა დუმდა, გეგის ძალის დატანება არ სურდა, სიმშვიდესა და მოთმინებას ინარჩუნებდა. ბოლოს ქალმა რაღაც დაიჩურჩულა, თუმცაღა ჩუმი და დახშული ბგერები იყო. - ვერ გავიგე - წყანარად თქვა გეგიმ. დინამ თვალები დახუჭა.
-ბექნუ - დაიჩურჩულა და სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. გეგის სუნთქვა დაუმძიმდა, თითქოს გული გაუჩერდა, ჩხვლეტა იგრძნო. თვალები დახუჭა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. მუშტი შეკრა, ერთიანად ცახცახებდა. მერე დას ხელი გაუშვა და ოთახიდან უსიტყვოდ სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა. დამბაჩა აიღო და სახლიდან გიჟივით გავარდა ისე,რომ აღელვებული დედისთვის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.
  შუადღეს გადაცილებული იყო როდესაც გულბანების კარზე კაკუნი გაისმა, დადაში ჩარგაზთან და სხვა უხუცესებთან ერთად სათათბიროდ წასულიყო. შინ მხოლოდ ბექნუ და დედამისი იმყოფებოდნენ. ქალმა კარები გააღო, ზღრუბლთან პატარა ოთარ ჩარქსელიანი იდგა.
-გამარჯობა, ბექნუ სახლშია? - ლოყებაჟაღჟაღებულმა ჰკითხა ქალბატონ ნინოს.
-კი, შემოდი. - დასევდიანებულმა ჭაბუკმა საქმეს თავი მიანება და ოთარის შესახვედრად გამოემართა. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
-დანაბარები მაქვს გეგი ქალდანისგან, ხეობის აღმოსავლეთ მხარეს გელოდება - თქვა და სახლიდან მაშინვე გავიდა. ბექნუ გაუნძრევლად იდგა, თითქოს ქვად ქცეულიყო.
-გეგი რატომ გიბარებს? - შიშნარევი ხმით ჰკითხა დედამ, ბექნუ დუმდა. - ბექნუ, მითხარი რა ხდება, გეგი რატომ გიბარებს?! - ყმაწვილი ცახცახმა აიტანა.
-მე...მე... - ქალი ვაჟს მიუახლოვდა, ხელი სახეზე ნაზად შეახო.
-ბექნუ, - ვაჟმა დედას თვალებში ჩახედა, თვალები აწყლიანებოდა, ნინომ თავი გააქნია - მითხარი რომ ეს შენ არ ჩაგიდენია, გთხოვ მითხარი რომ...
-მე ჩავიდინე - აკანკალებული, გაბზარული ხმით დაიჩურჩულა გულბანმა. ნინომ სახე ხელებში ჩარგო და ჩუმად აქვითინდა. - დედა, გთხოვ...
-არ მომეკარო! - იყვირა ქალმა და შვილს ზურგი აქცია. ნინო ქვითინს კვლავაც განაგრძნობდა. ბექნუ შედგა, დარცხვენილმა მზერა იატაკზე გადაიტანა, შემდეგ ისევ ზურგშექცეულ, აცრემლებულ დედას შეხედა.
-მაპატიე - უთხრა და სახლი საჩქაროდ დატოვა.
   ბექნუ გულბანმა ცხენი ფერდობზე შეაყენა. გეგი უკვე უცდიდა. ყმაწვილი დამძიმებული გაემართა თავისი მეგობრისკენ. მისი დანახვისთანავე გეგის ნესტოები დაებერა,გული აუძგერდა. ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, ერთად გაზრდილნი და ძმადშეფიცულნი. ერთხანს დუმდნენ.
-ბოდიში უნდა მოგიხადო - სიჩუმე ბექნუმ დაარღვია.გეგი მას კოპებშეკრული, თუმცაღა თვალებამღვრეული შესცქეროდა. - არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.
-და ამით გინდა თავის დაძვრენა?!
-არა, ეს არ მამართლებს, მე არაფერი მამართლებს, ეს მე ჩავიდინე და... - აღელვებულმა თავი გააქნია - ამას ძალიან ვნანობ, მაგრამ შენდობას არ ველი. - გეგიმ ხელები მომუშტა - არ შეგეწინააღმდეგები, მე ეს დავიმსახურე.
  ქალდანი მისკენ გამოექანა, მუშტი სახეში მთელი ძალით სთხლიშა, ძირს დააგდო. ბექნუ წინააღმდეგობას არ უწევდა, გეგიც კი მთელი თავისი ძალ-ღონით ურტყამდა, მთელი სახე დაუსისხლიანა, მანამ ურტყა, სანამ მუშტები მთლიანად არ გადასტყავდა.
  ამასობაში დადაშ გულბანი სახლში დაბრუნებულიყო. ატირებული ცოლის დანახვისას შეკრთა და მაშინვე მასთან მიიჭრა.
-რა მოხდა? - ქალმა ქმარს შეხედა და მას ძლიერად მოეხვია. - რა გატირებს? - ჰკითხა დადაშმა.
-ბექნუ...
-ბექნუ, რამე შეემთხვა?
-უარესი.
-რა მოხდა?
-ისაა...
-რა?
-ისაა დამნაშავე. - დადაში ადგილზევე გაიყინა.
-რა თქვი? - ძლივს ამოილუღლუღა.
-ისაა დამნაშავე - ქალმა ტირილი ისევ დაიწყო.
-სად არის?! - ძლივს გასაგონად თქვა კაცმა.
-ხეობის აღმოსავლეთით. გთხოვ, დაეხმარე, თემიდან მოჰკვეთე, განდევნე,მაგრამ სიცოცხლე შეუნარჩუნე, არ დაუშვა ჩვენი ერთადერთი შვილი მოკვდეს, გთხოვ დადაშ, გადაარჩინე,ბექნუ გადაარჩინე. - კაცმა ქალი მაშინვე მოიშორა და სახლიდან საჩქაროდ გავარდა. ჩვეული სიმშვიდე დაკარგვოდა. ცხენს მოახტა და სასწრაფოდ ხეობისკენ გააჭენა.
   როდესაც ხელები გაუსისხლიანდა და ცემით დაიღალა გეგიმ ბექნუს თავი დაანება და წამოდგა. გულბანმა პირიდან სისხლი გადმოაფურთხა, მთელი სახე გასისხლიანებოდა, დიდი ძალისხმევის ფასად იდაყვს დაეყრდნო, თუმცაღა წამოდგომა მაინც ვერ შეძლო. გეგიმ დამბაჩა ამოიღო და დაცემულს მიუშვირა. ხელები უკანკალებდა.
-მიდი,გეგი, მომკალი, მე ეს დავიმსახურე. - თქვა სულიერად გატეხილმა ბექნუმ, ქალდანს თვალები აწყლიანებოდა- მიდი! - იღრიალა სასოწარკვეთილმა.გეგი მასთან მიიჭრა და დამბაჩა შუბლზე მიაბჯინა, თვალწინ ერთად გატარებული ბავშვობა და ყმაწვილკაცობა წარმოუდგა. გახშირებულად სუნთქავდა. მთელი სხეულით კანკალებდა.
-მიდი გეგი, მესროლე! - ბექნუ აქვითინდა, ახლა უკვე გეგისაც ჩამოუგორდა კურცხალი. იარაღს ერთ ადგილზე ვერ აჩერებდა,ერთიანად ცახცახებდა. მთელი წუთი ერთმანეთს სასოწარკვეთილნი შესცქეროდნენ.
-არ შემიძლია! - თქვა გეგიმ და დამბაჩა დაუშვა.
-იცი როგორც უნდა მოხდეს, ეს შენ უნდა გააკეთო. მომკალი გეგი, სიცოცხლე მაინც აღარაფრად მიღირს.
-არა...არა...-გეგიმ თავი გააქნია.
  ცხენის ჭიხვინის ხმა გაისმა. იარაღ მომარჯვებული დადაშ გულბანი ბედაურიდან ჩამოხტა და დამბაჩა აღმართა. ჰაერი გასროლის ხმამ გაკვეთა. მიწა სისხლის შხეფებმა დანამეს. გაისმა გვამის დაცემის ყრუ ხმაც. დადაში გარდაცვლილი ვაჟის უსული სხეულს მიაჩერდა, მზერა გვერდით მდგარ აკანკალებულ გეგიზე გადაიტანა. მისკენ დაიძრა და ძლიერად მოეხვია.
-მაპატიე, გთხოვ მაპატიე. - მახვშს ხელები ქალდანმაც მოჰხვია, თვალები დახუჭა და მწარედ აქვითინდა.

გიორგი ჩაჩხიანი

No comments:

Post a Comment