ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე
ბანერზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ ჩვენს გვერდზე

Tuesday, August 25, 2020

მშვიდობით, ბათუმო!



  ბავშვობაში ხშირად მსაყვედურობდნენ იმის გამო, რომ ლიანდაგებზე მიყვარდა სიარული. თანაც როგორ, იქამდე, სანამ ამ ლიანდაგის ბოლოს არ ვიპოვიდი. მაინტერესებდა მისი თითოეული ფიცარი, თითოეული მონაკვეთი, თითქოს ყოველი მათგანი რაღაც ამბავს შეიცავდა და თავის უძრაობაში რაღაც ისტორიას მალავდა, ისტორიას, რომელსაც ისე ჩაუქროლებდნენ ამ ლიანდაგზე მიმავალი მატარებლები, თითქოს ისინი იქ სულაც არ ყოფილიყო, მაგრამ, ალბათ, სწორედ ესაა მატარებლის ხიბლიც, ფორმალურად, ერთი შეხედვით ცარიელი რკინის კონსტრუქცია, რომელიც შინაარსობრივად უაღრესადაა დატვირთული... დატვირთული ისტორიებით, ამბებით, თითოეულ სკამსა და მატარებლის თითოეულ მგზავრს ხომ თავისი ისტორია აქვს, მატარებელი კი მათი მესაიდუმლეა, ჩუმი, უგრძნობი, ცივი, რომელიც სადღაც შორს მიგაქროლებს ლიანდაგებზე, მიგაქროლებს და უკან ტოვებს ყველაფერს - წარსულს, მოგონებებს, სიყვარულს, ტკივილს, განშორებასა და, ზოგ შემთხვევაში, წლებსაც კი.

  უკვე წლებია, საქართველოს რკინიგზა ფუნქციონირებს, ჯერ კიდევ 1872 წელს დაიწყო ქალაქ ფოთიდან თბილისში მგზავრების გადაყვანა. მატარებლების ისტორიას 148 წელი შეუსრულდა. დრო გადის და დროის ცვლასთან ერთად იცვლება მატარებლები, მგზავრები, შეხედულებები, ისტორიები, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება, მატარებლის მგზავრებს ყოველთვის აქვთ ამბავი, ამბავი, რომელსაც არავის უყვებიან და ერთადერთი შესაძლებლობა, მოისმინო მათი ისტორია არის მაშინ, როცა მატარებელი ლიანდაგებზე მიქრის.

  ალბათ, სწორედ ამის გამოც ყოველთვის მიყვარდა მატარებლები. სამწუხაროდ, ბათუმში მიმავალმა მატარებლის ბილეთი ვერ ვიშოვე და თბილისში დასაბრუნებლად მაინც დავიჭირე თადარიგი. საპორტო ქალაქში ერთი კვირა დავყავი, შემდეგ დედაქალაქში უნდა დავბრუნებულიყავი. მატარებელი დილით გადიოდა, ბათუმი-თბილისის რეისზე კი მაინც უამრავ ხალხს მოეყარა თავი.

  ფანჯარასთან ჩემი ადგილი ვიპოვე და უჩუმრად დავიკავე. ხანშიშესული მამაკაცი მეჯდა გვერდით. ჭაღარა, თითქმის უკვე თეთრთმიანი, ცისფერი, უსიცოცხლო და ჩამქრალი თვალებით, თითქოს სევდანარევი ბინდი გადაჰკროდა მის თვალისჩინს. საბჭოთა ვინტაჟური ტანსაცმელი ეცვა, რომელიც სიძველისგან სულ მთლად გაუფერულებულიყო. თეთრი ულვაშებითა და ვიწროჩარჩოიანი სათვალით მეტად უცნაური და უჩვეულო გამომეტყველება ჰქონდა. მატარებელი როგორც კი დაიძრა, გულის ჯიბიდან პატარა წიგნაკი ამოიღო და წერა დაიწყო. შემატყო,მისკენ თვალი რომ გამეპარა.

-უკაცრავად, მწერალი ვარ და შევნიშნე თქვენც რომ წერთ ლექსს, - მოვუბოდიშე და ამ საინტერესო გარეგნობის ადამიანთან საუბრის შესაძლებლობით ენთუზიაზმით აღვივსე.

-რუსულად საუბრობთ? - მკითხა რუსულადვე.

-დიახ, - ვუპასუხე და მანამდე ქართულად ნათქვამი რუსულად გადავუთარგმნე. გაეღიმა.

-აჰ, მე მწერალი არ ვარ, უბრალოდ... უბრალოდ ახლა უნდა დამეწერა, ხომ გქონიათ განცდა, როცა რაღაცას ვერ იტევთ და მთელ ხმაზე გინდებათ ყვირილი? - მშვიდი, სევდიანი და აუღელვებელი ხმა ჰქონდა.

-დიახ, უბრალოდ ერთი პრობლემაა, ჩვენ მატარებელში ვართ, - გაეცინა და თავი დამიქნია. წიგნაკში თითი ჩადო, გვერდი დაიმახსოვრა, შემდეგ დახურა, მაღლა ასწია და დამანახა:

-სწორედ ამიტომაც ვწერ აქ, რამდენიც არ უნდა ვიყვირო, მაინც არავის შევაწუხებ, - იყო მის ამ პასუხსში რაღაც მართალიც და რაღაც სევდიანიც.

-უკაცრავად, შეიძლება გკითხოთ, საიდან ხართ?

-ესტონეთიდან, - მიპასუხა და სამშობლოს ხსენებაზე სახე გაებადრა.

-სასიამოვნოა, საქართველოში პირველად იმყოფებით?

-მეორედ, პირველად ძალიან დიდი ხნის წინათ ვიყავი აქ, ღმერთო, რამდენი წელი გავიდა.

-დარწმუნებული ვარ იმის შემდეგ ბევრი შეიცვლებოდა, განსაკუთრებით ბათუმში, - ვუთხარი და ინტერესით შევაცქერდი, მაინტერესებდა რას იტყოდა მაშინდელ, წლების წინანდელ ბათუმსა და საბჭოთა სოციალისტურ საქართველოზე.

-ბათუმი?! მატარებლიდან რომ ჩამოვედი, გამვლელებს ვეკითხებოდი, მართლა ბათუმში ვიყავი, თუ არა, ერთადერთი, რაც ვიცანი, ზღვა იყო, მაგრამ მაშინ ზღვაც სხვანაირი იყო. ახლა, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან უზარმაზარი შენობებია, ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მაშინ, მაგრამ ამ ქალაქში დაკარგვაც უფრო მეტად ადვილი გახდა, ვიდრე უწინ იყო, - ორივეს გაგვეღიმა.

-დასასვენებლად იყავით?

-არა, - თავი გააქნია, მაგრამ მის ამ პასუხშიც იგრძნობოდა უზომო სევდა, თავი ჩაქინდრა და თავის წიგნაკს დააცქერდა. მთელი გვერდი რუსული ასოებით შეევსო, მაგრამ ისე ეწერა, მარტივად მიხვდებოდი, რომ ლექსი იყო, - ცოლი დამეღუპა, - მისი ეს სიტყვები ქვის ლოდივით დააწვა გულს.

-ძალიან ვწუხვარ, - არცთუ ისე ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი ვკითხე, - ქართველი იყო?

-არა, არა, ესტონელი, საქართველოში არც არასდროს ყოფილა, რომ ენახა მოეწონებოდა, ბათუმი ძალიან მოეწონებოდა.

-დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა? - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.

-ერთი წელია, - დანანებით წარმოთქვა და წამიერად სიჩუმემ დაისადგურა. მიხვდა, რომ ერთი წლის წინ მისი მეუღლის გარდაცვალება ბათუმში მის ახლანდელ ვიზიტს ვერ დავუკავშირე, - აქ სიყვარულმა მომიყვანა.

-სიყვარულმა?

-ჰო, - დადუმდა და ბოლოს თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა, - სხვა ქალის სიყვარულმა, - როცა არაფერი გაქვს სათქმელი, ან უბრალოდ როცა არ იცი, რა უნდა უთხრა, გაჩუმება ყველაზე კარგი გამოსავალია, თუ საუბარი სურს, თავად მოგიყვება ამბავს, თუ არადა, ადამიანებისთვის ზედმეტი კითხვებით თავის მობეზრება ისედაც არ მჩვეოდა. საუბარი თავად დაიწყო, ჩუმად, წყნარი და გაბზარული ხმით. ხმით, რომელშიც უდიდესი ტკივილი, სევდა, სინანული, გარკვეულწილად სინდისის ქენჯნაც და ამავედროს მელანქოლიური, დამალული და მგზნებარე სიყვარული გამოსჭვიოდა.

-ვერა ერქვა, ბათუმში პირველად რომ ვიყავი, მაშინ გავიცანი. 1968 წელი იყო, 4 ოქტომბერი, იმ საღამოს რა დამავიწყებს. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენი ცხოვრება შავ ზღვას ჰგავდა, - თავისივე შედარებაზე გაეღიმა, მაგრამ უფრო იმ დროის გახსენებამ აუშალა მოგონებები და მისი ეს სევდიანი, ნოსტალგიური ღიმილიც სწორედ ამის დამსახურება იყო, - ხან წყნარი და მშვიდი იყო, ხან კი აღელვებული, ახალგაზრდობის წლები ჩქეფდა ჩვენში, სიყვარულის, თავგადასავლების, ემოციებისა და ბედნიერების წლები. რამდენიმე დღით ვიყავი ჩამოსული საქმეზე. პატარა ბიჭი მყავდა, მეორეს ველოდებოდი. ადრე დავოჯახდი, კარგი ცოლი შემხვდა. მთელი ოჯახი ბედნიერი იყო ჩვენი შეუღლებით, მშობლებსაც ასე სურდათ და ის მომხიბვლელი გოგონა, დედამისს დედაჩემთან რომ მოჰყავდა სტუმრად, მეც ძალიან მომწონდა. ასე მოხდა ყველაფერი - მეუღლე, ოჯახი, შვილები, სამსახური, ნაადრევად მომიწია დაღვინება. ახლა რომ ვუფიქრდები, არ არის კარგი ადრეული ქორწინება, თითქოს მერე ქვიშის საათი უფრო სწრაფად იწყებს ჩამოცლას, მაგრამ სინამდვილეში მთელი საიდუმლო ისაა, რომ ყველაფერს მოასწრებ, მერე უნდა იჯდე და ერთ ადამიანს უყურო მთელი ცხოვრება, არადა... არადა ისედაც მოგიწევს მისი ყურება, არაფერი უშავს ამას ერთი-ორი წლით გვიან თუ გააკეთებ. მაშინ არც სიყვარული ვიცოდი წესიერად, არც პასუხისმგებლობა. მეგონა, რომ ის იყო და მორჩა. როცა ჩემს მეუღლესთან ხელი მოვაწერე, თურმე ისიც კი არ მცოდნია რა ყოფილა სიყვარული, ამას მაშინ მივხვდი, როცა შვილი შემეძინა, მაგრამ ესეც სხვა სიყვარული იყო, ხომ გესმით. გყვარებიათ ვინმე? - მოულოდნელად მკითხა და მეც ვუპასუხე:

-ყველას სიყვარული სხვადასხვანაირია, - თავი დამიქნია.

-არის მაგაში ჭეშმარიტება, სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირია და სიყვარული ყველას მიმართ სხვადასხვაგვარია.

-თქვენთვის რა იყო სიყვარული? - ჩაფიქრდა, შემდეგ ისევე სევდიანად გაიღიმა და აუღელვებლად მითხრა:

-1968 წლის 4 ოქტომბერი.

-საღამო, რომელიც მიხსენეთ, - მის ამ პასუხზე მეც გამეღიმა.

-დიახ, საღამო, რომელსაც 52 წელია ვერ ვივიწყებ და ალბათ, ვერც ვერასოდეს დავივიწყებ.

-თუ საიდუმლო არ არის, შეიძლება გკითხოთ, რა მოხდა? - ცოტა ხანს ფიქრობდა საიდან დაეწყო, შემდეგ კი მომიყვა თავისი ისტორია. ამბავი, რომელსაც, ალბათ, მეც ვერასდროს ვერ დავივიწყებ.

-ბათუმში ერთ შორეულ მეგობართან ვრჩებოდი, ვერა სტუმრად იყო მოსული, გასაოცრად უკრავდა და კიდევ უფრო შესანიშნავად მღეროდა. როცა დავინახე, მისით მაშინვე მოვიხიბლე, თბილი, საოცარი გოგონა იყო, ისეთი, სულ რომ იღიმოდა, თვალებს დახრიდა და სახეზე არნახულად უმშვენიერესი ღიმილი გადაეფინებოდა ხოლმე. ხშირად გვსტუმრობდა, რამდენჯერმე სახლამდეც მივაცილე, დიდი ბედნიერება იყო მასთან ერთად ბათუმის ძველი ქუჩების გავლა, სანაპიროზე სეირნობა და მასთან საუბარი, ორივე ვმორცხვობდით და ჩვენს სიმორცხვეზე თავადავე გვეცინებოდა ხოლმე, ასე, უაზროდ, ფეხშიშველები მივაბიჯებდით სანაპიროზე, უხერხული დუმილი ჩამოწვებოდა და უბრალოდ ორივეს გაგვეცინებოდა, რატომ? ახლაც არ ვიცი და ალბათ, ეს არც ვერამ იცოდა. უბრალოდ ვიცოდით ის, რომ ერთმანეთის გვერდით ყოფნა გვაცინებდა, გვართობდა, გვახალისებდა, გვაბედნიერებდა. ვხვდებოდი, განგებ რომ მივყავდი გრძელი და გაუთავებელი ქუჩებით მაშინ, როცა მის სახლამდე უფრო მალეც შეგვეძლო მივსულიყავით. სულმოუთქმენლად მოველოდი ყოველი დღის გათენებასა და ვერას ყოველ ნახვას, ზუსტად ისე, პატარა ბავშვი რომ ელოდება იმ ბიძიას, მუდამ მის საყვარელ კანფეტებს რომ ჩუქნის ხოლმე. დავინახავდი თუ არა, მუდამ კარგ ხასიათზე ვდგებოდი, მიხაროდა ვერას ნახვა და მასთან ერთად ცხოვრებაც მიხაროდა. ვერას პოეზია უყვარდა, მე ახლაც ძალიან მიყვარს. გზაში ესტონელი პოეტების ლექსებსა და შექსპირის სონეტებს ვუკითხავდი, ვერას ძალიან მოსწონდა და განაბული მისმენდა ხოლმე, მეორე დღეს თვითონ წამიკითხა თავისი საყვარელი ლექსები, ქართულად, სიტყვები ვერ გავიგე, მაგრამ მათ ვერა ისე გასაოცრად წარმოთქვამდა, რომ მთელი სული ამიფორიაქა, პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაცას ვერ ვიტევდი ჩემში და ყვირილი მინდოდა, რისი? არ ვიცოდი, უბრალოდ ვგრძნობდი, რომ უნდა მეყვირა და ეს არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ყვირილი, უნდა მეყვირა ხმამაღლა, ძალიან, ძალიან ხმამაღლა... როცა ყველაზე ბედნიერი ხარ, ყველაზე სწრაფად მაშინ გადის დრო. ჩემი ესტონეთში დაბრუნების დღე ახლოვდებოდა. როდის მივხვდი, რომ მიყვარდა? მაშინ არა, როცა მის გვერდით სანაპიროზე ფეხშიშველი მივაბიჯებდი და შექსპირის სონეტებს ვუკითხავდი, არც მაშინ, როცა მასთან ერთად სრულიად არაფერზე უაზროდ ვიცინოდი ხოლმე, არც მაშინ, როცა მას სულმოუთქმენლად მოველოდი და მის მოსვლამდე სარკეში თმას წამდაუწუმ ვისწორებდი... როცა კალენდარს დავხედე და გავაცნობიერე, რომ ორ დღეში უნდა წავსულიყავი, როცა ჩემი ბედნიერება განშორების ტკივილმა მოიცვა და როცა ბედნიერების აღარცერთი წვეთი აღარ დარჩა ჩემში, როცა ამაზე დავიწყე ფიქრი და როცა წარმოვიდგინე მასთან დამშვიდობება, სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ მიყვარდა, მიყვარდა ძლიერ, სიგიჟემდე, თავდავიწყებით! მიყვარდა, რადგან მასთან ერთად მინდოდა დროის გაჩერება და სამუდამოდ აქ, ბათუმში დარჩენა. ვიცოდი, რომ არასდროს მომბეზრდებოდა მასთან ერთად სანაპიროზე სეირნობა და მისთვის სონეტების კითხვა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი არნახულად უმშვენიერესი ღიმილი დამენახა და მცოდნოდა, რომ ეს ღიმილი მე გამოვიწვიე, რომ მის მოციმციმე თვალებში ჩამეხედა და გამეაზრებინა, რომ ეს თვალები ჩემთვის ციმციმებდნენ. როდის ხვდები, რომ გიყვარს? როცა ვარდივით გაფურჩქნული სიყვარული, რომელიც თავისი მშვენიერებითა და არნახული სურნელებით გატყვევებს, ღეროზე არსებულ ეკლებს გამოაჩენს, რომელიც ამ სურნელით გაბრუებულსა და დამთვრალს ნელ-ნელა გისერს გულს, როცა უაზროდ და უმიზეზოდ ღელავ, ბრაზდები, ეჭვიანობ და მთელ სხეულს განუზომლად დიდი სევდა მოგიცავს, რომელიც სწორედ იმ ეკლებისგან დასერილ ჭრილობებში თავისუფლად იძურწება და მთლიან სხეულში ისე იბუდებს, რომ ღრმად იდგამს ფესვებს, სულშიც გიძვრება, გიძვრება უტიფრად, დაუკითხავად და იქაც არ გასვენებს, არასდროს არ გასვენებს, შენში ბუდობს და უნდა მთლიანად გადაგყლაპოს, ბედნიერების ყოველგვარი მარცვალი ჩაკლას და ყოველი სხივი შთანთქას შენში. როცა ბედნიერი აღარ ხარ, სწორედ მაშინ ხვდები, რომ გიყვარს... და როცა განშორება ახლოვდება, ცდილობ, რომ ნაკლები დაგრჩეს დასამშვიდობებლად. ბოლოს აღარ მინდოდა ვერას ნახვა, მასთან საუბარი, ბათუმის სანაპიროზე სეირნობა და მისი უმშვენიერესი სიცილის მოსმენა, ბათუმიდან წამოსვლიდან ორი დღით ადრე მოვიმიზეზე რომ შეუძლოდ ვგრძნობდი თავს და ვერა არ მინახავს, იცი, ახლა ვნანობ, ვნანობ, რადგან ყოველი წუთი უნდა გამოიყენო და არცერთი წამით არ უნდა თქვა უარი საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრაზე, რადგან შეიძლება მეორე წამს ეს ვეღარც მოახერხო, ყოველთვის უნდა ჩაიხუტო ისე, თითქოს ბოლოჯერ ეხუტებოდე და ბოლოჯერ იკრავდე გულში, ყოველთვის უნდა აკოცო ისე, თითქოს ეს იყოს თქვენი ბოლო კოცნა, რადგან შეიძლება ერთ დღესაც სწორედ ის აღმოჩნდეს უკანასკნელი ამბორი. არ ვიცოდი, როგორ მეთქვა, არ ვიცოდი, როგორ დავმშვიდობებოდი და აღარ მინდოდა იმაზე მეტი მოგონებები შემექმნა მასთან, ვიდრე უკვე ისედაც მქონდა, რადგან შემდეგ ყველაფერი, ყველაფერი გაცილებით უარესად იქნებოდა და მისი მთელი მონატრება ერთიანად, მთელი სიმძიმით დამატყდებოდა თავს.

-მერე რა მოხდა?

-მერე... - გაჩუმდა, თითქოს ესტონელი თავის ფიქრებში ჩაკარგულიყო, - ბოლო დღეს ვერა მოვიდა ჩემთან, ცხელი წვნიანი მომიტანა, გავიგე, შეუძლოდ იყავი და გიშველისო. რა უნდა მეთქვა, იმ საღამოს ბოლოჯერ მივაცილე სახლთან, ჩუმად მივუყვებოდით სანაპიროს, ამჯერად ფეხსაცმელი არც გამიხდია, არც მე და არც მას, დუმილი ჩამოწოლილიყო, მაგრამ აღარ ვიცინოდით, აღარც ლექსების კითხვის ხმა ისმოდა, თითქოს უთქმელად იყო ყველაფერი ნათელი, სწორ ადამიანს თქმა არც სჭირდება, ის ისედაც თავისით ხვდება ყველაფერს.

-მიდიხარ? - მკითხა ვერამ. ღმერთო, როგორ არ მინდოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა, ოღონდაც მისთვის არ მეპასუხა.

-ჰო, - ამოვიჩურჩულე ბოლოს. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და თვალს ვერ ვუსწორებდი. ხელი სახესთან მიიტანა და სახელოთი თვალსმომდგარი ცრემლები შეიშრო. იმის მერე, ასე ძლიერ არასდროს მიგრძვნია გულისძგერა. მთელი სხეულით ვიწვოდი, მკლავები შემოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე, ვიგრძენი, როგორ მჭიდროდ მომეკრო სხეულზე და ხელებს ისე მიჭერდა, თითქოს ჩახუტება არ ყოფნისო, არც მე მყოფნიდა. ვიდექით ბათუმის სანაპიროზე, ერთმანეთზე ჩახუტებულები ჩუმად და ერთადერთი, რაც გვესმოდა ეს მხოლოდ ერთმანეთის აძგერებული გულების ხმა იყო, მეტი არაფერი, არც წყლის ხმა, არც ხალხის, არც მანქანების, არათუ მესმოდა, ვგრძნობდი კიდეც, როგორ რითმულად სცემდა ვერას გული. ვიცოდი ტიროდა და მეც ძალიან მინდოდა ცრემლებად დავღვრილიყავი.

-მიყვარხარ, - ყურთან ვერას ათრთოლებული ხმა ჩამესმა. უფრო ძლიერ ჩავიკარი გულში და მეც ძლივსძლივობით შევძელი მეთქვა:

-მეც მიყვარხარ, ვერა, მიყვარხარ და მთელი ცხოვრება მეყვარები.

-მასთან რატომ არ დარჩით? - ვკითხე ესტონელს.

-ესტონეთში ოჯახი მყავდა, ჩემი ცოლი ფეხმძიმედ იყო, ვერ მივატოვებდი. ვერც მას და ვერც შვილებს, ბავშვებს უმამობისთვის ვერ გავწირავდი, მათ ამას ვერ გავუკეთებდი.

-და ვერამ რა გითხრათ?

-არაფერი, იცოდა, რომ ოჯახი მყავდა, განა გვინდოდა ერთმანეთის შეყვარება, არა, არც გვიცდია, უბრალოდ ასე გამოვიდა. დარჩენა არც უთხოვია. ეს რომ ვუთხარი და სიყვარულში გამოვუტყდი, მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე. მისი მზერა არასდროს დამავიწყდება, მაშინ, მაშინ გავიგე რა იყო სიყვარული, არათუ ვიგრძენი, არამედ დავინახე კიდეც, მის თვალებში ჩემი და მისი ანარეკლი, იმ ქანდაკებას რომ ჰგავდა ახლანდელ ბათუმში, ბულვარში, რომ დგას, ალი და ნინო. შუბლზე ვაკოცე, ნაზად, თითქოს უძვირფასეს მარგალიტს ვეხებოდი, მაგრამ ვერა ჩემთვის სწორედ რომ ასეთი იყო, მეტიც, ამაზე ძვირფასიც კი. არ ვიცოდით რაზე გვესაუბრა, ახლა რაიმის თქმაც კი ზედმეტი იყო. ვიდექით ასე ერთმანეთზე ჩახუტებულები და ერთმანეთის მზერაში ჩაკარგულები. საღამო იყო და მალე ღამდებოდა, სახლში დროულად უნდა მიმეცილებინა. მთელი გზა თითქმის უხმოდ გავიარეთ, როცა მის სახლს მივუახლოვდით, სიბნელეში, მანქანის ჩრდილების ქვეშ, ვერამ კიდევ ერთხელ შემომაჭდო ხელები და ჩამეხუტა ისე, როგორც ბოლოჯერ უნდა ჩაეხუტო ადამიანს, შემდეგ კი... შემდეგ ბაგეებზე მისი მხურვალე ტუჩების შეხება ვიგრძენი. ვაკოცე ისე, როგორც ბოლოჯერ უნდა აკოცო საყვარელ ადამიანს. ასეთი რამ არც მანამ და არც შემდეგ არასდროს მიგრძვნია, მთელი სხეული ჟრუანტელმა მომიცვა, მინდოდა... მინდოდა მეყვირა ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა და ამჯერად ვიცოდი რაც - მიყვარხარ! ვიდექით ჩრდილქვეშ, სიბნელეში, რომ ვინმეს არ დავენახეთ, აცრემლებულნი და ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულები, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ყოფილა ჩვენთვის ბედნიერებისა და აღმაფრენის მომტანი, ამ სიყვარულმა ტკივილი უფრო მეტი მომიტანა, ვიდრე სიხარული, დაღი უფრო დიდი დამასვა, ვიდრე მომირჩინა. დღე არ გასულა, ვერაზე არ მეფიქრა, ზღვის ყოველი დანახვისას, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად ვიქნებოდი, არც იმას, რომელი ზღვა იქნებოდა, ჩვენი სანაპიროზე ფეხშიშველი სეირნობა და მისი კოცნა მახსენდებოდა იმ ღამეს.

-ასე თუ გიყვარდათ,მასთან რატომ არ დაბრუნდით, შემდეგ, წლების შემდეგ მაინც?

-იმავე მიზეზით, რატომაც თავიდანვე არ დავრჩი.

-თქვენ ხომ, თქვენი მეუღლე არ გყვარებიათ.

-რას ამბობთ, მიყვარდა, თანაც როგორ, ბოლო წუთამდე ერთგულად ვიყავი მის გვერდით და ყოველთვის ვცდილობდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მუდამ ბედნიერი ყოფილიყო, ხომ გითხარით ყველას სიყვარული სხვადასხვანაირია და სიყვარული ყველას მიმართ სხვადასხვაგვარია, ის, რაც ვერასთან ვიგრძენი, მასთან არასდროს მიგრძვნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი მეუღლე არ მიყვარდა, პირიქით, ის ვერ მივატოვე და მის გამო ვერაზე ვთქვი უარი.

-და ახლა, როცა ერთი წელი გავიდა თქვენი მეუღლის გარდაცვალებიდან, ახლა ჩამოაკითხეთ ვერას, - თავი დამიქნია და სევდიანად გაიღიმა, - იპოვეთ?

-ბათუმი დიდი ქალაქია, თავიდან არც მეგონა, რომ შევძლებდი. მისი მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდი, მას შემდეგ კი 52 წელი გავიდა. ისიც კი არ ვიცოდი, ცოცხალი თუ იყო, მაგრამ - გაჩუმდა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ მითხრა: - ვიპოვე, თუ გიყვარს, დამიჯერე, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს სამყაროს დასალიერშიც კი იპოვი, რთულია, მაგრამ აუცილებლად იპოვი, სიყვარულს დამალვა არ სჩვევია.

-მერე რა მოხდა?

-მისამართი გავიგე და მასთან მივედი. სხვაგან გადასულა. არ ვიცოდი რას ვეტყოდი, რა უნდა მეთქვა, როგორ მოვიქცეოდი, უბრალოდ ვიცოდი, რომ მისი ნახვა მინდოდა, მისი ნახვა და იმაში დარწმუნება, რომ კარგად იყო და ბედნიერი იყო, უჩემოდ, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. გამიჭირდა კარზე ზარის დარეკვა, მთელი სხეულით ვცახცახებდი, მეგონა, წამიც და საგულედან გულიც ამომივარდება-მეთქი,  მაგრამ ვიპოვე ძალა, ვიპოვე გამბედაობა და ეს მაინც გავაკეთე, ზარი დავრეკე. ზარის დარეკვის შემდეგ არცთუ ისე ახალგაზრდა კაცმა გამიღო კარი.

-გამარჯობა, ვერა აქ ცხოვრობს? - რუსულად ვკითხე. „დიახ“,-ო, მომიგო და ქართულად დაუძახა. გავიგე. ვერამ რამდენიმე სიტყვა მასწავლა ქართულად, მათ შორის - სიტყვა „დედა“. ქართულად გაისმა შეძახილები. ვიცანი, მისი ხმა შორიდანვე ვიცანი, ცოტათი შეცვლილი, ცოტათი დაბერებული, მაგრამ ის იყო, ჩემი ვერა, ჩემი მთელი ცხოვრების დაუვიწყარი სიყვარული.

-რა გითხრათ? - ესტონელი დუმდა, თავი ისევ ჩაექინდრა და თავის წიგნაკს ჩაჰყურებდა, თუმცა სადღაც შორს, ლექსებით გავსებულ ფურცლებს მიღმა იხედებოდა. შევატყვე, რომ  უჭირდა პასუხის გაცემა, თითქოს გულზე ლოდი დასწოლოდა და ბოლოს ძლივსძლივობით წარმოთქვა:

-ვერ მიცნო, - ამ სიტყვების წარმოთქმისას ხმა აუკანკალდა, თითქოს მთლიანი სხეული ცახცახმა აუტანა, თვალებში უზარმაზარი სევდა აემღვრა და დავინახე, როგორ გაიბრწყინა ცრემლებმა მის წამწამებზე. ცხვირსახოცი გავუწოდე. მადლობა გადამიხადა და ხელის კანკალით გამომართვა, - ის პერანგი ჩავიცვი, მაშინ რომ მეცვა, ვინახავდი, ვინახავდი და იმ დღის შემდეგ არასდროს ჩამიცვამს, შარვალიც კი იგივე მეცვა, ულვაშებიც საგანგებოდ ისე გავიკეთე, როგორც მაშინ მქონდა, მეგონა... მეგონა, რომ მიცნობდა და როგორც ძველად, უთქმელად გავიცინებდით ერთმანეთის შემყურენი, მაგრამ... ვერ მიცნო, მე მაშინვე ვიცანი, მან კი, მან საერთოდ ვერ მიცნო.

-არ უთხარით თქვენი ვინაობა? - თავი გადააქნია.

-არა, არ მითქვამს, ვერა რომ გამოვიდა, უკან კაცი გამოჰყვა, ასაკოვანი, მისი ქმარი იყო. ოთახში ბავშვების ჟრიამულის ხმა ისმოდა, შვილიშვილები ჰყავს, ბედნიერი იყო, მოვლილი, ლამაზი, იცით, ერთი ნაოჭიც არ შემიმჩნევია მის სახეზე, ბედნიერი იყო და მეც ეს მინდოდა, რას ვეტყოდი მისი ქმრის წინ, მე ის ვარ, ვისაც სიგიჟემდე უყვარდი და მაინც მიგატოვა-მეთქი?! უდარდელი ცხოვრება ჰქონდა და რატომ უნდა დამემძიმებინა წარსულის იარების გახსენებით, მასაც ჩემსავით გაუჭირდებოდა, ვიცი, მაგრამ... როგორც ჩანს, დროსთან ერთად დავავიწყდი, ან თავად დამივიწყა და ვერც გავამტყუვნებ. მეც ბედნიერი ვარ, ბედნიერი, რადგან დავრწმუნდი, რომ კარგადაა. ბილეთი ვიყიდე და აი, აქ ვარ. ვცდილობ ვიყვირო, - წიგნაკი ასწია და თავისი დაწერილი ლექსი დამანახა.

-წამაკითხებთ? - თავი დამიქნია და წიგნაკი მომაწოდა. რუსულად ეწერა, პატარა ლექსი იყო.  წავიკითხე და ჩემი აზრიც მაშინვე ვუთხარი:

-ძალიან კარგი ლექსია, ვერას ძალიან გაუმართლა. ნებას თუ მომცემთ, ქართულად ვთარგმნი და გაზეთში გამოვაქვეყნებ, ასე ის და თქვენი მისდამი სიყვარული მარადიულად უკვდავი დარჩება.

-არ ვიცი...

-დაფიქრდით,  ეს ხომ ყველაზე, ყველაზე ხმამაღალი ყვირილი იქნება, რომელსაც ქვეყნის ყველა კუთხეში გაიგებენ და ვინ იცის, შეიძლება, რომ ვერამაც კი გაიგონოს, - ესტონელი დაფიქრდა და თავი დამიქნია.

-დაე, ყველამ გაიგონოს ჩემი ყვირილი, - წიგნაკიდან ფურცელი ამოხია და თავისი ლექსი გამომიწოდა, ორად გადავკეცე და ჯიბეში შევინახე. შემდეგ ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ ცხოვრებაზე, შვილებზე, შვილიშვილებზე, სიკვდილზე და იმ ამბებზე, მატარებლებს რომ დააქვთ თან.

  მატარებელი თბილისში ნაშუადღევს ჩავიდა და თავისი ისტორიებიც ფურცელზე გადასატანად ჩამოიტანა. ამიტომაც მიყვარს მატარებლები, იქ ხომ უამრავ ხალხს შეხვდები თავიანთი ისტორიებით. ჩემ გვერდით მჯდომ კაცს გავხედე, უცნაური ულვაში და ვიწროჩარჩოიანი სათვალე ჰქონდა, მთელი გზა რაღაცას წერდა თავის მოცინცქნულ წიგნაკში, მგზავრობისას ხმა საერთოდ არ ამოუღია, შიგადაშიგ თავისი ნააზრევის მოწონების ნიშნად თავს თუ დააქნევდა ხოლმე, ან უხერხულად ჩუმად თუ ჩაახველებდა. გარეგნობაზე ეტყობოდა, ქართველი არ უნდა ყოფილიყო, ნეტავ რა უნდოდა ბათუმში, ან რა იყო მისი ამბავი, რომელიც ამ მატარებელს მიჰქონდა, ვინ იცის...

ჩემი ბარგი ავიღე და მატარებლიდან უხმოდ ჩამოვედი.

 

 

                                                                                                                       გიორგი ჩაჩხიანი


გამოგვყევით სოციალურ ქსელშიც: ავტორი - გიორგი ჩაჩხიანი https://www.facebook.com/AuthorGiorgiChachkhiani/




 

 


Thursday, March 26, 2020

ისევ აღარაფერი იქნება


  ამბობენ, პირველი სიყვარული უეცრად მოვარდნილ მეწყერს ჰგავსო, რომ რასაც არ უნდა მოეჭიდო, როგორ ძლიერადაც არ უნდა ჩაებღაუჯო, ვერაფერი გიშველის და ეს უეცრად მოვარდნილი მეწყერი ისე მსუბუქად მოგწყვეტს, თითქოს კაცი კი არა, ბუმბული იყო, მოგწყვეტს და სადღაც წაგიღებს, ან ია-ვარდით მოფენილ მდელოზე აღმოჩნდები უბრალო ქვიშით გამტვერილი, ან თავად ამ უზარმაზარი მიწისა და ლოდების ქვეშ გართხმული ტალახსა და ლაფში ამოგვანგლული, მაგრამ ამ მეწყრის შემდეგ, ამ მეწყრის შემდეგ ძველებურად აღარაფერი იქნება, შენ შეიცვლები, ან თავად მთელი სამყარო შეიცვლება შენ გარშემო. სიყვარული, ალბათ, მართლაც ჰგავს უეცრად მოვარდნილ მეწყერს.
  ხშირად საკუთარი პრობლემებით დატვირთული და საკუთარ საზრუნავზე მოფიქრალნი ისე დავდივართ ქუჩაში და ისე ჩავუვლით გვერდს სხვა გამვლელებს, მათ ვერც კი ვამჩნევთ, თითქოს არც არსებობენ, უბრალო ადამიანები უმნიშვნელო პრობლემებითა და უმნიშვნელო ამბებით. ნიკოს უყვარდა თბილისის ქუჩებში სეირნობა, თავად თავისი ქალაქი უყვარდა ძალიან. ზოგჯერ, როცა თავის ფიქრებში გართული ქუჩაში რიგით გამვლელებს შეამჩნევდა, საკუთარ თავს ხშირად ეკითხებოდა ხოლმე, რატომ შენ? ასი ათასობით გოგო ცხოვრობს ამ ქალაქში, მხიარული, ჭკვიანი, ლამაზი გოგო და მაინც, უცაბედად ყოველივე როგორი უმნიშვნელო და შეუმჩნეველი გამხდარა, თავად მასზე ფიქრიც კი გულს რომ უჩქროლებდა. ცდილობდა არ ეფიქრა, მართლა ცდილობდა და საღამოობით ქალაქის ქუჩებში სეირნობა ამაში ეხმარებოდა. ეხმარებოდა კი?! მეწყერი უკვე დაძრულიყო და მისი შეკავება ვეღარანაირ ჯებირს ვეღარ შეეძლო. ნაბიჯს აუჩქარა და ბოლოს სირბილზე გადავიდა, ვერც დროის გასვლას ამჩნევდა, ვერც იმ ათობით ქუჩის აბრას, რომელიც უკვე უკან მოეტოვებინა. მთელი სისწრაფით მირბოდა, სხეული უხურდა, შუბლიდან ოფლი წვეთწვეთობით სდიოდა, მაგრამ ვეღარაფერს ამჩნევდა, ყურებში მუსიკა ჩაესმოდა და ერთადერთი, რაც ამ მუსიკის მიღმა ესმოდა, თავისივე გაშმაგებული გულის რითმული ძგერა იყო, რომელიც ხმამაღალ ბაგ-ბუგს გაუდიოდა.
  ჯიბეში ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო. ნაბიჯს შეუნელა და გაჩერდა. მობილური ამოიღო და ეკრანს დახედა, დედა ურეკავდა. სული მოითქვა და უპასუხა.
-გისმენ, დედა, - მიუგო აქოშინებულმა.
-ნიკო, რატომ გაქვს ასეთი ხმა, სად ხარ?
-ახლოს ვარ სახლთან, ცოტა გავისეირნე, მალე მოვალ.
-ათი საათია უკვე, საკმაოდ ბნელა, არ მანერვიულო, მალე მოდი სახლში.
-თხუთმეტ წუთში ვიქნები.
-კარგი, გელოდები, ნიკო...
-გისმენ, დედა.
-მიყვარხარ, დედი, - გაეღიმა და თავადაც უპასუხა:
-მეც მიყვარხარ, დედა, მალე მოვალ, - ტელეფონი გათიშა და ნელი ტემპით განაგრძო სირბილი. შინ ოციოდე წუთის შემდეგ მივიდა. გაოფლილი შვილის დანახვაზე დედამ მაშინვე ახალი პერანგი გამოუტანა.
-არ შეიშრო, წყალი გადაივლე და გამოიცვალე, მეშინია, არ გამიცივდე, - სააბაზანოში შევიდა და ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ დადგა. ვერც დაღლას გრძნობდა, მთელი დღის უჭმელი იყო, მაგრამ მაინც არ შიოდა, ერთადერთი ძილი უნდოდა, ძილის დროს აღარ ფიქრობდა და ამის გამო ნიკოს ძილიც უყვარდა. შხაპის გადავლების შემდეგ, მოიტყუა, გარეთ ვჭამეო და დაღლილობის მომიზეზებით დასაწოლად წავიდა.
  პირველი ლექცია დილის 9 საათზე ჰქონდა. ნიკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა. მეწყერმაც სწორედ ამ კედლებში იწყო ჩამოწოლა, მაგრამ ნიკოს მოსწონდა სტუდენტობა, ასწლოვანი უნივერსიტეტის დერეფნებში მეგობრებთან ერთად სეირნობა და ბიბლიოთეკაში სემინარებისთვის მზადება. ფაკულტეტზე ბევრი კარგი მეგობარი შეიძინა, მაგრამ მისთვის უძვირფასესი მაინც დათო მჭედლიშვილი იყო, დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებდნენ, პრეზენტაციებსაც ერთად აკეთებდნენ, სემინარებსაც ერთნაირად იღებდნენ და თავისუფალ დროს გასართობადაც ერთად დადიოდნენ ხოლმე. უკვე ერთი წელი გასულიყო, რაც ასე დაახლოებულიყვნენ და ორივენი ერთმანეთის პოვნას ცხოვრებისეულ საჩუქრად მიიჩნევდა, უნივერსიტეტში შეძენილი მეგობრები ხომ მართლაც უძვირფასესი და გამორჩეულია, ვინაიდან სტუდენტობაა სწორედ ის პერიოდი, როდესაც ადამიანი ცხოვრებისეულ გზაზე იწყებს შედგომას, დაკაცებას, პასუხისმგებლობების გაზიარებას, ცხოვრების აღმასვლებისა და დაღმასვლების დაკვირვებას,ბევრად მარტივია როცა ამ გზაზე მარტო არ დგამ პირველ ნაბიჯებს, როცა გყავს ვიღაც, ვისაც შენნაირად ესმის ცხოვრების ავან-ჩავანი, ვინც შენნაირად განიცდის და მთელი ამ ფილოსოფიის შესწავლის პროცესშია შენსავით, ერთად გიწევთ მთელ ამ ტვირთთან შეჭიდება, მერე რა, რომ ზოგის ტვირთი გაცილებით მძიმეა, ზოგის აბგა ქვის ლოდებითაა დატვირთული, ზოგისა კი უბრალოდ ფერადი ქაღალდებით, კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც მოგისმენს, ხელს გამოგიწვდის, გვერდში დაგიდგება, რჩევას მოგცემს, დაგეხმარება და თუ საჭიროა, გულშიც კი ჩაგიკრავს სანუგეშებლად და შენც ანალოგიურად, შენც ბოლომდე იქნები მისი ერთგული, ეს არის მეგობრობა, ასეთია უნივერსიტეტში შეძენილი მეგობარი, ასეთი იყო ნიკოსა და დათოს მეგობრობა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და შეუცვლელი რამ მათ ცხოვრებაში.
 ერთმანეთს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში შეხვდნენ და აუდიტორიისკენ დაიძრნენ.
-რამდენი იყო, ისწავლე? - ჰკითხა დათომ.
-რავი, წავიკითხე რა, გადავხედავ კიდევ და ეგაა... ნეტავ, დღეს თუ მოვა.
-ვინ?
-ანა, - ჩაფიქრიანებულმა მიუგო მეგობარს.
-ლექციებს არ აცდენს, ხომ იცი, წესით მოვა.
-ჰო, თორემ მაგის გამო დავდივარ, აბა ისე რა მინდა ლექციებზე, სემინარებზეც მშვენივრად ვსწავლობ, მაგრამ რომ ვხედავ, არ ვიცი, ძმაო, თან მეშინია მისი შეხედვის, თანაც მის ღიმილს რომ ვხედავ, არ ვიცი, ბედნიერი ვარ, განა გაგიგია, ბიჭო, ერთ გამოხედვას შეეძლოს მთელი შენი ბედნიერების გამოწვევა.
-წარმომიდგენია, - ჩაფიქრებულმა უთხრა დავითმა, - კარგი გოგოა.
-ჰო, ვიცი და ეგაა ყველაზე ცუდი, კარგი რომ არ იყოს, ასე არ შემიყვარდებოდა, - ანას სიკარგეთი ამართლებდა ნიკო მისდამი ასეთ განუსაზღვრელ სიყვარულს, მავანი ჩაიცინებდა, ჯერ ბავშვია და არ იცის, გულს რომ ვერ უბრძანებო, მაგრამ ანა მართლაც კარგი გოგო იყო, ფრიადოსანი, მხიარული, გონიერი, მუდამ იღიმოდა და თითქმის ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი, თუ რაღაც არ იცოდა, იმდენს და ისე დამაჯერებლად ილაპარაკებდა, მაინც დაგაჯერებდა თავის უმართლობას. კურსელები იყვნენ, რამდენიმე თანაკურსელის თანხლებით რამდენჯერმე ერთადაც გაუტარებიათ დრო, მაგრამ ნიკო ანას გვერდით თითქოს სრულებით სხვა ადამიანი ხდებოდა, სერიოზულდებოდა, მუნჯდებოდა, რამდენჯერმე ცადა ანაზე შთაბეჭდილების მოხდენა და ისე უნიჭოდ გამოუვიდა ეს ყველაფერი, მერე იმისაც ეშინოდა, რამე არ გავაფუჭოო და აღარაფერს ამბობდა ხოლმე, თითქოს მისი ერიდებოდა, უფრთხოდა, ერთგვარი კრძალვით განმსჭვალულიყო ანას მიმართ და ამას ვერაფერს შველოდა, მართლა უყვარდა და იმიტომ. ნიკოს გაუთქმელ სიყვარულს თითქმის ყველა ხვდებოდა, მაგრამ ანა ვერა, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ თანაკურსელს ასე ყურებამდე შეყვარებოდა. პირიქით, ნიკოს ქცევებიდან გამომდინარე, ერთხანს ფიქრობდა, რატომღაც ამ ბიჭს გულზე დიდად არ ვეხატები, დიდხანს სალაპარაკოდაც არ მიჩერდება და საუბრისას წესიერად თვალებშიც არ მიყურებსო. უცნაური მეწყერი ჩამოწოლილიყო ნიკოს გულში, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებდა, განა თავად ხვდებოდა რაიმეს, განა თავად ხსნიდა საკუთარ ქცევებს, ვერა, უბრალოდ ანას გვერდით შიში და გაუბედაობა იპყრობდა. ეშინოდა, რამე არ დატყობოდა, მაგრამ ყველაზე მეტად სატრფოს უარს უფრთხოდა.
-უთხარი, ბიჭო, რას ელოდები, - ხშირად უთქვამს დათოს მეგობრისთვის, მაგრამ მაინც ვერ ბედავდა გრძნობებში გამოტყდომას.
  ლექციაზე შევიდნენ და აუდიტორიის შუაგულში დასხდნენ. ოთახს დიდი გულისყურით ათვალიერებდა, ანა ჯერ არ მოსულიყო. საათს დახედა, ცხრას ათი წუთი აკლდა. ადგილზე ცქმუტავდა და მუხლი უკანკალებდა, კარებს თვალს ვერ აცილებდა და აი, ორიოდე წუთში, ისიც გამოჩნდა. ჯინსის ქურთუკი ეცვა, თმა უკან კუდივით შეეკრა და მხარზე ვარდისფერი ჩანთა გადაეკიდა, შემოსვლისთანავე ლექტორს მიესალმა და წინა რიგში ადგილი დაიკავა. ნიკო უკნიდან უმზერდა მისი მოხდენილი მხრების მოყვანილობას და სახიდან დამალულ ღიმილს ვერ იშორებდა, მისთვის ის იყო ყველაზე ლამაზი გოგო მთელ პლანეტაზე. ანას დასმულ თითოეულ  შეკითხვას დიდი გულისყურით უსმენდა და უკლებლივ ყველა დეტალს იმახსოვრებდა, იმ საგნებს, რომლებზეც ანას ემთხვეოდა, განსაკუთრებული ყურადღებითა და დიდი მონდომებით სწავლობდა,მასალას რამდენჯერმეც კი კითხულობდა ხოლმე.
  ლექციის დასრულების შემდეგ კურსელები დერეფანში შეიკრიბნენ, ზოგს სემინარი ჰქონდა, ზოგს მომდევნო ლექცია, ზოგსაც ორსაათიანი შუალედი. ყველანი ერთ რამეზე ლაპარაკობდნენ, ჰუმანიტარული ფაკულტეტის წვეულებაზე.
-ფართიზე ჰო მოდიხართ? - ჰკითხეს ნიკოს და დათოს.
-ჰო აბა, - დაუფიქრებლად მიუგო დათომ, - რვაზეა ხომ?
-კი, შტაბში.
-ოქეი, ვიქნებით.
-ყველა მოდიხართ აქედან? - ახლა კითხვამ შეჯგუფული სტუდენტებისკენაც გაიჟღერა.
-კი, მე როგორც ვიცი, აქ ვინც ვართ, ყველა მოვდივართ, - უპასუხა ანამ და აი, ისევ დაიძრა მეწყერი ნიკოს გულში. ანა ვიღაც ბიჭს მიუბრუნდა სალაპარაკოდ, უღიმოდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა, მეწყერი უფრო გამყარდა, ლოდივით მძიმედ დააწვა ნიკოს გულს, რომლის ფეთქვაც უროს რახუნივით ჩაესმოდა ყურებში, რას ელაპარაკება, რატომ უღიმის, ვინ არის, ამგვარი კითხვები ბასრი დანასავით სერავდა მის გონებას, მუცელში რაღაც იგრძნო, მაგრამ ეს არც ჯადოსნური პეპლები იყო და არც სიამისმომგვრელი განცდა, მთელი შიგნეულობა აეწვა, თითქოს შიგნით სახრახნისს უტრიალებენო. ბრაზი და რისხვა დაეპატრონა მის გონებას, ვერ იტანდა, როცა ანა ვინმე ბიჭს ემუსაიფებოდა და თბილად უღიმოდა, თითქოს სისხლი ექცეოდა თავში და ათასგვარი ეჭვი უღრღნიდა გულს, არა, შეყვარებული არ ჰყავს, დანამდვილებით იცის, მაგრამ მაშინ რატომ უღიმის ასე, ნუთუ ეს ბიჭი მოწონს, ან იქნებ არაფერია და უბრალოდ მეგობარია, ის კი უბრალოდ ღიმილიანი გოგოა და სხვა არაფერი. გრძნობდა, რომ აღარ შეეძლო იქ ყოფნა.
-წავიდეთ? - უთხრა დათოს და ისინიც უხმოდ გაშორდნენ სტუდენტთა ჯგუფს. როცა ბავშვები უკან მოიტოვეს, ჰკითხა: - ვინ იყო ის ბიჭი, ანა რომ ელაპარაკებოდა, იცნობ?
-არა, წარმოდგენაც არ მაქვს.
-როგორ უღიმოდა, ეგ ნაბიჭვარი! - გაღიზიანება ხმაზეც დატყობოდა. მთელი დღე უხასიათოდ იყო, ვერც გაბრიჩიძის მოყოლილმა ანეკდოტებმა გაახალისა შესვენებაზე, ვერც ლექტორის ჩვეულმა ხუმრობებმა ანტიკურ ხანაზე, მთელი დღე ანაზე ფიქრობდა, ვინ იყო ის ბიჭი, რას ეჩურჩულებოდა, რატომ უღიმოდა ასე, ნეტავ სადაა ახლა, ერთად ხომ არ არიან, იქნებ, სადმე დაპატიჟა და პაემანი აქვთ, მეწყერი იძვროდა და მის ჩამოწოლას ბოლო არ უჩანდა. ათასი აზრი უტრიალებდა ნიკოს თავში, ათასი პატარა მატლი დასრიალებდა მის ახალგაზრდა გონებაში და თითოეულ ნამცეცს სათითაოდ ღრღნიდა. მთელი დღე უხალისოდ, დაღრეჯილი იჯდა სკამზე, პარასკევი იყო და შემდეგ ბიჭები აპირებდნენ ერთად გასვლას, დათოც მიდიოდა, ის კი არა, არ ჰქონდა არაფრის ხალისი და არ უნდოდა სხვებისთვისაც ჩაემწარებინა გართობა, მეგობრებს დაემშვიდობა და სახლში წამოვიდა. ისევ არ შიოდა და მთელი მადა დაკარგოდა, ხათრით ორიოდე ლუკმა ჩაიდო პირში და ოთახში განმარტოვდა, მუსიკა ჩართო და ლოგინზე მიეგდო. თვალები დახუჭა, მაგრამ ვერ მშვიდდებოდა, რაღაც დუღდა მასში და ეს რაღაც სიყვარული იყო, დაუმორჩილებელი, უკონტროლო სიყვარული.
   არაოფიციალურ წვეულებებს სტუდენტები პერიოდულად აწყობდნენ ხოლმე, როგორც ყოველთვის ისინი ბევრი გართობით, ბევრი სასმლითა და ბევრი ცეკვით ხასიათდებოდა, რამდენჯერმე სასწრაფოც კი ხდებოდა გამოსაძახებელი. ნიკოს მაინცდამაინც დიდად არ უნდა წასვლა, თუმცა ანაც იქნებოდა და თანაც ცოტა გართობაც არ აწყენდა, დალევას არ აპირებდა, სასმელი არც უყვარდა და არც ის უნდოდა, ანასთან შერცხვენილიყო.
   წვეულება შაბათ საღამოსთვის იყო დაგეგმილი. დიდად გამოწყობაზე მაინცდამაინც არც უფიქრია, ყველა უბრალოდ ჩაცმული მოვიდოდა. ჯინსის შარვალი და სპორტული პერანგი ჩაიცვა და ცოტა ადრე დათოს მიაკითხა, იქიდან ერთად აპირებდნენ წასვლას. რვისკენ ტაქსი გამოიძახეს:
-გახურებულზე მისვლა უფრო კარგი იქნება, ცოტას თუ დავიგვიანებთ ეგ არაფერი, - შეაგულიანა მეგობარმა.
-აპირებ დალევას?
-ცოტას დავლევ, დიდი ხანია, არ დამილევია. შენ?
-არა, მაქსიმუმ ერთი ლუდი.
-ოხრად იქნება, შერევა არ მინდა, არაყს დავლევ, მძიმეა და მომწონს.
-ისეც არ ქნა, მერე სახლში წამოსაღები რომ გამიხდე, - ორივეს გაეცინა და დათომაც დაამშვიდა:
-ნუ გეშინია, ეგრე დათრობასაც არ ვაპირებ.
  ცხრის წუთები იყო იქ რომ მივიდნენ, როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი ირეოდა და მუსიკის ხმაც ქუჩიდანვე ისმოდა. რამდენიმე ნაცნობს მიესალმნენ და შიგნით შევიდნენ. ერთხანს ერთად იდგნენ, შემდეგ კი დაიშალნენ და დათო დასალევად წავიდა. ნიკო თვალების ცეცებით დაეძებდა თავის სატრფოს, აი ისიც, რამდენიმე გოგოსთან ერთად ლამაზ ქვედაბოლოში გამოწყობილი, ჩვეულებისამებრ მომღიმარი. თითქოს დრო შეჩერებულიყო ახალგაზრდა ყმაწვილისთვის, თითქოს ყველა და ყველაფერი გაუფერულებულიყო და გაცრეცილიყო, მხოლოდ ანა ბრწყინავდა მშვენიერებისგან და მისი ულამაზესი ღიმილი ასხივებდა ჭეშმარიტ მშვენიერებას, რომელიც ათასგვარ ჯადოსნურ ფერს ირეკლავდა და ნიკოსაც თავბრუს ახვევდა. წამით ანამ თავი მოაბრუნა და მათი მზერაც გადაიკვეთა და აი, ისევ დაიწყო მეწყერმა ჩამოწოლა, გული აუჩქროლდა, ისე დაცხა, თითქოს მთელ ტანზე ცეცხლი უკიდია და ცოცხლად იწვისო, იგრძნო, როგორ დაუცვარა შუბლი ოფლის წვეთებმა და მთელი სამყარო წამით ისე დაპატარავდა, თითქოს საცაა საბრალო ყმაწვილსაც კი გაჭყლეტსო. ანამ დაინახა და ხელი დაუქნია, ნიკომაც გაუბედავად აუწია ხელი და გაღიმება სცადა, მაგრამ მალევე დაიმორცხვა და მზერა აარიდა. სუფთა ჰაერი უნდოდა, გარეთ გავიდა და ხარბად ჩაისუნთქა მონაბერი სიო, მეწყერი იძროდა და გულზე ძალიან, ძალიან მძიმედ აწვებოდა შეყვარებულ ჭაბუკს.
 დათოს ნიკოს გასვლა არც შეუმჩნევია, კურსელებთან ერთად სვამდა და მუსიკის ფონზე კარგადაც ერთობოდა. არაყი მალევე მოკიდებოდა, თუმცა ამასაც არ შეუჩერებია და რამდენიმე ჭიქა კიდევ დალია. ანაც სვამდა, თითქმის ყველა სვამდა იმ წვეულებაზე. ორ საათში უკვე სასმლის, სიმთვრალისა და ამდენი ცეკვისგან ჰაერში დამდგარი ოფლის სუნი ავსებდა იქაურობას, მაგრამ ვერც ამას გრძნობდა ვეღარავინ. ახალგაზრდობის წლები დუღდა მათ ვენებში, სტუდენტობის მჩქეფარე სისხლი, რომელსაც ალკოჰოლური თრობა კიდევ უფრო ახელებდა, მეტ გზნებასა და მჩქეფარებას ჰმატებდა, დროის შეგრძენას უკარგავდა და თავსაც კი ავიწყებდა. ნეტა, რამდენს ემახსოვრებოდა მეორე დღეს წინა დღის წვეულება, ალბათ, ძალიან ცოტას. ყველა ცეკვავდა და ერთობოდა, ნიკოსთვის კი ერთი შეხედვით მთელი ეს ღრეობა გულისამრევი გამხდარიყო. წასვლა უნდოდა, მაგრამ მთვრალ მეგობარსაც ხომ ვერ მიატოვებდა, გარეთ იდგა და რამდენიმე ბიჭს ელაპარაკებოდა. მუსიკის ხმა ისევ ხმაურიანად ჩაესმოდა ყურებში, მეწყერიც ცოტა უფრო მინელებულიყო და აღარც ისე განუზომელი ტემპით იძვროდა მის გულში.
   ანასაც არ ახსოვდა ამდენი ბოლოს როდის დაელია, აქამდე თუკი სამი-ოთხი ჭიქით კმაყოფილდებოდა, დღეს რატომღაც თვლაც კი არეოდა, სვამდა, ცეკვავდა, ერთობოდა, ცდილობდა სტუდენტობის წლებით მაქსიმალური მიეღო, სასმელი ახელებდა და მეტ გამბედაობას სძენდა, უფრო თამამად ეცეკვა კურსელების თანდასწრებით. რამდენიმე იდიოტი ზურგს უკან უხერხულადაც კი აეტმასნა, მაშინვე მოიშორა და გვარიანადაც გამოლანძღა. თანამედროვე ბიჭები არ მოსწონდა, თვითკმაყოფილ მაჩოებს ერთგვარი ამრეზითა და ზიზღითაც კი შეჰყურებდა და ცდილობდა მათგან თავი შორს დაეჭირა, ამგვარი ტიპების ქცევების შემყურე, კიდევ უფრო მოწონდა ის, ვის მიმართაც გულში არნახული სიმპატია ჩაღვროდა, მისი თავშეკავებულობა, სერიოზულობა, შესაშური იუმორი, მას ხომ არასდროს უთქვამს ანასთვის რაიმე ზედმეტობა, მეორე მხრივ კი მის ხუმრობებს ბევრჯერ გაუცინებია ახალგაზრდა გოგონა, სწავლითაც გამორჩეული იყო, რამდენიმე ოლიმპიადაც ჰქონდა მოგებული. მეგობრობდნენ, თუმცა არც ახლო მეგობრები ეთქმებოდათ, თითქოს რაღაც აბრკოლებდა და ანასგან ხელოვნურად იცავდა დისტანციას, მაგრამ მიზეზს კი თავადაც ვერ ხვდებოდა. წამით თვალი შეავლო, იქ იდგა, სტუდენტების ჯგუფში და მათთან ერთად მუსიკის ფონზე მთელი სულითა და გულით ცეკვავდა, ერთობოდა, თითქოს ახლა გახსნილი და თავისუფალი იყო, მასავით. ახლა არც ანა იბორკავდა ფრთებაშლილ დემონებს და ისიც დანებებოდა მათ ნებას, თავი ყოვლისშემძლე და ძლევამოსილი ეგონა, იმ ტიპთან მომხდარი წინა ინციდენტიც ახელებდა, აგულიანებდა. ის ხომ ასე არასდროს მოიქცეოდა, როგორც არ უნდა დამთვრალიყო, არასდროს აეკვრებოდა უკნიდან გოგონას, ასეთი არ იყო, ის კარგი იყო, ძალიან კარგი, ღირსეული, თავშეკავებული, შესაფერისი და ანას ძალიან, ძალიან მოწონდა, თუმცა ეს მის გარდა არავინ იცოდა, არც არაფერს იტყობდა, არც არავის ეუბნებოდა, სწორედ იმ მომენტში სიმთვრალემ გააცნობიერებინა, რომ უნდოდა ეს ბიჭი მისი გამხდარიყო, მაგრამ თავად კი არ აპირებდა გრძნობებში გამოტყდომას. ისე დაიწყო მისკენ მოძრაობა, რომ ვერცერთ გადადგმულ ნაბიჯს ვერ აცნობიერებდა, თავბრუ ეხვეოდა, ყურებში მუსიკა საამურად ჩაესმოდა და მოცეკვავეთა რიგებში მისი სახეც გაცისკროვნებულად ესახებოდა. რას აკეთებ? - ესმოდა საკუთარი ხმა, რომელსაც თავადვე პასუხობდა, - არ ვიცი, - და გულშიც ეცინებოდა. მოცეკვავეთა რიგებს შეუერთდა და ისიც იპოვა.
-შეხედეთ, აქ ვიღაცას როგორ დაულევია, მგონი ცოტათი ბარბაცებ, - ხუმრობით მიუგო ანას და მასაც გაეცინა.
-ცოტა ზედმეტი მომივიდა.
-დათვერი?
-ცოტათი, - საჩვენებელი და ცერა თითები ერთმანეთთან მიიტანა და ცალი თვალით საყვარლად გაჭყიტა.
  ერთად იცეკვეს, სხვა დროს იცეკვებდა ანასთან ასე თავისუფლად? ალბათ, არა, მაგრამ იმ ღამეს, იმ ღამეს მათზე ძარღვებში მოჩქრიალე ალკოჰოლი გაბატონებულიყო, ორივეს მზერაზე ეტყობოდა, რომ ერთმანეთისკენ მიისწრაფოდნენ, გაცისკროვნებული და გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდნენ ერთურთს და იმ წამში ანაც მიხვდა, რომ მასაც მოსწონდა. მუსიკა მთავრდებოდა და საცეკვაო ტემპიც მინელდა, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს მზერას ვერ აშორებდნენ. ასე ნუ უყურებ, მოშორდი, ეს არასწორია, - ჩურჩულად ჩაესმოდა დათოს გონებაში თავისივე ხმა, მაგრამ განა შეეძლო სხვაგვარად მოქცევა? რომც ნდომოდა, განა სხეული დაემორჩილებოდა და ანას გაშორდებოდა?! მასაც ხომ სტანჯავდა გაუთქმელი ტრფობის ალი, ისიც ხომ შინაგანად იდაგებოდა მისი მოწონებითა და აღფრთოვანებით, უნდოდა, მაგრამ თვალს ვერ წყვეტდა და აი, ანამაც გაუღიმა, ეშმაკურად, ცბიერად, გამომწვევად და მანაც უბრალოდ შეწყვიტა ფიქრი, ის ჩურჩულიც ჩაჩუმდა და შემდგომ სადღაც, გონების დამარხულ შრეებში უჩუმრად გაუჩინარდა. ახლა მხოლოდ ანა იყო მის წინ, საოცრად მომღიმარი, ულამაზესი და უმშვენიერესი. მანაც გაუღიმა და წამის მეასედში იგრძო ანას ტკბილი და საამო ტუჩების გემო. ხელები წელზე მოჰხვია და კიდევ უფრო მხურვალედ დაეწაფა მის ბაგეებს. ერთმანეთს შეხედეს, ორივეს ერთი სხივი ჩასდგომოდა თვალებში, ორივეს ერთნაირად უკიაფებდა გაფართოებული გუგები, გულწრფელი ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე  და აი, ისევ იპოვეს ბაგეებმა ერთმანეთი, ანამ ხელები ძლიერად შემოაჭდო და მათი სხეულებიც ერთმანეთს შეერწყა. ასე ძლიერად არავის ჩახუტებია აქამდე, მოსწონდა, სიგიჟემდე მოსწონდა დათო მჭედლიშვილი და ახლა უკვე დანამდვილებით იცოდა,რომ ისიც იმავეს გრძნობდა მის მიმართ. დროისა და ხალხის შეგრძნება დაკარგვოდათ, ერთმანეთზე მოხვეულები ნაზად ირხეოდნენ ოთახის შუაგულში და პატარა ბავშვებივით ეცინებოდათ, სრულიად უაზროდ და უმიზეზოდ, მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი იყო აზრიანი, თითქოს აღარც შტაბში იყვნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის წვეულებაზე, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდნენ ერთმანეთს და ამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი ერთად ჩახუტებულებს გაეტარებინათ, ერთმანეთის მზერაში იძირებოდნენ და მის ფსკერზეც ერთმანეთის საოცრად მეტყველ და გაბრწყინებულ თვალებს ხედავდნენ. იმ საღამოს ორივე ბედნიერი იყო და ამ ბედნიერების გარდა სხვა აღარაფერი ადარდებდათ. ასე გადიოდა საათები, ისინი კი ერთმანეთს მაინც ვერ შორდებოდნენ. საღერღილი აშლოდათ და გაუთავებლად საუბრობდნენ, საერთოდ ყველაფერზეც და სრულიად არაფერზეც. დამთვრალი დათო ფილოსოფიურ სიღრმისეულ საუბრებს რომ წამოიწყებდა, ანა სიცილს ვერ მალავდა, პირზე ხელს აფარებდა და აჩუმებდა:
-არ მინდა ახლა ეს ფილოსოფოსობა,-ო, ეტყოდა სიცილით და ისე საყვარლად აკოცებდა, დათოს დაწყებული აზრიც კი ავიწყდებოდა. ღამის ორი ხდებოდა, ანას რომ დედამისმა დაურეკა. მალე მოაკითხავდნენ. ოი, როგორ უნდოდა ეს წვეულება არასდროს დამთავრებულიყო. ინანებ? - ეკითხებოდა საკუთარ თავს, - რა უნდა ინანო, სულელო, შენთვისაა ზედგამოჭრილი, შეხედე, ერთმანეთს როგორ უხდებით.
  წასვლისას დათომ გარეთ გააცილა და ცოტა მოშორებით დაელოდა როდის ჩაჯდებოდა დედამისის მანქანაში.
-რომ მიხვალ, მომწერე, კარგი? - უთხრა და ანამაც მაშინვე დაუქნია თავი:
-შენც მომწერე, რომ მეძინოს მაინც, დილით ვნახავ და აღარ ვინერვიულებ, - დათოც დაეთანხმა და მანქანამდე მზერით მიაცილა. მანქანა რომ დაიძრა, ანამ ხელი დაუქნია და მასაც სახეზე ფართო ღიმილი გამოესახა. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მოუხდა, დაბინდული გონებაც ცოტათი გაეწმინდა და აი ისევ გაჩნდა ის მოჩურჩულე ხმა მის გონებაში, სწორია? სწორად მოიქეცი?! ნიკო?!.. ნიკო... ნიკო... ნიკო... ნიკო...
-ნიკო... ნიკო...ნიკო...- ვერც შეამჩნია, როგორ იმეორებდა ამ სახელს ხმამაღლა, თითქოს უკვე გაჰყვიროდა კიდეც, სუნთქვა გაუხშირდა და მაშინვე მის მოსაძებნად გაიქცა, - ნიკო ხომ არ გინახავთ? - ჰკითხა ნაცნობებს.
-არა, ერთად არ მოხვედით?
-ჰო, - თავი დაუქნია და ახლა სხვებს შეეკითხა:
-ნიკო, ნიკო ხომ არ დაგინახავთ?
-ნიკო? ძმაო, რამდენი ხანია, წავიდა.
-რა? როდის?
-ზუსტად არ ვიცი,ასე ორი-სამი საათის წინ, ისე გიჟივით გავარდა, მგონი რაღაც ჰქონდა მოწეული.
-სად წავიდა?
-აბა მე რა ვიცი, ძმაო, მისმინე, სიგარეტი არ გაქვს?
-არა, ძმაო, არ ვეწევი, -უარის ნიშნად თავი გააქნია და ხელები სახეზე აიფარა. ნუთუ დაინახა, ნუთუ ყველაფერი დაინახა, სად წავიდა, თავს რამეს ხომ არ დაუშავებს, არა, არაფერი იქნება, სახლში წავიდოდა, სულელი არაა რაიმე რომ ივნოს, ახლა, ალბათ, ძინავს, ხვალ დაელაპარაკება და რას ეტყვის?! რა უნდა უთხრას?! ტელეფონი ამოიღო და მესენჯერი შეამოწმა. ნიკო 47 წთ-ის წინ იყო ბოლოს აქტიური, დიდი დროა, რამე რომ ექნა, მაშინვე იზამდა, ალბათ, ახლა საწოლში იწვა და ეძინა, ან იქნებ... ათასი ეჭვი უღრღნიდა გონებას. იდიოტი ხარ! ერთხანს იდგა და მობილურის ეკრანს უაზროდ დასცქეროდა, მერე ნომერი აკრიბა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ დარეკვის ღილაკს დააჭირა. უნდა დარწმუნებულიყო, რომ კარგად იყო და საკუთარი თავისთვის რამე არ დაეშავებინა. ზარი გავიდა, მაგრამ დათოს მხოლოდ ზუმერი ჩაესმოდა. ზუმერი... ეს წყეული და გაბმული ზუმერი. გაითიშა. ხელახლა აკრიბა და თავიდან დარეკა, რამდენიმე ზარის შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა.
-ალო, ნიკო? ნიკო, აქ ხარ? ნიკო...
-ნაბიჭვარი ხარ! - ყურში ნიკოს გაბრაზებული, ზიზღნარევი ხმა ჩაესმა, ბოლოს ეს ტონი მისგან მაშინ მოესმინა, პარასკევს ნიკო იმ ბიჭზე რომ ლაპარაკობდა, ანას გაღიმებული რომ ესაუბრებოდა, მაგრამ კიდევ იყო ამ ხმაში რაღაც, მთელი ამ სიბრაზისა და ზიზღის მიღმა, თითქოს ეს ყველაფერი უბრალოდ მირაჟი და ერთგვარი საფარველი ყოფილიყო ნიკოს რეალური მდგომარეობისა, მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა, მაგრამ ეს ორი სიტყვა საკმარისი იყო, ბრაზს მიღმა ამოფარებული გაბზარული და გატეხილი ხმის მოსასმენად.
-ნიკო, - ტყუილად ცდილობდა რაიმეს თქმას, ყურმილში უკვე დაკავების ხმა ისმოდა. ნიკოს ტელეფონი გაეთიშა. მეტჯერ აღარ დაურეკავს, არც იცოდა რა ეთქვა, არც ის იცოდა, თუ სად უნდა მოეძებნა სწორი სიტყვები, ანდა საერთოდ თუ არსებობდა ისინი.
   მოპირდაპირე ქუჩაზე გადავიდა ტაქსის გამოსაძახებლად, არავის დამშვიდობებია. სახეში ქარი სცემდა, მაგრამ ეს ახლა ყველაზე ნაკლებად ადარდებდა. ტაქსი გააჩერა და მისამართი უთხრა. მძღოლმა გამოლაპარაკება სცადა, მაგრამ დათოს მოჟამული და უაზრო პასუხების მოსმენის შემდეგ თავი დაანება. ამ დროს მუხლზე დადებული ტელეფონი განათდა. ანა იყო.
-მივედი, რომ მიხვალ, მომწერე.
-კარგი, ტაქსიში ვარ, - შეტყობინება გაუგზავნა და ფანჯარაში გაიხედა. სიბნელე ჩამოწოლილიყო დედაქალაქში.
-მუსიკა რომ ჩავრთო, ხომ არ შეგაწუხებს? - ჰკითხა ტაქსის მძღოლმა.
-არა, - მიუგო დათომ და მანქანის სალონიც მუსიკის ჰანგებმა აავსო.
როგორც კი სახლში მივიდა, მაშინვე ტელეფონი აიღო.
-მივედი, - ანას მიწერა და პასუხმაც არ დააყოვნა:
-შენ გელოდებოდი, არ ვიძინებდი, ახლა დავიძინებ, ტკბილი ძილი.
-ტკბილი ძილი, - უპასუხა და თვითონაც დასაძინებლად დაწვა. ერთხანს კიდევ ფიქრობდა მომხდარზე, მაგრამ თითქოს ყველაფერი ბუნდოვანი იყო და წესიერად აღარაფერი ახსოვდა, ნუთუ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა, იქნებ ყველაფერი მირაჟია და უბრალოდ ეჩვენება. ტელეფონს და ანასთან მიმოწერას დახედა, ცხადი იყო, ეს მართლა მოხდა. სწორი იყო?!. სწორად მოიქეცი?!. გეყოფა! უბრალოდ გამოძინება მინდა, ესაა და ეს, ყველაფერი კარგად იქნება. ორშაბათს დათოს ნახავს და დაელაპარაკება, მანამდე კი მთელი ერთი დღე აქვს საფიქრალად, მაგრამ მაინც, რას ეტყვის, რა უნდა უთხრას, განა არსებობს სწორი სიტყვები?!
   კვირას კიდევ უფრო დარწმუნდა,რომ არაფერი დასიზმრებია. მთელი საღამო ანას სწერდა და ძალზედ სიამოვნებდა მასთან საუბარი, აღიარეს, რომ ორივეს მოსწონდა ერთმანეთი. დათომ ნიკოზეც უთხრა.
-მე ვუყვარვარ? ნიკოს? - ახალი ამბავი ანას ძალზედ გაუკვირდა.
-ჰო, არასწორია ეს, როგორც მოვიქეცი.
-დათო, ჩვენ მოგვწონს ერთმანეთი, მე მინდა შენთან ურიერთობა, დანარჩენი ჩემზე აღარაა დამოკიდებული, როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეცი, მაგრამ ამით ჩემი და ნიკოს ერთად ყოფნას მაინც ვერ გამოიწვევ, ეს არარსებულია.
-ვიცი.
-ხვალ დაელაპარაკე.
-დაველაპარაკები, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა.
-უთხარი ის, რასაც გრძნობ, რასაც განიცდი, არ მინდა თქვენ შორის ჩავერიო, მაგრამ არც ის მინდა, რომ ამის გამო საკუთარ ბედნიერებაზე თქვა უარი.
-დაველაპარაკები, - უთხრა და ფიქრი დაიწყო. მთელი ღამე ფიქრობდა, აზრებს ალაგებდა, ნიკოსგან კი ისევ არაფერი ისმოდა.
  დილით ერთად ჰქონდათ ლექცია, ადრე მივიდა და უნივერსიტეტის შესასვლელთან დაელოდა, მაგრამ ნიკო არ გამოჩენილა. მთელი ლექცია მასზე ფიქრობდა. სწორი იყო?! სწორად მოიქეცი?! რას ეტყვი, ან კი არსებობს სწორი სიტყვები?! ლექციის შემდეგ შესვენებაზე ანა ნახა.
-ელაპარაკე? - ჰკითხა მან.
-არ მოსულა.
-კარგი, - უპასუხა და ერთგვარი თანაგრძნობითა და ნუგეშისმცემელი მზერით შეაცქერდა.
  ორსაათიანი შუალედის შემდეგ სემინარზე შევიდა, იქ იყო, კედელთან იჯდა და თავი წიგნში ჩაერგო. დათოს შესვლა არც დაუნახავს, არც მერე შეუხედავს მისთვის, ლექტორმა გვარი რომ ამოიკითხა. თავად დათოც ვერ ბედავდა მისკენ გახედვას. თვალებში როგორ უნდა ჩახედო ამის შემდეგ?! სწორი იყო?!. სწორად მოიქეცი?!. სინდისი ქენჯნიდა, მაგრამ სხვაგვარადაც არ შეეძლო მოქცეულიყო, ანა მოსწონდა, ძალიან, ძალიან მოსწონდა და ეს მოწონება ცალმხრივი არ იყო, თავად ანა მივიდა მასთან, თავად იგი გამოელაპარაკა პირველი, თავად გაუღიმა და თავად შეანათა თავისი გასაოცრად მოციმციმე თვალები და მანაც თავი ვეღარ შეიკავა, თავის გულის წადილს და მგზნებარე, მაგრამ ამავედროს გულწრფელ და გაუმხელელ განცდებს დანებდა. სწორი იყო?!. სწორად მოიქეცი?!. ნიკოს ხმა რომ გაიგონა, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც შეცვლილიყო, სემინარს ყვებოდა, მაგრამ თითქოს გაბზარული ექო დაყვებოდა მის თითოეულ ფრაზას, მისი ტემბრიც არ იყო ძველებურად აუღელვებელი, მშვიდი, გაწონასწორებული, თითქოს დაფლეთილფრთებიანი დემონები დაძრწოდნენ აუდიტორიაში და ნიკოს ყოველი ბგერა კიდევ ერთი ძალიან დიდი ნახვრეტი იყო მათ ფრთებზე, მალე უსულგულოდ დაეცა ერთ-ერთი მათგანი და მიწაზე განერთხა. გუშინ როგორ ხარობდნენ ეს დემონები, როგორ უხაროდათ ცხოვრება, ჟრიამული, თავიანთი ჯანსაღი და ძალ-ღონით აღსავსე ფრთებით როგორ მაღლა აიჭრნენ ზეცაში, მათი ღრიალი არემარეს აყრუებდა და აზანზარებდა, ახლა კი, ახლა ეს დემონები უსუსურ და უბადრუკ არსებებად ქცეულიყვნენ, უბრალო მძორად, რომელნიც დათოსა და ნიკოს შორის გაჩენილ პირდაფჩენილ უფსკრულში ეყარნენ და მათი ნეშტის ლპობის სუნი მათამდეც კი აღწევდა. დათოს აღარ შეეძლო ამ სუნის გაძლება, ერთი სული ჰქონდა იქიდან გამოსულიყო, სემინარი კი უსაშველოდ გაიწელა, არც შესვენება გამოუყენებიათ, იყო გაუთავებელი და გაუთავებელი საუბარი, რომელსაც ვერც გულს უდებდა და ვერც ყურს უგდებდა, მითხარი, სწორი იყო?!. სწორად მოიქეცი?!.
  სემინარი რომ დამთავრდა, ნიკოს დაედევნა. დაუძახა, მაგრამ ვერ გააგონა. უნივერსიტეტის ცენტრალური გასასვლელიდან გარეთ გავიდა და კიბეზე დაეწია.
-ნიკო, მოიცადე, - ხელი მხარზე შეახო და მანაც მაშინვე მოიშორა.
-რა გინდა?! - ასე უხეშად მისთვის არასდროს მიემართა. იმსახურებდა, ღირსი იყო.
-უბრალოდ დალაპარაკება მინდა.
-დალაპარაკება?! ხვდები მაინც, რა გააკეთე?!
-წამოდი, გავიაროთ, - ბაღის სიღრმისკენ გაემართნენ, სადაც უფრო ცოტა ხალხი იქნებოდა, - არ ვიცი რა უნდა გითხრა, დამნაშავე ვარ.
-დამნაშავე?! ძმაკაცისთვის სატრფოს ახევა და ყველას თვალწინ მასთან კოცნაობა დანაშაულია?! არაკაცი ნაბიჭვარი ხარ, დათო! - საყელოში მოქაჩა, მაგრამ დათო არ შეწინაღმდეგეებია და ხელიც მალევე გაუშვა.
-ვიცი, - უთხრა და წამით სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ნიკოს ბრაზისგან ძარღვები დაბერვოდა, ხელები მოემუშტა და მისი მზერა განუსაზღვრელ ზიზღს გამოსჭვალავდა, - ახლა რა იქნება?
-რა?.. რას ჰქვია ახლა რა იქნება.
-ნიკო, იცი, როგორც მიყვარხარ და შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ...
-მეგობარი?! - ნიკოს ნერვიულად გაეცინა, - საუკეთესო მეგობარი?! შენ, ბიჭო, შიგ ხომ არ გაქვს?! - დათოსკენ გაიწია, მაგრამ მალევე შეჩერდა.
-არაფერს ვამბობდი, რადგან პირველი შენ თქვი, რომ ანა მოგწონდა, ამის გამო მუდამ დისტანციას ვიცავდი მისგან, თავად გეუბნებოდი, რომ ნაბიჯი გადაგედგა, სადმე დაგეპატიჟებინა, გრძნობებში გამოტყდომოდი, გეუბნებოდი მაშინ, როცა ის თავადაც ძალიან, ძალიან მომწონდა, ნიკო, იმდენად იყავი შეპყრობილი, რომ ვერ ამჩნევდი მეც რომ ვერ ვუსწორებდი მზერას, მეც რომ ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა და მზად ვიყავი, მასთან ყოფნის ბედნიერება შენთვის დამეთმო, მაგრამ შენ... შენ არაფერი გააკეთე საამისოდ, ნიკო, იმ ღამით, ორივე მთვრალი ვიყავით, ანას მოვწონვარ, ძალიან მოვწონვარ...
-ენა ჩაიგდე!
-მესმის, ძნელია ამის მოსმენა, მაგრამ ესაა სიმართლე, ნიკო, თავს არ ვიმართლებ და ამაზე განუწყვეტლივ ვფიქრობ. უბრალოდ ასე მოხდა, ასე გამოვიდა, ნუ იფიქრებ, რომ მე შენს ზურგს უკან ანას ვეჩალიჩებოდი, ან რამე ამის მსგავსი.
-რას ბოდავ, შენ თვითონ მაინც თუ ხვდები?!
-მე არავინ არ ამიხევია, ნიკო, ეს ანას არჩევანია. ჩემთვისაც რთული იყო შენთვის რჩევების მოცემა იმ გოგოზე, რომელიც მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ შენ გამო ამ ყველაფერს ვეგუებოდი.
-გეტყობა როგორც ეგუებოდი!
-და რა?! რომ დავშორდე, რა? ერთად იქნებით? შენი გახდება? რა გგონია, ნიკო, ახლა თუ ხელს ვკრავ და გულს ვატკენ, რა გგონია როგორ იქნება, რა შეიცვლება ამით? წავა და სხვას იპოვის.
-ის სხვა შენ არ იქნები, დათო, ის სხვა ჩემი ძმაკაცი არ იქნება, ამაშია განსხვავება, მაგრამ... - ნიკომ ჩაიცინა, - მაგრამ ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, შენ ჩემ თვალში ყველაზე დიდი სირი ხარ, ვისაც კი ვიცნობ.
-ახლა  გაბრაზებული ხარ.
-მე ვარ გაბრაზებული?! შენ რომ ჩემს ადგილას იყო, არ იქნებოდი?! მაგრამ არა, შენ ვერ იქნებოდი ჩემ ადგილას,რადგან მე ასე არაკაცურად არასდროს არ მოვიქცეოდი და ძმაკაცს არ ვუღალატებდი!
-და ახლა რას აკეთებ, ნიკო, რა გინდა, რას მეუბნები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ასე ძალიან მოგვწონს, დავშორდე იმიტომ,რომ შენი მეგობარი ვარ?
-არაფერს არ გეუბნები, დათო, აღარ ხარ ჩემი მეგობარი, უკვე აღარავინ არ ხარ ჩემთვის, - ისე, რომ პასუხს არც დაელოდა, ზურგი აქცია და გზას გაუდგა.
-ნიკო, - დაუძახა, მაგრამ უკან არ დადევნებია. ნიკო ჰორიზონტს შორდებოდა და მისი სახება ისე ქრებოდა და იცრიცებოდა ნაგლეჯებად, როგორც მათი სანუკვარი მეგობრობა, რომელსაც წესით წლები უნდა გაეტანა. რამდენჯერ უსაუბრიათ მომავალზე, თავიანთ ოჯახებზე, იცოდე, შვილი უნდა მომინათლო, დავით, - რამდენჯერ უთქვამს ნიკოს ეს სიტყვები, მან კი რა ჩაიდინა, უღალატა, ზურგში ლახვარი ჩასცა, უღირდა კი?! სწორი იყო?!..სწორად მოიქეცი?!. ისევ ჩაესმა ყურში საკუთარი ჩურჩული, მუხლები მოეკვეთა და ერთიანად კანკალმა აიტანა. ბორდიურზე ჩამოჯდა და იგრძნო როგორ მოადგა თვალებზე ცრემლი.
-ძმაო, კარგად ხარ? -  ჰკითხა გამომვლელმა.
-კი, მადლობა, - თავი დაუქნია და მანაც უჩუმრად ჩაიარა. კარგად იყო? თავადაც არ იცოდა, უკვე აღარაფერი იცოდა, ნატრობდა, ნეტა სულ არ წასულიყო იმ წვეულებაზე, მაგრამ იმ საღამოს შემდეგ ანას უკვე ვეღარ უყურებდა ძველებურად, ვერც უბრალოდ რომელიმე რიგით გოგონად აღიქვამდა. დღეს რომ დაინახა, იგრძნო გული როგორ აუჩქროლდა და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. უყვარდა, მთელი ამ დროის მანძილზე უყვარდა და უბრალოდ თავს იტყუებდა, მის გამო, ნიკოს გამო ამ სიყვარულს ებრძოდა და ბლოკავდა, მაგრამ იმ ღამით, იმ ღამით ანამ ჩამოგლიჯა გულის კარზე დადებული ბოქლომი, იმ ღამით იგრძნო რაღაც, რასაც ვერ შეელეოდა, თუკი საყვარელ ადამიანთან ყოფნაზე იტყოდა უარს, თუკი საკუთარ ბედნიერებას ჰკრავდა ხელს, მერე როგორ იგრძნობდა თავს, ნათლად ხედავდა ანას მზერას, მის გაბრწყინებულ თვალებს, გაბადრულ სახეს და თავისკენ მომართულ უმშვენიერეს ღიმილს, ანა ხშირად იღიმოდა, მაგრამ არა იმდაგვარად, როგორც მაშინ, როცა დათოს შესცქეროდა, ამაში დარწმუნდა, არა მხოლოდ გუშინ, ალკოჰოლისთვის რომ დაებრალებინა, დღესაც და... სულაც, ანა მუდამ ჩუმი, მზრუნველური ღიმილით აკვირდებოდა, მაგრამ თავად ის იტყუებდა თავს, თავად ნიღბავდა უმშვენიერესი გოგონას მისდამი განსაკუთრებულ ღიმილს ჩვეულებრივ ღიმილად, მაგრამ ახლა კი დარწმუნებული იყო, რომ ანას მართლა ძალიან მოსწონდა და ეს გრძნობა არ იყო ცალმხრივი, ვერც იმას აცნობიერებდა რასთან ჰქონდა საქმე, რაოდენ მშვენიერი და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი, რადგან გულის ერთი ნაწილი ია-ვარდით გაფურჩქნოდა, მეორე კი უზარმაზარი ლოდის ქვეშ მოყოლილიყო და სისხლით წვეთ-წვეთობით, მტანჯველად იცლებოდა. თითქოს იპოვა ის, რასაც ეძებდა და ამის გამო ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ... მაგრამ დათო არ იყო ბედნიერი, სიცარიელეს გრძნობდა და ამ სიცარიელეში მხოლოდ ტკივილი აღწევდა და ტკივილი იდგამდა ფესვებს, ეს ტკივილი საუკეთესო მეგობრის დაკარგვის ტკივილი იყო. არ იყო სულელი, არ უნდოდა თავის მოტყუება, რომ ნიკოს გადაუვლიდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს ტყუილი იყო, ტყუილი, რომელიც გულს უსერავდა. მითხარი, სწორი იყო?!. სწორად მოიქეცი?!. ახლა ერთადერთი, რაც უნდოდა, ანას ნახვა იყო. შეტყობინება გაუგზავნა:
-შეძლებ, რომ მნახო?
-ლექციაზე ვარ, გამოვიპარები, - უპასუხა და დათოც დაელოდა. ცდილობდა, ამ ტკივილს გამკლავებოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ერთიანად დამძიმებულიყო და თითქოს ამ სიმძიმით გულიც ქვასავით გახდომოდა. ბრაზიც ახრჩობდა, სინანულიც, თვითგვემაც. იქნებ, უთხრას ყველაფერი, იქნებ, შეძლოს და გაუშვას, იქნებ, დაშორდეს. ცრემლებს იკავებდა და თვალები აეწვა, ვეღარ შეძლო, ვეღარ შეძლო ამ ტკივილთან გამკლავება და სახეზე ცრემლიც ჩამოედინა. არ შეუძლია, ვერ გაუშვებს. ნაბიჯების ხმა მოესმა, აიხედა, ანა მოდიოდა.მზის სხივები დაჰკრავდა და ერთიანად ასხივებდა, ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყო, ისეთი ჭკვიანი, გამგები, ყურადღებიანი. იგრძნო, როგორ დაიწყო ქვის უზარმაზარმა ლოდმა მსხვრევა, მისი თითოეული გულისცემა უროს თითოეულ დარტყმას უდრიდა, ისევ ჩაეღვარა ის სითბო, რომელიც დილით იგრძნო. ანას შეშფოთებული სახე შორიდანვე დაინახა და წამოდგა, გაღიმება სცადა. რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ, ანამ ვეღარ მოითმინა და შორიდანვე ჰკითხა:
-რა მოხდა, ელაპარაკე?
-მორჩა, - ძლივსძლივობით წარმოთქვა ეს სიტყვები. გოგონა ადგილზევე შედგა, ერთიანად დაზაფრულმა და შეშინებულმა, აკანკალებული ხმით ჰკითხა:
-რა მორჩა, დათო?
-ყველაფერი... ყველაფერი მორჩა, - ნათლად დაინახა, როგორ დაედო ანას მიტკლისფერი, თითქოს მისმა სათუთმა მხრებმა ცახცახი დაიწყო.
-ჩვ...ჩვენ? - ძლივსძლივობიამოილუღლუღა. დათოს მზერა დაეხარა, უჭირდა სიტყვების გამონახვა, უარის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია, ხელები გაშალა და ანა გულში ძალიან, ძალიან ძლიერად ჩაიხუტა.


Wednesday, March 18, 2020

ამბავი ოქროსმაძიებელზე

   იცი, ახლა ვფიქრობდი და დიდი ხანია, რაც შენთვის წერილი არ მომიწერია, ძვირფასო მკითხველო, თუმცა... თუმცა, ალბათ, ეს წერილი ყველაზე მეტად იქნება გულით ნაკარნახევი, ვიდრე ჩემი ძველი უსტარები. იცი, ერთი ამბავი უნდა მოგიყვე, ოქროსმაძიებელზე. ერთ კაცზე, რომელიც თავის ოცნებებსა და იდეალებს მისდევდა და ამისათვის ყოველდღე მუხლჩაუხრელად შრომობდა, უკიდეგანო ორმოში ჩაბუდებული ოქროსკენ მიისწრაფვოდა და ერთხელაც, ერთხელაც უბრალოდ დანებდა წუთისოფლის მუხანათურ და ეკლიან გორგალს. ცხოვრებამ გასტეხა კიდევ ერთი კაცი, ძვირფასო მკითხველო...
  ცხოვრება, ცხოვრება ეს სულაც არაა მარტივი, პირიქით, სირთულეებისა და ქარტეხილების უსასრულო მარათონია, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო და იქამდე უნდა ირბინო, სანამ არ დაეცემი და სულს არ განუტევებ, მერე უკვე ცხოვრებაც აღარაა და უბადრუკი არსებობის ჯერი დგება. ყველას თავისი გზა და თავისი მარათონი აქვს გასარბენი, ზოგს ამ გზაზე ლუკმაპურიც არ აქვს, ზოგს მშობლები აღარ ჰყავს, ზოგს ჭერი არ აქვს თავზე, ზოგი განუკურნებელ სენს ებრძვის და დღეებს ითვლის, ზოგს ღვიძლ ძმას უკლავენ, ზოგს ყველა კარს უხურავენ ცხვირწინ მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულია, იმიტომ, რომ საზოგადოების აღქმით საცოდავი, ან შესაბრალია, ზოგს ჩაგრავენ იმიტომ,რომ სუსტია, ზოგს იმას ართმევენ, რასაც წვალებით შოულობს, ცხოვრება ესაა და ის ადამიანს ტეხს, უნდა,რომ გატეხოს, დააჩოქოს, დაანებოს და უბადრუკ არსებობაში მოისროლოს. და ამ დროს რას აკეთებს თავად ადამიანი? ადამიანი ადარებს ახლანდელ სარბიელს განვლილ გზას, უდარდელ ხანას,რომელიც ენატრება, ძალიან, ძალიან ენატრება და წარსულის ია-ვარდით მოფენილ ბილიკებს ხშირად მისტირის კიდეც. იტყვის, ადრე ყველაფერი კარგად იყო, ადრე ბედნიერი ვიყავი, ახლა კი... ახლა უკვე ხშირად ვფიქრობ იმას, რომ სიცოცხლეც აღარ მინდაო, დაიღალა და იმიტომ... და აი, ისევ გაიმარჯვა ამ მუხანათურმა სარბიელმა, ეკლებიანმა მარათონმა ისევ გატეხა ადამიანი, დააჩოქა და უბადრუკი არსებობის სასაფლაოზე მოისროლა, საიდანაც მკვდრეთით აღდგომა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თავად ცხოვრების ბედის ბორბალთან შეჭიდება. დრო გადის და ადამიანი ცდილობს, მართლა ცდილობს, მაგრამ არაფერი იცვლება, ბილიკის ბოლოს არ ჩანს ის აღთქმული ედემი, რომლის გამოჩენასაც ამდენი ხანია ადამიანი მოელის და აი, ჩაბუდდა კაცში ნიჰილიზმის მძაფრი და აყროლებული ლეშისმაგვარი შეგნება, ჩაესმის ადამიანს - რაც არ უნდა ცადო, არაფერი შეიცვლება, ვერასდროს გასტეხ იმ ჯაჭვს, რომელიც ეკლიანი სარბიელის გასარბენად გაკავებს. ადამიანი იჩოქებს, ძვირფასო მკითხველო, ფარხმალს ყრის, მარცხდება, ნებდება. დავიღალე, - ესაა მისი ბოლო სიტყვები ნაცვლად იმისა, რომ თქვას, - ბედნიერი ვარ! იცი, ერთი ისტორია მახსენდება,ძვირფასო მკითხველო, ოქროს მაძიებელზეა, მისი ბაბუაც ორმოს თხრიდა, ოქროს ეძებდა ერთ გოჯ მიწაზე, მამამისიც, გადიოდა დღენი, ის კი იჯდა თავისი მამის გათხრილ ორმოში და ისევ ურახუნებდა მიწას პაპისეულ ნიჩაბს, მერე კი ჯანმაც რომ უმტყუვნა მკლავებში, ნიჩაბი თავის ვაჟს გადააბარა, ახლა კი ისიც ზუსტად ისევე იჯდა და თხრიდა,  მთელი დღე, ოფლისგან დაცვარულს, ათასი აზრი უტრიალებდა თავში: - ტყუილად თხრი, სულელი არ ხარ, ბაბუაშენმა ამ ორმოს თხრას შეალია მთელი თავისი ცხოვრება, მამაშენსაც მთელი თავისი დაჩაჩანაკებული არსებობა არ გაუგდია ხელიდან ეს მოჩვარებული ნიჩაბი, ახლა კი შენ თხრი და რისთვის, რის გამო, რომ მერე, თუკი რამ დარჩება ამ ხის ნაგლეჯისგან, შენს შვილს რომ გადაულოცო?! და ერთხელაც მიაგდო ნიჩაბი, ორმოში ჩაიმუხლა და მწარედ აქვითინდა. მთელი სამი თვე ხელი არ უხლია, მაგრამ სხვა ვერც ვერაფერი საქმე ნახა და ვერსად ივარგა, ისევ მიუბრუნდა და უიმედოდ, უბრალოდ მოვალეობის მოხდით ისევ დაიწყო თხრა. ეზიზღებოდა მთელი თავისი ცხოვრება, თავისი არსებობა და ერთხელაც, ერთხელაც ყრუ ბაგუნის ხმა გაიგონა... ოქრო იპოვა, ძვირფასო მკითხველო, ამდენი წვალების, ამდენი ტანჯვისა და  ყოველდღე ნიჩბის რახუნისგან მთელი თავისი მკლავების ტკივილის მერე იპოვა ოქრო. მისი საპოვნი იყო და თავად უნდა გაეარა ეს გზა, ეს იყო მისი ბედისწერა, მას უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი და არა სხვას, სხვა ვერ გააკეთებდა მის გასაკეთებელს და მაშინ, როცა დანებდა, ვერც ვერაფერი მოიგო ამით, რადგან თავის ცხოვრებისეულ სარბიელს აცდა, ეკლიანი, მაგრამ მაინც თავისი გასავლელი გზა არად ჩააგდო და სხვა გზით წავიდა, რომელმაც არაფერი მოუტანა და ისევ იმ ეკლებიან სტეპებზე დააბრუნა. დანებება, ყურადღების მიუქცევლობა არაფერს მისცემს ადამიანს, ბრძოლა - აი რას აქვს მნიშვნელობა. ის, რაც შენი გასავლელია, შენვე უნდა გაიარო, ძვირფასო მკითხველო, დიდი ტანჯვის, ტკივილის და აუარებელი, ყოველდღიური დაღლის მიუხედავად, რადგან მხოლოდ ასე თუ გახდები ოქროსმპოვნელი. იცი რა იყო ის, რაც ამ ორმოს თხირასას ოქროსმაძიებელს აძლებინებდა? ადამიანი... ცოლი ჰყავდა, ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა, ცოლსაც უყვარდა, იმდენად, რომ ყოველ ღამით შინ ქვიშასა და ოფლში ამოგვანგლულს გულში იკრავდა და მის აყროლებულ სხეულს არად აგდებდა, გადატყაულ ხელებს უხვევდა, საჭმელს ახვედრებდა და ყოველ დილით ორმოს სათხრელად მიმავალს ჰკოცნიდა კიდეც, ეუბნებოდა, რომ ერთხელაც, შეიძლება არა დღეს, ან ხვალ, მაგრამ ერთხელაც ის აუცილებლად იპოვნიდა თავის ოქროს. როდის? რამდენი ხანი გავიდა უკვე, როდისღა ვიპოვი? - თავის გაქნევით, იმედდაკარგული ჰკითხავდა თავის ცოლს, ცხვირს ჩამოუშვებდა და თვალებზე მდუღარე ცრემლებიც კი დაეკიდებოდა ხოლმე. იპოვი, - ეს იყო ქალის პასუხი, - მჯერა იმის, რომ შენ იპოვი შენს ოქროს. თავად თუ გჯერა ამის? არ ვიცი, - მაგრამ გულის სიღრმეში სჯეროდა, რადგან მის ცოლს სჯეროდა ამ ყველაფრის და მას კი ტყუილი არასდროს ეთქვა, არ იყო ცრუმორწმუნე და იმიტომ, არ ამბობდა იმას, რაშიც დარწმუნებული არ იყო. აბა, ძვირფასო მკითხველო, შენ თუ გჯერა იმის, რომ უკეთ იქნები და ბედის ბორბალთან ჭიდილში შენ იქნები ის, ვინც დაფნის გვირგვინს დაიდგამს თავზე, გჯერა, ძვირფასო მკითხველო? არაო, ზოგი თავს გააქნევს, მაგრამ ხომ არის ვიღაც, ვისაც სჯერა ამ ყველაფრის, შენი და იმის, რომ შენ შეგიძლია მიწაში ღრმად ჩამარხული ოქროს პოვნა, მაშინ შენც დაიჯერე, ძვირფასო მკითხველო და არ მისცე უფლება წუთისოფლის მუხანათურ სარბიელს, რომ შენც გაგტეხოს, შენც დაგაჩოქოს და ის დაკარგვინოს, რაც უმთავრესია ამ მარათონზე საკმარისი სიჩქარის ასაკრებად - რწმენა და იმედი, ძვირფასო მკითხველო, რწმენა და იმედი...

გიორგი ჩაჩხიანი

Tuesday, February 4, 2020

ბუდეს შეხიზნოდა პატარა ბეღურა

ბუდეს შეხიზნულა, მდევრებს ემალება
ერთი აქოჩრილი პატარა ბეღურა,
შიშით უფანცქალებს პაწაწინა გული,
მისი ღინღლიც თეთრად, ნაზად აბურდულა.

შაშვმა შეიფარა, როგორც საკუთარ ბარტყს,
ისე უვლიდა და თბილად ეხვეოდა,
მანვე გამოზარდა, ფრენაც შეასწავლა,
ბეღურასთან ყოფნა ძალზედ უხაროდა.

შაშვის ფრთის ქვეშ იყო მუდამ გაყუსული
და მის „წითურ“ ბუმბულს  საბნად იფარებდა,
ეს ბუმბულიც იმ შაშვს მაშინ შეეღება,
ათრთოლებულ ჩიტს რომ გულზე იხუტებდა.

დიდი ქარი ქროდა, ზამთრის დადგა სუსხი,
შაშვი გადაფრინდა ხის ტოტიდან ტოტზე,
ეგებ მოეძებნა სარჩო ბარტყებისთვის,
ამას ილოცავდა მხოლოდ ბედის ხატზე.

დიდი ფრენის შემდეგ ბუდეს დაუბრუნდა,
ნაშოვარი ლუკმაც ბარტყებს უწილადა,
მათი ნახვის შემდეგ სულ არ დაეზარა
მთელი დღე რომ ცაში დაუღლელად ფრენდა.

ბეღურამაც თვალი გააკვნესა ცხრომით,
შაშვიც ბედნიერი მზერით შესცქეროდა,
მისი ბარტყი იყო და ძლიერ უყვარდა,
მისკენ დაიხარა, თბილად უღიმოდა.

ბეღურას კი მზერა საკვებისკენ ჰქონდა,
შაშვმა დიდი ზრუნვით, მთელი სიყვარულით
პატარა ბეღურას ლოყაც კი შეახო
მისი ისევ ხილვის დიდი სიხარულით.

მაგრამ უცებ ბარტყმა განზე გაიწია,
არც კი შეუხედავს თვალით შაშვისათვის,
შაშვი შეიშმუშნა, ბუდის კიდეს მიჰყო,
ჩუმად მოიკუნტა დიდი სევდისათვის.

ახლა მას დაუწყო გულმა აღელვება,
იგრძნო მისი ბეწვი როგორ დაიღვენთა,
ცრემლით გაეჟღინთა ყოველი ბუმბული
და ბეღურას ხატიც მასში ჩაესვენა.

ზამთრის სუსხი იდგა, მაგრამ ის სიცივე
სულ სხვა რამე იყო შაშვს რომ ათრთოლებდა,
დიდი სევდის სუსხი, დიდი გულისტკენა
ნელა, ეკალივით მასში იბუდებდა.

ბეღურა კი ისე, ვითომც არაფერი,
ჭამას განაგრძობდა შაშვის უდარდელად,
ბუდის კუთხეს იჯდა შაშვი გატანჯული
და თავს გრძნობდა სევდით ძალზე მარტოსულად.